Saturday, December 31, 2011

Echoes of silence

    ნატალიას კარგი 2011 წელი ჰქონდა.

     მგონი პირველად მოხდა, რომ შარშან ახალი წლისათვის არანაირი პასუხისმგებლობა არ დაუკისრებია და არ დაუვალებია, ასეთი და ასეთი იყავიო, ჩემი ცხოვრება უკეთესი გახადეო და მისთანანი.
  მაშინ ნატალია უბრალოდ ადგა, და შეხვდა ახალ წელს.

    მერე თავისთავად მოხდა რაღაცები, და ნატალია მიხვდა, რომ ყველაფერი ძალიან მარტივადაა –

 თუ ცხოვრებას კარგი თვალით შეხედავ, ისიც ასევე აღგიქვამს.

   თუ ამ სამყაროს მთელი ხმით დაუყვირებ, რომ შენ კარგი გოგო ხარ, აუცილებლად შეგამჩნევს და დაგიჯერებს.

  სამყაროს მოეწონა ნატალია.

   [ეს არის ძალიან კარგი სიმღერა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ მოვისმინე პირველად და შემიყვარდა. ალბათ, მომავალში ამ წლის ბოლო დღეებს გამახსენებს]



2011 წელი ნატალიას წელი იყო. ასტროლოგიის მიხედვით, და ისეც (:

Sunday, December 18, 2011

თავგადასავლების მაძიებელთა კლუბი

     ბლოგს ბექგრაუნდი შევუცვალე. აღარ მაქვს ლიმნიანი შპალერი.  მუქი ლურჯი და ღია მწვანე არც თუ ისე უხდება ერთმანეთს. მაგრამ გადავწყვიტე, ფერთა შეხამებას ერთხელ და სამუდამოდ აღარ მივაქციო ესოდენ დიდი ყურადღება, ინტერნეტში მაინც.

     საშობაო განწყობას ვქმნი. ხაზგასმით აღვნიშნავ სიტყვას 'საშობაო', რადგან სწორედ საშობაო განწყობა მაქვს და არა, მაგალითად, საახალწლო. შობაში კი 25 დეკემბერს ვგულისხმობ.

    ცოტა ხნის წინ იმ წიგნს ვკითხულობდი, სულაკაურის გამომცემლობამ რომ მაჩუქა. დიანა იანსეს ავღანური დღიურები. ერთი ამოსუნთქვით იკითხება მართლა.
   მაგრამ ამის სათქმელად არ მიხსენებია; კითხვისას კიდევ ერთხელ გამიჩნდა მოგზაურობის დაუოკებელი სურვილი, თავგადასავლების, დაუგეგმავი ამბების.
  ისე ვლაპარაკობ, თითქოს რამე გამეგებოდეს ან მოგზაურობის ან თავგადასავლების.  ერთი–ორი ექსკურსიის გარდა არაფერი გამოცდილება არ მაქვს.

   ადამიანებო, ვინც ამას კითხულობთ, არ გინდათ ერთ მშვენიერ შაბათ–კვირას წავიდეთ ასე, თავგადასავლების საძებრად? ჩვეულებრივი ლაშქრობას არ ვგულისხმობ. ავდგეთ, საქართველოს რომელიმე კუთხეში ჩავიდეთ, ვიხეტიალოთ, ადგილობრივები გავიცნოთ და ღამე პროვინციულ სასტუმროში გავათიოთ, ან ვინმე კეთილი ადამიანის სახლში. როგორც დიანა იანსე იტყოდა, ისეთ ადგილას წავიდეთ, საიდან დაბრუნებულებიც, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას სხვა თვალით შევხედავთ.
   აუცილებელი არ არის, ეს შაბათ–კვირა უახლოეს მომავალში იყოს. მითუმეტეს ზამთარია და თან, ახალი წლები მოგვიახლოვდა [ახალი წლები – ხაზგასმით მრავლობითში]. 

    ჰოდა, ადექით და ერთ მშვენიერ დღეს მომწერეთ აქ, რომ გინდათ ასე, თავგადასავლების საძიებლად წასვლა. მერე უკვე ყველაფერი ადვილად გამოვა.

Friday, December 16, 2011

სიჩუმე, რომელიც მშვენიერია

   გუშინ, როცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობიდან დამირეკეს და ორი წიგნის პრეზენტაციაზე მიმიწვიეს, ხეირიანად არც კი გამიგია, რა წიგნებზე იყო საუბარი, წინასწარ დამწყდა გული, რომ ვერ მივიდოდი.

    ვინაიდან ძალიან მინდოდა, რომ ამ პრეზენტაციაზე დავსწრებოდი, გადავწყვიტე ყველაფერი გამეკეთებინა ამისათვის და შევბრძოლებოდი იმ მონსტრს, რომელსაც სამსახური ჰქვია.

  ყველაფერი საკმაოდ იოლად გამოვიდა და დღეს 4 საათზე კულტურის სამინისტროს მივაკითხე.

   უკვე პრეზენტაციის დაწყებისას აღმოვაჩინე, რომ ზემოთხსენებული ორი წიგნი ინგმარ ბერგმანის "ლატერნა მაგიკა" და შედეთის ელჩის, დიანა იანსეს, "ავღანური დღიურები" იყო.

  დიანა იანსე  
 დიანა ქერათმიანი და ძალიან ლამაზია.  ის 2 წელი ავღანეთში მუშაობდა. სწორედ იქ გატარებულ წლებია აღწერილი წიგნში. ჯერ მხოლოდ ორი ფურცელი წავიკითხე, მაგრამ უკვე ძალიან დამაინტერესა. ახლა, როცა ამ პოსტს ვწერ, ერთი სული მაქვს დავამთავრო და საწოლში მოხერხებულად მოვეწყო, რომ კითხვა განვაგრძო.
 

  ინგმარ ბერგმანი
    არ ვიცი, სირცხვილია თუ არა, მე რომ მისი არც ერთი ფილმი არ მინახავს. ალბათ არის. ან არ არის, არ ვიცი. დღეს ინტერვიუს ვუყურეთ, რომელიც მის სახლში იყო გადაღებული, პატარა კუნძულზე, სადაც ის სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა. ის ამბობს, რომ ზოგჯერ რამდენიმე დღე ისე გაივლის, არავის ველაპარაკები და ამის შემდეგ ლაპარაკი უფრო სასიამოვნო არისო. თან დასძინა, სიჩუმე მაინც მშვენიერიაო.
 მე ამ ეტაპზე არ მესმის, როგორ უნდა იცხოვრო სახლში სრულიად მარტო ისე, რომ ადამიანებთან მინიმალური კონტაქტი გქონდეს და ამით ბედნიერი იყო. ალბათ შარშან ძალიან გავუგებდი ბერგმანს ამ საკითხში.

    პ.ს აუცილებლად უნდა ვთქვა აქ, სხვა ბლოგერების დანახვისას როგორ ბედნიერად ვიგრძენი თავი. მაშინ მივხვდი, როგორ მიყვარს ეს ადამიანები. გადაჭარბების გარეშე ვამბობ. წარმოიდგინეთ, ყველა მათგანის ცხოვრებას ვადევნებ თვალყურს ბლოგების და სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით, რეალურად ათასში ერთხელ ვნახულობ, შემთხვევით თუ გამიზნულად, და მაინც, როგორ ბევრი ინფორმაცია ვიცი მათზე.

    პ.პ.ს ფოტოაპარატი, რომელიც წაღებული მქონდა, აღმოჩნდა, რომ არც თუ ისე კარგ ფოტოებს იღებდა. ამიტომ, მხოლოდ ერთი სურათი მაქვს, ისიც პერწკლის გადაღებული.


 

Sunday, December 11, 2011

იასამანში შემწვარი ყარყატი

    ერთ–ერთ საინფორმაციო გამოშვებაში ვიღაც ქალი საქართველოს დროშას იქნევს და ყვირის: "მიშა, შენს გამზრდელს ვენაცვალე!"

   მე Artificial Love-ს  ვრთავ და ვფიქრობ, რომ 90–იანი წლები ბევრად ჯობდა დღევანდელს. მაშინ არ იქმნებოდა სიმღერები [და შესაბამისად კლიპები] საქართველოს სხვადასხვა კუთხეებზე და მერე ყოველდღე ტელევიზორში არ ტრიალებდა. ჩვენამდე არ მოდიოდა ხმები, ამერიკის ერთ–ერთ შტატში შეშლილმა ქალმა როგორ მოკლა 2 შვილი.
   თუმცა მერე მახსენდება, რომ მაშინაც ვიღაც, შეიძლება ზუსტად იგივე ქალები, ასევე ყვიროდნენ, ოღონდ მიშას ნაცვლად ზვიადის.
   რაღაცები შეიცვალა, ბევრი რაღაც. ხალხი იგივე დარჩა. ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული კი სწორედ ხალხის შეცვლა იქნება.

  როგორ უნდა შევცვალოთ ხალხი?

    მე მინდა სულ ვუსმინო ამ სიმღერას, მაგრამ მეშინია არ მომბეზრდეს. 2 დღის წინ ღამით, სამსახურში მარტო ვიყავი, ვსვამდი მარტინის  და თან ხმამაღლა ვმღეროდი –

 'ეს უნ ამორ, არტიფისიალ, კე მედისტე' 

    ძალიან გულით და დრამატულად, რაც ალბათ ძალიან სასაცილო იყო, მაგრამ ვერავინ მხედავდა.

ახლაც ჯიუტად ვუსმენ და ვუსმენ, ვუსმენ და ვუსმენ.

  მერე ალბათ იასამანში შემწვარ ყარყატს მოვისმენ, ბეწვით და სისხლით.

Monday, December 5, 2011

სამხრეთ ამერიკაში ვიყავი

    სამხრეთ ამერიკაში ვიყავი.

  სადაც ყველაფერი აუტანელი ოქროსფერია და დანაშაულის სუნი დგას.


  შევასწორებ – სამხრეთ ამერიკაში ვიყავი.

  მას ინდიელი წინაპრები ყავდა და ტანს ფერადი საღებავებით იხატავდა.

 ის მარიხუანას აღმერთებდა, მე – მას.


  ჩვენ ერთად ვეწეოდით, ვსვამდით ტეკილას და ვთვრებოდით.

    ღამეებს იაფფასიან ოტელებში ვათევდით, გათიშული ვიძინებდი და დილით მეზიზღებოდა ის თეთრეული, რომელშიც  მთელი ღამე  გახვეული ვიყავი.
  ხანდახან ღია ცის ქვეშ, მიწაზე ვიწექით, ვეწეოდით და ვარსკვლავებს ვუყურებდით. კვამლს მიღმა ჩანდა უამრავი, ხელის ერთ გაწვდენაზე. მინდოდა დამეჭირა, მაგრამ არ გამომდიოდა.

   დილაობით თავის ტკივილი მკლავდა. წინა დღის ტეკილა ჯერ კიდევ არ გამოსულიყო ორგანიზმიდან, რომ ახალს ვამატებდით. 


  ერთ ღამით, მისი წინაპრებივით მოვიხატეთ ტანი და კოცონის გარშემო ვცეკვავდით, თან ბობ მარლის ვმღეროდით.

  
    უკიდეგანო გზებზე დავდიოდით, ქვიშა სახეში გვეყრებოდა და მცხუნვარე, ბლანტი სიცხე თავის ქალას ძვლებს ალღობდა.  ხელჩაკიდებული მიმათრევდა, ოფლის წვეთები მოგორავდა მთელ სხეულზე და მისი მკლავიდან ჩემზე გადმოდიოდა. თმა გამიხუნდა და კანი გამიმუქდა.

  მის ბრინჯაოსფერ კანთან ჩემი მაინც ფერმკრთალი ჩანდა.

   მერე ის თავზეხელაღებული ჩე  შეგვხვდა, ხაკისფერი პერანგი ეცვა. ჩვენთან ერთად მოწია და ბევრი გველაპარაკა. ჩვენ ფეხებზე გვეკიდა, მე – განსაკუთრებით. წასვლისას ხელი გულიანად ჩამოგვართვა.

   კიდევ  ცხელ შოკოლადს ვსვამდი, წიწაკით. მკლავზე რომ დამეწვეთებოდა, ხარბად ვილოკავდი, იმიტომ რომ ვიცოდი, ასეთს ვეღარ დავლევდი.


   სამხრეთ ამერიკაში ვიყავი.

   ჯანდაბა, ეს მთელი თავგადასავალი იყო.

Tuesday, November 29, 2011

ანუშკამ ზეთი დაღვარა

   ანუშკამ ზეთი დაღვარა. ვგრძნობ, რომ რაღაც უნდა მოხდეს.

   ანუშკამ ზეთი დაღვარა.


    მომგვარეთ საინტერესო ადამიანები, ანუშკამ ზეთი დაღვარა.


    I'm fuckin' Indian.

    სამხრეთ ამერიკაში ვიყავი, ბევრი მოვწიე და თაკარა მზეზე ვიხეტიალე. თავი მიხურდა და სიარული მიჭირდა.

     Salve a ti, Nicaragua!

     ჩე, სად ხარ ახლა?  ანუშკამ ზეთი დაღვარა.

    მე ვზივარ ჩარჩოში, რომელსაც აუცილებლად დავამტვრევ.

    თავგადასავლებს ვეძებ თბილისის ქუჩებში, სადაც არაფერი ხდება.



  მადლობა ღმერთს, ანუშკამ ზეთი დაღვარა. ვგრძნობ, რაღაც მოხდება.

Sunday, November 27, 2011

Lets start a band

  ისეთი დღეა, უნდა დაჯდე, ამ სიმღერას უსმინო და იფიქრო.



    იფიქრო ყველაფერზე - თოვლზე, მოგზაურობაზე და იმაზე, საიდან მოხვედი და სადამდე ხარ მისული. 

    ამ ბოლო დროს ძალიან მივეჩვიე საკუთარი განვითარების ეტაპების შეფასებას. ჩამოვჯდები წარმოსახვით კიბეზე და ვუყურებ, როგორ მოვდიოდი აქამდე.

   ძალიან აფორიაქებული ვარ ბოლო დროა, ისეთ ცვლილებები ხდება ჩემში, რომ ტვინი ვერ ასწრებს აღქმას და ადპტირებას და შესაბამისად, მუდმივად ქაოსურად აგზავნის იმპულსებს ყველგან, რაც საბოლოოდ არასტაბილურ ემოციურ ფონს ქმნის. მარტივად რომ ვთქვა, მუდმივი პმს მაქვს :D

    წერილების წერის ამინდია. უნდა მოვიფიქრო, ვის მივწერო. ადრესატი იმდენია, რამდენ ადამიანსაც უცხოვრია დღემდე დედამიწაზე. მთავარია გავიხსენო, დღევანდელი დღე ვის შეეფერება ყველაზე მეტად.

  თუ სურვილი გაქვთ, შემომთავაზეთ ვინმე :)  უფრო სწორედ, მითხარით თქვენ ვის მიწერდით წერილს ახლა.

   წარმატებულ და მშვიდ კვირას გისურვებთ.

Sunday, November 13, 2011

Coffee and Flowers

  
  "I had a terrible day"  

      We say it all the time.

  A fight with the boss, the stomach flu, traffic...


 That's what we describe as terrible, when nothing terrible is happening.


    Coffee spilled on our clothes..


  When the really terrible things happen, we start begging a god we don't believe in, to bring back the little horrors and take away this.

  The flood in the kitchen, the poison oak, the fight that leaves you shaking with rage?


  Would it have helped, if we could see what else was coming? Would we have known, that these were the best moments of our lives?



     ჩემი ცხოვრება ძალიან ჰგავს იმ ფილმს, სადაც მთავარი გმირის ცხოვრებაში არაფერი ხდება და ყოველდღე ერთი და იგივე რუტინას ასრულებს. ასეთი ბევრია გადაღებული, უცებ წარმოგიდგება თვალწინ, მაგრამ კონკრეტულად ვერ გაიხსენებ ვერც ერთს.

      ასეთ ფილმებში მოგვიანებით პერსონაჟის ცხოვრება რადიკალურად იცვლება, ხდება წარმატებული, შეყვარებული, ბედნიერი და ა.შ და ა.შ

    ჯერჯერობით, ჩემი გმირის ცხოვრებაში მხოლოდ დასაწყისი მეორდება და მეორდება.  ყოველდღე ვდგები და ვუყურებ ამ ფილმს, ისევ და ისევ.

   არ გეგონოთ, რომ მხატვრულად ვცდილობ აღვწერო; ხშირად ვხედავ ჩემს თავს ასე, გვერდიდან.

  ადამიანები საკუთარი მე–დან აღიქვამენ ყველაფერს. ერთი და იგივე მოვლენა ერთ დღეს შეიძლება კატასტროფად მოგეჩვენოს და მეორე დღეს საერთოდ ვერ შენიშნო.

    ამ ეტაპზე, ჩემს მეს ჰგონია, რომ სიახლე სჭირდება, ახალი ადამიანები უნდა გარშემო. არა, ძველები არ მობეზრდა, ან უარს კი არ ამბობს მათზე, ისინიც უნდა.  ადამიანების დეფიციტი აქვს. ხომ არსებობს ვიტამინების და კიდევ მრავალი ელემენტის დეფიციტი, რომელიც სხვადასხვა ჩივილებით  ვლინდება. ადამიანების დეფიციტი ვლინდება ადვილად გაღიზინებადობით, მუდმივიდ გაურკვევლობით და გუნება–განწყობის სწრაფი ცვალებადობით.

    სამსახურს საერთოდ არ ვადანაშაულებ. იმიტომ, რომ მე ყოველთვის შემიძლია საღამოს სადმე გასვლა და ადამიანების ნახვა. უბრალოდ, ადამიანები არ არიან. ქუჩები ცარიელია. ვიღაცები კი დადიან, ტრასპორტშიც სულს მიხუთავენ თავიანთი დიდი სხეულებით, მაგრამ არ ვიცი, ვინ არიან.

   მადლობა ამ ძალიან კარგ სიმღერას.

Saturday, November 5, 2011

Shit Happens

    აქ უნდა ყოფილიყო ბევრი რამ - მარტო ცხოვრებაზე, ოჯახის წევრებზე, ბავშობიდან მოყოლილ ფსიქოლოგიურ ლაქებზე, კავშირების გაწყვეტაზე, დამოუკიდებლობა რომ გახრჩობს იმ გრძნობაზე, ჰორმონებზეც უნდა თქმულიყო ორიოდე სიტყვა, სიზმრებზე და one of those days-ზეც.

   აქ ბევრი რამ იქნებოდა დაწერილი, რამდენიმე წუთის წინ თავი ძალიან რომ არ შემეკავებინა, ვინაიდან who cares about all these crap.

   და რა კარგია, რომ ინგლისური ენა არსებობს, რომლის საშუალებითაც მარტივად და მოკლედ იტყვი სათქმელს. დამღალა ამ ქართულმა, თავის ჩახუჭუჭებული სიტყვებით და მჭევრმეტყველებით.

 It's just one of those days, people.

Thursday, October 20, 2011

ჩემი ახალი გოგო, ანუ იცეკვო ჯექსონივით

    შესავალი რომ გავაკეთო, მაიკლ ჯექსონის მიმართ განსაკუთრებული გრძნობები არასდროს მქონია. ვერ ვიტყვი, რომ არ მიყვარდა, მაგრამ არც მსმენელი ვიყავი.

   ხომ გეუბნებით, განსაკუთრებულს არაფერს ვგრძნობდი.

     არც მისი სიკვდილის შემდეგ შეცვლილა რამე.

    მანამდე, სანამ სოფია გამოჩნდებოდა.

 ლამაზი, მუქკანიანი გოგო, რომელიც ჰოლივუდში მიდის.



      დადის ასე, დაუდევრად ჩაცმული – მწვანე, ფართო მაისურით და ჯინსის შორტებით, გულღიად იცინის და ყველგან ცეკვავს – ბავშებთან ბრეიკდანსს, ქუჩის გადასასვლელზე moonwalk–ს აკეთებს..

  მოკლედ, ახალი გოგო მყავს – მშვენიერი ალჟირელი სოფია.

   უყურეთ და დატკბით ყველაფრით – სიმღერით, ცეკვით, სოფიას ჯადოსნური გარეგნობით..



   შეიძლება ჯექსონის მსმენელი არ ვიყო, მაგრამ ეს კლიპი და სიმღერა კი ნამდვილად ჩემი გახდა. 

Tuesday, October 18, 2011

ყვითელი

   თავს რაღაცნაირად მშვიდად ვგრძნობ, ცხოვრების დინებას მივყვები წყნარად. ოღონდ ისე კი არა, უღონოდ, უბრალოდ მომწონს ასე, მშვიდი ცურვა [ჰო, ირაკლი ჩარკვიანი გამახსენდა მეც].

     მივხვდი, რომ შემოდგომა მართლა ჩემი სეზონია – მსუყე და სავსე, გადარეული გაზაფხული რომ გადავლილი გაქვს, ზაფხულსაც შეატოვე მსუბუქი ემოციები და ყვითელ შემოდგომას ავსებული ხვდები. შეიძლება ყველაფერი იმის ბრალია, სექტემბერში რომ ვარ დაბადებული. ზაფხული ხომ მიყვარს გაგიჟებით, მაგრამ შემოდგომაზე ვგრძნობ თავს ყველაზე  დაცულად. დაცულად? არ ვიცი, ზუსტად როგორ აღვწერო.



   შემოდგომას ყურძნის სუნი აქვს. ყველა მეზობელს აქვს ვაზი; ჩვენც, რა თქმა უნდა, და მთელ ქუჩაზე ტრიალებს ეს სურნელი. ეს ათასგვარი ფერები ხომ ჭკუიდან მშლის, შემოდგომის ფერთა სპექტრი – ყვითელ–წითელ–ყავისფერი და შემორჩენილი ზაფხულის მწვანე.

   ხანდახან ვფიქრობ, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ, ამგვარი რაღაცები ასეთ ძლიერ ემოციებს რომ იწვევს ჩემში. ყველა ხომ არ არის ასე, ალბათ ზოგიერთი მარტო ტემპერატურით თუ გრძნობს სეზონის ცვალებადობას.

   ბებია ჩამოვიდა სოფლიდან და ათასი ნუგბარი ჩამოიტანა – ახალი კაკალი, მზესუმზირა, ვაშლი, გოგრა.. მთელ სახლში კომშის სუნი ტრიალებს.

   ერთი–ორი დღით სოფელში წავიდოდი სიამოვნებით და ამ თავბრუდამხვევ ფერებს იქ ყველაზე მძაფრად ვნახავდი. წარმომიდგენია, რა ხედი იქნება ჩემი აივნიდან. ვერ ვახერხებ ვერაფრით, დაგეგმვასაც კი.

  მანამდე კი, ამელის არაჩვეულებრივ საუნდტრეკს ვუსმენ და თბილისური შემოდგომით ვტკბები.

Friday, October 7, 2011

Be my little baby

   არ მიყვარს, პირდაპირ რომ დადებენ ვიდეოს ბლოგზე და არც კი გიხსნიან, რას ეხება; უბრალოდ მიგითითებენ, რომ უნდა ნახო.

  მაგრამ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა უბრალოდ უნდა დავდო და მოგიწოდოთ, რომ აუცილებლად უყუროთ.



  ალბათ, დიდი ხანს იქნებით გულაჩუყებული და 'aww' მდგომარეობაში, ამ ძალიან საყვარელი მამა–შვილის ვიდეოებს თუ ნახავთ.

 

Saturday, October 1, 2011

All The Romance We Left Behind

  

სიზმარში არგენტინაზე ვფიქრობდი. 

   მართლა ასე იყო, არგენტინა კი არ დამესიზმრა, უბრალოდ მეძინა და ვფიქრობდი, სწავლის გასაგრძელებლად წავიდოდი თუ არა არგენტინაში. რა ახირებული რამეა ეს ქვეცნობიერი.

  რომ გავიღვიძე, არგენტინაზე პირველი ფაბიან პერესი  და მისი უჩვეულოდ ლამაზი ქალები გამახსენდნენ. მათზე ადრეც გიამბობდით.

ასე, ფიქრებს შვეყევი და..

 არგენტინაში მოვხვდი.

   თამბაქოს ბოლისგან ჩაბნელებული ბარი. სუნამოს და ოდეკოლონის ერთმანეთში არეული სურნელი.  წითელ აბაჟურიანი სანათები მაგიდაზე. 


 

   ქალები – დაუდევრად აკეცილი თმებით. 



 მაცდური ღიმილით და მზერით.



  ხანდახან ჩაფიქრდებიან და გონებით სადღაც შორს მიდიან.



  რომელიღაც მაგიდიდან ვიღაც თვალს ადევნებს.



მერე გამოჩნდება სანთებელით ხელში და სიგარეტს უკიდებს.

When the story begins

  ასე იწყება.

 მუსიკა გიტარით და ტანგო..

The proposal


  ღამის გაგრძელება უკვე სხვაგან.


 
    ხმაურიანი ღამის შემდეგ გამოსაფხიზლებლად დილის ყავა კაფეში. ერთი ღერი სიგარეტი და დაღლილი თვალები.

შემდეგი ღამის მოლოდინში


ჩემი სიზმრისეული არგენტინა ასეთია, სუნამოსა და თამბაქოს სუნით შეზავებული. 

Sunday, September 25, 2011

Morning Glory

    ყველაფერი ასე იწყება: მაღვიძარა რეკავს, ნელ-ნელა ფხიზლდები. გამოფხიზლებამდე ასწრებ და ავტომატურ რეჟიმში აჭერ სნუზს. მერე კიდევ აჭერ. და კიდევ.

  ბოლოს თვალებს ახელ და  ღმერთს ემუდარები, რომ სასწაული მოახდინოს და კიდევ ერთი 5 წუთი გაჩუქოს.

  სასწაული არ ხდება და საწოლიდან ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე სხეულს ძალით აათრევ.

   შენელებული მოძრაობებით დადიხარ მარშრუტით აბაზანა - სამზარეულო - საძინებელი.

     მე სახლიდან გასვლამდე გარინდების 5 წუთი მაქვს. თქვენ გაქვთ გარინდების წუთები? 5 წუთით ვჯდები და სრულ სიჩუმეში ვფიქრობ. სხვათაშორის, ძალიან სასარგებლო რამ არის. გამოძინებას ჰგავს, სულ ცოტათი.


    სტანდარტული დილები ასეთია ყველასთვის. თუმცა, მე უფრო იმიტომ ვწერ პოსტს, რომ დილის პატარა დეტალებზე გიამბოთ.
 

   საბჭოს მოედანთან  ქუჩა ჩადის. ყოველდღე მიწევს ამ გზის ტრანსპორტით გავლა და ყოველდღე ვხედავ პატარა მაღაზიაში ჩინელ ბიჭს. მაგიდასთან ზის, დიდი ჭიქით ყავა უდგას და ლეპტოპს უყურებს მთელი გულისყურით. ხანდახან მაღაზია დაკეტილია და ის დილა არ მიყვარს.

    ერთ დილას, წინა სამსახურში რომ მივდიოდი, ქუჩაზე შევუხვიე და ოფისის წინ   ჩვენი  დაცვა იდგა, ყავის ჭიქით ხელში, დილის ყავის პროცედურა ჰქონდა და ქუჩას უყურებდა. ხომ უმნიშვნელო ამბავია, მაგრამ მე რაღაც ფილმის კადრივით დავინახე და სულ მახსოვს.  რამდენიმე წუთის შემდეგ მეც ყავის ჭიქით ხელში ვიდექი ვერანდაზე, თანამშრომლებთან ერთად, და დილის ყავა და სიგარეტის რიტუალს ვატარებდით [ნუ, მე მარტო ყავის].  იქიდან ვუყურებდი, ადამიანები როგორ მიდი-მოდიოდნენ სწრაფი ნაბიჯებით.

   ახლა უკვე მორიგეობის დილა მიყვარს, რომ ინათებს და ქუჩაში ხალხი კანტიკუნტად გამოჩნდება. ახალი დღის დაწყებას რომ ვხვდები, რაღაცნაირად მიხარია, რომ კიდევ ერთი დღე გათენდა.
   მერე ნელ-ნელა თანამშრომლები რომ მოდიან და ყველა მეკითხება, როგორი ღამე მქონდა.


  ჩემი მორიგეობის შემდგომი დილების განუყრელი სიმღერა

Saturday, September 24, 2011

Free Falling

      გრეის ანატომიის ახალი სეზონი დაიწყო. დაზუსტებით რომ ვთქვა, ხუთშაბათს გამოვიდა პირველი სერია, მაგრამ ჩემთვის ხელმისაწვდომი დღეს გახდა. არ ვიცი, მითქვამს თუ არა, რომ გრეის ყურება ჩემთვის რიტუალია. მშვიდი გარემოს შექმნა, ყავის და [ზოგჯერ] რამე გემრიელის მომარაგება, ჩამოჯდომა და გომ ფლეიერის ჩართვა. თითზე ჩამოსათვლელი სერიებია, რომელიც ამ რუტინის დაცვით არ ვნახე.

   დღესაც ყველა რუტინა ზედმიწევნით დავიცავი. მაგრამ ზუსტად შუაში, ინტერნეტის ბრალი იყო თუ ლინკის, არ ვიცი, მაგრამ ვეღარ ვიწერ და ასე დავრჩი, როგორც მშიერი ადამიანი, საჭმელს წინ რომ დაგიდგამენ და მესამე ლუკმაზე აგაცლიან.

    მომინდა, რომ გრეიზე მომეყოლა თქვენთვის.

   რა თქმა უნდა, არ არსებობს ისეთი რამ, რაც ყველას უყვარს. სატელევიზიო შოუები რომ ავიღოთ, ჰაუსი არის ასეთი, ყველასთვის საყვარელი [ნუ, თითქმის ყველასთვის].  მაგრამ ჰაუსს თავი დავანებოთ.

   რატომ უნდა გიყვარდეთ გრეის ანატომია?

     არ ვიცი.

    უბრალოდ, თუ ისე პირველივე სერიიდან თქვენი არ გახდა, ესე იგი, არაფერი გამოგივიდათ და უნდა შეეშვათ. მაგრამ  თუ პირველივე წუთებიდან მიხვდით, რომ თქვენ შორის chemistry არის, ბედნიერი ადამიანი ხართ. არ ავხსნი, რატომ. ისინი, ვინც გრეის დაუმეგობრდა, ისედაც მიხვდებიან, ხოლო მათთვის, ვისაც გრეისთან არაფერი გამოუვიდა - ახსნითაც არაფერი გახდება ნათელი.  არაფერი ისეთი, ეს იგივე ურთიერთობასავითაა ორ ადამიანს შორის - ან ეწყობით, ან - არა.

    სცენარისტებს როგორი სათუთად მოვლილი და ნალოლიავები ყავთ პერსონაჟები იცით?  თითოეული მათგანი ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებაა და ეს ისე ცხადად იგრძნობა, რომ შენც გიყვარდება ყველა. ყველა დადებითი და უარყოფითი თვისებით. მათ რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ არ არსებობს იდეალური ადამიანი, არ არსებობს კარგი ადამიანი [თუ გჯერა, რომ ასეთები არსებობენ, ან ბავშვი ხარ და ან - ინფანტილური მეოცნებე].


    ყველა ურთიერთობას სჭირდება დრო, რომ საბოლოო ფორმა მიიღოს. იქნება ეს მეგობრობა, თუ სიყვარული.

  დრო ძალიან მნიშვნელოვანია.

   ეს მარტო გრეიდან არ მისწავლია. სწავლისთვის ნახვა/წაკითხვა არ არის საკმარისი. როცა პირადად შეგემთხვევა, მაშინ სწავლობ. მეც შემემთხვა და - ვისწავლე.

 
   ღმერთო, ხომ მარტივი რამეა, მაგრამ რომ უკვირდები, რა საინტერესოა ყველა ადამიანი.

Sunday, September 18, 2011

18

"What is life? It is the flash of a firefly in the night. It is the breath of a buffalo in the wintertime. It is the little shadow which runs across the grass and loses itself in the sunset.”


   
    ასე მომილოცა სოფიმ დაბადების დღე და ვფიქრობ, რომ ეს იყო საუკეთესო მილოცვა, რაც კი მიმიღია ჩემი ცხოვრების [აწ უკვე] 24 წლის მანძილზე.


 სიტყვები ერთ ინდიელს ეკუთვნის.

    რა ძნელია, ციცინათელას ერთ გაელვებაში მოასწრო ყველაფერი, რის გაკეთებაც გინდა. მითუმეტეს, როცა 24 წლის ისე ხდები, რომ 23 წლისად ყოფნა ვერ მოასწარი.


ზუსტად არც კი ვიცი, ეს დღე მიყვარს, თუ მძულს.

  ალბათ იმიტომ, რომ ხან მიყვარს და ხან - მძულს.


    რაც არ უნდა იყოს, 18 ყოველთვის ჩემი რიცხვი იქნება.

    შემოდგომა - ჩემი სეზონი [დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული მიყვარს ყველაზე ძალიან].

   არც ჩემი ზოდიაქო შეიცვლება და სულ ვიქნები წვრილმანებზე და დეტალებზე ჩაკირკიტებული პედანტი.


 
 ასე, ნატალი პორტმანივით ვიცეკვებ ჩემი ცხოვრების ცეკვას.


პ.ს  ძალიან მარილიანი დაბადების დღე კი გამომივიდა წელს :)

Tuesday, September 13, 2011

ლურჯი

   

   ვდგები სარკის წინ და ვუყურებ ჩემს თვალებს. მე არც თუ ისე კარგი ვარ.


    მერე ვფიქრობ, რომ ამ სამყაროში არაფერი არ არის მარტივად. მე არც კარგი ვარ და არც - ცუდი; ადამიანი ვარ. რაც თავისთავად გამორიცხავს ერთსაც და მეორესაც.

 
  როდემდე უნდა ვუყურო ჩემს თვალებს?

  კიდევ ერთი ყლუპი ტკბილი ყავა.

  თვალები, ცხვირი, ტუჩები. თმა. რამდენიც არ უნდა ვუყურო, მაინც არ შემიყვარდება.


    ვგრძნობ, ნელ-ნელა ჰორმონები როგორ იღებენ მართვის სადავეებს და მთლიანად მათ ვემორჩილები.

      მიყვარს ეს პერიოდი, ყველაზე მეტად სხეულს ამ დროს შევიგრძნობ.

   ვგრძნობ ორგანიზმის ერთიან შფოთვას, ქაოსს. ჰორმონები რომ გამოიყოფიან ერთ ადგილას და მიდიან მეორე ადგილზე, თავის რეცეპტორებთან; უერთდებიან, სხვა ნივთიერების გამოყოფას ასტიმულირებენ, რომელიც მსუბუქ თავბრუსხვევას ან გულისრევას იწვევს.  ყველაზე მეტად ამ დროს ვგრძნობ, რომ ქალი ვარ. გუშინ ვფიქრობდი ამაზე და ბედნიერი ვიყავი, რომ ქალად დავიბადე. საერთოდაც, პირველად ვუწოდე ეხლა ჩემს თავს ’ქალი’ და უცნაურია.

 
    ახლა არაფერი არ მინდა. ვზივარ და ვფიქრობ, იქნებ ესპანეთში ყოფნაზე ვოცნებობ, ან ტყისპირა ხის სახლზე?  მაგრამ არა. რაც არ უნდა ჩავუღრმავდე,  მხოლოდ ის მინდა, რაც ჩემს თავს ხდება, თავისთავად.

  ნატალია, მერე ინანებ ამ ჰორმონებით გაჯერებული პოსტის გამოქვეყნებისთვის.. 

Saturday, September 10, 2011

ჩემი ტკბილი გოგონები

   თავიდან ვგეგმავდი, რომ აქ იქნებოდა ბევრი ტკბილი გოგონა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მათგან ჩემი მხოლოდ ორია. 

ამიტომ მე მხოლოდ ორზე დავწერ.

 ნატალი



    ნატალი პირველად რომ გავიცანი, მატილდა მქვიაო,  მგონი  ასე მითხრა. ჰო, ნამდვილად ასე იქნებოდა, ლეონთან ერთად იყო, მახსოვს.
   ხანდახან, რომ ვუყურებ, მგონია ჩემი ოჯახის წევრია. შეიძლება იმიტომ, რომ ჩემს ერთ-ერთ დეიდას წააგავს [ისიც ძალიან ლამაზია, სხვათაშორის]  და მასთან ვაიგივებ.   

პენელოპე 



   პენელოპესთან პირველად შეხვედრას კი ვერაფრით ვიხსენებ. ალბათ იმიტომ, რომ თავიდან ასე ძალიან არ მომწონებია.  ნელ-ნელა და თავისთავად მოხდა.
 
   ბევრი ვიფიქრე, რა ჰქონდა მას ისეთი, რაც ყველასგან გამორჩეულს ხდიდა. ალბათ ის, რომ ძალიან ბუნებრივია. აი, თავისთავად არის ასეთი -  ქალური და მიმზიდველი. ყველა მანერა სექსუალური რომ აქვს და ამისათვის არანაირი ძალისხმევა არ სჭირდება.

1997 წელი
 

    ნატალის თინეიჯერობის ფოტოები მიყვარს განსაკუთრებით, ბავშვური სილამაზე რომ აქვს, მოხულიგნო ელემენტებით.


ამ ფოტოზე გაზაფხულივით ლამაზია :)


   პენელოპეს.. პენელოპეს ყველა ფოტო მიყვარს :) ზოგიერთ სურათში საერთოდ არ არის ლამაზი, მაგრამ მთავარია თვალებში შეხედო და სულ გავიწყდება, რამდენიმე წამის წინ რას ფიქრობდი.



 ზოგჯერ კი თვალებში შეხედვა საერთოდ არ არის საჭირო : )



    ბოლოს კი, ჩემი ყველა დროის, ყველაზე საყვარელი ფოტო [წინა პოსტებშიც არაერთხელ მაქვს გამოყენებული] -

Thursday, September 8, 2011

When I say "Natalia", I mean it.

   რამდენიმე დღის წინ მეგობარს ველაპარაკებოდი და ის იხსენებდა ჩვენი  ლექტორის ნათქვამს, რომ ასოთა გარკვეულ შეთანხმებას შეიძლება ისეთი ჟღერადობა ჰქონდეს, რომ მათი წარმოთქმით წამოსულმა ბგერათა ვიბრაციამ მომენტალურად დადებითი განწყობით დაგტვირთოს.

   ისედაც ხომ ცნობილი ფაქტია, რომ თუ გინდა ადამიანი 'შენს მხარეს გადმოიყვანო' და უბრალოდ, დადებითად განაწყო, ხშირად უნდა მიმართო საკუთარი სახელით.

 აი, მე პირადად, ჩემი სახელის ყველა ვარიაციაზე ინდივიდუალური ემოციები მაქვს. ამგვარი დაკვირვებები ძალიან მიყვარს და დიდი ხანია განვსაზღვრე, რომ რა სახელითაც მომმართავენ, ამის მიხედვით ტვინში შესაბამისი უბანი ირთვება.

   ნათესავები და ბავშვობის ნაცნობები მიცნობენ როგორც ნატო. ამ სახელზე პირველ რიგში მიჩნდება ისეთი შეგრძნება, თითქოს ყველა იმ შეცდომას და თვისებას მახსენებენ, რომელიც გამოვასწორე და მივივიწყე.

  ნატა–ს ზოგადად უცხო და ახალგაცნობილი ხალხი მეძახის. ამიტომ ამ სახელის მიმართ ყოველთვის გაუცხოებას ვგრძნობ.

  მეგობრები ხშირად მომმართავენ როგორც ნატ და ამიტომ ამ სახელზე დადებითი ემოციები მაქვს.

  მაგრამ  როცა მომმართავენ – ნატალია, ამ დროს ძალიან, ძალიან სასიამოვნო ტალღები მოდის და ტვინში მაშინვე დადებითი იმპულსები ჩნდება. მე ვხდები მწვანე და ბედნიერი :)  ყოველგვარი უარყოფითი ემოციების გარეშე. მართლა, ჯერ ნატალიაზე ცუდი არაფერი მახსენდება და ვთვლი, რომ როცა დავიბადე, სადღაც კოსმოსში, სწორედ ეს სახელი გადაწყდა, რომ ჩემი ყოფილიყო [პრინციპში, ასეც მქვია, დაბადების მოწმობაში :)].

   მაგრამ ადამიანები ხომ თავისებური არსებები ვართ. ვინმეს რომ ვეცნობი და ვეუბნები, რომ მქვია 'ნატალია', რატომღაც თვლიან, რომ მხოლოდ იმიტომ ვეუბნები ამ სახელს, რომ მერე სასურველ, უფრო მოკლე ვერსიად მოახდინონ მოდიფიკაცია და მაშინვე გადადიან ასეთ მიმართვაზე. უმეტესობისთვის წარმოუდგენელია, რომ შეიძლება სრული სახელი დატოვონ და ასევე დამიძახონ – ნატალია.

 
  ამიტომ, როცა გხვდებით და გეუბნებით, რომ  მქვია ნატალია [მითუმეტეს, თუ ეს ყოვლად არაოფიციალური შეხვედრაა] იცოდეთ, რომ ვგულისხმობ ზუსტად ნატალიას. გამიხარდება, თუ არ დამამოკლებთ :)

Wednesday, August 31, 2011

ფუნთუშები საუზმეზე

    რომ გამახსენდა, დღეს ზაფხულის ბოლო დღეა, საშინლად დამწყდა გული, რომ ასე, გამოუძინებელი და დაღლილი, კომპიუტერის წინ ვატარებდი საღამოს. მერე ვიფიქრე, ჯანდაბა, რა მნიშვნელობა აქვს, სეზონი ერთ დღეში მაინც არ იცვლება. სულაც არ არის დღევანდელი დღე ზაფხულის დასასრული და არც ხვალინდელია შემოდგომის დასაწყისი.


   მაინცდამაინც თუ გავჯიუტდები და მოვინდომებ, რომ კონკრეტული დღით დავასრულო ზაფხული, მაშინ ჯობია გუშინდელ საღამოს მივანიჭო ეს საპატიო სტატუსი.

    ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი საღამო - სასიამოვნოდ გრილოდა, ბავშვები საქანელებზე ქანაობდნენ, ჭრიჭინების ხმა ისმოდა და ჰაერში  ახალგამომცხვარი ფუნთუშების სურნელი ტრიალებდა.

  და ქეითმა მითხრა, post about it-ო.


    ამ (არა)ჩვეულებრივ საღამოს ქეითის სახლში შევხვდი სიბელს, ქემალ ბეის და ფუსუნს. ისე მიმიზიდეს, რომ ვეღარ ვშორდებოდი და ღამის 3 საათზე, ნახევრად მძინარე, არაფრით ვუშვებდი ხელს.

  ახლა ძალიან მენატრებიან. მინდა, რომ ყველა დილა ისეთი მზიანი იყოს, როგორც დღეს იყო. სამზარეულოში ყავას ვსვამდე და იმ ფუნთუშებს ვაყოლებდე, წინა საღამოს   სპეციალურად  რომ შევიძინეთ დილისთვის.

 ასე გავიდა ზაფხული, რომელმაც გვერდით ჩამიარა. 



     რა გაეწყობა, სეზონები მუდამ ერთმანეთს ენაცვლებიან.

    მთავარია გვერდით სულ იყვნენ ადამიანები, რომლებიც კალენდარს, ამინდებს და სხვა სისულელეებს უმნიშვნელოს გახდიან.

Saturday, August 27, 2011

Every Summer Has a Story

შარშან Wonderland-ში ვიყავი.

როცა განვლილ დროს გადახედავ, მაშინ ხვდები, როგორ იცვლები. ხვდები, რომ უფრო მიუახლოვდი სასურველ მე-ს.

არ ვიცი, თქვენ გყავთ სასურველი მე?

გადახედავ ცხოვრებას და ხვდები, რომ ხშირად შემთხვევითობა წყვეტს ადამიანების ბედს.  ის, რასაც გუშინ ვერ აკეთებდი, დღეს გააკეთე, იმიტომ, რომ ასე გახდა საჭირო. როგორი ადამიანიც არ უნდა იყო, რა ადგილიც არ უნდა გეკავოს საზოგადოებაში, შენი წილი ცხოვრება გაქვს, რომელიც მხოლოდ შენ გეკუთვნის.


შარშან Wonderland-ში ვიყავი.

იქ ყველაფერს თავის დატვირთვა ჰქონდა. დღეები ძალიან გავდა ერთმანეთს, მაგრამ ყველა დღე კარგად მახსოვს. მახსოვს, რომ 19 აგვისტოს საღამოს ტყეში ვიყავით და დაბინდებისას წამოვედით.  ქარი ამოვარდა და თითქმის სირბილით მოვდიოდით, რომ დროზე შეგვეფარებინა სახლისთვის თავი. გზაში ბებო შემოგხვდა, ჩვენ საძებნელად წამოსულიყო. სახლში რომ ავედით, ცხელი ჩაი დავლიე.
24 აგვისტოს კი მეზობელთან კარტოფილის ხინკალი გავაკეთეთ. ზუსტად ასეთი ამინდი იყო, როგორც დღეს - მოღრუბლული, მზე ხანდახან გამოანათებდა. აივანზე ვისხედით, გოგოები სოფლის ძველ ამბებს იხსენებდნენ და თან ხინკალს ახვევდნენ.

მაშინ ძალდაუტანებლად მომწონდა ჩემი მე. ზოგადად, მძულს ისეთი მომენტები, სადაც საკუთარი თავის მართვა მიწევს. იქ არ მიწევდა.

თქვენც ფიქრობთ, რომ არსებობს იდეალური გარემო ერთ კონკრეტულ ადგილზე, ოღონდ გარკვეული დროით? ანუ, მერე ყველაფერი ისევ ისე რომ გხვდება, მაგრამ you just don't feel that way anymore.
  
მივხვდი, რომ არაფერი მეორდება.



პ.ს  ეხლა ის შეგრძნება მაქვს, პოსტს რომ დაწერ, გადახედავ და გაიფიქრებ "ჯანდაბა, ეს როგორ დავაპაბლიშო?"

Sunday, August 21, 2011

შემოდგომის პირზე

დღეს ყველა ადამიანი წავიდა და მარტო დავრჩი.  ჰოდა, იმ გაუსაძლის სევდას ვგრძნობ, ისეთი დროს მოგონებები რომ იწვევს, რომელსაც ვერ დააბრუნებ. მინდა ეს დღე მალე გავიდეს და მერე ხვალინდელი დღეც მიყვეს, რომ მალე წავიდე.

მაგრამ.. წასვლაც არ მინდა. თბილისში არაფერი ისეთი არ მელოდება, რომ იქ ყოფნის სურვილი მქონდეს. აქ კი მშვიდი დღეები მაქვს და სიხარულით დავდივარ მაღაზიაში და წყაროზე.
 
ამ შეგრძნებებს ვერაფერს ვუხერხებ, თავში რომ ირევიან. საკმარისია ერთი წამით ჩავფიქრდე, რომ მაშინვე იმ გაუსაძლის სევდას ვგრძნობ.




გუშინ ქვაჯარაზე ვიყავით ასულები მე და მარიამი. ულამაზესი იყო იქაურობა, მზე თითქმის ჩასული იყო და ოქროსფერი დაკრავდა ყველაფერს. მარიამი ჩემზე მშიშარაა და 10 წუთში უკვე წავიდეთო, მითხრა. სანამ ჩამოვედით, დაბნელდა და სოფელში რომ შევედით, ღამე იყო. ხელი ჰქონდა ჩემზე ჩაჭიდული და ისე მოვდიოდით. მე მეცინებოდა, რომ ვიღაც ჩემს იმედზე იყო. აი ასე, ჩემზე მშიშრებიც არსებობენ.

მარიამობის ღამეს რომ არაფერი მომხდარა ვთქვი უკვე? პატარა ბავშვები ვითომ ჭიდაობდნენ, ცოტა ხანს ვუყურე და მალე მომბეზრდა. მერე ეკლესიის ეზოში ვისხედით, ვიღაც გოგოებთან ერთად, რომლებიც იმ დროს გავიცანი. იმათაც 15 წლის ვეგონე. თვითონ იყვნენ მაგ ასაკის და მე უფრო დიდები მეგონა :)
მერე მე და მარიამს გასეირნება გვინდოდა, ბებო გამოვიდა მაგ დროს ეკლესიიდან და ისე მკაცრად ამიკრძალა წასვლა, გვიანიაო, თავი პატარა ბავშვად ვიგრძენი და მორჩილად გავყევი სახლში.

მეორე დღეს, ანუ 28-ში, იმდენი ხალხი იყო სოფელში, რომ მიკვირდა, ნუთუ ეს დვალთაა-მეთქი.  იმდენი მანქანა მოძრაობდა, რომ ქუჩაზე [მეცინება, ’ქუჩას’ რომ ვწერ. ეს სიტყვა ძალიან პომპეზურია აქაური გზებისთვის]  გადასვლისას აქეთ-იქით უნდა გაგეხედა. სამაგიეროდ, ახლა აღარ არის არავინ. მე ვარ და კიდევ რამდენიმე ბავშვი.
ყავაც არ მინდა, რომ დრო გავიყვანო. გარეთ ცხელა და ოთახში ვარ გამოკეტილი. კითხვასაც კი ვერ ვუდებ გულს.

უკვე არ ვიცი, ამას რატომ ვწერ, ან გამოვაქვეყნებ თუ არა ბლოგზე. ალბათ, მხოლოდ ნაწილს.


 * * *

ეხლა საღამოა, მზე ჩადის და ნიავი უბერავს. სკამზე ვზივარ და ჩემი გამბედაობა მაოცებს. მე და სადმე მარტო წასვლა? წეღან ისე მომინდა სადმე გასვლა, რომ ბებოს ვეხვეწებოდი, ვინმესთან წავიდეთ-თქო. მერე ეს ადგილი გამახსენდა და მაშინვე გამოვეშურე.



ახლა რომ ვზივარ ასე და ვწერ, ის მომენტი მახსენდება, ფილმში ’Becoming Jane’, ტრეილერში არის ასეთი ეპიზოდი - ვიღაც კითხულობს: What is she doing? და პასუხი ისმის: Writing. მეც ვინმემ რომ დამინახოს ახლა, ალბათ გაუკვირდება, რას აკეთებსო. არაფერსაც არ ვაკეთებ, უბრალოდ ვწერ.

მეშინია იმ პრობლემების, რომელიც თბილისში მელოდება. სირაქლემას პოზიციაში ვარ ეხლა, უფრო სწორად, სკარლეტ ოჰარას პოზიციაში - რომ ჩავალ, მერე ვინერვიულებ.

მეზობელი სახლის აივანზე ვიღაც ქალი დგას და ჩემს privacy-ს არღვევს.  ეს ადგილია ისეთი, სულ გგონია, რომ ვიღაც გიყურებს. მარტო მე არ მქონია ასეთი განცდა, მარიამიც ასე ამბობდა რამდენიმე დღის წინ. 
ჰოდა ასე ვზივარ, ვიღაცებით გარშემორტყმული და ბოლომდე ვერ ვმშვიდდები.

პ.ს ტექსტი  2010 წლის აგვისტოს ჩანაწერებიდანაა. არეული და არათანმიმდევრულია, სავარაუდოდ. სხვადასხვა ადგილიდან არის ამოღებული და იმიტომ.  :)

Wednesday, August 17, 2011

We both know, this is pathetic

   დღეს ვფიქრობდი, რომ ადამიანები ერთმანეთს ძირითადად რაღაც სტანდარტული კომპონენტებით ვიცნობთ. პირველადი ინფორმაცია ახალგაცნობილზე, ან საერთოდაც უნახავ ადამიანზე, ყოველთვის ერთი და იგივეა.

   აი, მაგალითს მოგიყვებით. შარშან სოფელში წყლის მზიდავის ფუნქცია მქონდა და ნათესავ/მეზობელ ქალთან ერთად დავდიოდი წყაროზე. გზად რა სახლსაც გავივლიდით, მიხსნიდა - აქ ეს და ეს ცხოვრობს, სკოლა წელს დაამთავრა, უნივერსიტეტში მოეწყო ამა და ამ ფაკულტეტზე. ან - ამათ საბურთალოზე აქვთ სახლი. [ყველაფერ ამას თავის ინიციატივით აკეთებდა. ღმერთი, რჯული, მე იოტისოდენა ინტერესიც არ გამომიხატავს რომელიმე მაცხოვრებლის მიმართ]

    ზოგადად ხომ ასეა, როცა ვინმეზე გიყვებიან, აუცილებლად გაწვდიან ინფორმაციას მის განათლებასა და დასაქმებაზე, ხშირ შემთხვევაში მატერიალურ სტატუსზეც.

  ხომ შეიძლება, რომ ადამიანებზე სულ სხვა ტიპის ცნობებს ვიღებდე - რა უყვარს, რა საქმიანობა იტაცებს.  მაგალითად, აქ ცხოვრობს ეს და ეს, უყვარს კალათბურთი და ფორთოხალი. ის ადამიანი გატაცებულია კინოლოგიით, ასევე ცოტა გულჩათხრობილია. ამას ალპინიზმი და ლაშქრობები იტაცებს და ა.შ და ა.შ

    ხომ ისედაც ვიცით, რომ ყველა სკოლაში დადიოდა, ყველამ დაამთავრა, მერე სადღაც ჩააბარა და ბოლოს მუშაობა დაიწყო. რას ვიზამთ, ასე სწორხაზოვნად ვცხოვრობთ ადამიანები.

   მერე გამახსენდა ჩემი ახირება, ყველას რომ არ ვუყვები ჩემს სიყვარულებზე. ახალგაცნობილ ადამიანს, მითუმეტეს ისეთს, რომელიც არ მომწონს, სულ არ ვეტყვი რომ ჩოგბურთი მიყვარს, ბლოგზე ხომ სიტყვას ვერ დამაცდენინებს ვერავინ.  ამიტომ სხვა რა დარჩენიათ ჩემი მეზობლის მსგავს ქალებს, ასე უნდა გააცნონ ჩემი თავი, რომ სამედიცინო მაქვს დამთავრებული და ახლა ვმუშაობ.

 

Sunday, August 7, 2011

მწვანე

   სოფი მეუბნებოდა, მაინტერესებს, მწვანეს როდის დაწერო. მაშინ მეც არ ვიცოდი, როდის და რა თემაზე იქნებოდა

   ახლა წერა რომ დავიწყე, ერთ-ერთი იმ იშვიათ შემთხვევათაგანი მოხდა, როცა პოსტის სათაური წინასწარ ვიცოდი და ბოლოში არ მომიწია ტვინის წიწკვნა.

   გუშინ, ტრადიციულად, სოფელში წავედი. მანამდე ერთი გადაცვლ-გადმოცვლა ვაწარმოე, რომ შაბათი დღე გამეთავისუფლებინა, ვმუშაობდი წესით. ასე ძალიან იმიტომ ვიღწვოდი, რომ იქ ნათია, ქეითი და ანნა მეგულებოდა.

   გავყევი სრულიად უცნობ ადამიანს, რომლის მხოლოდ მანქანის ნომერი ვიცოდი. მივედი, გავუღიმე და ჩავუჯექი. თან მშვიდად ამოვისუნთქე - ახლა უკვე თითქმის არაფერი შემიშლიდა ხელს სოფლამდე მიღწევაში [ნუ, იმ შემთხვევების გარდა, თუ ავარია მოგვიხდებოდა გზაში და სადმე რაიონულ საავადმყოფოში გადაგვიყვანდნენ დამტვრეულებს, ან ჩემი მძღოლი სერიული მკვლელი აღმოჩნდებოდა და გზად, სადმე ტყეში ამომხდიდა სულს]. საბედნიეროდ, არც ავარია მოგვსვლია და მძღოლიც პატიოსანი ადამიანი აღმოჩნდა.

   ტრასიდან სოფლის გზას რომ ავუყევით, მახსოვს თანამგზავრი რაღაცას ყვებოდა, მაგრამ მე უკვე არაფერი მესმოდა. გაღიმებული ვიჯექი და გარეთ ვიყურებოდი.

   ჩასვლიდან ძალიან მალე, გოგოებთან გავედი და მთელი დღე [და ნახევარი ღამე] იქ გავატარე.

  ვისწავლე უნოს თამაში [ჰმ, ვისწავლე ვითომ? ჩემი ჯერი რომ მოდიოდა, დებილივით ვიჯექი და ყველას ჩემსკენ მომზირალი თვალები მახვედრებდა, რომ ჩემი სვლა იყო], ბევრი ველაპარაკე ქეითს. მერე წავედით ფიჭვნარში, ვისუნთქე ბევრი სუფთა ჰაერი და ვიყავი ბედნიერი.   ბევრი  ვიარე  ფეხით, შემცივდა, დავიღალე, მაგრამ მაინც ვიყავი ბედნიერი.

  აი, ქეითსაც ვეუბნებოდი, რომ იქ ყველაფერი მატერიალური, პრობლემური და ’დიდური’ შორს არის ძალიან, თითქოს რაღაც წიგნში წაგიკითხავს, რომ სადღაც ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც სულ მუშაობენ, რომ ფული ჰქონდეთ, ან არ მუშაობენ და ’მერე მუდამ სწუხან ამაზე’.

  იქ ფულს საერთოდ გამოყენება არ აქვს : ) ერთადერთი, შეიძლება შოკოლადი იყიდო მაღაზიაში, ან გაზიანი სასმელი. აი, როგორც ბავშვობაში, ფული მარტო იმიტომ რომ გჭირდება, რომ რაიმე ტკბილეული იყიდო.

  ამიტომ ჰქვია ამ პოსტს მწვანე.

   იქ ხარ მწვანე.

  იქ ხარ ისეთი, როგორიც ხარ. არ ვიცი, რაღაც მაგიური გარემოა, თავს რომ ასე გაგრძნობინებს.

   დღეს ბადმინტონი ვითამაშე წვიმაში. ჯერ წვრილად ცრიდა, მერე კი ისე გაწვიმდა, რომ დავტაცე ჩოგნებს ხელი და თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი, სველი და [რა თქმა უნდა] ბედნიერი. როგორც კი ოდნავ გადაიღო, ისევ გავვარდი, ვითამაშე, ისევ ძალიან გაწვიმდა და  ისევ გამოვიქეცი : ))

 რომ წამოვედი, იყო ნისლი.  თეთრი, ალაგ-ალაგ მწვანე შერეული ნისლი.

  მე აღარ ვიყავი ბედნიერი, მაგრამ მაინც ვიყავი მწვანე :)

 

Wednesday, August 3, 2011

ჯანდაბა, სათაური არ დამიწერია

   გამარჯობა, New Post-ის ფანჯარა. ვხვდები, რომ ამ ბოლო დროს მე და შენ ურთიერთობა აღარ გამოგვდის. გაუცხოებას ვგრძნობ შენ მიმართ. ადრე წინ რომ დაგიჯდებოდი, ერთი სული მქონდა, ჩემი ამბები მომეყოლა. სულ სხაპასხუპით ვლაპარაკობდი, ყველაფერს ერთად მოგაყრიდი, რომ მერე არ დამვიწყებოდა. გიყვებოდი ყველაფერზე - ადამიანებზე, ჩემზე, ფილმებზე,  რაფაზე..

 ყველაფერი ისე იოლად გამოდიოდა, ძალდაუტანებლად.

  მერე ჩვენი საუბრის ნაწილს სხვებსაც ვაჩვენებდით. რაღაცებს ვმალავდით, ისეთს, ზედმეტად გულახდილს, ან უბრალოდ, არასაჭირო ინფორმაციას.

 ახლა კი რა ხდება? გაგირბივარ. საერთოდ არ გეკარები.  არც კი ვცდილობ გავარკვიო, რატომ მოხდა ასე. შენც ჯიუტად დუმხარ. თან იცი, რომ არც მე ვარ დიდი ინიციატორი ურთიერთობების გარკვევაში. მაგრამ მაინც ჩემგან ელოდები პირველ ნაბიჯს.

  აი, მოვედი.  აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს.

  ჰო, ძალმიძზე გამახსენდა. ჯგუფელი მყავდა, მოსკოვში იყო გაზრდილი. ქართული კი იცოდა, მაგრამ მაინც უჭირდა რაღაც დეტალებში. ერთხელ, ქართულის ლექცია გვქონდა და ეს სიტყვა, ”ძალუძს”, შეხვდა რომელიღაც ნაწარმოებში. ჰოდა ლექტორს ეკითხება - ძალუძი რა არისო?

  კარგი გოგო იყო ეკა. იყო რა, არის. უბრალოდ მე აღარ მაქვს კონტაქტი მასთან. ძალიან კომუნიკაბელური და უშუალო იყო, ლამაზიც. მახსოვს ჩემს მეგობარს ვეკითხებოდი, ყველა ბიჭს ეკა რატომ არ უყვარდება-მეთქი? რა პატარა და სასაცილო ვიყავი მაშინ.

 იცი, რას დავაკვირდი? ადამიანებს ყველაზე მეტად მშვიდი მიდგომა განაიარაღებს. აი ხომ დგას, ჩხუბობს, ჩხუბობს. შენგანაც ელოდება, რომ შეეწინაღამდეგები და წინასწარ ემზადება, რომ უფრო მეტად გაბრაზდეს. ამის მაგივრად რომ მოუსმენ, დაეთანხმები და თანაუგრძნობ, ჩხუბის მიზეზი აღარ რჩება და ჩერდება.
  ხომ მარტივი ჭეშმარიტებაა და ყველამ ვიცით, მაგრამ რა მაგარია, როცა პრაქტიკაში ახორციელებ და შენთვის გეღიმება ყოველ შედეგზე.
 
  ყველა ადამიანი ერთნაირია. აი ყველა.

 როგორ მეძინება. ამ ვიქენდს ერთი კვირაა ვგეგმავ და გამოვიდეს რა. მე ყველაფერს ვეჩვევი. კი ვამაყობ საკუთარი თავით, მაგრამ ხანდახან უარიც უნდა თქვა. ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ’ვერ შევძელი’, არამედ ’არ მინდოდა’. ჩემს დაღლილ თვალებს ვერ ვიტან, დილით, მარტო დილით აქვს ძველი იერი. ნახატიანი მაისურები მინდა. კიდევ აიპოდი. აიპოდი ძალიან.

 
 მოკლედ ასეა, ყველაფერი გამომივიდა, რაც კი მინდოდა გითხარი.

  აუ, პოსტის სათაური. როგორ ვერ ვიტან ამ მომენტს - პოსტს დავამთავრებ, მზად არის გამოსაქვეყნებლად და უცებ ავხედავ ცარიელ გრაფას და..  ჯანდაბა, სათაური არ დამიწერია.

 ვაიმე, მოვიფიქრე.

  ესეც ასე. მზად არის.

  Publish Post

Sunday, July 24, 2011

ვარდისფერი

 
მე მინდა, იმ დღეებზე დავწერო, მერე ვარდისფრად რომ გახსენდება ხოლმე.

სწავლის დამთავრების მეორე დღეზე, დილით რომ გაიღვიძებდი და ქვეყანა შენი გეგონა. წინასწარ ტკბებოდი მომავალი უსაქმური დღეებით, თავისუფლად სუნთქავდი და წინ ტკბილი, ტკბილი 3 თვე გელოდებოდა.

იმ დღეებზე, როცა მამა ყოვლისშემძლე გეგონა და მიწისძვრის დროს ხელში რომ აგიყვანდა ატირებულს, გეგონა, მიწისძვრა კი არა, ვერანაირი ძალა ვეღარ მოგეკარებოდა.

მოლოდინზე, დიდი ხნის უნახავი დედ-მამის ჩამოსვლას რომ ახლდა  წინ. პატარა გახმაურებაზეც ყურებს რომ დაცქვიტავდი და მერე იმედგაცურებული ამოიოხრებდი - არა, ეს ის მანქანა არ ყოფილა. ბოლოს კი მოვიდოდა ნანატრი და ტკბილეულობას ჩამოგიტანდა. შენ არ შეიმჩნევდი, რომ სიხარულისგან ლამის გული ამოგხტომოდა და ცრემლები რომ არ წაგსკდომოდა, სახეზე უაზრო ღიმილს მიიხატავდი, ჩუმად კი ყელში გაჩრილ ბურთს დიდი წვალებით გადაყლაპავდი.

იმ დღეებზე, თამაშში ისე რომ გაერთობოდი, ჭამა გავიწყდებოდა. დარბოდი, გაიმტვერებოდი, ვეღარ სუნთქავდი და მაინც არ გინდოდა, შეგეწყვიტა. ღამით დაღლილი რომ დაწვებოდი საწოლში და ეცდებოდი რაც შეიძლება მალე ჩაგძინებოდა, რომ მალე გათენებულიყო.

იმ ღამეებზე, შიშისგან რომ კანკალებდი და საბნიდან თითის წვერსაც არ ყოფდი გარეთ. უცებ გაგახსენდებოდა, რომ ფანჯარასთან ბებო წევს და დამშვიდდებოდი - აბა, ვინღა შემოიპარებოდა, ფანჯარასთან ხომ ბებო იწვა!

ბებია რომ ყოველდღიურ მენიუს გიდგენდა და შენ უნდა ამოგერჩია, რა გსურდა საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე. მერე აივანზე სპეციალურად მოწყობილ ’სასადილოში’ მოგიტანდა და შენ მიერ შეჭმული ყოველი ლუკმა ისე გაახარებდა.. და შენც ფიქრობდი, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო.

პურის ცხობის დღეებზე, ცხელ ფურნესთან რომ ტრიალებდი, დაჭრილ და გამზადებულ ყველს უყურებდი და ერთი სული გქონდა, როდის გამოიღებდნენ ქაფქაფა პურს, რომ იმ ყველთან ერთად შეგეჭამა.

აი, ამ დღეებზე მინდა დავწერო, ნატალია, შენ რომ ასე ძალიან გიყვარს.  ახლა ვარდისფრად გახსენდება, მაგრამ თან გულის სიღრმეში რაღაცას ძალიან გკტენს, იმიტომ რომ იცი, აღარ განმეორდება.

Wednesday, July 20, 2011

თეთრი

    ჩემი ამბები მოგიყვეთ? პრინციპში, სხვა გზა არ გაქვთ. ეხლა დავფიქრდი, რომ კაი წუწუნა ვინმე ვარ. რაღაც არეული პერიოდი მაქვს, დაღლილი ვარ და არაფერს ვაკეთებ, არაფერს ვცვლი. აი, ადრე ხომ ვცდილობდი რომ უკეთესი ვყოფილიყავი, ჩემს თავში რაღაცები შემეცვალა. ამ მხრივ ახლა ერთ ადგილზე ვდგავარ, მაგის თავი არ მაქვს. ნერვებიც გამიფუჭდა და საკმაოდ ანჩხლი ვიღაც გავხდი.

   შაბათ-კვირას სოფელში ვიყავი. ისე მინდოდა იქ წასვლა, სოფლის გზას რომ აუყვა მანქანა და ბოლოსდაბოლოს კრამიტიანი სახურავები გამოჩნდა, კინაღამ ავტირდი. თან ისე კი არა, გულაჩუყებული და რაღაც, მართლა კინაღამ ავტირდი. მე თვითონაც მიკვირდა, რა მემართება-მეთქი, ისეთი გულწრფელი ვიყავი იმ დროს.  სულ მეშინოდა, რომ ჩავიდე და თავი ისე არ ვიგრძნო, როგორი მოლოდინიც მაქვს-მეთქი და გამიხარდა, რომ ასე არ მოხდა.
  სამაგიეროდ, ორშაბათს სამსახურში მისვლისას მომდიოდა კიდევ ცრემლები, ოღონდ არა სიხარულის.

  მოკლედ, ორი რამე მინდა - ჯერ დასვენება და მერე ექიმობა. ჩემგან კარგი ექიმი დადგებოდა, გული მიგრძნობს.

   ჰო, კიდევ თეთრი, მაქმანებიანი სარაფანი მინდა, ფრიალა და ოდნავ რომ ლანდავს.

ლამაზია რიანა :)