Sunday, August 21, 2011

შემოდგომის პირზე

დღეს ყველა ადამიანი წავიდა და მარტო დავრჩი.  ჰოდა, იმ გაუსაძლის სევდას ვგრძნობ, ისეთი დროს მოგონებები რომ იწვევს, რომელსაც ვერ დააბრუნებ. მინდა ეს დღე მალე გავიდეს და მერე ხვალინდელი დღეც მიყვეს, რომ მალე წავიდე.

მაგრამ.. წასვლაც არ მინდა. თბილისში არაფერი ისეთი არ მელოდება, რომ იქ ყოფნის სურვილი მქონდეს. აქ კი მშვიდი დღეები მაქვს და სიხარულით დავდივარ მაღაზიაში და წყაროზე.
 
ამ შეგრძნებებს ვერაფერს ვუხერხებ, თავში რომ ირევიან. საკმარისია ერთი წამით ჩავფიქრდე, რომ მაშინვე იმ გაუსაძლის სევდას ვგრძნობ.




გუშინ ქვაჯარაზე ვიყავით ასულები მე და მარიამი. ულამაზესი იყო იქაურობა, მზე თითქმის ჩასული იყო და ოქროსფერი დაკრავდა ყველაფერს. მარიამი ჩემზე მშიშარაა და 10 წუთში უკვე წავიდეთო, მითხრა. სანამ ჩამოვედით, დაბნელდა და სოფელში რომ შევედით, ღამე იყო. ხელი ჰქონდა ჩემზე ჩაჭიდული და ისე მოვდიოდით. მე მეცინებოდა, რომ ვიღაც ჩემს იმედზე იყო. აი ასე, ჩემზე მშიშრებიც არსებობენ.

მარიამობის ღამეს რომ არაფერი მომხდარა ვთქვი უკვე? პატარა ბავშვები ვითომ ჭიდაობდნენ, ცოტა ხანს ვუყურე და მალე მომბეზრდა. მერე ეკლესიის ეზოში ვისხედით, ვიღაც გოგოებთან ერთად, რომლებიც იმ დროს გავიცანი. იმათაც 15 წლის ვეგონე. თვითონ იყვნენ მაგ ასაკის და მე უფრო დიდები მეგონა :)
მერე მე და მარიამს გასეირნება გვინდოდა, ბებო გამოვიდა მაგ დროს ეკლესიიდან და ისე მკაცრად ამიკრძალა წასვლა, გვიანიაო, თავი პატარა ბავშვად ვიგრძენი და მორჩილად გავყევი სახლში.

მეორე დღეს, ანუ 28-ში, იმდენი ხალხი იყო სოფელში, რომ მიკვირდა, ნუთუ ეს დვალთაა-მეთქი.  იმდენი მანქანა მოძრაობდა, რომ ქუჩაზე [მეცინება, ’ქუჩას’ რომ ვწერ. ეს სიტყვა ძალიან პომპეზურია აქაური გზებისთვის]  გადასვლისას აქეთ-იქით უნდა გაგეხედა. სამაგიეროდ, ახლა აღარ არის არავინ. მე ვარ და კიდევ რამდენიმე ბავშვი.
ყავაც არ მინდა, რომ დრო გავიყვანო. გარეთ ცხელა და ოთახში ვარ გამოკეტილი. კითხვასაც კი ვერ ვუდებ გულს.

უკვე არ ვიცი, ამას რატომ ვწერ, ან გამოვაქვეყნებ თუ არა ბლოგზე. ალბათ, მხოლოდ ნაწილს.


 * * *

ეხლა საღამოა, მზე ჩადის და ნიავი უბერავს. სკამზე ვზივარ და ჩემი გამბედაობა მაოცებს. მე და სადმე მარტო წასვლა? წეღან ისე მომინდა სადმე გასვლა, რომ ბებოს ვეხვეწებოდი, ვინმესთან წავიდეთ-თქო. მერე ეს ადგილი გამახსენდა და მაშინვე გამოვეშურე.



ახლა რომ ვზივარ ასე და ვწერ, ის მომენტი მახსენდება, ფილმში ’Becoming Jane’, ტრეილერში არის ასეთი ეპიზოდი - ვიღაც კითხულობს: What is she doing? და პასუხი ისმის: Writing. მეც ვინმემ რომ დამინახოს ახლა, ალბათ გაუკვირდება, რას აკეთებსო. არაფერსაც არ ვაკეთებ, უბრალოდ ვწერ.

მეშინია იმ პრობლემების, რომელიც თბილისში მელოდება. სირაქლემას პოზიციაში ვარ ეხლა, უფრო სწორად, სკარლეტ ოჰარას პოზიციაში - რომ ჩავალ, მერე ვინერვიულებ.

მეზობელი სახლის აივანზე ვიღაც ქალი დგას და ჩემს privacy-ს არღვევს.  ეს ადგილია ისეთი, სულ გგონია, რომ ვიღაც გიყურებს. მარტო მე არ მქონია ასეთი განცდა, მარიამიც ასე ამბობდა რამდენიმე დღის წინ. 
ჰოდა ასე ვზივარ, ვიღაცებით გარშემორტყმული და ბოლომდე ვერ ვმშვიდდები.

პ.ს ტექსტი  2010 წლის აგვისტოს ჩანაწერებიდანაა. არეული და არათანმიმდევრულია, სავარაუდოდ. სხვადასხვა ადგილიდან არის ამოღებული და იმიტომ.  :)

3 comments:

  1. ძაან მაგარი შეგრძნებაა, შენს იმედზე რომ არის ვინმე. თავი მაგარი მგონია ხოლმე მაგ დროს და ისე ვიჯგიმები, ლამის წელში გადავტყდე :D :D

    ახლა დავფიქრდი და შენს ბლოგზე სულ ’Becoming Jane’ მახსენდება, თუ პირიქით, ’Becoming Jane’-ზე მახსენდება შენი ბლოგი... მოკლედ, როგორც არის, რაღაც განსაკუთრებული აურა ტრიალებს აქ.

    ReplyDelete
  2. როგორც დაძველებული ღვინის არომატები, ტექსტიც ასე, სხვანაირად იკითხებოდა :)

    ReplyDelete
  3. ნატალია - ძალიან მიყვარხარ <3<3<3<3

    ReplyDelete