Monday, August 31, 2009

მტირალა ჯარისკაცები


რაღაც პასუხისმგებლობის გრძნობა დილიდან მჭამს. ცუდ ხასიათზე არსდროს დავდივარ ხოლმე სტუმრად, ეს შემთხვევა გამონაკლისია. დღეს მთელი დღეა, მალიორკაზე, ანა მარია მატუტეზე და მტირალა ჯარისკაცებზე ვფიქრობ და ზღვა ისე მენატრება,ისე..

ზღვა მინდა.აი ისეთი ზღვა, წყნარზე წყნარი - თითქოს სადღაც კუთხეში ქარიშხალია მიმალულიო, ნაცრისფრად დადუმებული.

სიცხე მინდა. ღამით შემომავალი მუსიკის და ფერად-ფერადი განათებებისგან გაბეზრებული ფანჯარას რომ მიხურავ და ახლა უჰაერობისგან წუხდები. საწოლში პირქვე ჩამხობილს მანამდე გძინავს, სანამ მცხუნვარე მზე არ მოადგება შენს ფანჯარას. სიზმარში სუნამო დაპკურებული ფაიფურის თოჯინები გესიზმრება და მთელი ღამე მათი დამტვერილი ფიზიონომიით და ხელოვნური თმების საზიზღარი სუნით იტანჯები.

დილა მინდა. გამჭვირვალე პერანგი რომ მეცვას და სარკის წინ ვიჯდე. პერანგს საწოლის სუნი ასდიოდეს. შუადღიასას კი ყველანი სასტუმრო ოთახში ვისხდეთ, როგორც პირველ საღამოს და უხმოდ ვსვამდეთ ყავას.


ოპიუმი მინდა. ოპიუმით დატენილი ჩიბუხი და პატარა ბრინჯაოს ქვაბი. სიზმრებში ვიცურავებ, მერე. დავსუსტდები და მკერდზე მივეკვრები. ნუთუ ეს არის სიყვარული? ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სიყვარული ასეთი იქნებოდა, უსიზმრო და წებოვანი. აი სიბნელეში რომ ძირავს ადამიანს.

ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ.
Candy

Saturday, August 29, 2009

აბრაკადაბრა

ყურში მანქანების ხმა ჩამესმა. თვალები გავახილე, ნახევრად ბურანში ვიყავი ისევ. ქუჩიდან ხმაური უფრო და უფრო ძლიერდებოდა. მერე უამრავ ხმაში ჭურჭლის წკრიალიც გავარჩიე. უცებ წამოვხტი - სახლში ვიღაც არის! ააჰ, გამახსენდა, ჰანნა ჩამოვიდა ჩემთან.

რამდენიმე წამი გამოფხიზლებას მოვანდომე, მერე წამოვდექი და გავედი. ცხვირში ყავის სასიამოვნო სუნი ვიგრძენი.

მზიანი დილაა, სხივები ანათებენ სამზარეულოს. პატარა მაგიდაზე პური, ჯემი და მდნარი ყველი დევს.

- როგორ ხარ ნატალია? ჰანნა როგორც ყოველთვის იღიმება და ჭიქებს მაგიდაზე აწყობს.

ყავის ორთქლს ღრმად ვისუნთქავ და წინა დღეს ვიხსენებ.

გუშინ გვიანობამდე ვიხეტიალეთ ქუჩებში. ცოტა ხნით სანაპიროზეც გავედით, მაგრამ ზღვაში არ შევსულვართ - საცურაო კოსტიუმები არ გვქონდა, თან ციოდა. მერე ღია კაფეში დავსხედით. სულ ვლაპარაკობთ, არ ვჩერდებით. გვინდა ეს 1 კვირა ბოლომდე გამოვიყენოთ. მიხარია ჰანნას რომ მოეწონა აქაურობა, როგორ შეიძლება არ მოგეწონოს - ყველაფერი ისეთი ფერადია.

ესეც გუშინდელი ფოტო: მარცხნივ მე ვარ, მარჯვნივ - ჰანნა.



ბარსელონა, 17 ივნისი, 2012 წ.

პ.ს ამ პოსტის იდეა ერთობლივად დაგვებადა მე და ჰანნას, როცა ესპანეთის ფოტოებს ვათვალიერებდით და ზემოთ მოცემულ სურათზე ჩვენი თავები ’ამოვიცანით’. გადავწყვიტეთ რომ ეს სურათი მომავლიდან იყო, როცა მე ესპანეთში, ანა კი - გერმანიაში იქნებოდა. თავისუფალ დროს ჩემთან სტუმრად ჩამოვიდოდა რამდენიმე დღით და ერთად ვიწანწალებდით ქალაქში. რატომ მაინცდამაინც ბარსელონა? უბრალოდ ეს სურათი სწორედ ამ ქალაქშია გადაღებული და იმიტომ :D

Wednesday, August 26, 2009

უბრალოდ

   გარეთ წვიმს.

  მე კომპთან ვზივარ და ანუკ-ის პოსტს ვუსმენ.

  ჰანნა აქვე, გვერდით ცდილობს დაძინებას..

  მე კი ვცდილობ ამაში ხელი შევუშალო.

  წეღან ვჭამეთ და ვიცი ჯერ არ დამეძინება. ვიცეკვეთ კიდეც. 

  ჰიპ-ჰოპი მიყვარდება მგონი, ჯერ მხოლოდ ცეკვა და მერე არ ვიცი.

 უბრალოდ პოსტის დაწერა მინდოდა, ამ სიმღერის შესაფერი პოსტის.

 მომწონს სიმღერა ძალიან, გმადლობ ანუკ...

Monday, August 24, 2009

Life, Relation, People

  გუშინ საღამოს დავბრუნდი. ამ პოსტში, და ალბათ არც შემდეგ, არ მოვყვები რას ვაკეთებდით კონკრეტულად მე და ჰანნა.

  რატომღაც მგონია, რომ იქ ყოფნისას შევიცვალე. მანამდე ძალიან დიდი დროს ვატარებდი კომპიუტერთან, თითქოს სასიამოვნო იყო ბევრი პოსტის წერა და სხვისი ბლოგების კითხვა, მაგრამ რაღაც მაკლდა.

  იქ ყოფნისას კი დავრწმუნდი, მიუხედავად იმისა, რომ მე მიჭირს კონტაქტში შესვლა ახალ გაცნობილ ხალხთან და თავს უხერხულად ვგრძნობ, ჩემთვის ყველაზე საინტერესო და საყვარელი საქმიანობა ადამიანებთან ურთიერთობაა, უბრალოდ პრაქტიკა მჭირდება. ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ყველა ახალი ნაცნობობით, შეიძლება ისე ვმჯდარიყავი და ხმა არ ამომეღო, მაგრამ თავს ძალიან ბუნებრივად და თავისუფლად ვგრძნობდი. დიდი წვლილი ამ საქმეში ჰანნამ შეიტანა,  სოფის პოსტი გამახსენდა, დინაზე. მეც მიხარია რომ ჰანნა მყავს :)  

  ყოველთვის მთავარი ალბათ ის არის, თუ რა იცვლება შენში. ხანდახან წინასწარ დიდი იმედებით ველოდებით რაღაც მოვლენას - არდადეგებს, შვებულებას. მერე კი მხოლოდ დასვენება შეგვრჩება ხოლმე. მე მხოლოდ დასვენებას ველოდი, საბოლოოდ კი ბევრად მეტი მივიღე. 

  ამ პერიოდის საუნდტრეკები: 

  • Jason Mraz - Lucky
  • Amy Mcdonalds - This Is The Life
  • Grand Tourism Feat. Terry Callier - Les Courants Dair
  • The Beatles - All My Loving
  • Pink Floyd - Wish You Were Here
  • Pink Floyd - Breathe

  

 

Wednesday, August 19, 2009

სათაურის მოფიქრებას ვერ ვასწრებ

 ჰანნასთან მივდივარ, სოფელში. რამდენიმე წუთში გავალ, ვიფიქრე დაგმშვიდობებოდით. .

არა, დიდი ხნით არ მივდივარ :D  სულ 4-5 დღით ალბათ. 

  პ.ს ჩემი დათაგულებიდან უტვინომ დაწერა პოსტი როგორც ვნახე, მაგრამ წაკითხვას ვერ ვასწრებ, რომ დავბრუნდები მერე.

  დროებით my lovely bloggers! 

Tuesday, August 18, 2009

ბავშვობაში მეგონა..

 დღეს დილით ტოპ.გე-ზე ვნახე რომ უნიკალური ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილი იყო, იმის გათვალისწინებით რომ ახალი არაფერი დამიწერია, ძალიან გამიკვირდა.  შევამოწმე და ძირითადად დოდკასგან იყვნენ  გადმოსულები - რაღაც ხდება! შევედი და ეს პოსტი დამხვდა. ვინც არ იცით, ჯერ შედით და გაეცანით, მერე კი აქ გააგრძელეთ კითხვა.

  მაშ ასე, ბავშვობაში მეგონა რომ:

  

  1. ყველა სამხედრო ფორმიანი იყო ძალიან კეთილი და მზად იყვნენ ნებისმიერი ადამიანისთვის თავი გაეწირათ, ამიტომ როცა მათ სადმე ვხედავდი - ტრანსპორტში, ქუჩაში, შენობაში და ა.შ თავს დაცულად ვგრძნობდი. ერთხელ როცა ქობულეთისკენ მიმავალ მარშუტკაში ორი ჯარისკაცი დათვრა და მგზავრობა ჯოჯოხეთად გვიქცია, მაშინ დაიმსხვრა ჩემი წარმოდგენები..
  2. მეტროში მატარებელი ხან გადიოდა გვირაბიდან, ხან -არა. ამიტომ როცა ვჯდებოდი, ყოველთვის ვნატრობდი - ’ნეტავ დღეს გარეთ გასვლის დრო ქონდეს’. რომ გავიდოდა, ვფიქრობდი, დღესაც გამიმართლა, რა იღბლიანი ვარ-თქო.
  3. ასევე მეტროში, ’ელექტრო დეპოს’ ნაცვლად მესმოდა ’ელექტრო ბებო’ და ყოველთვის მიკვირდა, ნეტავ როგორი ბებოა-თქო.
  4. მიწისძვრა იყო ცოცხალი არსება და ხანდახან ჩნდებოდა - მიწაზე პირს აღებდა. ამიტომ მიწისძვრის დროს ყოველთვის ძირს ვიყურებოდი და ვეძებდი სად იყო, ძირითადად სახლის ძირში მეგულებოდა, მაგრამ ვერც ერთხელ დავინახე. 
  5. თუ რამეს ძალიან, ძალიან ვინატრებდი, ღმერთი შეისმენდა და ციდან ჩამომიგდებდა. ამიტომ მე, ჩემი ძმა და დეიდაშვილი ღამე ’ვოლგის’ სახურავზე  ვიწექით და ხმამაღლა ვნატრობდით სნიკერსს და მარსს და ყოველ წუთს ველოდი რომ თავზე დამეცემოდა..

  პირველივე რაც გამახსენდა, ისინი დავწერე. ვიცი, მერე უკეთესები მომაგონდება და ვინანებ.

  ხო, კიდევ - მე ვთაგავ:

უტვინოს

ზურიუსს

Chaotic-ს  

Saturday, August 15, 2009

იმედის ფორუმი

  ჩემს ფორუმულ წარსულში მხოლოდ 2 ფორუმია - იმედის და ფორუმ.გე; ეს უკანასკნელი აწმყოც არის ჯერჯერობით.

  იმედზე 2005 წელს დავრეგისტრირდი, მაშინ კომპიუტერი ახალი ნაყიდი მქონდა, ფორუმიც ახალი ხილი იყო ჩემთვის. ისე მომეწონა, რომ 1 კვირაში 800 პოსტი დავაგროვე :O  ძალიან დიდი სითბოთი მახსენდება ახლაც, ბევრნი არ ვიყავით, ყოველთვის მიხაროდა იქ შესვლა. მერე იყო 7 ნოემბერი და ფორუმიც გაქრა. რამდენიმე დღის წინ შევედი, ახალი გაუკეთებიათ. search-ში 'mia' ჩავწერე და ასეთი მომხმარებელი არ მოიძებნაო :) 

  იქ გავიცანი მირა, კუდა, როკო, გაფრინი და სხვები.. ერთხელ ექსკურსიაზეც იყვნენ,  მაგრამ მე ვერ წავედი. ამიტომ რეალურად მხოლოდ მირას და კუდას ვიცნობ, თეატრში ვიყავით ერთად : )  

  კუდა ჩემი დედობილია, მიყვარს ძალიან.

  მირას მიმართ განსაკუთრებული გრძნობა მაქვს, ვთვლი რომ მისნაირი ადამიანები მხოლოდ ბედნიერებას იმსახურებენ..  დღეს ვნახეთ მე და კუდამ, ალბათ ჩემს იქ გამოჩენას არ მოელოდა და გაუკვირდა :) 

  პ.ს  გუშინ მთელი დღე რაღაცის დაწერა მინდოდა, რა-ღა-ცის. ფორუმზე, აქ ან ფეისბუქზე. რამდენჯერაც დავიწყე, იმდენჯერ წავშალე. 

Monday, August 10, 2009

ადამიანური პოსტი

    ეს დღეები, ომის მოგონებებზე რომ ვაქვეყნებდი პოსტებს, იდეები მტანჯავდა, ხან რის დაწერა მინდოდა, ხან - რის. ერთი სული მქონდა როდის დავასრულებდი ამ ე.წ ’ტრილოგიას’ :D

  მოვრჩი კიდეც, მაგრამ იდეები იდეებად დარჩა, რატომღაც პოსტებად ვერ ვაქციე. 

  ეხლაც იმდენს ვჯახირობ რომ ეს მაინც მივიყვანო ბოლომდე, თითოეულ წინადადებას დიდ დროს ვანდომებ, არადა თან მინდა რომ დავწერო, თორემ სულ არ დავაჭერდი ’New Post’-ს. 

   ვორდპრესზე გადასვლაზე ვფიქრობ, დავათვალიერე იქაურობა და მომეწონა ძალიან. ადრე ჩემი ოცნების თემფლეითს რომ ვეძებდი, მივხვდი რომ ვორდპრესზე ყოფილა - მარტივი და სადა. მაგრამ თან ბლოგსპოტიც მიყვარს, ასე უცებ ვერ გადავალ. საერთოდ ძალიან მიჭირს გადაწყვეტილების მიღება, ჯერ უნდა ’ვიფიქრო ამაზე მე’  :D

  ოო,  კარგი ამბები მაქვს ჩემი თავისთვის! ჩოგბურთის მკვდარი სეზონი  გამოცოცხლდა ორი მიზეზის გამო - Rogers Cup დაიწყო დღეს, და რაც მთავარია - ნადალი დაუბრუნდა კორტებს!  ისინიც კი, ვინც რაფას გულშემატკივარი არ არის, ამბობდნენ რომ მის გარეშე ჩოგბურთი მოსაწყენი იყო. დღეს წყვილებში თამაშობს და ალბათ ზეგ ითამაშებს singles-ში. ისე მინდა მისი დანახვა კვლავ ჩოგნით ხელში, ასე მგონია საუკუნეა რაც აღარ თამაშობს.

  

   

   შარშან სწორედ რაფამ მოიგო ეს ტურნირი, დღეს  კი ინტერვიუზე თქვა, რომ წელს მოგებაზე არც ფიქრობს, ვინაიდან დიდი ხანია [2 თვე] რაც აღარ უთამაშია და თან ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ არის. უბრალოდ მიხარია რომ კვლავ ვთამაშობო [არა მარტო მას :)) ], ამ ეტაპზე კი მთავარი ეს არისო..

  პ.ს ჰანნა ჩამოვიდა როგორც იქნა, ხვალ უნდა გავიდე და ვნახო, წინასწარ ენა მექავება :D

Sunday, August 9, 2009

08.08 - ნაწილი III : The End

  იმ ღამეს თბილისის ზღვისკენ ჩამოაგდეს თურმე ბომბი. მე არაფერი გამიგია - ისეთი დაღლილი ვიყავი, გათიშულს მეძინა.  როგორც ექთანმა მომიყვა, კლინიკაშიც ელოდნენ დაბომბვას და ყველგან შუქები ჩააქრეს, მთელი საავადმყოფო ჩაბნელებული ყოფილა.

  მეორე დღეს შუადღისკენ მივედი. ჩემი ექიმი უნდა ყოფილიყო მორიგე. მთელი დღე ჩვეული პროცედურები შევასრულეთ - ახლების მიღება, საჭმელის ამოტანა, სხვადასხვა განყოფილებებში კარდიოგრამებზე გასვლა. ყველა ისეთი დაღლილი იყო, ვინც სად მოახერხებდა იქ ჯდებოდა, თუ საშულება იყო - წვებოდა. ჭამისთვისაც კი არ გვქონდა დრო, როცა ჯარისკაცებისთვის ამოგვქონდა საკვები, ლიფტში თუ ვჭამდით რამეს. [სხვათაშორის საკვები უხვად იყო - ექთნებისთვისაც კი იყო განსაზღვრული]

  საღამოს ერთ-ერთმა რუსმა [აი  უკმეხი რომ იყო, იმან] თავბრუ მეხვევა და ცუდად ვარო. კარდიოგრამა გადავუღე და ექიმმა 2 საათში გაუმეორეო. მაგრამ გამეორება არ დამცალდა მოვლენები ისე განვითარდა..

  როგორც ზემოთ ვახსენე, ტვ არ გვქონდა, მხოლოდ საორდინატოროში იყო. ერთი პერიოდი დრო გამოვნახეთ და შევედით. როგორც მივხვდით, რუსები თბილისისკენ მოდიოდნენ. ამაზე დიდი რეაქცია არ მქონია, არა იმიტომ რომ უშიშარი ვარ, უბრალოდ  მუდმივად დაკავებული ვიყავი საქმით და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რა მქონდა გასაკეთებელი. თუმცა, შევნიშნე რომ დაცვის ჯარისკაცები ცოტა შეშფოთებულები დარბოდნენ, მობილურები არ იჭერდა იმ დღეებში და საორდინატოროში ქალაქის ტელეფონით სარგებლობდნენ, გასაღები უმეტესად მე მქონდა და ამიტომ ხშირად მიწევდა იქ შესვლა. ჩემმა ექიმმა თავის ცოლს რომ დაურეკა და უთხრა საკვები მოიმარაგეო, მაშინ მართლა ავღელდი. 

  [დაცვამ არ იცოდა რუსებისთვის რა ექნა. მითითებებს ელოდებოდნენ. თვითონ საკმაოდ ანერვიულებული იყვნენ, ერთი პერიოდი მოკვლასაც უპირებდნენ, ძლივს შეაჩერა ექიმმა]

  საბოლოოდ, დავრწმუნდით რომ რუსები მოდიოდნენ და საგანგებო ზომების მიღება იყო საჭირო.  ექიმმა გვითხრა, ყველა ჯარისკაცს ფორმები გახადეთ და დამალეთო.  თემურთან მომიწია შესვლა, ყველაზე რთული სწორედ მისთვის იყო ამეხსნა. ფეხზე დამხვდა.  ჩემი შეშფოთება რომ არ შეემჩნია, ათასი სისულელე ვილაპარაკე.  დაბნეულმა კინაღამ უფრო გავაფუჭე საქმე - ყელში მოწოლილი ბურთი საშუალებას არ მაძლევდა ბევრი მელაპარაკა და ვეუბნები - შარვალი გაიხადე თუ შეიძლება. გაუკვირდა, რატომო? მე ვდგავარ, ცრემლებს ვყლაპავ და თავჩაღუნული ვეუბნები - გაიხადე. რატომ უნდა გავიხადო, მერე რა ჩავიცვაო და მე ვაგრძელებ - უბრალოდ გაიხადე. გაკვირვებულმა - კი ბატონოო და გაიხადა. სასწრაფოდ გამოვედი რომ არ დაენახა ჩემი ცრემლები. დავმალეთ ტანსაცმელი და ჯერი დაცვის ბიჭებზე მიდგა. მათი იარაღიც დასამალი იყო. დერეფნებში პატარა საკუჭნაოებივით იყო და იქ ვეძებდით ადგილს.  ყველა  შეკრებილი ვართ ერთ ადგილას -  ექიმი, ექთანი, დაცვა, მე  და გასაღებებს ვარჩევთ, რომელი რომლის არის. ამ დროს მოდის ჩემი ჯგუფელი, ანი. ვერც შევნიშნეთ, როდის მოგვადგა. მოგვესალმა და ხმამაღლა და ამაყად მეუბნება - ნატალია, ოლვეისი არ გაქვს? - რაა? მეგონა მომეჩვენა. -ოლვეისი ხო არ გაქვს? ძალიან მჭირდება. - არა, არ მაქვს.  [ისევ გასაღებებს ვეძებ]  - ნათია, არც შენ გაქვს ოლვეისი? - არა ანი, არ მაქვს ოლვეისი! გაბრაზებულმა უთხრა ექთანმა. რა გაყვირებს მერეო და წავიდა :D 

   პოსტისკენ წავედი რაღაც მჭირდებოდა და უცნობი ბიჭი შემხვდა, ალბათ ისიც სტუდენტი იყო, სამედიცინო ფორმა ეცვა და ჩემი სახელი და გვარი თქვა, აქ არისო? გაოცებულმა ვუთხარი - მე ვარ?! ქვემოთ მშობლები გელოდებიანო!  [ოღონდ ეს არა!] მობილურზე ვერ დამიკავშირდნენ და გამოვიდნენ. წამომყევიო და ეგრევე ჩავედი, მიმღებთან იდგნენ, მეზობლის მანქანა ეთხოვათ, ძველი ჟიგული. ამის მეტი არავინ გვათხოვაო.  წამოდი, სოფელში მივდივართო დედამ. ვთხოვე ვიქნები, აქ მინდა ყოფნა-თქო. მაგრამ ვიცოდი დედა არ დამტოვებდა. ავალ, ფორმას გავიხდი და ჩამოვალ-თქო ვუთხარი. ასვლისას ათასი ფიქრი მიტრიალებდა თავში - ’ეხლა როგორ წავიდე, როგორ დავტოვო აქაურობა, აქ მინდა ყოფნა, ააქ!’  სანამ ავიდოდი, უკვე დამავიწყდა რის გამო მივდიოდი. გამახსენდა რომ ერთ-ერთ პალატაში მაგიდა იყო შესატანი და გაუაზრებლად დავტაცე ხელი და გავაგორე იქით, მერე კიდევ სხვა რაღაც გამახსენდა და შევყევი საქმეს. ნათიას ვეძებდი [ექთანს] და დავინახე ერთ-ერთი პალატის აივანზე იდგა, გავედი თან ველაპარაკები - სად ხარ, ამდენი ხანია გეძებ..  ნათია არ შემობრუნებულა, სივრცეს უყურებს, პირჯვარს იწერს და ხმადაბლა ამბობს - ღმერთო, შენ დაგვიფარე. აქ კი თავი ვეღარ შევიკავე, ზურგზე დავადე თავი და ხმამაღლა ავღრიალდი. მერე ვუთხარი, მშობლები მელოდებიან ქვევით და წამოდი თხოვე დამტოვონ-თქო. წამოვალო, მაგრამ ისევე როგორც მე, თვითონაც დაავიწყდა რომ დამპირდა. შევედი ჩემს ტანსაცმელთან და უაზროდ ვუყურებ, არ მინდა წასვლა. მერე ჩამოვჯექი და ისევ ავტირდი. შემომეხვია უამრავი ხალხი - ექთნები და მეუბნებიან - ნუ ტირი, ყველაფერი კარგად იქნება, არ მოვლენ აქამდე რუსები.  გულში ვფიქრობ - რა რუსები, უბრალოდ წასვლა არ მინდა აქედან. თან ვუყურებ ამდენ ხალხს, არავის არ ელოდება ქვევით დედა, ყველა აქ რჩება. მე კი მივდივარ და უფრო ვუმატებ ღნავილს, ისინიც უფრო მამშვიდებენ..

  [თან პარალელურად დიდი ფაციფუცია - განყოფილებებში ჯარისკაცებს ფორმებს ხდიან,  დაცვისთვის სამედიცინო ფორმებს ეძებენ, რომ გადააცვან. ყველა  აქეთ-იქით დარბის. მთელი ადმინისტრაცია იქ არის, განსაკუთრებული ინტერესი ჩვენი განყოფილების მიმართ არის - რუსებს არ იციან რა უყონ, თან მგონი ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ თავისივე დაცვის მხრიდან ელოდათ]

  ამ დროს ექიმი შემოვიდა, სად ხარ, ქვემოთ მამა გელოდება ეხლა დამირეკეს მიმღებიდანო! :O არც გამომიცვლია, ეგრევე მომკიდა ხელი და წამიყვანა. გზაში მამშვიდებდა და ამაზე უფრო ვტიროდი. ლიფტებთან საავადმყოფოს დირექტორი შეგვხვდა, ისიც ჩვენთან მოდიოდა. რომ დაინახა ექიმი და ატირებული გოგო შეშფოთებულმა გვკითხა - რა მოხდაო? არაფერია ბატონო ზაზა, ჩავიყვან მშობლებთან და ეხლავე ამოვალო. ჩავედით, ექიმმა ჩამაბარა მამას და წავიდა. მე ჩავჯექი მანქანაში, სადაც დედა ზის გამეხებული. თურმე ნახევარ საათზე მეტი ვაცდევინე.. და ზუსტად ამ ნახევარ საათში მიმღებში ჯარისკაცმა ავტომატიდან შემთხვევით ისროლა, რაზეც დედა ცუდად გახდა. არ უჩხუბია, მაგრამ ერთხელ ისე მითხრა სად ხარ, ამდენი ხანია გელოდებითო, ხმა ვეღარ ამოვიღე. 

  რომ მოვედით, ქუჩაზე უამრავი ადამიანი იყო გარეთ. მე  ვიდექი თეთრ ფორმაში, უზარმაზარი ჩანთით და ვერავის ვცნობდი, თუმცა ვერც ვერავინ ამჩნევდა ერთმანეთს. 

   გონებით ისევ კლინიკაში ვიყავი - ყველასი მშურდა ვინც იქ დარჩა. თან, გავიგე რომ არანაირ სოფელში არ მივდიოდით და უნდა დამეძინა. ამაზე გავცოფდი, მაგრამ ვეღარაფერი ვუთხარი მშობლებს. 

 მეორე დღეს აღარ წავსულვარ, რუსებიც აღარ შემოვიდნენ თბილისში..

  პ.ს მერე მომიყვნენ რომ იმ ღამეს ჩვენი განყოფილებიდან ყველა ჯარისკაცი გაუშვეს [როგორც ზემოთ ვთქვი, სიარული ყველას შეეძლო]. მხოლოდ რუსები დარჩნენ, რომლებსაც დაცვა გაუძლიერეს და უკვე 12 კაცი მეთვალყურეობდა.  შემდეგ დღეებში უკვე მეც მივედი მორიგეობაზე, საავადმყოფოც ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

Saturday, August 8, 2009

08.08 - ნაწილი II

  როგორც იქნა დასაძინებლად დავწექით, მაგრამ თავი მისკდებოდა ისე მტკიოდა. გაუნძრევლად ვიწექი, პატარა მოძრაობაზე ტკივილი ძლიერდებოდა. დილით 7–ზე როგორც იქნა ჩამეძინა.  8–ზე ახალმა ამბავმა გაგვაღიძა – თბილისიც დაბომბესო. 

   შიშის გრძნობა საერთოდ გამიქრა. თითქოს საავადმყოფოში აბსოლუტურად დაცული ვიყავი. დილით ახალი ნაკადი მოიყვანეს. ჯარისკაცები ყველაფერთან ერთად, ძალიან დაღლილები იყვნენ. ჩექმებს და ტანსაცმელს ჩვენ ვხდიდით. ერიდებოდათ, მაგრამ თვითონ არაფრის თავი ქონდათ. მე კი მეგონა ამ წვრილმანი საქმეებით – ჩექმების გახდა, საჭმელების ამოტანა, მობილურის დამტენების თხოვნა ერთ პალატაში და მეორეში გატანა – მცირედით მაინც ვეხმარებოდი მათ. ამიტომ ამ ყველაფერს  დიდი ენთუზიაზმით ვაკეთებდი.

   ექიმები აჩრდილებივით დაბორიალობდნენ დერეფნებში. 3 დღის უძილოები იყვნენ, გაფითრებული სახე და ამოღამებული თვალები ქონდათ. ერთ–ერთი ამბობდა, ნეტავ გარეთ რა ხდება, ჰაერზე, ხის ქვეშ გავლა მომენატრაო.. 

  [ჩემი ექიმიც გორში იყო, ოღონდ არა როგორც ექიმი, არამედ - ჯარისკაცი. დღემდე ვერ ვხვდები რატომ. თუმცა წინა დღეს პატარა ნამსხვრევი მოხვდა მუხლში და მიმღებში შემხვდა, სამხედრო ფორმა ეცვა, მეორე დღეს კი მორიგეობა უწევდა..]

   ერთ-ერთი ჯარისკაცი განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში იყო. ვერ ერკვეოდა დროსა და საივრცეში და ტიროდა. ლაპარაკიც უჭირდა. სახელი ვკითხე და ხელით მიმითითა შემოსაცმელისკენ [არვიცი რა ქვია], საფულედან რაღაც მოწმობა ამოვიღე, სადაც ეწერა რომ ყუმბართმტყორცნი იყო. თემური ერქვა. დიაზეპამი გავუკეთეთ და როგორც იქნა, ჩაეძინა.

   მეორე ყვებოდა 3 დღე არაფერი მიჭამია და წყალს გუბიდან ვსვამდითო. 

  ნაწილი კვლავ სხვა კლინიკაში გადასაყვანად მოამზადეს. ერთ-ერთი, რომელიც ასაკითაც უფროსი იყო [შედარებით თორემ ისე 40-42 წლის იქნებოდა] და მგონი მეთაურიც იყო რაღაცის, თავს ცუდად გრძნობდა და საწოლით ჩავიყვანეთ.  ქვემოთ, მიმღებთან ავტობუსი იდგა. მაგრამ საწოლიდან ვერაფრით ვაყენებდით - უფრო ცუდად გახდა. შემოეხვია ხალხი, ყველა ვითომ ამშვიდებდა, მოხუცი ბებო მოვიდა და რაღაცას ელაპარაკებოდა, ძლივს გავიყვანეთ გვერდით. უცებ რაღაც სირენასავით ჩაირთო, დღესაც არ ვიცი რა იყო, მგონი კარებზე იყო დამონტაჟებული, საშინლად წიოდა. აქ მოხდა მოულოდნელი რამ - ერთმა ჯარისკაცმა ყურებზე ხელები აიფარა და ჩაიკეცა. მეორე მანქანას მიეყრდნო და ფერი წაუვიდა. არ ვიცი, რას ახსენებდა მათ ეს ხმა, მაგრამ ყველა მათგანზე ცუდად მოქმედებდა. ექიმები უყვიროდნენ დაცვას გამორთეთო, დაცვა დაბნეული იდგა და ვერაფერს უხერხებდა. ბოლოს როგორც იქნა, გამორთეს, ჯარისკაცებიც დავამშვიდეთ და ავტობუსში ავიდნენ. საწოლზე მყოფი მიმღებში შევიყვანეთ, მთელი ადმინისტრაცია ჩაერთო და ცალკე მანქანით გადაიყვანეს ბოლოს. [აი ეს მართლა არ მესმის, რატომ გადაყავდათ სხვაგან ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, როცა ადგილები იყო.]

  თემური [აი ის, დიაზეპამი რომ გავუკეთეთ] რენტგენზე უნდა ჩაგვეყვანა. შევედი და ვუთხარი რომ დაბლა ჩავდიოდით. საკაცეც შევაგორეთ. მაგრამ  უაზრო მზერით სადღაც იყურებოდა, მერე თითით  მანიშნა ფანჯრისკენ, იქ ვიღაც არისო. პირდაპირ ჩოგბურთის კორტებია, სადაც შენობაც დგას. იქ იყურებოდა. თავიდან მეც დავიჯერე და გავიხედე, მერე სახეზე რომ შევხედე და მისი გამომეტყველება დავინახე, მივხვდი რაშიც იყო საქმე. დავამშვიდე, იქ არავინ არის და საკაცეზე გადმოდი-თქო. როგროც იქნა, დამიჯერა და გადმოვიდა. პალატიდან რომ გავედით,  უცებ  თავი წამოწია და თვალებში ისევ შიში ჩაუდგა - იარაღიანი დაცვა დაინახა. ვუთხარი ნუ გეშინია, ქართველები არიან-თქო. დაცვამაც ხელი აუწია და მოიკითხეს, ამან ცოტა დაამშვიდა. ქვემოთაც რომ მივდიოდით ფანჯრებს უყურებდა სულ. რენტგენზე რომ შევედით,  ექიმი შემოვიდა - ცოტა ხნით გადით შვილებო, მიცვალებული მყავსო და საკაცე შემოიტანეს - მთელს სხეულზე გადაფარებული ქონდა. სასწრაფოდ გავარიდე იქაურობას თემური, კიდევ კარგი, ვერ გაიგო ექიმის სიტყვები. პალატაში რომ ამოვედით, ისევ აღელდა და გაურკვეველ წინადადებებს ამბობდა - ალყაში ვიყავი, იქ სხვებიც იყვნენო. ჩვენ გვეკითხებოდა - ბიჭები გამოვიდნენ? ალყაში რომ იყვნენ ბიჭები, ხომ გამოვიდნენ? ვეუბნებოდი რომ ყველა გამოვიდა და კარგად არიან. 

  იმავე პალატაში პატარა ბიჭი იყო, ისიც ტიროდა. დამამშვიდებელზე დაიძინა. რომ გამოფხიზლდა, გამოვკითხეთ ვინაობა. 18 წლის იყო, ბექა ერქვა. არავის ტელეფონის ნომერი არ ახსოვდა. ვკითხე სადაური ხარ-თქო, ზუგდიდთან ახლოს სოფლის სახელი მითხრა. 

   საღამოს 8-სკენ დეიდასთან გავედი ღამის გასათევად, ახლოს ცხოვრობს. მეზობელიც იყო შემოსული, გამომკითხეს რა ხდებაო და რატომღაც პირველად ბექაზე მოვუყევი. მეზობელმა ზუგდიდში ნაცნობები მყავსო, გადაურეკა იმათ და აღმოჩნდა რომ იმ დროს მათთან ერთად ბექას ნათესავი იყო. ჩემი ნომერი ჩაიწერეს და ცოტა ხანში მშობლებმა დამირეკეს. არ იცოდნენ როგორ იყო და სად იყო. მოკლედ მოვუყევი, ვუთხარი რომ ბექა კარგად არის. მეორე დღეს რომ მივედი, იქ აღარ დამხვდა, უკვე წასულიყო, თავისიანებს მიეკითხათ.

Friday, August 7, 2009

08.08 - ნაწილი I

   7 აგვისტოს ღამით, ანუ უკვე 8–ში, არ მეძინებოდა და ღამის 3– საათზე ჭურჭლის რეცხვა დავიწყე. პარალელურად ტვ ჩავრთე, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი – კურიერი იყო. დღის სიუჟეტების გამეორება მეგონა, მაგრამ უცებ წამყვანი რომ გამოჩნდა,  თან ჯარისკაცებს და სროლებს აჩვენებდნენ, ცოტა შევშფოთდი. თუმცა მალევე დამავიწყდა და მშვიდად დავიძინე. დილით რაღაც ხმებმა გამაღვიძა, ქუჩაზე ხალხი დარბოდა. მეზობელი შემოვიდა ეზოში და ჩემს მისალმებაზე დაბნეულმა მიპასუხა. მერე გავიგე რომ მისი შვილი რეზერვიდან გორში მიყავდათ.  ნელ–ნელა გავაცნობიერე რომ მართლა რაღაც მოხდა.

   ომი – ამ სიტყვაზე ყოველთვის მაჟრჟოლებდა. მხოლოდ ფილმებში და ფოტოებში მქონდა ნანახი, მაგრამ იმის გაფიქრებაზეც კი, რომ შეიძლებოდა მე აღმოვჩენილიყავი იქ, შიშისგან ჟრუანტელი მივლიდა და მეგონა რომ ჯერ მარტო პანიკისგან მოვკვდებოდი. ამიტომ ომზე ფიქრს ყოველთვის გავურბოდი.

  და აი, ომი დაიწყო. დაიწყო აბა რა – ჩემი მეზობლები მიყავდათ. არავითარი შიში და პანიკა. როცა ამ პროცესში მეც აღმოვჩნდი ჩართული, არაფერი განსაკუთრებული არ მიგვრძნია. ალბათ იმიტომ, რომ ჯერ გააზრებული არ მქონდა, მაგრამ ადრე ხომ წარმოდგენაზეც თავზარი მეცემოდა, ახლა ჩვეულებრივ ვიყავი – დროდადრო ფორუმ.გე–ზე შევდიოდი და ინფორმაციას ვნახულობდი, თვალყურს ვადევნებდი კურიერის გამოშვებებს  და ოლიმპიადაზე ქართველების გამოსვლასაც კი ვუყურე აღლუმზე [თუ რა ქვია მაგას არ ვიცი]. 

   დღემ მშვიდად [ჰმ,მშვიდად] ჩაიარა. რომ დავწექი, ვფიქრობდი, მთავარია არ გვბომბავენ–თქო [აქ ეგოიზმმა იჩინა თავი – მთავარია მე ვარ კარგად, აქ არაფერი ხდება]. დილით ტვ–ს ხმაზე გამეღვიძა, კოპიტნარი დაბომბესო. სკაიპში ჩემს ჯგუფელებს ველაპარაკებოდი, ერთ–ერთმა [რომელიც იმავე საავადმყოფოში მორიგეობდა სადაც მე] მითხრა ეხლა მივდივარ კლინიკაშიო. მეორემ მითხრა - ნატ, შენთან კლინიკა ჰოსპიტლად გადააკეთეს და უამრავი დაჭრილებიაო. ამის წაკითხვაზე წამოვხტი და პარალელურად ჩანთის ჩალაგება დავიწყე – ვყრიდი საჭირო ნივთებს, რაც 2–3 დღისთვის დამჭირდებოდა. თან ვიცვამდი და სკაიპშიც ვწერდი, მივდივარ–თქო. ჩემდა გასაოცრად, დედას არანაირი პროტესტი არ გამოუთქვამს, პროტესტი კი არა, წინა დღესაც მეუბნებოდა, რატომ არ მიდიხარო. მაშინ როდესაც ჩემს მეგობრებს მშობლები ქუჩაშიც კი არ უშვებდნენ.

   გაჩერებაზე რომ ავედი, ხალხს ვუყურებდი, აბა ცვლილებას თუ შევამჩნევ–თქო [თავიდანვე ხომ ვთქვი, ომი რაღაც განსაკუთრებული მოვლენა, თითოეული ადამიანის სულიერი მდგომარეობა მეგონა]. ერთი შეხედვით ყველაფერი მშვიდად იყო – ხალხი იდგა, ოდნავ დაღვრემილი, რაც, ისედაც დამახასიათებელია მათთვის. ჩავჯექი ავტობუსში და მთელი მგზავრობის განმავლობაში ვფიქრობდი რა დამხვდებოდა იქ. რომ ჩავედი, ეზოში ჯგუფელი დავინახე, ძალიან გამიხარდა მასთან ერთად რომ შევედი.  შესასვლელთან ხალხი იდგა, დაჭრილების სიებს ნახულობდნენ და დაცვას ეჩხუბებოდნენ, რომელიც მათ შიგნით არ უშვებდა.

  ავედით. ყველგან უჩვეულო სიჩუმე იყო. ანი თავის განყოფილებაში წავიდა, მე თერაპიაში ჩავედი. რატომღაც ქაოსს და ალიაქოთს ველოდი. მაგრამ აქაც სიჩუმე. 

  ჩვენთან მძიმე პაციენტები არ იწვნენ – დიაგნოზში ყველას კონტუზია ეწერა. უმეტესობას აფეთქებისგან ტვინის მსუბუქი დაჟეჟილობა და სმენა ქონდათ დაქვეითებული. პალატები შემოვიარე – ყველა ძალიან ახალგაზრდა იყო, მაქსიმუმ 40 წლამდე თუ იქნებოდნენ, მინიმუმ–18. დერეფანში ავტომატიანი ხალხი შევნიშნე. სწორედ იმ დროს ახალი პაციენტი ამოიყვანეს და ბოლო პალატაში შეიყვანეს. იქ მოიყარა თავი იარაღიანმა ხალხმაც. ბოლო 2 პალატას განსაკუთრებული დაცვა ყავდა - თითოეულში 2 რუსი მფრინავი იწვა და მათ 4 ჯარისკაცი იცავდა.

   საღამო იყო რომ მივედი. ვიღაც მოყავდათ, ვინც ცოტა უკეთ იყო სხვა კლინიკაში გადაყავდათ . ჯარისკაცებს უფასო კვება ეკუთვნოდათ და უზარმაზარი, რახრახა, ბორბლებიანი მაგიდით ამოგვქონდა საჭმელი, იმის ხმა მთელ დერეფანში ისმოდა. განსაკუთრებული საქმე არ გვქონდა - მხოლოდ გადასხმები ჭირდებოდათ პაციენტებს, თითქმის ყველას სიარული შეეძლო. აღმოჩნდა რომ ჯარისკაცების უმეტესობას ნოკია ქონდა, დამტენი კი - არავის და მაგის ძებნაში შემოვიარე მთელი სართული, როგორც იქნა ტრავმაში აღმოაჩნდა ერთ-ერთი ჯარისკაცის პატრონს. ასეთი წვრილმანი საქმეები, მაგრამ ბევრი ერთად - უკვე ძალიან დამღლელი იყო, დრო ფაქტიურად არ გვქონდა, ყველა მუდმივად სადღაც გარბოდა - სისტემებს რომ მოვხსნიდით, ჭამის დრო მოდიოდა და იმ უზარმაზარი მაგიდით ქვემოთ ჩავდიოდით.. 

    რუსებიდან ერთს მარცხენა ხელზე ოპერაცია ქონდა გაკეთებული და ვერ ამოძრავებდა. ორივეს  ხერხემალი ქონდათ დაზიანებული და ვერ დადიოდნენ, მოძრაობაც უჭირდათ. ამიტომ მათ ხელით ვაჭმევდით. ერთ-ერთი მათგანი ძალიან თავაზიანი იყო,  ცდილობდა კონტაქტში შემოსულიყო და სულ მადლობებს გვიხდიდა. აი მეორე კი, ასაკითაც უფროსი იყო და უფრო გამოცდილიც. საერთოდ ხმას არ იღებდა, იშვიათად თუ უპასუხებდა კითხვებზე, გამომეტყველებაც მკაცრი ქონდა და ცოტა გვეშინოდა კიდეც მისი.  რამდენჯერმე მოგვიწია მათი რენტგენზე ჩაყვანა. ყოველ ჩასვლაზე  2 დაცვა მოგვყვებოდა, 2 კი რჩებოდა. ქართველმა ჯარისკაცებმა არ იცოდნენ რომ გვერდით პალატებში მათივე მტრები იწვნენ.

   ერთ-ერთი რომ ჩაგვყავდა ქვევით, ლიფტში  შევაგორეთ საწოლი და თვითმფრინავმა გადაგვიფრინა ძალიან დაბალზე და დიდი ხმა ქონდა. მე ჩავილაპარაკე – ხომ არ გვბომბავენ–თქო და უცებ..  ორივე დაცვა გაიქცა და რაღაც პოზიციები დაიკავა ალბათ, არვიცი - სადღაც გაქრნენ. ლიფტიორიც  გავარდა, ექთანი კიბეებისკენ წავიდა, მე ლიფტის შესასვლელთან ვიდექი და ვუყურებდი ამ წამებში მომხდარ ცვლილებას და არ ვიცოდი რა მექნა. მერე მეც გავიქეცი, აი კამერიანი ხალხი რომ გარბის და თან იღებს, კადრი რომ ქანაობს ხომ იცით? ასე ვხედავდი გარშემო საგნებს. შევვარდი კიბეებთან.  ექთანი ტიროდა. თავს ისე მშვიდად ვგრძნობდი, თითქოს ყველაფერს ეკრანზე ვადევნებდი თვალს. ექთანი შვილებზე დარდობდა, მე ვამშვიდებდი. ნელ-ნელა გამოვედით, ლიფტიორიც გამოჩნდა, დაცვაც. შევედით ლიფტში და რუსი წევს მარტო,  გაოცებული და დაბნეული თვალებით გვიყურებს.

    ქვემოთ სანამ რენტგენამდე მივედით, გრძელი დერეფანი იყო გასავლელი. თითქმის ყველა ცნობდა რუსს, ზოგი თვალს აყოლებდა, ზოგი ეჩხუბებოდა -რა დაგიშავეთო, დაცვას კი ეუბნებოდნენ -  1 ტყვია გენანებათ მაგისთვის? დაცვა კბილებს აღრჭიალებდა, იმათზე მეტად თვითონ უნდოდათ იმ 1 ტყვიის გასროლა..

    უკვე ღამის 12 საათი იყო, მეორე რუსი რომ ჩავიყვანეთ. სიტუაცია უფრო გართულდა, ვინაიდან ზუსტად ამ დროს ჯარისკაცების ნაწილი, რომლებსაც უკვე ეძინათ, გააღვიძეს, სხვა კლინიკაში გადაყავდათ.  ამიტომ ერთად მოგვიწია ლიფტამდე მისვლა. ძალიან დაძაბული მივდიოდი, გვერდით მომყვებოდნენ და ხან მოუახლოვდებოდნენ საწოლს, დახედავდნენ, მერე შორდებოდნენ. საბოლოოდ ლიფტამდე მშვიდობით მივაღწიეთ და დავაშორეთ ერთმანეთს.

    რენტგენზე დიდი რიგები დაგვხვდა და ყველას თვალში რომ არ მოხვედროდა, საწოლი ჩიხში შევაგორეთ [ის სიმშვიდე მისვლისას რომ გამიკვირდა, ნელ–ნელა სადღაც გაქრა – ყველგან დიდი ქაოსი იყო]. იქვე კაცი იჯდა, წვივიდან სისხლი სდიოდა და სიცილით ამბობდა,  ნეტავ ვინმე მომხედავსო? გვერდით ვიღაც ეჯდა და ის მეძახის:  გოგონა, გოგონა! – მივხედე და - ეგ ის არის? ხელებით თვითმფრინავის ფრთების იმიტაცია გააკეთა. არა–თქო ვუთხარი. აა, ჩვენიანიაო? თავი დავუქნიე. მერე გვერდით ჩამიარა, დახედა, იცნო და ჩაიბუზღუნა –კარგად მოუარეთ, კარგად. ვის მოვატყუებდი - ზუსტად იმ დროს ტვ-ში აჩვენებდნენ ორივე რუსს.  

    რენტგენიდან რომ გამოვიყვანეთ, დაძაბულობამ პიკს მიაღწია.  დაცვა წინასწარ გაიქცა და ლიფტი გამოიძახა, ჩვენ კი გრძელი დერეფანი საწოლთან ერთად სირბილით გავიარეთ..

Thursday, August 6, 2009

პროლოგი

  დავამთავრე ომის შესახებ ჩემი მოგონებების დაწერა. საბოლოოდ მაინც გადავწყვიტე რომ გამოვაქვეყნო ბლოგზე. იმედია საინტერესო იქნება თქვენთვის შარშანდელი ომის საავადმყოფოს კედლებიდან დანახვა, თუმცა ოპერაციებზე და სისხლზე არ იქნება, გპირდებით :)  ვეცადე რომ მაქსიმალურად მოკლედ დამეწერა, ძირითადად 9-11 აგვისტოს ამბებია აღწერილი.

   დღეს ვერ ვასწრებ და პირველ ნაწილს ხვალ დავპოსტავ ალბათ. 

  

Tuesday, August 4, 2009

გაიღიმეთ! ანუ კურიოზები ლექციებიდან :)

- ონკოლოგიაზე რეფერატები უნდა დაგვეწერა, ლექტორმა დაგვირიგა თემები და მე შემხვდა ძუძუს კიბო, არადა ძუძუ დიდად არ მიყვარს. ჩემს ჯგუფელს [პირობითად ბერიძეს] კი შეხვდა ფილტვის კიბო, რომლის დაწერაც მე მინდოდა. ხოდა, ლექტორს ვეკითხები: ბატონო თემურ, მე ძუძუ მაქვს და შეიძლება ბერიძეს ფილტვში გავუცვალო? ლექტორმაც რაც თქვენ გინდათ, არ არის პრობლემაო :D

- [ეს ისტორია პიკოლინასთან ერთ-ერთ პოსტის კომენტარში დავწერე, მაგრამ აქაც უნდა იყოს აუცილებლად] ჩემმა გინეკოლოგიის ლექტორმა მოგვიყვა - ქალი მივიდა გინეკოლოგთან, ჭირდებოდა ოპერაცია, საშვილოსნოს ექსტირპაცია [არსებობს საშვილოსნოს ამოკვეთის 2 სახე: ექსტირპაცია, როცა ყელსაც იღებენ და ამპუტაცია, როცა ყელს ტოვებენ]. ამ ქალს თან მოყვა დედამთილი, რომელმაც, როცა გაიგო რას უკეთებდნენ მის რძალს, გადაირია - მერე ჩემმა შვილმა ფუღუროში ქნასო? 

- ბიოეთიკის ლექციაზე ბევრი ჯგუფი ვიყავით ერთად, ლექტორი გვიყვებოდა თუ როგორ იყენებენ ფეტალურ [ანუ ნაყოფის] ნაწილებს სხვადასხვა კოსმეტიკური ფირმები თავიანთი ნაწარმის დასამზადებლად. ჩვენ შეძრწუნებულები ვსხედვართ და უცებ გვესმის რომ ვიღაც კვდება სიცილით. ყველამ შევხედეთ ჩემს კურსელ ბიჭს, ის კი აგრძელებს სიცილს და ამბობს -  ფეკალური მასებით რას აკეთებდნენო? :D

- ქირურგიის ლექტორს, რომელიც ქალი იყო, პოლიტიკაზე ლაპარაკი უყვარდა და ერთხელ ვიღაც რურუაზე გვიყვებოდა, მგონი პოლიტიკოსია, ზუსტად არ ვიცი. ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაიკეთაო და თვითონ რურუა ასე ყვებოდაო - მადრიდში ვიყავი, ფეხბურთის საყურებლად, თამაში რომ დამთავრდა, შეტევა მაშინ დამეწყო-ო. ჩემი კურსელი ბიჭის კომენტარი - ’უეჭველი რეალის ფანი იქნებოდა’ [შეგახსენებთ რომ მაშინ რეალმა ბარსელონასთან 2-6 წააგო] :D

 [ქირურგიის წიგნთან დაკავშირებით ადრე ცალკე პოსტიც დავწერე, წიგნი კი არა, ერთი მთლიანი კურიოზია.]

- ფტიზიატრიას გვასწავლიდა საოცარი ლექტორი, აი ის ქალი მართლა უნიკალური არსება იყო. არ შემხვედრია ადამიანი, ასე ეშინოდეს იმის, რასთანაც მთელი მისი პროფესია არის დაკავშირებული. პანიკური შიში ქონდა ტუბერკულოზის, ყველგან მიკობაქტერიები ელანდებოდა.  სულ გვიმეორებდა, რომ ძირს არაფერი დააგდოთო და  თუ დაგივარდებათ, აუცილებლად გადააგდეთო. ერთხელ ერთ გოგოს ჩანთა დაუვარდა და ამ ქალმა რომ დაინახა - აიღე ეხლა ეგ ჩანთა, პარკში ჩადე და სახლში დეზინფექცია გაუკეთეო :D კაბინეტს მოშლილი კარი ქონდა, თუ რამეს არ გაუჩხირავდი, არ იკეტებოდა. ამ ქალმაც ქაღალდი გაურჭო, მაგრამ თუ დაგვიანებული სტუდენტი მოვიდოდა, კარს რომ აღებდა, ქაღალდი ძირს ვარდებოდა. ლექტორი ძალიან ბრაზდებოდა და გვეუბნებოდა, სახლში ნივთების ჰაერში დაჭერაზე ივარჯიშეთო (!), სრული სერიოზულობით. ბოლო დღეებში ერთ-ერთმა ბიჭმა დააგვიანა და კარი რომ გააღო, ქაღალდი ხელში მოხერხებულად დაიჭირა, ეტყობა მართლა ივარჯიშა :D

  ამჯერად სულ ეს იყო რაც გამახსენდა, დანარჩენს შემდეგ პოსტებში შემოგთავაზებთ: ))