Sunday, August 9, 2009

08.08 - ნაწილი III : The End

  იმ ღამეს თბილისის ზღვისკენ ჩამოაგდეს თურმე ბომბი. მე არაფერი გამიგია - ისეთი დაღლილი ვიყავი, გათიშულს მეძინა.  როგორც ექთანმა მომიყვა, კლინიკაშიც ელოდნენ დაბომბვას და ყველგან შუქები ჩააქრეს, მთელი საავადმყოფო ჩაბნელებული ყოფილა.

  მეორე დღეს შუადღისკენ მივედი. ჩემი ექიმი უნდა ყოფილიყო მორიგე. მთელი დღე ჩვეული პროცედურები შევასრულეთ - ახლების მიღება, საჭმელის ამოტანა, სხვადასხვა განყოფილებებში კარდიოგრამებზე გასვლა. ყველა ისეთი დაღლილი იყო, ვინც სად მოახერხებდა იქ ჯდებოდა, თუ საშულება იყო - წვებოდა. ჭამისთვისაც კი არ გვქონდა დრო, როცა ჯარისკაცებისთვის ამოგვქონდა საკვები, ლიფტში თუ ვჭამდით რამეს. [სხვათაშორის საკვები უხვად იყო - ექთნებისთვისაც კი იყო განსაზღვრული]

  საღამოს ერთ-ერთმა რუსმა [აი  უკმეხი რომ იყო, იმან] თავბრუ მეხვევა და ცუდად ვარო. კარდიოგრამა გადავუღე და ექიმმა 2 საათში გაუმეორეო. მაგრამ გამეორება არ დამცალდა მოვლენები ისე განვითარდა..

  როგორც ზემოთ ვახსენე, ტვ არ გვქონდა, მხოლოდ საორდინატოროში იყო. ერთი პერიოდი დრო გამოვნახეთ და შევედით. როგორც მივხვდით, რუსები თბილისისკენ მოდიოდნენ. ამაზე დიდი რეაქცია არ მქონია, არა იმიტომ რომ უშიშარი ვარ, უბრალოდ  მუდმივად დაკავებული ვიყავი საქმით და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რა მქონდა გასაკეთებელი. თუმცა, შევნიშნე რომ დაცვის ჯარისკაცები ცოტა შეშფოთებულები დარბოდნენ, მობილურები არ იჭერდა იმ დღეებში და საორდინატოროში ქალაქის ტელეფონით სარგებლობდნენ, გასაღები უმეტესად მე მქონდა და ამიტომ ხშირად მიწევდა იქ შესვლა. ჩემმა ექიმმა თავის ცოლს რომ დაურეკა და უთხრა საკვები მოიმარაგეო, მაშინ მართლა ავღელდი. 

  [დაცვამ არ იცოდა რუსებისთვის რა ექნა. მითითებებს ელოდებოდნენ. თვითონ საკმაოდ ანერვიულებული იყვნენ, ერთი პერიოდი მოკვლასაც უპირებდნენ, ძლივს შეაჩერა ექიმმა]

  საბოლოოდ, დავრწმუნდით რომ რუსები მოდიოდნენ და საგანგებო ზომების მიღება იყო საჭირო.  ექიმმა გვითხრა, ყველა ჯარისკაცს ფორმები გახადეთ და დამალეთო.  თემურთან მომიწია შესვლა, ყველაზე რთული სწორედ მისთვის იყო ამეხსნა. ფეხზე დამხვდა.  ჩემი შეშფოთება რომ არ შეემჩნია, ათასი სისულელე ვილაპარაკე.  დაბნეულმა კინაღამ უფრო გავაფუჭე საქმე - ყელში მოწოლილი ბურთი საშუალებას არ მაძლევდა ბევრი მელაპარაკა და ვეუბნები - შარვალი გაიხადე თუ შეიძლება. გაუკვირდა, რატომო? მე ვდგავარ, ცრემლებს ვყლაპავ და თავჩაღუნული ვეუბნები - გაიხადე. რატომ უნდა გავიხადო, მერე რა ჩავიცვაო და მე ვაგრძელებ - უბრალოდ გაიხადე. გაკვირვებულმა - კი ბატონოო და გაიხადა. სასწრაფოდ გამოვედი რომ არ დაენახა ჩემი ცრემლები. დავმალეთ ტანსაცმელი და ჯერი დაცვის ბიჭებზე მიდგა. მათი იარაღიც დასამალი იყო. დერეფნებში პატარა საკუჭნაოებივით იყო და იქ ვეძებდით ადგილს.  ყველა  შეკრებილი ვართ ერთ ადგილას -  ექიმი, ექთანი, დაცვა, მე  და გასაღებებს ვარჩევთ, რომელი რომლის არის. ამ დროს მოდის ჩემი ჯგუფელი, ანი. ვერც შევნიშნეთ, როდის მოგვადგა. მოგვესალმა და ხმამაღლა და ამაყად მეუბნება - ნატალია, ოლვეისი არ გაქვს? - რაა? მეგონა მომეჩვენა. -ოლვეისი ხო არ გაქვს? ძალიან მჭირდება. - არა, არ მაქვს.  [ისევ გასაღებებს ვეძებ]  - ნათია, არც შენ გაქვს ოლვეისი? - არა ანი, არ მაქვს ოლვეისი! გაბრაზებულმა უთხრა ექთანმა. რა გაყვირებს მერეო და წავიდა :D 

   პოსტისკენ წავედი რაღაც მჭირდებოდა და უცნობი ბიჭი შემხვდა, ალბათ ისიც სტუდენტი იყო, სამედიცინო ფორმა ეცვა და ჩემი სახელი და გვარი თქვა, აქ არისო? გაოცებულმა ვუთხარი - მე ვარ?! ქვემოთ მშობლები გელოდებიანო!  [ოღონდ ეს არა!] მობილურზე ვერ დამიკავშირდნენ და გამოვიდნენ. წამომყევიო და ეგრევე ჩავედი, მიმღებთან იდგნენ, მეზობლის მანქანა ეთხოვათ, ძველი ჟიგული. ამის მეტი არავინ გვათხოვაო.  წამოდი, სოფელში მივდივართო დედამ. ვთხოვე ვიქნები, აქ მინდა ყოფნა-თქო. მაგრამ ვიცოდი დედა არ დამტოვებდა. ავალ, ფორმას გავიხდი და ჩამოვალ-თქო ვუთხარი. ასვლისას ათასი ფიქრი მიტრიალებდა თავში - ’ეხლა როგორ წავიდე, როგორ დავტოვო აქაურობა, აქ მინდა ყოფნა, ააქ!’  სანამ ავიდოდი, უკვე დამავიწყდა რის გამო მივდიოდი. გამახსენდა რომ ერთ-ერთ პალატაში მაგიდა იყო შესატანი და გაუაზრებლად დავტაცე ხელი და გავაგორე იქით, მერე კიდევ სხვა რაღაც გამახსენდა და შევყევი საქმეს. ნათიას ვეძებდი [ექთანს] და დავინახე ერთ-ერთი პალატის აივანზე იდგა, გავედი თან ველაპარაკები - სად ხარ, ამდენი ხანია გეძებ..  ნათია არ შემობრუნებულა, სივრცეს უყურებს, პირჯვარს იწერს და ხმადაბლა ამბობს - ღმერთო, შენ დაგვიფარე. აქ კი თავი ვეღარ შევიკავე, ზურგზე დავადე თავი და ხმამაღლა ავღრიალდი. მერე ვუთხარი, მშობლები მელოდებიან ქვევით და წამოდი თხოვე დამტოვონ-თქო. წამოვალო, მაგრამ ისევე როგორც მე, თვითონაც დაავიწყდა რომ დამპირდა. შევედი ჩემს ტანსაცმელთან და უაზროდ ვუყურებ, არ მინდა წასვლა. მერე ჩამოვჯექი და ისევ ავტირდი. შემომეხვია უამრავი ხალხი - ექთნები და მეუბნებიან - ნუ ტირი, ყველაფერი კარგად იქნება, არ მოვლენ აქამდე რუსები.  გულში ვფიქრობ - რა რუსები, უბრალოდ წასვლა არ მინდა აქედან. თან ვუყურებ ამდენ ხალხს, არავის არ ელოდება ქვევით დედა, ყველა აქ რჩება. მე კი მივდივარ და უფრო ვუმატებ ღნავილს, ისინიც უფრო მამშვიდებენ..

  [თან პარალელურად დიდი ფაციფუცია - განყოფილებებში ჯარისკაცებს ფორმებს ხდიან,  დაცვისთვის სამედიცინო ფორმებს ეძებენ, რომ გადააცვან. ყველა  აქეთ-იქით დარბის. მთელი ადმინისტრაცია იქ არის, განსაკუთრებული ინტერესი ჩვენი განყოფილების მიმართ არის - რუსებს არ იციან რა უყონ, თან მგონი ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ თავისივე დაცვის მხრიდან ელოდათ]

  ამ დროს ექიმი შემოვიდა, სად ხარ, ქვემოთ მამა გელოდება ეხლა დამირეკეს მიმღებიდანო! :O არც გამომიცვლია, ეგრევე მომკიდა ხელი და წამიყვანა. გზაში მამშვიდებდა და ამაზე უფრო ვტიროდი. ლიფტებთან საავადმყოფოს დირექტორი შეგვხვდა, ისიც ჩვენთან მოდიოდა. რომ დაინახა ექიმი და ატირებული გოგო შეშფოთებულმა გვკითხა - რა მოხდაო? არაფერია ბატონო ზაზა, ჩავიყვან მშობლებთან და ეხლავე ამოვალო. ჩავედით, ექიმმა ჩამაბარა მამას და წავიდა. მე ჩავჯექი მანქანაში, სადაც დედა ზის გამეხებული. თურმე ნახევარ საათზე მეტი ვაცდევინე.. და ზუსტად ამ ნახევარ საათში მიმღებში ჯარისკაცმა ავტომატიდან შემთხვევით ისროლა, რაზეც დედა ცუდად გახდა. არ უჩხუბია, მაგრამ ერთხელ ისე მითხრა სად ხარ, ამდენი ხანია გელოდებითო, ხმა ვეღარ ამოვიღე. 

  რომ მოვედით, ქუჩაზე უამრავი ადამიანი იყო გარეთ. მე  ვიდექი თეთრ ფორმაში, უზარმაზარი ჩანთით და ვერავის ვცნობდი, თუმცა ვერც ვერავინ ამჩნევდა ერთმანეთს. 

   გონებით ისევ კლინიკაში ვიყავი - ყველასი მშურდა ვინც იქ დარჩა. თან, გავიგე რომ არანაირ სოფელში არ მივდიოდით და უნდა დამეძინა. ამაზე გავცოფდი, მაგრამ ვეღარაფერი ვუთხარი მშობლებს. 

 მეორე დღეს აღარ წავსულვარ, რუსებიც აღარ შემოვიდნენ თბილისში..

  პ.ს მერე მომიყვნენ რომ იმ ღამეს ჩვენი განყოფილებიდან ყველა ჯარისკაცი გაუშვეს [როგორც ზემოთ ვთქვი, სიარული ყველას შეეძლო]. მხოლოდ რუსები დარჩნენ, რომლებსაც დაცვა გაუძლიერეს და უკვე 12 კაცი მეთვალყურეობდა.  შემდეგ დღეებში უკვე მეც მივედი მორიგეობაზე, საავადმყოფოც ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

3 comments:

  1. sulmoutqmelad cavikitxe samive nacili...

    movlenebis centrshi ro xar da axlodan uyureb yvelafrs,ufro sainteresoa shtabechdilebeb d mogonebebebi...
    da ufro mzime...
    :(

    ReplyDelete
  2. ნასტასია, გმადლობ ამხელა პოსტების წაკითხვისთვის :)

    როცა ვწერდი, ცოტა მეშინოდა, არააქტუალურ თემას ვეხები-თქო. მიხარია თუ ინტერესი გამოიწვია შენში :)

    ReplyDelete
  3. ამდენი ხანია შენი ბლოგის მკითხველი ვარ და მხოლოდ ახლა გადავაწყდი ამ პოსტებს. მთელი სიცხადით და სიმძაფრით განვიცადე ყველაფერი, თვალნათლივ ვხედავდი, თითქოს ფილმს ვუყურე, რა კარგად გიწერია და რა პირდაპირი ემოციით, ასე მეგონა უკან დავყვებოდი თეთრხალათიან გოგონას და ყველაფერს საკუთარი თვალით ვხედავდი. ძალიან მტკივა ის დღეები და ალბათ არასდროს გადამივლის.

    ReplyDelete