Saturday, May 21, 2016

გდება

 წეღან საწოლზე ვეგდე, Post Industrial Boys ვუსმენდი და მივხვდი, რომ ძაან მომენატრა ეგრე გდება და არაფერზე ფიქრი. აი რომ ხარ, და მეტი არაფერი. ზლაზნია დღეები რომაა, არსად გეჩქარება, არც უახლოესი თუ შორეული მომავლის გეგმების დაწყობით იწუხებ თავს და დღეში ხუთი-ექვსჯერ ჭამ.
  მეც ავდექი და მწნილის ჭამით ამოვიხადე სული, ყავა სამჯერ დავლიე და გრეის ანატომიის ყურებაში ამოვიშრე თვალები.
 ცოტა ხნის წინ, ბოლო ჭამისას, დედა გამოვიდა სამზარეულოში და ისიც შემომიერთდა, რაღაცას მელაპარაკებოდა, მე კიდე ინდუსტრიალ ბიჭების ტმ-ტტმ ტტ-ტტრმ, ტმ-ტტმ ტტ-ტტრმ რიტმში ცეკვა დავიწყე და თან ვფიქრობდი, როგორი მშვიდი საღამოა-მეთქი. აი, როგორც იმ ლექსშია.

ჰო, კიდევ, მთელი დღე ჩემი ძმის ჰუდი მეცვა. აბაზანაში შესვლამდე გავიხადე, დავკეცე და ისევ კარადაში დავდე. იმედია, ვერ მიხვდება, რომ ნაცვამია.


Wednesday, May 18, 2016

Rigid and stiff

"Feel it. The thing that you don’t want to feel. Feel it, and be free."


  რამდენიმე დღის წინ, სადღაც წავიკითხე ეს. უცებ გონება გამინათდა. უკვე რამდენი ხანია ვიბრძვი, რომ არ ვიგრძნო. ყოველდღე მიწევს ამ ბრძოლის გადატანა. ისეთი რთულია, ისეთი, მგონია, ერთ დღესაც ვეღარ გავუძლებ და ათას ნაწილად დავიშლები. 

  ასე მგონია, ოკეანეში ვარ, ვერც წყლის ზედაპირზე ამოვდივარ, მაგრამ არც ბოლომდე ვიძირები. ჩემს თავს ვეუბნები, რომ მარტომ უნდა გავიარო ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ დღის ბოლოს ყველა მაინც მარტო რჩება ფიქრებთან, ვერავინ შემოვა შენს გონებაში და დაგიცავს ამ ფიქრებისგან. მაგრამ, როგორც ჩანს, არასწორად ვფიქრობ და ვერ გავდივარ მარტო. მთელი ძალებით, მთელი არსებით ვცდილობ არგრძნობას, მაგრამ არაფერი გამოდის. ალბათ უნდა შევწყვიტო წინააღმდეგობა, ფსკერამდე დავეშვა, ეს გრძნობებიც გავათავისუფლო, ერთიანად შევიგრძნო და მერე შევძლებ ზედაპირზე ამოყვინთვას. 

ხოდა პირველი აქ ვაღიარებ. იქნებ ეს პოსტი გათავისუფლების დასაწყისი გახდეს.