Sunday, September 25, 2011

Morning Glory

    ყველაფერი ასე იწყება: მაღვიძარა რეკავს, ნელ-ნელა ფხიზლდები. გამოფხიზლებამდე ასწრებ და ავტომატურ რეჟიმში აჭერ სნუზს. მერე კიდევ აჭერ. და კიდევ.

  ბოლოს თვალებს ახელ და  ღმერთს ემუდარები, რომ სასწაული მოახდინოს და კიდევ ერთი 5 წუთი გაჩუქოს.

  სასწაული არ ხდება და საწოლიდან ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე სხეულს ძალით აათრევ.

   შენელებული მოძრაობებით დადიხარ მარშრუტით აბაზანა - სამზარეულო - საძინებელი.

     მე სახლიდან გასვლამდე გარინდების 5 წუთი მაქვს. თქვენ გაქვთ გარინდების წუთები? 5 წუთით ვჯდები და სრულ სიჩუმეში ვფიქრობ. სხვათაშორის, ძალიან სასარგებლო რამ არის. გამოძინებას ჰგავს, სულ ცოტათი.


    სტანდარტული დილები ასეთია ყველასთვის. თუმცა, მე უფრო იმიტომ ვწერ პოსტს, რომ დილის პატარა დეტალებზე გიამბოთ.
 

   საბჭოს მოედანთან  ქუჩა ჩადის. ყოველდღე მიწევს ამ გზის ტრანსპორტით გავლა და ყოველდღე ვხედავ პატარა მაღაზიაში ჩინელ ბიჭს. მაგიდასთან ზის, დიდი ჭიქით ყავა უდგას და ლეპტოპს უყურებს მთელი გულისყურით. ხანდახან მაღაზია დაკეტილია და ის დილა არ მიყვარს.

    ერთ დილას, წინა სამსახურში რომ მივდიოდი, ქუჩაზე შევუხვიე და ოფისის წინ   ჩვენი  დაცვა იდგა, ყავის ჭიქით ხელში, დილის ყავის პროცედურა ჰქონდა და ქუჩას უყურებდა. ხომ უმნიშვნელო ამბავია, მაგრამ მე რაღაც ფილმის კადრივით დავინახე და სულ მახსოვს.  რამდენიმე წუთის შემდეგ მეც ყავის ჭიქით ხელში ვიდექი ვერანდაზე, თანამშრომლებთან ერთად, და დილის ყავა და სიგარეტის რიტუალს ვატარებდით [ნუ, მე მარტო ყავის].  იქიდან ვუყურებდი, ადამიანები როგორ მიდი-მოდიოდნენ სწრაფი ნაბიჯებით.

   ახლა უკვე მორიგეობის დილა მიყვარს, რომ ინათებს და ქუჩაში ხალხი კანტიკუნტად გამოჩნდება. ახალი დღის დაწყებას რომ ვხვდები, რაღაცნაირად მიხარია, რომ კიდევ ერთი დღე გათენდა.
   მერე ნელ-ნელა თანამშრომლები რომ მოდიან და ყველა მეკითხება, როგორი ღამე მქონდა.


  ჩემი მორიგეობის შემდგომი დილების განუყრელი სიმღერა

Saturday, September 24, 2011

Free Falling

      გრეის ანატომიის ახალი სეზონი დაიწყო. დაზუსტებით რომ ვთქვა, ხუთშაბათს გამოვიდა პირველი სერია, მაგრამ ჩემთვის ხელმისაწვდომი დღეს გახდა. არ ვიცი, მითქვამს თუ არა, რომ გრეის ყურება ჩემთვის რიტუალია. მშვიდი გარემოს შექმნა, ყავის და [ზოგჯერ] რამე გემრიელის მომარაგება, ჩამოჯდომა და გომ ფლეიერის ჩართვა. თითზე ჩამოსათვლელი სერიებია, რომელიც ამ რუტინის დაცვით არ ვნახე.

   დღესაც ყველა რუტინა ზედმიწევნით დავიცავი. მაგრამ ზუსტად შუაში, ინტერნეტის ბრალი იყო თუ ლინკის, არ ვიცი, მაგრამ ვეღარ ვიწერ და ასე დავრჩი, როგორც მშიერი ადამიანი, საჭმელს წინ რომ დაგიდგამენ და მესამე ლუკმაზე აგაცლიან.

    მომინდა, რომ გრეიზე მომეყოლა თქვენთვის.

   რა თქმა უნდა, არ არსებობს ისეთი რამ, რაც ყველას უყვარს. სატელევიზიო შოუები რომ ავიღოთ, ჰაუსი არის ასეთი, ყველასთვის საყვარელი [ნუ, თითქმის ყველასთვის].  მაგრამ ჰაუსს თავი დავანებოთ.

   რატომ უნდა გიყვარდეთ გრეის ანატომია?

     არ ვიცი.

    უბრალოდ, თუ ისე პირველივე სერიიდან თქვენი არ გახდა, ესე იგი, არაფერი გამოგივიდათ და უნდა შეეშვათ. მაგრამ  თუ პირველივე წუთებიდან მიხვდით, რომ თქვენ შორის chemistry არის, ბედნიერი ადამიანი ხართ. არ ავხსნი, რატომ. ისინი, ვინც გრეის დაუმეგობრდა, ისედაც მიხვდებიან, ხოლო მათთვის, ვისაც გრეისთან არაფერი გამოუვიდა - ახსნითაც არაფერი გახდება ნათელი.  არაფერი ისეთი, ეს იგივე ურთიერთობასავითაა ორ ადამიანს შორის - ან ეწყობით, ან - არა.

    სცენარისტებს როგორი სათუთად მოვლილი და ნალოლიავები ყავთ პერსონაჟები იცით?  თითოეული მათგანი ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებაა და ეს ისე ცხადად იგრძნობა, რომ შენც გიყვარდება ყველა. ყველა დადებითი და უარყოფითი თვისებით. მათ რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ არ არსებობს იდეალური ადამიანი, არ არსებობს კარგი ადამიანი [თუ გჯერა, რომ ასეთები არსებობენ, ან ბავშვი ხარ და ან - ინფანტილური მეოცნებე].


    ყველა ურთიერთობას სჭირდება დრო, რომ საბოლოო ფორმა მიიღოს. იქნება ეს მეგობრობა, თუ სიყვარული.

  დრო ძალიან მნიშვნელოვანია.

   ეს მარტო გრეიდან არ მისწავლია. სწავლისთვის ნახვა/წაკითხვა არ არის საკმარისი. როცა პირადად შეგემთხვევა, მაშინ სწავლობ. მეც შემემთხვა და - ვისწავლე.

 
   ღმერთო, ხომ მარტივი რამეა, მაგრამ რომ უკვირდები, რა საინტერესოა ყველა ადამიანი.

Sunday, September 18, 2011

18

"What is life? It is the flash of a firefly in the night. It is the breath of a buffalo in the wintertime. It is the little shadow which runs across the grass and loses itself in the sunset.”


   
    ასე მომილოცა სოფიმ დაბადების დღე და ვფიქრობ, რომ ეს იყო საუკეთესო მილოცვა, რაც კი მიმიღია ჩემი ცხოვრების [აწ უკვე] 24 წლის მანძილზე.


 სიტყვები ერთ ინდიელს ეკუთვნის.

    რა ძნელია, ციცინათელას ერთ გაელვებაში მოასწრო ყველაფერი, რის გაკეთებაც გინდა. მითუმეტეს, როცა 24 წლის ისე ხდები, რომ 23 წლისად ყოფნა ვერ მოასწარი.


ზუსტად არც კი ვიცი, ეს დღე მიყვარს, თუ მძულს.

  ალბათ იმიტომ, რომ ხან მიყვარს და ხან - მძულს.


    რაც არ უნდა იყოს, 18 ყოველთვის ჩემი რიცხვი იქნება.

    შემოდგომა - ჩემი სეზონი [დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული მიყვარს ყველაზე ძალიან].

   არც ჩემი ზოდიაქო შეიცვლება და სულ ვიქნები წვრილმანებზე და დეტალებზე ჩაკირკიტებული პედანტი.


 
 ასე, ნატალი პორტმანივით ვიცეკვებ ჩემი ცხოვრების ცეკვას.


პ.ს  ძალიან მარილიანი დაბადების დღე კი გამომივიდა წელს :)

Tuesday, September 13, 2011

ლურჯი

   

   ვდგები სარკის წინ და ვუყურებ ჩემს თვალებს. მე არც თუ ისე კარგი ვარ.


    მერე ვფიქრობ, რომ ამ სამყაროში არაფერი არ არის მარტივად. მე არც კარგი ვარ და არც - ცუდი; ადამიანი ვარ. რაც თავისთავად გამორიცხავს ერთსაც და მეორესაც.

 
  როდემდე უნდა ვუყურო ჩემს თვალებს?

  კიდევ ერთი ყლუპი ტკბილი ყავა.

  თვალები, ცხვირი, ტუჩები. თმა. რამდენიც არ უნდა ვუყურო, მაინც არ შემიყვარდება.


    ვგრძნობ, ნელ-ნელა ჰორმონები როგორ იღებენ მართვის სადავეებს და მთლიანად მათ ვემორჩილები.

      მიყვარს ეს პერიოდი, ყველაზე მეტად სხეულს ამ დროს შევიგრძნობ.

   ვგრძნობ ორგანიზმის ერთიან შფოთვას, ქაოსს. ჰორმონები რომ გამოიყოფიან ერთ ადგილას და მიდიან მეორე ადგილზე, თავის რეცეპტორებთან; უერთდებიან, სხვა ნივთიერების გამოყოფას ასტიმულირებენ, რომელიც მსუბუქ თავბრუსხვევას ან გულისრევას იწვევს.  ყველაზე მეტად ამ დროს ვგრძნობ, რომ ქალი ვარ. გუშინ ვფიქრობდი ამაზე და ბედნიერი ვიყავი, რომ ქალად დავიბადე. საერთოდაც, პირველად ვუწოდე ეხლა ჩემს თავს ’ქალი’ და უცნაურია.

 
    ახლა არაფერი არ მინდა. ვზივარ და ვფიქრობ, იქნებ ესპანეთში ყოფნაზე ვოცნებობ, ან ტყისპირა ხის სახლზე?  მაგრამ არა. რაც არ უნდა ჩავუღრმავდე,  მხოლოდ ის მინდა, რაც ჩემს თავს ხდება, თავისთავად.

  ნატალია, მერე ინანებ ამ ჰორმონებით გაჯერებული პოსტის გამოქვეყნებისთვის.. 

Saturday, September 10, 2011

ჩემი ტკბილი გოგონები

   თავიდან ვგეგმავდი, რომ აქ იქნებოდა ბევრი ტკბილი გოგონა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მათგან ჩემი მხოლოდ ორია. 

ამიტომ მე მხოლოდ ორზე დავწერ.

 ნატალი



    ნატალი პირველად რომ გავიცანი, მატილდა მქვიაო,  მგონი  ასე მითხრა. ჰო, ნამდვილად ასე იქნებოდა, ლეონთან ერთად იყო, მახსოვს.
   ხანდახან, რომ ვუყურებ, მგონია ჩემი ოჯახის წევრია. შეიძლება იმიტომ, რომ ჩემს ერთ-ერთ დეიდას წააგავს [ისიც ძალიან ლამაზია, სხვათაშორის]  და მასთან ვაიგივებ.   

პენელოპე 



   პენელოპესთან პირველად შეხვედრას კი ვერაფრით ვიხსენებ. ალბათ იმიტომ, რომ თავიდან ასე ძალიან არ მომწონებია.  ნელ-ნელა და თავისთავად მოხდა.
 
   ბევრი ვიფიქრე, რა ჰქონდა მას ისეთი, რაც ყველასგან გამორჩეულს ხდიდა. ალბათ ის, რომ ძალიან ბუნებრივია. აი, თავისთავად არის ასეთი -  ქალური და მიმზიდველი. ყველა მანერა სექსუალური რომ აქვს და ამისათვის არანაირი ძალისხმევა არ სჭირდება.

1997 წელი
 

    ნატალის თინეიჯერობის ფოტოები მიყვარს განსაკუთრებით, ბავშვური სილამაზე რომ აქვს, მოხულიგნო ელემენტებით.


ამ ფოტოზე გაზაფხულივით ლამაზია :)


   პენელოპეს.. პენელოპეს ყველა ფოტო მიყვარს :) ზოგიერთ სურათში საერთოდ არ არის ლამაზი, მაგრამ მთავარია თვალებში შეხედო და სულ გავიწყდება, რამდენიმე წამის წინ რას ფიქრობდი.



 ზოგჯერ კი თვალებში შეხედვა საერთოდ არ არის საჭირო : )



    ბოლოს კი, ჩემი ყველა დროის, ყველაზე საყვარელი ფოტო [წინა პოსტებშიც არაერთხელ მაქვს გამოყენებული] -

Thursday, September 8, 2011

When I say "Natalia", I mean it.

   რამდენიმე დღის წინ მეგობარს ველაპარაკებოდი და ის იხსენებდა ჩვენი  ლექტორის ნათქვამს, რომ ასოთა გარკვეულ შეთანხმებას შეიძლება ისეთი ჟღერადობა ჰქონდეს, რომ მათი წარმოთქმით წამოსულმა ბგერათა ვიბრაციამ მომენტალურად დადებითი განწყობით დაგტვირთოს.

   ისედაც ხომ ცნობილი ფაქტია, რომ თუ გინდა ადამიანი 'შენს მხარეს გადმოიყვანო' და უბრალოდ, დადებითად განაწყო, ხშირად უნდა მიმართო საკუთარი სახელით.

 აი, მე პირადად, ჩემი სახელის ყველა ვარიაციაზე ინდივიდუალური ემოციები მაქვს. ამგვარი დაკვირვებები ძალიან მიყვარს და დიდი ხანია განვსაზღვრე, რომ რა სახელითაც მომმართავენ, ამის მიხედვით ტვინში შესაბამისი უბანი ირთვება.

   ნათესავები და ბავშვობის ნაცნობები მიცნობენ როგორც ნატო. ამ სახელზე პირველ რიგში მიჩნდება ისეთი შეგრძნება, თითქოს ყველა იმ შეცდომას და თვისებას მახსენებენ, რომელიც გამოვასწორე და მივივიწყე.

  ნატა–ს ზოგადად უცხო და ახალგაცნობილი ხალხი მეძახის. ამიტომ ამ სახელის მიმართ ყოველთვის გაუცხოებას ვგრძნობ.

  მეგობრები ხშირად მომმართავენ როგორც ნატ და ამიტომ ამ სახელზე დადებითი ემოციები მაქვს.

  მაგრამ  როცა მომმართავენ – ნატალია, ამ დროს ძალიან, ძალიან სასიამოვნო ტალღები მოდის და ტვინში მაშინვე დადებითი იმპულსები ჩნდება. მე ვხდები მწვანე და ბედნიერი :)  ყოველგვარი უარყოფითი ემოციების გარეშე. მართლა, ჯერ ნატალიაზე ცუდი არაფერი მახსენდება და ვთვლი, რომ როცა დავიბადე, სადღაც კოსმოსში, სწორედ ეს სახელი გადაწყდა, რომ ჩემი ყოფილიყო [პრინციპში, ასეც მქვია, დაბადების მოწმობაში :)].

   მაგრამ ადამიანები ხომ თავისებური არსებები ვართ. ვინმეს რომ ვეცნობი და ვეუბნები, რომ მქვია 'ნატალია', რატომღაც თვლიან, რომ მხოლოდ იმიტომ ვეუბნები ამ სახელს, რომ მერე სასურველ, უფრო მოკლე ვერსიად მოახდინონ მოდიფიკაცია და მაშინვე გადადიან ასეთ მიმართვაზე. უმეტესობისთვის წარმოუდგენელია, რომ შეიძლება სრული სახელი დატოვონ და ასევე დამიძახონ – ნატალია.

 
  ამიტომ, როცა გხვდებით და გეუბნებით, რომ  მქვია ნატალია [მითუმეტეს, თუ ეს ყოვლად არაოფიციალური შეხვედრაა] იცოდეთ, რომ ვგულისხმობ ზუსტად ნატალიას. გამიხარდება, თუ არ დამამოკლებთ :)