Thursday, December 24, 2020

Lay low

ბოლო პერიოდში ყველა მიმალულმა შიშმა და შფოთვამ თავი წამოყო და ზედაპირზე ამოტივტივდა. გარშემო სამყარო დავიწროვდა და ძირითადად ჩემი ფიქრებისგან შედგება. ჩემს ფიქრებში დიდხანს დარჩენა კი არც ისე სასარგებლოა. რაც უფრო ვცილდები დანარჩენ სამყაროს და ხალხს, მით მეტად ვხვდები, როგორ მჭირდება ის ყველაფერი, რასაც ასე ვშორდები. ახლა გავიაზრე, რომ ძალიან დიდი ხანი გავიდა, რაც თავშეკავების და თმენის რეჟიმში ვცხოვრობ და უკვე გაცნობიერებულად გამიჭირდა. განსაკუთრებით იმ პერიოდიდან მიჭირს, როცა შევამჩნიე, რომ ყველა ერთ ბედქვეშ აღარ ვყოფილვართ. მე მარტის რეჟიმში ვარ ისევ, სრულ კარანტინში, სხვები კი - არა, და ეს ერთიანობა რომ დაიკარგა, სხვები რომ უკეთ არიან, ვითრგუნები. არც არავინ მყავს, რომ გავუზიარო, რადგან, again, თავშეკავების რეჟიმში ვარ და ვერავის ვერ ვხედავ. ვირტუალური ურთიერთობა ვერ ანაცვლებს რეალურს, მაშინაც კი როცა ეს ურთიერთობის ერთადერთი საშუალებაა. რაღაცნაირად მიჭირს, ვინმეს მივწერო, რომ თავს მარტოსულად ვგრძნობ. ყველა დაძაბულია და დაღლილია, ჩემი მარტოსულობის დრო არავის აქვს. ყველა საუბრებისას (ე.წ ქოლებისას), რაღაცებს ვყვები, მაგრამ მგონია რომ არასდროს ვლაპარაკობ მნიშვნელოვანზე და ღრმაზე. თან არც კი ვიცი, ეს მნიშვნელოვანი და ღრმა რა არის. 

ფეისბუქი აღვადგინე და ისევ ტოქსიკურად შემოვიდა ჩემს ისედაც დავიწროვებულ სამყაროში, სადაც აღარაფერი დარჩა, ჩემი მუდმივი ფიქრების გარდა. ფეისბუქი ერთადერთი კავშირია გარე სამყაროსთან, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მე სხვაგან ვარ და სრულიად მოვწყდი ამ სივრცეს (ფეისბუქს), სადაც ყველა ან ფასადურად ბედნიერია ან - გაბრაზებული. ჩემზე კი ყველაფერი ერთნაირად დამთრგუნველად მოქმედებს უკვე, ბედნიერებაც და ბრაზიც. იმიტომ რომ ეს პოსტები, ბედნიერიც და გაბრაზებულიც, იმას ნიშნავს, რომ სხვები ცხოვრებას აგრძელებენ. მაშინ, როცა, მე სადღაც შევიყუჟე და ველოდები დაუსრულებელი ღამეული კოშმარის დასრულებას და ხშირად მაქვს შეგრძნება, რომ ეს კოშმარი მარტო ჩემთვის გრძელდება. რაც უფრო ვცდილობ to lay low, მით უფრო ვავიწყდები სხვებსაც, ოღონდ ამ "სხვებში" მაინცდამაინც მეგობრებს არ ვგულისხმობ, უფრო ზოგადად მთლიან სანაცნობოს. ამ ჩემთვის უკვე გაუცხოებულ ფეისბუქზე, ჩემი ნებისმიერი აქტივობა ყველასთვის შეუმჩნეველია, დიდად არც ვაქტიურობ, მაგრამ ის მცირეც გამოხმაურების გარეშე გადის და უკვე აღარ ვიცი, რომელი პლატფორმით ან რა მეთოდებით შევინარჩუნო კავშირი გარე სამყაროსთან.

შეიძლება ეს ყველაფერი წაკითხვისას ძალიან ტრაგიკულად და სევდიანად ჟღერდეს, მაგრამ ასეთი ტრაგიზმით არ ვწერ. ყოველდღიურობაში ეს ყველაფერი ისე ტრაგიკულად არ აღიქმება, როგორც შეჯამებული ამბის სახით ჩანს. თუმცა ალბათ არის კიდეც ტრაგიკული.

Tuesday, December 1, 2020

შავბნელი

დღეს ზოი კრავიცის დაბადების დღეა. მაგრამ ამაზე წერას არ ვაპირებ. თუმცა ზუსტად ისიც არ ვიცი, რაზე ვწერ. წეღან ფეისბუქზე კომენტარს ვწერდი და ისე გამიჭირდა სულ რამდენიმე სიტყვიანი წინადადების შედგენა, რომ ცოტა შევშფოთდი, ნუთუ წერას გადავეჩვიე-მეთქი. რის გამოა, არ ვიცი, მაგრამ ძალიან მიჭირს, დაჯდომა და დაწერა კი არა, წინადადებების შედგენა. უფრო იმას ვაბრალებ, რომ ბოლო დროს ინგლისურ ენაზე ვკითხულობ ლიტერატურას და წინადადების წყობა ერთმანეთში მერევა, ვეღარც ინგლისურად ვაწყობ სწორად და ახლა უკვე - ვეღარც ქართულად :) 

სხვა რა გითხრათ, ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს - გაღვიძება, გახსენება სად და რა დროში ვცხოვრობთ, დაზაფვრა, დღის განმავლობაში ახალი ცუდი ამბის გაგება და მთელი დღე დაზაფრული ყოფნა. ძილის წინ ჩაძინების გაძნელება, მერე ისევ დილა და ყველაფერი თავიდან. ხანდახან უკვე იმას ვფიქრობ, ნეტა მხოლოდ პანდემია გვქონდეს სადარდებელი-მეთქი. მაგრამ არა, კიდევ ბევრი სხვა და ზოგჯერ უარესი ამბები ხდება ჩვენს ქვეყანაში.

ბუნებრივია, არც საახალწლო განწყობა მაქვს. უფრო მაქვს საახალწლო შიში - შეზღუდვები რომ მოიხსნება, რამდენი ხალხი მივა დახურულ სივრცეში და რამდენით მოიმატებს შემთხვევები. ცოტა მიკვირს, ამ დროს რაღაცების აღნიშვნის სურვილი რომ აქვს ვინმეს. მე მგონი არაფერი დაშავდება, თუ ერთ დაბადების დღეს ხალხმრავლობით არ აღვნიშნავთ, ერთ ახალ წელს სახლში თუ დავრჩებით. ეს ხომ მარადიული არ არის, რა მოხდა, ცოტახანი რომ გავიჭირვოთ? ზოგი ცოტახნითაც რომ არ იჭირვებს, მათ, ვინც ვიჭირვებთ, კიდევ უფრო გვიხანგრძლივებს ამ ჯოჯოხეთს, რომელსაც ბოლო ჯერჯერობით არ უჩანს.

ძალიან გული მწყდება ამ ზაფხულმა ჩემ გარეშე რომ ჩაიარა. არ ვიცი, რისი იმედით გადავდე დასვენება, ალბათ არ მეგონა მეორე ტალღა ასე ნაადრევად თუ მოგვადგებოდა კარს. მაგრამ ფაქტია, ზუსტად იმ დროს გართულდა მდგომარეობა, როდესაც ჩემი შვებულება დაიწყო, რომელიც, საბოლოოდ, სახლში გავატარე :) ამიტომ ბათუმი მენატრება ძალიან ისევ და ისევ და ისევ. სექტემბერში უნდა მენახა წესით, ლამაზი და დამშვიდებული. მაგრამ მხოლოდ იმედგაცრუება და თელავი შემრჩა ხელში :) თელავი რა შუაშია და, იქ წავედი სამი დღით შვებულებისას. თელავი თავად ძალიან კარგი იყო, უბრალოდ არასწორ დროს აღმოჩნდა კარგი :)

Saturday, October 17, 2020

---

ბავშვობაში, ავად რომ ვხდებოდი და ლოგინში ვიწექი, ქუჩიდან შემოსულ ბავშვების ჟივილ-ხივილს ვუგდები ყურს და შევნატროდი, რომ შეეძლოთ ქუჩაში ერბინათ და ეთამაშათ.  სიცხისგან გათანგული, ვიწექი და ვფიქრობდი, ოდესმე კიდევ შევძლებდი თუ არა გარეთ გასვლას. იმ მომენტში სრულიად წარმოუდენელი ჩანდა.

მგონია რომ ბოლო თვეებია მაგ მომენტში გავიჭედე. უცებ რაღაც მარტივი რამ მომინდება, მაგალითად, სამსახურის მერე მეგობრების ნახვა და სადმე ყავის დალევა, ხანდახან ტელეფონსაც კი ვიღებ ხელში, რომ ვინმეს მივწერო, და უცებ ვშეშდები, ისევ საწოლში სიცხისგან გათანგულობის შეგრძნება მოდის. მახსენდება რა პერიოდში ვცხოვრობთ და აღარაფერი, თუნდაც ისეთი მარტივი, როგორც კაფეში ყავის დალევაა, ასე ადვილად შესრულებადი არ არის. 

ვიტყოდი, როგორ დავიღალე-მეთქი, მაგრამ დაღლილი ვიყავი ივლისი-აგვისტოში, როცა უბრალოდ მობეზრებული მქონდა ეს ყველაფერი. ახლა, როცა ახალი და უფრო ძლიერი ტალღა წამოვიდა, როცა ის საფრთხის შეგრძნება ისევ განახლდა, რაც დასაწყისში იყო, დაღლილი აღარ ვარ. ნეტა დაღლილი ვიყო. მინდა რომ უიმედობა გავიდეს და მუდმივ შიშს აღარ ვგრძნობდე. მინდა რომ არ მეშინოდეს იმაზე ფიქრის, თუ რა ელის თითოეულ ჩემს ახლობელს. 

Monday, September 14, 2020

The Good Villa

სანამ ატლანტაში წავიდოდი, უკვე ვიცოდი, სად ვიცხოვრებდი - "იქ ალბათ ვილაში იცხოვრებ, არა?" - მითხრა ერთხელ მარიმ, და იქაურობაზე მომიყვა: რა წესები ჰქონდა ვილას, როგორ გადამიღებდნენ ფოტოს ჩასვლისთანავე და კედელზე სხვებთან ერთად გამოაკრავდნენ, როგორ დავუმეგობრდებოდი მალევე დანარჩენებს და ა.შ.

ინტერნეტში წინასარ მოვიძიე "ვილა ინტერნეშალის" ფოტოები. დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, თუმცა მაინც კარგი მოლოდინებით წავედი.

მახსოვს, პირველად რომ ჩავედი, კამილს (იქაურობის დიასახლისს) ჩემი ოთახის გასაღები გამოვართვით (#25 იყო), ლიფტით მეორე სართულზე ავედით და შევედით ოთახში, რომლის ფანჯრებიც კედელს უყურებდა და ამიტომ საკმაოდ ბნელი იყო. ჩანთები დავტოვეთ და ბალამ დასათვალიერებლად ქვევით ჩამიყვანა - დიდი სასადილო რამდენიმე მაგიდით, საერთო სივრცე ტელევიზორით, პინგ პონგის მაგიდით, ბილიარდით და პიანინოთი, პატარა საკონფერენციო ოთახი და სამზარეულო. სამზარეულოში დიდი ფაციფუცი დაგვხვდა - დღის მიწურული იყო და ვილელები საჭმელს იმზადებდნენ. ჩვენთვის დიდად ყურადღება არ მოუქცევიათ. ბალა პროდუქტების შესანახ ურნებზე სახელის დაწერაში დამეხმარა (ვილას ყველა მაცხოვრებელს თავისი ურნა აქვს, სადაც თავის პროდუქტებს ინახავს. ზედ შენი სახელი უნდა დააწერო) და წავიდა. ცოტახნით სასადილო ოთახში დავჯექი, ყავა დავლიე და ოთახში ავბრუნდი, იმ დღეს ქვევით აღარ ჩამოვსულვარ. მანამდე სამზარეულოში ერთ აზიელ ბიჭს რაღაც ვკითხე და დიდი ენთუზიაზმი არ გამოუხატავს, რომ ეპასუხა, უბრალოდ შემომხედა. შემდეგ დღეებშიც ხალხს კანტიკუნტად თუ ველაპარაკებოდი, ისიც მხოლოდ მაშინ, თუ თავად გამოიჩენდნენ ინიციატივას.

თურქმა გოგომ, ზეჰრამ, თავისი ინიციატივით, სამზარეულოს ტური ჩამიტარა, ამიხსნა სად იდო საერთო სარგებლობის პროდუქტები. ვინაიდან ჩემს ოთახში არაფრის ატანის უფლება არ მქონდა (ყავისაც კი), მე კი ძალიან მიყვარს ფილმის/ტვ სერიალის ყურებისას ყავას რომ ვსვამ და თან სასუნავს ვჭამ, ამიტომ სერიალებს და ფილმებს სასადილო ოთახში ვუყურებდი და ყავას და ნაყინს ვაყოლებდი, ან თუ გვიანი იყო - მარილიან ნუშს. 
ერთხელ, ასე ვიჯექი და კაპიტან ამერიკას ვუყურებდი, როცა თი ჯეი მომიჯდა, დაინტერესდა რას ვუყურებდი და ლაპარაკი გამიბა. ინგლისური ენის კურსის გასასვლელად იყო ატლანტაში ჩამოსული, სამხრეთ კორეიდან.

დღეები გადიოდა და ის დიდი სამეგობრო წრე, რომელიც ჯერ კიდევ აქ ჩამოსვლამდე ჩემს წარმოდგენებში შევიძინე, არ ჩანდა. იმ პერიოდში ახალგაზრდების ერთი გამოკვეთილი წრე უკვე არსებობდა, გერმანელების, ესპანელების და ტაილანდელი სანის სახით (გაივლის დრო და მე სანს დავუმეგობრებდი). საღამოობით, სასადილო ოთახში, მე რომ სერიალებს ვუყურებდი, ვხედავდი, როგორ სხდებოდნენ გრძელი მაგიდის თავში, ხმამაღლა ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ. ერთი სცენა განსაკუთრებით დამამახსოვრდა -  სასადილო ოთახში ვახშმობდნენ, როცა არგენტინელი სარა ჩამოვიდა და მათთან მივიდა. ყველა ჟრიამულით შეხვდა სარას, სანმა ჰკითხა, თმა სველი რატომ გაქვსო და სარამ უპასუხა, ჯიმში ვიყავი ახლა დავბრუნდი და ძალიან მშიაო. ამ ძალიან ჩვეულებრივი დიალოგის მოსმენისას, რატომღაც ძალიან მომინდა, მეც შემძლებოდა ეგეთი წვრილმანი დეტალების ვინმესთვის გაზიარება.

ძალიან მალევე ორი გერმანელი ბიჭის გასაცილებელი დიდი დინერი დაიგეგმა, რომლის შესახებაც ბოლო წუთს გავიგე (ძირითადად არანაირ განცხადებას არ ვკითხულობდი, რომლებიც მრავლად იყო გამოკრული სასადილო ოთახსა და შემოსასვლელ ჰოლში). დინერისთვის კერძების მომზადებაში ყველას უნდა მიეღო მონაწილეობა. მე ვერაფრის მომზადებას ვასწრებდი და მხოლოდ სამზარეულოში დამკვირვებლის ფუნქციას დავჯერდი - დავდიოდი და ვათვალიერებდი, ვინ რას აკეთებდა. ესპანელები უკანა ეზოში პაეიას აკეთებდნენ, ძირითადად იქ ვიდექი და მთელ პროცესს ვუყურე, უზარმაზარ ტაფაზე როგორ უშვებდნენ ეტაპობრივად სხვადასხვა ზღვის პროდუქტს და ბრინჯს. ამ პროცესში კოღოებისგან სასტიკად დავიკბინე, ფეხები მთლიანად წითლად დამეწინწკლა. თავად გასაცილებელი გერმანელი ბიჭები პიცას ამზადებდნენ (?). მათაც გამოველაპარაკე, ძალიან კომუნიკაბელურები აღმოჩნდნენ. რასაც ვერ ვიტყვით გერმანელ გოგოზე, სარაზე (ეს ის სარა არაა, სველი თმით რომ იყო) - ჩემს იქ ყოფნას საერთოდ არ აღიარებდა და სანამ ბიჭებთან ვიდექი, დაბეჯითებით აგრძელებდა მათთან გერმანულად საუბარს.

დიდი დინერის შემდეგ, რამდენიმე ჰოლში ბილიარდის სათამაშოდ გავიდა და მეც იქ აღმოვჩნდი, სადაც, ცხოვრებაში მეორედ, ვითამაშე ბილიარდი და გავიცანი მოჰამედი - ეგვიპტელი ფიზიოთერაპევტი, რომელიც ბილიარდს არტასთან ერთად თამაშობდა. silly girl from Kosovo - ასე გამაცნო არტა მოჰამედმა. რატომღაც ჩავთვალე, რომ ცოლ-ქმარი იყვნენ, თუმცა მოგვიანებით შევიტყვე, რომ ერთი პროგრამით იყვნენ ჩამოსული ამერიკაში და აქ გაიცნეს ერთმანეთი. არათუ ცოლ-ქმარი, არანაირი რომანტიკული ურთიერთობა არ ჰქონდათ. იმ საღამოს შემოგვთავაზა კორეელმა თი ჯეიმ (რომელსაც თალჯუ ერქვა მაგრამ ვერ გამოთქვამთო და ამიტომ TJ შევარქვით) შემდეგ დღეს დრაგონ ქონის პარადზე წასვლა.

შემდეგ დღეს მე, თიჯეი და მო (მოჰამედმა გვითხრა, მო დამიძახეთო) პარადზე წავედით. მო მეუბნებოდა, ერთ ეგვიპტელ მსახიობს ჰგავხარო, ფოტო მაჩვენა და ვიღაც ძველი მსახიობი იყო (სავარაუდოდ ამჟამად გარდაცვლილი ან ძალიან მოხუცი) და დიდად არ ვგავდი, ჩემი აზრით. თი ჯეი შეეკამათა, ნატალია ბევრად ლამაზია ამასთან შედარებითო, თუმცა მოს მიაჩნდა რომ ის მსახიობიც ძალიან ლამაზი იყო ☺ დრაგონ ქონიდან დაღლილები დავბრუნდით, იქ ჭამა ვერ მოვახერხეთ, რაღაც ფუდ კორტში მივედით, დიდი რიგების გადავლის შემდეგ, მაგრამ ვერაფერი ავარჩიეთ და ისევ ვილაში დავბრნდით. მომ კესადია მოგვიმზადა, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ცხოვრებაში პირველად გააკეთა, ოღონდ არა მხოლოდ კესადიას, არამედ ზოგადად საჭმელს ამზადებდა პირველად ☺ იმ დროს კი გემრიელი იყო, მაგრამ მერე მუცელი საეჭვოდ ამტკივდა. ასე დავმეგობრდით მე, თი ჯეი და მოჰამედი - ქართველი, კორეელი და ეგვიპტელი :)) მო თი ჯეის სულ რაღაცაზე ეხუმრებოდა, თან სულ ეუბნებოდა, საუკეთესო ადამიანი ხარ, ვისაც შევხედრივარო. თი ჯეი მართლა რაღაცნაირად კარგი იყო, მაგალითად, ერთხელ ბორდგეიმს ვთამაშობდით, კამილმა უგემრიელესი ბრაუნი გამოაცხო, თეფშზე გადმოვიღე და სათამაშო მაგიდას დავუბრუნდი. ჭამა დავამთავრე და თეფში გვერდით მივწიე, ვიფიქრე რომ თამაშის დასრულების შემდეგ გავრეცხავდი (ვილაში ყველა რეცხავს იმ ჭურჭელს, რომელსაც გამოიყენებს) რაღაც მომენტში, ვერც შევამჩნიე როდის, თიჯეიმ თეფშები წაიღო და გარეცხა. სულ ასეთ წვრილმან კარგ რაღაცებს აკეთებდა, ძალდაუტანებლად, ისე რომ ვერც შეამჩნევდი. მო ჩემი ასაკის იყო და თი ჯეის ასაკი რომ მოვძებნე ფეისბუქზე, 47 წლის აღმოჩნდა! დიდი ხანი სრული შოკი მქონდა, სულ ჩვენი ასაკისად აღვიქვამდით და ვეხუმრებოდით.

ერთხელ, მოხალისემ, ატლანტასთან ახლოს ტბაზე წაგვიყვანა მინივენით, 15-მდე კაცი ვიყავით. მო სხვაგან წავიდა, ამიტომ მხოლოდ მე და თი ჯეი ვიყავით ჩვენი მცირე სამეგობრო წრიდან. მოხალისე, რიჩარდი, ავსტრალიელი იყო, რომელიც CDC-ში მუშაობდა და წინათ ვილაშიც ცხოვრობდა. მე არც ცურვა ვიცი და არც საცურაო კოსტიუმი მქონდა წაღებული, ამიტომ ნაპირზე ჩამოვჯექი და წიგნს ვკითხულობდი. დანარჩენები კი ტბაში შეცვივდნენ. რიჩარდი ერთ ვილელ გოგოსთან ერთად ძალიან ღრმად შევიდა ტბაში, დანარჩენები დიდხანს ველოდეთ, სანამ მობრუნდებოდნენ. რომ დაბრუნდნენ, ამ გოგოს ვუთხარი, so you swim really well-მეთქი და გაეცინა, არც ისეო. ვილაში რომ დავბრუნდით, რიჩარდმა შემოგვთავაზა სასროლად წასვლა. უმეტესობამ უარი თქვა და მხოლოდ მე, თი ჯეი, ერთი ინდოელი ბიჭი და მოცურავე გოგო დავთანხმდით. გზაში ეს გოგო გამომელაპარაკა, საიდან ხარო და როცა გაიგო, საქართველოდან ვიყავი სახე გაუნათდა და ძალიან მიყვარს თქვენი საჭმელიო! ასე გავიცანი მირა ყაზახეთიდან. ალმატიში ნამყოფი ვარ-მეთქი და თვითონაც ალმატიდან ყოფილა. სროლის შემდეგ ნეკნების ბარბექიუს საჭმელად წავედით იგივე შემადგენლობით. გზად მე და მირა გაუჩერებლად ვქაქანებდით ყველაფერზე. აღმოჩნდა, რომ, ჩემსავით, მირაც დარბოდა, პარკში მივდივარ ყოველ საღამოსო. შემდეგი სირბილი ერთად დავგეგმეთ. 
 
თი ჯეი მალევე წავიდა, სექტემბრის ბოლოს მეც დავტოვე ვილა ერთი თვით. თავიდან მარტო ცხოვრება გამიჭირდა, ვილას ხმაურიანი საღამოების მერე ბინაში სრულიად მარტო ყოფნა უცნაური იყო. თუმცა ვილასთან 7 წუთის ფეხით სავალზე ვცხოვრობდი და ამიტომ მირასთან კონტაქტი არ გამიწყვეტია, საღამოობით სარბენად მივდიოდით, ან General Muir-ში ვსხდებოდით დინერზე. სოვინიონ ბლანს ვსვამდით და ათას რამეზე ვსაუბრობდით. როგორი უცნაურია, რომ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს უამრავი საერთო გვაქვს - ვიხსენებდით, როგორ გვიჭირდა 90-იანებში, ჩვენს დედებს როგორ უწევდათ მომქანცველი სამუშაო რომ შვილები გადაერჩინათ. რამე ამბავს რომ გავიხსენებდი, same, same - მეტყოდა მირა და გააგრძელებდა მსგავსი ამბების მოყოლას. Fall break-ზე ერთად წავედით ნიუ ორლეანში, სადაც ღამის ავტობუსით ვიმგზავრეთ. ცოტა გვეშინოდა, მაგრამ ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. 

ხანდახან, ლექციებზე მიმავალს, მოც მხვდებოდა გზაში და ერთმანეთს მოვიკითხავდით.

ოქტომბრის შუაში მირასთანაც მიწევდა დამშვიდობება, ავსტრალიაში ბრუნდებოდა (ყაზახი კია, მაგრამ ავსტრალიაში ცხოვრობს). მისი წასვლის დღეს, ლექციები გვიან მეწყებოდა და დილის ყავაზე შევხვდით General Muir-ის ბეიქერიში. ყავა ავიღეთ და გარეთ მაგიდასთან დავსხედით. მოღრუბლული, გრილი დღე იყო, ხალხი ყავით ხელში გამოდიოდა GM-დან და სამსახურებისკენ მიიჩქაროდა. არასდროს დამავიწყდება ეგ დილა, მაშინაც უკვე ვიცოდი, როგორ კარგად დავიმახსოვრებდი იმ დილას, იმ მომენტს, თუნდაც იმას, დილას სახლიდან გასვლამდე არ ვისაუზმე, ვიფიქრე ბეიქერიში ავიღებ რამეს-მეთქი, მაგრამ ჯერ არ ჰქონდათ არაფერი გამომცხვარი და უზმოზე დავლიე ყავა :) იქიდან მირას ვილაში გავყევი, რაღაცები უნდა მოეცა ჩემთვის და სამზარეულოში რომ შევედი, ისე გაუცხოებულად ვიგრძენი თავი, რომ წარმოვიდგინე, ერთ კვირაში უკან ვბრუნდებოდი, ცოტა პანიკამ შემიპყრო. მირას დავემშვიდობე და უკან დავბრუნდი, ჩემს ბინაში.

ორშაბათს ღამით ჩანთები ვილაში გადავიტანეთ მე და ბალამ, ოთახი ჯერ არ იყო თავისუფალი, ამიტომ ჩანთები ქვევით, პატარა საკუჭნაოში დამატოვებინეს. საკუჭნაო პატარა საკონფერენციო ოთახში იყო და რომ შევედით, ერთი ბიჭი იჯდა და მეცადინეობდა. შემდეგ დღეს ვბრუნდებოდი. იმ ღამეს ბინაში ყოფნის ბოლო საღამო მოვიწყვე, შარდონე გავხსენი და sex and the city-ს ვუყურებდი.

ვილაში დაბრუნება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. სამშაბათს დილას, ლექციიდან რომ დავბრუნდი, ბინაში მივირბინე, ბოლო ნივთები ავიღე და ოფისში გავიქეცი გასაღების დასაბრუნებლად. ჩექაუთი 12-ზე იყო და ზუსტად 12-ს აკლდა წუთები, რომ გასაღები ჩავაბარე :) იქიდან ვილაში ჩავედი, ჩემი უზარმაზარი ჩანთა კიბეებზე ავათრიე და ოთახში შევედი. კარები მივხურე, ვიდექი, ოთახს შევყურებდი და ჯერ უარყოფაში ვიყავი, რომ მე აქ უნდა მეცხოვრა. ამიტომ ზურჩანთას დავტაცე ხელი და როლინსში წავედი, ლექცია მეწყებოდა მალე. საღამოს რომ მოვდიოდი, ფეხები უკან მრჩებოდა. ჩემს ყოფილ ბინასთან რომ არ ჩამევლო, ქუჩის მეორე მხარეს გადავედი და იქიდან წავედი ვილასკენ. გზად CVS-ში შევიარე, ბოსტნეულის ჩიფსები და დოქტორ პეპერი ვიყიდე, ზურგჩანთაში ჩავიდე და პირდაპირ ჩემს ოთახში ავედი (მართალია საჭმლის და სასმლის ატანა არ შეიძლებოდა, მაგრამ სტრესმა მეამბოხე გამხადა). ვახშამზე სამზარეულოში არ ჩავსულვარ, ოთახში ვჭამე ჩიფსები და დოქტორ პეპერი დავაყოლე. ესეც სტრესის კიდევ ერთი ნიშანი - სრულფასოვანი ვახშამი გამოვტოვე. მეორე დილას, ჯერ კიდევ არ ვაღიარებდი, რომ ვილაში ვცხოვრობდი, ჩანთა ავიღე და პირდაპირ როლინსში წავედი, იქაურ კაფეტერიაში ვისაუზმებ-მეთქი. საღამოს კი დრამატული კულმინაცია მოხდა - ვილაში დავბრუნდი, გამოვიცვალე და გარეთ გავედი სასეირნოდ. უმიზნოდ მივხეტიალობდი და უცებ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ყოფილი ბინის წინ, სკვერთან ვიყავი. სკამზე ჩამოვჯექი. ამ სკვერში მუსიკა იყო ჩართული სულ. იმ მომენტში რაღაც სევდიანი სიმღერა გასდევდა ფონად, და წარმოვიდგინე შორიდან ჩემი თავი, როგორც კადრი, ამ ძელსკამზე რომ ვზივარ, მუსიკის თანხლებით. გონებაში ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ რაღაც სულელური ფილმის პერსონაჟივით ვიქცევი. მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო ეს დრამატიზმი.

შემდეგ დილას 10-ზე მქონდა ლექცია. ჩემს თავს შემოვუძახე, რომ უნდა შემეწყვიტა ეს სულელური ქცევა, ამიტომ დილას ავდექი, ჩავიცვი და ეგრევე GM-ის ბეიქერიში გავიარე, ყავა და დარიჩინის ფუნთუშა უნდა ამეღო, დრო ბევრი არ მქონდა და ლექციაზე შევჭამ-მეთქი, ვიფიქრე. ყავა და ფუნთუშა ავიღე, გამოვედი და იქვე ახლოს ძელსკამზე ჩამოვჯექი, მინდოდა ფუნთუშა ჩანთაში შემენახა. ყავის ჭიქა გვერდით დავიდე, ჩანთისკენ მოვტრიალდი და უცებ მესმის დგლაფანის ხმა - სანამ მიხედვას მოვასწრებდი, ვიგრძენი როგორ ჩამეღვარა ცხელი სითხე ბოტასში. ჭიქა გადაბრუნდა და მთელი ყავა დაიქცა, ერთი ყლუპის დალევაც ვერ მოვასწარი. ეგეც შენი დილის საუზმე. წავედი ლექციაზე, ვერც ფუნთუშის ჭამა შევძელი, იმდენი გლაზური ჰქონდა მოსხმული, ჩანგლის გარეშე შეუძლებელი იყო, გეჭამა. მთელი ლექცია მუცელი მიყურყურებდა. 

იმ საღამოს მივხვდი, რომ დრო იყო მეღიარებინა, რომ ვილაში ვცხოვრობ. სამზარეულოსკენ გავეშურე. სასადილო ოთახში რომ გავიარე, გრძელი მაგიდის თავში ბევრნი ისხნდნენ და ესპანურად ლაპარაკობდნენ. მათ შორის ერთი-ორი ნაცნობი სახე დავლანდე და მივესალმე. სამზარეულოში შევედი და პროდუქტის ურნები გავიმზადე, "Natalia" ნაჩქარევად დავაწერე. თითქმის არაფერი პროდუქტი აღარ მქონდა, საყიდლებზე ვიყავი სასწრაფოდ წასასვლელი, რისთვისაც მოხალისესთან უნდა ჩავწერილიყავი. მოხალისეები ყოველდღე მოდიოდნენ და მანქანით მივყავდით უახლოეს პროდუქტების მაღაზიაში.

რამდენადაც პირველ მისვლაზე ენთუზიაზმით ვიყავი სავსე, ყველას ვუღიმოდი და ვესალმებოდი, იმდენად ახლა არ მაინტერესებდა არავინ და არაფერი, I hate this place გულში ვიმეორებდი სულ, უკვე მანტრასავით მექცა. მოც არ იყო ვილაში იმ პერიოდში, ნიუ იორკში იყო წასული რამდენიმე კვირით. მაგრამ ისე მოხდა, რომ ყველა ძალიან თავაზიანი იყო ჩემ მიმართ, ახლა პირიქით ისინი მიღიმოდნენ და მესალმებოდნენ, რაც ცოტა არ იყოს, მიკვირდა. ერთ დილას, სამზარეულოში ყავას რომ ვიკეთებდი, იმ ბიჭმა, საკონფერენციოში რომ დავინახე დაბრუნების წინა დღეს, საუბარი გამიბა - ახალი ხარო? - გამომკითხა საიდან ვიყავი. მეო კიმი მქვიაო, თავის სახელი დამიმარცვლა (Quimi). შემდეგ დღეს, პირველ საყიდლებზე რომ წავედი, იმდენი რამ ვიყიდე, პარკებს ვერ ვტევდი მაგიდაზე, კიმიც სამზარეულოში იყო და იცინოდა, მსოფლიო ომისთვის ემზადები თუ რატომ იყიდე ამდენი პროდუქტიო? მერე დატრიალდა, ახალი ურნები გამოძებნა უცებ, გამირეცხა და წინ დამიწყო, ამაში ჩაააწყვეო. ერთ საღამოს, ჩაშუშულ სოკოს რომ ვამზადებდი, კიმი შემომესწრო, დაინტერესდა რას აკეთებ-ო, is it fungus? მეკითხება. "მაშრუმზ" რატო არ ეძახი, ეგრე რომ ამბობ,  დაავადებას უფრო ჰგავს-მეთქი, და ფუნგუს არის და აბა რა დავუძახოო, გულწრფელად გაუკვირდა :) მომზადებული სოკო მასაც გავუყავი და დიდხანს ვლაპარაკობდით მერე, ესპანურს მასწავლიდა და პერუსა და ბრაზილიაზე მიყვებოდა (პერუელია, მაგრამ ბრაზილიაში ცხოვრობს და მუშაობს). ამ დროს შემომთავაზა, ხვალ დილას მოლში მიდიან დანარჩენები, მანქანა ჰყავთ დაქირავებული და ხომ არ წახვალო? ერთმა გოგომ გამოიარა და იმას დაუძახა, ხვალ რომელზე მიდიხართ, ნატალიაც რომ წამოვიდესო და ამ გოგომაც ძალიან ღიმილით და უშუალოდ შემომთავაზა მათთან ერთად წასვლა. მაშინ პირველად გამოვცადე ლათინო ამერიკელების უშუალობა, ისე დაგელაპარაკებიან, თითქოს ასი წელია გიცნობენ, არც ზედმეტად თავაზიანად და არც ფამილარულად. სასადილო ოთახში სულ ერთად ისხდნენ და მათი ესპანური-პორტუგალიური ლაპარაკი იავნანასავით ჩამესმოდა სულ. რაღაცნაირ კარგ აურას ქმნიდნენ იქ ყოფნით.

თუმცა, სანამ მათ დავუმეგობრებოდი, მანამდე ვეიტაოს და ეკს დავუმეგობრდი. ვეიტაო ბორდგეიმის თამაშისას გავიცანი და ემორის ჯიმში დავიწყეთ ერთად სიარული, ეკის გაცნობა კარგად არ მახსოვს, სანთან ერთად იყო სულ (ორივე ტაილანდელები არიან), მერე სანი მორიგ მოგზაურობაში წავიდა (სულ მოგზაურობდა!), და მე, ვეიტაო და ეკი დავმეგობრდით. ესენი სულ საჭმელებს ამზადებდნენ საღამოს და მეც მაჭმევდნენ. თან ყველაფერი ყოველთვის გემრიელი გამოსდიოდათ, იმიტომ რომ საათზე მეტს ატარებდნენ ქურასთან! მაშინ, როცა, ჩემი კონტრიბუცია, ჩვენს საღამოს ვახშმებში, ძირითადად დაჭრილი ავოკადო იყო :) თუმცა, ერთი დღე ქართული კერძების დღედ დავთქვით და ლობიო და ჭვიშტარი მოვუმზადე, კიტრის მწნილით და კიტრო-პომიდვრის სალათით. მგონი, მოეწონათ. მე კი ძალიან მომეწონა, მართლა ქართულ გემოებს ჰგავდა. თან სუფრაზე ბევრი სხვაც შემოგვესწრნენ. მათ შორის ბალა საპატიო სტუმრად იყო :)

ერთ საღამოს მე, ვეიტაო და ეკი სტრიპტიზ კლუბში ვაპირებდით წასვლას (?) (არ მკითხოთ რატომ, არ ვიცი). მთელი დღე ბიბლიოთეკაში მქონდა გატარებული, იქიდან პირდაპირ ჯიმში წავედი და საღამოს სახლში თავმტკივანი და დაღლილი დავბრუნდი, ცოტა წავუძინე და 9-ზე მაღვიძარამ გამაღვიძა. მივხვდი, რომ საერთოდ არ მქონდა სტრიპტიზ კლუბში წასვლის სურვილი. ბიჭებს მივწერე, ჩემ გარეშე წადით-მეთქი და ვეიტაომ ძალიან გააპროტესტა, ეგრე რა აზრი აქვსო! (არ ვიცი, არ მკითხოთ რატომ) ეკმა გვითხრა, სამხრეთ ამერიკელები რაღაც ბარში აპირებენ წასვლას და იქ ხომ არ წავიდეთ ჩვენცო. ეს იდეა მოგვეწონა, და საბოლოოდ, იმ ბარში, იმდენი ვიცეკვე, ბოლოს ყველა დაიღალა და მე კიდევ არ ვჩერდებოდი. მაგ ცეკვების მერე, ვეიტაომ მითხრა, ქართველები უფრო კონსერვატორები მეგონენო :) (არ ვიცი, არ მკითხოთ რას გულისხმობდა)

ნელ-ნელა ლათინოამერიკელებიც გავიცანი. მეორე დილას მე, მიგელი და ლუსი სარბენად წავედით. ორივე კოლუმბიიდან იყვნენ, სამედიცინოს სტუდენტები. ატლანტაში როტაციაზე იყვნენ. ბელისარიოც კოლუმბიელი იყო და კიმისთან ერთად ცხოვრობდა ოთახში. კიმი ძალიან ერთობოდა ჩვენით, ვინაიდან მე ძირითადად ბელისარიოს teasing-ით ვიყავი დაკავებული და თავს იმდენის უფლებას ვაძლევდი, რომ ესკობარზეც კი ვეხუმრებოდი ხოლმე. კიმის მიაჩნდა, რომ იდეალური წყვილი ვიყავით ☺ 

თუმც ჩვენი, როგორც ერთიანი წრის დამეგობრება ალბათ პოლის ჩამოსვლის შემდეგ მოხდა. 

ერთ დღეს, სამზარეულოში ვიყავი და ლანჩს ვიმზადებდი, როცა მკვეთრად ევროპული გარეგნობის ბიჭი შემოვიდა და ხელი გამომიწოდა, გამარჯობა, მე პოლი ვარო, მითხრა. კროგერიდან ახალი დაბრუნებული იყო, და სანამ თავის უზარამზარი სპორტული ჩანთიდან პროდუქტებს ალაგებდა (პარკებს არ იყენებდა, ეკოსისტემის მოფრთხილების ეგიდით), ერთმანეთს გამოვკითხეთ, ვინ ვიყავით და რას ვსაქმიანობდით ატალნატაში. პოლი სამედიცინოს სტუდენტია, ემორიში კვლევაზე იყო ჩამოსული ნეირომეცნიერების კუთხით. საჭმელად რომ დავსხედით, პოლი ყვებოდა, რის ნახვას აპირებდა ატლანტაში. თუ დაუნთაუნში დააპირებ წასვლას, მეც აუცილებად წამოვალ-მეთქი, ვუთხარი. მოგვიანებით, როცა უკვე დავმეგობრდით, მითხრა, მაშინ კი გამიკვირდა, სრულიად ახალგაცნობილზე სადღაც წასვლა რომ შემომთავაზეო, მაგრამ მაშინ ჯერ არ ვიცოდი, რომ ჭამა ასე გიყვარდა და მართლა მხოლოდ საჭმელად წასვლა გინდოდაო ☺ 

ჩვენი დიდი, ლათინოამერიკული ოჯახი კი მაშინ შეიქმნა, როცა ბოტანიკურ ბაღში სინათლის შოუზე წავედით - მე, პოლი, ვეიტაო, ეკი, მიგელი, ლუსი, კაროლი, ჯულიანა, ანა და ანდრეა. კაროლი და ჯულიანა ბრაზილიელები იყვნენ, ანა ჰონდურასიდან, ანდრეა კი - ეკვადორიდან.

გამოსვლისას, უბერებს რომ ველოდებოდით, მიგელმა ვოთსაფში ჯგუფის ჩატი შექმნა და The good villa დაარქვა - ეს ჩატი დღემდე გვაქვს და ძალიან მიყვარს. ვილაში დაბრუნებულებს ძალიან გვშიოდა, ოთახებში აღარ ავედით, სასადილო ოთახში დავსხედით და პიცა გამოვიძახეთ. სანამ პიცები მოვიდოდა, ერთმანეთი ფეიბსუქზე დავიმატეთ და იყო ერთი ხორხოცი, ფოტოების გადაგზავნა. ვეიტაო პიცას არ დაელოდა, სტეიკი შეიწვა და ჩვენ წინ დემონსტრაციულად ჭამა :)

ასე შეიქმნა ის სამეგობრო წრე, რომელსაც ჩასვლის დღიდან ველოდი :) შემდგომში, გრძელი მაგიდის თავში რომ ვსხდებოდით, ყოველთვის მახსენდებოდა, სულ სულ თავიდან, ახალი ჩასული, სხვებს როგორ ვუყურებდი, ზუსტად ამ ადგილას რომ ისხნდნენ და იცინოდნენ. რაღაცნაირად, კარგი შეგრძნება იყო, ფილმის კადრივით ვხედავდი, ჩემს თავს ჩამოსვლისას და - ახლა. 

კარგი  შეგრძნება იყო ეს მოულოდნელი დამეგობრება. საღამოობით მიგელი ჩატში მოიწერებოდა, what's the plan for today? და ვგეგმავდით ფილმების ყურებას ან სადმე წასვლას. სანიც დაბრუნდა მორიგი მოგზაურობიდან და ჩვენს ჯგუფს შემოუერთდა. საოცარი უნარი ჰქონდა, ყველას დამეგობრებოდა და ყოველთვის საზოგადოების სული და გული ყოფილიყო. მეც ამ დროს უფრო დავუმეგობრდი. ერთხელ სხვებთან ერთად რაღაცაზე ვლაპარაკობდით და რაღაც რომ ვთქვი, უცებ სანი მომიბრუნდა და სასიამოვნოდ გაოცებული მეუბნება - you're funny!

მიგელი ძალიან მონდომებით გვასწავლიდა სამხრეთ ამერიკულ ცეკვებს მე და პოლს. თან ცეკვების შინაარსსაც გვიხსნიდა. მე და პოლი ვიყავით ხე და ბოძი :) ყოველ ჯერზე სიცილით ვკვდებოდი, ერთად როცა ვცეკვავდით. ერთხელ ლათინოამერიკულ ბარში წავედით და იქ მოვახდინეთ დემონსტრირება :) არც ისე წარმატებით. თუმცა ერთი ჭიქა შარდონეს მერე, საკმაოდ დარწმუნებული ვიყავი, რომ შაკირასავით ვცეკვავდი. 
იმ ღამით ვილაში რომ დავბრუნდით, სანმა მიკროტალღოვან ღუმელში დონატები გაგვითბო და გვაჭამა. სრულიად ახალი აღმოჩენა იყო ოდნავ შემთბარი დონატების ჭამა, კრემი რომ გამლღვალია. სამზარეულოს მაგიდაზე ვიჯექი, თბილ-თბილ დონატებს ვჭამდი, ფეხებს ვიქნევდი და ვიცინოდით. იმის მერე კროგერში სულ ვყიდულობდი ამ დონატებს და სანის მეთოდით ვათბობდი.

ყველაფერ კარგს აქვს დასასრული - ნელ-ნელა ჩვენმა წრემ დაშლა დაიწყო. ჯერ ვეიტაო წავიდა, მერე ლუსი, ორ დღეში მიგელი მიჰყვა, მერე ანდრეა. მხოლოდ მე, კაროლი, ეკი, ბელისარიო და პოლი დავრჩით. ჩემი წამოსვლის წინა დღეებში საშინლად გავცივდი, სიცხე მქონდა და ძლივს ვსუნთქავდი (ალბათ იმიტომ, დიდი ოდენობით ნაყინს რომ ვჭამდი სულ). თუმცა წამოსვლის წინა დღეს ბარბექიუ რესტორანში წავედით მაინც მე, ეკი, ბელისარიო და პოლი. სანამ ჩვენი მაგიდა გამზადდებოდა, ბართან მოგვიწია ჯდომა და ლოდინი. თან ავად ვიყავი, თან მშიერი, თან წამოსვლა არ მინდოდა და სანამ მაგიდასთან დაგვსვამდნენ, საკმაოდ ცუდ ხასიათზე ვიყავი. მაგიდასთან როგორც კი დაგვსვეს და მენიუ მოგვიტანეს და კერძების არჩევა დავიწყეთ, ხასიათი გამომიკეთდა და საჭმელი რომ მოგვიტანეს, ლამის ტაში შემოვკარი ბედნიერებისგან (საოცრად გემრიელი იყო ყველაფერი). ბელისარიო ეუბნება ბიჭებს, დაკვირვებიხართ, რომ ნატალია ჭამამდე და ჭამის შემდეგ ორი სრულიად განსხვავებული პიროვნება არისო? :D

შემდეგ დღეს დილას ყველას დავემშვიდობე და ნიუ იორკში გავფრინდი. ასე გასრულდა კარგი ვილას ამბავი. დღემდე ვკითხულობთ ერთმანეთს ვოთსაფში, თუმცა ცხადია,  დროთა განმავლობაში ინტენსივობამ იკლო. მაგრამ ძალიან სასიამოვნოა იმის გახსენება, რომ დედამიწის ყველა მხარეს ცხოვრობენ ადამიანები, რომლებთანაც ბევრი კარგი მოგონება გაკავშირებს.

* * *
პ.ს ეს პოსტი ძველი დრაფტებში შემომხვდა, გადავხედე, დავარედაქტირე და ვაფაბლიშებ, ბედნიერი დღეების მოსაგონებლად.

Thursday, August 27, 2020

საოცნებო ოფის-სივრცე ფილმიდან

რომელია თქვენი საოცნებო ოფის-სივრცე ფილმებიდან?

არ ვიცი, ამ შუა შვებულებების პერიოდში რატომ გამიჩნდა ეს კითხვა. შეიძლება იმიტომ რომ ოფისი ნახევრად დაცარიელდა და ჩემს ოთახში საერთოდაც მარტო დავრჩი.

უფრო სწორედ კი, ფილმმა The Intern შთამაგონა, ეს კითხვა დამესვა. ნახეთ, რამხელა ფანჯრებია და როგორი ნათელი სივრცეა! სიამოვნებით ვიმუშავებდი ასეთ ადგილას, იმაზეც არ მექნებოდა პრობლემა, ჩემს მონიტორს რომ ყველა დაინახავდა (რასაც არ უნდა ვაკეთებდე კომპიუტერში, არ მიყვარს ჩემს მონიტორს სხვები რომ ხედავენ, რაღაცნაირად ვიძაბები, "ალბათ მიყურებენ და ფიქრობენ რა ნელა ვაკეთებ ექსელში ამ რაღაცას?" - და მსგავსი სულელური ფიქრები).

მიუხედავად იმისა რომ ინტროვერტი ვარ და ჩემს პირად სივრცეში სხვების შემოშვება არ მიყვარს, ოფისში ერთიან, დიდ სივრცეში მუშაობის იდეა ძალიან მხიბლავს. ჩემი სულ-სულ პირველი სამსახური სწორედ ასეთ სივრცეში იყო, უზარმაზარ ოთახში (ალბათ ოთახი უკვე აღარ ეთქმოდა, ისეთი დიდი იყო), დიდ მაგიდებთან ვიყავით კომპიუტერებთან მიმჯდარი და ძალიან მომწონდა. თან ჩემი პირველი საოფისე სამსახური იყო და რაღაცნაირად მომწონდა, დილით რომ მივდიოდი (ყველაზე ადრე, როგორც წესი), მხოლოდ მე და ოფისის დიასახლისები ვიყავით, მე კომპიუტერს ვრთავდი და ოთახი ნელ-ნელა ივსებოდა ხალხით, ყავის აპარატთან რიგი დგებოდა, ჰაერში კი ყავის სურნელი დატრიალდებოდა

ახლა სამსახურში პატარა ოთახები გვაქვს, თითიეულში 3-4 კაცით და მართალია, ოთახების კარი სულ ღია გვაქვს ერთიანობის ილუზიის შესაქმნელად, ხანდახან ერთი ოთახიდან მეორეში გადავძახებთ ხოლმე ერთმანეთს, მაინც განცალკევებით ვართ და რაღაცნაირად არაკომფორტულია ჩემთვის. ამას რომ ვამბობ კიდევ ერთხელ მიკვირს, საშინლად ინტროვერტი ვარ და ხშირად ყურსასმენებით ვმუშაობ, ისე რომ გარემოს სრულიად ვწყდები. მაგრამ როგორც ჩანს, დიდი სივრცე მეტ კომფორტს მიქმნის, მითუმეტეს თუ ეს სივრცე აი ასეთია:



ინდუსტრიული დეტალები ინტერიერში, შემინული ჭერი და თეთრად შელესილი კედლები ძალიან მომწონს. შეიძლება დესკტოპადაც კი დავიყენო სამსახურში და ილუზია შევიქმნა, რომ მეც ასეთ ადგილას ვმუშაობ :)

Tuesday, August 11, 2020

ბათუმი

ბათუმი მენატრება ძალიან. რაღაცნაირად, სულისშემხუთავად ძლიერ. 

რატომღაც მგონია რომ უკვე კარგად ვიცნობ. მისი ყველა უარყოფითი და დადებითი მხარე ვიცი და მიყვარს იმ უარყოფითების მიუხედავად და დადებითების გამო.

იცით რა მენატრება? ის შეგრძნება, ქალაქი პირველად რომ გამოჩნდება. თვითონ ქალაქის დანახვაც, მაგრამ უფრო ის, სქაილაინს რომ დაინახავ და უცებ რაღაც დაგივლის სხეულში, გაგახსენდება ყველაფერი ამ ქალაქთან დაკავშირებული და უკვე მთელი სიცხადით აღიქვამ, რომ ჩამოხვედი.

დაბინავების შემდეგ პირველი გამოსვლა ქუჩებში და ტენიან ჰაერში გახვევა. ტენიანში, მაგრამ ძალიან სუფთა ჰაერში, თბილისის შემდეგ განსაკუთრებით.

პირველი ჭამისთვის წასვლა, უხშირესად - "მიუნხენში". ვიწრო, ქვაფენილიან ქუჩებში სიარული და ბოლოსდაბოლოს მიუნხენის დროშების დანახვა. მაგიდასთან დაჯდომა და სიხარულის კიდევ ერთხელ, ცხადი გააზრება, რომ დიახ, ბათუმში ხარ, და მალე გემრიელად შეჭამ. 

დილით თვალის გახელა და სიუცხოვის არგანცდა. თუ მივლინებით ვარ, შეხვედრაზე წასვლისთვის გამზადება და თუ დასასვენებლად - ზღვაზე გასვლა, თუნდაც ზღვაში არ ჩავდიოდე, მაინც დიდი ბედნიერება ზღვის დანახვისას და მარილიანი ჰაერის სუნთქვა ბევრჯერ, ბევრჯერ.

დილის სირბილის დაგეგმვა - ეს საკმაოდ იშვიათად, მაგრამ ყოველი სირბილის შემდეგ იმაზე ორჯერ უფრო ბედნიერი ვარ, ვიდრე თბილისში სირბილისას. და მერწმუნეთ, სირბილის შემდეგ თბილისშიც ბედნიერი ვარ ხოლმე.

ბათუმის ქუჩებში სიარული არასდროს მომბეზრდება. თუნდაც წვიმაში. თუნდაც სიცხეში, როდესაც ძალიან დაგაჭერს მზე, უცებ სიადანღაც მაცოცხლებელი ზღვის გრილი ბრიზი მოვა და შვებას გაგრძნობინებს.

ზოგჯერ ხომ არის, რომ სანამ მოგონებები არ გახდება, უშუალოდ მიმდინარეობისას ისე ვერ გრძნობ სიხარულს და ბედნიერებას, ვიდრე შემდეგ, როცა იხსენებ. ბათუმის შემთხვევაში ასე არაა, ის ბედნიერება ყოველთვის იმ წუთისაა ხოლმე, ცხადი და ხელშესახები.

და ახლა, როცა ვიხსენებ, ისევ ისეთი ძლიერია, მაგრამ არა - ხელშესახები.

უამრავი ფოტოდან ეს ავარჩიე, ფოტო გადაღებულია გზიდან, როცა კარანტინის შემდეგ პირველად ჩავედი ბათუმში

Sunday, August 9, 2020

Some Random Thoughts

არასდროს მესმოდა იმ ადამიანების, დილას ყავის დალევამდე ხმა არ გამცეთო, რომ ამბობდნენ. მაგრამ დღეს ყავის პირველი ყლუპის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემზეც ჰქონია ეგ ზემოქმედება კოფეინს, უბრალოდ აქამდე ვერ ვამჩნევდი - დილას რაღაცაზე გავბრაზდი და ყავის მერე ცოტა გამიკვირდა, ასე რა მანერვიულებდა.

***

ფეისბუქი უკვე თვეზე მეტია, გაუქმებული მაქვს. ძირითადი მიზეზი, რის გამოც გავაუქმე, სქროლვაზე დამოკიდებულება იყო. უკვე ვეღარ ვაკონტროლებდი, როგორ ვიღებდი ტელეფონს, ვხსნიდი აპლიკაციას და გაუაზრებლად ვიწყებდი სქროლვას. ამიტომ ერთ დღესაც (კერძოდ, 29 ივნისს) ავდექი და გავაუქმე. ეს ფეისბუქის გაუქმების მეორე შემთხვევაა ჩემთვის, პირველი შარშან ზაფხულს, ზუსტად ამ პერიოდში იყო, თუმცა უფრო ხანმოკლე პერიოდით - 2 კვირაში ისევ დავუბრუნდი. წელს ჯერჯერობით დაბრუნების სურვილი არ მქონია. თუმცა თავს არც ვიზღუდავ, თუ მომინდება, აღვადგენ; არ მინდა, აკრძალული ხილი გახდეს. სექტემბერში ჩემი დაბადების დღისთვის ვგეგმავ დაბრუნებას, მილოცვები მიყვარს ☺ ფეისბუქის გაუქმების შემდეგ ინსტაგრამი გახდა ჩემი მთავარი სოციალური ქსელი და ზოგადად, ინტერნეტ-სივრცე. ბოლო დროს როცა შევამჩნიე, რომ ამ სივრცეშიც უკვე დიდი დროის გატარება დავიწყე, ტელეფონში აპლიკაციაზე თაიმერი დავაყენე, რის მიხედვითაც დღეში მაქსიმუმ საათნახევრის გატარება შემიძლია. თუ ამ დროს გადაცდა, ტელეფონი აპლიკაციას დამიბლოკავს და ღამის 12-მდე შესვლას ვერ შევძლებ. ჯერჯერობით შედეგი ასეთია: სამუშაო დღეებში დროისთვის არ გადამიჭარბებია, მაგრამ ვიქენდებზე კატასტროფა ხდება - მაგალითად გუშინ, აპლიკაციაში 3 საათი და 14 წუთი გავატარე! თუ საათნახევრიანი შეზღუდვა გქონდა, ამდენი დრო როგორ დაგიგროვდაო, იკითხავთ. ამაზე გიპასუხებთ რომ საათნახევრის შემდეგ ტაიმერი გამოვრთე და ისე გავაგრძელე სქროლვა. თუმცა საკუთარ თავს დავპირდი, რომ მსგავსი აღარ განმეორდება.

***

"სქროლვის" ქართული შესატყვისი არ გვაქვს, ხომ? იმ ადამიანებს არ მივეკუთვნები ვისაც მიაჩნია რომ ყველა სიტყვა და ტერმინი ქართულადაც უნდა გვქონდეს, მაგრამ ქართული ენა ძალიან მომწონს და ვთვლი, რომ მის დიდ ნაწილს ყოველდღიურ საუბარში ისე აქტიურად არ ვიყენებთ, როგორც შეიძლებოდა, რომ გამოგვეყენებინა. მე რაღაც სიტყვების ამოჩემება ვიცი ხოლმე, ძირითადად ძველებურ სიტყვებს ვაბრუნებ ჩემს ლექსიკონში და რაღაც პერიოდი ძალიან ხშირად ვიყენებ. იმდენი კარგი ჟღერადობის სიტყვებია, რომ მგონია უფრო ზუსტად აღწერს მოცემულ მნიშვნელობას, სხვა უფრო გავრცელებულ სიტყვებთან შედარებით. მაგალითად, ბოლო დროს ხშირად ვხმარობ სიტყვას "მყისიერი", რომელსაც ასე ყოველდღიურ საუბარში ხალხი დიდად არ იყენებს. არადა ძალიან კარგია, მეილებშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგალითად: "გმადლობთ მყისიერი პასუხისთვის" - ზუსტად აღწერს რომ ადრესატმა ძალიან სწრაფად და დროულად გიპასუხათ. "სწრაფი" ან "დროული" ისე კარგად ვერ გამოხატავდა აზრს, როგორც "მყისიერი".

***

"შითს კრიკს" ვუყურებ და ბოლო სეზონზე ვარ უკვე. კარგ სერიალს რომ მივაგნებ, ეგ მჭირს, მთლიანად უნდა გადავეშვა და ისე სწრაფად ვუყურო, რომ უცებ დავამთავრო და მერე გული დამწყდეს, ასე მალე რომ მოვრჩი, თან ახლის ძებნა რომ მომიწევს. 

***

ჩემი კიდევ ერთი random thought არის თუ რატომ ვარქმევ პოსტების უმეტესობას ინგლისურ სახელებს. ეს ფენომენი ჯერჯერობით ვერ ამოვხსენი, არადა დასაბამიდან ეგრე ვარ. მითუმეტეს, რომ ამ პოსტში, რომელსაც ასევე ინგლისური სახელი ჰქვია, ვლაპარაკობ თუ როგორი კარგია ქართული ენა. 

Sunday, July 5, 2020

Seinfeld Sunday


ძალიან დატვირთული კვირის შემდეგ, მთელი დღეა არაფერს ვაკეთებ და ფონად საინფელდი მაქვს ჩართული. ერთ-ერთი ის სერიალია, რომელიც ძალიან კარგია როგორც საყურებლად, ასევე ფონის შესაქმნელად. ალბათ სიტკომების ნიშაა ეგ, სულ რომ შეიძლება ჩართული გქონდეს, ალაგ-ალაგ მიაქციო ყურადღება და მაინც ისიამოვნო.
დიდი ხანია, საინფელდს აღარ მივბრუნებივარ და მონატრებასთან ერთად, ხელახლა დავაფასე, როგორი გენიალური სერიალია. თუ არ გინახავთ, იცოდეთ რომ უდიდეს საგანძურს უვლით გვერდს და რატომ?

ჯორჯ კოსტანზას, ჯერი საინფელდს, კრეიმერს და რაც მთავარია, ელეინ ბენესს არ იცნობთ, რომლებიც, spoiler alert, ბოლო სერიაში ზუსტად ისეთივე არიან, როგორებიც პირველ სერიაში იყვნენ. ამაზე მეტი ფუფუნება რა გინდათ? არ გაღიზიანებთ, სერიალებში რომ პერსონაჟები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ ცვლილებებს განიცდიან? ხედავთ, როგორ მიეჩვია მსახიობი და უბრალოდ თავის თავზე მოირგო პერსონაჟი, იმის ნაცვლად რომ პერსონაჟს განეცადა ტრანსფორმაცია? ან კიდევ უარესი - სცენარისტებმა არარეალურად განავითარეს პერსონაჟი, ისე რომ, რამდენიმე სეზონით უკან რომ გადახვიდეთ, სრულიად სხვა პიროვნება შეგრჩებათ ხელში. მსგავსი არაფერი ხდება საინფელდში. აქ სტაბილურობა გელოდებათ. სტაბილურობა, კარგი იუმორი და ნევროტიკი პერსონაჟები. 

პირველ რიგში, ელეინ ბენესზე მინდა გავამახვილო ყურადღება, როგორც ყველაზე კარგ ქალ პერსონაჟზე სიტკომების ისტორიაში. იმდენად რეალურია და ბუნებრივი, ყოველგვარი უაზრო, ქალებზე შექმნილი მითების გარეშე. რაც უფრო მეტჯერ ვუყურებ სერიებს, მით მეტად მიყვარს. და ამ მომენტში განსაკუთრებით:


ჯორჯზე აღარაფერს ვამბობ, თავიდან ბოლომდე შედევრია. ვერც ჩამოვთვლი, რამდენჯერ გავბრაზებულვარ მასზე. თან კარგად რომ მესმოდა, რატო იქცეოდა ისე, როგორც იქცეოდა. კიდევ უფრო მეტჯერ ვბრაზდები კრეიმერზე, მაგრამ თან კიდევ უფრო მიყვარს. თვით ჯერის (საინფელდი) რაც შეეხება, როგორც ზოგადად ხდება ხოლმე, ვისი სახელიც ქვია ნაწარმოებს, ის ყველაზე ნაკლებად პოპულარული და საყვარელია, ასევეა ამ შემთხვევაშიც. ვერ ვიტყვი რომ არ მიყვარს, მაგრამ ვერც იმას ვამბობ, რომ ჩემი საყვარელი პერსონაჟია.

თქვენი ფონური სერიალი რომელია?

Saturday, June 27, 2020

აურზაური არაფრის გამო

ფეისბუქი ძალიან მომბეზრდა.

ნიუსფიდს რომ ვხსნი, თითქოს რაღაც დიდ ოთახში შევდივარ, სადაც, კარს გამოვაღებ თუ არა, სახეში მეცემა ძლიერი ხმაური, ყაყანი. პირველი ვინც შემხვდება, სახეში შემომყვირებს,  რომ ქუჩაში მაცხოვრებელი ძაღლები "მაწანწალა" კი არა, "მიუსაფარი" ძაღლები არიან (სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომელს დაუძახებთ). როგორც კი გვერდით გაიწევა,  გოგო გამოჩნდება, რომელსაც ტელეფონიანი ხელი აქვს გაწვდილი და ცდილობს, შესაბამისი პოზა მიიღოს - სელფისთვის. ამ დროს საიდანღაც ჯენის ჯოპლინის სიმღერა გაისმება და ვიღაცა ყურში ჩამძახებს, ვიცი, აქ სიმღერებს აღარავინ ვაზიარებთო, მაგრამ მინდოდა ეს მოგესმინათო. ჯოპლინის ძველი ფანი ჩაივლის და, მეგობრების ჯგუფი ხმამაღლა დაიძახებს "ჩვენ სტამბაში ვართ კოქტეილების დასალევაად!" და ჭიქებს წამიერად მიუჭახუნებენ ერთმანეთს, მერე ისევ მოაშორებენ, მერე ისევ მიუჭახუნებენ (ისევ წამიერად), ისევ მოაშორებენ, ისევ.. თურმე ბუმერანგი გადაუღიათ. უცებ წინ ახალგაზრდა დედა აისვეტება, და ისე, რომ სხვების ხმა გადაფაროს, ხმას აუწევს: "დღეს აბესალომი მობაჯბაჯდა, წიგნი ეჭირა ხელში, მე-7 გვერდზე გადაშალა და თქვა "შვიდი". არ მჯერა, რომ ჯერ 2 წლისაც არაა!"

ჯენის ჯოპლინის ხმის ფონზე პატარა აბესალომის გონივრული შენიშვნები ირევა და უკვე აღარ ვიცი, სტამბაში შეკრებილი დაქალების ჯგუფზე ვკონცენტრირდე თუ მიუსაფარი ძაღლების ბედზე მეტკინოს გული. 

შეიძლება ნახევარი საათის შემდეგ იგივე კარი შეაღო და ჯოპლინი და სელფები შარშანდელი თოვლივით აორთქლებული დაგხვდეს. ამჯერად აქეთ-იქიდან მოგესმება "20 წლის ადამიანს როგორ უნდა აუკრძალო ბადმინტონის თამაში?" "მე რომ 20 წლის ვიყავი, ბადმინტონის თამაშისგან ხელები მტკიოდა უკვე!" ვიღაცა უფრო მეტად ცდილობს სარგებლის ნახვას ამ რაღაც ამბიდან და მოყვება, ჰარვარდის კამპუსში როგორ თამაშობდა ბადმინტონს 19 წლის ასაკში. ჯერ ვერ ვიგებ, ბადმინტონის თამაშზე რატომ წერს ყველა, მაგრამ თუ ოთახში სიარულს განვაგრძობ, რაღაც მომენტში აუცილებლად გამოვიტან დასკვნას. 

ცოტახნით კარს თუ გამოვხურავ, მეგობრები შემომეხვევიან და ჩატის ფანჯრებივით ამოხტებიან, ზოგი ცალ-ცალკე და ზოგი ჯუფებად - "ნახე ინსტაგრამზე რა ლამაზი ფოტო შემხვდა!" "იუთუბზე ამ ვიდეოს ვუყურებ ეხლა, როგორ ამყნობენ ბალს და ძალიან მომწონს, შენც უყურე, ახლავე, ამ წუთას! და შენი შთაბეჭდილება მომწერე!" 
ყველა მეგობარს რომ მივწერ, რომ კი, ულამაზესი ფოტოა, რომ ბალის დამყნობის პროცესზე საინტერესო არაფერი ყოფილა, აჩქარებულ გულზე ხელი მივიდებ და ღრმად ვსუნთქავ, შფოთვის შემოტევამ რომ გადამიაროს.

და მერე ვხვდები - სოციალური ქსელების ზედოზირება მაქვს. ისევ. 

ცოტახნით (ჩემი მაქსიმუმი ერთი დღეა), ყველაფერს ვთიშავ და აღარსად არ შევდივარ. ვმშვიდდები, წიგნებს ვკითხულობ, ნირვანაში ვარ და ვამბობ, რა კარგი ყოფილა ესე ყოფნა!რატომ ვიტანჯავდი თავს! მაგრამ გულის სიღრმეში კარგად ვიცი, რომ ხვალიდან ისევ შევვარდები იმ ოთახში და საერთო ყაყანში ჩავერევი.


Thursday, June 4, 2020

ფუნთუშა კარამელით

ქალაქი მთის ძირში იყო შეყუჟული. სახლების კარი პირდაპირ ქვაფენილიან ქუჩებზე გამოდიოდა. დილაობით ამ ქუჩებში ახლადმოხარშული ყავის სუნი ტრიალებდა. 

ყველა ასეთი დილა უყვარდა მატილდას, როცა უმეტესობას ჯერ კიდევ ეძინა და მხოლოდ ქალბატონი ნ. შესდგომოდა მუშაობას - ფუნთუშებს აცხობდა, ყავას ადუღებდა, პირველი სტუმრისთვის რომ არ ელოდინებინა. ქალბატონი ნ. საუზმეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. საუზმე მხოლოდ ჭამა არ არისო, ამბობდა; საუზმე არის დღის პირველი ღიმილი, პირველი სიმღერა, რომელსაც მოისმენ, პირველი შეხებაც საუზმეაო.

ამიტომაც დილით ადრიანად დგებოდა. არჩევდა სიმღერებს, რომლის ფონზეც უნდა ესაუზმათ მისი საკონდიტროს დილის სტუმრებს. თუმცა, არავინ იცოდა, როგორი საუზმე ჰქონდა თავად ქალბატონ ნ.-ს, ან ვინ ზრუნავდა მის საუზმეებზე.

მატილდა დილაობით ადრე იღვიძებდა, დარაბებს აღებდა და ძილბურანში მყოფ, გარინდებულ ქალაქს გადაჰყურებდა. მისი სახლიდან მთელი ქალაქი მოჩანდა და ქალაქს მიღმა - ერთადერთი გზა, რომელსაც აქ მოჰყავდი.

იმ დილით გადაწყვიტა, ქალბატონ ნ.-სთან ესაუზმა. სახლის კარი ფრთხილად გამოხურა და დილის სუსხში გახვეულ ქუჩას გაუყვა. საკონდიტროს კარი რომ შეაღო, ელოდა, რომ ქალბატონი ნ. დახლს იქით საქმეში გართული დახვდებოდა, მაგრამ საკონდიტროში არავინ იყო. არავინ, ერთი ადამიანის გარდა. კუთხეში იჯდა, მხრებამდე თმა, წვერი და კეთილი თვალები ჰქონდა. ყავას სვამდა, ანთებული სიგარეტი საფერფლეზე ედო და ბოლავდა. თვითონ კარისკენ იყურებოდა, მაგრამ აშკარად ფიქრებში გართული, გოგონას საერთოდ ვერ ამჩნევდა. მატილდა დაიბნა. თვალები ოთახს მოატარა, მერე კი უცნობისგან ყველაზე მოშორებულ მაგიდასთან დაჯდა.

სამზარეულოდან დარიჩინის და კარამელის სუნი მოდიოდა. თბილი, ტკბილი სურნელი, რომელსაც უცნობის ყავისა და სიგარეტის სურნელი ერეოდა.

მატილდამ გადაწყვიტა, ქალბატონი ნ. მოეძებნა და დახლსმიღმა კარებში შევიდა. სამზარეულოში ქალბატონი ნ. ფუსფუსში გართული დახვდა.

რაღაცის სათქმელად პირი როგორც კი გააღო, მოულოდნელად საიდანღაც სევდიანი, სევდიანი მუსიკა გაისმა.  მატილდა გაჩუმდა. თითქოს მუსიკის ჰანგები ჩიტებივით დაფრინავდნენ მის გარშემო და ჰაერში აჰყავდა, ზევიდან ხედავდა ტყეს, ქვაფენილიან ქუჩებს, სიხარულს და დარდსაც ხედავდა თითქოს.

- აჰ, ჩემო კარგო, ვერც კი შეგამჩნიე. მოგწონს სიმღერა?

მატილდა შეკრთა, თვალები გაახილა. წინ ქალბატონი ნ. იდგა და უღიმოდა:

- ახალმოსულმა სტუმარმა მთხოვა, ეს ჩამერთო. საუზმისთვის ცოტა სევდიანი კი მეჩვენა, მაგრამ სტუმარს გული არ გავუტეხე. აჰ, ალბათ ყავა გინდა არა? ახლავე მოვხარშავ და ახალ ფუნთუშებსაც გამოგიტან, შენ მანამდე შეგიძლია სტუმართან საუბარში გაიყვანო დრო - ქალბატონმა ნ.-მ მატილდას ეშმაკურად გაუღიმა და თითქმის ძალით გაიყვანა სამზარეულოდან.

სტუმარი ისევ სიგარეტს ეწეოდა. ყავა, ალბათ უკვე გაგრილებული, ნახევრამდე დაელია. ფანჯრიდან მზე შემოდიოდა და ყავის ზედაპირს ცოტა გამჭვირვალეს ხდიდა.

- მოგწონთ სიმღერა?- აქცენტით ჰკითხა უცნობმა მატილდას.

- ცოტა მეშინია კიდეც, ისე. ასე მგონია, ჰაერში ვლივლივებ.

უცნობმა პირველად შეხედა მატილდას, ოდნავ გაოცებით.

- არ გინდათ, ჩემს მაგიდასთან დაელოდოთ საუზმეს?

მატილდა ნებისმიერ სხვა დროს უარს ეტყოდა. არ მოსწონდა საუზმეების სხვებთან გაზიარება. მაგრამ არა ახლა.

- დიახ. თუ ერთ ღერსაც მომაწევინებთ - გაუღიმა სტუმარს.

- მარიხუანას მოწევთ? თუ სიგარეტს?

- სულერთია.

ქალბატონ ნ.-ს არ გაჰკვირვებია, მატილდა რომ სტუმრის მაგიდასთან დაინახა. კარამელიანი, მოგრძო ფუნთუშები, რომლის ცომიც სულ ახალი გამოგონილი ჰქონდა, კმაყოფილებით დაუწყო წინ, შემდეგ მატილდას მისი საყვარელი თურქული ყავა დაუსხა.

- მეც იგივეს დავლევ - უთხრა უცნობმა.

- მოგწონთ ეს ქალაქი? - მატილდამ პირველი ყლუპი მოსვა. ყველაზე მეტად პირველი ყლუპი უყვარდა - ქაფშერეული, ცხელი სითხე მაცოცხლებელ ძალად რომ შედიოდა სხეულში.

- არც ისე. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. აი, ფუნთუშებს არა უშავს. - უცნობმა მოზრდილი ლუკმა მოკბიჩა. თან მატილდას თვალი თვალში გაუყარა. - დიდხანს არ დავრჩები. ისევე, როგორც სხვაგან არ ვრჩები ხოლმე. ყველა ქალაქი მბეზრდება.

მატილდას გაუკვირდა. მას თავის ქალაქი ძალიან უყვარდა. არ ესმოდა, როგორ შეეძლოთ ადამიანებს ერთი ადგილიდან სხვაგან გადასვლა და ყველგან სახლის შეგრძნება.

მას მხოლოდ ერთი ადგილი შეეძლო ეგრძნო სახლად.

- ეს ქალაქი განსაკუთრებულად ლამაზია. ყველა ამას ამბობს, ვინც ჩამოდის. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა.

- მაპატიეთ, თუ უხეშად გამომივიდა. უბრალოდ იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. თან, ეს პირველი შთაბეჭდილებაა. ჯერ არაფერი მინახავს, დღეს დილას ჩამოვედი. ფუნთუშებიც უფრო მეტად მომწონს. თუმცა იმას ვერ შეგპირდებით, რომ ეს ქალაქი არ მომბეზრდება.

მატილდამ სტუმარს ზრდილობისთვის გაუღიმა და ფუნთუშა პირველად გასინჯა. თბილი და ტკბილი კარამელი, თითქმის უშაქრო ცომთან საოცარ კონტრასტს ქმნიდა. ასეთი გემრიელი არაფერი გამისინჯავსო, გაიფიქრა. მაშინ მიხვდა, რომ ამ ბიჭთან საერთო არაფერი ჰქონდა.

- ანუ, დამეხმარებით? - სტუმარი სიგარეტს თითებში ათამაშებდა და უყურებდა, ოდნავ, სულ ოდნავ დამცინავი თვალებით.

- რაში?

- ამ ქალაქის შეყვარებაში. არ მისმენდით არა? რატომ ხუჭავთ ჭამისას თვალებს?

- ასე გემოს უფრო მკაფიოდ აღიქვამ.

 მატილდა ფეხზე წამოდგა და თბილი ზედატანი შემოიცვა. - დაგეხმარებით. მაგრამ თქვენ თუ არ მოინდომებთ, არაფერი გამომივა.

Saturday, May 30, 2020

აღმოჩენების გზაზე

ამასწინათ ვფიქრობდი, უფრო სწორად კი მივხვდი, რომ ჩემს თავს სულაც არ ვიცნობ კარგად. ერთი შეხედვით ეს განცხადება უჩვეულოა, მაგრამ თუ დავუფიქრდებით, საკუთარი თავის შეცნობა ცხოვრების ბოლომდე ხომ გრძელდება, მუდმივად ვიცვლებით და საკუთარ თავზე ბევრ ახალ აღმოჩენას ვაკეთებთ. 

მაგალითად დღეს გავაცნობიერე რომ არსებობენ ორი კატეგორიის  ადამიანები, რომლებსაც ჩემზე ძლიერი ზეგავლენა აქვთ - ერთი კატეგორიაა ადამიანები, რომლებიც მაშინებენ და საკუთარ თავში ეჭვს მიჩენენ. მათ შემყურეს, მიჩნდება შეგრძნება, რომ მათნაირი ვერასდროს გავხდები. მათთან ყოფნისას თითქოს ვპატარავდები.  მათ შორის ზოგჯერ ჩემი მეგობრებიც არიან. თუმცა ეს მათი "ბრალი" სულაც არაა, ჩემშია რაღაცა, ღრმად ჩაბუდებული, რომელსაც ჯერ ვერ მივაკვლიე. 

აი მეორე კატეგორიის ადამიანები კი თავს უკეთ მაგრძნობინებენ და მგონია, რომ ყველაფერს შევძლებ. ხშირად ეს მათგან დამოუკიდებლად ხდება, ანუ მე კი არ მეუბნებიან, შენ ძალიან კარგი ხარ და ყველაფერს შეძლებო, არა, უბრალოდ თავიანთი ცხოვრებით ხდებიან ჩემთვის ინსპირაციულები. რა მაგარია, ასეთი რომ ხარ, არა? ვიღაცისთვის ბიძგის მიმცემი. 

ძალიან მინდა, ვიღაცისთვის შთამაგონებელი ვიყო. და ძალიან მინდა, ჩემ გვერდით არასდროს იგრძნოს ვინმემ თავი პატარად.


Tuesday, May 5, 2020

თუთა


სოფლის ბაღში რომ გადიხარ, დიდი თუთა გვიდგას. შავი თუთაა, ამიტომ ზაფხულში, როდესაც მწიფს, მის ტოტებს ქვეშ გავლა დამოკლეს მახვილის ქვეშ გავლის ტოლფასია. თუ თავზე არ დაგეცა, ძირნაყარს მაინც დააბიჯებ ფეხს და მერე აივანზე მუქ წითელ ნაფეხურს შეიტან. ასევე ძალიან იზიდავს ფუკტრებს, მთელი დღე დაზუზუნებენ და მათაც უნდა აარიდო ფეხი. თუთა არ მიყვარს, ამიტომ ბავშვობის მერე მისი ნაყოფი აღარ მიჭამია. ბოლო მოგონება ამ ხესთან 2010 წლის ზაფხულს უკავშირდება, მის ქვეშ სიმინდი რომ შევწვით, მაგრამ ტაროები იმდენად ხმელი იყო, ვერ ვჭამეთ.

არ ვიცი ახლა ეს თუთა რამ გამახსენა. სოფელი მომენატრა ძალიან. ნეტა მალე გაიხსნას გზები.

Sunday, April 26, 2020

Another pop quiz

როგორ ხართ ეს დღეები? მე ცოტა დამღალა სოციალური ქსელების ორომტრიალმა. თავიდან (ანუ პანდემიის დასაწყისში) სოც.ქსელები თითქოს ხსნა იყო, მაგრამ ახლა ზედმეტად დახუთული და სუნთქვისშემკვრელი გახდა. დღეს მცირე შესვენება ავიღე, დილიდან ფეისბუქსა და ინსტაგრამზე თითქმის არ შევსულვარ, საუზმის შემდეგ წიგნს ვკითხულობდი ("ოთახი ხედით"), მერე კი ფილმს ვუყურე.


ჩვენი ცხოვრების ბოლო პერიოდის ტრენდს თუ დავაკვირდებთ, საწყისებს ვუბრუნდებით, ეს გამოკითხვაც ერთ-ერთი მაგალითი იქნება, რომელიც ბლოგზე ადრეც გავაკეთე:

A dessert you’ll never refuse: საერთოდ, ნებისმიერ დესერტზე უარის თქმა მიჭირს.  ამიტომ ეს დღეები ყველაზე მეტად რაც მენატრება, იმას დავასახელებ: რაიმე მოხარშულკრემიანი ნამცხვარი (მაგალითად, ტორტი ან შუ).

A book, TV show or movie you enjoyed recently: ახლახან დავიწყე Community და ძალიან მომწონს! ძალიან კარგი ამერიკული იუმორით და სახასიათო პერსონაჟებით. ტროის და აბედის წყვილი ალბათ სერიალების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა!
წიგნს რაც შეეხება, ბოლოს აიზეკ აზიმოვის "მარადისობის აღსასრული" წავიკითხე და ძალიან ვისიამოვნე. ძველი ფანტასტების ენა მაინც სულ სხვაა, რაღაცნაირი მაცოცხლებელი ეფექტი ჰქონდა.

Something you’re looking forward to: როდის წავალ პირველად კაფეში, სიხარულისგან აფორიაქებული მიმტანს ძალიან ბევრს გავუღიმებ, უაზროდ ბევრს დაველაპარაკები და რამე გემრიელს შევუკვეთავ, მერე სკამს მივეყრდნობი და დავტკბები კერძის მოლოდინით და გარშემო ხალხის თვალიერებით.

What’s worrying you:  E V E R Y T H I N G .

Your childhood nickname: ნატუკა (დედა მეძახდა) და ნატუჩი (ბებო), ნატუ (ჩემი ძმა, როცა ერთმანეთს არ ვცემდით).

Words or phrases you most overuse: რაღაც პერიოდი მაქვს ხოლმე რომელიმე სიტყვა ამოჩემებული, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ სხვა სიტყვით იცვლება. ამ ეტაპზე ყველაზე ხშირად ვხმარობ სიტყვას "გავაფრინე".

Thursday, April 23, 2020

The Most Beautiful Nature Scene in a Movie

რომელია ბუნების ყველაზე ლამაზი სცენა ფილმში? 

ეს კითხვა IMDB-ს Facebook ფეიჯზე შემხვდა და მყისიერად გამახსენდა Call Me by Your Name, კერძოდ, ის სცენა, როდესაც ელიო და ოლივერი ჩანჩქერისკენ მიდიან.



სუფიან სტივენსის შესანიშნავი სიმღერით გაფორმებული კადრები, მუქ მწვანე, ულამაზეს პეიზაჟს უყურებ და იქაური ცივი ტენიანობა თითქოს ეკრანიდან გადმოდის.

ერთ მომენტში, ოლივერი ჩერდება და კამერისკენ იხედება. როგორც შემდეგ არმი ჰამერი ყვება, ამ ეპიზოდის გადაღებისას იმდენად გადაიღალნენ (იქაურობა ჭინჭრით იყო სავსე, დასუსხულები და სველები იყვნენ), რომ ამ მომენტში მან მართლა გამოხედა კამერას და რეჟისორ ლუკა გუადანინოს, რომ გაეგო, სცენა გამოუვიდათ თუ არა. ეს კადრი ფილმის საბოლოო ვერსიაშიც მოხვდა და მე ვფიქრობ, სრულიად დიდებულია.

Tuesday, April 21, 2020

პანდემიის პროზა

დილაა, სამსახურში ვზივარ და მონიტორს უაზროდ შევყურებ. ოთხდღიანი დასვენების შემდეგ სამსახურში დაბრუნება არც ისე ადვილია. ჯერ კიდევ ვფიქრობ ჩემს ლოგინზე, საიდანაც დილით ძლივს გამოვძვერი. ქარი ნერვებისმომშლელად წუის და ყველა კარს სხვადასხვა ხმაზე აჭრიალებს. არ ვიცი, რამე ფსიქოლოგიური ფენომენია თუ რა, მაგრამ ქარიან ამინდში ყოველთვის დაქვეითებულ გუნება-განწყობაზე ვარ და არაფერი მახალისებს, ხანდახან თავიც მტკივდება (სადღაც წავიკითხე, რომ ქარი შაკიკის ერთ-ერთი ტრიგერია, შეიძლება ამიტომაც). ყავაში შაქარი და ყავა ზუსტად საჭირო რაოდენობით ჩავყარე და იდეალური გემო მივიღე, ვეცადე ამ ფაქტით დავმტკბარიყავი და თითოეულ ყლუპს დიდხანს და ნება-ნება ვსვამდი.

ყავა სულ დავლიე, მაგრამ მაინც მეძინება. ისევ ლოგინი მახსენდება ჩემს პატარა ოთახში. ფიქრებს ვწყვეტ და ჩემს თავს ვებნები, რომ უფლება არ მაქვს, დილას ადგომა და სამსახურში წასვლა მეზარებოდეს - მეგობრები ხშირად შემომნატრიან, რომ სამსახურში დავდივარ. დღეს ეს მართლა დიდი ფუფუნებაა.

ვზივარ და ვიხსენებ, ბოლოს როდის ვიყავი გარეთ მეგობრებთან ერთად. პარასკევი იყო, 6 მარტი, უკვე პანდემიის პერიოდი. იმ საღამოს არ მქონია შეგრძნება, რომ ეს ბოლო შეკრება იყო, იმ ხანგრძლივი იზოლაციამდე, რომელშიც ახლა ვართ. ისიც არც ვიცით, მესამედი გავიარეთ უკვე თუ ჯერ დასაწყისია?  ვცდილობ ამაზე ბევრი არ ვიფიქრო. ასეთი ფიქრები კარგს არაფერს მოგვიტანს. საერთოდ, ვცდილობ ამ პანდემიასთან და ინფექციასთან მიმართებაში ადამიანურად არ ვიფიქრო და ვიყო მხოლოდ ჯანდაცვის წარმომადგენელი. როცა კი ამ ვირუსზე საუბარს ვიწყებ, რაიმე სტატიას ვკითხულობ, მაშინვე ადამიანურ ემოციებს და შეგრძნებებს ვთიშავ და ეპიდემიოლოგი ვხდები. ყველაფერს ანალიტიკური თვალით ვკითხულობ. თუ ადამიანური ფაქტორი ჩავრთე, ვიცი, ძალიან, ძალიან გამიჭირდება. ამიტომ ხშირად, როცა ჩემს მეგობრებთან ვსაუბრობ, მათ დამშვიდებას არ ვცდილობ და არ ვეუბნები რომ "ყველაფერი კარგად იქნება" და ეს ყველაფერი მალე გაივლის (იმიტომ რომ არ ვიცით, როდის გაივლის), მათ ემოციურ მოსაზრებებს კი მშრალ ფაქტებს ვუპირისპირებ.

როცა საქმე ამ პანდემიას ეხება, იქ ემოციებს არაფერი ესაქმება. ალბათ ამიტომ იწვევს ჩემს გაღიზიანებას ისეთი ფოტოები, სადაც დაავადებული საწოლით გამოყავთ გარეთ და მზის ჩასვლას აყურებინებენ. მინდა ყველას დავუყვირო, რომ ამის დრო არ არის! ემოციების დრო არ არის, ამ ინფექციას ემოციებით ვერ შევებრძოლებით. ყველაზე ნაკლებად ახლა ემოციურობა გვჭირდება. თან ვხვდები, რომ ამით შეუძლებელს ვითხოვ. ჩემი ემოციებიც, რომელიც ამდენხანს და ამდენი გროვდება, არ ვიცი რამდენ ხანს გაძლებს ასე.

ეს ნახატიც მაგ ემოციური ჟანრიდანაა, მაგრამ მაინც მომწონს.


Sunday, February 2, 2020

The Stormlight Archive

Life before death
Strength before weakness
Journey before destination
რამდენიმე დღეა ბურუსში გახვეული დავდივარ და ცოტახნით რეალური სამყარო უცხო და მოსაწყენი მეჩვენება. 

მაშინ, როცა მეგონა, ყველა ჯადოსნური სამყარო ამოვწურე, რომლითაც შეიძლებოდა აღვფრთოვანებულიყავი და ის მომენტი აღარ მექნებოდა, როცა ვიკიპედიაზე და ათას სხვა "პედიაზე" საათებს ატარებ და კითხულობ, კითხულობ.. კითხულობ თეორიებს, პერსონაჟების ბიოგრაფიებს. კითხულობ სხვა ფანების განცდებს და გიხარია, როცა შენსას დაემთხვევა..  სწორედ მაშინ, კიდევ ერთი დიდი კარი გაიხსნა ჩემ თვალწინ. მოლოდინების გარეშე დაწყებული ისტორია დიდ სიყვარულში გადაიზარდა, იქ და მაშინ, სადაც არ ველოდი.

 "მოულოდნელობის" ხსენება საუკეთესო დროა ბრენდონ სანდერსონზე საუბრის დასაწყებად.

მაგრამ ძალიან მიჭირს! ძალიან მინდა, როგორმე დავიცალო იმ დიდი ქარიშხლისგან, რაც ჩემში ტრიალებს, მაგრამ სიტყვები ირევა და მეფანტება. არ ვიცი, როგორ, რანაირად გამოვთქვა რასაც განვიცდი.

მოდი დავლაგდები და თავიდან დავიწყებ, უფრო სწორედ კი, ვეცდები უფრო გასაგებად დავწერო.

ბრენდონ სანდერსონი რამდენიმე წლის წინ "ნისლქმნილის" ტრილოგიით გავიცანი. მის მიერ შექმნილი ეს სამყარო ძალიან მომეწონა, სადაც ის დეტალურად გვიხსნიდა ზებუნებრივი ძალების მოქმედების მექანიზმს და კითხვისას ზუსტად იცოდი, პერსონაჟი რას აკეთებდა იმისთვის, რომ მაგალითად, ჰაერში აფრენილიყო. მაშინ, კითხვა რომ დავამთავრე, აღმოვაჩინე რომ ახალი ტრილოგიაც არსებობდა, სადაც მოქმედება ორიგინალი ტრილოგიიდან სამასი წლის შემდეგ ვითარდებოდა. ის წიგნებიც სასწრაფოდ წავიკითხე და მივხვდი, რომ კიდევ მეტი მინდოდა.

მაშინ ჯერ არ ვიცოდი, რომ მთავარი ქარიშხალი წინ მელოდა. ალბათ, გიკვირთ, რატომ ვახსენებ ასე ხშირად სიტყვას "ქარიშხალი".

და აი, როგორც იქნა მივედი იქამდე, რამაც კალამი ხელში ამაღებინა (მოგვიანებით "კალამზე" გამახსენეთ).

ჩემი მთავარი სიყვარული, ის, რაზეც ამ პოსტში ვწერ, რის გამოც ვარ ბოლო დღეებია ბურუსში გახვეული, Stormlight Archive გახლავთ. სანდერსონის დიდებული სამყარო, რომელიც ათ წიგნად არის დაგეგმილი და ამჟამინდელი მდგომარეობით მხოლოდ სამია გამოსული:


მაგრამ მთავარ სათქმელამდე მაინც ვერ მივედი! ასე იცის, როდესაც ემოციები ჯერ კიდევ დუღილის პროცესშია. არც კი ვიცი, რა ინფორმაცია მოგაწოდოთ, სანდერსონი გაგაცნოთ? თუ პირდაპირ სთორმლაითზე გადავიდე (ვინაიდან stormlight-ის შესატყვისი ქართული სიტყვა ჯერ არ არსებობს, ამიტომ უბრალოდ "სთორმლაითად" მოვიხსეინებ)?

მოკლედ!

რამდენიმე დღის წინ სთორმლაითის მესამე წიგნის, Oathbringer-ის კითხვა დავასრულე. ანუ, ამ ეტაპზე ამ სერიის ყველა წიგნი ამოვწურე და ნოემბერს უნდა ველოდო, როდესაც ახალი, მეოთხე წიგნი გამოდის. სთორმლაითის თითოეული წიგნი ათას გვერდზე მეტია, მაგრამ ყოველთვის, როცა კი კითხვას ვასრულებ, მრჩება შეგრძნება, რომ კიდევ მეტი უნდა ყოფილიყო (კარგი გაგებით). წინა ორი წიგნის დასრულებისას ასე არ ვყოფილვარ, იმიტომ რომ ვიცოდი, შემდეგი მელოდა. ახლა კი, ამისთვის მზად არ ვიყავი.

არსებობს წიგნები, რომელსაც ყველას ურჩევ და ელოდები, რომ მოეწონებათ. აი მაგალითად, ჰიჩჰაიქერების გზამკვლევის სერია, ვფიქრობ, ყველამ უნდა წაიკითხოს (და ვისაც არ მოეწონება, პრობლემა მათშია).

სანდერსონი და ალბათ უფრო Stormlight Archive, არაა ისეთი, რომელიც მგონია რომ ყველამ უნდა წაიკითხოს, ყველას უნდა მოეწონოს. ამის მიზეზი, პირველ რიგში არა წიგნების სქელტანიანობაა, არამედ უფრო ის, თუ რის გამოცაა ეს წიგნები სქელტანიანი. სანდერსონი ძალიან მონდომებით, ძალიან ზედმიწევნად აგებს სამყაროს, ხშირად ტრიალებს პერსონაჟების ფიქრების გარშემო, ცდილობს დარწმუნდეს, რომ კარგად გაიგე, თუ რას განიცდიან ისინი (პერსონაჟები). ხშირად ამას აკეთებს მეორე და მესამეხარისხოვან პერსონაჟებზეც. წიგნის ერთ თავში როგორც წესი, მხოლოდ ერთი პერსონაჟის შესახებაა მოთხრობილი (იმ პერსონაჟის თვალთახედვიდან), შემდეგი თავი სხვა პერსონაჟზე გადადის. ის (სანდერსონი) ხშირად უთმობს ცალკე თავს პერსონაჟს, რომელიც იმ წიგნში მეტად აღარ გამოჩნდება და მეასეხარისხოვან პერსონაჟად რჩება (იმ კონკრეტულ წიგნისთვის) და ცოტა ბრაზდები კიდეც, რომ შენთვის საინტერესო პერსონაჟებს მოგწყვიტა და ამ უცნობი გმირის განცდებზე კითხვაში გაკარგვინებს დროს. მაგრამ მერე, შემდეგ წიგნს რომ იწყებ, აღმოაჩენ, რომ ის პერსონაჟი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა და შეიძლება ერთ-ერთ მთავარ გმირადაც მოგევლინოს, ან სულ მცირე, მთავარი მოვლენის ერთ-ერთ გმირად.

ამბის მოყოლისას, სანდერსონი არ ჩქარობს. ამბავი ისე ვითარდება, რომ ახლა რომ ვუფიქრდები, ვერ ვხვდები, გაწელილია თუ არა. ალბათ უფრო - არა. ერთი მხრივ, ის დიდ დროს უთმობს რომ მოვლენა განვითარდეს, მაგრამ მეორე მხრივ, არ გაბეზრებს თავს, მაგალითად, რაიმე ადგილის აღწერით, ან პერსონაჟის გარეგნობაზე საუბრით. მისი ენა არაა რთული და ხშირად დიალოგები ძალიან მარტივი ფრაზებითაა, ისევე როგორც გმირების ფიქრები.

სთორმლაითს ბევრი პერსონაჟი ჰყავს, თუმცა ერთი ისტორია მეორეზე ისე სწრაფად გადადის და პერსონაჟებში ისე ხარ ჩართული, არ გბეზრდება. სანდერსონი ხელს გკიდებს და პერსონაჟების ფიქრებშსა და განცდებში დაყავხარ, პარალელურად ამბავსაც ავითარებს და ამით დიდი კულმინაციისთვის გამზადებს.

და როგორ კულმინაციისთვის! 

არსებობს ასეთი ცნება - Sanderon Avalanche (სანდერსონის ზვავი), სანდერსონის ბევრი წიგნის ბოლოს, მოვლენა ისე სწრაფად ვითარდება, ყველა შეკრული კვანძი უცებ და მოულოდნელი განვითარებით იხსნება და ეს ისეთი ტემპით ხდება, რომ ხშირად სუნთქვა გეკვრება და შეგრძნება გაქვს, რომ ქარიშხალმა აგიტაცა (აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ესე ეფექტი მეორედ წაკითხვისასაც ისეთივე ძლიერია, როგორც პირველად).

სანდერსონი თვითონაც ძალიან გიკია და თავის შემოქმედებას გიკი მკითხველის მხრიდან უდგება. იცის, რას შეიძლება ელოდონ ფანები და მოეწონებათ. რაც არ იცის, თვითონ ფანებისგან იგებს. მაგალითად, რედიტზეა დარეგისტრირებული და აქტიურ კომუნიკაციაში მათთან :)

წიგნების რამდენიმე სერია ერთ სამყაროში, Cosmere-ში ვითარდება (როგორც აღვნიშნე,  ტერმინოლოგია ქართულად თითქმის არ არის ნათარგმნი და ამიტომ ორიგინალ სიტყვებს ვიყენებ). მათ შორისაა ნისლქმნილი და Stormlight Archive, თუმცა ამ ორი ნაწარმოების შიდა სამყაროების გადაკვეთა არ ხდება და მოქმედება Cosmere-ში, მაგრამ სხვადასხვა სამყაროში ხდება (სამყარო-ს ვწერ, მაგრამ ისე Cosmere არის universe და ნაწარმოების შიდა სამყაროებში world-ს ვგულისხმობ). სთორმლაითის მოქმედება როშარში ხდება, რომელიც ასევე Cosmere-ში მდებარეობს. მოკლედ, ეს ვიკიპედიური წერა რომ არ გამიგრძელდეს, სანდერსონს უდიდესი სამყარო აქვს შექმნილი, სადაც ჯერჯერობით სხვადასხვა მსოფლიოს გადაკვეთა არ მომხდარა, თუმცა ვიცით რომ არის ერთი პერსონაჟი, რომელიც ყველგან ჩნდება (მაგალითად სთორმლაითში მას Wit ქვია). ასევე, სანდერსონი იმდენ დროს უთმობს ამ დიდი სამყაროს შექმნას, რომ ეჭვი მაქვს, მომავალში ერთმანეთსაც დაუკავშირდება.

იმდენი ვწერე და სთორმლაითზე მაინც ვერ გადავედი. თუმცა, ალბათ ასეც იყო საჭირო.
The Oathbringer რომ დავასრულე, თავიდან ჯერ კიდევ წიგნის აფექტში მყოფმა, ვიფიქრე რომ ამბის იდეალური განვითარება ჰქონდა. თუმცა ახლა, დღეები რომ გამოხდა, ვფიქრობ, რომ ჩემს საყვარელ პერსონაჟს მეტი დროის დათმობა ეკუთვნოდა. 
და აი, ისიც ვახსენე - კელედინი.



კელედინი!

სერიალი რომ გადაიღონ, წარმომიდგენია, რამდენი დაიქრაშება მასზე :) თუმცა ამ ეტაპზე ძალიან მახარებს რომ მხოლოდ წიგნები არსებობს და მე ჩემს წარმოდგენაში შექმნილი კელედინი მყავს, რომელიც ვინაიდან წიგნის კელედინია, მხოლოდ ჩემია და სხვა მკითხველს სხვანაირი კელედინი ეყოლება წარმოდგენილი. სერიალის კელედინი კი განხსეულდება და ერთი იქნება, ყველას წარმოდგენას გაგვიერთიანებს, ეს კი დიდად არ მომწონს. ☺

(აქვე, მისი სახელი იწერება როგორც Kaladin და სავარაუდოდ, უფრო უპრიანია "კალადინი" გამოითქვას, მაგრამ მე ვერ შევეგუე და კელედინად ვკითხულობ/ვამბობ)

Fangirl-ობის ტონი რომ მოვაშორო მასზე საუბარს, კელედინი არის სთორმლაითის კაპიტანი ამერიკა, მაგრამ უფრო ბნელი და დათრგუნული. ადამიანი, რომელიც ცდილობს, ყოველთვის სწორად მოიქცეს. სანდერსონის ბევრ გმირს აქვს მენტალური დაავადება. მათ შორის, კელედინი დეპრესიაში მყოფი ადამიანის საუკეთესო გამოხატულებაა. ასევე, ის ტიპიური overthinker-ია და ამის გამო ზოგჯერ ყველაფერს იმაზე ცუდად ხედავს, ვიდრე რეალურად არის. მისი განცდების კითხვისას ზოგი შეიძლება დაიღალო, მუდმივი და განმეორებითი ფიქრებით, რომლებიც მის თავში ტრიალებს. სხვას შეიძლება მომაბეზრებლად ეჩვენოს, მაგრამ არა მე, იმდენად ვაიგივებ ჩემს თავთან მის ამ მხარეს. ხშირად აბსურდულად ბევრს ფიქრობს რაღაც საკითხზე და გინდა უთხრა, რომ შეწყვიტე, გავიგეთ! მაგრამ მერე მახსენდება, რომ ფიქრები ზუსტად ისევე მითრევს ხოლმე მეც და ვერც კი ვხვდები, როგორ მორევში ვეხვევი. და მხოლოდ თქმა "შეწყვიტე ამდენი ფიქრი" არ შველის. ისევეა კელედინიც და ჩემთვის ძალიან გასაგებია, რატომ იქცევა ისე, როგორც იქცევა. მისი დეპრესია ისეა აღწერილი, რომ სანდერსონი არ გებნება, რომ აი ეს პერსონაჟი დეპრესიაშია და მერე საერთოდ აღარ ახსენებდა ეს ფაქტი. არა. პირიქით, არსად ჩანს რომ დეპრესიაშია, ხშირად იცინის კიდეც, მაგრამ იქვე, შემდეგ წინადადებაში წერია, რომ მას ეს გაცინება ძალიან დიდ ძალისხმევად უჯდება. 

არა, კელედინი იმიტომ არ შემყვარებია, რომ დეპრესიაშია. და არც მისი პერსონაჟის მთავარი მახასიათებელი არაა დეპრესია. მეტიც, პირველი წიგნის კითხვისას არც მიფიქრია, რომ მას დეპრესია ჰქონდა. არა იმიტომ, რომ ეს არ იგრძნობოდა, პირიქით, პირველ წიგნში ყველაზე მეტად იგრძნობა, არამედ იმიტომ, რომ ამ ყველაფერის მისი თავიდან ვხედავთ და მისი პერსპექტივიდან ვუყურებთ ყოველდღიურობას. 
კიდევ აღვნიშნავ, რომ კელედინის დეპრესია არც წიგნების და არც თავად პერსონაჟის ლაიტმოტივი არ არის, ბევრი სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებელი აქვს, რის გამოც კელედინი აუცილებლად შეგიყვარდება და რომლებზეც აქ არ დავწერ, კითხვის სიამონება რომ არ მოგაკლოთ. 

ჰო, სხვა პერსონაჟებზე არაფერს ვწერ, თუმცა კიდევ მყავს რამდენიმე საყვარელი გმირი, მაგრამ არა ისეთი, როგორიც კელედინია.

პ.ს "კალამზე" გამახსენეთ-მეთქი, ზევით რომ ვთქვი - fun fact: სთორმლაითში მამაკაცებმა წერა-კითხვა არ იციან, ამიტომ, როდესაც წერილებს გზავნიან, ქალები უწერენ. ერთ-ერთ ქალ პერსონაჟს, რომელიც მწიგნობარია, "კალამი" ჰქვია ☺მე ძალიან მომეწონა ეს დამთხვევა და გაგიზიარეთ :)

Sunday, January 26, 2020

Keeping Quiet

Now we will count to twelve and we will all keep still.

იყო დრო, სავარძელში უბრალოდ ჯდომა და სიჩუმის მოსმენა მსიამოვნებდა. დღეს ამის კეთება აღარ შემიძლია.

იმ დღეს მეგობარს ველაპარაკებოდი, როგორი გიჟური რიტმია დღეს მსოფლიოში, რამდენად ვაიძულებთ თავებს რომ უფრო მეტი ვიმუშაოთ, არ ჩამოვრჩეთ დანარჩენებს, ვიყოთ 24/7 ხელმისაწვდომი მეილებზე, ვიცხოვროთ მუდმივი კონკურენციის პირობებში, მოვთხოვოთ  ჩვენს თავს და ყველა დანარჩენს იყოს წარმატებული, და ამავე დროს, რამდენად უფრო ხშირად მივმართავთ ფსიქოთერაპიას (ან გვინდა და ჯერ ვბედავთ - ჩემს შემთხვევაში). საკუთარ თავთან მარტო დარჩენის გვეშინია. ვსქროლავთ სოც.ქსელებს, სთორიდან სთორიზე გადავდივართ, ვუყურებთ სერიალებს და ღამღამობით, ძილის წინ, იმ გარდამავალ მომენტში, ძილსა და ღვიძილს შორის, როცა გონებას ვეღარაფრით ვერ დავაკავებთ და ყველაზე გულახდილები ვართ ჩვენს თავისა და სამყაროს მიმართ, შფოთვა გვიპყრობს და ვხვდებით, რომ  რომ ეს ის არაა, რაც გვინდოდა, არც ერთ წარმატებას, არც ერთ შექებას, არც იმას თუ რამდენი ადამიანი შემოგვნატრის, არ მოაქვს ის, რაც ყოველთვის ყველაზე მეტად გვჭირდება - სულიერი სიმშვიდე.  



If we were not so single-minded 
about keeping our lives moving,
and for once could do nothing,
perhaps a huge silence
might interrupt this sadness
of never understanding ourselves

- Pablo Neruda



პ.ს პოეზია დიდად არ მიყვარს, მაგრამ პაბლო ნერუდა იშვიათი გამონაკლისია