Thursday, August 27, 2020

საოცნებო ოფის-სივრცე ფილმიდან

რომელია თქვენი საოცნებო ოფის-სივრცე ფილმებიდან?

არ ვიცი, ამ შუა შვებულებების პერიოდში რატომ გამიჩნდა ეს კითხვა. შეიძლება იმიტომ რომ ოფისი ნახევრად დაცარიელდა და ჩემს ოთახში საერთოდაც მარტო დავრჩი.

უფრო სწორედ კი, ფილმმა The Intern შთამაგონა, ეს კითხვა დამესვა. ნახეთ, რამხელა ფანჯრებია და როგორი ნათელი სივრცეა! სიამოვნებით ვიმუშავებდი ასეთ ადგილას, იმაზეც არ მექნებოდა პრობლემა, ჩემს მონიტორს რომ ყველა დაინახავდა (რასაც არ უნდა ვაკეთებდე კომპიუტერში, არ მიყვარს ჩემს მონიტორს სხვები რომ ხედავენ, რაღაცნაირად ვიძაბები, "ალბათ მიყურებენ და ფიქრობენ რა ნელა ვაკეთებ ექსელში ამ რაღაცას?" - და მსგავსი სულელური ფიქრები).

მიუხედავად იმისა რომ ინტროვერტი ვარ და ჩემს პირად სივრცეში სხვების შემოშვება არ მიყვარს, ოფისში ერთიან, დიდ სივრცეში მუშაობის იდეა ძალიან მხიბლავს. ჩემი სულ-სულ პირველი სამსახური სწორედ ასეთ სივრცეში იყო, უზარმაზარ ოთახში (ალბათ ოთახი უკვე აღარ ეთქმოდა, ისეთი დიდი იყო), დიდ მაგიდებთან ვიყავით კომპიუტერებთან მიმჯდარი და ძალიან მომწონდა. თან ჩემი პირველი საოფისე სამსახური იყო და რაღაცნაირად მომწონდა, დილით რომ მივდიოდი (ყველაზე ადრე, როგორც წესი), მხოლოდ მე და ოფისის დიასახლისები ვიყავით, მე კომპიუტერს ვრთავდი და ოთახი ნელ-ნელა ივსებოდა ხალხით, ყავის აპარატთან რიგი დგებოდა, ჰაერში კი ყავის სურნელი დატრიალდებოდა

ახლა სამსახურში პატარა ოთახები გვაქვს, თითიეულში 3-4 კაცით და მართალია, ოთახების კარი სულ ღია გვაქვს ერთიანობის ილუზიის შესაქმნელად, ხანდახან ერთი ოთახიდან მეორეში გადავძახებთ ხოლმე ერთმანეთს, მაინც განცალკევებით ვართ და რაღაცნაირად არაკომფორტულია ჩემთვის. ამას რომ ვამბობ კიდევ ერთხელ მიკვირს, საშინლად ინტროვერტი ვარ და ხშირად ყურსასმენებით ვმუშაობ, ისე რომ გარემოს სრულიად ვწყდები. მაგრამ როგორც ჩანს, დიდი სივრცე მეტ კომფორტს მიქმნის, მითუმეტეს თუ ეს სივრცე აი ასეთია:



ინდუსტრიული დეტალები ინტერიერში, შემინული ჭერი და თეთრად შელესილი კედლები ძალიან მომწონს. შეიძლება დესკტოპადაც კი დავიყენო სამსახურში და ილუზია შევიქმნა, რომ მეც ასეთ ადგილას ვმუშაობ :)

2 comments:

  1. რამდენი გემრიელი პოსტი დამხვდა!
    როგორ მომწონს მეც ეს ოფისი და ველოთი რომ შემოდის :))
    შუქი და გაშლილობაა გადამწყვეტი.

    ReplyDelete
    Replies
    1. ხო, შუქია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ბუნებრივ განათებას სულ სხვა ხალისი შემოაქვს, ვერ ვიტან იმ საოფისე ცისფერ ნათებებს :(

      Delete