Thursday, March 19, 2015

Cherry cupcake

მე და ნიკ ქეივი რომ შევხვედროდით ერთმანეთს, სადმე, ამერიკულ სასადილოში.

ერთმანეთის პირისპირ დავსხდებოდით. ის  - უკან გადატკეცილი სწორი თმით. მე - აკანკალებულ ხელებს მაგიდის ქვეშ დავმალავდი.

რამდენიმე წუთი უხერხული სიჩუმე. არ ვიცი, საიდან დავიწყო. ის თვალს არ მომაცილებდა, მე თვალებდახრილი ვიჯდებოდი, რომ მის მზერას არ გადავწყდომოდი.

  "ფენქეიქები მინდა, ბევრი, ერთმანეთზე დაწყობილი, ზევიდან მოსხმული სქელ-სქელი კარამელით. როდის მოვა მიმტანი."

ავიხედე და თავზე გვადგას წინსაფრიანი, საშუალო ხნის, ჩათქვირული ქალი, თავზე თეთრი ჩაჩით. ბლოკნოტი ამოიღო, კალამი მოიმარჯვა, ის-ისაა უნდა გვკითხოს, რას ვინებებთ, რომ ნიკ ქეივი იცნო და პირი დააღო. ხმას ვეღარ იღებს (ვიცი, მეც ეგრე ვარ, იმიტომ არ ვლაპარაკობ). 

რას ვინებებ?  

- ალუბლის ქაფქეიქს (რა? საიდან მოვიტანე?).

 - მშვენიერია - ჩაილაპარაკა და ჩაიწერა. მერე ნიკ ქეივს მიაშტერდა უხმოდ.

- მეც იგივეს. (ღმერთო ჩემო! ისიც ალუბლის ქაფქეიქს შეჭამს. ალბათ მასაც მოესვრება პირი კრემით).

მიმტანი წავიდა. ახლა რა ვქნა, ახლა რა ვქნა? უნდა ავიხედო. დიახ, მისი მზერა. დაკვირვებით მიყურებს. სად წავიღო თვალები? ჩუმად, რომ ვერ შეამჩნიოს, ღრმად ჩავისუნთქე. თვალებში შევხედე. გავუღიმე.

 - იცით, ნედ კელი მეც მიყვარს (რა კარგი ენაა ინგლისური, კაცი ვერ გაიგებს, თქვენობით ველაპარაკები თუ შენობით). თვალებს არ ვაშორებ და ვამჩნევ, რომ გაუკვირდა (დიახ, მე თქვენზე ასეთებიც ვიცი). მერე ნედ კელიზე ვლაპარაკობთ. ასე მგონია, მღერის. ჰო, ნამდვილად მღერის.

ნედ კელიზე მოვრჩით თუ არა, სხაპასხუპით ვაყრი: იცით, თქვენ სიმღერაზე ვიკაიფე? ჰო, პირდაპირი მნიშველობით, რა თქმა უნდა. ვუსმენდი და ნელ-ნელა მოიტანა. ჰო, თქვენს სიმღერაზე ვარ შემჯდარი. დიახ, განსაკუთრებით ამ ერთ სიმღერაზე. როცა ვუსმენ, ვკაიფობ ხოლმე. არა, არც ისე დიდი ხანია, მაგრამ პირველივე მოსმენაზე მოიტანა. თქვენ თქვენს ყველა სიმღერაზე კაიფობთ? გეტყობათ. იცით...

- თქვენი ალუბლის ქაფქეიქები - მიმტანი თეფშებს წინ გვიწყობს.

გავჩუმდით.

ყველაფერი გაფუჭდა, შემართება გამიქრა. ახლა ისევ მაგიდის ქვეშ უნდა დავმალო ხელები. მოდი, თავს მოვაჩვენებ, ვითომ საოცრად დაინტერესებული ვარ ქაფქეიქით. კარგი იქნება, თუ ხელში ავიღებ და შევატრიალ-შემოვატრიალებ, ვითომ ძალიან მაინტერესებს, მრგვალი ქაფქეიქი სხვადასხვა კუთხიდან როგორ გამოიყურება. ისე, მართლა მადისაღმძვრელი ჩანს. როგორ შევჭამო პირი რომ არ მომესვაროს? მოდი ჩანგლით შევჭამ (ეს ჩანგალი საიდან გაჩნდა?). ჩანგალს ვიღებ, ამ იდეის აბსურდულობას ვხვდები და ეგრევე უკან ვდებ. თვითონ მაინც დაიწყოს ჭამა. მერე უკვე ადვილი იქნება. თვალის კუთხიდან ვუყურებ. ნამცხვარს ხელში იღებს, ალუბალს აცლის, თეფშზე დებს და ქაფქეიქს კბეჩს. უჰ, ისე გემრიელად, რომ ძალაუნებურად ტუჩებს ვილოკავ და ნერწყვს ვყლაპავ. შეამჩნია. სასწრაფოდ რამე უნდა გავაკეთო. აჩქარებულად ალუბალს ვიღებ და ჭამას ვიწყებ. კარგია, პირი გამშრალი მაქვს და მომჟავო გემო მსიამოვნებს.

 - თუ გინდა ჩემიც აიღე - მთავაზობს.
- რა? - კინაღამ კურკა გადამცდა. ალბათ ძალიან გაოცებული თვალები მაქვს.
- ალუბალი. თუ გინდა ჩემიც აიღე - მიმეორებს.

 აჰ, არა. ალუბალი არ მიყვარს. ვამბობ და კურკას პირიდან ვიღებ. Oh, my.. ალმური ამდის. ალუბალი არ მიყვარს?  (შემეკვეთა კარამელიანი ფენქეიქები!) თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ. ჰო, ქაფქეიქი. ვიღებ და კრემს შეუმჩნევლად ვლოკავ, ისე რომ ვერ დაინახოს. მერე პატარა ნაწილს ვკბეჩ, მერე უფრო დიდს. პირი მაინც მომესვარა. არ ვიწმენდ, ისე ვეუბნები:  - ძალიან გემრიელია. და ვიცინი. ყველანაირი დაძაბულობა მომეხსნა.
ამ დროს უცებ, თითქოს არსაიდან, იწყება:

"I stepped out of the St. James Hotel
 I left you behind curled up like a child.."

საიდანღაც ის სიმღერა ჟღერს. აქეთ-იქით ვიხედები და ვხედავ - ჩვენი მიმტანი დახლთან დგას და ღიმილით გვიყურებს. რა თქმა უნდა, მისი ამბავია.

ნიკ ქეივი ზის, სწორი, უკან გადატკეცილი თმით, ვარდისფერი კრემით მოთხუპნული პირით და სულ ოდნავ შესამჩნევი ღიმილით მიყურებს. თამამად ვუსწორებ თვალს და მეც ვუღიმი.



Sunday, March 15, 2015

გაზაფხულის საღამოა

მშვიდი თუ როგორი, თქვენი გადასაწყვეტია :)

 ხანდახან ხდება ხოლმე, ჩართავ რაღაც სიმღერას და იფიქრებ, რომ აი ესაა დღევანდელი საუნდტრეკი. იმ დღეს რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერს ეს სიმღერა "დაედება".



 შაბათი, 14 მარტის საუნდტრეკის ავტორებად თამამად ვასახელებ თეიმ იმპალას წევრებს.

 დღეს ჭეშმარიტად გაზაფხულის ამინდი იყო, თბილი, მზიანი, ყვავილების სუნიანი. აი ამ სიმღერის რიტმში ამინდი; უნდა ჩართო და მსუბუქ-მსუბუქად იარო ოდნავ მონაცრისფრო მაგრამ მზიანი თბილისის ქუჩებში. მზე რომ გადავა და დაბინდდება, სახლისკენ მომავალს ბავშვობიდან თინეიჯერობაში გადამავალი ბევრი ყმაწვილი რომ შეგხვდება, ხმაურიანად რომ მოსეირნობენ.

 სამწუხაროა, რომ ეს სიმღერა დღის მიწურულს მოვისმინე, თორემ დღეს ვაჟას რომელიღაც კვარტალში, რომელიღაც ნანგრევების გვერდით ფეხით მიმავალი, აუცილებლად ვიღიღინებდი - let it happen, let it happeen.
მოკლედ, კარგი გაზაფხულიანი დღეები გვაქვს აქ, თბილისში.

  რამდენიმე კვირაა, უკვე აღარ ვამბობ - როცა მუდმივი სამსახური მექნება.. ძალიან კარგი და საინტერესო სამუშაო მერგო და მინდა, რომ მეც კარგი და საინტერესო გავხდე ამ სამუშაოსთვის :)  საერთოდაც მინდა, უფრო კარგი და საინტერესო გავხდე. ადრე სულ ვცდილობდი და ვწვრთნიდი ჩემს თავს, ბოლო დროს ცოტა დავიღალე. მართალია, მე ვთვლი, რომ კარგი გოგო ვარ, მაგრამ ჯობია, უკეთესი გავხდე. გაზაფხული მოვიდა, ამაზე კარგი დრო რა შეიძლება შევარჩიო.

Let it happen, let it happeeen.