Saturday, April 9, 2011

Red hot chili Clay

  კვირას ჩანთებს ჩავალაგებ და წავალ.


   უკვე გადაწყვეტილი მაქვს, რას წავიღებ. ტანსაცმელს ვგულისხმობ, ცხადია. ყველაფერი იქნება ფრიალა და ფერადი, მსუბუქი და კომფორტული. მოკლედ ისეთი, მაქსიმალურად რომ შემიწყოს ხელი ამ ერთი კვირის სასიამოვნოდ გატარებაში.

 რამდენ ხანს ველოდი ამ კვირას! ზუსტად იმ წუთიდან, როცა ის მიწაზე დაემხო და თავი თიხაში ჩარგო.

  თიხის სეზონი იწყება; წითელი, მხურვალე თიხის სეზონი, რომელსაც ხმელთაშუა ზღვიდან მონაბერი ქარი თუ გააგრილებს მხოლოდ.

   უკვე ვგრძნობ სუნთქვისშემკვრელ, მტვრიან ჰაერს. მესმის, როგორ სრიალებენ ამ მტვერში ადამიანები. 

 
     აი, გლადიატორების ბრძოლა აქ არის, თუ არის.. არა, ისინი აქ გლადიატორები კი არა, მატადორები არიან. ნამდვილი კორიდაა, ოღონდ ხარების გარეშე.
  თუმცა, ”მატადორები” შეცდომით ვთქვი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მატადორი მხოლოდ ერთია. ის არის ამ წითელი მიწის ერთპიროვნული მფლობელი, მოსვლის დღიდან. 

   მე მონტე კარლოში მივდივარ. ყველაზე, ყველაზე მყუდრო და ლამაზ ტურნირზე. აქ არც გრანდიოზული კორტებია, როგორც ამერიკაში და არც ათასობით მაყურებელი. არც მუსიკის გამაყრუებელი ხმა ისმის შესვენებისას.

 აქ სიმშვიდეა.

  აქ კორტს ხედი პირდაპირ ხმელთაშუა ზღვაზე აქვს.

  აქ გამარჯვებულს ჯილდოს თვით მონაკოს პრინცი გადასცემს და მერე მასთან ერთად ღიმილით დგება ფოტოგრაფების წინ.

  აქ შეგიძლია თამამად თქვა - Tennis runs in our blood.  იმიტომ, რომ მართლა ერევა სისხლი და ჩოგბურთი ერთმანეთს. თიხა, როგორც სისხლი - წითელი და ცხელი.

  თიხა და ჩოგბურთი.

  მე მონტე კარლოში მივდივარ. თუ აქ სადმე, თბილისის ქუჩებში დამინახეთ, არ გაგიკვირდეთ. მე მაინც მონტე კარლოში ვიქნები.

  მისი მფლობელიც იქ იქნება, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში რომ დომინირებს იმ პატარა კორტზე.
 
 იქ იქნება ჩოგბურთის მატადორი, ჩოგბურთის გლადიატორი.


   იმიტომ, რომ თიხა არის მისი ჩოგბურთი. თიხაზე თამაშობს ყველაზე ძალდაუტანებლად და ლაღად. ისე თავისუფლად, თითქოს ცისფერ ტალღებში ლივლივებდეს.

 იმიტომ, რომ აქ არის ის სამი რამ, რაც მას ყველაზე დიდ ენერგიას აძლევს - თიხა, მზე და ზღვა.

თქვენც შემოგვიერთდით, მონტე კარლოში გელოდებით.

Sunday, April 3, 2011

ჩოგბურთის გლადიატორი

 

    ”ბრძოლის” წინ რამდენიმე წუთით ადრე, მას ყურსასმენები უკეთია, მუსიკას უსმენს და გასახდელში დარბის.

   კორტზე მძიმე ნაბიჯებით გამოდის. ოვაციები ძლიერდება. ის ჩოგანს მაღლა სწევს და ხალხს ესალმება.



  ცოტა უცნაურად დადის მათ თვალში, ვინც არ იცის, რაშია საქმე - ის არასდროს ადგამს ხაზებზე ფეხს.
  სკამთან ჩერდება, ჩანთებს აწყობს და ბოთლებს ძირს ალაგებს, ერთ ხაზზე, გარკვეული თანმიმდევრობით. მეტოქე და მსაჯი უკვე ბადესთან ელოდებიან, როცა თვითონ მშვიდად ზის და ვიტამინებით სავსე პატარა პაკეტს წუწნის.
   მშვიდად-მეთქი, ასე ვთქვი? არა, მშვიდად არ ითქმის იმაზე, თუ როგორ ნერვიულად აბაკუნებს ფეხს, თან აქეთ-იქით იყურება კუშტი მზერით.
  როცა ბადესთან მდგომებს მოლოდინით გული ეწურებათ, წამოდგება, ჩოგანს იღებს და მათთან მიირბენს.

  ამ დროს მაყურებელი ყოველთვის განსაკუთრებულად ხმამაღლა უკრავს ტაშს.

  ბადესთან მონეტა უნდა ააგდონ. არჩევანის უფლებას ყოველთვის მეტოქეს უთმობს, თვითონ კი ადგილზე ხტუნავს.

   როცა გარკვეულია, ვინ იწყებს თამაშს, ბადიდან უკანა ხაზისკენ ზიგზაგისებურად გარბის და ვარჯიშს იწყებს. ის იმ დროსაც კი აგრძელებს ვარჯიშს, როცა მსაჯი გამოაცხადებს ’დრო’.
რაც იმას ნიშნავს, რომ თამაში უნდა დაიწყოს.

 და როცა მსაჯი ამბობს -  Ready? Play!

მაშინ იწყება.



მისი თამაში გლადიატორების ბრძოლას ჰგავს. მაყურებელიც კი ისე იქცევა, თითქოს არენაზე იყოს. ის ემოცია, რომელსაც გამოხატავს, ისეთი გადამდებია, რომ ეკრანს მიღმა აღწევს და შენამდე მოდის. თამაშის დროს არასდროს [ვიმეორებ - არასდროს] იღიმება. მუდმივად კუშტი და დაძაბული გამომეტყველება აქვს.  
 
    შეცდომებზე სახე ეცვლება და უკმაყოფილებას გამოხატავს, ხან თავის გუნდს გახედავს ლამის სასოწარკვეთილებამდე მისული თვალებით. ზოგჯერ კი რაღაც სიტყვებს ლაპარაკობს, რაც სავარაუდოდ, კარგს არაფერს უნდა ნიშნავდეს. ლაპარაკს მხოლოდ მაშინ იწყებს, როცა ძალიან, ძალიან გაბრაზებულია. ხან საკუთარ თავს უყვირის, ხან - გუნდის წევრებს.
  რამდენჯერმე მსაჯსაც ეკამათა, თამაშის ბოლოს კი აუცილებლად უხდის ბოდიშს, ან რამდენიმე სიტყვით აუხსნის ხოლმე, თუ რატომ მოიქცა ასე.



   ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი კი მაშინ დგება, როცა გათამაშებაში მეტოქეზე ძლიერი აღმოჩნდება. ამ დროს მთელი მისი ემოცია, ძალა, გარეთ გამოდის და ერთ სიტყვაში მოექცევა.

  Vamos!  ყვირის ის და დაკუნთულ ხელს მუშტად შემართავს. ხალხი ეიფორიაშია და მათი ხმაური ახშობს მის სიტყვებს.



 Game, set and match - Nadal.

ამბობს მსაჯი და თამაში მთავრდება.

   რაფა თავიდან ბენდენას იძრობს, თავს აქეთ-იქით იქნევს, თითქოს იმ დაძაბულობას იშორებს, რაც მთელი მატჩის განმავლობაში თან სდევდა. ამ დროს ის პირველად იღიმება, ლაღად და გულწრფელად.


    მერე, თითქოს რაღაც გაახსენდაო, სწრაფად მირბის ბადესთან, მოწინააღმდეგეს ხელს ართმევს და მეორე ხელს ზურგზე მეგობრულად ადებს.

   ბოლოს კი მაყურებლების რიგი დგება. რაფა თავისებური ჟესტით მადლობას უხდის მათ და პუბლიკაც თავის გამარჯვებულს ესალმება..

   ამის შემდეგ რაფა სულ იცვლება. ის აღარ არის უხეში და დაძაბული. ინტერვიუს დროს სულ იღიმება და ჟურნალისტს მეგობრულად ეხუმრება. ყოველთვის მადლობას უხდის მაყურებელს და მეტოქეს დადებითი სიტყვებით ახასიათებს, როგორც ახლანდელს, ასევე - მომავალს.

   ერთი შეხედვით, რაფა შეიძლება მსოფლიოში ყველაზე უხეშ არსებად მოგეჩვენოთ. იმიტომ, რომ კორტზე სწორედ ასეთია - მხოლოდ თამაშზე კონცენტრირებული. იმ დროს კონკრეტული მეტოქეც კი არ არსებობს მისთვის, მხოლოდ ადამიანია, რომელიც ბადის მეორე მხარეს დგას. რაფასთვის ყველა ბურთი მნიშვნელოვანია. ყველა ბურთი. პირველიდან ბოლო გათამაშებამდე. 


   აქ ის გლადიატორია, რომელიც იბრძვის გადარჩენისთვის, სისხლის.. არა, ოფლის უკანასკნელ წვეთამდე. ასეც არის, მისთვის ყოველი თამაში არის ბრძოლა, რომელიც უნდა მოიგოს. თამაშში მაქსიმალურ ენერგიას დებს, სწორედ ამიტომ, ხშირად უწევს მაისურის გამოცვლა. ამ პროცესს ხალხის ძლიერი ემოცია მოჰყვება ხოლმე, რის გამოც ის ცოტა იშმუშნება და ცდილობს, მოუქნელი მოძრაობებით სწრაფად ჩაიცვას მაისური. მაგრამ ვინაიდან მოუქნელია, ეს არც თუ ისე სწრაფად გამოსდის.

  თამაშის დამთავრებისთანავე, რაფა იქცევა ადამიანად, რომელიც ბოდიშს უხდის მოწინააღმდეგეს იმისთვის, რომ მასზე გაიმარჯვა.  დარცხვენილი ცეკვავს სალსას კოლუმბიელ გოგოსთან და ამას საკმაოდ ტლანქად აკეთებს. პრესკონფერენციაზე ვრცლად საუბრობს [რამდენადაც მისი ინგლისური აძლევს საშუალებას] განვლილ თამაშზე და არა მარტო - ფეხბურთსა და სხვა თემებზე, რა საკითხზეც არ უნდა დაუსვან კითხვა.

 ასე რომ, არ მოტყუვდეთ. ნადალი მხოლოდ ის არ არის, რასაც თქვენ კორტებზე ხედავთ.