Wednesday, August 31, 2011

ფუნთუშები საუზმეზე

    რომ გამახსენდა, დღეს ზაფხულის ბოლო დღეა, საშინლად დამწყდა გული, რომ ასე, გამოუძინებელი და დაღლილი, კომპიუტერის წინ ვატარებდი საღამოს. მერე ვიფიქრე, ჯანდაბა, რა მნიშვნელობა აქვს, სეზონი ერთ დღეში მაინც არ იცვლება. სულაც არ არის დღევანდელი დღე ზაფხულის დასასრული და არც ხვალინდელია შემოდგომის დასაწყისი.


   მაინცდამაინც თუ გავჯიუტდები და მოვინდომებ, რომ კონკრეტული დღით დავასრულო ზაფხული, მაშინ ჯობია გუშინდელ საღამოს მივანიჭო ეს საპატიო სტატუსი.

    ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი საღამო - სასიამოვნოდ გრილოდა, ბავშვები საქანელებზე ქანაობდნენ, ჭრიჭინების ხმა ისმოდა და ჰაერში  ახალგამომცხვარი ფუნთუშების სურნელი ტრიალებდა.

  და ქეითმა მითხრა, post about it-ო.


    ამ (არა)ჩვეულებრივ საღამოს ქეითის სახლში შევხვდი სიბელს, ქემალ ბეის და ფუსუნს. ისე მიმიზიდეს, რომ ვეღარ ვშორდებოდი და ღამის 3 საათზე, ნახევრად მძინარე, არაფრით ვუშვებდი ხელს.

  ახლა ძალიან მენატრებიან. მინდა, რომ ყველა დილა ისეთი მზიანი იყოს, როგორც დღეს იყო. სამზარეულოში ყავას ვსვამდე და იმ ფუნთუშებს ვაყოლებდე, წინა საღამოს   სპეციალურად  რომ შევიძინეთ დილისთვის.

 ასე გავიდა ზაფხული, რომელმაც გვერდით ჩამიარა. 



     რა გაეწყობა, სეზონები მუდამ ერთმანეთს ენაცვლებიან.

    მთავარია გვერდით სულ იყვნენ ადამიანები, რომლებიც კალენდარს, ამინდებს და სხვა სისულელეებს უმნიშვნელოს გახდიან.

Saturday, August 27, 2011

Every Summer Has a Story

     შარშან Wonderland-ში ვიყავი.


    როცა განვლილ დროს გადახედავ, მაშინ ხვდები, როგორ იცვლები. ხვდები, რომ უფრო მიუახლოვდი სასურველ მე-ს.

   არ ვიცი, თქვენ გყავთ სასურველი მე?

   გადახედავ ცხოვრებას და ხვდები, რომ ხშირად შემთხვევითობა წყვეტს ადამიანების ბედს.  ის, რასაც გუშინ ვერ აკეთებდი, დღეს გააკეთე, იმიტომ, რომ ასე გახდა საჭირო. როგორი ადამიანიც არ უნდა იყო, რა ადგილიც არ უნდა გეკავოს საზოგადოებაში, შენი წილი ცხოვრება გაქვს, რომელიც მხოლოდ შენ გეკუთვნის.


   შარშან Wonderland-ში ვიყავი.

   იქ ყველაფერს თავის დატვირთვა ჰქონდა. დღეები ძალიან გავდა ერთმანეთს, მაგრამ ყველა დღე კარგად მახსოვს. მახსოვს, რომ 19 აგვისტოს საღამოს ტყეში ვიყავით და დაბინდებისას წამოვედით.  ქარი ამოვარდა და თითქმის სირბილით მოვდიოდით, რომ დროზე შეგვეფარებინა სახლისთვის თავი. გზაში ბებო შემოგხვდა, ჩვენ საძებნელად წამოსულიყო. სახლში რომ ავედით, ცხელი ჩაი დავლიე.
   24-ში მეზობელთან კარტოფილის ხინკალი გავაკეთეთ. ზუსტად ასეთი ამინდი იყო, როგორც დღეს - მოღრუბლული, მზე ხანდახან გამოანათებდა. აივანზე ვისხედით, გოგოები სოფლის ძველ ამბებს იხსენებდნენ და თან ხინკალს ახვევდნენ.

    მაშინ ძალდაუტანებლად მომწონდა ჩემი მე. ზოგადად, მძულს ისეთი მომენტები, სადაც საკუთარი თავის მართვა მიწევს. იქ არ მიწევდა.

   თქვენც ფიქრობთ, რომ არსებობს იდეალური გარემო ერთ კონკრეტულ ადგილზე, ოღონდ გარკვეული დროით? ანუ, მერე ყველაფერი ისევ ისე რომ გხვდება, მაგრამ you just don't feel that way anymore.
 
   მივხვდი, რომ არაფერი მეორდება.



   პ.ს  ეხლა ის შეგრძნება მაქვს, პოსტს რომ დაწერ, გადახედავ და გაიფიქრებ ’ ჯანდაბა, ეს როგორ დავაპაბლიშო?’

Sunday, August 21, 2011

შემოდგომის პირზე

     დღეს ყველა ადამიანი წავიდა და მარტო დავრჩი.  ჰოდა, იმ გაუსაძლის სევდას ვგრძნობ, ისეთი დროს მოგონებები რომ იწვევს, რომელსაც ვერ დააბრუნებ. მინდა ეს დღე მალე გავიდეს და მერე ხვალინდელი დღეც მიყვეს, რომ მალე წავიდე.

   მაგრამ.. წასვლაც არ მინდა. თბილისში არაფერი ისეთი არ მელოდება, რომ იქ ყოფნის სურვილი მქონდეს. აქ კი მშვიდი დღეები მაქვს და სიხარულით დავდივარ მაღაზიაში და წყაროზე.
 
   ამ შეგრძნებებს ვერაფერს ვუხერხებ, თავში რომ ირევიან. საკმარისია ერთი წამით ჩავფიქრდე, რომ მაშინვე იმ გაუსაძლის სევდას ვგრძნობ.




    გუშინ ქვაჯარაზე ვიყავით ასულები მე და მარიამი. ულამაზესი იყო იქაურობა, მზე თითქმის ჩასული იყო და ოქროსფერი დაკრავდა ყველაფერს. მარიამი ჩემზე მშიშარაა და 10 წუთში უკვე წავიდეთო, მითხრა. სანამ ჩამოვედით, დაბნელდა და სოფელში რომ შევედით, ღამე იყო. ხელი ჰქონდა ჩემზე ჩაჭიდული და ისე მოვდიოდით. მე მეცინებოდა, რომ ვიღაც ჩემს იმედზე იყო. აი ასე, ჩემზე მშიშრებიც არსებობენ.

    მარიამობის ღამეს რომ არაფერი მომხდარა ვთქვი უკვე? პატარა ბავშვები ვითომ ჭიდაობდნენ, ცოტა ხანს ვუყურე და მალე მომბეზრდა. მერე ეკლესიის ეზოში ვისხედით, ვიღაც გოგოებთან ერთად, რომლებიც იმ დროს გავიცანი. იმათაც 15 წლის ვეგონე. თვითონ იყვნენ მაგ ასაკის და მე უფრო დიდები მეგონა :)
  მერე მე და მარიამს გასეირნება გვინდოდა, ბებო გამოვიდა მაგ დროს ეკლესიიდან და ისე მკაცრად ამიკრძალა წასვლა, გვიანიაო, თავი პატარა ბავშვად ვიგრძენი და მორჩილად გავყევი სახლში.

   მეორე დღეს, ანუ 28-ში, იმდენი ხალხი იყო სოფელში, რომ მიკვირდა, ნუთუ ეს დვალთაა-მეთქი.  იმდენი მანქანა მოძრაობდა, რომ ქუჩაზე [მეცინება, ’ქუჩას’ რომ ვწერ. ეს სიტყვა ძალიან პომპეზურია აქაური გზებისთვის]  გადასვლისას აქეთ-იქით უნდა გაგეხედა. სამაგიეროდ, ახლა აღარ არის არავინ. მე ვარ და კიდევ რამდენიმე ბავშვი.
 ყავაც არ მინდა, რომ დრო გავიყვანო. გარეთ ცხელა და ოთახში ვარ გამოკეტილი. კითხვასაც კი ვერ ვუდებ გულს.

   უკვე არ ვიცი, ამას რატომ ვწერ, ან გამოვაქვეყნებ თუ არა ბლოგზე. ალბათ, მხოლოდ ნაწილს.


 * * *

   ეხლა საღამოა, მზე ჩადის და ნიავი უბერავს. სკამზე ვზივარ და ჩემი გამბედაობა მაოცებს. მე და სადმე მარტო წასვლა? წეღან ისე მომინდა სადმე გასვლა, რომ ბებოს ვეხვეწებოდი, ვინმესთან წავიდეთ-თქო. მერე ეს ადგილი გამახსენდა და მაშინვე გამოვეშურე.



  ახლა რომ ვზივარ ასე და ვწერ, ის მომენტი მახსენდება, ფილმში ’Becoming Jane’, ტრეილერში არის ასეთი ეპიზოდი - ვიღაც კითხულობს: What is she doing? და პასუხი ისმის: Writing. მეც ვინმემ რომ დამინახოს ახლა, ალბათ გაუკვირდება, რას აკეთებსო. არაფერსაც არ ვაკეთებ, უბრალოდ ვწერ.

   მეშინია იმ პრობლემების, რომელიც თბილისში მელოდება. სირაქლემას პოზიციაში ვარ ეხლა, უფრო სწორად, სკარლეტ ოჰარას პოზიციაში - რომ ჩავალ, მერე ვინერვიულებ.

    მეზობელი სახლის აივანზე ვიღაც ქალი დგას და ჩემს privacy-ს არღვევს.  ეს ადგილია ისეთი, სულ გგონია, რომ ვიღაც გიყურებს. მარტო მე არ მქონია ასეთი განცდა, მარიამიც ასე ამბობდა რამდენიმე დღის წინ.
 ჰოდა ასე ვზივარ, ვიღაცებით გარშემორტყმული და ბოლომდე ვერ ვმშვიდდები.


 
   პ.ს ტექსტი  2010 წლის აგვისტოს ჩანაწერებიდანაა. არეული და არათანმიმდევრულია, სავარაუდოდ. სხვადასხვა ადგილიდან არის ამოღებული და იმიტომ.  :)

Wednesday, August 17, 2011

We both know, this is pathetic

   დღეს ვფიქრობდი, რომ ადამიანები ერთმანეთს ძირითადად რაღაც სტანდარტული კომპონენტებით ვიცნობთ. პირველადი ინფორმაცია ახალგაცნობილზე, ან საერთოდაც უნახავ ადამიანზე, ყოველთვის ერთი და იგივეა.

   აი, მაგალითს მოგიყვებით. შარშან სოფელში წყლის მზიდავის ფუნქცია მქონდა და ნათესავ/მეზობელ ქალთან ერთად დავდიოდი წყაროზე. გზად რა სახლსაც გავივლიდით, მიხსნიდა - აქ ეს და ეს ცხოვრობს, სკოლა წელს დაამთავრა, უნივერსიტეტში მოეწყო ამა და ამ ფაკულტეტზე. ან - ამათ საბურთალოზე აქვთ სახლი. [ყველაფერ ამას თავის ინიციატივით აკეთებდა. ღმერთი, რჯული, მე იოტისოდენა ინტერესიც არ გამომიხატავს რომელიმე მაცხოვრებლის მიმართ]

    ზოგადად ხომ ასეა, როცა ვინმეზე გიყვებიან, აუცილებლად გაწვდიან ინფორმაციას მის განათლებასა და დასაქმებაზე, ხშირ შემთხვევაში მატერიალურ სტატუსზეც.

  ხომ შეიძლება, რომ ადამიანებზე სულ სხვა ტიპის ცნობებს ვიღებდე - რა უყვარს, რა საქმიანობა იტაცებს.  მაგალითად, აქ ცხოვრობს ეს და ეს, უყვარს კალათბურთი და ფორთოხალი. ის ადამიანი გატაცებულია კინოლოგიით, ასევე ცოტა გულჩათხრობილია. ამას ალპინიზმი და ლაშქრობები იტაცებს და ა.შ და ა.შ

    ხომ ისედაც ვიცით, რომ ყველა სკოლაში დადიოდა, ყველამ დაამთავრა, მერე სადღაც ჩააბარა და ბოლოს მუშაობა დაიწყო. რას ვიზამთ, ასე სწორხაზოვნად ვცხოვრობთ ადამიანები.

   მერე გამახსენდა ჩემი ახირება, ყველას რომ არ ვუყვები ჩემს სიყვარულებზე. ახალგაცნობილ ადამიანს, მითუმეტეს ისეთს, რომელიც არ მომწონს, სულ არ ვეტყვი რომ ჩოგბურთი მიყვარს, ბლოგზე ხომ სიტყვას ვერ დამაცდენინებს ვერავინ.  ამიტომ სხვა რა დარჩენიათ ჩემი მეზობლის მსგავს ქალებს, ასე უნდა გააცნონ ჩემი თავი, რომ სამედიცინო მაქვს დამთავრებული და ახლა ვმუშაობ.

 

Sunday, August 7, 2011

მწვანე

   სოფი მეუბნებოდა, მაინტერესებს, მწვანეს როდის დაწერო. მაშინ მეც არ ვიცოდი, როდის და რა თემაზე იქნებოდა

   ახლა წერა რომ დავიწყე, ერთ-ერთი იმ იშვიათ შემთხვევათაგანი მოხდა, როცა პოსტის სათაური წინასწარ ვიცოდი და ბოლოში არ მომიწია ტვინის წიწკვნა.

   გუშინ, ტრადიციულად, სოფელში წავედი. მანამდე ერთი გადაცვლ-გადმოცვლა ვაწარმოე, რომ შაბათი დღე გამეთავისუფლებინა, ვმუშაობდი წესით. ასე ძალიან იმიტომ ვიღწვოდი, რომ იქ ნათია, ქეითი და ანნა მეგულებოდა.

   გავყევი სრულიად უცნობ ადამიანს, რომლის მხოლოდ მანქანის ნომერი ვიცოდი. მივედი, გავუღიმე და ჩავუჯექი. თან მშვიდად ამოვისუნთქე - ახლა უკვე თითქმის არაფერი შემიშლიდა ხელს სოფლამდე მიღწევაში [ნუ, იმ შემთხვევების გარდა, თუ ავარია მოგვიხდებოდა გზაში და სადმე რაიონულ საავადმყოფოში გადაგვიყვანდნენ დამტვრეულებს, ან ჩემი მძღოლი სერიული მკვლელი აღმოჩნდებოდა და გზად, სადმე ტყეში ამომხდიდა სულს]. საბედნიეროდ, არც ავარია მოგვსვლია და მძღოლიც პატიოსანი ადამიანი აღმოჩნდა.

   ტრასიდან სოფლის გზას რომ ავუყევით, მახსოვს თანამგზავრი რაღაცას ყვებოდა, მაგრამ მე უკვე არაფერი მესმოდა. გაღიმებული ვიჯექი და გარეთ ვიყურებოდი.

   ჩასვლიდან ძალიან მალე, გოგოებთან გავედი და მთელი დღე [და ნახევარი ღამე] იქ გავატარე.

  ვისწავლე უნოს თამაში [ჰმ, ვისწავლე ვითომ? ჩემი ჯერი რომ მოდიოდა, დებილივით ვიჯექი და ყველას ჩემსკენ მომზირალი თვალები მახვედრებდა, რომ ჩემი სვლა იყო], ბევრი ველაპარაკე ქეითს. მერე წავედით ფიჭვნარში, ვისუნთქე ბევრი სუფთა ჰაერი და ვიყავი ბედნიერი.   ბევრი  ვიარე  ფეხით, შემცივდა, დავიღალე, მაგრამ მაინც ვიყავი ბედნიერი.

  აი, ქეითსაც ვეუბნებოდი, რომ იქ ყველაფერი მატერიალური, პრობლემური და ’დიდური’ შორს არის ძალიან, თითქოს რაღაც წიგნში წაგიკითხავს, რომ სადღაც ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც სულ მუშაობენ, რომ ფული ჰქონდეთ, ან არ მუშაობენ და ’მერე მუდამ სწუხან ამაზე’.

  იქ ფულს საერთოდ გამოყენება არ აქვს : ) ერთადერთი, შეიძლება შოკოლადი იყიდო მაღაზიაში, ან გაზიანი სასმელი. აი, როგორც ბავშვობაში, ფული მარტო იმიტომ რომ გჭირდება, რომ რაიმე ტკბილეული იყიდო.

  ამიტომ ჰქვია ამ პოსტს მწვანე.

   იქ ხარ მწვანე.

  იქ ხარ ისეთი, როგორიც ხარ. არ ვიცი, რაღაც მაგიური გარემოა, თავს რომ ასე გაგრძნობინებს.

   დღეს ბადმინტონი ვითამაშე წვიმაში. ჯერ წვრილად ცრიდა, მერე კი ისე გაწვიმდა, რომ დავტაცე ჩოგნებს ხელი და თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი, სველი და [რა თქმა უნდა] ბედნიერი. როგორც კი ოდნავ გადაიღო, ისევ გავვარდი, ვითამაშე, ისევ ძალიან გაწვიმდა და  ისევ გამოვიქეცი : ))

 რომ წამოვედი, იყო ნისლი.  თეთრი, ალაგ-ალაგ მწვანე შერეული ნისლი.

  მე აღარ ვიყავი ბედნიერი, მაგრამ მაინც ვიყავი მწვანე :)

 

Wednesday, August 3, 2011

ჯანდაბა, სათაური არ დამიწერია

   გამარჯობა, New Post-ის ფანჯარა. ვხვდები, რომ ამ ბოლო დროს მე და შენ ურთიერთობა აღარ გამოგვდის. გაუცხოებას ვგრძნობ შენ მიმართ. ადრე წინ რომ დაგიჯდებოდი, ერთი სული მქონდა, ჩემი ამბები მომეყოლა. სულ სხაპასხუპით ვლაპარაკობდი, ყველაფერს ერთად მოგაყრიდი, რომ მერე არ დამვიწყებოდა. გიყვებოდი ყველაფერზე - ადამიანებზე, ჩემზე, ფილმებზე,  რაფაზე..

 ყველაფერი ისე იოლად გამოდიოდა, ძალდაუტანებლად.

  მერე ჩვენი საუბრის ნაწილს სხვებსაც ვაჩვენებდით. რაღაცებს ვმალავდით, ისეთს, ზედმეტად გულახდილს, ან უბრალოდ, არასაჭირო ინფორმაციას.

 ახლა კი რა ხდება? გაგირბივარ. საერთოდ არ გეკარები.  არც კი ვცდილობ გავარკვიო, რატომ მოხდა ასე. შენც ჯიუტად დუმხარ. თან იცი, რომ არც მე ვარ დიდი ინიციატორი ურთიერთობების გარკვევაში. მაგრამ მაინც ჩემგან ელოდები პირველ ნაბიჯს.

  აი, მოვედი.  აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს.

  ჰო, ძალმიძზე გამახსენდა. ჯგუფელი მყავდა, მოსკოვში იყო გაზრდილი. ქართული კი იცოდა, მაგრამ მაინც უჭირდა რაღაც დეტალებში. ერთხელ, ქართულის ლექცია გვქონდა და ეს სიტყვა, ”ძალუძს”, შეხვდა რომელიღაც ნაწარმოებში. ჰოდა ლექტორს ეკითხება - ძალუძი რა არისო?

  კარგი გოგო იყო ეკა. იყო რა, არის. უბრალოდ მე აღარ მაქვს კონტაქტი მასთან. ძალიან კომუნიკაბელური და უშუალო იყო, ლამაზიც. მახსოვს ჩემს მეგობარს ვეკითხებოდი, ყველა ბიჭს ეკა რატომ არ უყვარდება-მეთქი? რა პატარა და სასაცილო ვიყავი მაშინ.

 იცი, რას დავაკვირდი? ადამიანებს ყველაზე მეტად მშვიდი მიდგომა განაიარაღებს. აი ხომ დგას, ჩხუბობს, ჩხუბობს. შენგანაც ელოდება, რომ შეეწინაღამდეგები და წინასწარ ემზადება, რომ უფრო მეტად გაბრაზდეს. ამის მაგივრად რომ მოუსმენ, დაეთანხმები და თანაუგრძნობ, ჩხუბის მიზეზი აღარ რჩება და ჩერდება.
  ხომ მარტივი ჭეშმარიტებაა და ყველამ ვიცით, მაგრამ რა მაგარია, როცა პრაქტიკაში ახორციელებ და შენთვის გეღიმება ყოველ შედეგზე.
 
  ყველა ადამიანი ერთნაირია. აი ყველა.

 როგორ მეძინება. ამ ვიქენდს ერთი კვირაა ვგეგმავ და გამოვიდეს რა. მე ყველაფერს ვეჩვევი. კი ვამაყობ საკუთარი თავით, მაგრამ ხანდახან უარიც უნდა თქვა. ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ’ვერ შევძელი’, არამედ ’არ მინდოდა’. ჩემს დაღლილ თვალებს ვერ ვიტან, დილით, მარტო დილით აქვს ძველი იერი. ნახატიანი მაისურები მინდა. კიდევ აიპოდი. აიპოდი ძალიან.

 
 მოკლედ ასეა, ყველაფერი გამომივიდა, რაც კი მინდოდა გითხარი.

  აუ, პოსტის სათაური. როგორ ვერ ვიტან ამ მომენტს - პოსტს დავამთავრებ, მზად არის გამოსაქვეყნებლად და უცებ ავხედავ ცარიელ გრაფას და..  ჯანდაბა, სათაური არ დამიწერია.

 ვაიმე, მოვიფიქრე.

  ესეც ასე. მზად არის.

  Publish Post