Wednesday, August 3, 2011

ჯანდაბა, სათაური არ დამიწერია

   გამარჯობა, New Post-ის ფანჯარა. ვხვდები, რომ ამ ბოლო დროს მე და შენ ურთიერთობა აღარ გამოგვდის. გაუცხოებას ვგრძნობ შენ მიმართ. ადრე წინ რომ დაგიჯდებოდი, ერთი სული მქონდა, ჩემი ამბები მომეყოლა. სულ სხაპასხუპით ვლაპარაკობდი, ყველაფერს ერთად მოგაყრიდი, რომ მერე არ დამვიწყებოდა. გიყვებოდი ყველაფერზე - ადამიანებზე, ჩემზე, ფილმებზე,  რაფაზე..

 ყველაფერი ისე იოლად გამოდიოდა, ძალდაუტანებლად.

  მერე ჩვენი საუბრის ნაწილს სხვებსაც ვაჩვენებდით. რაღაცებს ვმალავდით, ისეთს, ზედმეტად გულახდილს, ან უბრალოდ, არასაჭირო ინფორმაციას.

 ახლა კი რა ხდება? გაგირბივარ. საერთოდ არ გეკარები.  არც კი ვცდილობ გავარკვიო, რატომ მოხდა ასე. შენც ჯიუტად დუმხარ. თან იცი, რომ არც მე ვარ დიდი ინიციატორი ურთიერთობების გარკვევაში. მაგრამ მაინც ჩემგან ელოდები პირველ ნაბიჯს.

  აი, მოვედი.  აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს.

  ჰო, ძალმიძზე გამახსენდა. ჯგუფელი მყავდა, მოსკოვში იყო გაზრდილი. ქართული კი იცოდა, მაგრამ მაინც უჭირდა რაღაც დეტალებში. ერთხელ, ქართულის ლექცია გვქონდა და ეს სიტყვა, ”ძალუძს”, შეხვდა რომელიღაც ნაწარმოებში. ჰოდა ლექტორს ეკითხება - ძალუძი რა არისო?

  კარგი გოგო იყო ეკა. იყო რა, არის. უბრალოდ მე აღარ მაქვს კონტაქტი მასთან. ძალიან კომუნიკაბელური და უშუალო იყო, ლამაზიც. მახსოვს ჩემს მეგობარს ვეკითხებოდი, ყველა ბიჭს ეკა რატომ არ უყვარდება-მეთქი? რა პატარა და სასაცილო ვიყავი მაშინ.

 იცი, რას დავაკვირდი? ადამიანებს ყველაზე მეტად მშვიდი მიდგომა განაიარაღებს. აი ხომ დგას, ჩხუბობს, ჩხუბობს. შენგანაც ელოდება, რომ შეეწინაღამდეგები და წინასწარ ემზადება, რომ უფრო მეტად გაბრაზდეს. ამის მაგივრად რომ მოუსმენ, დაეთანხმები და თანაუგრძნობ, ჩხუბის მიზეზი აღარ რჩება და ჩერდება.
  ხომ მარტივი ჭეშმარიტებაა და ყველამ ვიცით, მაგრამ რა მაგარია, როცა პრაქტიკაში ახორციელებ და შენთვის გეღიმება ყოველ შედეგზე.
 
  ყველა ადამიანი ერთნაირია. აი ყველა.

 როგორ მეძინება. ამ ვიქენდს ერთი კვირაა ვგეგმავ და გამოვიდეს რა. მე ყველაფერს ვეჩვევი. კი ვამაყობ საკუთარი თავით, მაგრამ ხანდახან უარიც უნდა თქვა. ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ’ვერ შევძელი’, არამედ ’არ მინდოდა’. ჩემს დაღლილ თვალებს ვერ ვიტან, დილით, მარტო დილით აქვს ძველი იერი. ნახატიანი მაისურები მინდა. კიდევ აიპოდი. აიპოდი ძალიან.

 
 მოკლედ ასეა, ყველაფერი გამომივიდა, რაც კი მინდოდა გითხარი.

  აუ, პოსტის სათაური. როგორ ვერ ვიტან ამ მომენტს - პოსტს დავამთავრებ, მზად არის გამოსაქვეყნებლად და უცებ ავხედავ ცარიელ გრაფას და..  ჯანდაბა, სათაური არ დამიწერია.

 ვაიმე, მოვიფიქრე.

  ესეც ასე. მზად არის.

  Publish Post

4 comments:

  1. მიხარია ხოლმე, შენთან ახალ პოსტს რომ ვხედავ :) მეც ეგრე დამემართა ბოლო დროს. გაუცხოებული ვარ ბლოგთან და რაც არ უნდა დავწერო, მაინც არ ვაქვეყნებ.
    ჰო, კიდევ "ვერ შევძელი" და "არ მინდოდას" როგორ ანსხვავებ? მე სულ მეშლება ერთმანეთში :( :P

    ReplyDelete
  2. ნატალია,მეც ვერ გადავწყვიტე სად წავიდე... და თუ იცი ისეთი ადგილი, სადაც შენთვის იქნები და ხელს არავინ შეგიშლის?

    ჩხუბზე მართალი თქვი, ბოლო დროს მაგ ხერხს მივმართავ და ისეთი სასიამოვნო მომენტია ;)

    ReplyDelete
  3. ასეთიც კი საყვარელი ხარ <3

    ReplyDelete
  4. უი ამაზე მე პოსტი დავწერე.
    აი როგორ გეთანხმები, რომ იცოდეს.

    ReplyDelete