Sunday, August 7, 2011

მწვანე

   სოფი მეუბნებოდა, მაინტერესებს, მწვანეს როდის დაწერო. მაშინ მეც არ ვიცოდი, როდის და რა თემაზე იქნებოდა

   ახლა წერა რომ დავიწყე, ერთ-ერთი იმ იშვიათ შემთხვევათაგანი მოხდა, როცა პოსტის სათაური წინასწარ ვიცოდი და ბოლოში არ მომიწია ტვინის წიწკვნა.

   გუშინ, ტრადიციულად, სოფელში წავედი. მანამდე ერთი გადაცვლ-გადმოცვლა ვაწარმოე, რომ შაბათი დღე გამეთავისუფლებინა, ვმუშაობდი წესით. ასე ძალიან იმიტომ ვიღწვოდი, რომ იქ ნათია, ქეითი და ანნა მეგულებოდა.

   გავყევი სრულიად უცნობ ადამიანს, რომლის მხოლოდ მანქანის ნომერი ვიცოდი. მივედი, გავუღიმე და ჩავუჯექი. თან მშვიდად ამოვისუნთქე - ახლა უკვე თითქმის არაფერი შემიშლიდა ხელს სოფლამდე მიღწევაში [ნუ, იმ შემთხვევების გარდა, თუ ავარია მოგვიხდებოდა გზაში და სადმე რაიონულ საავადმყოფოში გადაგვიყვანდნენ დამტვრეულებს, ან ჩემი მძღოლი სერიული მკვლელი აღმოჩნდებოდა და გზად, სადმე ტყეში ამომხდიდა სულს]. საბედნიეროდ, არც ავარია მოგვსვლია და მძღოლიც პატიოსანი ადამიანი აღმოჩნდა.

   ტრასიდან სოფლის გზას რომ ავუყევით, მახსოვს თანამგზავრი რაღაცას ყვებოდა, მაგრამ მე უკვე არაფერი მესმოდა. გაღიმებული ვიჯექი და გარეთ ვიყურებოდი.

   ჩასვლიდან ძალიან მალე, გოგოებთან გავედი და მთელი დღე [და ნახევარი ღამე] იქ გავატარე.

  ვისწავლე უნოს თამაში [ჰმ, ვისწავლე ვითომ? ჩემი ჯერი რომ მოდიოდა, დებილივით ვიჯექი და ყველას ჩემსკენ მომზირალი თვალები მახვედრებდა, რომ ჩემი სვლა იყო], ბევრი ველაპარაკე ქეითს. მერე წავედით ფიჭვნარში, ვისუნთქე ბევრი სუფთა ჰაერი და ვიყავი ბედნიერი.   ბევრი  ვიარე  ფეხით, შემცივდა, დავიღალე, მაგრამ მაინც ვიყავი ბედნიერი.

  აი, ქეითსაც ვეუბნებოდი, რომ იქ ყველაფერი მატერიალური, პრობლემური და ’დიდური’ შორს არის ძალიან, თითქოს რაღაც წიგნში წაგიკითხავს, რომ სადღაც ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც სულ მუშაობენ, რომ ფული ჰქონდეთ, ან არ მუშაობენ და ’მერე მუდამ სწუხან ამაზე’.

  იქ ფულს საერთოდ გამოყენება არ აქვს : ) ერთადერთი, შეიძლება შოკოლადი იყიდო მაღაზიაში, ან გაზიანი სასმელი. აი, როგორც ბავშვობაში, ფული მარტო იმიტომ რომ გჭირდება, რომ რაიმე ტკბილეული იყიდო.

  ამიტომ ჰქვია ამ პოსტს მწვანე.

   იქ ხარ მწვანე.

  იქ ხარ ისეთი, როგორიც ხარ. არ ვიცი, რაღაც მაგიური გარემოა, თავს რომ ასე გაგრძნობინებს.

   დღეს ბადმინტონი ვითამაშე წვიმაში. ჯერ წვრილად ცრიდა, მერე კი ისე გაწვიმდა, რომ დავტაცე ჩოგნებს ხელი და თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი, სველი და [რა თქმა უნდა] ბედნიერი. როგორც კი ოდნავ გადაიღო, ისევ გავვარდი, ვითამაშე, ისევ ძალიან გაწვიმდა და  ისევ გამოვიქეცი : ))

 რომ წამოვედი, იყო ნისლი.  თეთრი, ალაგ-ალაგ მწვანე შერეული ნისლი.

  მე აღარ ვიყავი ბედნიერი, მაგრამ მაინც ვიყავი მწვანე :)

 

12 comments:

  1. რაც ეგენი მანდ არიან, სულ მესიზმრება, რომ მეც სადღაც ეგეთ ადგილას ვარ. დილით წამოვხტები ხოლმე და მინდა, რომ ჩავჯდე ტრანსპორტში და დვალთაში ავიდე, მაგრამ სად წავალ :)))
    უნოს თამაშზე მეც ეგრე ვარ. სულ ვიბნევი და რატომღაც სულ ჩემი ჯერია და შემაჯანჯღარებენ ხოლმე. თან, რატომღაც ვერასოდეს ვწვდები დასტას...
    მომეწონა "მწვანე" :) ხშირად დაგეწეროს ასეთები :)

    ReplyDelete
  2. მადლობა მარი <3 უნოს ცოტა ’დამუღამება’ უნდა, რაღაც წესები ჯერ კიდევ არ ვიცოდი და სულ მასწრებდნენ :დ დღეს ვეღარ მოვასწარი გოგოების ნორმალურად ნახვა და გული დამწყდა, 2 წუთით გავედი მარტო.
    ჰოდა, ერთხელ ჩავსხდეთ ტრანსპორტში და ავიდეთ დვალთაში :)) [რაც არც თუ ისე იოლია, ვინაიდან იქამდე ტრასპორტი არ მიდის :დ]

    ReplyDelete
  3. ძალიან კარგია მწვანე, ყოველთვის ასეთ ემოციებს ტოვებს, მიხარია :))

    ReplyDelete
  4. იუჰუუ!
    გმირობა ჩაუდენია გოგოს :დდდ

    ისე კი ლამაზად მწვანე ხარ :)

    ReplyDelete
  5. ჩოგნებს ხელი დავტაცე და გავიქეციო, იცი, რომელი წიგნი გამახსენა? "გრძელფეხება მამილო" (Daddy-long-legs, არ ვიცი, წაკითხული გაქვს თუ არა, მაგრამ ზუსტად შენნაირ გოგოზეა... ადრე ჩემნაირზეც იყო, მაგრამ მე აღარ ვარ ისეთი მწვანე :))))

    ReplyDelete
  6. ზურიუს, რომელია გმირობა აბა? :დ

    სოფი, არ მაქვს წაკითხული :/ მე რატომღაც მაგ მომენტზე სულ სალტკროკელები მახსენდება, ჩორვენის დები წვიმაში რომ ზღვისკენ გარბოდნენ :))

    ReplyDelete
  7. წასვლა მინდა თბილისიდან. სოფელში. აღარ მინდა ეს ქალაქი, დასვენება მინდა. :((((((((



    პ.ს. "ქეით"-ს რომ ვხედავ, სულ ჩემი თავი მგონია ხოლმე.

    ReplyDelete
  8. მე მიყვარს ნისლი სიმწვანეში <3

    და არ მჯერა. არ მჯერა რომ შენ უცნობ ადამიანთან იმგზავრე :)))

    ReplyDelete
  9. ქეით, მეც შენზე ვიყავი მიჩვეული აქამდე ’ქეითს’ :)) ეხლა ავირიე უკვე :))

    ნინა, უცნობი იყო კი, ნათესავის ნაცნობი :დ :დ სოფელში წასვლის სანაცვლოდ რას არ იზამ კაცი :დ
    პ.ს მიხარია რომ გამოჩნდი! <3

    ReplyDelete
  10. ისე მეც გამიკვირდა, რომ უცნობს მანქანაში ჩაუჯექი.



    ხო, რაღაც შევიშმუშნე დრაკულაც რომ ქეითია და მეც. :)

    ReplyDelete