Saturday, December 22, 2012

Lullaby For A Troubled Man

And no one sings me lullabies,
And no one makes me close my eyes,
So I throw the windows wide
And call to you across the sky..

  მე ვინ მიმღერებს იავნანას მაშინ, როცა უეცრად მივხვდები, რომ საოცრად მესმის იმ ადამიანების, ვინც საკუთარ თავს უშავებს რამეს, ბრიტვით იჭრის ხელებს, ფეხებზე ჩალურჯებები აქვს და ხელებზე ნაკაწრები?

   ფანჯარას რომ გამოაღებ და ცის გადაღმა მოგინდება ვიღაცას გასძახო და უთხრა, ჰეი, ამ ნაცრისფრად შედედებულ დღეს, წამოდი, სადმე ბინძურ ბარში ერთი ჭიქა ვისკი დავლიოთ, ან თუნდაც ქუჩაში დასხდეთ და ბოთლიდან მოვიყუდოთ იაფფასიანი არაყი [რომლის გახსენებაზეც  მსუბუქი გულისრევის შეგრძნება მეუფლება], ოღონდ დავლიოთ. მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ, ვინ არის ეს ცის გადაღამა მყოფი 'ვიღაც', ვის უნდა გავძახო ეს "ჰეი", ვინ მიმღერებს მე იავნანას?

Whatever helps you sleep at night, Natalia.



 არ არსებობენ ადამიანები, ვისთან ერთადაც დალევ ვისკის; ვინც გიმღერებს იავნანას და სიცხიან შუბლზე ცივ ხელს დაგადებს. ვერ დაინახავ ნაცნობ სახეს სიკვდილით დასჯის წინ, მხოლოდ ლიმონის სუნს იგრძნობ და მიხვდები, რომ ბაბუა არ ტყუოდა.

 ამასობაში მე–5 ჭიქა უგემურ ყავას დავისხამ, ჩამოვჯდები დივანზე, მივაშტერდები ერთ წერტილს და ასე ვიჯდები მანამ, სანამ ტელევიზორიდან ვიღაც შავკანიანი მომღერალი ქალის გულისმომკვლელ ხმაზე არ გამოვერკვევი, თუ სად ვარ.
 


Whatever helps you sleep at night. 

”” ””

  არ მინდა ისეთი ადამიანი გავხდე, რომელიც ათას ტრენინგებზე და სემინარებზე დადის, თავადაც ატარებს, ვითომ რაღაც უფლებებისთვის იბრძვის და საბოლოო შედეგი ფურშეტებზე ნაჭამი ბუტერბროდები და ფეისბუქზე დათაგული ფოტოებია, პროექტორით პრეზენტაციის ფონზე.

 არ მინდა ისეთი ადამიანი გავხდე, რომელსაც ნაც.მოძრაობა უყვარს და მიხეილ სააკაშვილის სტატუსებს აშეარებს.

არ მინდა ისეთი ადამიანი გავხდე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მხსნელი ჰგონია.

 არ მინდა ისეთი ადამიანი გავხდე, რომელიც ჩაინავუმენის მოსმენას ეხლა დაიწყებს, ვინაიდან გაიგო, რომ თბილისში ჩამოდის. უფრო მეტად არ მინდა, ისეთი ადამიანი ვიყო, რომელიც იმათ დასცინის, ვინც ჩაინავუმენის მოსმენა ეხლა დაიწყო.

 არ მინდა, ისეთი ადამიანი გავხდე, რომელიც ფეისბუქზე დღის ნიუსებს აშეარებს, ან აინტერესებს, ვინ დანიშნეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ვინმეს მოადგილედ.

არ მინდა, ისეთი ადამიანი გავხდე, რომელიც არტ ფილმებს უყურებს მხოლოდ.

 არ მინდა ისეთი ადამიანი გავხდე, რომელიც ფეისბუქზე ხატების და მამა გაბრიელის ფოტოებს აშეარებს, ან - ზღვისა და ზედა მარჯვენა კუთხეში ერთი ვარდის ფონზე გამოსახულ წარწერასმ მარკესის რაიმე ფრაზით.

 არ მინდა ისეთი ადამიანი გავხდე, რომელიც გაწელილი სიტყვებით წერს, მაგ. აუუუუ მეეეეც მინდაააა [’მინდაააა’ კიდევ მესმის, როცა გსურს გამოხატო შენი ძლიერი სურვილი, მაგრამ ’მეეეეეც’ რას ნიშნავს?]

არ მინდა ისეთი ადამიანი გავხდე, რომელიც სარეკლამო პოსტს წერს, მაგრამ არ უთითებს რომ სარეკლამოა და გულისამრევად უნიჭოდ უწერია რაღაც მოვლენაზე/ორგანიზაციაზე ვითომ საინტერესო პოსტი [მიაწერეთ, რომ დაკვეთილი პოსტია, ჯანდაბა!]

არ მინდა ისეთი ადამიანი გავხდე, რომელიც ყველას და ყველაფერს დასცინის, რაც არ მოსწონს და მისთვის საინტერესოს თუ შეეხები, მიწასთან გაგასწორებს ცინიზმით [იმიტომ, რომ რაც მას მოსწონს, ყველაფერი კარგია, mon dieu].

არ მინდა ისეთი ადამიანი გავხდე, რომელიც რაღაც ვიდეოს/სტატიას, რომელიც ისედაც ხუთასორმოცდათორმეტჯერ იქნა დაშეარებული ფეისბუქზე, თავადაც დააშეარებს და იმის მიხედვით, თუ რა შინაარსისაა ეს ლინკი, მიუწერს ’ფუუუ, *ლეები’ ან ’ავვვ’


მე არ მინდა ისეთი ადამიანი გავხდე, რომლისთვისაც ყველაფერი სულერთია.

 და კიდევ ბევრი რამე არ მინდა.

Wednesday, December 5, 2012

დეკემბრობა

  დეკემბერი მოვიდა. რატომღაც, ადამიანები დიდ ყურადღებას ვაქცევთ თვეების ცვლილებას, მითუმეტეს თუ ეს სეზონის ცვლილებასაც ემთხვევა. მაგრამ მაინც, მინდა ვთქვა რომ დეკემბერი მოვიდა, წელიწადის ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო თვე.

 პოსტის კითხვას სანამ გააგრძელებდეთ, ჩართეთ ეს სიმღერა. მერწმუნეთ, ძალიან კარგია.



  მე მგონია, რომ ეს გოგო საოცრად მგავს, ზუსტი მიზეზი არ ვიცი თუ რატომ, მაგრამ მგავს : ) მურაკამის ეს რომანი არ მაქვს წაკითხული, ოდესმე ალბათ წავიკითხავ, თუნდაც ამ პოსტერის გამო.

 
   მთელი დღეებია თავში მიტრიალებს როჯერ ვოტერსის ტურნე, რომელიც აგვისტოში სტამბულსაც მოიცავს. ისე ძალიან მინდა დასწრება, ისე, ისე, რომ მგონია არაფერი გამომივა.  იმდენად გაჟღენთილია ჩემი ტვინი ამაზე ფიქრით, რომ მგონი უკვე ვლოცულობ მუდმივად. აბა, სხვა რა უნდა დავარქვა, როცა თავისდაუნებურად ერთდროულად ვფიქრობ ღმერთსა და ტურნეზე. ლოცვაც ხომ ეგაა, ღმერთთან ლაპარაკი, და ჩემი ქვეცნობიერიც მთელი ძალით შეჰყვირის ზეცას, რომ უნდა ამ კონცერტზე დასწრება, უნდა!

 წავალ, კერუაკის კითხვას გავაგრძელებ და პარალელურად ვილოცებ.

Wednesday, November 28, 2012

While my guitar gently weeps

  Were you told as a child how cruel the whole world can be? 
Did Anybody ever tell you that?




   ჩვენ აუცილებლად უნდა გავაფრთხილოთ ბავშვები, რომ ცხოვრება წლების მომატებასთან ერთად უფრო და უფრო რთულდება და მარტივი აღარაფერი რჩება.  ის მზიანი და ვარდისფერი სამყარო, რომელსაც თავისი  ფართო თვალებით ხედავენ ახლა, მალე რუხი გახდება. მათი პატარა, სუსტი მხრები უკვე გრძნობენ სიმძიმეს, რომელიც ნელ–ნელა აწვებათ.

  ჩვენ ყველამ უნდა ვუთხრათ ბავშვებს, რომ ისინი არასდროს გაიზრდებიან. 25 წლის ასაკშიც ისევე მოუნდებათ დედის მკერდში თავჩარგულს გულამოსკვნილი ტირილი, როგორც 5 წლისას.  მათ გაზრდილ ტვინებშიც ისეთივე სურვილები დარჩება, რაც პატარაობაში იყო, უბრალოდ გააცნობიერებენ, რომ ეს სურვილები არ ახდება.

   წინასწარ უნდა გავაფრთხილოთ, რომ მერე თავად აირჩიონ, გაიზარდონ თუ მოკვდნენ. 

  უნდა იცოდნენ, რომ დიდებსაც ისევ მოუნდებათ წვიმაში სირბილი და გუბეებში ჭყაპუნი, თოვლში გუნდაობა, დამალობანას თამაში [ეს უკანასკნელი, პირიქით, განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც შეიძენს],  ისევ მოუნდებათ, რომ ვიღაცასთან მიირბინონ და შესჩივლონ, რომ ჩაგრავენ.

  ისევ მოგინდება, რომ შესჩივლო.

   გარბიხარ, გარბიხარ და უცებ გახსენდება, რომ აღარავინ დარჩა გარშემო, ვინც დაგეხმარება და ჩერდები. აღარც მამაა ყოვლისშემძლე, ვეღარც ბებია იბრძოლებს შენს ღამეულ კოშმარებთან.

    ყურადღების მისაქცევად მხოლოდ ტირილი აღარ იქნება საკმარისი.  ხანდახან სასოწარკვეთილებისგან თმების გადაპარსვა ან ტუჩების შავად შეღებვა მოგიწევს, ამ ულმობელმა სამყარომ მოგაქციოს ყურადღება. 

   ყველაფერი ისევ ისეა, ყველაფერი ისევ ისე. უბრალოდ გარშემო შემოხვეული აქვს აბლაბუდასავით ათასი მაჯლაჯუნა, რომლებსაც ჰქვია პასუხისმგებლობა, სამსახური, ვალდებულება, "უკვე დიდი ხარ"..  ამასობაში ეს 'ისევ ისე' ისე პატარავდება, ისეთი ერთი ბეწო ხდება, რომ ყოველდღე უნდა შეამოწმო, ხომ არ გაქრა, სადღაც შიგნით ხომ არ დაიკარგა.

თავი მტკივა. 

ბედნიერი მაშინ ვარ, როცა ყავას ვსვამ. კიდევ მაშინ, როცა გადაბმულად 2 დღე ვისვენებ. ვინმეს უთქვამს ბავშვობაში, რომ ბედნიერება ასეთი სევდიანი იქნებოდა?

რომ თავის ტკივილი ყოველდღიური მოვლენა გახდებოდა?

 და დღეებს ტკივილგამაყუჩებელი აბების გემო ექნებოდათ.


Soundtrack

Sunday, November 18, 2012

Summer of Love, ანუ Don't you want somebody to love?

 People don't listen, they just wait for their turn to talk.

                                                               - Chuck Palahniuk

 


   რამდენიმე  დღის წინ ტამბლერზე შემხვდა სურათი  წარწერით:

  I always wonder why birds stay in the same place, when they can fly anywhere on the earth. Then I ask myself the same question.  [რომელიც ეკუთვნის ვინმე Harun Yahya-ს და გახლავთ თურქი მწერალი]

  მეც ავდექი და, იგივე კითხვა დავუსვი საკუთარ თავს - რომ ვდგავარ და დღე და ღამე ვოცნებობ მოგზაურობაზე, სამხრეთ ამერიკაში წასვლაზე,  ხომ შემიძლია,  ცოტაოდენი ფული მოვაგროვო, ავდგე და ქვეყნიდან ქვეყანაში ვიხეტიალო, ღამე ცის ქვეშ ან იაფფასიან სასტუმროში გავათიო და ნამდვილი თავგადასავლები ვნახო.  ერთი შეხედვით იტყვით, ძალიან რთულიაო, არადა ტექნიკურად საერთოდ არანაირი სირთულეს არ  წარმოადგენს, უბრალოდ თანამედროვე განათლებული ადამიანის ტვინში არ დევს ეგ, რომ უცებ ადგეს, ყველაფერი მიატოვოს და მომთაბარეობას მიჰყოს ხელი. სამაგიეროდ,  შეუძლია რომ დადგენილი ნორმებით იცხოვროს - ჰქონდეს სამსახური, გამოიმუშავოს ფული და შექმნას ოჯახი. ეს არის  ნორმალური ცხოვრება, ძალიან მარტივი და პროგნოზირებადი.


    მე ვერაფრით ვეგუები იმ ნორმებს და კანონებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოაყალიბეს  ადამიანებმა.  რატომ ასეთი, როცა შეგვეძლო, სულ სხვანაირი მსოფლიო შეგვექმნა, შეგვეძლო სხვა ბევრი, უფრო საინტერესო ვარიანტები აგვერჩია? ჰიპების მოძრაობა ერთ-ერთი მცდელობა იყო, ეს ნორმები შეეცვალათ, მაგრამ არ გაამართლა,  რადგან უმცირესობაში იყვნენ. გამარჯვებული კი ყოველთვის უმრავლესობაა, რაც დიდი უსამართლობა მგონია,  უხშირესად  უმცირესობაში უფრო საღი აზრია, ძირითადად კი რაოდენობა  წყვეტს ყველაფერს.

 დროში მოგზაურობა რომ შეგეძლოთ, რომელ პერიოდში წახვიდოდით, ან რა მოვლენას დაესწრებოდით?  ამ ეტაპისთვის,  მე 60-იანი წლებში წავიდოდი და ჰიპი ვიქნებოდი, პინკ ფლოიდის ლაივს დავესწრებოდი და შეიძლება რომელიმე დამწყები როკ ჯგუფის წევრსაც შევყვარებოდი. მაშინდელი კაცობრიობა ბევრად უფრო თავისუფალი იყო. იმიტომ, რომ სწორედ ეს უნდოდათ - თავისუფლება.


   ჩემი გატაცებები პერიოდულად იცვლება, ახალი ემატება და ძველები ცოტა ქვედა საფეხურზე ინაცვლებს ხოლმე (მაგრამ რჩებიან). რა თქმა უნდა, მათ შესახებ ყველას არ ვუყვები (ამ საკითხს თავიდანვე ჭკვიანურად მივუდექი და ბავშვობიდან ვიცოდი, ვისთან რა მელაპარაკა),  მაგრამ მაინც, ეს გატაცებები ხშირად აღიქმება არასერიოზულად და ინფანტილურად.  აქვე დავამატებ, რომ მხედველობაში ის ადამიანები მყავს, ვისი აზრიც ჩემთვის ოდნავ მაინც მნიშვნელოვანია, თორემ ჩემთვის უინტერესო ტიპებს, როგორც ვთქვი, ჩემზე არც ვუყვები.

  ვაღიარებ,  რომ ინტერესების გარკვეული ნაწილი უფრო ადრეც  უნდა გამჩენოდა, მაგრამ დაგვიანებას თავის მიზეზები ჰქონდა და ამ მიზეზებზე არც ამ ადამიანებთან და მითუმეტეს არც აქ, ბლოგზე, არ ვილაპარაკებ. 

   ჩვენ ვერასდროს ვისწავლით სხვისი ინტერესების პატივისცემას. ვერასდროს. ეს ყოველთვის ძალიან მაწუხებდა, მითუმეტეს რომ საკუთარ თავს სულ ვაიძულებ,  გაგებით მოვეკიდო სხვა ადამიანების ინტერესებს. თუმცა, ამის გარდა იმდენი კიდევ  გარღვევაა კაცობრობიობის აზროვნებაში, რომ ეს პატარა დეტალი რა მოსატანია.

   ხოდა, ადამიანებო, მაპატიეთ, რომ სწავლისა და კარიერული წინსვლის სურვილით არ ვარ ანთებული და ცოტა სხვა მიმართულების ინტერესები  მაქვს  (:



  ბოლო დროს მუსიკა ძლიერ გავლენას ახდენს ჩემზე.  პოსტებიც კონკრეტული სიმღერის ზემოქმედების ქვეშ არის დაწერილი [შეგიძლიათ წინა პოსტებს გადახედოთ].

  ამ პოსტს რაც შეეხება, 2 დღის განმავლობაში ვწერდი და შესაბამისად, ბევრ სიმღერას ვუსმენდი.

  ეხლა დილაა და პლაცებოს ვუსმენ. ძალიან უხდება.

 პოსტის თემატურობიდან გამომდინარე კი, საუნდტრეკად დავასახელებდი ამ მშვენიერ სიმღერას, Jefferson Airplane-ის "Somebody to love". ორიგინალის დადებას ვაპირებდი, მაგრამ ეპიზოდი ფილმიდან, ჯიმ ქერის შესრულებით, იმდენად საინტერესო და კარგია, რომ ეს ვარიანტი შევარჩიე.



პ.ს   მითხარით რა, სად წახვიდოდით, დროში მოგზაურობა რომ შეგეძლოთ? ძალიან მაინტერესებს.



Friday, November 16, 2012

რკინის პოსტი


  შენიშვნა: პოსტი წარმოადგენს საკონკურსო სტატიას, რომელიც ხორციელდება .საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული კამპანიის ფარგლებში.


  ადამიანის ორგანიზმი ყველაზე, ყველაზე საინტერესო რამ არის ამ სამყაროში. რაც უფრო მეტს სწავლობ, რაც უფრო სიღრმისეულად, ატომებამდე ჩადიხარ, ხვდები, რომ არაფერიც არ იცი, არც ადამიანზე და მით უმეტეს, ზოგადად, ამ სამყაროზე. ამას ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში მივხვდი და ალბათ, მედიცინა სწორედ ამიტომ ავირჩიე.

  ჩვენს სხეულში ყოველდღიურად ათასობით ელემენტი შედის, გადამუშავდება, ზოგი ინახება და ზოგი გამოიყოფა. გარედან ნივთიერებების მიღება ძირითადად საჭმლის მომნელებელი ტრაქტის საშუალებით ხდება, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, კვებით. კუჭში და ნაწლავებში მიღებული საკვების დახარისხება ხდება. ნაწილი ნაწლავის კედლის საშუალებით გადადის სისხლში და შემდეგ ტრანსპორტირდება შესაბამის უბნებში, მეორე, გამოუსადეგარი ნაწილი კი კვლავ გარეთ გამოიყოფა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი სწორი კვება, რომლის შესახებ მოწოდებებსაც თითქმის ყოველდღე ვისმენთ და ალბათ, უხშირესად ისე ვატარებთ ტვინში, რომ საკვების იმ გამოუსადეგარი ნაწილის არ იყოს, გარეთ ვუშვებთ.

  სხვადასხვა ნივთიერების ნაკლებობა სხვადასხვა დაავადებას იწვევს, ან ირიბად მაინც უწყობს ხელს მის განვითარებას

  ზოგადადგარკვეულ ნივთიერების  დეფიციტი ორი მიზეზის გამო შეიძლება განვითარდესროცა დღიური დოზა ჩამოუვარდება ნორმას, ან  ორგანიზმის მიერ გაზრდილია თავად ამ ნივთიერებაზე მოთხოვნა და შესაბამისად, მიღებული დოზა არ არის საკმარისი.

  პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ, რას ვებრძვით, ან რის თავიდან აცილებას ვცდილობთადამიანები არ ფიქრობენ დაავადებაზე მანამ, სანამ პრობლემას რეალურად არ შეეჩეხებიან წინ. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად ვიცით, პრობლემასთან ბრძოლა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მისი პრევენცია.

  საქართველოში, და ზოგადად, მთელს მოფლიოში ერთერთი ყველაზე გავრცელებული არის რკინის და ფოლიუმის მჟავას დეფიციტი

  რკინა წარმოადგენს ელემენტს, რომელიც ორგანიზის ყოველდღიურ ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ის უჯრედებისთვის ჟანგბადის მიწოდებაში მონაწილეობს. ვინაიდან უჯრედებში სხვადასხვა სასიცოცხლო პროცესი მუდმივად მიმდინარეობს, ჟანგბადიც მუდმივად იხარჯება და მისი უწყვეტი მიწოდება აუცილებელია, ამიტომ ვსუნთქავთ სულ, ჯერ ჰაერიდან რომ მივიღოთ ჟანგბადი და შემდეგ უკვე სისხლის, კერძოდჰემოგლობინის (და მასშ შემავალი რკინის) საშუალებით მიეწოდოს  ქსოვილებს.  

 რკინის დეფიციტი ხშირად ვითარდება

1) რეპროდუქციული ასაკის ქალებში
მიზეზი: ქალები ყოველთვიურად, მენსტრუაციის დროს კარგავენ სისხლს. სისხლში არის ერითროციტები, ერითროციტები შეიცავს ჰემოგლობინს, ჰემოგლობინი კი, როგორც ზევით აღვნიშნეთ, შეიცავს რკინას.
2) ბავშვებსა და ორსულ ქალებ
მიზეზი: ბავშვები სწრაფად იზრდებიან, შესაბამისად მოთხოვნა არის გაზრდილი რკინაზე. ორსული ქალები ერთდროულად ორ ორგანიზმს კვებავენ, ასე რომ მიზეზი ადვილად გასაგებია.


  ფოლიუმის მჟავა მიეკუთვნება ვიტამინებს ჯგუფს [B9 ვიტამინი], მონაწილეობს უჯრედების გაყოფასა და ზრდაში, დნმის სინთეზში. შესაბამისად მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ორსულობის პროცესში, როცა ნაყოფისთვის აუცილებელია ამ ნივთიერების მიწოდება, მისი ნორმალური განვითარებისთვის.

  ფოლიუმის მჟავას საჭირო დოზით მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსული ქალებსა და ზოგადად, რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობასფოლიუმს განასკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნაყოფში ნერვული ღეროს განვითარებაში (მარტივად რომ ვთქვათ, თავის და ზურგის ტვინის ჩამოყალიბებაში),  ამიტომ ამ ნივთიერების დეფიციტი შეიძლება სერიოზული დეფექტების მიზეზი გახდეს, როგორიცაა მაგალითად, ანენცეფალია (თავის ტვინის განუვითარებლობა).


  პრევენციის მეთოდები საკმაოდ ადვილია –  ყოველდღიურად საკვების (ან დანამატების) საშუალებით ამ ნივთიერებების საჭირო დოზის მიღება.

 რკინა შედის ხორცის, სხვადასხვა ბოსტნეულის და ხილის შემადგენლობაში. ყოველდღიურად მრავალფეროვანი საკვების მიღება გაადვილებს ორგანიზმისთვის საჭირო დოზის მიწოდებას

 ფოლიუმის მჟავას შეიცავს მწვანე ფერის ბოსტნეულიისპანახი, ოხრახუში, სალათის ფურცელი, ბროკოლი.. ასევე, სოკო, ხორცი, თევზი
შესაბამისად, რკინის და ფოლიუმის მჟავას დეფიციტთან ბრძოლის მეთოდი, საკმაოდ ადვილი და მე ვიტყოდი, გემრიელია.

 დაინტერესდით საკუთარი ორგანიზმით და იზრუნეთ, ის ერთადერთია, რაც ამქვეყნად გვაბარია : )