Sunday, February 21, 2010

Sarlat-la-Caneda

ეს 2 დღეა, ფოტოებით ვმოგზაურობ - იტალიაში & საფრანგეთში.

იტალიაში ბევრი მწვანე დარაბა და ლამპიონებია. ფერადია კიდევ, ესპანეთს გავს.


საფრანგეთი.. საფრანგეთი საოცარია.

ერთ-ერთი პატარა ქალაქის [თუ სოფლის] თვალიერებისას, ძალიან მომინდა რომ იქ მეცხოვრა. მყუდროდ, ყოველდღიური რუტინებით. ქვაფენილიანი ქუჩები, პატარა მოედანი ღია კაფეებით, სადაც ყოველდღე ფინჯან ყავას დავლევდი. იმ ქალაქში ალბათ კულინარი ვიქნებოდი, ან გამყიდველი წიგნების მაღაზიაში.


მერე, საღამოს ჩემს ძველ სახლში დავბრუნდებოდი, სადაც ღამღამობით სხვენზე ჭრიალი ისმის. ბუხარს გავაფიცხებდი და ჩაის დავლევდი, პურზე წასმული ქლიავის ჯემით.

ხანდახან თქვენც მესტუმრებოდით, ჩემთან ერთად ისხდებოდით ცეცხლთან და მერე საფრანგეთის ერთ-ერთ პროვინციაში ბუხართან გატარებული საღამოები თბილად გაგახსენდებოდათ. .


აი ეხლა ამას რომ ვწერ, სველი ბალახების სუნი მცემს, და მგონია რომ გარეთ საფრანგეთის ნისლია..

Friday, February 19, 2010

Lost in Grey's Anatomy

რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ Lost - საუკეთესო სერიალია და ყველაზე ძალიან მიყვარს; თან დავამატე, Grey's Anatomy -ზე მეტად-მეთქი.

Lost - ჩემი საყვარელი სერიალია. Grey's Anatomy კი - ჩემი მეგობარი. ადრეც მაქვს ნათქვამი, ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში, ის იყო ჩემს გვერდით - გრეის ანატომია. და მისი ეპიზოდების ნახვისას, პასუხს ვპოულობდი.
სასაცილოა ეს თუ არა, დიდად არ მადარდებს. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ დაგეხმარება, თუ ის მართლა გეხმარება - რომელიმე ფილოსოფოსის წიგნი, ადამიანი თუ სერიალი?
ახლაც რთული პერიოდი მაქვს, ძირითადად - ფსიქოლოგიურად. პმს არ არის, ძალიან დიდ ხანს გაგრძელდა. წინა პოსტი სიმბოლური იყო. იქ რეალურად არც ქვეყანა ესპანეთს ვგულისხმობდი, და არც ბლოგ Wonderland - ს. ერთადერთი რეალური, ფერნანდო ვერდასკო იყო :)

აი, დღეს ვუყურე მე-14 ეპიზოდს, და როგორც იქნა, შედარებით დავმშვიდდი. აქამდე ვერავინ და ვერაფერი მშველოდა.

ახლა ისევ მზად ვარ ექიმობისთვის, ადამიანებთან ურთიერთობისთვის. ალბათ კიდევ დამჭირდება დრო საბოლოო რეაბილიტაციისთვის, მაგრამ დავიცდი.

პ.ს მომავალში აუცილებლად დავწერ ცალკე პოსტებს Lost-ზე და Grey's Anatomy-ზე.

Tuesday, February 16, 2010

Viva La Vida

როცა ცუდად ვარ, ჩემს wonderland-ს ვაფარებ ხოლმე თავს. დღესაც ასე ვარ - უმიზეზოდ ცუდად.

აი, ეხლა მინდა ესპანეთში ვიყო. ქუჩაში მივდიოდე და თავზე მზე დამნათოდეს. აუტანლად ცხელოდეს, და მე მაინც ბედნიერი ვიყო.


ესპანეთში მინდა. ყვითელ, მზიან ესპანეთში.

პაწაწინა სახლში მინდა ვცხოვრობდე, ნათელი ოთახებით და მწვანე დარაბებით. სამზარეულოთი, სადაც ვიკულინარებდი ხანდახან, გემრიელ ნამცხვრებს გამოვაცხობდი, მერე მაგიდაზე დავდებდი, წინ დიდი ჭიქით ყავას დავიდგამდი და ბევრს ვიფიქრებდი გარინდებული..


საძინებელში წიგნების კარადა მექნებოდა, მე კი ღამეებს ლეპტოპთან გავათენებდი.

ესპანეთში მინდა. ყვითელ, მზიან ესპანეთში.

საღამოობით, დაბინდებისას, ლამპიონები აინთებოდა. დღის შუქიც გაფერმკრთალდებოდა, და სიგრილესთან ერთად, ხალხის ხმაური გაძლიერდებოდა.

მე ისევ ქუჩაში ვივლიდი. ხმაურისგან და ესპანური გიტარისგან ოდნავ გაბრუებული.


ყველაფერს დავთმობდი, და ვიცხოვრებდი ბედნიერი იქ, ჩემს სახლში..



ფერნანდო ვერდასკო მომწონს. რაღაც აქვს, ისეთი..



ოქროსფერი გოგო ვარ. დედამ ასე მითხრა. დღეს ალბათ ესპანეთის მზე ვანათებ და იმიტომ.



გამამხნევეთ რა.

Friday, February 12, 2010

Friday evening

თებერვლის ცივი, თოვლიანი დღე.

დამატკბობელით დამტკბარი ყავა და კომპიუტერი.

დილით, ძილბურანში უამრავი ხმა. დაბნეულობა იმის გამო, რომ ვერ ვხვდები სად ვარ. მერე ვფხიზლდები და მახსენდება. საავადმყოფოში დრო არ არსებობს. არც დღე და ღამე იგრძნობა. გარეთ რომ იხედები, ტრანსპორტი მოძრაობს, ხალხი გაჩერებაზე დგას - ჩვეულებრივი მოვლენა. შენ კი კედლის მიღმა ხარ და გრძნობ, რომ აქ სხვა სამყაროა. საავადმყოფოში დრო არ არსებობს.

ლექციაზე უმიზეზო სიცილი - ოთხნი ისე ვხარხარებთ, ლექტორიც კი ვერაფერს გვეუბნება. კალიუმს რატომ ინახავ? ენგური მდინარაძე.

გაჩერებაზე ცივა. მერე თბილი ავტობუსი მოდის. თითქმის ცარიელია. მე მიყვარს ცარიელი ავტობუსი - ჩემს საყვარელ ადგილს ვარჩევ და მოვკალათდები.


სახლამდე მოსასვლელი გზა რთულია - გათხრილია და მოყინული. ვახტები ორმოებს. ქუჩამდე მოვაღწიე და ყველაზე დაძაბული მომენტია. აბა, ნატალია. აქაც უნდა გადახტე და სამშვიდობოს ხარ. ნეტავ ფეხი დამიცურდება? მაგრამ არა. გადავლახე. სამაგიეროდ, მეზობლის ძაღლი [თუ ლეკვი, whatever, ორივესი მეშინია] შემომახტა და თათები მეტყობა შარვალზე.

მერე სახლი. დამატკბობელით დამტკბარი ყავა და კომპიუტერი.

თებერვლის ცივი, თოვლიანი დღე.

It's friday evening.

Wednesday, February 10, 2010

The Last of The Mohicans

[ეს პოსტი წინა პოსტის ერთგვარი გაგრძელებაა..]

ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი საყვარელი წიგნია ჯეიმს ფენიმორ კუპერის ’უკანასკნელი მოჰიკანი’. რომელიც წაკითხული მაქვს ალბათ, thousand times. პირველად რომ წავიკითხე, 9-10 წლის ვიქნებოდი. წარმოიდგინეთ, ამ ასაკში სათავგადასავლო წიგნი; ზაფხული იყო და სოფელში ვიყავი, ყოველდღე ავდიოდი ფიჭვნარში; იქვე მინდორში, ბალახებში ვიწექი, ვუსმენდი ქარის ხმას, ჩიტების ჭიკჭიკს, მწერების ბზუილს.. და თავაუღებლად ვკითხულობდი. ყველაფერმა ერთად გავლენა მოახდინა და მეც უიმედოდ შემიყვარდა :))

მერე უკვე ვეღარ ვჩერდებოდი, სულ მინდოდა მეკითხა და მეკითხა, უკვე დაზეპირებული ფრაზები.

ინდიელები შემიყვარდა. და კიდევ დები მანროები. თავიდან ალისა მომწონდა, უმცროსი და - საყვარელი გოგონა, რომელზეც ზრუნავენ. ახლა, როცა გავიზარდე, უფროსი - კორა მომწონს. ისე ძალიან, რომ ფილმში სიამოვნებით ვითამაშებდი მის როლს [მსახიობი რომ ვიყო და არჩევანის უფლება რომ მქონდეს :)]. მისი ტრაგიკული ბედი მიყვარს. პატარა რომ ვიყავი, მაშინ კი ის მხიბლავდა, თუ როგორი თავგანწირვით ზრუნავდა საკუთარ დაზე.



ერთხელ, რუსთავი2-ს რომ ვუყურებდი, რაღაც ფილმი დაიწყო. ვიფიქრე, რა უნდა იყოს საინტერესო-მეთქი და უცებ.. შავ ფონზე დიდად დაეწერა The Last of The Mohicans!


აი, ასეთი გახარებული იშვიათად ვყოფილვარ. ჯერ ისიც კი არ ვიცოდი, რომ ფილმი არსებობდა, და თან შემეძლო მაშინვე მენახა! პატარა ვიყავი და მეგონა, რომ ყველა პერსონაჟი წიგნისას უნდა მგვანებოდა, და ყველაფერი ზუსტად ისე უნდა განვითარებულიყო, როგორც წიგნში. ნელ-ნელა იმედები მიცრუვდებოდა. არც მსახიობები გავდნენ გმირებს და არც მოვლენები განვითარდა ისე, როგორც მე ველოდი.

აღმოჩნდა, რომ ’ქორის თვალი’ გაახალგაზრდავდა. მეტიც, კორა მანრო შეუყვარდა.



[მაშინ, როცა წიგნში ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ხაზი უნკასის კორასადმი გრძნობები იყო :( ] დუნკან ჰეიუარდს კი ალისას ნაცვლად, მისი დის მიმართ გაუჩნდა სიმპატია. ბოლოს კი უფროსი დის ნაცვლად, უმცროსი მოკვდა და კიდევ ისეთი ადამიანები, ვინც წიგნში არ კვდებოდნენ.

კადრი ფილმიდან, როცა ალისა კვდება [one of my favorites].



უკანა ფონზე ინდიელები - უნკასი & ჩინგაჩგუკი <3



საბოლოოდ ფილმი შემიყვარდა და მერე ისიც ათასჯერ ვნახე. მაგრამ წიგნი ჩემს უპირველეს ფავორიტად რჩება და ფილმის ყოველი ნახვის შემდეგ, სინანულის გრძნობა მიჩნდება ხოლმე. ერთადერთი, რაც ფილმში ჩემს გულწრფელ სიყვარულს იმსახურებს, მუსიკაა.


საოცარი, საოცარი მუსიკა აქვს..

Tuesday, February 9, 2010

Read me

ბავშვობაში კითხვა მიყვარდა ძალიან. ჩემი საყვარელი საქმიანობა, უფრო სწორედ, ჩემი ერთადერთი საყვარელი საქმიანობა იყო. ქუჩაში იშვიათად ვთამაშობდი, თან ძალიან უნიჭო და მოუქნელი ვიყავი. ერთადერთი, რაც შედარებით ნორმალურად გამომდიოდა, სირბილი იყო - სწრაფად დავრბოდი.

ხოდა, იმას გეუბნებოდით, რომ ძირითად დროს კითხვაში ვატარებდი. განსაკუთრებით ზაფხული მიყვარდა, შემეძლო დილიდან საღამომდე მეკითხა, ისე რომ სხვა არაფერი გამახსენდებოდა. ვიჯექი სავარძელში ფეხმოკეცილი, და ისე გადავდიოდი წიგნის სამყაროში, რომ გარშემო ვერავის და ვერაფერს ვამჩნევდი, ტვინის ყოველი უჯრედი მიმართული იყო ნაწარმოებისკენ და გარემო გამღიზიანებლებზე არ რეაგირებდა. არც საკუთარ სახელზე ვპასუხობდი, ხშირად დედას ხელის შეხება უხდებოდა, რომ გონს მოვეყვანე. საოცარ სიამოვნებას ვიღებდი კითხვისგან, არც კი ვიცი რას შევადარო. ალბათ, ნარკოტიკს [მიუხედავად იმისა, რომ არ გამისინჯავს :ლოლ:]. დაუძლეველი სურვილი მიჩნდებოდა კითხვის. განსაკუთრებით ჭამის დროს მიყვარდა კითხვა, და განსაკუთრებით, ასტრიდ ლინდგრენის. აი, რაღაც საყვარელი იყო, კარლსონი და ბიჭუნა რომ სახურავზე ფუნთუშებს შეექცეოდნენ და კაკაოს აყოლებდნენ, მე კი ჩემთვის ვჭამდი.

ზაფხულის არდადეგებზე სოფელში უამრავი წიგნი მიმქონდა. იქ რაღაც განსაკუთრებული გარემო იყო, ყველაფერს უფრო მძაფრად და ცოცხლად აღვიქვამდი. აივანზე მქონდა ჩემი ბუდე - საწოლი იდგა და ფარდით იყო გამოყოფილი დანარჩენი ნაწილისგან და მე ჩემს ჯადოსნურ სამყაროში ვცხოვრობდი.


ბოლო რამდენიმე წელია, აღარ ვკითხულობ ისე ბევრს და ისე გატაცებით. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ სამედიცინო ლიტერატურას დავუთმე მეტი დრო. მხატვრული ლიტერატურისთვის კი გონება აღარ მრჩება. თან, ეროვნული გამოცდების წინ 3თვეში მომიწია ძალიან დიდი მასალის წაკითხვა და ისე გადამღალა, მეგონა წიგნისკენ ვეღარ გავიხედავდი. ერთი პერიოდი ვერც ვიხედებოდი. მერე დავისვენე, მაგრამ უკვე მედიცინისკენ მივმართე ტვინი - ძალიან ბევრს ვკითხულობდი.
ვაღიარებ, რომ ინტერნეტსაც მიუძღვის წვლილი ჩემს უკითხველობაში. ამ ბოლო დროს ლიბ.გე-ზე წავიკითხე რამდენიმე მოთხრობა, მაგრამ იმას წაკითხულად არ ვთვლი. ვერაფერი ვერ შევიგრძენი. მე ის მოყვითალო ფურცლები და გაცვეთილი ყდები მინდა დავინახო, თავისებური სუნი ვიგრძნო და გვერდები მავიწყდებოდეს, მერე კი ისევ თავიდან ვეძებდე, კითხვა-კითხვით. აი, ამ დროს მოვა ისევ ის სიამოვნება, და არა კომპიუტერის მოციმციმე ეკრანიდან.

თანამედროვე მწერლებს თითქმის არ ვიცნობ, ჯერ ველოდები ახალ წიგნებს, რომ დაძველდეს. და მერე წავიკითხავ :D

Saturday, February 6, 2010

The dance for two

ცეკვა - ეს არის მოძრაობები, რომელიც რაღაც რიტმს მიყვება, სხეულის ერთდროული დაჭიმვა და რელაქსაცია.

ჩემი დიდი სიყვარულის მიუხედავად, ცეკვაზე არასდროს მივლია. თუ არ ჩავთვლით 2 თვიან კურსს, ქართულ ცეკვაზე რომ ვიარე სკოლის ბანკეტის წინ :ლოლ: მახსოვს, როგორ გულით მინდოდა კარგად მეცეკვა, მაგრამ 2 თვეში რამდენი ილეთიც არ უნდა ისწავლო, თუ მოძრაობა არ გაქვს დახვეწილი, მხოლოდ მცდელობას აზრი არ აქვს. შესაბამისად, ჩემი მონდომების მიუხედავად არაფერი გამომდიოდა და ძალიან სასაცილოდ ვცეკვავდი. მაშინ ვერ ვგრძნობდი, მაგრამ მერე ვიდეოზე რომ ვუყურე, სირცხვილისგან სად დავმალულიყავი არ ვიცოდი.

საერთოდ, მე გულით მხოლოდ სახლში ვცეკვავ, როცა მაყურებელი არ მყავს. დასვენების და ყველაფრისგან გაქცევის ერთ-ერთი მეთოდია - ოთახს ვკეტავ და მუსიკას ვრთავ. არ ვფიქრობ მოძრაობებზე, არაფერზე; მხოლოდ მელოდიას ვუსმენ და რიტმს ავყვები.. მე ვთვლი, რომ ადამიანი სწორედ ამ დროს ცეკვავს ყველაზე ’თავისებურად’ - ყველას ჩვენი ცეკვა გვაქვს, რომელსაც მხოლოდ საკუთარ თავს ვაჩვენებთ..


ალბათ იცით, ახლა რაზეც გადავალ : )

ისიც იცით, რაზე ვოცნებობ.. [და რახან ვოცნებობ, ე.ი არასდროს გამიკეთებია]

ტანგო - ყველაზე ვნებიანი ცეკვა..



ქვაფენილიანი ქუჩა, შავი კაბა და ყვავილი თმაში. მუსიკის ჰანგები და თავბრუდამხვევი მოძრაობები..



This is the dance for two.

Thursday, February 4, 2010

We all shine on

ადრე ვახსენე, რომ ფოტოგრაფია მიყვარს. მე თვითონ არასდროს მიცდია ფოტოების გადაღება, მხოლოდ სხვისი ნამუშევრის ტკბობით შემოვიფარგლები. არა მგონია, მე კარგი ფოტოგრაფი ვიყო.
17-18 წლის ასაკში, განსაკუთრებით გატაცებული ვიყავი ფოტოგრაფიით. ერთი ძალიან კარგი საიტი ვიცოდი, სადაც ფოტოგრაფების მიხედვით იყო დალაგებული ნამუშევრები. მეც აქტიურად ვათვალიერებდი და ვინახავდი სურათებს. რამდენიმე დღის წინ ჩემს მარაგს გადავხედე და შევამჩნიე, რომ უმრავლესობა შავ-თეთრი ფოტო იყო, თან რაღაც დათრგუნული და დეპრესიული. მაშინ ძალიან მომწონდა, ახლა კი გაკვირვებული ვარ, მაინც რატომ მიზიდავდა ასეთი ტიპის სურათები. ალბათ ასაკის გამო. თუმცა, ძალიან დეპრესიული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ფაქტია რომ მაშინდელი ჩემი ხასიათი ასეთ ფოტოებთან ასოცირდებოდა.








უმეტესობას სწორედ ასეთი ფოტოები შეადგენს.

ახლა, ახლა აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა თუ გემოვნება მაქვს. უფრო სწორედ, მე ის შავ-თეთრი ფოტოები მაინც მომწონს, მაგრამ უფრო სხვა ტიპის სურათებს ვეძებ და ვინახავ, მზიანს და ფერადს. განსაკუთრებით მიყვარს ადამიანებიანი და ყავიანი ფოტოები და ტკბილეული კიდევ :)







საბოლოოდ, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ხომ სწორედ ასეთი დეტალები შეადგენს. ფინჯანი ყავა, შოკოლადი, ღიმილიანი სახეები, მზე და ქარი[ც], რომელიც ასე ენერგიულად ნავარდობდა დღეს ჩემს თმებში.


ჰო, დღეს გაჩერებაზე 15-20 წუთი ძლიერი ქარის გამო აქეთ-იქით ვმოძრაობდი, თავს ძლივს ვიკავებდი. ჩემი თმა იყო ყველგან, მეტი ვერაფერს ვხედავდი. ერთ მომენტში, როცა გარემოს მოვკარი თვალი, ერთ-ერთი კორპუსის ფანჯარაზე წარწერა შევნიშნე - We all shine on

დამავიწყდა ქარი, წონასწორობას რომ მაკარგვინებდა. სიცივე, სხეულამდე რომ ატანდა უკვე. ესეც ერთ-ერთი დეტალია, საბოლოოდ ცხოვრებას რომ შეადგენს.