Sunday, July 24, 2011

ვარდისფერი

 

   მე მინდა, იმ დღეებზე დავწერო, მერე ვარდისფრად რომ გახსენდება ხოლმე.

   სწავლის დამთავრების მეორე დღეზე, დილით რომ გაიღვიძებდი და ქვეყანა შენი გეგონა. წინასწარ ტკბებოდი მომავალი უსაქმური დღეებით, თავისუფლად სუნთქავდი და წინ ტკბილი, ტკბილი 3 თვე გელოდებოდა.

  იმ დღეებზე, როცა მამა ყოვლისშემძლე გეგონა და მიწისძვრის დროს ხელში რომ აგიყვანდა ატირებულს, გეგონა, მიწისძვრა კი არა, ვერანაირი ძალა ვეღარ მოგეკარებოდა.

   მოლოდინზე, დიდი ხნის უნახავი დედ-მამის ჩამოსვლას რომ ახლდა  წინ. პატარა გახმაურებაზეც ყურებს რომ დაცქვიტავდი და მერე იმედგაცურებული ამოიოხრებდი - არა, ეს ის მანქანა არ ყოფილა. ბოლოს კი მოვიდოდა ნანატრი და ტკბილეულობას ჩამოგიტანდა. შენ არ შეიმჩნევდი, რომ სიხარულისგან ლამის გული ამოგხტომოდა და ცრემლები რომ არ წაგსკდომოდა, სახეზე უაზრო ღიმილს მიიხატავდი, ჩუმად კი ყელში გაჩრილ ბურთს დიდი წვალებით გადაყლაპავდი.

   იმ დღეებზე, თამაშში ისე რომ გაერთობოდი, ჭამა გავიწყდებოდა. დარბოდი, გაიმტვერებოდი, ვეღარ სუნთქავდი და მაინც არ გინდოდა, შეგეწყვიტა. ღამით დაღლილი რომ დაწვებოდი საწოლში და ეცდებოდი რაც შეიძლება მალე ჩაგძინებოდა, რომ მალე გათენებულიყო.

   იმ ღამეებზე, შიშისგან რომ კანკალებდი და საბნიდან თითის წვერსაც არ ყოფდი გარეთ. უცებ გაგახსენდებოდა, რომ ფანჯარასთან ბებო წევს და დამშვიდდებოდი - აბა, ვინღა შემოიპარებოდა, ფანჯარასთან ხომ ბებო იწვა!

  ბებია რომ ყოველდღიურ მენიუს გიდგენდა და შენ უნდა ამოგერჩია, რა გსურდა საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე. მერე აივანზე სპეციალურად მოწყობილ ’სასადილოში’ მოგიტანდა და შენ მიერ შეჭმული ყოველი ლუკმა ისე გაახარებდა.. და შენც ფიქრობდი, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო.

  პურის ცხობის დღეებზე, ცხელ ფურნესთან რომ ტრიალებდი, დაჭრილ და გამზადებულ ყველს უყურებდი და ერთი სული გქონდა, როდის გამოიღებდნენ ქაფქაფა პურს, რომ იმ ყველთან ერთად შეგეჭამა.


 აი, ამ დღეებზე მინდა დავწერო, ნატალია, შენ რომ ასე ძალიან გიყვარს.  ახლა ვარდისფრად გახსენდება, მაგრამ თან გულის სიღრმეში რაღაცას ძალიან გკტენს, იმიტომ რომ იცი, აღარ განმეორდება.

Wednesday, July 20, 2011

თეთრი

    ჩემი ამბები მოგიყვეთ? პრინციპში, სხვა გზა არ გაქვთ. ეხლა დავფიქრდი, რომ კაი წუწუნა ვინმე ვარ. რაღაც არეული პერიოდი მაქვს, დაღლილი ვარ და არაფერს ვაკეთებ, არაფერს ვცვლი. აი, ადრე ხომ ვცდილობდი რომ უკეთესი ვყოფილიყავი, ჩემს თავში რაღაცები შემეცვალა. ამ მხრივ ახლა ერთ ადგილზე ვდგავარ, მაგის თავი არ მაქვს. ნერვებიც გამიფუჭდა და საკმაოდ ანჩხლი ვიღაც გავხდი.

   შაბათ-კვირას სოფელში ვიყავი. ისე მინდოდა იქ წასვლა, სოფლის გზას რომ აუყვა მანქანა და ბოლოსდაბოლოს კრამიტიანი სახურავები გამოჩნდა, კინაღამ ავტირდი. თან ისე კი არა, გულაჩუყებული და რაღაც, მართლა კინაღამ ავტირდი. მე თვითონაც მიკვირდა, რა მემართება-მეთქი, ისეთი გულწრფელი ვიყავი იმ დროს.  სულ მეშინოდა, რომ ჩავიდე და თავი ისე არ ვიგრძნო, როგორი მოლოდინიც მაქვს-მეთქი და გამიხარდა, რომ ასე არ მოხდა.
  სამაგიეროდ, ორშაბათს სამსახურში მისვლისას მომდიოდა კიდევ ცრემლები, ოღონდ არა სიხარულის.

  მოკლედ, ორი რამე მინდა - ჯერ დასვენება და მერე ექიმობა. ჩემგან კარგი ექიმი დადგებოდა, გული მიგრძნობს.

   ჰო, კიდევ თეთრი, მაქმანებიანი სარაფანი მინდა, ფრიალა და ოდნავ რომ ლანდავს.

ლამაზია რიანა :)

Sunday, July 3, 2011

Endless Summer

 

       ზაფხული მოვიდა. ზაფხული, ზაფხული.

    რომელსაც, უკვე.. რამდენი ხანია ველოდები?  ჰო, ერთი წელია. თითქმის ერთი წელი.

   ახლა ვცდილობ გავიხსენო, რატომ ველოდებოდი ამ ზაფხულს ასე და ვერაფრით ვიხსენებ. ალბათ, მაშინაც არ ვიცოდი.

   მაშინ ისიც არ მეცოდინებოდა, რომ ქალაქიდან გაუსვლელი ზაფხული მექნებოდა, შენობიდან გაუსვლელი ზაფხული. მხოლოდ  საღამოობით გამიშვებდნენ გარეთ ’სასეირნოდ’,   როგორც პატიმარს. რაღაცას ეძახიან ციხეში, აღარ მახსოვს.

   იდეაში, მე ასეთ ზაფხულზე არ ვოცნებობდი შარშან. შეუძლებელია, ასეთ ზაფხულზე ვინმე ოცნებობდეს. არავინ იოცნებებს ისეთ საღამოებზე, როცა ჭამაც კი შეუძლებლად გეჩვენება.  როცა სასოწარკვეთილებისგან ტირილს იწყებ და ასე, ატირებული, შენს პატარა სამზარეულოში აკანკალებული ხელით ანთებ გაზს, ქვაბს ადგამ და ელოდები, როდის გაცხელდება რაღაც საჭმელი. მერე ყველას იმას უყვები, როგორი დაღლილი ხარ. გონებაც ვეღარ გიჭრის და განუწყვეტლად ლაპარაკობ, ლაპარაკობ.

    მე სულ სხვანაირ ზაფხულზე ვოცნებობდი. ბევრი წიგნებით, სიმწვანეებით, ხის სახლით და კრიალა, გამჭვირვალე ჰაერით, რომელიც ხმებს შორ მანძილზე ატარებს. მშვიდი საღამოებით, ჩამავალი მზის ყვითელი ნათებით, ცხელი დღის მერე უცებ აგრილებებით, ’შემოიცვი რამე შეგცივდება’-თი [მაინც რომ არ შემოვიცვამდი], თვალდახუჭული ქარის ხმის მოსმენებით და სხვა წვრილმანი, მარტივი ბედნიერებებით.

    რეალურად კი, აფეთქების ზღვარზე მყოფი, სასოწარკვეთილი ზაფხული მაქვს. და იმის თავიც არ მაქვს, რომ ეს ზაფხული [და ეს ტავტოლოგიებით სავსე პოსტი] მძულდეს.