Saturday, December 20, 2014

ძვირფას მეგობარს, წერილი #

     ალბათ არსებობს პარალელურ სამყარო, სადაც შესაძლებელია, ნებისმიერ ცნობილ ადამიანს, რომანის თუ ფილმის პერსონაჟს შეხვდე. მაგალითად, ქუჩაში ჩეს გადავაწყდე, მასთან ერთად რომელიმე პაბში რომს დავლიო და სოციალურ უთანასწორობაზე ვილაპარაკო. შეიძლება ჩე საერთოდაც არ ეკარებოდა რომს, მაგრამ იმ სამყაროში, სადაც ჩვენ ერთმანეთს შევხვდებოდით, ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც ჩემს წარმოდგენებშია. დევენდრა ბანჰარტთან ერთად კი რწევა-რწევით, სიტყვის უთქმელად ვიცეკვებდი ღამის მტვრიან ბარში, ათასი ჯურის ადამიანი რომ ირევა და სხვა ყველაფერი რომ სულერთია.

    რეალურ ცხოვრებაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა. წეროზე მოთხრობა გავგზავნე, რომელმაც, რა თქმა უნდა, ვერავითარ წარმატებას  მიაღწია. "რა თქმა უნდა" იმიტომ, რომ ისეთი მოთხრობა დავწერე, რომელიც მხოლოდ იმათ უნდა მოწონებოდათ, ვისაც ბრიუგეში და ჩე გევარა უყვართ. ასეთები კი, მგონი არც თუ ისე ბევრია, მითუმეტეს ჟიურიში.

     მთელი გულით მინდა, წინასაახალწლო პერიოდით ძველებურად გავიხარო. იმის მეათედი სიხარული მინდა, ბავშვობისას ტურბო მენს რომ ვუყურებდი, დედა სამზარეულოში რამდენიმე საჭმელს ერთად აკეთებდა, ფილმებსა და მულტფილმებს შორის თავისუფალ პერიოდში მე სალათების მასალას ვუჭრიდი და ეს ფუსფუსი სულაც არ მეჩვენებოდა დამღლელად. როცა 12 საათი დარეკავდა, ფეიერვერკების გამაყრუებელ გუგუნში ჩავიფიქრებდი, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო. ისე ძალიან, მთელი არსებით მჯეროდა, რომ ის წელი მართლაც ბედნიერი იქნებოდა.

  არ ვიცი სად გაქრა ის რწმენა, რომ მომავალი აუცილებლად უკეთესი იქნება.

 მე მგონია, რომ უბრალოდ დავიღალე.


Saturday, October 25, 2014

სიცრუის სიბრძნე

შეგონება პირველი:


ადამიანებისგან, მათ შორის მეგობრებისგან, არასდროს, არაფერი მოითხოვო, თუ გინდა, რომ გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებული არ დარჩე.



შეგონება მეორე: ეცადე ხშირად შეასრულო პირველი შეგონება.



 * * *
   
მერამდენედ.



Saturday, October 18, 2014

სპილოები ოთახში

     გუშინ კიდევ ერთი ქალი მოკლეს. აი, ამ სიტყვებს ისე ვწერ, ვითომ არაფერია. თითქოს საშობაოდ ღორს გამოჭრეს ყელი – ასეთ მოვლენად იქცა უკვე.

   მეორე დღეა ვფიქრობ, რა შეიძლება გავაკეთო მე, ან საერთოდ, საზოგადოებამ. საიდან უნდა დაიწყოს პრობლემის მოგვარება, რომელიც ისეთი დიდია, იმდენი ფესვი აქვს უკვე გადგმული..

      ამ ფესვებს ბოლომდე რომ ჩავყვეთ, დედის საშვილოსნომდე მივალთ. ის კაცები ვინც ქალებს კლავენ, სცემენ, აგინებენ, ან უბრალოდ, "კუხნაში" სვამენ და გარეთ არ უშვებენ, თავის დროზე უნდა აღზრდილიყვნენ სხვანაირად. მათ დედებს და მამებს უნდა ეთქვათ, რომ ქალი და კაცი თანასწორია და მხოლოდ იმის გამო, რომ კაცი ქალზე ფიზიკურად ძლიერია, არ აძლევთ მათ უფლებას, ისინი დაჩაგრონ. პირველ რიგში თავიანთ ოჯახებში უნდა დაენახათ ეს თანასწორობა, მათი მშობლებისგან უნდა ესწავლათ.

  სინამდვილეში კი რა ხდება? მათ ბავშვობიდან ესმოდათ, რომ ბიჭი – გვარის გამგრძელებელია. ისინი ხედავდნენ, რომ ქალები (ის ნაწილი, ვინც სელექციურ აბორტს არ იკეთებდა, რა თქმა უნდა), 4–5 გოგოს აჩენდნენ, ბიჭის იმედით. აი, ქინდერის კვერცხებს რომ ვყიდულობდით, ოღონდ ბეჰემოთი ამოგვსვლოდა, ისე. გახსოვთ ბეჰემოთების კოლექცია? ყველაზე სასურველი სათამაშო იყო მგონი. მანამ ვყიდულობდით ქინდერს, სანამ ეს ბეჰემოთი არ ამოვიდოდა, დანარჩენ სათამაშოებს კი კუთხეში ვყრიდით და ბეჰემოთებს საკოლექციოდ ვაგროვდებით. ასე ჩნდებოდნენ გოგოები, არასასურველი სათამაშოებივით, მანამ, სანამ სასურველი ბიჭი არ გაჩნდებოდა, რომელიც მერე ხელისგულზე სატარებელი შვილი ხდებოდა. ეს ნანატრი ბიჭები უყურებდნენ როგორ ატარებდა დღეებს მათი დედა სამზარეულოში, საღამოს კი ქმარს ხვდებოდა, სუფრას უშლიდა და ემსახურებოდა. მათ ესმოდათ, რომ კაცი ოჯახის თავია და ქალი მას ემორჩილება.  ხედავდნენ, როგორ ისხდნენ სუფრასთან მათი მამები და სხვა კაცები, ქალს კი სამზარეულოდან მაშინ გამოიყვანდნენ, როცა მანდილოსნების სადღეგრძელო უნდა დაელიათ. მათ ესმოდათ, რომ ბავშვის მოვლა კაცის საქმე არ არის. საოჯახო საქმეებიც არ არის კაცის საქმე.  ბოზებში წასვლა ღალატი არაა და კაცი ასეა მოწყობილი, ის ვერ მოითმენს, ბოზებში უნდა იაროს. კიდევ ძალიან ბევრი გავრცელებული სტერეოტიპის ჩამოთვლა შემიძლია, რომელიც უმეტეს ქართულ ოჯახში გვხვდება და რომლებმაც მათ გონებაში ბავშვობიდან ჩამოყალიბდა აზრი, რომ ქალი საკუთრებაა, რომელსაც ვერავინ წაგართმევს და მათ სრულ უფლებას აძლევს, ეს საკუთრება, როგორც უნდა, ისე გამოიყენონ.
 
   ახლა, როცა ეს კაცები უკვე გაზრდილები და ძალიან საშიშები არიან, იმის დრო აღარ არის, რომ ფესვების სიღრმეებში ჩავიდეთ.

 ვინ იქნება შემდეგი?

   კიდევ რა უნდა მოხდეს, ვინ უნდა მოკვდეს, რომ სახელმწიფომ დაინახოს ეს პრობლემა? 

    პრობლემაა, როცა პატრული ახალგაზრდა ბიჭებს ჩხრეკს ღამის 2 საათზე, მაგრამ ქუჩაში მოჩხუბარ წყვილს ყურადღებას არ აქცევს, ვინაიდან თვლის, რომ ეს ოჯახური საქმეა და მათ არ ეხებათ.

 გეხებათ, ბატონებო. ეს ძალადობაა და პირველ რიგში სწორედ თქვენ გეხებათ.

  როცა მე ქმარი მცემს, ის იმ მომენტში ჩემთვის მხოლოდ მოძალადეა და მე თქვენი იმედი მაქვს, რომ დამიცავთ. არაა ეს შიდა საქმე, არ არსებობს შიდა და გარე ძალადობა, ძალადობა ერთია და მისი ჩახშობა თქვენ გევალებათ.

  არ აქვს მნიშვნელობა სტატისტიკას, თუ რამდენი ქალია მოკლული. იმას ვგულისხმობ, რომ ციფრების ზრდას არ უნდა ველოდოთ, რომ განგაში ავტეხოთ. მნიშვნელოვანი ისაა, რომ პოტენციური მკვლელები ცხოვრობენ ჩვენ გვერდით, ჩვენ მათთან ერთად ვმგზავრობთ ტრანსპორტში, მათ გვერდით ვდგავართ მაღაზიის სალაროსთან.  ისინი იქცნენ სპილოებად, რომლებიც თავისუფლად დააბიჯებენ უნივერსიტეტის დერეფნებში და კლავენ ქალებს, ისე, რომ მათ ვერავინ ამჩნევს. თუ თქვენ თვლით, რომ ეს პრობლემა არაა, თუ ერთი წამით მაინც ფიქრობთ მკვლელობის გამამართლებელ მიზეზებზე, მაშინ გვყავდეს ეს ვიტრინაში გამოფენილი ბეჰემოთები, საამაყო კაცები, გვარის გამგრძელებლები და დაველოდოთ შემდეგ მსხვერპლს. ვიცხოვროთ დოგვილში და ვზარდოთ ახალი საკოლექციო სათამაშოები.
 

Monday, October 6, 2014

ორშაბათი დღის ფოტო

- I just came back from ten months in Asia. I learned a lot about myself.
- What's one thing you learned?
- If you do what you love, the way will always open.
- What do you love?
- That's what I have to figure out next.



(c)  Humans of New York


My life right now :)

Saturday, October 4, 2014

Landscape Painted with Coffee

   სოფელში აივანზე ვიდექი და ფინჯანი ყავით ხელში გავყურებდი მთებს. ყავა იშვიათად კარგი გამომივიდა - უშაქრო, საჭირო რაოდენობის ყავით, არც მწარე და არც ზედმეტად განზავებული. მიაღწია საჭირო ტემპერატურას, როცა ცხელი აღარაა, მაგრამ ჯერ არც ნელთბილია და სასიამოვნოდ, ყლუპ-ყლუპად შეგიძლია სვა. ზაფხულის ნათელი, მზიანი დღე იდგა. ის მომენტი იყო, როცა თვალები უნდა დახუჭო, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქო და მსუბუქად გაიღიმო. ამ დროს, საიდანღაც ბუზი მოფრინდა, ჭიქაში ჩავარდა და ჩემი იდეალური ყავა გადასაქცევი გახდა. ახლის გაკეთებას რა თქმა უნდა აზრი აღარ ჰქონდა - ასეთი კარგი აღარ გამოვიდოდა. მომენტიც ჩავლილი იყო.  მაგრამ ის წამი უკვე დაჭერილი მქონდა, ამიტომ ბუზმა  კი არ გააფუჭა, უბრალოდ, დაასრულა. არ შეიძლებოდა, ასეთი იდეალური წუთები დიდხანს გაგრძელებულიყო და სწორედ ლოგიკურ დასასრულს მიაღწია.

  რატომ გამახსენდა რამდენიმე წლის შემდეგ ეს ეპიზოდი? ნიკ ქეივს ვუსმენდი და მივხვდი, რომ დღევანდელი დღის დასაჭერი წამები ამ სიმღერის მოსმენისას დადგა.

 Oh, Nick, you old bastard.



 p.s არ ვიცი, აქ და ახლა რა შუაშია, მაგრამ ტყუპი გოგო და ბიჭი თუ მეყოლება ოდესმე, ლუკს და ლეას დავარქმევ.

Wednesday, October 1, 2014

რაზე ოცნებობს ფერმერი ასტრონავტი

“Somewhere along the line we stopped believing we could do anything. And if we don’t have our dreams, we have nothing.”  
    
   -  The Astronaut Farmer


  მე რომ მუდმივი სამსახური მექნება, ბრიუგეში წავალ.

 მუდმივი სამსახური როცა მექნება, სტამბულში დავბრუნდები.
 
  ბოლო 1 წელია, ჩემი ყველა  გეგმა თუ სურვილი ამ ფრაზით იწყება - აი, მე რომ მუდმივი სამსახური მექნება...  

  უკვე იმდენი ხანია, ვგეგმავ, წარმოვიდგენ, ვფიქრობ, რომ  ხანდახან, ძალიან იშვიათად,  დავუშვებ ხოლმე, რომ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვერასდროს ვნახო ბრიუგე. შეიძლება არასდროს წავიდე კიდევ ერთხელ სტამბულში. შეიძლება სულ ტყუილად მიფიქრია და ათასჯერ წარმომიდგენია შვეიცარიის ალპებში ხის სახლი, ჭრიალა დარაბებით, რომელშიც აუცილებლად უნდა გავათენო ერთი ღამე მაინც. 
 ასეთ დროს ყველაზე ძალიან მეშინია. მეშინია, არ გამიხშირდეს ასეთი ფიქრები, უფრო ხშირად არ ვიმეორო სიტყვები: "ვერასდროს", "არასოდეს"..  მეშინია, რომ ზუსტად ეგ ფიქრები გახდება  ჩემი ოცნებების დამარხვის მიზეზი. 

  როცა ვხვდები, რომ იმედს ვკარგავ, მთელი ძალით ვცდილობ, არ გავჩერდე, კიდევ გავაგრძელო ოცნება; რამდენ ხანსაც მომიწევს, იმდენი ვიოცნებო, ვგეგმო, კიდევ უფრო ხშირად შევიდე ხოლმე booking.com-ზე და დუბროვნიკში გესტჰაუსების ფასები ვათვალიერო. ვიცი, რომ ეს პირველი ნაბიჯია სურვილების ასრულებისკენ.

  ყველაზე მეტად ამის მეშინია - ოცნება არ შევწყვიტო.

    ნუთუ სულელი გოგო ვჩანვარ, როცა ვცდილობ, უფრო ხშირად, უფრო გულიანად გავიცინო?  სიცილით ვილაპარაკო ჩემს გეგმებზე, ჯერ ძალიან აწეწილ-დაწეწილ, დაულაგებელ გეგმებზე და ასე გავიხანგრძლივო ოცნების სურვილი. იქნებ ამდენი სიცილი ზედმეტიცაა.
 ხანდახან ცოტათი, სულ ცოტათი ვიღლები. ძალიან მინდა, ჩემმა მეგობრებმა მითხრან, რომ ყველაფერი გამოვა (ვინაიდან როცა ამას აკეთებენ, მგონია, მთებს გადავდგამ). სამწუხაროდ, ასეთ იოლ რაღაცას, როგორიც რამდენიმე გამამხნევებელი წინადადების თქმაა, ძალიან იშვიათად ვაკეთებთ და საპირისპიროდ, დამცინავი ფრაზების თქმა არ გვენანება ხოლმე.

 ყველაფერი ჩემს თავშია.

    ჰოდა თუ მკითხავთ, საით მივყავართ ოცნებებს?  მე გიპასუხებთ, რომ ოცნებებს ჩვენს საყვარელ ქალაქებამდე მივყავართ, რომლებიც ყველას გვაქვს და ხანდახან, არ ვიცით ხოლმე.




   And me? I still believe in paradise. But now at least I know it's not some place you can look for. Because it's not where you go. It's how you feel for a moment in your life when you're a part of something. And if you find that moment... It lasts forever.

Thursday, September 25, 2014

ვილა "ყიყლიყო"

    სატელევიზიო "რა?სად?როდის?"-ს ბავშვობიდან ვუყურებდი და ყოველ შემდეგ თამაშს, შეიძლება ითქვას, მოუთმენლად ველოდი. სტუდენტობისას  ჩემი მეგობარიც ჩაერთო და მეც გამიჩნდა სურვილი, მეთამაშა. მაგრამ დამატებით არაფერს ვაკეთებდი, ველოდებოდი, რომ ვიღაც მომკიდებდა ხელს და რომელიმე გუნდში დამსვამდა. რა თქმა უნდა, როგორც ქუჩაში ცნობილი რეჟისორი არ გაჩერებს და გეუბნება, რომ ძალიან ლამაზი ხარ და თავის ფილმში მთავარი როლისთვის მიჰყავხარ, ისევე არავინ მოსულა ჩემთან და გუნდში თამაში შემოუთავაზებია. ასე გავიდა წლები, ჩემი სურვილი კი არ განელებულა.

   ერთხელაც, ფეისბუქის ერთ დახურულ ჯგუფში (რომლის სახელიც არ ითქმის), ვთქვი, რომ ძალიან მინდოდა რსრ-ს თამაში. აღმოჩნდა, რომ ირინკასაც უნდოდა კვლავ თამაშის დაწყება (მანამდე თამაშობდა და თავი დაანება). თამთამ დაგვაკვალიანა, ვისთვის უნდა მიგვეწერა მეილი (ახალი სეზონი იწყებოდა ზუსტად). გუნდის სახელზე ბევრი არ გვიფიქრია, ასტრიდ ლინდგრენის გარშემო ვტრიალებდით;  ან "ბიულერბიუელი ბავშვები" უნდა ვყოფილიყავით, ან  - ვილა "ყიყლიყო". საბოლოოდ, მეორეზე შევჯერდით. ირინკამ მომწერა, კაპიტნის გრაფაში შენი სახელი და გვარი ჩაწერე და მონაცემები გაგზავნეო.  ასე მოულოდნელად გავხდი ყველაზე მაჭკატური გუნდის კაპიტანი.

 პირველივე თამაშზე მივხვდი, რომ ის ის იყო და მე - მე. მივხვდი, რომ ყველაზე აზარტული ადამიანი ვიყავი მსოფლიოში და შემეძლო, დღე და ღამე გადაბმულად მეთამაშა და არ დავღლილიყავი. მივხვდი, რომ ადამიანებთან დასაახლოვებლად საკმარისია 1 საათი ერთ გუნდში ითამაშო. არ დამავიწყდება ის კვირა დღეები, როცა თამაში უწევდა როგორი სიხარულით გავრბოდი კომაროვში. მივხვდი, რომ ღმერთმა რაც ჩემს სხეულს პლასტიკა და მოქნილობა დააკლო, ყველაფერი ტვინში გადაალაგა და ჩემი სპორტი სწორედ ეს თამაში უნდა გამხდარიყო.

  ვინც თამაშობს, უკვე ბევრს უთქვამს და დაუწერია, როგორი ნარკოტიკივითაა ეს თამაში. როგორი მაგარი გრძნობაა, როცა კითხვისთვის განკუთვნილ 1 წუთში ვერსია არ მოგვდის, ყველანი ვწვალობთ, რაც თავში მოგვივა, ყველა ვერსიას ხმამაღლა ვისვრით და უკვე რომ გგონია, არაფერი გამოვიდა, ბოლო წამს აენთება ვიღაცას თავში ნათურა და სწორ ვერსიას იტყვის. აი ეგ, ბოლო წამს გამოცნობილი კითხვა, არის რსრ-ს ნირვანა, უდიდესი ნეტარება და სრული განსხივოსნება :)

  ვილა "ყიყლიყო" 2012 წლის გაზაფხულზე შეიქმნა. პირველი წევრებიდან მხოლოდ მე დავრჩი (კაპიტანი ხომ ბოლოს ტოვებს გემს).  მიხარია, რომ გუნდი აქამდე შევინარჩუნე, ვინაიდან ძალიან ხშირად იყო დაშლის პირას და როცა მეუბნებოდნენ, რომ ჯობდა სხვა გუნდი მეძებნა, მე ჯიუტად ვაგრძელებდი 2 კაცით თამაშს (დიახ! ერთ თამაშზე მხოლოდ ორნი ვიყავით და საშუალოზე მაღალი შედეგი დავდეთ) და არ ვკარგავდი იმედს, რომ ვიპოვიდი ახალ პეპებს.

  დღეს "ყიყლიყოში" 8 მოთამაშეა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სრულად 6 კაცი თითქმის  ვერც ერთ თამაშზე ვერ ვიკრიბებით.

   ჩვენ გვყავს ჯაბა (გუნდის თვითაღიარებული თილისმა), რომელიც, როცა კი თამაში ან ვარჯიში გვიწევს, რაღაც აუხსნელი ძალებით, მუდამ რაიონში ხდება ხოლმე გასაქცევი, ამიტომ როგორც წესი, არასდროს ესწრება თამაშებს.
  მთვარე, რომელიც, ასევე, მუდმივად ველადაა გაჭრილი, ექსპედიციებში, მაგრამ გუნდის ყველაზე კეთილი და ნათელი წევრია და ამიტომ, ვერაფერს ვეუბნებით :)

 და გუნდის 6 კოპწია გოგო, რომლებიც არიან ყველაზე მაგარი გოგოები - ჭკვიანები, ლამაზები და მხიარულები.

 ქეთი - ქეთი პირველად რომ დავინახე, მივხვდი, რომ ჩვენ ძალიან კარგად გავუგებდით ერთმანეთს.  ქეთი ის მოთამაშეა, ვისთან ერთადაც შემიძლია ნადალი-ფედერერის 2008 წლის უიმბლდონის ფინალი დავდო :)  ანუ, ქეთისთან ერთად ვერსიების გაცვლა-გამოცვლა ერთი დიდი სიამოვნებაა ჩემთვის და როცა თამაშზე მოდის, თავს მშვიდად ვგრძნობ, ვიცი, რომ ცუდი შედეგი არ გვექნება.
  სალომე - გუნდის ქერა გოგო სალომე, რომელიც სასწაულ კითხვებს იღებს, როგორსაც სხვა ვერავინ ავიღებდით და მუდმივად ახერხებს ჩვენს გაოცებას. და საერთოდ, მიხარია რომ ამქვეყნად არსებობს სალომე და არა მხოლოდ ჩემი გუნდელი, არამედ ჩემი მეგობარიცაა. რომელიც წერს სასწაულ ლექსებს, ისეთს, რომლებსაც შეუძლიათ სამსახურში მატირონ და მთელი დღე მაფიქრონ.
 კედი - კედიზე წერა მიჭირს, იმიტომ რომ ჯადოსნური საბურველით მოცული გოგოა და როცა გავიგე, რომ ჩემს გუნდში უნდა ეთამაშა, ყველაზე მეტად გამიხარდა. კედი ისეთი გოგოა, რომელიც სულ უნდა ჩაიხუტო და აკოცო.
 თამთა - თამთა არის ყველაზე დადებითი და კეთილი გოგო გუნდში, ჩუმი მოთამაშე, რომელიც საჭირო პასებს აკეთებს.
 სოხიჩა - სოხიჩა გოგოა და ნინო ქვია, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ ოდესმე ნინო დავუძახო :) სოხიჩა არის გუნდის მოტივატორი და ყველაზე რთულ მომენტებში მედგა გვერდში, როცა მხოლოდ ორნი გავდიოდით სათამაშოდ. მას შეუძლია იჯდეს და იძახოს, არ ვიცი, არ ვიცი, იქნებ ეს არის? და სწორედ "ეს" იყოს სწორი პასუხი :)


  ხოდა ასე, ეს არის ჩემი ვილა "ყიყლიყო".

May the force be with us!

Sunday, September 7, 2014

Julia Dream



  პინკ ფლოიდის მუსიკა მაშინ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როცა რაღაც ახლის ძიებაში ვიყავი და ზუსტად არც ვიცოდი, ეს ახალი რა შეიძლებოდა ყოფილიყო, მატერიალური თუ აბსტრაქტული.

  საერთოდ, ყველაფერი დიდი და მნიშვნელოვანის აღმოჩენა ჩემთვის მოულოდნელად, ყველასგან და ყველაფრისგან დამოუკიდებლად მომხდარა.

   ასე იყო ამ შემთხვევაშიც. რა თქმა უნდა, უკვე ვიცოდი პინკ ფლოიდის არსებობის შესახებ. რა თქმა უნდა, ერთი-ორჯერ მქონდა მოსმენილი მათი რამდენიმე სიმღერა, ისეთი, რომლებსაც ყველა უსმენს (Wish you were here, Shine on you crazy diamond..)  და სულ ეს იყო.  თებერვლის იმ დღეს, ტელევიზორში არხების გადართვით რომ ვირთობდი თავს,  ერთ-ერთ არხზე გადიოდა Comfortably Numb,  დევიდ გილმორის და დევიდ ბოუის შესრულებით. ამ არხზე გავაჩერე და ტელევიზორის გვერდით, სარკეში ვიხედებოდი, როცა უცებ გაუცნობიერებლად სარკეს მოვცილდი და  ეკრანის წინ დავდექი. ბოლომდე თვალმოუშორებლად ვუყურე და მივხვდი, რომ რაღაც დიდი მოხდა.
  სინამდვილეში ნამდვილი პინკ ფლოიდისთვის არც მომისმენია. ვერც დევიდ ბოუის დავაბრალებ, არც ის მიყვარდა მანამდე. უბრალოდ, როგორც იქნა ის დღე დადგა, რომელსაც მანამდე გაუცნობიერებლად, მუდმივად ველოდი.  მერე ყველაფერი თითქოს ისე იყო, როგორც ახალი, საყვარელი ჯუფის აღმოჩენისას ხდება ხოლმე - ვიკიპედიის გადაქექვა, "ერთ სიმღერასაც მოვუსმენ და დავიძინებ".  თან ასე იყო და თან არ იყო. რაღაც საბურველში გახვეული დავდიოდი.

   სტენლი კუბრიკი, რა თქმა უნდა, მექანიკური ფორთოხლით გავიცანი. წიგნი ახალი წაკითხული მქონდა და ერთი სული მქონდა მენახა, ფილმი როგორი გამოვიდა. მახსოვს, შუაში გაწყვეტა მომიწია, სადღაც მეჩქარებოდა, მაგრამ გაწყვეტის მომენტიდან გაგრძელებამდე, მთელი ჯოჯოხეთ გამოვიარე. ლოდინის ჯოჯოხეთი. ვუყურებდი და არ ვიცოდი, რა მომწონდა კონკრეტულად.  ყველაფერი  აბსოლუტურ ჰარმონიაში იყო ერთმანეთთან - მსახიობები, ფერები, კადრები, მუსიკა..

  ფილმებში ყველაზე ნაკლებად ომის თემატიკა მიყვარს. კუბრიკთან კი ხსენებულს ხშირად შეხვდებით. ის ბევრი ხერხით ცდილობს დაგვანახოს, რომ ომი ცუდია, საშინელებაა.  მაგრამ ღმერთო, როგორ დიდებულად აკეთებს ამას! ხან ირონიით (Gentlemen, you can't fight in here! This is the War Room), ხან პირდაპირ მოგახლის სახეში და ცხარე ცრემლით გატირებს (გერმანელი გოგოს სიმღერა, რომელიც იძულებულია, მტრებს უმღეროს). .

    პინკ ფლოიდი მუსიკის სტენლი კუბრიკია. კუბრიკი კი - კინოს პინკ ფლოიდი. ვიღაც დამეთანხმება, ვიღაც - არა.  ალბათ ყველაზე გასაგები იმათთვის იქნება, ვისაც ზემოთხსენებულები ჩემსავით უყვარს. 

    მათ შეძლეს და შექმნეს ისეთი მუსიკა/ფილმები, რომლებიც ცოტა ხნით გამუნჯებს. თითქოს რაღაც ახლის, ბოლომდე შეუცნობელის მოწმე ხდები, რაღაც  გეჯახება, ქარბორბალასავით გატრიალებს, ჯერ ცაში აგიტაცებს და მერე მიწაზე განარცხებს.

    თქვენ იტყვით, ასეთი ზემოქმედება კიდევ ბევრ მუსიკოსს და რეჟისორს შეუძლიაო.  მე დაგეთანხმებით და დავამატებ - მხოლოდ პირველ ჯერზე. აი, ფლოიდებს და კუბრიკს კი შეუძლიათ ყოველ ჯერზე, ყოველ მოსმენაზე და ნახვაზე იგივენაირი ემოციების ნაკადი გამოიწვიონ, პირველი შთაბეჭდილების ეფექტი შექმნან და ამასთან, რაღაც შეუცნობელის, გაუგებარის შეგრძნება დაგიტოვონ.

   პ.ს დღეს (უკვე გუშინ), როჯერ ვოტერსის დაბადების დღე იყო და პოსტიც სწორედ ამ თარიღს ეძღვნება.

Tuesday, September 2, 2014

Even artichokes have hearts

    Amelie has a strange feeling of absolute harmony. It's a perfect moment. A soft light, a scent in the air, the quiet murmur of the city. A surge of love, an urge to help mankind overcomes her. 


[Josef Stalin dubbed in propaganda film excerpt] If Amélie chooses to live in a dream-world and remain an introverted young woman, she has every right to mess up her life!


* * *

 



* * *
   გიიომი და ვივიანი ახლა მდინარის ნაპირას, ჯერ კიდევ მწვანე ბალახზე წვანან. გიიომი ვივს თმებზე ეფერება. 


* * *
 არ ვიცი შემოდგომის გამოა, თუ მე გადავედი ცხოვრების ახალ ეტაპზე. 

 თითქოს რიტმი რაღაც მშვიდ კალაპოტში ჩადგა.


   თითქოს მოთხრობას ვწერ, სადაც მე ის გოგო ვარ, მარტო რომ ცხოვრობს და ზამთრისთვის ემზადება; ზამთრამდე კი ყველაზე მშვიდი შემოდგომა უდგას. სამზარეულოში ტრიალებს, სადაც გამჭვირვალე ფარდის გავლით მზის სხივები შემოდის და მაინც არ ცხელა. კომშის მურაბას ადუღებს და ნელა, სულ ნელა ურევს ხის კოვზით ქვაბში ქარვისფერ სითხეს. სურნელი ჩემს თმასაც გადმოსდის და მერე ქუჩებში ვატარებ. ვინ ერისენა ტენეცკაია? მე ჩემი კომშის სურნელი მექნება. ჭრელ შარფში თავჩარგული ვივლი  და იოდელისივით ბიჭი შემხვდება, მოარაბულო გარეგნობით, კეთილი თვალებით. ერთი წამით, სულ ერთი წამით შემომხედავს და გზას განაგრძნობს. მერე კი სიმღერას დაწერს გოგოზე, რომელსაც კომშის სურნელი ჰქონდა.


* * *
  სადღაც მდინარის პირას კი გიიომი ვივიანს ეტყვის: ვივ, გუშინ ერთი სიმღერა მოვისმინე, რომელიც შენ გგავს. ვივიანს თვალები გაუნათდება და ჰკითხავს - რომელი? გიიომი მას იმ სიმღერას მოასმენინებს. ვივიანი წამოდგება, გაოცებული, თმაგაშლილი, ლამაზი ვივიანი და ჰკითხავს - რატომ? გიიომი არაფერს პასუხობს, მაგრამ ვივიანმა თვითონაც იცის, რომ აბრაამის შვილია, მას შეუძლია ისააკი სიკვდილისგან იხსნას. იცის, რომ ის  ჩვეულებრივი გოგო არ არის, შეუძლია ახლავე ადგეს და წავიდეს იქ, სადაც ისააკია. სწორედ ამის გამო უყვარს  ასე გიიომს.


* * *
   ჩემს მოთხრობაში კი არსად მეჩქარება. არც სექტემბრის ბათუმი მელოდება, ყველაზე კარგი ბათუმი. მშვიდი, კამკამა ზღვით. დილის ნოყიერი საუზმეებით. ბევრი კინოთი. კიდევ უფრო ბევრი ნაცნობით. ის ბათუმი, სადაც ყველა ლამაზი და უზრუნველი ხდება, და რაღაცნაირად, ძალდაუტანებლად იცინის. თითქოს მთელი წელი არ მიოცნებია ამ დღეებზე.  დღეებზე, რომელიც არ იქნება.


* * *
გიიომის და ვივიანის სიმღერა -





* * *
So, my little Amélie, you don't have bones of glass. You can take life's knocks. If you let this chance pass, eventually, your heart will become as dry and brittle as my skeleton. So, go get him, for Pete's sake!


* * *
Whatever.

Saturday, August 9, 2014

Summertime sadness

  ახლა საყვარელი მარის პოსტს ვკითხულობდი და ჩემი ძველი ზაფხულები გამახსენდა, ნამდვილი, ლინდგრენისეული ზაფხულები. გადატყავებული მუხლებით, ფეხებზე შემხმარი ტალახებით, ქანცის გაწყვეტამდე რომ დავიღლებოდით დღის ბოლოს, სულ ძალით ამოგვრეკავდნენ სახლში, სადღაც ჭოტი აკივლდებოდა, ჩვენ აივანზე გამოვაწყობდით ჭიქებს ჩაის დასალევად და ბებო ფეხების დასაბან წყალს გვიცხელებდა. მაშინ არ ვითვლიდი დღეებს უკუთვლით, აი ამდენი დღე დამრჩა არდადეგების ამოწურვამდე-თქო, იმიტომ რომ დღეები ბევრი იყო, ზაფხული - დიდი, წინ შემდეგი დღე მელოდა, ათასი წვრილ-წვრილი თავგადასავალით სავსე.

 ხანდახან ახლაც გამიელვებს ხოლმე ძველი შეგრძნებები. როცა თბილისში აუტანლად ცხელა, სუნთქვაც ჭირს და ყველა სახლებში ან სამსახურებშია გაკრეფილი, უცებ მახსენდება, რომ ადრე ასეთ დროს, ჩვენ ეზოში გავრბოდით და ვწუწაობდით.  ასეთ დროს აღარც სიცხეა შემაწუხებელი, პირიქით, კორპუსის ეზოდან ზევით ვიხედები, ფოთლებს შორის მზის სხივების ლიცლიცს ვუყურებ და ვხვდები, რომ ძველი ზაფხულები ასეთი, პატარ-პატარა დეტალებისგან შედგებოდა, რომელსაც ვაფასებდით და მათგან დღესასწაულებს ვქმნიდით.


Thursday, July 3, 2014

The sound of Woodkid

                                                                                                  Where the light shivers offshore,
                                                                                                  through the tides of oceans.
                                                                                                  We are shining in the rising sun.
.

  ორად ორ მომღერალს გავყვებოდი დაუფიქრებლად ქვეყნის დასალიერში - დევენდრა ბანჰარტს და ვუდქიდს. უფრო ალბათ მეორეს. თუნდაც იმიტომ, რომ ახლა მასზე ვწერ, მისი ხმის გამო და უფრო იმიტომ, რომ ეს სიმღერა დაწერა და მერე ასე იმღერა



   ამ, ჭეშმარიტად ფრანგული ჟღერადობის სახელის და გვარის მქონე ბიჭმა (მას იოან ლემუანი ჰქვია), ადგა და I love you სტუდიურად ისე სასწაულად იმღერა, რომ ახლაც კი ემოციების გარეშე ვერ ვუსმენ და სულ მგონია, რომ მე მიმღერის, მე ვარ ის გულცივი და საშინელი გოგო, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და მას ყურადღებას არ აქცევს.




    ძალიან ხშირად მახსენდება ფბ-ზე ეს ფოტო რომ დადო და დაწერა: Finally back home and ready to work. Missed you NYC. From Coachella to the New York City Ballet. კომენტარებში ვიღაცამ დაუწერა - your home is LYON. გულში ჩამრჩა რაღაცნაირად და ხშირად მახსენდება იმ გულშემატკივრის პათეტიკა, თუ უბრალოდ გულისტკივილი.

    სიმღერაზე ვამბობდი, არ ვიცი ვის უმღერის სინამდვილეში, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, ძალიან იღბლიანია. 

Wednesday, June 18, 2014

***

     You talk to me
     as if from a distance
     And I reply
     With impressions chosen from another time, time, time,


   ახლა ისეთ რამეზე უნდა ვწერო, რასაც ალბათ 17 წლის გოგო თუ დაწერდა.

  არ ვიცი, თქვენ თუ გქონიათ ეს შეგრძნება, დაღლილობის. ხანდახან მინდა, რომ ჩემთვის ვიყო, ამდენი სოციალიზაცია მღლის, ამდენი არაბუნებრივი და არაჯანსაღი ურთიერთობა მთელს ჩემს ენერგიას მაცლის და მიაქვს, მე კიდევ არაფრით არ შემიძლია ეს ყველაფერი, მერე იმდენი დრო მჭირდება, ის ენერგია რომ შევივსო, ლამის სახლში გამოვიკეტო და ყველა ადამიანს ავარიდო თავი.

   ნეტავ მე ვინ მეტყვის, რომ კარგი და ლამაზი ვარ, ჭკვიანი რომ ვარ. თუ არ მოითხოვე, არც არავინ გეტყვის, რომ კარგი, ლამაზი და ჭკვიანი ხარ. არადა ყველაფერი ხომ ჩვენს თავშია, მაგრამ ჩემი თავიც აღარ მეუბნება არაფერს კარგს.

  ხანდახან მგონია, რომ ყველაფერი ხელიდან მეცლება. მერე უცებ ვიწყებ ვირჯინია ვულფზე და სილვია პლათზე ფიქრს, მგონია რომ ისინიც ზუსტად იმას გრძნობდნენ სიცოცხლის ბოლო წლებში და ძალიან მეშინია.

  

Sunday, June 8, 2014

ჩემი ნაღვლიანი სიზმრების გახსენების ჟამს

   [ არ ვიცი, იმ ფენომენს რა ჰქვია, შენს ერთ-ერთ საყვარელ შემსრულებელს მოუთმენლად რომ ელოდები და როცა ეს დღე დადგება - ის აქ არის და შეგიძლია ცოცხლად მოუსმინო, წასვლა გეზარება. ]



    წუხელ მესიზმრა, რომ ჩემს სოფელში ვიყავი. ზაფხულის არდადეგები მქონდა, სახლის სხვენში დავძვრებოდი და იქაურ მტვერს ვისუნთქავდი.

19 წლის ვიყავი.

  ალბათ იმის ბრალია, ძილის წინ "ზარხუფს" რომ ვკითხულობდი. მთელი დღეა, 19 წლის მგონია თავი და მგონია, რომ ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეს მოვასწრებ. მერე მახსენდება, რომ უკვე 26 წლის ვარ, ჯერ მუდმივი სამსახურიც კი არ მაქვს და გუნება მიფუჭდება. ნეტავ 19 წლისას წამეკითხა პლათი, ალბათ მერე ჩემს ცხოვრებას სხვანაირად წარვმართავდი. იმედია თვითმკვლელობაზე არ ვიფიქრებდი და მხოლოდ რაღაც ახლის გაკეთებაზე დავიწყებდი ზრუნვას.

    სიზმარში ჩემს სოფელში ვიყავი-მეთქი, ვამბობდი. აქ ისე გულახდილად ვეღარ ვწერ, არც სიზმრის შინაარსზე მოვყვები და ჩემს ქვეცნობიერში დავიწყებ ქექვას.  ყველაზე კარგ მომენტში გამეღვიძა (არაფერი ისეთი არ ყოფილა, რაც გაიფიქრეთ) და ვეღარაფრით შევიბრუნე ძილი. მერე ვიწექი საათზე მეტი და სიზმრის ამბავს ვაგრძელებდი გონებაში, საბოლოოდ მაინც ვერ მოვიფიქრე დასასრული და თავი დავანებე.

   ზაფხული კი ზანტად მიიზლაზნება; ისეთი კვირადღეა, მხოლოდ ნაყინზე რომ უნდა ჩაირბინო მაღაზიაში, მერე ყავა ყავაზე სვა და ნაყინი მიაყოლო, ხან წიგნი იკითხო და ხან - გრეის ანატომიის სეზონის ბოლო სერიას უყურო. ამ დროს კი ჩაინავუმენი და ოუფენ ეარი მეჩხირება გონებაში, სრულ იდილიას არღვევენ და ამ ზანტი კვირა დღის კონტექსტიდან საერთოდ ამოვარდნილია ერთიც და მეორეც.  ოუფენ ეარს 2 წელია უკვე რაც ველოდები და ჭირის დღესავით მეზარება წასვლა. აი, ამ ფენომენის სახელს გეკითხებოდით ზევით. რა ჰქვია?

   ყოველი ზაფხულის დასაწყისში, ძველი ზაფხულები მახსენდება, სკოლის დამთავრების შემდეგი ანუ არდადეგების პირველი დღე, დილით თვალს რომ გავახელდი და ტკბილად გავიზმორებოდი, როცა ყველანაირი ვალდებულება მხრებიდან მოხსნილი იყო და რამდენ ხანსაც მინდოდა, იმდენს დავიძინებდი, წინ უამრავი წასაკითხი წიგნი და თბილისური ცხელი საღამოები იყო, სოფელში წასაღები წიგნების სია კი - შესადგენი. აი ეს მოგონებები დევენდრა ბანჰარტის სიმღერებს ატარებს მხოლოდ, ამ დროს კი სადღაც აქვე ჩაინავუმენია და დღეს უნდა იმღეროს. არაფრით არ ჯდება დღევანდელი დღის კონტექსტში, მითუმეტეს მაშინ, როცა მე საშინლად მინდა, ჩემს სოფელში ვიყო და წუხელ რაც სიზმარში ხდებოდა, ეგ ამბები ხდებოდეს.


Wednesday, April 30, 2014

Photo of the Day


   Tumblr-ს უმიზნოდ ვსქროლავდი, ამ ფოტოს რომ წავაწყდი. გული გამინათდა და ამ უცნობი გოგოების მიმართ საოცარი სიმპათიით განვეწყვე. 
 
   როცა ქორწილი მექნება (someday), ძალიან მინდა, ჩემს მეჯვარეებს ზუსტად ასე, ფერადი და ყვავილებიანი კაბები ეცვათ. 

  მთელი სცენარი წარმომიდგა თავში, როგორ ვიცეკვებდით ჩვენს საყვარელ სიმღერებზე, გადავიღებდით სურათებს, გულიანად ვიცინებდით, ერთმანეთს ჩავეხუტებოდით და ერთი წამით დავსერიოზულდებოდით, გულაჩუყებულები, მერე კი ისევ გავაგრძელებდით ცეკვას და ავაფრიალებდით ჩვენს მშვენიერ, ფერად კაბებს.

  მერე ვიღაც, სადღაც, რომელიმე სოც.ქსელზე იპოვიდა ჩვენს ფოტოს და ისევე ინსპირირდებოდა, როგორც დღეს - მე :)

Monday, April 21, 2014

მერე?

     "და მეცხრესა ჟამსა ხმა-ყო იესო ხმითა დიდითა და თქუა: ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი? რომელ არს თარგმანებით: ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევებ მე?"

                                                                                                                                     - მარკოზი, 15:34


     ახალ აღთქმაში ეს ჩემი საყვარელი თავია. ერთ დროს, როცა ეკლესიაში დავდიოდი, ამ ეპიზოდს როცა კითხულობდნენ, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაც გულში მიყოფდა ხელს და მთელი ძალით მიჭერდა. ჯვარზე, ყველასგან მიტოვებული ქრისტე. თვითონ მასაც ჰქონდა მომენტი, როცა თავის თავში ეჭვი შეეპარა, ეგონა, რომ ღმერთმა მიატოვა და მხოლოდ ადამიანი დარჩა მასში.

  აღდგომა ჩემი საყვარელი დღესასწაულია. ადრე უფრო იყო, ალბათ. ახლა უკვე აღარ ვიცი, ამ სიყვარულში რელიგიური მხარე უფრო ჭარბობს თუ პრაგმატული.

   შემიძლია მოგიყვეთ, როგორ გავატარე ეს აღდგომა.

   ვიჯექი სახლში, ყოველ 2-3 საათში ერთხელ ვიდუღებდი თურქულ ყავას, დავასხამდი ჭიქაში და ქაფქაფა სითხეს ვსვამდი. 
  ვუყურებდი ჩემს ახალ კაბებს, ჭრელ, ყვავილებიან, კოპლებიან, ფერად კაბებს და ვფიქრობდი, რა აზრი აქვს ამ ყველაფერს-მეთქი. ყველაზე ცუდი მომენტია ეგ, ყველაფრის ამაოების განცდა. როცა ინტერესს კარგავ და მამოძრავებელი ძალა აღარ არსებობს, რისთვისაც იცხოვრებ.  როცა არც ერთი მიზანი აღარ ჩანს საინტერესო და ყველაფერზე მიჩნდება კითხვა - მერე?  უნდა იმუშავო იმიტომ, რომ გქონდეს ფული. მე ვსვამ კითხვას - მერე?  მერე იმ ფულით იყიდი ტანსაცმელს, შეჭამ გემრიელ საჭმელებს, წახვალ სადმე, სამოგზაუროდ.  - მერე?  სანამ ეგ კითხვა არსებობს ცნობიერებაში, მანამ არც ერთი მიზანი და ადამიანი აღარ არის საინტერესო. მადლობა ღმერთს, იშვიათად მაქვს ეგ კითხვა აკვიატებული. აი ზოგიერთ ადამიანზე მიფიქრია ხშირად, როცა მის ცხოვრებას ვუყურებ,  ნეტავ რა ინტერესის გამო აგრძელებს ცხოვრებას-მეთქი?

   4 დღე ვიყავი სახლში, 4 დღე! ასეთ დროს მთელი გულით მძულს დღესასწაულები, თუ რაღაც შემთხვევების წყალობით ვერსად წახვედი, უნდა დაჯდე და უყურო სხვა ხალხის ბედნიერებას. ჩექინებს, ინსტაგრამის ფოტოებს, სტატუსებს და უფრო მეტად იგრძნო, რომ აბსოლუტურად მარტო ხარ, შენს საკუთარ ჰორმონებთან ერთად და სულ მცირე სურვილსაც ვერ პოულობ თავში, რომ ეზოში მაინც ჩახვიდე და ცოტაოდენი მანძილი მარტომ გაიარო. აღარც მზიანი დღეები მოგწონს, არც დაცარიელებული თბილისი და ეგეთ დროს გირტყამს თავში ჩაქუჩივით - მერე? მერე?  მერე რა, რომ მზიანი დღეებია, მე ახალი კაბები მაქვს, თბილისი ცარიელია და საუკეთესო დღეებია ფეხით სასეირნოდ. მერე რა?  მე მაინც ამ ოხერ ჰორმონებთან ერთად ვზივარ სახლში და წიგნებსაც კი არ ვკითხულობ. გუშინ მთელი დღე Downton Abbey-ს ვუყურებდი, 5 სერიას მაინც ვუყურე. ეგეც შენი აღდგომა და გეგმები. სოფელში მაინც გავყოლოდი მშობლებს.

   პ.ს როგორც ყოველთვის, თავის საშინელი ტკივილი მტანჯავს.

Saturday, April 19, 2014

Happiness is (Vol. 2)

 

  გამოწერილი კაბები იდეალურად მომერგო, სოკოსგან უგემრიელესი კერძი გამომივიდა და ყავაში ზუსტად ჩამიყრია შაქარი.

  Arctic Monkeys ბიჭები კი მშვენივრად ასრულებენ ამ სიმღერას -


Thursday, March 20, 2014

პროვინციული ქალაქების აუტანელი სიმსუბუქე

   წინა კვირას სამსახურიდან დასავლეთ საქართველოს ქალაქებში ვიყავი, ერთ-ერთ ბანკში ტრენინგები ჩავატარეთ.  ქუთაისი, ფოთი, ბათუმი - ასეთი იყო მარშრუტი.  შესვენების პერიოდში, მე და ჩემი თანამშრომელი სამზარეულოში ყავის დასალევად რომ გავდიოდით, ბანკის თანამშრომლები ჩამოგვისხდებოდნენ და გვეჭორავებოდნენ. ვსაუბრობდით მათ ქალაქებზე. ისინი ამბობდნენ, რომ მათ ქალაქში არაფერი ხდება, მე ვეუბნებოდი, რომ მომწონს მათი ქალაქი.
  ფოთში მართლა არაფერი ხდებოდა. ქუთაისში პირველად ვიყავი და მოვიხიბლე. ბათუმი.. ბათუმზე ჩემი აზრი იცით უკვე.

   ეს ალბათ არახალი პრობლემაა, თბილისი რომ ერთადერთი ქალაქია, სადაც რაღაც ხდება, სადაც შეგიძლია ჩამოხვიდე და დარჩე. ყველა გზა თბილისში მიდის. აქაური ცხოვრება უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია დანარჩენი ქალაქების ცხოვრებასთან.

   ქალაქების -  პატარა ქუჩებით, იქაური ტემპით - ძალიან ნელი და მშვიდი, დილით გადარბენაზე რომ არ სვამ ყავას, სამსახურს 5-ზე ამთავრებ და სახლამდე შეგიძლია ფეხით წახვიდე. კი, ჩვენ მხოლოდ რამდენიმე დღით ვიყავით ჩასული, სასტუმროში ვცხოვრობდით და საუზმესაც სხვა გვიმზადებდა, მაგრამ ცხოვრების ნელ ტემპზე ჩვენ კი არა, ისინი საუბრობდნენ, ისინი წუხდნენ, რომ თბილისური, სწრაფი დინება უნდათ მათაც და არა ის, რა ცხოვრებასაც ახლა ეწევიან. მე კიდევ ძალიან დავიღალე მათ მიერ ნანატრი გადარბენებით, დილით გაჭედილი ტრანსპორტით, საღამოს გაჭედილი ტრანსპორტით, მუდმივი უძილობით, ამდენი მანქანით.. ამდენი მანქანით! ძალიან მიკვირს, როგორ ეტევა ამდენი ავტომობილი თბილისში?  ამ გამონაბოლქვის პირიობებში, რა ჰაერს ვსუნთქავთ, ან საერთოდ ვსუნთქავთ ჰაერს?

   შეიძლება მე ვცდები, შეიძლება ზუსტად ეს ცხოვრება მომწონს და ბათუმში რომ გადავსახლდე, სულაც შემძულდეს ის ქალაქი, აღარც ზღვა მინდოდეს, აღარც მისი ქვაფენილები და ველოსიპედის გზები.  მაგრამ ახლა, გიჟური საცობებიდან სახლში დაბრუნებული, იმ დღეებს ტკბილად ვიხსენებ,  ბათუმურ დილებს, როცა არავინ არსად გარბოდა, ბანკშიც კი ყველა მშვიდად მიმოდიოდა, საღამოს ქუჩებში მანქანების სიგნალი არ ისმოდა და მე შემეძლო მშვიდად დამელია ჩაი და არ მეფიქრა არაფერზე, ჩაის გარდა.

Monday, March 3, 2014

Cherry Tree

 როცა პატარა ვიყავი, ყველაზე მეტად მიყვარდა კითხვა და უფროსების საუბრის მოსმენა. კითხვას არავინ მიშლიდა, მაგრამ როცა დედასთან მეგობარი ან მეზობელი მოვიდოდა, მე მაშინვე მიმაბრძანებდნენ ხოლმე ოთახიდან.

  მაშინ მინდოდა, მალე გავზრდილიყავი. მეც მალე მყოლოდა ასეთი მეგობრები, მერე აღარავინ გამიშვებდა ოთახიდან და ჩემს საკუთარ ამბებს მოვყვებოდი ფინჯან ყავასთან ერთად. 

  მაშინ, ჩემს ბავშვურ გონებაში, დიდი გოგოები ისეთი საუცხოო და არარეალურები იყვნენ, შეღებილი თმებით, მუქი პომადებით, თავისებური სურნელით..

  როცა გავიზარდე და მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე, მივხვდი, რომ დიდობა მხოლოდ ჭორაობა და ყავის სმა არ არის. 
  მივხვდი, რომ როცა ზრდასრული ადამიანი ხარ, რომელსაც მრავალი პასუხისმგებლობა აქვს ტვირთად აკიდებული, უზრუნველი ცხოვრების იმედი აღარ უნდა გქონდეს. მივხვდი, რომ ჯობია ვიღაც გყავდეს გვერდით, რომელიც ხანდახან ოთახიდანაც გაგაბრძანებს, მაგრამ როცა ქუჩაში მის თბილ ხელს ჩაკიდებ შენსას, თავს ყველაზე დაცულად იგრძნობ.
   როცა ბავშვი აღარ ხარ, შენი ცხოვრება ძალიან მარტივ რამეზე დადის - Ups and Downs. მთავარია ისწავლო, ამ ახტომა-ჩამოხტომების პერიოდში  როგორ იყო ბედნიერი და არ დაკარგო უნარი, მარტივ დეტალებში დაინახო კარგი. არადა, როგორი რთულია, ღმერთო, როგორი რთული. 
 ხანდახან, პატარა ბავშვებს რომ ვუყურებ, ისე ძალიან მშურს. მათ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შეუძლიათ, გაიცინონ გულიანად, თვალები გაუბრწყინდეთ და ყველაფერი ცუდი უცებ მისცენ დავიწყებას.  ახლა კი, დიდობაში, რამდენი ძალისხმევა გჭირდება, რომ გულიანად გაიცინო,  რამდენი რამ უნდა დაივიწყო რაც შენს თავს ხდება, რომ რამდენიმე წუთით მაინც, უზრუნველად ყოფნა შეძლო.. 

  ადამიანების ნდობა დავკარგე. უკრაინის ამბებზე, სოციალურ ქსელებში იმდენი ქართველი გამოხატავდა სოლიდარობას.. მაგრამ მომკალით და მგონია, რომ ისინი ისევ ჩვენ გვაჩვენებდნენ თავს, როგორი კარგები და ადამიანურები ვართო. მეეჭვება, რომ უკრაინელები ქართულ სტატუსებს კითხულობდნენ გულდასმით. ასეთ დროს, როცა დახმარება გინდა, არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო, ვილოცო? აღარც აქციების მჯერა, ერთი ის შეგვიძლია, ავდგეთ ყველა ერის წარმომადგენლები,  უკრაინაში ჩავიდეთ და რუსების ჯარებს წინ დავუდგეთ, ყვავილებით ხელში. ხმამაღლა ჩავურთოთ თავისივე Родина და პირდაპირ თვალებში ვუყუროთ, ჯიუტად. იქნებ ასე, უსიტყვოდ, ყვავილებით და მუსიკით შევაჩეროთ ომი?  არ ვიცი, ეს ერთი ქალის ბოდვაა მხოლოდ, მაგრამ მომკალით და დისტანციური აქციების აღარ მჯერა.

  დღეს დედის დღეა, უნდა ავდგე ახლა და წავიდე, დედას რეზო ინანიშვილის მოთხრობების კრებული ვუყიდო.


Thursday, February 13, 2014

სამი ფერი




ნაცრისფერი

   რომ მკითხონ, ყველაზე დიდი დარდი რომელიაო, მე ვუპასუხებდი აი ეს დარდი-მეთქი - უთქმელი და ჩუმი, ამბად რომ ვერ მოყვები. თუ მოყვები, გაგიკვირდება, ნუთუ ხმამაღლა ნათქვამი ასეთია ჩემი დარდი, სრულიად სხვანაირი და გაუგებარი. როცა შენთვის ხელებს ნერვიულად იმტვრევ, თან გულში ჩურჩულებ, ღმერთო, მაკმარე ეს, რამე უფრო დიდი უბედურება არ დამატეხო თავსო.


ყვითელი

  თუ მკითხავთ, დიდი სიხარული როგორიაო, მე გიპასუხებთ - აი ის, სტამბულში რომ ჩავედი და თავი დაბრუნებულად ვიგრძენი; ყველაფერი რომ თავის ადგილას იყო - მზეც, ადამიანებიც, შემწვარი წაბლებიც და ფერადი შენობები..


ლურჯი

  რომ მკითხოთ, ბედნიერება როგორიაო, გეტყვით - ის მომენტი, როცა ყველაფერი თავის ადგილას არის; ისე, როგორც სტამბულში იყო-მეთქი.

Tuesday, February 11, 2014

The only voice that matters

    "God, the women in these magazines... Some of them are actual brides, you know, they're not all models. All smiling... It's like the only thing in the world that matters is that they find the perfect shoes to match that dress. God, you know, I knew these girls, I went to school with them... It's funny. I used to feel sorry for them. They're simple girls. They just wanna find the guy and get married, you know? Live. I don't know, I think you're either born simple or you're born... me. I wanna be the person who gets happy over finding the perfect dress, I wanna be simple, 'cause no one holds a gun to the head of a simple girl.."






I'm not Cristina Yang.

Monday, February 10, 2014

Somewhere in London

                                                                                   You must be somewhere in London
                                                                                   You must be lovin' your life in the rain.
                                                                                   You must be somewhere in London...

Photo by NASA’s Curiosity Rover.

 ეს ფოტო ორიოდე დღის წინ გამოაქვეყნა ნასამ, მარსიდანაა გადაღებული.

 ის პაწაწინა, ნათელი წერტილი არის დედამიწა.

 უცნაურია, როცა ვუყურებ და ვფიქრობ, რომ იქ არის  რუსეთი და ამერიკა, ჰიროსიმა და ნაგასაკი. სადღაც ვიღაც საუზმობს, ვიღაცას უძილობა ტანჯავს, ვიღაც კი კვდება..

    ჩვენთან ორშაბათი დადგა. თავის საშინელი ტკივილები მტანჯავს. ყველა ჩემი მეგობარი სადღაც გაეშურა. ასე მგონია, თითქოს ჩემს first aid ყუთს დასტაცეს ხელი და სადღაც შორს წაიღეს. ამიტომ აღარ ვიცი, როცა გამიჭირდება, ვის მივაშურო, ვისთან გავიქცე. არადა, მარსიდან დედამიწა ისეთი პატარა ჩანს.  სინამდვილეში კი საკმარისად დიდია იმისთვის, რომ გასაჭირში გასაქცევი ადამიანები შორს გადაიკარგონ.

Put an ocean and a river between everybody else,
Between everything, yourself and home.
Put and ocean and a river,
Between everything, yourself and home.


Saturday, February 8, 2014

Happiness is..

  Facebook-ზე არის ასეთი პეიჯი: The Happy Page, სადაც წერენ წვრილმან (თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან) ბედნიერებებზე.

  მეც მინდა, ყოველგვარი განვრცობის და სიტყვაუხვობის გარეშე მოგიყვეთ,

  ბედნიერებაა, როცა შენი ერთი მეგობარი ატლანტაში, მეორე კი ოლბანიშია და სამივე ერთად უყურებთ The National-ის ლაივ-კონცერტს სიდნეიში.

Monday, February 3, 2014

ზაზუნას მეორე დღე


  სოც.ქსელები ნელ-ნელა და თავისთავად, ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. გინდა თუ არა, მაინც იგებ რომ ვიღაც ანჟელა.კ-მ დღეს დონატები და ყავა მიირთვა, ჯოზეფ კ.-მ კი კალათბურთში საყვარელი გუნდის თამაშს უყურა.

 სტენლი კუბრიკი ჭკვიანი კაცი იყო. ალბათ სადაც არის, კარგად იცის, როგორ მიყვარს და ყოველ ჯერზე, როცა მის ფილმებს ვუყურებ და შთაბეჭდილებების ნაკადი მეჯახება, ზის და ოდნავ ირონიულად იღიმის.

   სოც.ქსელებზე გეუბნებოდით. ძალიან მაკვირვებს ერთი საკითხი, რომელიც ბოლო დროს ჩემი ვირტუალური ცხოვრების ზოგიერთ მოსახლეს შევნიშნე, ძირითადად, გოგონებს. მათ ძალიან მოსწონთ საკუთარი თავის ქების (ძირითადად) ირიბი აღმნიშვნელი სტატუსები, რომელსაც ხშირად, პერმანენტული ხასიათი აქვს. ისინი რატომღაც, მუდმივად ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ ძალიან წარმატებულები და ნიჭიერები არიან. სიმართლე რომ გითხრათ, ვერაფერი გამიგია, მისთვის რა მნიშვნელობა აქვს, მე რამდენად მეცოდინება მისი ბედნიერი ცხოვრების შესახებ, როცა პირადად შეიძლება არც არასდროს შევხვდე.

  ამასობაში, ზაფხულისთვის ჩემი თმა საკმარისად გრძელი იქნება, იმისათვის რომ ბათუმის მზეზე ოდნავ გახუნდეს და როცა ზღვის მარილით გაჟღენთილი ამოვალ სანაპიროდან, პრივეტში გარე მაგიდასთან ჩამოვჯდე და თურქული ყავა შევუკვეთო, რომელიც იმ სიცხეში ყოვლად ამოვარდნილი იქნება კონტექსტიდან.

    ჯერ არ ვიცი, როგორ და რა ვითარებაში, ან ვისთან ერთად წავალ ბათუმში, მაგრამ ერთი რამ უდავოა - მარილიანი თმები და თურქული ყავა პრივეტში, აუცილებლად იქნება.

 ახლა არც იმის დროა, ზაფხულზე ვფიქრობდე, და მითუმეტეს, ბათუმში წასვლას ვგეგმავდე, მაგრამ დღეს, 7-ის ნახევარი რომ გახდა და სამსახურიდან გამოსულს ჯერ კიდევ დღის შუქი დამხვდა, აუტანელ ყინვასაც კი არ მივაქციე ყურადღება, ისე გამიხარდა გაზაფხულის მოახლოება.

   არადა, გაზაფხულამდე ჯერ კიდევ შორია. მე ფოლკნერს ვკითხულობ და ასე არასდროს, არაფრის კითხვა გამჭირვებია. იყო წიგნები, რომლებიც არ მომწონდა და ძალისძალად ვკითხულობდი, ისეთებიც იყო, რომლებიც მომწონდა, მაგრამ დროის უქონლობის გამო გამიგრძელდა კითხვის პროცესი  და არის ფოლკნერი, რომელიც ძალიან, ძალიან მიფორიაქებს სულს და მეშინია, წიგნისკენ ხელი გავიწვდინო და გადავშალო.

Wednesday, January 29, 2014

ანა - ჩემი მეგობარი.

   "If I murdered someone, she’s the person I’d call to help me drag the corpse across the living room floor.

 She’s my person."



ანა ჩემი მეგობარია.

ჩვენ ერთმანეთს დიდი, ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ. 

[წინასწარ ვითხოვ პატიებას, პოსტში ხშირად გამეორდება სიტყვა "ჩვენ", მაგრამ სხვანაირად არ გამოვა, იმიტომ რომ.. ჩვენ!]

   მე არ მახსოვს, როგორი იყო ჩემი ცხოვრება, სანამ ანას გავიცნობდი. თუმცა არა. მანამდე იყო ნატალია ანამდე, მერე კი - ნატალია ანას შემდეგ (ან, ანასთან ერთად, როგორც გენებოთ). ჩვენ ერთად დავიწყეთ განვითარება, უფრო ბევრ რამეზე ფიქრი, გავიჩინეთ მეტი ინტერესები (და მეგობრები), ხშირად ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაც.  ერთმანეთს ძალიან შევუწყვეთ ხელი, რომ გავმხდარიყავით უფრო კარგი, მოაზროვნე და ჭკვიანი ადამიანები.  ანუ ისეთები, როგორებიც ვართ ახლა :)

   ანა პირველად 2002 წელს, სექტემბრის ერთ დილას გავიცანი, როცა ორივემ ერთ ჯგუფში შევაბიჯეთ და ექიმობისთვის მზადებას შევუდექით. მაშინვე არ დაგვცემია თავზე ზეციური ნიშანი, ეს ის გოგოა, მალე შენი პერსონა რომ გახდებაო.  მეორე კურსიდან კი, როგორც ჰოლდენ კოლფილდი იტყოდა, მაგრად დავმეგობრდით.

   ანა ის გოგოა, რომელთანაც შემიძლია ჩემი ემოციები ისე გამოვფინო, რომ არ შემრცხვეს. არადა, მე ყველაზე ნაკლებად, სწორედ ჩემი ემოციების გასაჯაროება მიყვარს. მე და ანას არასდროს გვიჩხუბია [უბრალოდ შეუძლებელია ანასთან ჩხუბი, სიტყვაზე მენდეთ :)].

 ჩვენ გვაქვს ჩვენი ქალაქები, ქვაფენილიანი ქუჩებით. ეს დროსა და სივრცეში გარდამავალი, წარმოსახვითი ქალაქებია, სადაც ათასგზის გვივლია, ფეხით გაგვითელავს, მაგალითად,  ნერუდოვას ქუჩა, და ერთი სახლის პაწაწინა აივანზე, ცხელი შოკოლადიც გვაქვს მირთმეული. ბარსელონაში 2012 წელს ვიყავით, თუმცა მგონია, რომ ჩვენი ბარსელონა ჯერ კიდევ გრძელდება და ხანდახან გავრბივართ იქ, რომ ის მზიანი დილა და მარწყვის ჯემიანი პურები გავიხსენოთ.

  ჩვენ გვაქვს სამოსელი პირველი. მანუელო კოსტა, ერთ-ერთი დიდი კანუდოსელი,  ისე გვიყვარს, როგორც არავის. ეჰ მანუელო, მანუეეეელ...
  მე ზუსტად ვიცი, რომ წინადადებაზე: "მისმინე დომენიკო, მე ალექსანდროს უფროს ძმა ვარ.." (ჩემი ინტერპრეტაციაა, შესაძლოა ზუსტად წიგნს არ მიყვება), ანასაც ზუსტად ისეთივე დენები უვლის ტანში, როგორც - მე.

    და მაშინ, როცა ანა მეკითხება, თუ ვიცი, რომელი პერსონაჟი შეუყვარდა ყველაზე მეტად  "ლილე იროელიდან", მე შემიძლია შეუცდომლად გამოვიცნო, რომ ეს არის კოპალა. იმიტომ, რომ თავიდანვე მეც ის გამოვარჩიე და შევიყვარე.

  ანას შეუძლია, მცირე რაღაცებისგან ბედნიერების შექმნა. შეუძლია, ადგეს და მაგალითად, წვიმის შემდეგ მზის გამონათებით გაბედნიერდეს. მერე ისე დაჟინებით გთხოვს, რომ შენც ბედნიერი იყო, ბუზღუნებ კიდეც, მაგრამ ხვდები, რომ მისმა დაჟინებამ გაჭრა.
  ჩვენი ურთიერთობა, რაღაც უხილავი ძალებით, გადაბმულია მერედიტის და კრისტინას ურთიერთობასთან. თუმცა ბოლომდე არც მე ვგავარ კრისტინას და მითუმეტეს არც ანა - მერედიტს. (თუმცა კი მას ჰყავს თავის McDreamy). 

  დღევანდელ დღეს, როცა ხალხისთვის ცინიზმი ერთ-ერთი იარაღი გახდა, თითქოს ჩვეულებად იქცა, რომ ვიღაცას ან რაღაცას აქილიკებდე, ჩვენ შეგვიძლია  დავსხდეთ ანას და თორნიკეს მყუდრო სახლში, დავლიოთ ყავა, ვჭამოთ გრილიაჟი და ადამიანების სიკეთეზე ვილაპარაკოთ.

  და ახლა, როცა ის დედამიწის მეორე მხარესაა, ყველაზე შორს, მე ვგრძნობ მის სიახლოვეს ისევე ძლიერ, როგორც მაშინ, იმ დღეებში, როცა მის მზიან სამზარეულოში ვისხედით დილაობით, ვსვამდით ყავას და ათას ამბავზე, მსუბუქსა თუ მძიმეზე, ერთნაირი გულწრფელობით ვლაპარაკობდით.

  და ბოლოს, მე და ანამ (განსაკუთრებით ანამ), კარგად ვიცით, რომ მთავარია სიარული. არ აქვს მნიშვნებლობა, რატომ და როგორ, მთავარი ერთია - სიარული.

და სულ ბოლოს, მე ბოლოჯერ დავწერ სიტყვას "ჩვენ".

  ეს სიმღერა ჩვენია, თუ რას წარმოადგენს ის სინამდვილეში, იცის მხოლოდ ანამ და მეტი არაფრის თქმა არ არის საჭირო.


Tuesday, January 28, 2014

Postcards from Italy

                                                                        The times we had
                                                                        oh, when the wind would blow with rain and snow
                                                                        were not all bad..
                                                                        we put our feet just where they had, had to go
                                                                        never to go.




    ღმერთო, როცა ლურჯი ვეშაპები დაბრუნდებიან, მაშინ გამაღვიძე; როცა ერისენა ტენეცკაიას ისევ ატმის სურნელი აუვა, მაშინ.

   მანამდე კი, მგონია, რომ კონსტანტინოპოლის სიყვარული მართლაც უკანასკნელი იყო და რომელიღაც ძველ, გერმანულ ციხე-კოშკში, ღამღამობით გარდაცვლილი ქალწულის მოჩვენება ქვითინებს.

  ბეირუთი კი იმ ტკბილ დღეებზე მღერის, მტირალა ტირიფის ქვეშ ქორწილი რომ გაიმართება.

Saturday, January 25, 2014

In the Bell Jar

   ჩემს ერთ ფეისბუქ ფრენდს ჰქონდა ფოტო დაშეარებული, "ქალი ვიცი მე კუხნაში" - დაახლოებით ამ კონტექსტის. იქ კომენტარის დატოვებას აზრი არ ჰქონდა, ისედაც ნახევრად ხუმრობით იყო დაწერილი და საჭიროდ არ ჩავთვალე, სერიოზული მსჯელობა დამეწყო.

   მაგრამ ვიფიქრე, რომ აუცილებლად უნდა მეთქვა ის 1-2 სიტყვა, რომელზე წერასაც დიდი ხანია ვაპირებ და ხან დრო არ მყოფნიდა, ხან - ნებისყოფა.

   ჰოდა, ძვირფასო Y ქრომოსომიანებო, თქვენ თუ გაინტერესებთ, ასეთი მაგრები თუ ვართ ქალები, რატომ ვერ ვასახელებთ  უცებ 10 მეცნიერ ქალს, მე ამისთვის ძალიან მარტივი პასუხი მაქვს:

    იმიტომ, რომ მე-20 საუკუნემდე, სანამ ფემინისტური მოძრაობა დაიწყებოდა და ქალები, ჯერ მხოლოდ, ხმის მიცემის უფლებას მოიპოვებდნენ, მათ არ ჰქონდათ საშულება, გასულიყვნენ სახლიდან გარეთ, ისინი კორსეტების და ათასგვარი ზიზილ-პიპილოების სიმძიმის ქვეშ იტანჯებოდნენ და მხოლოდ იმას ელოდნენ, როდის გამოჩნდებოდა შესაფერისი საქმრო. საუკუნეები და ეპოქები იცვლებოდა,  ამ დროს კი, Y ქრომოსომიანები, ან ხმლებს ატოლებდნენ ერთმანეთს, ან თუ შესაძლებლობა ჰქონდათ, მეცნიერული თამაშებით ერთობოდნენ, თუ მოუნდებოდათ, წერდნენ კიდეც - პოემებს, რომანებს. ხანდახან ხატავდნენ, ხან სამეფოებს მართავდნენ. უფრო ადრე კი - ნადირობდნენ, ადამიანებს ჯვარზე აკრავდნენ, ომებს აგებდნენ, ან იგებდნენ (მერე გამარჯვებულები შედიოდნენ ქალაქებში და ქალებს აუპატიურებდნენ).

   ქალებისთვის კი, ამ ხნის განმავლობაში, ძირითადად, იცვლებოდა კაბის სიგრძე-სიგანე, მასზე ოქრომკედით მორთული ფიგურების ფორმა, სამკაულებზე ძვირფასი თვლების რაოდენობა და თმის ვარცხნილობა.

   იყვნენ ისეთი ქალებიც, რომელთა სახელი ისტორიაში გაჟღერდა. შესაძლოა, ისინი არ იყვნენ მაინცდამაინც ხელოვნების ან სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები, მაგრამ ძალაუფლება ჰქონდათ და სულ მცირე, საკუთარ ქვეყნებზე დიდი გავლენა მოახდინეს.  მათ მოახერხეს და კაცების ფართო ზურგები გაარღვიეს, რომ მოხვედრილიყვნენ წრეში, სადაც მათ ყველა დაინახავდა. არ მოვუყვები მათი სახელების ჩამოთვლას, თუ გონებას დაძაბავთ, რამდენიმე სახელი აუცილებლად ამოგიტივტივდებათ.

   რატომ მოხდა რომ, ყველა სფეროში, მაინცდამაინც მე-20 საუკუნეში გაჩდნენ ასე, სოკოებივით, ქალები?  იმიტომ ხომ არა, რომ ამისათვის ბრძოლა დაიწყეს?
 
  მითუმეტეს ახლა და აქ, საქართველოში, ნამდვილად არ აქვს არავის უფლება, რომელიმე ქალზე, თუნდაც ხუმრობით, რაიმე დამცინავი თქვას. ყველა თავის ფრონტზე იბრძვის - ვიღაც სამზარეულოში, ქმარს რომ გემრიელი სადილი დაახვედროს, ვიღაც პოლიტიკაში და ვიღაც, თუნდაც,  მაღაზიაში, დახლს მიღმა..

 ქალები ყველგან არიან და ვერ დამისახელებთ ვერც ერთ სფეროს, სადაც მათ წარმატებისთვის არ მიეღწიოთ.

We already Did It

Monday, January 20, 2014

ძვირფას მეგობარს - I keep feeling smaller and smaller

   საღამოს, როცა დედებს პატარა ბავშვები ყოველდღიური სეირნობებიდან სახლებში აყავთ, უფროსები სამსახურიდან დაბრუნებული არიან და გვერდით ბინიდან მესმის, როგორ ეძახის ხმამაღლა ქმარი ცოლს "მიყვარხარ", განსაკუთრებით მინდება, რომ  ფრთები გამომესხას და უამრავ განათებულ ფანჯარაში შეხედვა შევძლო;  დავინახო მათი საღამოს რუტინა - ვახშმობა, ტელევიზორის წინ ჯდომა, წიგნის კითხვა.. ეს უბრალო, ადამიანური მომენტები ისეთივე ამაღელვებელია ჩემთვის, როგორც ამელისთვის ლობიოს ტომარაში თითების ჩაცურება.

   ხანდახან  უცნაური კითხვები მიჩნდება, ისეთი, რასაც ვერასდროს გავიგებ. მაგალითად, რაზე ფიქრობდა პოლ ტიბეტსი 1945 წლის 6 აგვისტოს გამთენიისას, როცა კუნძულ ტინიანიდან აფრინდა.

   რატომ ხდება, რომ მაშინ, როცა მინდა ყველაზე დიდი ვიყო, ყოველთვის პურის ნამცეცის ოდენა ვხდები და რამდენიც არ უნდა ვიხტუნო და ხელები ვიქნიო, მაინც ვერავინ მამჩნევს.

I am good, I am grounded
Davy says that I look taller
I can’t get my head around it
I keep feeling smaller and smaller..

    ჩემო ძირფასო მეგობარო, შენ, რომელიც სადღაც ზიხარ და კითხულობ ამ წერილს, დარწმუნებული ვარ, ხვდები, რაზე გწერ მე.

ვიცი, რომ ჩემი ბოლო წერილი უკვე გაყვითლდა და შენც იმედი გადაგეწურა. 

   მინდა იცოდე, რომ სელინჯერი კიდევ უფრო შემიყვარდა; რომ აქ ამინდებს გაზაფხულის სუნი ასდის და მე ჯერჯერობით, მაინც არ ვარ ბედნიერი.

Thursday, January 16, 2014

Quedate Luna

    გადავწყვიტე, რომ ზაფხულამდე აუცილებლად უნდა ვიყიდო ფერადი (სასურველია ყვავილებიანი) კაბები და უკეთესი ადამიანი გავხდე.

     მერე, როცა დახუთული დღე დაღამდება და ჭრიჭინები დაიწყებენ ზუზუნს, მე ნებივრად ჩავესვენები სკამში, მოვუსმენ უდარდელად მომღერალ ბიჭს - დევენდრა ბანჰარტს და ვიტყვი: ესეც ასე, კიდევ ერთი ცხელი დღე გადავაგორე, გაოფლილი სხეულებით და ყინულიანი წყლით სავსე; მაგრამ აჰ, როგორ მიხდება ეს კაბა და როგორ მიბზინავს თმები მზეზე! მოდი ავდგები და ერთსაც ვიცეკვებ ამ უდარდელი ბიჭის სიმღერაზე.. მერედა როგორ ლამაზად ვიცეკვებ!

  გადავწყვიტე, რომ ზაფხულამდე უნდა გავიღიმო ხშირად და უფრო ჭკვიანი ადამიანი გავხდე.

  მერე, მოვუსმენ დევენდრა ბანჰარტს და ვიტყვი: მაგის დედაც, რა საჭიროა ამდენი სულელური (და ხშირად გამოუსადეგარი) ინფორმაციის ცოდნა, როცა ჩემი გონება ისედაც სხარტია და ასე ძალიან მიხდება ეს ყვავილებიანი კაბა?


 გადავწყვიტე, რომ ზაფხულამდე აუცილებლად უნდა გავხდე ბედნიერი.

სხვა დანარჩენი უმნიშვნელოა და თავისით მოვა.

 
 


Monday, January 13, 2014

Beginners

Beginners 1

I was a white girl in a crowd of white girls in the park
You didn't see me I was falling apart
I was a television version of a person with a broken heart
You didn't see me I was falling apart...

   დღევანდელ დღეს ძალიან რთულია იცხოვრო მარტივად, დილით დგებოდე და მხოლოდ იმას დარდობდე, გარეთ როგორი ამინდი დაგხვდება.
  ხანდახან, სასიყვარულო რომანტიკაც ძალიან სასაცილოდ მეჩვენება და ვცდილობ ჩავახშო ყველა ამგვარი, სულელური აღმაფრენები. ჩემს თავს ვუმტკიცებ,  რომ დღევანდელობიდან ძალიან ამოვარდნილია საყვარელი ადამიანის დანახვაზე გული აგიფანცქალდეს, მერე ხელი ჩაკიდო, უდარდელად გაუყვე ქუჩას და ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ამოყო თავი. 
   
 ხანდახან ეჭვები მღრღნის, უნებურად, თავისით.
  
     მერე მახსენდება, რომ მაშინ, როცა აუცილებლობას წარმოადგენდა ყოფილიყავი თავდაჯერებული, ყველაზე და ყველაფერზე გქონოდა საკუთარი, მტკიცე აზრი და დაბეჯითებით დაგეცვა შენი პოზიცია (და მხოლოდ ასეთ შემთხვევებში თუ შეგამჩნევდა ვინმე), მე ვიყავი ყველაფერში მერყევი, ამიტომ საერთოდ არ ვაფიქსირებდი ხმამაღლა ჩემს შეხედულებას და ვემსგავსებოდი ნაცრისფერ მოჩვენებებს, რომლებიც ძალიან ბევრნი დასრიალებენ გარშემო.
  მაშინ გამოჩნდა ადამიანი, რომლისთვისაც ვიყავი ფერადი ნაცრისფერების ბრბოში.

    ახლა შემიძლია, ჩემი მოკრძალებული, მაგრამ მტკიცე აზრები, ჩემთვის შევინახო, მაგრამ აღარ მგონია, რომ მოჩვენებების სამყაროში რუხი ლანდი ვარ.

 I'm so surprised you want to dance with me now
I was just getting used to living life without you around..