გადავწყვიტე, რომ ზაფხულამდე აუცილებლად უნდა ვიყიდო ფერადი (სასურველია ყვავილებიანი) კაბები და უკეთესი ადამიანი გავხდე.
მერე, როცა დახუთული დღე დაღამდება და ჭრიჭინები დაიწყებენ ზუზუნს, მე ნებივრად ჩავესვენები სკამში, მოვუსმენ უდარდელად მომღერალ ბიჭს - დევენდრა ბანჰარტს და ვიტყვი: ესეც ასე, კიდევ ერთი ცხელი დღე გადავაგორე, გაოფლილი სხეულებით და ყინულიანი წყლით სავსე; მაგრამ აჰ, როგორ მიხდება ეს კაბა და როგორ მიბზინავს თმები მზეზე! მოდი ავდგები და ერთსაც ვიცეკვებ ამ უდარდელი ბიჭის სიმღერაზე.. მერედა როგორ ლამაზად ვიცეკვებ!
გადავწყვიტე, რომ ზაფხულამდე უნდა გავიღიმო ხშირად და უფრო ჭკვიანი ადამიანი გავხდე.
მერე, მოვუსმენ დევენდრა ბანჰარტს და ვიტყვი: მაგის დედაც, რა საჭიროა ამდენი სულელური (და ხშირად გამოუსადეგარი) ინფორმაციის ცოდნა, როცა ჩემი გონება ისედაც სხარტია და ასე ძალიან მიხდება ეს ყვავილებიანი კაბა?
გადავწყვიტე, რომ ზაფხულამდე აუცილებლად უნდა გავხდე ბედნიერი.
სხვა დანარჩენი უმნიშვნელოა და თავისით მოვა.
No comments:
Post a Comment