Wednesday, January 29, 2014

ანა - ჩემი მეგობარი.

   "If I murdered someone, she’s the person I’d call to help me drag the corpse across the living room floor.

 She’s my person."



ანა ჩემი მეგობარია.

ჩვენ ერთმანეთს დიდი, ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ. 

[წინასწარ ვითხოვ პატიებას, პოსტში ხშირად გამეორდება სიტყვა "ჩვენ", მაგრამ სხვანაირად არ გამოვა, იმიტომ რომ.. ჩვენ!]

   მე არ მახსოვს, როგორი იყო ჩემი ცხოვრება, სანამ ანას გავიცნობდი. თუმცა არა. მანამდე იყო ნატალია ანამდე, მერე კი - ნატალია ანას შემდეგ (ან, ანასთან ერთად, როგორც გენებოთ). ჩვენ ერთად დავიწყეთ განვითარება, უფრო ბევრ რამეზე ფიქრი, გავიჩინეთ მეტი ინტერესები (და მეგობრები), ხშირად ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაც.  ერთმანეთს ძალიან შევუწყვეთ ხელი, რომ გავმხდარიყავით უფრო კარგი, მოაზროვნე და ჭკვიანი ადამიანები.  ანუ ისეთები, როგორებიც ვართ ახლა :)

   ანა პირველად 2002 წელს, სექტემბრის ერთ დილას გავიცანი, როცა ორივემ ერთ ჯგუფში შევაბიჯეთ და ექიმობისთვის მზადებას შევუდექით. მაშინვე არ დაგვცემია თავზე ზეციური ნიშანი, ეს ის გოგოა, მალე შენი პერსონა რომ გახდებაო.  მეორე კურსიდან კი, როგორც ჰოლდენ კოლფილდი იტყოდა, მაგრად დავმეგობრდით.

   ანა ის გოგოა, რომელთანაც შემიძლია ჩემი ემოციები ისე გამოვფინო, რომ არ შემრცხვეს. არადა, მე ყველაზე ნაკლებად, სწორედ ჩემი ემოციების გასაჯაროება მიყვარს. მე და ანას არასდროს გვიჩხუბია [უბრალოდ შეუძლებელია ანასთან ჩხუბი, სიტყვაზე მენდეთ :)].

 ჩვენ გვაქვს ჩვენი ქალაქები, ქვაფენილიანი ქუჩებით. ეს დროსა და სივრცეში გარდამავალი, წარმოსახვითი ქალაქებია, სადაც ათასგზის გვივლია, ფეხით გაგვითელავს, მაგალითად,  ნერუდოვას ქუჩა, და ერთი სახლის პაწაწინა აივანზე, ცხელი შოკოლადიც გვაქვს მირთმეული. ბარსელონაში 2012 წელს ვიყავით, თუმცა მგონია, რომ ჩვენი ბარსელონა ჯერ კიდევ გრძელდება და ხანდახან გავრბივართ იქ, რომ ის მზიანი დილა და მარწყვის ჯემიანი პურები გავიხსენოთ.

  ჩვენ გვაქვს სამოსელი პირველი. მანუელო კოსტა, ერთ-ერთი დიდი კანუდოსელი,  ისე გვიყვარს, როგორც არავის. ეჰ მანუელო, მანუეეეელ...
  მე ზუსტად ვიცი, რომ წინადადებაზე: "მისმინე დომენიკო, მე ალექსანდროს უფროს ძმა ვარ.." (ჩემი ინტერპრეტაციაა, შესაძლოა ზუსტად წიგნს არ მიყვება), ანასაც ზუსტად ისეთივე დენები უვლის ტანში, როგორც - მე.

    და მაშინ, როცა ანა მეკითხება, თუ ვიცი, რომელი პერსონაჟი შეუყვარდა ყველაზე მეტად  "ლილე იროელიდან", მე შემიძლია შეუცდომლად გამოვიცნო, რომ ეს არის კოპალა. იმიტომ, რომ თავიდანვე მეც ის გამოვარჩიე და შევიყვარე.

  ანას შეუძლია, მცირე რაღაცებისგან ბედნიერების შექმნა. შეუძლია, ადგეს და მაგალითად, წვიმის შემდეგ მზის გამონათებით გაბედნიერდეს. მერე ისე დაჟინებით გთხოვს, რომ შენც ბედნიერი იყო, ბუზღუნებ კიდეც, მაგრამ ხვდები, რომ მისმა დაჟინებამ გაჭრა.
  ჩვენი ურთიერთობა, რაღაც უხილავი ძალებით, გადაბმულია მერედიტის და კრისტინას ურთიერთობასთან. თუმცა ბოლომდე არც მე ვგავარ კრისტინას და მითუმეტეს არც ანა - მერედიტს. (თუმცა კი მას ჰყავს თავის McDreamy). 

  დღევანდელ დღეს, როცა ხალხისთვის ცინიზმი ერთ-ერთი იარაღი გახდა, თითქოს ჩვეულებად იქცა, რომ ვიღაცას ან რაღაცას აქილიკებდე, ჩვენ შეგვიძლია  დავსხდეთ ანას და თორნიკეს მყუდრო სახლში, დავლიოთ ყავა, ვჭამოთ გრილიაჟი და ადამიანების სიკეთეზე ვილაპარაკოთ.

  და ახლა, როცა ის დედამიწის მეორე მხარესაა, ყველაზე შორს, მე ვგრძნობ მის სიახლოვეს ისევე ძლიერ, როგორც მაშინ, იმ დღეებში, როცა მის მზიან სამზარეულოში ვისხედით დილაობით, ვსვამდით ყავას და ათას ამბავზე, მსუბუქსა თუ მძიმეზე, ერთნაირი გულწრფელობით ვლაპარაკობდით.

  და ბოლოს, მე და ანამ (განსაკუთრებით ანამ), კარგად ვიცით, რომ მთავარია სიარული. არ აქვს მნიშვნებლობა, რატომ და როგორ, მთავარი ერთია - სიარული.

და სულ ბოლოს, მე ბოლოჯერ დავწერ სიტყვას "ჩვენ".

  ეს სიმღერა ჩვენია, თუ რას წარმოადგენს ის სინამდვილეში, იცის მხოლოდ ანამ და მეტი არაფრის თქმა არ არის საჭირო.


9 comments:

  1. მერე მოდით, და ვინმემ დამარწუნეთ რომ მე საოცრად, საოცრად არ გამიმართლა.
    ჩვენ საოცრად, საოცრად გაგვიმართლა <3 !

    ღმერთმა უწყის, რამდენჯერ გვიფრიალია უბედნიერესებს, მზიანი სხივებით ბარსელონებში, ან ნერუდოვას ღია კაფეებში : ) <3 ან რამდენჯერ გვყავს გვამები გადამალული ერთად : /..

    http://konnchetina.blogspot.com/2009/08/blog-post_29.html და რამდენჯერ შემიფარებია თავი ამ პოსტისთვის : ) ახლა ახალი პოსტი დაემატა, თავის შესაფარებელი <3

    ReplyDelete
  2. bednierebaa aseti megobris kola da es chanacerebic dzalian faseulia!

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა თინიტა! მართლაც ბედნიერებაა : )

      Delete
  3. როცა ასეთი დღეები და ადამიანი არსებობს ცხოვრების ყველაზე რთულ ეტაპზე შეგიძლია გაიხსენო და ჩაეჭიდო.რომ სასოწარკვეთილებამ და მარტოობამ არ მოგკლას.რომ ცხოვრებას აზრი აქვს.თუნდაც ყველაფერი თავზე დაგენგრეს.მეგობრობა საოცარი რამ არის.

    ReplyDelete
  4. ნატალია, შენი არ მშურს, იმიტო რო ანა მეც მყავს, ჩემი ანა <3 მაგრამ ანის კი შემშურდა შენ რო ყავხარ და მე - არ! <3 უკარგესები ხართ! <3

    ReplyDelete
  5. "მისმინე დომენიკო, მე ალექსანდროს უფროს ძმა ვარ.." (ჩემი ინტერპრეტაციაა, შესაძლოა ზუსტად წიგნს არ მიყვება), ანასაც ზუსტად ისეთივე დენები უვლის ტანში, როგორც - მე.

    და როგორც მე <3

    ReplyDelete
    Replies
    1. აჰ, რა კარგია <3

      პ.ს ისე. "მისმინე"-ს ნაცვლად, "ყური დამიგდე"-ა, ახლახან გადავიკითხე :))

      Delete