Monday, February 3, 2014

ზაზუნას მეორე დღე


  სოც.ქსელები ნელ-ნელა და თავისთავად, ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. გინდა თუ არა, მაინც იგებ რომ ვიღაც ანჟელა.კ-მ დღეს დონატები და ყავა მიირთვა, ჯოზეფ კ.-მ კი კალათბურთში საყვარელი გუნდის თამაშს უყურა.

 სტენლი კუბრიკი ჭკვიანი კაცი იყო. ალბათ სადაც არის, კარგად იცის, როგორ მიყვარს და ყოველ ჯერზე, როცა მის ფილმებს ვუყურებ და შთაბეჭდილებების ნაკადი მეჯახება, ზის და ოდნავ ირონიულად იღიმის.

   სოც.ქსელებზე გეუბნებოდით. ძალიან მაკვირვებს ერთი საკითხი, რომელიც ბოლო დროს ჩემი ვირტუალური ცხოვრების ზოგიერთ მოსახლეს შევნიშნე, ძირითადად, გოგონებს. მათ ძალიან მოსწონთ საკუთარი თავის ქების (ძირითადად) ირიბი აღმნიშვნელი სტატუსები, რომელსაც ხშირად, პერმანენტული ხასიათი აქვს. ისინი რატომღაც, მუდმივად ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ ძალიან წარმატებულები და ნიჭიერები არიან. სიმართლე რომ გითხრათ, ვერაფერი გამიგია, მისთვის რა მნიშვნელობა აქვს, მე რამდენად მეცოდინება მისი ბედნიერი ცხოვრების შესახებ, როცა პირადად შეიძლება არც არასდროს შევხვდე.

  ამასობაში, ზაფხულისთვის ჩემი თმა საკმარისად გრძელი იქნება, იმისათვის რომ ბათუმის მზეზე ოდნავ გახუნდეს და როცა ზღვის მარილით გაჟღენთილი ამოვალ სანაპიროდან, პრივეტში გარე მაგიდასთან ჩამოვჯდე და თურქული ყავა შევუკვეთო, რომელიც იმ სიცხეში ყოვლად ამოვარდნილი იქნება კონტექსტიდან.

    ჯერ არ ვიცი, როგორ და რა ვითარებაში, ან ვისთან ერთად წავალ ბათუმში, მაგრამ ერთი რამ უდავოა - მარილიანი თმები და თურქული ყავა პრივეტში, აუცილებლად იქნება.

 ახლა არც იმის დროა, ზაფხულზე ვფიქრობდე, და მითუმეტეს, ბათუმში წასვლას ვგეგმავდე, მაგრამ დღეს, 7-ის ნახევარი რომ გახდა და სამსახურიდან გამოსულს ჯერ კიდევ დღის შუქი დამხვდა, აუტანელ ყინვასაც კი არ მივაქციე ყურადღება, ისე გამიხარდა გაზაფხულის მოახლოება.

   არადა, გაზაფხულამდე ჯერ კიდევ შორია. მე ფოლკნერს ვკითხულობ და ასე არასდროს, არაფრის კითხვა გამჭირვებია. იყო წიგნები, რომლებიც არ მომწონდა და ძალისძალად ვკითხულობდი, ისეთებიც იყო, რომლებიც მომწონდა, მაგრამ დროის უქონლობის გამო გამიგრძელდა კითხვის პროცესი  და არის ფოლკნერი, რომელიც ძალიან, ძალიან მიფორიაქებს სულს და მეშინია, წიგნისკენ ხელი გავიწვდინო და გადავშალო.

9 comments:

  1. Shtatebis samxreteli tu samxretuli shtatebis mwerlebi sul egetebi arian. Faulkner-is ras kitxulob? "Abesalom, Abesalom"-ma damtanja me da mainc ra kargi ramea.

    ReplyDelete
    Replies
    1. "ხმაური და მძვინვარება"-ს, სოფი :)

      Delete
    2. ზუსტად აღარ მახსოვს მაგის შინაარსი, მგონი ბოლომდე ვერ დავუდე გული. ორ ძმასა და ერთ დაზეა ხო, მგონი? თავისი მკვდარი ბაბუის დანახვა უნდათ და ხეზე რომ არიან ამძვრლები, რაღაც ეგ მახსენდება და მეტი არაფერი.

      მეგობარი მყავს ფლორიდიდან, თან ინგლისური ლიტერატურის სპეციალისტი და ის მიყვებოდა სამხრეთი შტატების სპეციფიკას, რაზეც ფოლკნერი წერდა და სამხრეთულ გოთიკას უწოდებენ, ძაან creepy რამეა, არ მიზიდავს.

      Delete
    3. კი სოფი, დაახლოებით ეგ არის : )) მე ჯერჯერობით მომწონს, თუმცა ძალიან მოქმედებს ჩემზე და ყველანაირ განწყობაზე ვერ ვკითხულობ : )

      Delete
  2. ერთი-ორი ეგეთი გოგო წარმომიდგა თვალწინ ჩემი საფრენდეთიდან :დ და მერე გამახსენდა რომ მეც სეიძლება მქონდეს ეგეთი პოსტები :შ

    ReplyDelete
    Replies
    1. შენ არ გაქვს და თან, შენ გიცნობ და მაინტერესებს შენი ამბები :პ

      Delete
  3. ერთ–ერთი ყველა დროის უსაყვარლესი წიგნია ჩემთვის "ხმაური და მძვინვარება". ხანდახან თავისით მახსენდება და მაჟრიალებს სიამოვნებისგან. მე ძალიან მიყვარს სამხრეთის შტატების ესთეტიკა.

    ReplyDelete
  4. „ხმაური და მძვინვარება“ ორჯერ წავიკითხე ერთმანეთის მიყოლებით. პირველად იმდენად არა, მაგრამ მეორედ კითხვის პროცესი იყო საოცარი სიამოვნება.

    ReplyDelete
    Replies
    1. ლაშა, მეც მგონია, რომ მინიმუმ ორჯერ წასაკითხი წიგნია :)

      Delete