Wednesday, April 28, 2010

ყავა და ბლოგი

უკვე რამდენი დღეა როცა აქ ვზივარ, გარედან წვიმის ხმა მესმის; და ეს ისეთი ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, რომ ყურიც შეეჩვია.

ახალი ჰედერი რომ მაქვს, თუ შეამჩნია ვინმემ? ძლივს მოვარგე ზომა, ხან ფოტოს ვუცვლიდი სიგრძე-სიგანეს და ხან ბლოგს. ახლა ყავის სუნი უფრო რეალური იქნება.


კიდევ, ახალი ბლოგ-ლისტი მაქვს, ჩემთვის და მხოლოდ ჩემთვის. თუმცა, მსურველებს შეგიძლიათ დაათვალიეროთ, ძირითადად საჩოგბურთო და კულინარიული ბლოგებია.

დღეს ისეთი გემრიელი ბლოგი დავამატე, ერთი გადავხედე მხოლოდ და კინაღამ საკუთარმა ნერწყვმა დამახრჩო. აი თვით ისიც - love and olive oil. განსაკუთრებით აღსანიშნავი კი ეს პოსტია. თავის მხრივ, ამ ბლოგის ლისტიდან კიდევ უამრავ ნერწყვისმომდენ ბლოგზე შეიძლება გადასვლა.

აი, ეს ძალიან გავს ჩემს ლიმნიან ნამცხვარს. ძალიან გავს კი არა, ის არის ზუსტად. ინტერნეტში შემომხვდა რაღაცას რომ ვეძებდი. ოღონდ, მე ასეთი ფუმფულა არ გამომდის ხოლმე.


ოდესმე, მეც გავაკეთებ ხოლმე გემრიელ და მრავალფეროვან ნამცხვრებს. ახლა ძალიან იშვიათად და დედას დახმარებით ვაცხობ, რაც სრულ თავისუფლებას არ მაძლევს. და მაშინ, როცა ეს მოხდება, აუცილებლად მოვაწყობ ბლოგერებისთვის გემრიელ საღამოებს. ეს შეიძლება ძალიან დიდი ხნის შემდეგ იყოს, მაგრამ იქნება, საკუთარ თავს ვპირდები.

Sunday, April 25, 2010

დაგვიანებული პოსტი წიგნის ფესტივალზე

სამედიცინოში გვიან მივედი, 4 იყო დაწყებული. ანუ უკვე ის დრო იყო, როცა ყველაფერი არეულია ხოლმე - ყველა წიგნთან ბევრი ხალხია და წესრიგს არავინ იცავს.

ზოგიერთი რამ ისევე იყო, როგორც გასულ წელს.

მაგალითად, დეფის მაგიდის გარშემო უამრავი თვალებანთებული გოგონა იჯდა:

დეფი წინიდან


დეფი უკნიდან


ცაგარელთან უამრავი ადამიანი იდგა.


ესეც ცაგარელის თავს ხდება


ჯუმბერ ლეჟავასთან კი 2-3 კაცი იყო მხოლოდ [არადა რამდენი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია ამ ადამიანს..]


იყვნენ ახალი წიგნებიც; მაგალითად, გოგა ჩანადირი. ერთ ხანს ვფიქრობდი, რომ მივსულიყავი, მაგრამ მერე გადავიფიქრე. თუმცა თვალს ვერ ვაშორებდი, ვინაიდან ძალიან მაგონებდა როჯერ ფედერერს [მართლა გავს, თუ მე ვამსგავსებ მხოლოდ?].


ასევე, ახალი წიგნი იყო დათო რობაქიძე, რომელიც კარგად გემახსოვრებათ ნიჭიერიდან. მასთან სრული ანშლაგი იყო, რაც ალბათ არც არის გასაკვირი, ნიჭიერის ნახევარფინალში მისი ნომრების შემდეგ.


დათო აკრიანის წაკითხვა მინდა ორივე ფესტივალია და ვერ მოვახერხე. რაღაც მაგიური ძალა მიშლის ხელს :D


ჩემი ზურგსართი


[ეს 2 ზომით დიდი მაისური ისე მიყვარს, მეორე წელია მშვენიერ სამსახურს მიწევს]

ჰანნას ზურგსართი


ბიბლიოთეკის ერთ კუთხეში აღმოვაჩინე ’ტკბილი ქვეყანის’ ძალიან ბევრი ტკბილეული და თავი სამოთხეში მეგონა :D მერე გავიგე, თურმე სპონსორი ყოფილა.

გავიცანი როდრიგო, რომელსაც ძალიან კეთილი და თბილი ღიმილი აქვს. [აქვე, მანაც დაწერა პოსტი წიგნის ფესტივალზე, შეგიძლიათ იხილოთ - გაყინული წიგნის ფესტივალი]

პოეზიის საღამოს ნახევარს დავესწარი და წამოვედი, ძალიან დაღლილი ვიყავი და რა თქმა უნდა, თავი მტკიოდა.


საბოლოო შეფასებით, ყველაფერმა სასიამოვნოდ ჩაიარა, მე მიყვარს ეს ფესტივალი : )

პ.ს ფოტოები ჰანნამ მომაწოდა, მაგრამ ფოტოგრაფი ვინ არის არ ვიცი, თორემ მივაწერდი.

Tuesday, April 20, 2010

წიგნის ფესტივალი, მედიცინა და ვიტამინი

ბევრი ამბობს, რომ ადამიანებს წიგნი ნაკლებად აინტერესებთ და მოციმციმე ეკრანთან ჯდომა ურჩევნიათ. გასულ საუკუნეში, საერთოდაც, ეგონათ რომ ტელევიზია ჩაანაცვლებდა თეატრს. მაგრამ დრო ყველაფერს ალაგებს, და საბოლოოდ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ყველაფერი თავის ადგილს იკავებს და ერთმანეთს არ უშლიან ხელს. ვისაც კითხვა უყვარს, ის ახლაც კითხულობს წიგნებს და მოციმციმე ეკრანთანაც ატარებს დროს.


23 აპრილი - წიგნის დღეა. ამ დღეს უამრავი ივენთი იმართება, როგორც წესი. ერთ-ერთი პოსტის სათაურში ხსენებული წიგნის ფესტივალია, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტში ტარდება. პირველად შარშან გაიმართა, მე პოსტიც დავწერე ამ მოვლენაზე და უფრო დაწვრილებით რომ გაიგოთ, თუ რით განსხვავდებოდა ის სხვა ივენთებისგან, შეგიძლიათ ნახოთ აქ - წიგნის ფესტივალი


წელსაც იგივე იგეგმება და კვლავ ’ვიტამინი’ აკეთებს. ადამიანებს კვლავ აიტერესებთ წიგნები, არასამედიცინო და სამედიცინოც :) ასე რომ, თუ ამ დღეს გეგმავთ სადმე წასვლას, ერთ-ერთ ღონისძიებაზე მე მოგაწოდეთ ინფორმაცია და შეგიძლიათ გაითვალისწინოთ.

სავარაუდოდ მეც ვიქნები, თუ ოდესმე გამოვკეთდი - თავი სამუდამო ავადმყოფი მგონია უკვე.


მოკლე პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ფოტოზე -

Thursday, April 15, 2010

წითელი თიხა, ჩოგბურთი და მონტე კარლო

ამ კვირას ჩოგბურთის ტურნირი მიმდინარეობს მონტე კარლოში. რა თქმა უნდა ბევრი ადამიანი ესწრება, სხვადასხვა ქვეყნიდან. ესწრებიან თამაშებს, ვარჯიშებს..


ინდივიდუალურ სპორტს ასეთი დადებითი მხარე აქვს - საკმაოდ მცირე რაოდენობის ადამიანები არიან და ხშირი კონტაქტი აქვთ როგორც გულშემატკივრებთან, ისე ერთმანეთთან და თითქოს ისეთი გარემო იქმნება, რომ ყველა ერთად ხართ, დიდი ხნის ნაცნობები. და თუ შემთხვევით ქუჩაში შეხვდები რომელიმე მათგანს, თავისუფლად შეგიძლია მოიკითხო - ჰეი, ნოვაკ, როგორ ხარ, მაჯა რომ გტკიოდა, კიდევ გაწუხებს? ან - რაფა, სიბრძნის კბილი კიდევ გტკივა?


მოკლედ, საჩოგბურთო სამყარო საკმაოდ ინტიმურია, თავისი ჩოგბურთელებით და გულშემატკივრებით.

მონტე კარლოზე გიამბობდით. იმის თქმა, რომ ლამაზი მხარეა, ალბათ ზედმეტი იქნება. კორტებიც ულამაზეს ადგილზეა - იქვე ზღვის ხედი იშლება, არც კორტების ზომა არის ძალიან დიდი და ესეც მყუდრო გარემოს ქმნის.


რაფას გულშემატკივრებიც არიან რა თქმა უნდა, რამდენიმე პოსტებსაც წერს ყოველდღიურად, ერთ-ერთ ფორუმზე ვეცნობი ხოლმე. წერენ, თუ როგორ დაესწრნენ ვარჯიშს, იღებენ ფოტოებს და მერე გვიზიარებენ. წერენ, რომ ახლა სადილად უნდა გავიდნენ, მერე ალბათ რომელიმე თამაშზე წავლენ. ამ ყველაფერის კითხვისას, მთელი სიცხადით წარმომიდგება ხოლმე თუ რა ხდება იქ და ოცნებებში მივდივარ [და ეს მაინცდამაინც მონტე კარლოზე დამემართა რატომღაც. არანაირი დაინტერესება არ მქონია იმ მხრივ, რომ ცნობილი ადგილია თავის კაზინოებით და ა.შ მოულოდნელად მოხდა ეს ყველაფერი].

ისე მინდა, რომ ოდესმე მოვხვდე იქ და მეც ჩავერთო სატურნირო ორომტრიალში.. ვწერო პოსტები და თქვენც გაგიზიაროთ, არაგულშემატკივრებს თუნდაც. უკვე წარმოდგენილი მაქვს, როგორი დღეები მექნება. დროს არ დავკარგავ და მაქსიმალურად გამოვიყენებ - დავესწრები რაც შეიძლება მეტ თამაშს, ვარჯიშებს და დავაკვირდები ჩემთვის საინტერესო ადამიანებს. ბევრს ვიხეტიალებ და ძალიან, ძალიან გვიან დავბრუნდები ჩემს ნომერში.

უჰ, ძნელია ოცნებებში წასვლა.. როცა მონტე კარლოზე ფიქრობ, უცებ რეალობას დაუბრუნდები და გაგახსენდება, რომ ხვალისთვის პედიატრია გაქვს სამეცადინო :D

Wednesday, April 14, 2010

My green shadow

გუშინ ავტობუსში ორი ბიჭის საუბარს მოვკარი ყური. ვარჯიშიდან ბრუნდებოდნენ ალბათ, დიდი სპორტული ჩანთები ქონდათ ორივეს. ერთი ამბობდა, ნეტავ 10 წლის მერე დამანახა, როგორ ვიქნებიო. მეორემ უპასუხა, რად გინდა, მერე გული რომ გაგისკდესო?..

მე არ მინდა ვიცოდე, რა მელის მომავალში. სწორედ ამიტომ არის ცხოვრება საინტერესო, რომ მოლოდინით არის სავსე. სულ ყოველთვის და ყველაფერს ველოდები, ზოგჯერ მეტად უმნიშვნელოს და ზოგჯერ გადაჭარბებულადაც.

მაგრამ მიზანი, მიზანი ყოველთვის უნდა გქონდეს ადამიანს. თუმცა ამ ეტაპზე, ჩემი მომავალი მეტად გაურკვეველია და ეს მაშინებს. წელს სტუდენტობის პერიოდს ვამთავრებ, და მერე არ ვიცი, რა იქნება. უკვე აღარ ვიცი, მეყოფა თუ არა ძალა, რომ ველოდო. ესპანეთი ძალიან შორეული მეჩვენება, რეზიდენტურა - განუხორციელებელი. მადლობა ღმერთს, რომ ფინანსურად არ შემიძლია საქართველოში სწავლის გაგრძელება, თორემ რაღაც მომენტში მომბეზრდებოდა და უარს ვიტყოდი ჩემს დიად მიზნებზე, დავრჩებოდი აქ და სავარაუდოდ, თავს ძალიან უბედურად ვიგრძნობდი მაშინ, როცა გამახსენდებოდა, თუ რისი მიღწევა მსურდა.

ასეთ პერიოდში როცა უკან ვიხევ თითქოს, ისეთ ადამიანებს ვხვდები, რომ ძალა მომეცემა ხოლმე. ასეთი ადამიანები არ მეუბნებიან ’სად მოდიოდი’, ’აქ რამ ჩაგაბარებინა’ ან ’დიაგნოსტიკა აირჩიე, სუფთა საქმეა..’ ისინი საერთოდ არაფერს მეუბნებიან; არც არის საჭირო რამის თქმა. უბრალოდ, რომ უყურებ თუ როგორები არიან ისინი, ისევ გიბრუნდება რწმენა, რომ შენც გამოგივა.

ასეთ დროს ყოველთვის ნოდარ დუმბაძის ’მარადისობის კანონი’ მახსენდება ხოლმე. კანონი, რომელსაც გაუცნობიერებლად ყველა ვასრულებთ.

Monday, April 12, 2010

Life is such a beach

წვიმიანი დღეები ერთმანეთს გადაება, მე კიდევ ეპიგასტრიუმის არეში საშინელი ტკივილი მაწუხებს. ანტაციდს ვსვამ - ისეთი გემრიელი აბებია, ერთი სული მაქვს როდის ამტკივდება რომ დავლიო, განსაკუთრებით ბანანის გემოთი მიყვარს. მაგრამ დღეს ისე მტკიოდა, აღარ მიხაროდა ტკბილი წამლის მიღება.

მიუხედავად იმისა რომ წვიმდა, ლექციაზე მაინც ფეხით წავედი და ვისიამოვნე წვიმიანი დილით.

ისე ვარ, ვერ ვხვდები რა მიხარია და რა - არა. დილით ბევრი ვიცინე, მაგრამ იმ მომენტშივე ვგრძნობდი, რომ ისტერიული უფრო იყო ის სიცილი, ვიდრე გულიანი. პატარა რაღაც მაკლდა რომ საპირისპირო ემოციით შეცვლილიყო.

ყოველ წუთში მზად ვარ აღშფოთება გამოვხატო ადამიანების მიმართ. ყველა მათი ნაკლი განსაკუთრებით მეჩხირება თვალში, და კიდევ იმაზე ვბრაზდები, რომ როცა ასეთ რაღაცას ვწერ, მაშინვე თავის მართლების სურვილი მიჩნდება - რომ ეს მხოლოდ ჩემი განწყობის ბრალია და ადამიანები სინამდვილეში ძალიან კარგები არიან, თავისი უამრავი ნაკლით. არადა სულაც არ არის ასე, და ვეცდები თავი არ ვიმართლო. მე არც ისე ცუდი ვარ, როგორიც ჩემი თავი მგონია ახლა.

რა საშინელი პოსტია ღმერთო ჩემო. იმაზე უარესია, წინა პოსტში რომ მოვიხსენიე და აღარ გამოვაქვეყნე.

Saturday, April 10, 2010

Reggae Music and the Beat Goes On

წეღან საშინელი პოსტი დავწერე და მაშინვე გადავიფიქრე გამოქვეყნება. ვიფიქრე, რომ ჩემს განწყობას უფრო დაამძიმებდა. ამიტომ გადავწყვიტე თერაპიის სხვა გზა მომეძებნა - უფრო მსუბუქი და მუსიკალური.

მსუბუქი ფოტოებია, მუსიკალური - სიმღერა პოსტის ბოლოს.

დღეს ჩემი უამრავი ფოლდერიდან რამდენიმე დავალაგე. ბევრი რომ არ მეძებნა, ფოტოები სწორედ ამ ფოლდერებიდანაა.

[ჯეიკ ჯილენჰაალს თუ არ ჩავთვლით. აღმოვაჩინე რომ მისი არც ერთი ფოტო არ მქონდა და ეხლა მოვძებნე გუგლის მეშვეობით]










პ.ს ფოტოებს საერთო მხოლოდ ერთი აქვთ - ყველა მათგანზე მომღიმარი ცნობილი ადამიანია გამოსახული.

Thursday, April 8, 2010

შოკოლადის პოსტი

დღეს წვიმიანი დღეა, ნაცრისფერი და ნოტიო. ჰაერის ტემპერატურა 11 C°, ხოლო ტენიანობა 71%-ია. ამ დროს, როცა გარეთ მსუბუქი ნიავი უბერავს, ნატალია ზის და ცდილობს, აბეზარი ფიქრები თავიდან მოიშოროს - აბეზარი ფიქრები შოკოლადზე, აყვავებულ ხეებზე და იმაზე, თუ როგორ წააგო რამდენიმე წუთის წინ ქართველმა ჩოგბურთელმა.

შოკოლადი მინდა. ისე კი არა, უბრალოდ; არამედ ფსიქოლოგიურად მინდა. როცა ფოტოების ყურებისას წარმოიდგენ, თუ როგორ მოატეხავ ფილას ერთ კუთხეს, როგორ გადნება პირში ნელ-ნელა ნატეხი და როგორ შეიგრძნობ გემოს თხემით ტერფამდე.
[ახსნა: ასე ხშირად იმიტომ ვწერ შოკოლადისადმი ჩემს სურვილზე, რომ არ მეჭმევა და ამიტომ სულ მაქვს მოთხოვნილება. თორემ ვიცი, რომ მაღაზიაში იყიდება და აქ წერის ნაცვლად უნდა მივდიოდე და ვყიდულობდე]

ბოლო რამდენიმე დღის შესაბამისი ფოტო:

პარასკევი, 2 აპრილი



ოთხშაბათი, გუშინ [მე გადავუღე ამ ხეს და იმიტომ არის ასეთი კარგი ხარისხი]



დღეს, sunshine ufter rain.


[საერთოდაც, მინდოდა ყოველი დღისთვის დამედო ფოტოები, მაგრამ დღეები არ მეყო, ყველა ერთმანეთს გავდა მეტ-ნაკლებად, ან ფოტო ვერ შევურჩიე]

Monday, April 5, 2010

ორი ქალი

როგორ მიყვარს ეს შემთხვევით მომხდარი რაღაცეები - მოულოდნელობები, რომლებიც სასიამოვნო კვალს ტოვებენ.

არა, ამ შემთხვევაში რამე განსაკუთრებულს არ ელოდოთ. უბრალოდ, ასე შემთხვევით აღმოვაჩინე ერთი მსახიობი.

რამდენიმე კვირის წინ IMDb-ზე ვათვალიერებდი ფოტოებს და თვალი მოვკარი ვიღაც ქალის სახეს, რომელმაც მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება. გადავედი მის ფოტოზე და ვეღარც მოვწყდი..


Amira Casar - მსახიობია, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს, თუმცა ძალიან საინტერესო წარმომავლობა და ასეთივე საინტერესო გარეგნობა აქვს. დაიბადა ირლანდიაში, დედა რუსი ყავს [ან ყავდა], მამა კი - ქურთი. ალბათ ამ უკანასკნელი მიზეზის გამო, მასში რაღაც აზიური იგრძნობა, თუნდაც თვალები.. საოცარი თვალები აქვს.



და სხვანაირი სილამაზე - ერთი შეხედვით არ იძლევა ისეთ ეფექტს, როგორსაც მაშინ, თუ კარგად დააკვირდები. რაც მეტს ვუყურებ, მით უფრო ვიხიბლები. მე კი სწორედ ასეთი სილამაზე მომწონს..


ხანდახან მონიკა ბელუჩს ჰგავს თითქოს, მაგრამ მე უფრო სხვას მაგონებს..

Xisca Perello ესპანელია და ბევრისთვის უცნობი ალბათ. თვითონ ისეთი არაფერი გაუკეთებია ჯერ, რომ ცნობილი გამხდარიყო; გარდა იმისა, რომ რაფაელ ნადალის girlfriend-ია.

მის გარეგნობაშიც ყველაზე მეტად თვალები მომწონს - რაღაცნაირი, სევდიანი თვალები აქვს მუდამ.


მე ვთვლი, რომ ადამიანებს გარეგნობაზე ეტყობათ თუ როგორი პიროვნებები არიან. განსაკუთრებით - თვალებზე.
და თუ ჩემს თავს ვენდობი, ჩისკა კარგი ადამიანი უნდა იყოს, ისეთი თბილი თვალები აქვს..




ზუსტად ვერ გეტყვით, რა აქვთ ამირა კასარს და ჩისკა პერელოს საერთო, მაგრამ რატომღაც ყოველთვის ერთმანეთთან ასოცირდებიან ჩემთვის..



პ.ს როგორც ანუშკა თავის Hippie Song-ს, მე ამირა კასარს ვინახავდი დიდ ხანს ასე და არავის ვაჩვენებდი, რომ საბოლოოდ მასზე ეს პოსტი დამეწერა :)

Sunday, April 4, 2010

არ მომწონხართ, მაგრამ მიყვარხართ

დღეს ერთხელ უკვე ვთქვი, რომ რაღაცნაირი დღეა. ანუ, ცუდი. თორემ კარგ დღეს ’რაღაცნაირის’ ეპითეტით არ შევამკობდი.

მთელი დღეა თვალში მხვდება ფეისბუქზე გაჩენილი ცინიკური სტატუსები.. ისედაც უხასიათოდ ვარ, ვერაფრით გამოვიკეთე განწყობა და კიდევ ეს დამცინავი სიტყვები - ჯერ იერუსალიმში ცეცხლის გადმოსვლასთან დაკავშირებით და მერე უკვე აღდგომას გაჩნდა უამრავი. ერთი ადამიანი მეგობრებიდან ამოვშალე, უბრალოდ არ მინდოდა დამატებითი გამღიზიანებელი ფაქტორი დამემატებინა. თან არც ვიცნობდი ვინ იყო და დიდ დანაკლისს ვერ ვგრძნობ. მესმის, რომ მათთვის არ არის მნიშვნელოვანი ეს ყველაფერი და ზოგჯერ ბევრის ზედმეტადაც ’მესმის’ [და ხანდახან ყველაფერი არც უნდა ’გესმოდეს’]. მაგრამ არ მიყვარს, როცა იმას ეხებიან, რაც ძალიან ჩემია.

მე კიდევ მინდა რომ ჩემთვის შევიგრძნო რაღაცეები, ხომ შეიძლება რომ ეს მაინც მაცადონ? ჰო, მართალია - თუ ასე მინდოდა, გამომერთო ფეისბუქი და მორჩა. მაგრამ არ გამოვრთე და საბოლოოდ ისევ მე აღმოვჩნდი დამნაშავე.

მიუხედავად ცუდი განწყობისა, ფიზიკური ტკივილებისა, რომელიც ვერაფრით გავიყუჩე და გუშინდელი იმედგაცრუებისა, მაინც მაქვს განწყობა, ჩემი, საზეიმო და ყვითელი.

მოკლედ, ეხლა რამდენიმე ადამიანი მახსოვხართ და ვგრძნობ, როგორ მიყვარხართ. რამდენიმე წუთის წინ ნასტასიას პოსტი წავიკითხე და გული სითბოთი ამევსო. ხვალ კვირაა და ყველას უნდა ვუთხრა - ქრისტე აღსდგა! იმიტომ კი არა, რომ უნდა, მსიამოვნებს და სულ მინდა ვიმეორო..


Thursday, April 1, 2010

ყვითელი კვირა



იერუსალიმი ყვითელი ქალაქია, მზე და ქვიშა აძლევს ასეთ ფერს..

’ოსტატი და მარგარიტა’ რის გამო მომეწონა იცით? ისე იყო აღწერილი პილატეს ეპიზოდები, რომ მეგონა იქ ვიყავი - პირველ საუკუნეში. შემაწუხებელ სიცხეში, ბრბოს ხმაური მესმოდა შორიდან, ’ბარაბა, ბარაბა’-ს რომ გაიძახოდნენ..

ეს კვირაც ასეთია - იმ პერიოდში გაბრუნებს. ყოველი დღე რაღაცას ნიშნავს, და ყოველი დღე მოლოდინით არის აღსავსე - კვირა დღის მოლოდინით.


მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაში დიდი ხანია აღარ დავდივარ, სულ რომ არ ვიყო ჩართული სხვადასხვა რელიგიურ რიტუალებში, ვნების კვირას მაინც მეცვლება განწყობა.

მახსოვს, პარასკევს გარდამოხსნას რომ ვესწრებოდი ხოლმე, გული საშინლად მიცემდა და თავს ცუდად ვგრძნობდი, თითქოს ვიტანჯებოდი.. არავის უთქვამს, რომ ამ დღეს მე ქრისტე უნდა დავიტირო, არც მოძღვრის შეგონებები მომისმენია ამ საკითხზე - ყველაფერი ძალიან ბუნებრივად ხდებოდა, ჩემი გონება თავისდაუნებურად გლოვობდა.

მერე მღვდელი რომელიღაცა ბერის დაწერილ სიტყვებს კითხულობდა [დღემდე არ ვიცი ვისას].. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ცრემლები ყელში მებჯინებოდა და ვერაფრით ვაჩერებდი, რომ გარეთ არ გამოსულიყვნენ. მე კი საშინლად არ მიყვარს სხვასთან ტირილი, მითუმეტეს ხალხში. მაგრამ იმ დროს ეს არ გამოდიოდა, უნდა მეტირა თორემ გული ვერ გაუძლებდა მეტს. მაშინ ვფიქრობდი, ადამიანი რატომ უნდა იყოს ბოროტი, როცა აქ იდგება და ამ სიტყვებს მოუსმენს-მეთქი. მაგრამ გავიდოდა დრო და პირველ რიგში მე ვხდებოდი ასეთი.

მე იერუსალიმში ვარ ახლა, ქვეცნობიერად. შეიძლება სულ არ ვფიქრობდე ამაზე, მაგრამ ყოველ წუთს ხომ ვგრძნობ - შემაწუხებელ სიცხეს და ბრბოს ხმა მესმის - ’ბარაბა, ბარაბა’-ს რომ ყვირიან.


იერუსალიმი ყვითელი ქალაქია, მზე და ქვიშა აძლევს ასეთ ფერს. ჩემს გონებაში ასეა ყოველ შემთხვევაში.. და ვინაიდან მე ამ ქალაქში ვარ, ეს კვირაც ყვითელია ჩემთვის, ძალიან ყვითელი..