Thursday, May 4, 2017

მოხარშული კარტოფილი

 დღეს სახლში ვზივარ, მოწამლულივით ვარ.  როგორმე უნდა დავიმახსოვრო, რომ შვედურ მაგიდაზე აუცილებელი არაა, ყველანაირი საჭმელი თეფშზე გადმოვილაგო. მერე მომიწევს მოხარშულ კარტოფილსა და ჩაიზე ყოფნა, როგორც დღეს. სამზარულოდან გაფიცხებული ხინკლის სუნი შემოდის და მარტო სუნითაც კი დიდ განცხრომაში ვიმყოფები. ამ ეტაპზე ეგეც მყოფნის.

კვირას მსოფლიო რბენაა, კახეთში. დღეს ხუთშაბათია, იქამდე უნდა მოვასწრო გამოჯანმრთელება და ამ კარტოფილიანი კვების რეჟიმის დასრულება, მერე ცოტა მოღონიერება და სტარტზე მშვიდად დადგომა. საკმაოდ ამბიციური გეგმაა, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ უკეთესობის არაფერი მიჩანს.

24 საათია, ყავა არ დამილევია და რომ ვთქვა, სულ მაგაზე ვფიქრობ-მეთქი, არ ვიქნები მართალი. არა, სულ ყავაზე არ ვფიქრობ, ასე, ნახევარ საათში ერთხელ მახსენდება მხოლოდ. ყოველ ჯერზე ერთი და იგივე დიალოგი მაქვს საკუთარ თავთან:
- ჯანდაბას, დავლევ, რას მიზამს ერთი ჭიქა ისეთს? ფაქტობრივად, დიეტურია. რა უნდა მავნოს?
- არა, არა. დღეს მაინც მოვითმენ როგორმე, ერთი დღე მკაცრ დიეტაზე ვიქნები, უფრო დაჩქარდება გამოჯანმრთელების პროცესი.

რამდენიმე წუთში:
- არა, უნდა დავლიო! ძალიან მინდა. მგონი ამ ერთი რამით შემიძლია, თავი გავინებივრო დღეს. ისედაც ვერაფერს ვჭამ.
- ხო, მაგრამ, მკაცრი დიეტა? მერე უფრო ამტკივდება კუჭი, ეგ უნდა კიდევ?

და აი, ამ დიალოგებში 6 საათამდეც მოვედი.