Thursday, September 25, 2014

ვილა "ყიყლიყო"

    სატელევიზიო "რა?სად?როდის?"-ს ბავშვობიდან ვუყურებდი და ყოველ შემდეგ თამაშს, შეიძლება ითქვას, მოუთმენლად ველოდი. სტუდენტობისას  ჩემი მეგობარიც ჩაერთო და მეც გამიჩნდა სურვილი, მეთამაშა. მაგრამ დამატებით არაფერს ვაკეთებდი, ველოდებოდი, რომ ვიღაც მომკიდებდა ხელს და რომელიმე გუნდში დამსვამდა. რა თქმა უნდა, როგორც ქუჩაში ცნობილი რეჟისორი არ გაჩერებს და გეუბნება, რომ ძალიან ლამაზი ხარ და თავის ფილმში მთავარი როლისთვის მიჰყავხარ, ისევე არავინ მოსულა ჩემთან და გუნდში თამაში შემოუთავაზებია. ასე გავიდა წლები, ჩემი სურვილი კი არ განელებულა.

   ერთხელაც, ფეისბუქის ერთ დახურულ ჯგუფში (რომლის სახელიც არ ითქმის), ვთქვი, რომ ძალიან მინდოდა რსრ-ს თამაში. აღმოჩნდა, რომ ირინკასაც უნდოდა კვლავ თამაშის დაწყება (მანამდე თამაშობდა და თავი დაანება). თამთამ დაგვაკვალიანა, ვისთვის უნდა მიგვეწერა მეილი (ახალი სეზონი იწყებოდა ზუსტად). გუნდის სახელზე ბევრი არ გვიფიქრია, ასტრიდ ლინდგრენის გარშემო ვტრიალებდით;  ან "ბიულერბიუელი ბავშვები" უნდა ვყოფილიყავით, ან  - ვილა "ყიყლიყო". საბოლოოდ, მეორეზე შევჯერდით. ირინკამ მომწერა, კაპიტნის გრაფაში შენი სახელი და გვარი ჩაწერე და მონაცემები გაგზავნეო.  ასე მოულოდნელად გავხდი ყველაზე მაჭკატური გუნდის კაპიტანი.

 პირველივე თამაშზე მივხვდი, რომ ის ის იყო და მე - მე. მივხვდი, რომ ყველაზე აზარტული ადამიანი ვიყავი მსოფლიოში და შემეძლო, დღე და ღამე გადაბმულად მეთამაშა და არ დავღლილიყავი. მივხვდი, რომ ადამიანებთან დასაახლოვებლად საკმარისია 1 საათი ერთ გუნდში ითამაშო. არ დამავიწყდება ის კვირა დღეები, როცა თამაში უწევდა როგორი სიხარულით გავრბოდი კომაროვში. მივხვდი, რომ ღმერთმა რაც ჩემს სხეულს პლასტიკა და მოქნილობა დააკლო, ყველაფერი ტვინში გადაალაგა და ჩემი სპორტი სწორედ ეს თამაში უნდა გამხდარიყო.

  ვინც თამაშობს, უკვე ბევრს უთქვამს და დაუწერია, როგორი ნარკოტიკივითაა ეს თამაში. როგორი მაგარი გრძნობაა, როცა კითხვისთვის განკუთვნილ 1 წუთში ვერსია არ მოგვდის, ყველანი ვწვალობთ, რაც თავში მოგვივა, ყველა ვერსიას ხმამაღლა ვისვრით და უკვე რომ გგონია, არაფერი გამოვიდა, ბოლო წამს აენთება ვიღაცას თავში ნათურა და სწორ ვერსიას იტყვის. აი ეგ, ბოლო წამს გამოცნობილი კითხვა, არის რსრ-ს ნირვანა, უდიდესი ნეტარება და სრული განსხივოსნება :)

  ვილა "ყიყლიყო" 2012 წლის გაზაფხულზე შეიქმნა. პირველი წევრებიდან მხოლოდ მე დავრჩი (კაპიტანი ხომ ბოლოს ტოვებს გემს).  მიხარია, რომ გუნდი აქამდე შევინარჩუნე, ვინაიდან ძალიან ხშირად იყო დაშლის პირას და როცა მეუბნებოდნენ, რომ ჯობდა სხვა გუნდი მეძებნა, მე ჯიუტად ვაგრძელებდი 2 კაცით თამაშს (დიახ! ერთ თამაშზე მხოლოდ ორნი ვიყავით და საშუალოზე მაღალი შედეგი დავდეთ) და არ ვკარგავდი იმედს, რომ ვიპოვიდი ახალ პეპებს.

  დღეს "ყიყლიყოში" 8 მოთამაშეა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სრულად 6 კაცი თითქმის  ვერც ერთ თამაშზე ვერ ვიკრიბებით.

   ჩვენ გვყავს ჯაბა (გუნდის თვითაღიარებული თილისმა), რომელიც, როცა კი თამაში ან ვარჯიში გვიწევს, რაღაც აუხსნელი ძალებით, მუდამ რაიონში ხდება ხოლმე გასაქცევი, ამიტომ როგორც წესი, არასდროს ესწრება თამაშებს.
  მთვარე, რომელიც, ასევე, მუდმივად ველადაა გაჭრილი, ექსპედიციებში, მაგრამ გუნდის ყველაზე კეთილი და ნათელი წევრია და ამიტომ, ვერაფერს ვეუბნებით :)

 და გუნდის 6 კოპწია გოგო, რომლებიც არიან ყველაზე მაგარი გოგოები - ჭკვიანები, ლამაზები და მხიარულები.

 ქეთი - ქეთი პირველად რომ დავინახე, მივხვდი, რომ ჩვენ ძალიან კარგად გავუგებდით ერთმანეთს.  ქეთი ის მოთამაშეა, ვისთან ერთადაც შემიძლია ნადალი-ფედერერის 2008 წლის უიმბლდონის ფინალი დავდო :)  ანუ, ქეთისთან ერთად ვერსიების გაცვლა-გამოცვლა ერთი დიდი სიამოვნებაა ჩემთვის და როცა თამაშზე მოდის, თავს მშვიდად ვგრძნობ, ვიცი, რომ ცუდი შედეგი არ გვექნება.
  სალომე - გუნდის ქერა გოგო სალომე, რომელიც სასწაულ კითხვებს იღებს, როგორსაც სხვა ვერავინ ავიღებდით და მუდმივად ახერხებს ჩვენს გაოცებას. და საერთოდ, მიხარია რომ ამქვეყნად არსებობს სალომე და არა მხოლოდ ჩემი გუნდელი, არამედ ჩემი მეგობარიცაა. რომელიც წერს სასწაულ ლექსებს, ისეთს, რომლებსაც შეუძლიათ სამსახურში მატირონ და მთელი დღე მაფიქრონ.
 კედი - კედიზე წერა მიჭირს, იმიტომ რომ ჯადოსნური საბურველით მოცული გოგოა და როცა გავიგე, რომ ჩემს გუნდში უნდა ეთამაშა, ყველაზე მეტად გამიხარდა. კედი ისეთი გოგოა, რომელიც სულ უნდა ჩაიხუტო და აკოცო.
 თამთა - თამთა არის ყველაზე დადებითი და კეთილი გოგო გუნდში, ჩუმი მოთამაშე, რომელიც საჭირო პასებს აკეთებს.
 სოხიჩა - სოხიჩა გოგოა და ნინო ქვია, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ ოდესმე ნინო დავუძახო :) სოხიჩა არის გუნდის მოტივატორი და ყველაზე რთულ მომენტებში მედგა გვერდში, როცა მხოლოდ ორნი გავდიოდით სათამაშოდ. მას შეუძლია იჯდეს და იძახოს, არ ვიცი, არ ვიცი, იქნებ ეს არის? და სწორედ "ეს" იყოს სწორი პასუხი :)


  ხოდა ასე, ეს არის ჩემი ვილა "ყიყლიყო".

May the force be with us!

Sunday, September 7, 2014

Julia Dream



  პინკ ფლოიდის მუსიკა მაშინ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როცა რაღაც ახლის ძიებაში ვიყავი და ზუსტად არც ვიცოდი, ეს ახალი რა შეიძლებოდა ყოფილიყო, მატერიალური თუ აბსტრაქტული.

  საერთოდ, ყველაფერი დიდი და მნიშვნელოვანის აღმოჩენა ჩემთვის მოულოდნელად, ყველასგან და ყველაფრისგან დამოუკიდებლად მომხდარა.

   ასე იყო ამ შემთხვევაშიც. რა თქმა უნდა, უკვე ვიცოდი პინკ ფლოიდის არსებობის შესახებ. რა თქმა უნდა, ერთი-ორჯერ მქონდა მოსმენილი მათი რამდენიმე სიმღერა, ისეთი, რომლებსაც ყველა უსმენს (Wish you were here, Shine on you crazy diamond..)  და სულ ეს იყო.  თებერვლის იმ დღეს, ტელევიზორში არხების გადართვით რომ ვირთობდი თავს,  ერთ-ერთ არხზე გადიოდა Comfortably Numb,  დევიდ გილმორის და დევიდ ბოუის შესრულებით. ამ არხზე გავაჩერე და ტელევიზორის გვერდით, სარკეში ვიხედებოდი, როცა უცებ გაუცნობიერებლად სარკეს მოვცილდი და  ეკრანის წინ დავდექი. ბოლომდე თვალმოუშორებლად ვუყურე და მივხვდი, რომ რაღაც დიდი მოხდა.
  სინამდვილეში ნამდვილი პინკ ფლოიდისთვის არც მომისმენია. ვერც დევიდ ბოუის დავაბრალებ, არც ის მიყვარდა მანამდე. უბრალოდ, როგორც იქნა ის დღე დადგა, რომელსაც მანამდე გაუცნობიერებლად, მუდმივად ველოდი.  მერე ყველაფერი თითქოს ისე იყო, როგორც ახალი, საყვარელი ჯუფის აღმოჩენისას ხდება ხოლმე - ვიკიპედიის გადაქექვა, "ერთ სიმღერასაც მოვუსმენ და დავიძინებ".  თან ასე იყო და თან არ იყო. რაღაც საბურველში გახვეული დავდიოდი.

   სტენლი კუბრიკი, რა თქმა უნდა, მექანიკური ფორთოხლით გავიცანი. წიგნი ახალი წაკითხული მქონდა და ერთი სული მქონდა მენახა, ფილმი როგორი გამოვიდა. მახსოვს, შუაში გაწყვეტა მომიწია, სადღაც მეჩქარებოდა, მაგრამ გაწყვეტის მომენტიდან გაგრძელებამდე, მთელი ჯოჯოხეთ გამოვიარე. ლოდინის ჯოჯოხეთი. ვუყურებდი და არ ვიცოდი, რა მომწონდა კონკრეტულად.  ყველაფერი  აბსოლუტურ ჰარმონიაში იყო ერთმანეთთან - მსახიობები, ფერები, კადრები, მუსიკა..

  ფილმებში ყველაზე ნაკლებად ომის თემატიკა მიყვარს. კუბრიკთან კი ხსენებულს ხშირად შეხვდებით. ის ბევრი ხერხით ცდილობს დაგვანახოს, რომ ომი ცუდია, საშინელებაა.  მაგრამ ღმერთო, როგორ დიდებულად აკეთებს ამას! ხან ირონიით (Gentlemen, you can't fight in here! This is the War Room), ხან პირდაპირ მოგახლის სახეში და ცხარე ცრემლით გატირებს (გერმანელი გოგოს სიმღერა, რომელიც იძულებულია, მტრებს უმღეროს). .

    პინკ ფლოიდი მუსიკის სტენლი კუბრიკია. კუბრიკი კი - კინოს პინკ ფლოიდი. ვიღაც დამეთანხმება, ვიღაც - არა.  ალბათ ყველაზე გასაგები იმათთვის იქნება, ვისაც ზემოთხსენებულები ჩემსავით უყვარს. 

    მათ შეძლეს და შექმნეს ისეთი მუსიკა/ფილმები, რომლებიც ცოტა ხნით გამუნჯებს. თითქოს რაღაც ახლის, ბოლომდე შეუცნობელის მოწმე ხდები, რაღაც  გეჯახება, ქარბორბალასავით გატრიალებს, ჯერ ცაში აგიტაცებს და მერე მიწაზე განარცხებს.

    თქვენ იტყვით, ასეთი ზემოქმედება კიდევ ბევრ მუსიკოსს და რეჟისორს შეუძლიაო.  მე დაგეთანხმებით და დავამატებ - მხოლოდ პირველ ჯერზე. აი, ფლოიდებს და კუბრიკს კი შეუძლიათ ყოველ ჯერზე, ყოველ მოსმენაზე და ნახვაზე იგივენაირი ემოციების ნაკადი გამოიწვიონ, პირველი შთაბეჭდილების ეფექტი შექმნან და ამასთან, რაღაც შეუცნობელის, გაუგებარის შეგრძნება დაგიტოვონ.

   პ.ს დღეს (უკვე გუშინ), როჯერ ვოტერსის დაბადების დღე იყო და პოსტიც სწორედ ამ თარიღს ეძღვნება.

Tuesday, September 2, 2014

Even artichokes have hearts

    Amelie has a strange feeling of absolute harmony. It's a perfect moment. A soft light, a scent in the air, the quiet murmur of the city. A surge of love, an urge to help mankind overcomes her. 


[Josef Stalin dubbed in propaganda film excerpt] If Amélie chooses to live in a dream-world and remain an introverted young woman, she has every right to mess up her life!


* * *

 



* * *
   გიიომი და ვივიანი ახლა მდინარის ნაპირას, ჯერ კიდევ მწვანე ბალახზე წვანან. გიიომი ვივს თმებზე ეფერება. 


* * *
 არ ვიცი შემოდგომის გამოა, თუ მე გადავედი ცხოვრების ახალ ეტაპზე. 

 თითქოს რიტმი რაღაც მშვიდ კალაპოტში ჩადგა.


   თითქოს მოთხრობას ვწერ, სადაც მე ის გოგო ვარ, მარტო რომ ცხოვრობს და ზამთრისთვის ემზადება; ზამთრამდე კი ყველაზე მშვიდი შემოდგომა უდგას. სამზარეულოში ტრიალებს, სადაც გამჭვირვალე ფარდის გავლით მზის სხივები შემოდის და მაინც არ ცხელა. კომშის მურაბას ადუღებს და ნელა, სულ ნელა ურევს ხის კოვზით ქვაბში ქარვისფერ სითხეს. სურნელი ჩემს თმასაც გადმოსდის და მერე ქუჩებში ვატარებ. ვინ ერისენა ტენეცკაია? მე ჩემი კომშის სურნელი მექნება. ჭრელ შარფში თავჩარგული ვივლი  და იოდელისივით ბიჭი შემხვდება, მოარაბულო გარეგნობით, კეთილი თვალებით. ერთი წამით, სულ ერთი წამით შემომხედავს და გზას განაგრძნობს. მერე კი სიმღერას დაწერს გოგოზე, რომელსაც კომშის სურნელი ჰქონდა.


* * *
  სადღაც მდინარის პირას კი გიიომი ვივიანს ეტყვის: ვივ, გუშინ ერთი სიმღერა მოვისმინე, რომელიც შენ გგავს. ვივიანს თვალები გაუნათდება და ჰკითხავს - რომელი? გიიომი მას იმ სიმღერას მოასმენინებს. ვივიანი წამოდგება, გაოცებული, თმაგაშლილი, ლამაზი ვივიანი და ჰკითხავს - რატომ? გიიომი არაფერს პასუხობს, მაგრამ ვივიანმა თვითონაც იცის, რომ აბრაამის შვილია, მას შეუძლია ისააკი სიკვდილისგან იხსნას. იცის, რომ ის  ჩვეულებრივი გოგო არ არის, შეუძლია ახლავე ადგეს და წავიდეს იქ, სადაც ისააკია. სწორედ ამის გამო უყვარს  ასე გიიომს.


* * *
   ჩემს მოთხრობაში კი არსად მეჩქარება. არც სექტემბრის ბათუმი მელოდება, ყველაზე კარგი ბათუმი. მშვიდი, კამკამა ზღვით. დილის ნოყიერი საუზმეებით. ბევრი კინოთი. კიდევ უფრო ბევრი ნაცნობით. ის ბათუმი, სადაც ყველა ლამაზი და უზრუნველი ხდება, და რაღაცნაირად, ძალდაუტანებლად იცინის. თითქოს მთელი წელი არ მიოცნებია ამ დღეებზე.  დღეებზე, რომელიც არ იქნება.


* * *
გიიომის და ვივიანის სიმღერა -





* * *
So, my little Amélie, you don't have bones of glass. You can take life's knocks. If you let this chance pass, eventually, your heart will become as dry and brittle as my skeleton. So, go get him, for Pete's sake!


* * *
Whatever.