Wednesday, May 27, 2009

ჩემი დეპრესია

მცივა, თითები გაყინული მაქვს და მოძრაობა მიჭირს.

კიდევ ცუდად ვარ, დეპრესიაში. ანუ დეპრესია არ გულისხმობს - ტირილი მინდა, არავის ვუყვარვარ, მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგაა, არავის ესმის ჩემი და ა.შ  

დეპრესია გულისხმობს ამას - დილით ვდგები, ვიცვამ, ვჭამ, გავდივარ სახლიდან - უემოციო სახით. ვზივარ ლექციაზე, ვუსმენ, ხანდახან ვიცინი, ვკამათობ, მაგრამ ვგრძნობ რომ ეს ყველაფერი ზედაპირულია, არ ეხება ჩემს ნერვულ სისტემას, და მუდმივად ვფიქრობ სულ სხვა რაღაცაზე, ანუ  მიზეზზე რაც იწვევს ზემოთხსენებულ დეპრესიას. მერე მოვდივარ ლექციიდან ქუჩაში, ვუსმენ ჩემს ჯგუფელებს როგორ ლაპარაკობენ თავის პრობლემებზე, ვუსმენ ყველაფერს და თან ისევ ვფიქრობ პარალელურად, ქვეცნობიერად ვფიქრობ იმ მიზეზზე, ისე რომ ზოგჯერ მეც ვერ ვხვდები. მოვდივარ სახლში, ვჭამ, ვუყურებ ტვ-ის, ვკითხულობ წიგნს და ისევ მთელს დღეს ხაზად გასდევს ქვეცნობიერი დეპრესია. და ასე ხვალაც - ვდგები, ვიცვამ, ვფიქრობ. 

ხანდახან ქვეცნობიერი მაინც იჩენს თავს და უნებურად ვფეთქდებისავით ხოლმე, აი დღეს მაგალითად Hanna-მ ლექტორის კაბინეტში ფოტო დაგვანახა შეხედეთ რა ლამაზია-ო და მე ვეჩხუბე, ისედაც ხომ ვხედავთ რომ ლამაზია-თქო :) მერე დავუფიქრდი და მივხვდი, ძალიან არაადექვატური იყო ჩემი რეაქცია. 

წავალ ტენისს ვუყურებ, ნადალის თამაში იწყება. ვუყურებ უკვე ემოციებით : ) ამ შემთხვევაში დეპრესია არ მაქვს :)

ემი დეპრესიის მუსიკალური ფონი - Thirteen Senses - Into The Fire  :love:

Sunday, May 24, 2009

ისევ და ისევ გრეი

 გუშინ Grey's Anatomy-ს თავიდან ნახვა გადავწყვიტე და I სეზონის  I სერია გადმოვწერე :) ძალიან ბედნიერმა და გაღიმებულმა ვუყურე, ყველა ისეთი საყვარლები და რაც მთავარია ჯანმრთელები არიან! თან რაღაც ისეთი სერიაა, პირველი დღე, ყველაფერს თავიდან იწყებენ, ჯერ არაფერი რომ არ იციან და დაბნეულები დარბიან.  I love them :*

 საუნდტრეკების ლისტსაც ვადგენ პარალელურად, რაც მომეწონება გადმოვწერ. არადა ვიცი ბევრი მომეწონება, გრეის ერთ-ერთი ღირსება სწორედ კარგი მუსიკალური გაფორმებაა :))

 სერიის ნახვის პარალელურად გარეთ წარღვნა მიდიოდა. სანამ ყველაფერი დაიწყებოდა, უცებ საშინლად გაიელვა და ვინაიდან მე ძალიან მეშინია ჭექა-ქუხილის, სასწრაფოდ ყურებისკენ გავაქანე თითები, მაგრამ სულ ახლოს რომ მივიტანე ყურთან, ზუსტად მაშინ გაისმა თავზარდამცემი ხმა და თითები ისეთი ძალით შეხტნენ რომ ყურები მატკინეს და ცალკე ხმაზე გული კინაღამ გამისკდა :D 

  და მერე იყო წარღუნაჲ იგი.

Friday, May 22, 2009

People Are Strange

  წინა პოსტს ვუყურებდი და მივხვდი რომ სულ მედიცინაზე, სწავლაზე და ლექტორებზე ვწერ. ანუ დასკვნა, რაც ყველაზე აქტუალურია შენს ცხოვრებაში, შესაბამისად იმაზე წერ, ანუ მე ერთი მთლიანი სამედიცინოს სტუდენტი ვარ ხო? 

   ხოდა რა მინდოდა მეთქვა, გუშინ ლექციის მერე [ისევ ლექცია!] რუსთაველზე ჩავიარეთ [საკნების და მიმდებარე სუნის გარეშე ვეღარ ვძლებ და..]. მოგეხსენებათ რუსთაველის გამზირზე 1000 ჯურის ხალხს შეხვდებით, ხოდა ჩვენც მივაბიჯებდით ამ მრავალი ჯურის ხალხში და უცებ წინ მოვკარი თვალი გოგოს და ბიჭს, ჯერ გოგომ მიიქცია ყურადღება - ვარდისფერი კომბინიზონი ეცვა, უცნაური. ვუყურე, ვუყურე და მერე ბიჭსაც გადავხედე - ლურჯი კუბოკრული ვიწრო შარვალი ეცვა. ჩემს მეგობარს შევხედე და ისიც იმასვე ფიქრობდა რასაც მე თუმცა ერთმანეთს გავუზიარეთ მაინც - რა საყვარელი წყვილიააა! ბოლო ა-ები დამთავრებული არ გვქონდა რომ ჩვენს შემხვედრი მიმართულებით მოძრავი შუახნის, ჩვეულებრივი ქალბატონი შეჩერდა, წყვილს თვალი გააყოლა, რამდენიმე წამით უძრავად იდგა და ჩვენი ა-ების შუა პერიოდში აღმოხდა - რა არის ეს, რა აცვია? [ინტონაცია - მკვახე] 


  არადა ამ ა-ებს რომ ვამბოდი, აზრმა გამიელვა, ვეტყვი მეგობარს, ნახე სხვები უკმაყოფილო თავის ქნევით შეხვდებიან-თქო, მაგრამ იმ ქალბატონმა არ მაცალა გაფიქრებაც კი, სისრულეში მოიყვანა უცებ.

 
  პ.ს მეგობარმა მთხოვა ადრე პოსტებში ’მეგობარს’ ნუ მეძახიო და აქაც hanna-ს ვუწოდებ

ბბბ

ჩემი ’ფავორიტი’ საგანი - გინეკოლოგია დავიწყე. მიუხედავად იმისა რომ ეს არის სფერო, რაც ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს, მოლოდინი არ გამართლდა და აღმოჩნდა რომ მე მაინც ჩათრეული აღმოვჩნდი და გინეკოლოგიამაც კი დამაინტერესა! თან, ვერაზე გვაქვს, და სასიამოვნოა დილით ლუბლიანას ქუჩის ნაცვლად მელიქიშვილზე სიარული :))

დღეს ლექტორმა ე.წ ’გამოფხეკვაზე’ შეგვიყვანა. აქამდე საკმაოდ ბევრ პროცედურაზე, მათ შორის ოპერაციებზეც ვყოფილვარ, მაგრამ დღეს პირველად ვიგრძენი თავი ცუდად, იმდენად უსიამოვნო სანახავი იყო. რა თქმა უნდა დეტალებს აქ არ განვიხილავ.

რაც შეეხება ჩემს reminder-ებს :))

გერმანულში და ესპანურში არ ვმეცადინეობ, არც დიეტას ვიცავ, აი ფეხით კი ბევრს დავდივარ და კიდევ გირებით ვვარჯიშობ.

ამ ეტაპზე რაც ძალიან მაწუხებს - კომპთან ძალიან დიდ დროს ვატარებ. ამიტომ ახლა ავდგები, წავალ და შევჭამ.

პ.ს სულ სხვა პოსტს ვწერდი, წავშალე და ეს აბდაუბდა დავწერე.

Friday, May 15, 2009

წიგნი სააქიმოჲ

ორშაბათს ქირურგიას ვამთავრებ და ჩათვლა მაქვს.

წინ მიდევს წიგნი, რომელიც ერთ-ერთ წინა პოსტში როგორც ვახსენე, ვიყიდე და სტიმული მქონდა რომ რეგულარულად მემეცადინა. აქამდე კი ვიყავი ჩუმად და ხმას არ ვიღებდი ამ საკითხზე აქ, მაგრამ ისე ყოველდღე აღვნიშნავდი და ვბობოქრობდი ამ საოცარი სახელმძღვანელოს შესახებ, რომელიც 2009 წელს არის გამოშვებული და დიდი ზარ-ზეიმით წარმოგვიდგინეს I დღეს. მეც გულაჩქროლებულმა ვიყიდე, თუმცა ფული მაშინვე არ გადამიხდია. და აი გუშინ, როცა მე უკვე კარგად ვიცნობდი ამ წიგნს, ხელის კანკალით მივეცი 30 ლარი, რომელიც ვინ იცის გონებაში კიდევ რამდენ ხანს დამრჩება, როგორც ცხოვრებაში ყველაზე უაზროდ დახარჯული ფული.

თავიდანვე კითხვა რომ დავიწყე თვალში მომხვდა უამრავი გრამატიკული [და არამარტო] შეცდომა, რამაც გამოიწვია სწორედ ჩემი გაცეცხლება.

საერთოდ ყველა დაავადებას ახასიათებს გარკვეული სინდრომები, რომლებიც ხშირად რომელიმე ავტორის ან გარკვეული საგნის სახელს ატარებს. ერთ-ერთ ასეთი არის აპენდიციტის დროს, რომელიც ზემოთხსენებულ წიგნში ორჯერ იყო მოხსენებული და ერთხელ ეწერა პენანგი, მეორედ - პენარგი. ვინაიდან მანამდე არ მსმენოდა ამ სინდრომის შესახებ, გუმანით მივხვდი რომ პერანგს გულისხმობდნენ.

წიგნი ორგანოთა სისტემების მიხედვით არის დაყოფილი, და უზარმაზარი შრიფტით წერია სათაურები. ხოდა, წიგნის ფურცვლისას მხვდება ასეთი სათაური - საჭმლის მომნელებელი ტრაქტატი. მე ტრაქტატი აქამდე გეორგიევსკის ვიცოდი და თურმე საჭმლის მომნელებელიც ყოფილა.

ტრავმის ნაცვლად ტრამვა უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა და აღარ ვიმჩნევდი კითხვისას, ასევე დაახლოებით ყოველ მე-10 სიტყვაში ასო ან ამოვარდნილი, ან გადანაცვლებული იყო.

ბოლო წვეთი იყო გუშინ, ლექციაზე. ლექტორი [წიგნის ავტორი] გვიკითხავდა ფილტვებზე ლექციას და ახსენა სუკრალფატი, რომელიც ფილტვებში გამომუშავდება და იცავს ალვეოლებსო. თავიდან მეგონა ყურმა მომატყუა, მაგრამ როცა რამდენჯერმე გაიმეორა და წიგნშიც იგივე წავიკითხე, იქ მივხვდი რომ იმ 30 ლარის გარდა კიდევ ბევრი მქონდა სადარდებელი.

[ახსნა: ფილტვებში იმ დამცავ ნივთიერებას სურფაქტანტი ქვია, ხოლო სუკრალფატი წარმოადგენს კუჭის წყლულის სამკურნალო ერთ-ერთ საშუალებას]

The End.

Thursday, May 14, 2009

Some Personality

ჩემი საბრალო კომპი ძალიან დაძველდა, როგორც ჩემი ძმა ამბობს, სეთი სიძლიერის საქართველოში ჩვენს გარდა აღარავის აქვს. ძალიან ადვილად ჭედავს და ერთადერთი, რითაც მდგომარეობას ვუმსუბუქებთ, ვინდოუსის ხშირი გადაყენებაა. გუშინწინ, მორიგი გადაყენების შემდეგ, ოპერა თავიდან დავაინსტალირეთ. შემოვედი ბლოგზე მაგრამ new post-ში ფონტები და რაღაცეები რომ წერია, არაფერი აღარ იყო. ბევრი ვიწვალე, ფორუმზეც ვითხოვე დახმარება, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. სწორედ ამ დროს, ერთ-ერთმა ფორუმელმა ასეთი იდეა მომაწოდა - ოპერის სხვა ვერსია გადმოწერეო.

დღეს ასეც მოვიქეცი, ცოტა ძველი ვერსია გადმოვწერე და ყველაფერი ძველებურად დალაგდა.

ამ ვერსიას My Opera დავარქვი და ჩემს ერთ-ერთ ფოლდერში შევინახე. ვინაიდან ამ კომპით ჩემს გარდა კიდევ 3 ადამიანი სარგებლობს, ყოველთვის არის უთანხმოება, ძირითადად ჩემს ძმასა და ჩემს შორის. ცალკე ოპერა კი ძალიან მახარებს, speed dial-ში მხოლოდ ის საიტები ჩავწერე რაც მინდოდა. სულ ცოტაზე მაინც შევიქმენი იმის წარმოდგენა, თუ როგორი იქნებოდა, პერსონალურად რომ მქონდეს კომპი. აღარავინ მეჩხუბებოდა ამ ფილმს თუ უყურე დროზე წაშალეო, ამდენ სიმღერა რატომ გაქვსო, რა საჭიროა ამდენი ფოტოები, სულ შენი რაღაცეებით არის სავსე კომპიო და ა.შ

თუმცა სიხარული ჯერ ნაადრევია, ჩემს ძმას არ უნახავს personal opera რომ მაქვს და არვიცი, რა რეაქცია ექნება.

p.s დღეს ლოსტის V სეზონის ფინალური ეპიზოდი იყო, თითქმის საათნახევრიანი. ვუყურე და როგორც ყოველთვის, გამაოგნეს სცენარისტებმა..

ჯეიკობი გამოჩნდა, ისეთი სიმპატიურია!

მაგრამ მგონი მოკვდა :\

Sunday, May 10, 2009

What a Difference a Day Makes

გრეის სერიები უფრო და უფრო მთრგუნავს. დღეს ვუყურე ახალს და ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა. ყველაზე დაძაბულ მომენტში დეიდა შემოვიდა ოთახში, ხელსახოცი ე.წ 'ნოვა', ხომ არ გაქვსო. მე სახე შევაბრუნე და ისე მივაწოდე. უი, ერთი ცალი გქონია და არ მინდაო, მე კვლავ ზურგით მდგარმა, არ მჭირდება, აიღე–თქო ვუთხარი. არ მართმევდა და იძულებული გავხდი მოვბრუნებულიყავი, თუმცა, მგონი ვერ შენიშნა ჩემი ნამტირალევი სახე.

რაც შეეხება თვითონ სერიას, თავიდანვე ისე დაიწყო – იზის მიწისფერი სახით, რომ მივხვდი ბევრ მარილიან სითხეს დავკარგავდი. ერთადერთი სასიამოვნო მომენტი იყო დერეკის საქორწილო საჩუქარი, რომელიც მერედიტს მიუძღვნა – solo surgery! isn't it sweet? [დღეიდან მეც ასეთ საჩუქარზე ვოცნებობ] კიდევ ერთი პატარა დადებითი ამ სერიაში იყო ერთ–ერთი პაციენტი, რომელიც სიმპატიური იყო, that's all. იყო ბევრი პაციენტი და აქედან ყვლა მოკვდა, მათ შორის ის სიმპატიურიც, გარდა ერთი გოგოსი. ა, ხო, მერედიტის ოპერაციის დროს chief-ზე ბევრი ვიხალისე კიდევ.

და დასასრული – საკმაოდ მოულოდნელი, მერედიტის და დერეკის ნაცვლად სულ სხვა წყვილი დაქორწინდა. იზი რომ ეკლესიაში შედის, ჩემი ცრემლდენის პიკი იყო [ამ მომენტში შემოვიდა დეიდა და ცოტა გაანეიტრალა].

კიდევ, რაც დამამახსოვრდა სერიიდან, სიტყვები, რომლითაც იწყება ეპიზოდი – You never know the biggest day of your life is going to be the biggest. The days you think are going to be big ones, they're never as big as you make them out to be in your head.

სულ ესე ხდება – ფილმებში ვინც მომწონს ყოველთვის ის კვდება, მე კიდევ ძალიან განვიცდი ხოლმე და ამჯერადაც ალბათ ასე მოხდება. ეგ კი არა, ამ ბოლო დროს ფეხბურთში რომელ გუნდსაც ვგულშემატკივრობ, სულ აგებს და თან სამარცხვინოდ, მგონი ღმერთის მიერ მოვლენილი წყევლა ვარ.

პ.ს რა ბედნიერებაა რომ ამ პოსტის წერისას მაინც ვარ სახლში მარტო.

Friday, May 8, 2009

დღეს კარგი დღეა :)

ჩემი ფსიქიატრიის ლექტორს კაბინეტში უამრავი ნახატი ქონდა, რომლებიც ძირითადად პაციენტების მიერ იყო შესრულებული. ზოგი უშუალოდ კედელზე იყო დახატული, ზოგიც – ფურცლებზე. ყველა კედელი სავსე იყო. თუმცა, ერთ–ერთი ყველაზე თვალშისაცემი, მაინც ჩვეულებრივი თეთრი თაბახის ფურცელი იყო, რომელზეც ქართულად, რუსულად და ინგლისურად, 18 შრიფტით ეწერა – დღეს კარგი დღეა!

ის ერთი კვირა, რაც იქ დავდიოდით, ყოველ დილით ამ უბრალო სიტყვების წაკითხვა საოცრად დადებით ემოციებს იწვევდა და ლექციიდან ყოველთვის ღიმილით გამოვდიოდით. ხშირად ერთმანეთსაც ვეუბნებოდით. რა თქმა უნდა, ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური ტრიუკია, მაგრამ რომ ვუფიქრდები, ყველაფერი სწორედაც ფსიქოლოგიამდე დადის საბოლოოდ, ადამიანების ჩემდამი დამოკიდებულაც ისევ ჩემს განწყობაზეა დამოკიდებული, და ეს უბრალო სიტყვები დიდხანს მაძლევდა სტიმულს, სწორედ ამიტომ დავდე ბლოგზეც :)

მაგალითი:

ერთ დილით ჯგუფელის სმს–მა გამაღვიძა, თვალებდაბინდულმა გავხსენი inbox და წავიკითხე – Dges kargi dgea!!! მოღრუბლული და ნაცრისფერი დილა იყო, მაგრამ რატომღაც ადგომა არ დამეზარა, ვიცოდი რომ კიდევ 9 ადამიანი კითხულობდა იმ მომენტში ამ სიტყვებს :)

p. s მაქსიმალურად ვიკავებდი თავს რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ერთი სიტყვაც კი არ დამეწერა ბლოგზე და მე ეს შევძელი :))


Life Is Wonderfull

Tuesday, May 5, 2009

First Day

ყველაფერი პირველი დასამახსოვრებელია; თუმცა რაც დრო გადის, ნელ–ნელა ბუნდოვნდება, ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილებებიც კი. ამიტომ გადავწყვიტე რომ ჩემი პირველი მორიგეობა გავიხსენო, რომელიც 2 წლის წინ იყო :)

ზუსტად მახსოვს ის დღე – 2007 წლის 18 ოქტომბერი.

თუმცა ყველაფერი ცოტა კურიოზულად დაიწყო – 1 თვით ადრე მივედი ექიმთან და შევუთანხმდი, მაგრამ რეზერვში გაიწვიეს და გადაიდო ჩემი მისვლა. ოქტომბერში დავურეკე და ვეკითხები – 'ჩამოხვედით ჯარიდან :უსერ: ?' [უსერ იქვე იგულისხმება, ინტონაციაში] გაეცინა და კიო, რომელიღაც დღეს მოდიო მითხრა. დანიშნულ დღეს ჯერ სისხლის ანალიზზე გავიქეცი დილის 9 საათზე და იქედან წავედი კლინიკაში, 10–ის ნახევარზე უკვე იქ ვიყავი. ძალიან მიხაროდა და გული მიფრიალებდა თან. ავედი და... ვერ ვიპოვე განყოფილება :ბიგ_უსერ: მე ჭკვიანმა თერაპიის კათედრა ვიკითხე, განყოფილების ნაცვლად :D ეგეთი არ არისო აქ, მერე როგორც იქნა მითხრეს სადაც იყო, თურმე იქვე ვმდგარვარ [არა ისე იქ მართლა ლაბირინთებია, ყველას უჭირს გზის გაგნება], ერთი დაბრკოლება კი გადავლახე, მაგრამ ეხლა უკვე საორდინატორო ვერ ვიპოვე, დაბნეული და საკუთარ თავზე გაცეცხლებული უკან წამოვედი!

ჩემს ჯგუფელებს რომ ვუთხარი დამცინეს, თან ერთ–ერთიც იქ დადიოდა და ლექციის შემდეგ კიდევ ერთხელ წავედით. ჩემი ჯგუფელი ისეთია, უდაბნოშიც არ დაიკარგება, გველს ან ხვლიკს კითხავს გზას და გამოაღწევს. ხოდა მიმიყვანა აღთქმულ მიწაზე, მაგრამ ექიმი წასული დამხვდა!

მე არ შევეპუე ამ დაბრკოლებებს და მეორე დღეს კიდევ წავედი! მივაგენი ოთახსაც, ექიმსაც :D მითხრა დღეს ვარ მორიგე, საღამოს მოდიო და თეთრეულიც წამოიღეო :))

მოკლედ, საღამოს შევიარაღდი თეთრეულით, ფონენდოსკოპით, ხალათით და წავედი. როგორი ბედნიერი ვიყავი მაშინ ვერ გადმოვცემ – გული მქონდა აჩქარებული, ხელები ოდნავ მიკანკალებდა :)

რომ მივედი ყველა წასული იყო უკვე და მხოლოდ მორიგე პერსონალი იყო დარჩენილი. ექთნების ე.წ პოსტზე დავსხედით და პირველი რამაც გამაკვირვა იყო ექთანი, რომელიც ძაფზე ნიგოზს ასხამდა. საავადმყოფოს შიდა სამზარეულოში მანამდე ჩახედული არ ვიყავი და მეგონა რომ იქ ადამიანები ჩვეულებრივები არ იყვნენ და როცა გვერდით პალატებში ავადმყოფი წევს, შენ მხოლოდ უნდა იჯდე და ელოდო ვინმეს რამე არ გაუჭირდეს..

ვიჯექი და ხმას არ ვიღებდი, მხოლოდ კითხვებზე ვპასუხობდი, ყველა იქ მყოფი ექიმი მეგონა :)) ჩემმა ექიმმა გვერდით მომისვა და გამომკითხა რაღაცეები, ცოდნის დონე რომ გაეგო ალბათ. თავიდან ისეთი მარტივი კითხვები დამისვა რომ გაოცებული ვპასუხობდი :)) მერე გაართულა და საბოლოოდ ძალიან მოვეწონე. რაღაცეები დავხატე კიდეც – სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრე მაგალითად :))

ექთანმა ყავა ხომ არ გინდათო? მე შემრცხვა და ვუთხარი ყავას იშვიათად ვსვამ–თქო [არადა დღეში 1-2 ჭიქას მაინც ვსვამდი]. მერე შევედით პალატაში [სულ 2 ავადმყოფი იწვა, აქედან 1 ჩემი ექიმის პაციენტი იყო], მოხუცი კაცი იყო, ცალი ფეხი არ ქონდა. რაღაცეები გამოკითხა, ფილტვებში მოვუსმინეთ და გამოვედით, ისტორიასაც გადავხედე.

ჩემი კურსელები იქვე რეანიმაციაში მორიგეობდნენ და ცოტახნით გავუარე. იქ ხომ საერთოდ აღვფრთოვანდი, პაციენტები გამაცნეს გოგოებმა. 1 ქალი იყო რომელიც 3 თვეა კომაშიაო, და კაცი, რომელიც სულ კვნესოდა. ვილაპარაკეთ და წამოვედი, ჩვენს პაციენტს ჰეპარინი უწევდა და უნდა მეყურებინა. მერე შენ გააკეთებო ექიმმა, მაგრამ მე ვუთხარი რომ მეშინია–თქო და იმ დღეს არაფერი გამიკეთებია.

დაახ. 1 საათზე მაჩვენეს ჩემი 'ბუნაგი', გავშალე თეთრეული და დავწექი, დიდხანს არ დამეძინა, ემოციებისგან და თან ხმაურობდნენ სხვები :))

დილით 8–ის ნახევარზე ავდექი, ჯერ სახლში უნდა გამევლო და მერე ლექციებზე, ექიმი გავაღვიძეთ მე და ექთანმა, ჩემი ჩანთა თავის ოთახში ქონდა ჩაკეტილი და.. ავიღე და ბედნიერი დავემშვიდობე ყველას :)

მოკლედ, მორიგეობა განსაკუთრებული ნამდვილად არ ყოფილა, თუ იმას არ ჩავთვლით რომ პირველი იყო. მერე უფრო საინტერესო გახდა :)

პოსტი შექმნილია სიმღერების: Jason Mraz - Lucky, Lenka - Trouble Is A Friend და სერგი გვარჯალაძის – Artificial Love – ფონზე :)

Just A Rainy Day

დილით მაღვიძარამ მესამედ რომ დარეკა, სასწრაფოდ გამოვრთე და ცალი თვალი გავახილე, დავინახე თუ გავიგონე რომ წვიმდა. ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი ავდექი, ფარდა გადავწიე და დავრწმუნდი, რომ თან ძალიან წვიმდა.

უცებ მივიღე გადაწყვეტილება რომ ლექციას გავაცდენდი და სასწრაფოდ დავუბრუნდი საწოლს. ცოტა ხანში სამწუხაროდ წვიმამ გადაიღო, მაგრამ იმდენად დარწმუნებული ვიყავი ჩემი არჩევანის სისწორეში რომ წასვლა არც მიფიქრია და ძილი განვაგრძე.

სე მემართება ხანდახან, დილით უცებ ძააალიან დამეზარება წასვლა და უმიზეზოდ ვაცდენ ლექციებს. რაც ძალიან მაწუხებს და ვფიქრობ, როგორ გამოვასწორო. ჯერჯერობით არაფერი არ შველის ჩემს სიზარმაცეს. ა, ხო, კიდევ სეთ დღეებში როცა ვაცდენ, მერე გარეთ გასვლაც არ მინდა და მთელი დღე სახლში ვზივარ. დღევანდელი დღეც არ ყოფილა გამონაკლისი.

თუ ჩემს მძინარე ძმას არ ჩავთვლი, სახლში მარტო ვარ და კომპთან დიდხანს ჯდომის ბედნიერება მხვდა წილად.

აქვე ჩემი ახალი აღმოჩენა – Jason Mraz ალბათ ყველამ იცით. მეც ვიცოდი აქამდე, მაგრამ მოსმენილი არ მქონდა არაფერი, 1 სიმღერის გარდა. ეხლა ვიწერ რაღაცეებს, ხოდა კმაყოფილი ვარ აღმოჩენით.

Sunday, May 3, 2009

თერაპია vs ქირურგია

ჩაბარებიდან გადაწყვეტილი მქონდა რომ ენდოკრინოლოგობა მინდოდა, კოლეჯის სამივე და უნივერსიტეტის II–III კურსი, ანუ 5 წელი, მტკიცედ მჯეროდა რომ ეს სფერო იყო ჩემი. მე–4 კურსზე, როცა კლინიკური საგნები და, პარალელურად მორიგეობები დავიწყე, აღმოჩნდა რომ კიდევ უამრავი დისციპლინა არსებობდა, რომლებიც არანაკლებ მაინტერესებდა, არანაკლებ კი არა, ენდოკრინოლოგიამ სადღაც ბოლო ადგილებზე გადაინაცვლა.

ოპერაციებზე ხშირმა დასწრებამ ჩემი ქირურგიისადმი ინტერესი გამოიწვია, განსაკუთრებით კი ნეიროქირურგიამ გამიტაცა. ასევე, ძალიან მომწონდა ზოგადი თერაპიაც, მოკლედ, ძალიან დავიბენი და დღემდე ვფიქრობ რა სფერო ავირჩიო. გამორიცხვის მეთოდით რამდენიმე დარგი რჩება, მაგრამ ამ რამდენიმედან არჩევა უკვე ძალიან მიჭირს, არც მრჩეველი მყავს რომ დამეხმაროს, რადგან კომპეტენტური პირები, ანუ ექიმები, ყველა ერთ და იგივეს მიმეორებს მეც და სხვებსაც – გოგოები დიაგნოსტიკაში წადით, ზუსტად ქალის საქმეა, სუფთაა და კარგი შემოსავალი გექნებათ–ო დასძენენ.

ჩემს პასუხზე, რომ ქირურგია ძალიან მომწონს, დანანებით თავს გადააქნევენ და მეუბნებიან რომ ქალისთვის ძნელია, ვერ შევძლებ, ჯობია გადავიფიქრო. ყველა დაზეპირებულივით ერთ წინადადებას ამბობს, უკვე მაღიზიანებს ეს მიდგომა რომ ქირურგია ქალის საქმე არ არის, რომ დიაგნოსტი წყნარად ზის ოთახში, აქვს თავის აპარატი, ბევრი ფული და არ აქვს მორიგეობები. მაგალითად, ნეიროქირურგიის კურაციაზე როცა ვთქვი, რომ ეს სფერო ძალიან მაინტერესებდა და სერიოზულად ვფიქრობდი, ლექტორმა ისე შეიცხადა, ჯგუფელის სიტყვებზე კი, რომ დიაგნოსტიკა უნდოდა, ისე შეაქო, რომ შემრცხვა და გავჩუმდი. არა, მართლა არ მესმის საქართველოში როდემდე უნდა იყოს დაყოფილი მედიცინაში ქალის და კაცის პროფესიები, მესმის რომ კაცები ფიზიკურად ძლიერები არიან, და შესაბამისად, 7–8 საათიან ოპერაციებს მეტად გაუძლებენ, მაგრამ ისტორიაში არიან სასიამოვნო გამონაკლისები ქალი ქირურგების სახით, და როცა მეც მინდა ეს გამონაკლისი ვიყო, ზოგჯერ მაინც სასარგებლოა ვიღაცის მიერ რჩევის მიღება, რასაც ჯერჯერობით ვერ ვეღირსე, თვით ქალებისგანაც კი.

ქირურგიას კონკურენციას, როგორც ზემოთ ვთქვი, თერაპია უწევს. საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე ვარ. თუმცა, საქმე უკვე იქამდეა მისული, რომ თერაპიული დარგებიც კი ქალისთვის მძიმედ ითვლება და რჩება ის ერთადერთი – დიაგნოსტიკა. მაგრამ მე რა ვქნა, თუ ზუსტად ღამის თევა, პაციენტთან ხანგრძლივი ურთიერთობა, დიაგნოზის დასმა და შემდგომი მკურნალობა მაინტერესებს? მაინც უარი უნდა ვთქვა, ვინაიდან დამღლელია, არ დამიფასდება, მალე მომბეზრდება და ა.შ ? თუმცა, სწორედ ის მაძლევს სტიმულს, რასაც მეუბნებიან რომ ვერ შევძლებ, უფრო მეტადაც კი, ვიდრე ქება.

თუმცა, არ გამოვრიცხავ რომ მომავალში, როგორც ენდოკრინოლოგია შემოვდე თაროზე, ასევე დაემართოს ქირურგიასაც, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ინტერესს დავკარგავ, თორემ შემოსავლის გამო არ ვაპირებ პროფესიის არჩევას. პირველ რიგში მინდა რომ ჩემი საქმე მიყვარდეს და იძულებით არ ვაკეთებდე.

თერაპია–ქირურგიის დაპირისპირება კი გრძელდება და თანაბარ ძალებში მიმდინარეობს, რამდენ ხანს ვიქნები ამ გაურკვევლობაში ღმერთმა უწყის, იმედია ერთ მშვენიერ დღეს გონება გამინათდება და 'იმ ერთადერთს' ვიპოვი, რასაც ვეძებდი.

Friday, May 1, 2009

ფორუმს+ბლოგი=

რამოდენიმე მოსაზრება იმაზე, თუ რატომ მიყვარს ფორუმი და ბლოგი.


   საერთოდ ჩემი სუსტი წერტილია, ტკივილია და კიდევ უამრავი ცუდი რაღაც არის ახალი ადამიანის გაცნობა. იმ პირველ ეტაპს ვერ ვიტან, როცა თავაზიანი ღიმილით ზოგად თემებზე მიწევს ლაპარაკი, ამიტომაც ამ ეტაპს ვტოვებ ხოლმე და არაკომუნიკაბელურ ადამიანად ვითვლები. არადა, ზოგჯერ მართლა მეზარება ისეთ ადამიანთან ამინდზე ლაპარაკი, რომელსაც ვიცი რომ მეორედ აღარასდროს შევხვდები.

თუმცა არის შემთხვევები, როცა საინტერესო საზოგადოებაში ვხვდები, აქ კი მეორე პრობლემა იჩნეს თავს – სითამამეა საჭირო რომ სწორედ შენ მოგისმინონ და ყურადღება მოგაქციონ, რითაც მე ვერ დავიკვეხნი. ასევე ხშირად გაბედულება არ მყოფნის, რომ ემოციები გამოვხატო, ზოგჯერ ძალაუნებრად თვითონ ვზღუდავ თავს, თითქოს მეშინია რომ ვიღაცისთვის გამაღიზიანებელი ან მოსაბეზრებელი ვიქნები, არადა უნდა მეკიდოს ხომ? კი ვიცი, მაგრამ ვერ ვასრულებ. 


   აი ფორუმზე კი საქმე სხვაგვარადაა, შეხვალ, აირჩევ სასურველ თემას და პირდაპირ დაწერ მაგალითად, შენი საყვარელი მსახიობის შესახებ, გაესაუბრები სრულიად უცნობ ადამიანს და არ იქნება საჭირო ზედმეტი ცერემონიები. შენს დაპოსტილს ძალაუნებურად ყველა კითხულობს ვინც შესაბამის თემაში შემოვა და ვიღაცისთვის უკვე საინტერესო ხარ, იმ პირველი ეტაპის გაუვლელად. 


   ბლოგს რაც შეეხება, აქ კიდევ უფრო მეტი შანსია საკუთარი თავის წარმოჩენის. სრული თავისუფლება მაქვს, ასევე მაქვს დრო, რომ მოვიფიქრო თემა, დავალაგო და დავპოსტო, შესაბამისი ემოციებით. ეს კი უკვე რეალურ ცხოვრებაშიც თავდაჯერებას მმატებს და მეხმარება აი ის, პირველი ეტაპი ძალით მაინც გადავლახო. გულახდილიც ვარ, წინასწარ ხომ არ ვიცი ვინ შემოვა და წაიკითხავს, იმ მომენტში კი მარტო ვზივარ კლავიატურასთან და კომპიუტერის არ მცხვენია მაინცდამაინც :)) 


ბლოგს კიდევ ბევრი პლიუსი აქვს, მაგრამ ეხლა მე ერთი კუთხით განვიხილე მხოლოდ. 


პ.ს ეხლა ვნახე რომ გრეის ახალი სერია დაუდიათ, სიხარულისგან ვიკივლე, სანამ ამ პოსტს ვწერდი გადმოწერა კიდეც და წავალ, ვუყურებ.