Friday, July 31, 2009

მე ვარ ბლოგერი..

   მაინცდამაინც როცა ღამდება და დასაძინებლად ვწვები, ახალი პოსტების იდეა მაშინ მომდის ხოლმე თავში. გუშინ ასე ’დავწერე’ პოსტი ძილის წინ, მაგრამ დღეს ბუნდოვნად მახსოვს, არადა როგორ დალაგებული მქონდა ყველაფერი.. 

  ბლოგერობა საკმაოდ საინტერესო საქმიანობაა, ერთხელ თუ შეეჭიდე, მერე გიტაცებს და თავს ვეღარ ანებებ, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვარ. განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, ძალიან ღრმად შევტოპე, ყოველ დილით რომ ვიღვიძებ ვფიქრობ - ნეტავ ვინ რა დაწერა? მთელი დღე მოვლენებს ვალაგებ -ეს ბლოგისთვის გამომადგება, ეს არა და ა.შ  თუმცა ზაფხულის ფაქტორიც დიდ როლს თამაშობს - მთელი დღეები სხვა რა საქმე მაქვს, თუ არა ახალი პოსტების მოფიქრებისა?  :))

  

  

   ალბათ ჯერ ადრეა ჩემს განვლილ ბლოგო-მოღვაწეობას რომ გადავხედო, მაგრამ მცირედ გადავავლებ თვალს რაღაც დეტალებს. 

   მახსოვს, თავის დროზე იარლიყებზე ბევრი ვიფიქრე, მინდოდა რაც შეიძლება ცოტა და მრავლისმომცველი ყოფილიყო. ნუ, ისეთ ზოგად იარლიყებს, როგორიცაა movies ან music, ბევრი მოფიქრება არ ჭირდება. მაგრამ ძალიან დიდხანს ვიმტვრიე თავი რა კატეგორიისთვის მიმეკუთვნებინა ისეთი პოსტები, რაც ჩემზე, ჩემს ემოციებზე და მოკლედ, შინაგან სამყაროზე იქნებოდა. ბოლოს MyGreenShadow მოვიფიქრე, ანუ მწვანე ძალიან მიყვარს და ამ ფერთან დავაკავშირე და ჩრდილი, ჩრდილი - ჩემი ანარეკლია-თქო ვიფიქრე :D ისეთი პოსტები კი, რომელიც ზოგად საკითხზე იყო და არ ვიცოდი კონკრეტული იარლიყი, თავიდან Free Zone-ში გავაერთიანე, მერე ბბბ მივუმატე, ანუ აბდაუბდა პოსტებს მივაწეპე ეს იარლიყი, მერე ორივე წავშალე და ეხლა ასეთ უიარლიყო პოსტებს ჩუპა-ჩუპსი ქვია, უბრალოდ სასაცილო სიტყვაა და იმიტომ :D  მაჭკატური პოსტზე ქოფირაითი სოფის ეკუთვნის, ერთ-ერთი პოსტის კომენტარებში მომწერა მაჭკატური პოსტიაო და აი ამელის განწყობის მსგავს პოსტებს მივაკერე ეს იარლიყი :D  'Tennis' ვფიქრობ ძალიან ზოგადია იმისთვის, რაზეც მე ვწერ - ძირითადად სულ ნადალზე ვსაუბრობ, მაგრამ მაინც ჯობია ასე დარჩეს :D

  ასევე, გადავწყვიტე რომ იდეალური თემფლეითის ძიებას შევეშვა და მე თვითონ შვქმნა იგი. ვინაიდან HTML-ების არაფერი გამეგება, ჯერ ჩემით ვსწავლობ, და როცა საბოლოოდ გავაკეთებ, თქვენც იხილავთ :D

Wednesday, July 29, 2009

ოღონდაც

 გუშინ ძალიან უცნაური დღე იყო. ძალიან მალე მოსაღამოვდა და ძალიან გვიან დაღამდა. უჩვეულოდ ციოდა და მეც არ ვგრძნობდი თავს კარგად, ამიტომ მთელი დღე ვიწექი და ვკითხულობდი - ’სამოსელი პირველს’

  დოჩანაშვილმა ხელი ჩამჭიდა და ჯერ ლამაზ-ქალაქში ვიყავი, მერე კამორაში, სერტანაში, და ბოლოს  კანუდოსშიც - კაატინგა გავიარე.

  დიდი ხანი გავიდა რაც პირველად წავიკითხე. უკვე დავიწყებულიც მქონდა ბევრი რამ წიგნიდან. ჰანნამ ჩემზე გვიან წაიკითხა და აღფრთოვანებული რომ ახსენებდა ვინმეს ნაწარმოებიდან, ან რამე გამოთქმას, მე გაოცებული ვუყურებდი - არაფერი მახსოვდა. 

 - გვირილა რა არის? 

- არ გახსოვს, გვირილა, სამოსელი პირველი? - არაა, აღარ მახსოვს.

 მერე ამრეზით მეტყოდა - შენ დონ დიეგოც არ გემახსოვრება?!

-არა, არ მახსოვს. 

 მართლა არ მახსოვდა. 

  გუშინ კი სულშეძრული ვიყავი და ღამე ვერაფრით ვერ დავიძინე, ვნატრობდი მალე გათენდეს რომ ბოლო მოეღოს ამ ტანჯვას-თქო.

  ’ყური დამიგდე დომენიკო, მე ალექსანდროს უფროსი ძმა ვარ’ -  სულ ეს წინადადება მიტრიალებდა თავში.

   დომენიკოსავით, მეც ვგრძნობ რომ ადამიანები მიყვარს. ყველა. აი შენც, ვინც ამ პოსტს კითხულობ ახლა, მიყვარხარ. თვალთმაქცობის გარეშე, მართლა მიყვარხარ. ნამდვილი სიყვარულით - ყველა იმ თვისების ჩათვლით  რაც გაქვს;  შეიძლება არ მომწონხარ, მაგრამ მიყვარხარ.

  მიყვარს ’სამოსელი პირველი’, ყველა წიგნზე ბევრად მეტად მიყვარს. როცა ვკითხულობ, ვიტანჯები, თითქოს მთელ ცხოვრებას გავდივარ.. 

  

  ’ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი ქალაქი, ოღონდ ხანდახან არ ვიცით ხოლმე; როგორ არა გვაქვს, ანდა, გვექნება თიხის სპეტაკი, მომცრო სახლები მდინარის პირას, მცირე აღმართს ამოყოლილნი, აბზინებულნი დილის გრძელ, ირიბსხივება მზეზე...  და მთვარის ბაცად სიფრიფანა შუქზე რბილად აბრჭყვიალებული, მცირედ დაბუჟებული კანუდოსი...’

Monday, July 27, 2009

პასუხისმგებლობა

მოგესალმებით მეგობრებო!

დღეს ამ ბლოგზე მოპატიჟებული ბლოგერი  ვარ და ვეცდები რამე ხეირიანი დავწერო :) ჩემი პირადი ბლოგი კი შეგიძლიათ იხილოთ აქ: Sweet.ge
 
ბლოგინგი და ჭურჭლის რეცხვა ოდესმე თუ ერთმანეთთან დაკავშირებული იქნებოდა ჩემთვის ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.

არადა ამ ბოლო დროს, როცა ახალი პოსტის დასაწერად იდეა არ მაქვს და უაზროდ ვიწყებ ნეტში სხვადასხვა სულელური საიტების თვალიერებას, ჩემი ერთადერთი მასულდგმულებელი თავშესაფარი სამზარეულოს ნიჟარაა.

მოვუშვებ ხოლმე გრილ წყალს, დახვავებულ თეფშებს მივადგები და სათითაოდ, აუჩქარებლად ვრეცხავ და ვრეცხავ...

ამ მომენტებში თავში იმდენი არაჩვეულებრივი აზრი და იდეა მებადება, ხანდახან რომ არ დამავიწყდეს სასწრაფოდ კომპიუტერს ვახტები ჩასაწერად.

სწორედ ასე საბლოგე იდეის მოსაზიდად დაწყებული ჭურჭლის რეცხვის დროს გავიაზრე, რომ ამ ბოლო დროს, სწორედ მას შემდეგ, რაც უამრავი პროექტი და სამუშაო მომეყარა,  უცნაური გრძნობა მაქვს აკვიატებული.

თითქოს სულ რაღაც მაქვს გასაკეთებელი, რაღაც დასამთავრებელი, რაღაც მისახედი  და ამის გამო ვერც ვერთობი, ვერც ვთამაშობ და ვერც ვისვენებ ხეირიანად.

არ ვიცი რა დავარქვა, ალბათ უფრო პასუხისმგებლობის გრძნობა ეწოდება.

მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა რომ ვერც ამ საქმეებს ვაკეთებ ისე, როგორც საჭიროა.  რადგან ისინი ბევრია მე კიდე შეზღუდული დრო მაქვს და არ ვიცი რომელი ერთი გავაკეთო პირველი და რომელი შემდეგ. თითქოს პრიორიტეტტების განაწილებაც არ მიჭირდა არასდროს ახლა კი ალბათ მიჭირს. თორემ ასეთი დილემის წინაშე არ დავდგებოდი...

მაგალითად, ვერ ვწერ ბლოგზე, როდესაც სამსახურის საქმე მაქვს გასაკეთებელი, ან ვერ ვაკეთებ სამსახურის საქმეს, როდესაც თავში იდეალური ბლოგ-პოსტის იდეა მიტრიალებს.

ეს გრძნობა პირველად მაშინ გამიჩნდა, სკოლაში, პირველ კლასში საშინაო დავალება რომ მომცეს და მას შემდეგ დიდი ხანი არ მქონია რაც ინსტიტუტი დავამთავრე.

და ის აბსოლუტურად ფიზიკური შეგრძნებაა. ასე მგონია ტვინიდან სწორედ იმდენი რაღაც მაქვს გამოზრდილი და დიდი ძაფით მიბმული რამდენი საქმეც მაქვს გასაკეთებელი. ისინი დამყვებიან, თავს არასდროს მავიწყებენ და იქამდე მაწუხებენ სანამ საქმეს არ მოვიშორებ.

როგორც კი ეს ხდება, ძაფი წყდება და უზარმაზარი სიამოვნება მენიჭება. ალბათ ზუსტად იგივე შეგრძნებაა, რასაც To-Do ლისტში პწიჩკის დასმა იწვევს.

და ვის არ უყვარს To-DO ლისტები და პწიჩკები? :))

პასუხისმგებლობის შეგრძნება ყველა დედას უჩნდება, როდესაც პირველ ბავშვს აჩენს, ოღონდ ეს მთელი ცხოვრება დაჰყვებათ და ვერასდროს ვერ დასვამენ პწიჩკას ვერანაირ To-Do ლისტში.
(ალბათ იმიტომაც არ მინდა ჯერ შვილი მყავდეს, უზარმაზარი პასუხისმგებლობის ტვირთვა მომიწევს რისთვისაც ჯერ მზად არა ვარ.. ჩემი ძაფები და To-Do ლისტებიც ძალიან მებევრება ხანდახან...)

არ მესმის იმ ხალხის ვისაც ასეთი გრძნობა არასდროს ჰქონია და ალბათ ჩემი პირადი ”ადამიანების გადამრჩევი” ინსტიქტი არა კანის ფერით, არა რელიგიური მრწამსით, არა მატერიალური შესაძლებლობით, არამედ სწორედ ამგვარად არჩევს ადამიანებს.

შედეგად, ვერაფრით ვიჭერ საქმიან ურთიერთობებს (და ხანდახან ვერც მეგობრულს) ისეთ ხალხთან, ვისაც შეუძლია დაწყებული საქმე ბოლომდე არ მიიყვანოს...

უბრალოდ არ ვენდობი მათ და მორჩა.



P.S. მომნატრებია ბლოგსპოტზე წერა...

Networking

  მიზეზი, რის გამოც ბოლო 2 დღეა ძალიან აქტიური ვარ – გუშინ დეიდასთან გამოვედი, რომელიც სოფელშია. მისი ლეპტოპი კი თითქმის ჩემს განკარგულებაშია. თითქმის იმიტომ, რომ დედა ხანდახან ადნაკლასნიკებს მიუჯდება და დიდი ხვეწნის შემდეგ მსვამს :D ჩემი ჯდომის ვადები კი განუსაზღვრელია :D 

  სახლის კომპი ძველია და ისეთ საიტებზე, როგორიცაა ფეისბუქი, მაისფეისი და ა.შ ძალიან ჭედავს და ჯობია საერთოდ არ შეხვიდე. ამიტომ იქ 3 საათიც რომ ვიჯდე, სახეიროს ვერაფერს ვაკეთებ. ეს ლეპტოპი შედარებით უკეთესია, და დამეტყო კიდეც რაც აქ ვზივარ. კიდევ თავს ვიკავებ თორემ დღეს მარტო 3 პოსტს დავწერდი :D

  მოკლედ გუშინ ვისარგებლე და მაისფეისზე, სადაც ოდესღაც დავრეგისტრირებულვარ თურმე, ანგარიში გავააქტიურე. ასევე თვითერზე გავაქტიურდი სვითის წყალობით და ფეისბუქზე პირველი ნოუთიც დავწერე ამ ყველაფერთან დაკავშირებით :P  მაისფეისი მომეწონა ძალიან, რამდენიმე სიმღერას დიდი ხანია ვეძებ და ვერ ვპოულობდი რომ გადმომეწერა, ახლა კი მაისფეისის წყალობით ვუსმენ. მომღერლებს და ჯგუფებს დავუმეგობრდი. აი ხომ არაფერია, და ალბათ არც მექნება თუნდაც ვირტუალური კონტაქტი მათთან, მაგრამ უცნაური შეგრძნებაა მაინც, თითქოს რაღაცით უფრო ახლოს ვარ, ვიდრე სხვები :P 

  სოფის რჩევით, ტოპ.გე–ზე დავრეგისტრირდი, თუმცა როდის დასრულდება რეგისტრაციის პროცესი არ ვიცი. 

  ამ კომპში იმდენი ფოტოები და ფილმები მაქვს, დეიდა მხოლოდ მეილებს ამოწმებს და შეიძლება ითქვას ჩემი პერსონალური კომპიუტერია, მიყვარს ძალიან :D  მთელი დღეა არ ვიცი რა ვაკეთო და სულ აქ ვზივარ, შეამჩნევდით ალბათ, ყველა ახალ პოსტებზე პირველი ჩემი კომენტარია :D  

 

  

  პოსტის მუსიკალური ფონი:  Other Lives - Black Tables  ძალიან მიყვარს, გრეის ანატომის ერთ–ერთი საუნდტრეკია.

Sunday, July 26, 2009

You've Got New Post

  You've Got Mail-ს ვუყურე დღეს და ნიუ იორკი შემიყვარდა! მე ხომ მსოფლიოს ბევრი ქალაქი მიყვარს [სინამდვილეში მხოლოდ რამდენიმე :D], მაგრამ მათ შორის არცერთი არ იყო ამერიკის. ახლა უკვე ნიუ იორკშიც მინდა ცხოვრება. იმ ქუჩაზე, სადაც ქეთლინი ცხოვრობს – რამდენიმე საფეხურიანი კიბე და პატარა სახლი, ძველი ავეჯით. სამზარეულოში მაგიდა დგას, ალაგ–ალაგ თეთრი საღებავი აქვს გადაცლილი და მწვანე ფერი მოჩანს. 

  New York, I love you! შენ მსოფლიო დედაქალაქი ხარ, საოცრად ქაოტური, რის გამოც არ მომწონდი აქამდე. მაგრამ აქაც ხომ არის პატარა, წყნარი ქუჩები, ლამაზ ფანჯრებიანი და ქვის კიბეებიანი სახლები, კუთხეში კი წიგნების პატარა მაღაზია. 

   ადრე მახსოვს Yahoo 360–ში პოსტი დავწერე ჩემს ოცნებაზე – მქონოდა წიგნების მაღაზია. სამწუხაროდ 360 გაუქმდა და პოსტების შენახვა დამავიწყდა. ეს ფოტო შემომრჩა მხოლოდ.

  

  სხვათაშორის, სიზმარში ვნახე რომ პრაღაში ვიყავი. ისეთი არ იყო რა თქმა უნდა, როგორც რეალურადაა – სიზმრები ხომ ძალიან უცნაურია. იმ ქუჩის სახელიც მახსოვს – სტარამოსტკა [ასეთი მართლა არსებობს მგონი, ოღონდ ცოტა სხვანაირი სახელი ქვია]. მე კი ნერუდოვას 36–ს ვეძებდი და ვერაფრით მივაგენი.  სამაგიეროდ, აღმოვჩნდი რაღაც ციხე–სიმაგრესთან, რომელიც ძალიან გავდა ქართულს და საბოლოოდ ეს სიზმარი კოშმარად გადაიქცა. მანამდე მადრიდშიც ვიყავი . სადღაც ვიწრო ქუჩაზე, რომელიც პირქუში და არც თუ ისე ლამაზი იყო. მაგრამ მე მომწონდა – ეს ხომ მადრიდი იყო! საოცარი შეგრძნება მქონდა, ალბათ ასეთი განცდა მექნება მართლა რომ ჩავალ მადრიდში :))  ეს სიზმარიც კოშმარით დასრულდა და მერე აღმოვჩნდი უკვე პრაღაში. 

  არა, ამ პოსტის მერე დავრწმუნდი რომ გამოუსწორებელი მეოცნებე ვარ. და რომანტიულიც. დიახ, დღეს ვაღიარებ პირველად. რაც არ უნდა ვამტკიცო რომ ასე არ არის,  ფაქტები საპირისპიროს ამბობს. Get used to it! 

   პ.ს იმდენი პოსტის იდეა მომივიდა ამ ფილმის ნახვის შემდეგ, არც კი ვიცი რომელი ერთი დავიმახსოვრო. თუ მუზების ნაკლებობას განიცდით, აუცილებლად უყურეთ :))

Friday, July 24, 2009

აჯაფსანდალი [პოტენციური ბედნიერი პოსტი]

  ვინაიდან ხშირად მეწერინება, მაგრამ პოსტი ძალიან პატარა გამოდის, არ ვწერ, ვაგროვებ და მერე აჯაფსანდალს ვაკეთებ ხოლმე.

Here it is - კიდევ ერთი აჯაფსანდალი.

  დღეს სტომატოლოგთან მივდიოდი. მეზობელ ქუჩაზე რომ ავუხვიე, ერთ-ერთი სახლის კარებთან პატარა გოგონა იდგა, ასე 4-5 წლის. ძალიან სასაცილო გარეგნობის იყო, თან რაღაცას ჭამდა და მიყურებდა. მეც შევხედე და უცებ მეუბნება - ’ რა ლამაზი ხაარ!’ არ მოველოდი და დავიბენი, მერე გამეღიმა და შენც ლამაზი ხარ-თქო ვუთხარი. რომ გავცდი, თავიდან ფეხამდე სასიამოვნო ტალღები მივლიდა, უცებ მზე ამოვიდა და ყველაფერი ამელის ფერებში შეიღება. რა იცის იმ სასაცილო გოგონამ, როგორი გავლენა მოახდინა ჩემზე თავის ბავშვური სიტყვებით :))

[კსტაწი, რომელ მარშუტკასაც გავყევი, იმითვე დავბრუნდი, მძღოლმაც აშკარად მიცნო :D]

  სახლში რომ მოვედი, სასიამოვნო სუნმა ცხვირი ამიწვა. სამზარეულომდე მივყევი და - დედა მაჭკატებს აცხობდა! დიახ, ჩვეულებრივ ბლინებს [კარლსონის და საერთოდ ლინდგრენის ზეგავლენით] მე მაჭკატები დავარქვი, ასე უფრო გემრიელია. თან წარმოვიდგენ სახურავზე რომ ვზივარ [მეზობელს ისეთი ლამაზი წითელი სახურავი აქვს, სიამოვნებით ავძვრებოდი], კაკაოს ვსვამ და მაჭკატებს ვაყოლებ.. 

  ისე, ამ მაჭკატების გამო დღეს ერთი უბედურება კი შემემთხვა - პოსტის წერა რომ დავიწყე, დასაწყისში ციტატას ვაკეთებდი ’არაჟან მოსხმულ მაჭკატის ნაცვლად, ანა-ანულის კვერცხი არ ასცდა’, მაგრამ რომ დავაჭირე ციტირებას, რაღაც მკითხა და მე ok-ს დავაჭირე და ის ადგილი გაქრა - ფოტოები, ვიდეოები და ლინკები რომ არის. ამიტომ ეხლა გულდამძიმებული ვწერ ინტერნეტ ექსპლორერში, ოპერას დავემშვიდობე. ასევე დღეს გაფუჭდა მაუსიც, ერთხელ რომ ვაწკაპუნებ, თვითონ გონია რომ ორჯერ უნდა დაწკაპუნდეს და ყველაფერი ინიშნება, ყველაფერში შედის და ა.შ არადა როგორ მინდოდა პოსტი თავიდან ბოლომდე ბედნიერი ყოფილიყო..

 წინა აჯაფსანდალში მინდოდა დამეწერა და დამავიწყდა - მე და ჩემი ძმა მორიგ ფეხბურთს ვთამაშობდით, მინდოდა მეთქვა მე და შენ ნამდვილი ხავი და ინიესტა ვართ-თქო. პირი გავაღე და დავიწყე: ’მე და შენ..’ უცებ ბურთის დარტყმის ხმა გავიგე და ბრახ! სახეში რაღაც ძლიერად მომხვდა. ისე გავცეცხლდი, ვერც ვეჩხუბე და დედასთან შევვარდი ოთახში, ბურთი მომარტყა-თქო :D

  სანამ მესამედ წამეშალა ეს ყველაფერი გაფუჭებული მაუსის გამო, დავასრულებ და ფაბლიშს დავაჭერ დროზე :))
  
  

Wednesday, July 22, 2009

La Vita è Bella

  ქაზიმ ქოიუნჯუ - ლაზი მომღერალი. პირველად მისი სიმღერა ჰანნასთან მოვისმინე. მახსოვს როგორ იმოქმედა მისმა ხმამ, თვითონ სიმღერამ. მერე გავიგე რომ უკვე ცოცხალი აღარ იყო. ვათვალიერებდი ფოტოებს და გული მეკუმშებოდა, სიკვდილის შემდეგ გავიცანი, საოცრად კეთილი და მშვიდი სახე აქვს, პირველივე დანახვაზე მომხიბლა და თავი საშინლად ვიგრძენი რომ ცოცხალი აღარ იყო.

  

 

   დღეს ძველი სიუჟეტი იყო მასზე. აჩვენეს მისი მშობლიური სოფელი, მწვანეში ჩაფლული ლაზეთი, სადაც ყველაზე მეტად უყვარდა ყოფნა. 33 წლის გარდაიცვალა. დიაგნოზი - ფილტვის კიბო, ასეთი იშვიათი ამ ასაკში. ბოლო პერიოდში მოხუცს გავდა, კონცერტზე იყო მაინც და მღეროდა. 

  შემდეგ უკვე აჭარის ტელევიზიაზე გადავრთე და რობერტო ბენინის ცხოვრება მშვენიერია  გადიოდა. ვუყურე, მიუხედავად იმისა რომ, ვიცოდი გამიჭირდებოდა. ფილმი პირველად რომ ვნახე პატარა ვიყავი, მასე შემდეგ ყოველთვის ვერიდებოდი რომ კიდევ მენახა. 

  იქნებ ეს ცხოვრება მართლაც თამაშია, დიდი თამაში და ბოლოს პრიზად ყველას გველოდება ტანკი - სიკვდილის სახით. ზოგს ათასობით ხალხი გააცილებს და გულწრფელად დაიტირებს, ზოგის გარდაცვალებას კი ვერავინ შეამჩნევს. 

  ცხოვრება კი მშვენიერია, ალბათ. სანამ ტანკი მოვიდოდეს, ვისიამოვნოთ.

 მერე კი - ’..ბოლოს შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.’ 

Monday, July 20, 2009

Hello, Tomorrow..

  დღეს როგორც იქნა დიდი ხნის ოცნება ავიხდინე და ეპილატორი ვიყიდე. თუმცა, ამის სათქმელად არ შემოვსულვარ აქ. მე და ჩემი მეგობარი რომ ვბრუნდებოდით, მეტროში ვიჯექი და 1000 რაღაცაზე ვფიქრობდი, ისე რომ საერთოდ გამოვეთიშე გარემოს.  ვგეგმავდი ბლოგზე რა დამეწერა, საერთოდ როცა წინასწარ ვფიქრობ ახალ პოსტზე, არასდროს არ გამომდის და არც ვწერ ხოლმე. ახალი თემა ყოველთვის სპონტანურად მოდის თავში. თუმცა დღეს წინასწარ, მეტროში მოვიფიქრე ახალი თემა და გონებაში იქვე მონახაზიც გავაკეთე.

  ალბათ მთელი დღე სახლში რომ ვზივარ და ფიქრის მეტს არაფერს ვაკეთებ ამის ბრალია - მოგონებების პერიოდი მაქვს. ჩემს ბოლო პოსტებსაც ეტყობა - ხან ძველი ფილმები გავიხსენე, ხან ბავშვობა. თითქოს უკვე დავბერდი და გადავწყვიტე ჩემს განვლილ ცხოვრებას გადავავლო თვალი. იმედი მაქვს რომ ეს მხოლოდ იმის გამოა, დასაქმებული რომ არ ვარ.  სევდის მომგვრელია ძველი მოგონებები, ძალიან. როგორც ჩანს მხოლოდ მე არ ვარ ასე. დღეს ქეითის ბლოგზე შევედი და რაც მე მაწუხებს ეს დღეებია, ზუსტად ამ თემაზე ქონდა პოსტი. ცოტა შემაშინა კიდეც  ასეთმა დამთხვევამ.  

  რატომ მივტირი მაინც ბავშვობის წლებს, ალბათ იმიტომ რომ ისეთი უზრუნველი აღარ ვიქნები არასდროს. და იმტომ რომ ისეთი ბედნიერი აღარ ვარ. ხომ ამბობენ რაღაცა რომ გაქვს უნდა დააფასო, თორემ მალე აღარ გექნებაო. ჩემთან ყოველთვის პირიქით არის - როცა დავაფასე, იმის შემდეგ წამერთვა. საერთოდ არ მიყვარს ასეთი აბსტრაქტული პოსტები -ჩემს გარდა ვერავინ რომ ვერ მიხვდება რაზეა საუბარი, მაგრამ ჯობია ეს ’დაფასებული რაღაცეები’ დარჩეს ისევ აბსტრაქტულად.

  სამაგიეროდ დღეს ხომ გავხალისდი ეპილატორით, რომ მოვედი ჩემი ოთახი დავალაგე სიხარულისგან :D

  This is the life - ყოველთვის კარგ განწყობაზე ვერ იქნები.  მიხარია რომ არ ვიცი ხვალ რა იქნება, იქნებ სწორედ ხვალინდელი დღეა განსაკუთრებული, რომელიც რაღაცას შეცვლის ჩემს გარშემო, ან ჩემში. ან თუნდაც - თქვენში.  

: )

Saturday, July 18, 2009

კიდევ ერთი ნოსტალგია

   გაზაფხული რომ მოდის, როგორც კი გარემო გამწვანდება, ეგრევე სოფლის მონატრება მეწყება. ბუნება მეძახის თითქოს, დაუძლეველი სურვილი მაქვს ქალაქგარეთ გასვლის. განსაკუთრებით რა თქმა უნდა ჩემს სოფელში მინდა  წასვლა. პატარა რომ ვიყავი, უფრო მძაფრად მქონდა გამოხატული ეს შეგრძნება, ეხლა უფრო ძველი დროიდან გამოყოლილი მოგონებებია. ასე მგონია რომ სოფელი [ვისაც აქვს] ყველას უყვარს. სხვა თუ არაფერი, ბავშვობასთან ყველაზე მეტად ასოცირდება. ყოველ ზაფხულს, არდადეგებზე, ალბათ უმეტესობა მივდიოდით სოფელში, სადაც ძველი სახლი და ბებია გველოდებოდა. ბებიის მხრივ მე გამონაკლისი ვიყავი, ვინაიდან აქედანვე ერთად მივდიოდით და მერე ისვე ერთად ვბრუნდებოდით ქალაქში. 

  მენატრება - ტყე, რომელიც უნდა გაიარო გზად; ოღროჩოღრო გზა, ბოლო რომ არ უჩანს და ერთი სული გაქვს როდის დამთავრდება. როგორც იქნა გამოჩნდება - პატარა, გორაკებს შორის დაკარგული სოფელი, კრამიტის სახურავიანი სახლებით, გამომშრალი ვიწრო შუკებით. სახლი, სადაც შესვლისას დახუთული, სპეციფიური სუნი დგას. სუფთა ჰაერი, რომელსაც ღრმად და ხშირად სუნთქავ, მტვრიანი ფილტვები რომ მალე გაწმინდო. ხედი აივნიდან - მთები, ტყეები და აქა-იქ პატარა სოფლები. ბაღი - სადაც მუდამ ფუტკრები დაფრინავენ და როგორც კი გახვალ, მათი ზუზუნი ჩაგესმის ყურებში. 

   მთავარი - ფიჭვები. გზად წყალს ავავსებთ, და ავალთ. სიჩუმე, რაღაცნაირი, სამარესავით. ფიჭვების სუნი. თვალებს დავხუჭავ და ვუსმენ  ხეების შრიალს, ხანდახან ქარი რომ დაქროლავს და მაშინ ისმის. აქ სულ სხვანაირი ხმა აქვს, უცნაური.

  ხო, კიდევ გორა, სადაც უნდა ჩახვიდე [და არა ახვიდე, როგორც საერთოდ გორებზე ხდება]. იქ ძალიან უსიამოვნო სუნის ყვავილია -ფარსმანდუკი. მაგრამ მაინც ვკრეფდით ხოლმე. 

  საღამოს აუცილებელი რიტუალი - ცხვრების და ძროხების მოსვლას უნდა ვუყურო აივნიდან. ძალიან მიყვარდა ეს პროცესი :))

   და ღამე - აივანზე შუქი ანთია. უამრავი, სხვადასხვა ფორმის და ჯიშის პეპლები, ყველაფერში  ცვივიან და სახეზე გეჯახებიან. ჭოტი, რომელიც ყოველ ღამე კივის სადღაც. ხანდახან ნიავს მეზობელი სახლებიდან ხმები მოაქვს -  ჭურჭლის, ადამიანების, ალბათ ისინიც ვახშმობენ - ჩაი  ყველით, კარაქით და პურით. 

  ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. სულ მიკვირდა ამდენი ვარსკვლავი როგორ ეტეოდა ცაზე, ან თბილისიდან რატომ არ ჩანდა ასე ბევრი. ყოველ ღამე ერთი მაინც ჩამოვარდებოდა ხოლმე, მაგრამ სურვილის ჩაფიქრებას ვერასდროს ვასწრებდი.

   მერე დილა - თვალს გაახელ, უცებ აზრზე ვერ მოხვალ, ისევ თბილისში გგონია თავი. ნელ-ნელა შეაჩვევ თვალს ოთახს. აივანზე ბებია ფუსფუსებს და ჭურჭელს აჩხარუნებს. რამე გემრიელს ამზადებს - ადგომის დროა  :))

  ეს ყველაფერი იყო ბავშვობაში, მერე ნელ-ნელა ყველაფერი შეიცვალა. გული მწყდება რომ ეხლა ვეღარ აღვიქვამ ასე ძლიერად.

  ესეც ფოტო, მობილურით გადაღებული და ცუდი ხარისხის. და მაინც -  

   

 

Friday, July 17, 2009

Old Love

 რამდენიმე წლის წინ  ნეტში რაღაცას ვეძებდი და სრულიად შემთხვევით თვალი მოვკარი ვიღაც ძააალიან სიმპატიური ბიჭის ფოტოს [:D]. სასწრაფოდ შევედი საიტზე, ეს სიმპატიური ბიჭი აღმოჩნდა ბრაზილიელი მოდელი, René Castrucci. 

   მეორე დღეს მობილურში გადავიტანე ფოტოები და ჰანნას ვაჩვენე, ნახე რა ლამაზია-თქო და რომ დაინახა - ’აუ, ნატ, მიყვააარს!’  :D 

 ერთი ნახვით შუყვარდა :D 

  [იმას აღარ მოვყვები რომ მიისაკუთრა და მიყვარსო გაიძახდა, მე აღარ ვახსოვდი :D]

   დღეს რამ გამახსენა არ ვიცი, ალბათ ზაფხულის და სიცხის ბრალია :D    კიდევ ერთხელ ხანგრძლივი ძებნის შემდეგ [ძალიან მწირი ინფორმაცია არის ნეტში]  ფოტოები შევაგროვე და თქვენც გაგიზიარებთ:

  

 

 

 

 

 

 

 

  მგონი ერთადერთი კაცია რომლითაც მოვინუსხე, მართლა ძალიან ლამაზია :უსერ:

Wednesday, July 15, 2009

აჯაფსანდალი

 

  სულ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე რომ ეს მთვლელი მხოლოდ იმიტომ არ არის რომ შეხედო და გაიგო იმ მომენტში რამდენი ადამიანია ბლოგზე, თურმე ზედ დაკლიკებაც შეიძლება :D  მეც დავაკლიკე და მას შემდეგ იქ ვარ :D მიყვარს სტატისტიკა, ამ ამბავში ამელის ვგავარ ისეთი უცნაურობები მაინტერესებს ხანდახან :))  ყველა ბლოგზე პირველად მანდ შევდივარ და ვათვალიერებ რუკას და იუზერების რაოდენობას :D არადა რამდენი ხანია მაქვს უკვე და უმოქმედოდ იყო.

  ხო, კიდევ  თიმფლეითის გამოცვლაზე ვფიქრობ კაი ხანია, ჯერ არ მინდა ოღონდ, მაგრამ მინდა შერჩეული მქონდეს წინასწარ. ბევრი ვნახე მაგრამ არაფერი მომწონს, იდეალურს ვეძებ რომელიც ბუნებაში არ არსებობს :))

  გუშინ დილით ნადალის ოფიციალურ საიტზე ვნახე რომ წინა დღეს გამოკვლევებზე იყო და ინფორმაციას საღამოს მოგაწვდითო. მთელი დღე ყოველ ნახევარ საათში შევდიოდი, არადა გარკვევით ეწერა რომ გვიან საღამოს იქნებოდა აფდეითი. მივხვდი რომ ვნერვიულობდი, როგორც ნაცნობზე - ძმაზე, მეგობარზე ან ბიძაშვილზე ინერვიულებ, საავადმყოფოში რომ არის და ელოდები, მთელი დღე ურეკავ და ახალი არაფერი არ არის. ღამით მართლაც დაიდო ნიუსი - მდგომარეობა გაუმჯობესდა და ორშაბათიდან ვარჯიშს დაიწყებსო.  უცებ ძალიან დიდი სიხარული ვიგრძენი, არ ვიცოდი ვისთვის მეთქვა და ჩემთვის მიხაროდა..

 უსაქმურობისგან ესპანურში ვმეცადინეობ, უფრო სწორად  ჯერ ვთარგმნი ინგლისურიდან. შევამჩნიე რომ ისეთი უვიცი აღარ ვარ, ანუ დამოუკიდებლადაც შეიძლება რაღაც-რაღაცეების სწავლა თურმე : )

 გამოცდის შემდეგ არავის გავხსენებივარ და ნაწყენი ვარ ყველაზე. ერთის გარდა, რომელმაც მინახულა კიდეც : )

  [ვფიქრობ მშვენიერი აჯაფსანდალი გამოვიდა, ბევრი ინგრედიენტით : )]

Tuesday, July 14, 2009

ნოსტალგია: ნაწილი II

  გუშინ ფილმების ძიებაში ისეთი ფილმი ვიპოვე რომ თვალებს არ დავუჯერე! რამდენი ხანია ვეძებ, ზუსტად ამ დღეებში დედას ვეუბნებოდი, ძალიან მიყვარს და ნეტში ვერსად ვიპოვე, ერთადერთი ტვ-ში თუ ვნახავ-თქო, იქაც იშვიათად აჩვენებენ. საუბარია იდეალურ ქმარზე.  ამ პერიოდზე გადაღებულ ფილმებს ვაღმერთებ! ეს კი განსაკუთრებულად მიყვარს, რუპერტ ევერეტის გმირი - love it!  კეიტ ბლანშეტს რაღაცნაირი არისტოკრატული გარეგნობა აქვს, მე თუ მკითხავთ სულ ასეთი როლები უნდა ქონდეს [პრინციპში, აქვს კიდევაც :D].

   შემდეგ უკვე ვაპირებ ვნახო ფილმი რომელიც კუდამ მირჩია - You've Got Mail

  ასევე ფილმები, რომლებიც საერთოდ არ მინახავს: 

  faukclub-ის მიერ მოწოდებული - ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე და სოფის  - დუპლექსი.

  პ.ს დრო კი ნამდვილად მექნება - როგორც გავიგე, ჩემი ძმა 3 დღით მიდის ჯგუფელებთან ერთად :ჯამპ: 

Monday, July 13, 2009

ნოსტალგია ანუ მოგონებანი გარდასულ დღეთა..

  გუშინ 2 ფილმი გადმოვწერე - Fools Rush In  და  Serendipity;  ორივე ინგლისურად. ვიფიქრე ძველ დროს გავიხსენებ და თან ინგლისურსაც ყურს მივაჩვევ-თქო. ფილმების ნახვის შემდეგ გამიჩნდა შეგრძნება რომ, ახლა ასეთ ფილმებს აღარ იღებენ. ყველაფერი ვითარდება და მათ შორის კინემატოგრაფიაც რა თქმა უნდა, თანამედროვე ფილმებში თითქოს იგივე ქაოსია, რასაც მე ასე გავურბივარ. თუნდაც 5 წლის წინ გადაღებულ ფილმებს კი სხვა ელფერი და გემო აქვს.

   Serendipity-ს რომ ვუყურებდი, ყველაფერი ძალიან მშვიდად და ლამაზად ვითარდება, თან როდესაც ფილმში შობა ფიგურირებს, ჯადოსნური და ზღაპრული განწყობა მექმნება ხოლმე : )  ბოლო ეპიზოდზე კი ვაღიარებ - გული სასიამოვნოდ ამიჩქროლდა. [რომანტიული არ ვარ, ემოციურად ლაბილური ვარ უბრალოდ :D]

  

   Fools Rush In -ს რაც შეეხება, უცებ მომენატრა რატომღაც და გადავწყვიტე მენახა, აქამდე არ ვიცოდი ეს ფილმი თუ მიყვარდა : )

  

 

 დღეს კიდევ მინდა შევარჩიო რამე კინოს არქივებიდან, ზაფხულის ცხელი დღეების ადვილად გადასატანად.

  p.s  თუ გინდათ, მირჩიეთ რამე :))

Saturday, July 11, 2009

Like Beckham

  ამ ბოლო დროს სპორტული ცხოვრებისკენ მაქვს მიდრეკილება [მხოლოდ და მხოლოდ მიდრეკილება, არ ვცხოვრობ], მომწონს ჯანმრთელი სხეული, როცა ყველა კუნთი ტონუსშია. ვცდილობ ვივარჯიშო, მაგრამ რეგულარულად ვერ ვახერხებ. თუმცა, სხვა მეთოდებსაც მივმართავ :D

  მოკლედ, ჩემი დეიდაშვილის შვილი ჩვენთან ხშირად სტუმრობს, 2 წლისაა და რეზინის ბურთი ვუყიდეთ, რომლითაც ჩვენთან ერთობა. თუმცა თვითონ შეხება სულ 1-2-ჯერ ქონდა, აი მე და ჩემი ძმა კი აქტიურად ვთამაშობთ ფეხბურთს, თანაც - ოთახში!! ხან მე ვარ მეკარე და ის ურტყამს, ხან - პირიქით. რა თქმა უნდა მჯობნის, მე კიდევ ვცდილობ არ ჩამოვრჩე და კენწვლაში ვვარჯიშობ, მაგრამ ჩემი მაქსიმუმი 5-ჯერ აკენწვლა იყო მხოლოდ, ისიც ერთხელ. ისე ძირითადად 2-ჯერ ვკენწლი :D ხომ წარმოგიდგენიათ დედას რა დაემართა პირველად რომ დაგვინახა 21 წლის გოგო და 20 წლის ბიჭი ოთახში რეზინის ბურთით ფეხბურთს რომ ვთამაშობდით :D მერე ნელ-ნელა შეეგუა და ახლა რეაქცია აღარ აქვს :D 

  ბავშობაში კი ვთამაშობდი ხოლმე ფეხბურთს ქუჩაში, თან კაბით :D მაგრამ დიდი ხანია უკვე თამაშის სურვილი არ გამჩენია და ეხლა ძველმა ვნებებმა იჩინა ისევ თავი :D

  ისე შევედი ეშხში რომ, გუშინ ფილმი გადმოვწერე -  Bend It Like Beckham  :D მართალია უკვე ნანახი მაქვს, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ ვუყურე :)) 

  

 

Thursday, July 9, 2009

Done!

   დიახ, დღეიდან უკვე VI კურსელი ვარ  :)  ამ სიცილ-სიცილში კი გავიზარდე მართლაც. I კურსზე ჩემთვის VI კურსელი ძალიან დიდ ადამიანად აღიქმეოდა, ყოველთვის რაღაც პატივისცემის გრძნობა მქონდა უფროს კურსელების მიმართ, ყველა ჩემზე ბევრად ჭკვიანი და სერიოზული მეგონა. დღეს კი უკვე მე ვარ ’ჭკვიანი და პატივსაცემი’. შეიძლება მეც სერიოზული ვარ ჩემზე უმცროსების თვალში, თუმცა არ ვიცი, მგონია რომ მე ისევ მე ვარ :D

  ერთი უცნაური შეგრძნება კი მუდმივად თან მსდევს.  სკოლაში, I კლასში, როცა ჯერ შეუჩვეველი ვიყავით დატვირთვას, ჩვენი დამრიგებელი გაკვეთილების დროს, 10-15 წუთით გვასვენებდა. ჩვენ მერხზე ხელებს ვაწყობდით, ზედ თავს ვდებდით და თვალებს ვხუჭავდით.   და ახლაც კი, ამდენი წლის მერე, ყოველთვის მგონია რომ თვალებს გავახელ და ისევ 1 კლასში ვიქნები, ჩემი განვლილი ცხოვრება კი იმ 10 წუთის უბრალო წარმოსახვა იქნება. 

   ასე მგონია ყველა ადამიანს ენატრება ბავშვობა. რაც გასაკვირი არც არის - ყველაზე ბედნიერი პერიოდია ჩვენს ცხოვრებაში. რამდენიმე დღის წინ ჩემი ძველი ფოტოალბომი ვიპოვე, ჯერ ის მომენტი რომ ქაღალდის სურათებს ვათვალიერებდი და კომპში არ ვნახულობდი, უკვე ღრმა ბავშობაში მაბრუნებდა :D და მერე თვითონ ფოტოები - რა სასაცილო ვარ! მაგრამ ნოსტალგია მაქვს თურმე, I miss myself as a child : ) 

   ყველას აქვს ხასიათში  ბავშვური ელემენტები, რისი აღმოჩენაც მე ძალიან მიყვარს და ყოველთვის ვეძებ. ხშირად ვაკვირდები ხოლმე, თუმცა საკმაოდ ძნელია შტრიხების დაჭერა, უმეტესობა ხომ საგულდადულოდ მალავს იმ თვისებას, რაც ყველაზე ნაკლებად არის დასამალი : ) ასე რომ ძალიან იშვიათად ვპოულობ, მაგრამ თუ ვიპოვე, მერე იმ ადამიანს ძალიან ვაფასებ :))

  so, დღეიდან თავისუფალი ვარ, no more medicine. [ნუ, ცოტახნით მაინც :D]

Tuesday, July 7, 2009

დიაგნოზი - კიბო

   ხშირად აღვნიშნავ და ხაზს ვუსვამ რომ მედიცინა ძალიან მიყვარს  და ერთადერთი სფეროა, სადაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ეს არის ის, რაც მე მინდა. ოპერაციებზე დასწრება - ჩემი ნარკოტიკია, ენით აღუწერელ სიამოვნებას ვიღებ, და საერთოდ, საავადმყოფოში თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ.

   მაგრამ ალბათ არსებობს რაღაც ზღვარი, რომელიც ყველგან და ყველაფერში დევს. ზეგ ქირურგიაში მაქვს გამოცდა, ამიტომ ეს დღეები ინტენსიურად ვკითხულობ ტესტებს - სხვადასხვა საგანში. 

    მთელი დღე საოცრად დაძაბული ვარ, საღამოს უკვე  ვეღარ ვუძლებდი, ოღონდ რას, ვერ ვხვდებოდი. ყველაფერი მაღიზიანებდა, აი ყვე-ლა-ფე-რი!! კომპიუტერის დანახვაზე - გულისრევის შეგრძნება მაქვს [ვინაიდან აქ მაქვს ყველა ტესტი], ადამიანების უმცირესი ხმაურიც კი მაღიზიანებს.

  ძალიან დეპრესიული პოსტი რომ არ გამომივიდეს, ეხლა მივხვდი - საკმარისია! საკმარისია ამდენი დაავადება, ასეთი დიდი დოზით, ასეთ მოკლე დროში. დილიდან ვკითხულობ ვიღაც 60 წლის მამაკაცზე ან 65 წლის ქალზე, რომელსაც სისხლიანი განავალი აქვს, ან ლორწოიანი გამონადენი რექტუმიდან. დიაგნოზი - კიბო.

   მეგონა ასეთი რაღაცეები აღარ მოქმედებდა ჩემზე, მაგრამ  მოქმედებს. არც მე ვარ რკინის ადამიანი, და მთელი დღე სიმსივნეები, ტრავმები და პერიტონიტები არც თუ ისე მხიარულ განწყობაზე მაყენებს. 

  მოკლედ, enough! ვორდის ყველა ფაილი დავხურე.  ჯერ so you think you can dance-ის კონცერტებს გადავავლე თვალი, მერე ბევრი ვარჩიე რისთვის მომესმინა და საბოლოოდ Coldplay-ზე შევჩერდი, ეხლა ვუსმენ და საკუთარი თავით კმაყოფილი ვიღიმები : )

  პ.ს შეიძლება ნეტი გამეთიშოს, როდის არ ვიცი, მაგრამ იმედია მალე დავბრუნდები : )

Sunday, July 5, 2009

Vamos Rafa..

დღეს უიმბლდონის ფინალი იყო. როჯერ ფედერერმა მოიგო და ამ დღეებში N1 ჩოგნობასაც დაიბრუნებს, რომელიც თითქმის 1 წლის განმავლობაში რაფაელ ნადალმა ჩამოართვა. როგორც ერთ-ერთ წინა პოსტში ვახსენე, ნადალი წელს ამ ტურნირზე არ თამაშობდა ტრავმის გამო. და რა თქმა უნდა, უფრო მეტად სამწუხაროა რომ შენს ტიტულს ვერ იცავ და შორიდან უყურებ, იმ იმედით რომ ფედერერი წააგებს და პირველობას შეინარჩუნებ.

თუმცა, ასეც არ ყოფილა საქმე და რაფამ კიდევ ერთხელ გამაოცა, რის გამოც დღეს ფედერერის გამარჯვებას მშვიდად შევხვდი, გამიხარდა კიდეც, ვინაიდან როჯერი ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელია.

მოკლედ, რამდენიმე დღის წინ ნადალზე სტატია წავიკითხე, სადაც ის ამბობს ’მე უკვე ვიყავი N1, სულ ეს არის. ახლა უკვე პრიორიტეტები იცვლება’. სტატიით თავი რომ არ შეგაწყინოთ მოკლედ გეტყვით - ის არ ითამაშებს იმდენ ტურნირზე რამდენზეც თამაშობდა აქამდე. მიზანი მიღწეულია - ის იყო ნომერ პირველი ჩოგანი [და ვიმედოვნებ რომ კიდევ იქნება]. რაფას დიდად არ აწუხებს N1 იქნება თუ N4. პირიქით, ის ყოველთვის აღნიშნავს რომ ფედერერი მსოფლიოში საუკეთესო და N1 ჩოგბურთელია. მისთვის მთავარია რომ ითამაშოს ჩოგბურთი. და ასეცაა - მთავარია აკეთო ის, რაც გიყვარს. რაღაც იარლიყები არ არის საჭირო.

აქვე მინდა გითხრათ, რომ რაფაც ჩემს ერთ-ერთ საინტერესო ადამიანს წარმოადგენს და აქტიურად ვაკვირდები [გაგიკვირდებათ ალბათ, სპორტსმენში რა უნდა ნახო საინტერესოო მაგრამ..]. ბევრი ვიდეო მაქვს ნანახი და ბევრი სტატია წაკითხული.

მგონი, თვითონაც ვერ ხვდება რამდენად პოპულარულია. ცხოვრობს დედ-მამასთან და ბაბუასთან ერთად, მალიორკაზე, პატარა ქალაქ მანაკორში. არდადეგების დროს დადის სათევზაოდ, ხვდება ბავშვობის მეგობრებს. კორტზე რამდენადაც მრისხანეა მოწინააღმდეგისთვის, იმდენად კეთილია ცხოვრებაში. პრესკონფერენციებზე ხშირად დასცინიან ესპანური აქცენტის გამო, ისიც მხოლოდ იღიმება. წელს ფედერერს მოუგო Australian Open-ზე, რის გამოც როჯერმა იტირა. რაფა დარცხვენილი იდგა და ინტერვიუზე თქვა - 'Sorry Roger for today'.

წინა პოსტში როგორც ვთქვი თავისუფალ ადამიანზე, დაახლოებით ასეთ ადამიანს ვხედავ ნადალში - ის იგივეა, რაც იყო 10 წლის წინ, და ცხოვრობს თავის ცხოვრებით, პოპულარობას არ სწირავს რაღაცეებს. უგემოვნოა საზოგადოებისთვის, მაგრამ მას აცვია ის, რაც მოწონს. არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვის ხალხი. მას მოწონს ვარდისფერი - და ეცვა კიდეც ’როლან გაროსზე’, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

სხვათა შორის, რაფას ბლოგიც აქვს, სადაც ტურნირებზე წერს ხოლმე [რამდენად თვითონ წერს არ ვიცი, მაგრამ რაღაც მონაწილეობას იღებს ალბათ : ) ]

მისი ერთგვარი დევიზია - Vamos Rafa, რაც ქართულად ნიშნავს - ’მიდი რაფა’. იმედი მაქვს რომ მალე გამოჯანმრთელდება და დაუბრუნდება კორტებს [სავარაუდოდ აგვისტოსთვის].

ასე რომ - Vamos Rafa! დაბრუნებამდე : )

პ.ს უფრო ნათლად მინდოდა მეთქვა, მაგრამ დროში ვარ შეზღუდული და მგონი ზუსტად ვერ მოგაწოდეთ ჩემი სათქმელი, ამიტომ მომავლისთვის მოვიტოვებ რაღაცეებს :)

Sunny, Funny, Witty

  დაახლოებით 1 საათია ვზივარ და Sophie Golden-ის ბლოგს ვკითხულობ. სულ თავიდან დავიწყე, და აი ეხლა გავედი ბოლოში. რა თქმა უნდა ამ მოკლე დროში ყველაფრის წაკითხვა ვერ მოვასწარი, მაგრამ ჩემი ცნობისმოყვარეობა დავიკმაყოფილე. მართალია, ჩემს პოსტებში ხშირად ვახსენებ სოფის და ეს ცოტა უცნაურადაც კი შეიძლება ჩანდეს. უსაზღვრო ინტერესი მაქვს მის მიმართ, ვიცი ასეთი ამოჩემება ადამიანის და მერე მისი ყველაფერი მაინტერესებს ხოლმე, მათ შორის ის ყბადაღებული ’დღის განრიგიც’ :D
   და რატომ მომინდა ცალკე პოსტი მიმეძღვნა - ყოველთვის მინდოდა [და ეხლაც მინდა] ვყოფილიყავი თავისუფალი, ისეთი როგორიც სოფია. როცა არ გზღუდავს თანამედროვე ეპოქა, და შენი მსოფლმხედველობა თუ შინაგანი სამყარო დინამიკურ წონასწორობაშია [ნუ, იგივე ჰომეოსტაზი : ))] გარემოსთან. მოკლედ - როცა ხარ ის, ვინც ხარ, ბუნებრივი,  უშუალო და შენს პიროვნებას არ აბინძურებს და რაც მთავარია არ ცვლის ეს ყოველდღიური რაღაცეები.
   მინდოდა ვყოფილიყავი ასეთი თავისუფალი, მაგრამ არ ვარ. უფრო სწორედ ვერ ვარ. ჩემზე ახდენს ეს დედააფეთქებული ყოველდღიურობა და 21-ე საუკუნე გავლენას, ეს ქაოსი რაც გარშემო ხდება და რა ვქნა! და ამას დაუმატეთ უამრავი კომპლექსი, რითაც ვარ დახუნძლული. თუმცა რა შედარებაა იმ ნატალიასთან, რაც მე ვიყავი ერთ დროს, მაგალითად თინეიჯერობის ასაკში, მას შემდეგ უზარმაზარი ნახტომი გავაკეთე, ეს მამშვიდებს და ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. 
   კიდევ სოფი მაძლევს სტიმულს და მისნაირი ადამიანები, რომლებიც ძალიან ცოტაა, მაგრამ მთავარია რომ არიან :)
  [ფილოსოფიური ელფერი დაკრავს ამ პოსტს, სოფის პოსტების გავლენაა : ) ] 
  სულ ეს იყო, ახლა უკვე გულდამშვიდებით მივაშურებ საწოლს :))

Thursday, July 2, 2009

მივემგზავრები მადრიდს

  რამდენიმე თვის წინ ნაირა გელაშვილის მოთხრობა წავიკითხე - ’მივემგზავრები მადრიდს’. სათაურიდანვე დამაინტერესა, და კითხვა რომ დავიწყე, მეგონა მთავარი პერსონაჟი მე ვიყავი. მთავარი გმირი ოცნებობდა ესპანეთზე და იქ წასვლაზე, მართალია საბოლოოდ ნაწარმოებმა სულ სხვა მიმართულება მიიღო, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩემი ოცნებები ვიპოვე მოთხრობაში.

   ესპანეთი  - ჩემი ოცნების ქვეყანა. ხომ არსებობს რაღაცეები, რაც განსაკუთრებულად გიყვარს ადამიანს, რომელთა ხსენებაზეც კი სიამოვნების ჟრუანტელი გივლის და გინდა ხშირად ახსენო, ასეთი ’რაღაცაა’ ჩემთვის ესპანეთი.

    ყველაფერი კი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფეხბურთით დაიწყო, უფრო კონკრეტულად კი - რაულით. ეს დიდი ხნის წინ იყო, როცა მე თინეიჯერობის ასაკში ტვ-ში თვალი მოვკარი რაულს და უიმედოდ შემიყვარდა :)) მერე გავიგე რომ ესპანელი იყო და გადავწყვიტე ესპანეთისთვის მეგულშემატკივრა მსოფლიო ჩემპიონატზე. შემდეგ უკვე ისე მოხდა რომ, ახლა რაულს უბრალოდ პატივს ვცემ, ესპანეთი კი მიყვარს - თავისი საფეხბურთო ნაკრებით, რაფაელ ნადალით, ესპანური ქალაქებით, ესპანური ენით და ყველაფერი ესპანურით. 

 ერთხელ მეგობართან ვიყავი, რომელსაც გარკვეული კავშირები აქვს ესპანეთთან და ნამყოფია რამდენჯერმე. ხოდა, ყავა დაგვალევინა, ესპანური წესით მოდუღებული. რომ არა ეს ’ესპანური’, ყავა ჩვეულებრივი იქნებოდა. მაგრამ ამ ჯადოსნურმა სიტყვამ ყველაფერი შეცვალა, ასეთი გემრიელი ყავა ცხოვრებაში არ დამილევია : ) 

  ხშირად წარმოვიდგენ, თუ როგორი იქნება ესპანეთი რეალურად, ჩემი თვალით დანახული [რა თქმა უნდა მინახავს ფოტოები, ფილმები, მაგრამ სულ სხვაა თუ როგორ აღვიქვამ ამ ყველაფერს მე, ჩემს ესპანეთს, როცა პირადად ვნახავ]. დაახლოებით როგორი წარმომიდგენია იცით? ’ამელი’-ში რომ არის ყვითელი, თბილი ფერები, თითქოს სულ მზე ანათებს. ასეთივე ფერებია ’ვიკი კრისტინა ბარსელონა’-შიც, ალბათ ამიტომ მიყვარს ასე ძალიან ეს ფილმი, ესპანეთთან ასოცირდება.

  ხოდა მეც ვოცნებობ. ვოცნებობ, როდის ჩავალ ესპანეთში, ჩავიცვამ შორტებს, ავიღებ ზურგჩანთას და დილიდან საღამომდე ვიხეტიალებ - რომელიმე ქალაქის ქუჩებში. დავტკბები თბილი ფერებით, იქაური სუნით  [რომელიც, სიმართლე რომ გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს როგორია :D], ფერადი სახლებით.. საღამოს კი, სადმე ღია კაფეში ფინჯან ყავას დავლევ და ხალხს დავაკვირდები.

 p.s   ესპანეთის ფოტოების ძიებაში ერთი საოცარი საიტი ვიპოვე, რომლის დევიზია ’დალაშქრე მსოფლიო სურათების საშუალებით’, სადაც უამრავი ფოტო დევს, მათ შორის, რა თქმა უნდა - ესპანეთისაც. მსურველებს შეუძლიათ იხილონ აქ

  p.p.s ეს ფოტო სპეციალურად ანუკ-ის პოსტის საპასუხოდ, ვარდისფერი კაბრიოლეტი,  გზაო და.. :)