მოგესალმებით მეგობრებო!
დღეს ამ ბლოგზე მოპატიჟებული ბლოგერი ვარ და ვეცდები რამე ხეირიანი დავწერო :) ჩემი პირადი ბლოგი კი შეგიძლიათ იხილოთ აქ: Sweet.ge
ბლოგინგი და ჭურჭლის რეცხვა ოდესმე თუ ერთმანეთთან დაკავშირებული იქნებოდა ჩემთვის ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
არადა ამ ბოლო დროს, როცა ახალი პოსტის დასაწერად იდეა არ მაქვს და უაზროდ ვიწყებ ნეტში სხვადასხვა სულელური საიტების თვალიერებას, ჩემი ერთადერთი მასულდგმულებელი თავშესაფარი სამზარეულოს ნიჟარაა.
მოვუშვებ ხოლმე გრილ წყალს, დახვავებულ თეფშებს მივადგები და სათითაოდ, აუჩქარებლად ვრეცხავ და ვრეცხავ...
ამ მომენტებში თავში იმდენი არაჩვეულებრივი აზრი და იდეა მებადება, ხანდახან რომ არ დამავიწყდეს სასწრაფოდ კომპიუტერს ვახტები ჩასაწერად.
სწორედ ასე საბლოგე იდეის მოსაზიდად დაწყებული ჭურჭლის რეცხვის დროს გავიაზრე, რომ ამ ბოლო დროს, სწორედ მას შემდეგ, რაც უამრავი პროექტი და სამუშაო მომეყარა, უცნაური გრძნობა მაქვს აკვიატებული.
თითქოს სულ რაღაც მაქვს გასაკეთებელი, რაღაც დასამთავრებელი, რაღაც მისახედი და ამის გამო ვერც ვერთობი, ვერც ვთამაშობ და ვერც ვისვენებ ხეირიანად.
არ ვიცი რა დავარქვა, ალბათ უფრო პასუხისმგებლობის გრძნობა ეწოდება.
მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა რომ ვერც ამ საქმეებს ვაკეთებ ისე, როგორც საჭიროა. რადგან ისინი ბევრია მე კიდე შეზღუდული დრო მაქვს და არ ვიცი რომელი ერთი გავაკეთო პირველი და რომელი შემდეგ. თითქოს პრიორიტეტტების განაწილებაც არ მიჭირდა არასდროს ახლა კი ალბათ მიჭირს. თორემ ასეთი დილემის წინაშე არ დავდგებოდი...
მაგალითად, ვერ ვწერ ბლოგზე, როდესაც სამსახურის საქმე მაქვს გასაკეთებელი, ან ვერ ვაკეთებ სამსახურის საქმეს, როდესაც თავში იდეალური ბლოგ-პოსტის იდეა მიტრიალებს.
ეს გრძნობა პირველად მაშინ გამიჩნდა, სკოლაში, პირველ კლასში საშინაო დავალება რომ მომცეს და მას შემდეგ დიდი ხანი არ მქონია რაც ინსტიტუტი დავამთავრე.
და ის აბსოლუტურად ფიზიკური შეგრძნებაა. ასე მგონია ტვინიდან სწორედ იმდენი რაღაც მაქვს გამოზრდილი და დიდი ძაფით მიბმული რამდენი საქმეც მაქვს გასაკეთებელი. ისინი დამყვებიან, თავს არასდროს მავიწყებენ და იქამდე მაწუხებენ სანამ საქმეს არ მოვიშორებ.
როგორც კი ეს ხდება, ძაფი წყდება და უზარმაზარი სიამოვნება მენიჭება. ალბათ ზუსტად იგივე შეგრძნებაა, რასაც To-Do ლისტში პწიჩკის დასმა იწვევს.
და ვის არ უყვარს To-DO ლისტები და პწიჩკები? :))
პასუხისმგებლობის შეგრძნება ყველა დედას უჩნდება, როდესაც პირველ ბავშვს აჩენს, ოღონდ ეს მთელი ცხოვრება დაჰყვებათ და ვერასდროს ვერ დასვამენ პწიჩკას ვერანაირ To-Do ლისტში.
(ალბათ იმიტომაც არ მინდა ჯერ შვილი მყავდეს, უზარმაზარი პასუხისმგებლობის ტვირთვა მომიწევს რისთვისაც ჯერ მზად არა ვარ.. ჩემი ძაფები და To-Do ლისტებიც ძალიან მებევრება ხანდახან...)
არ მესმის იმ ხალხის ვისაც ასეთი გრძნობა არასდროს ჰქონია და ალბათ ჩემი პირადი ”ადამიანების გადამრჩევი” ინსტიქტი არა კანის ფერით, არა რელიგიური მრწამსით, არა მატერიალური შესაძლებლობით, არამედ სწორედ ამგვარად არჩევს ადამიანებს.
შედეგად, ვერაფრით ვიჭერ საქმიან ურთიერთობებს (და ხანდახან ვერც მეგობრულს) ისეთ ხალხთან, ვისაც შეუძლია დაწყებული საქმე ბოლომდე არ მიიყვანოს...
უბრალოდ არ ვენდობი მათ და მორჩა.
P.S. მომნატრებია ბლოგსპოტზე წერა...
პირველ რიგში მადლობა სვითის :*
ReplyDeleteრაც შეეხება პასუხისმგებლობას. როცა რაღაც მაქვს გასაკეთებელი, იმდენად მაწევს გულზე რომ სხვა ვერაფერს ვაკეთებ. სვითის ვეთანხმები რომ საქმე ან ბოლომდე და კარგად უნდა გააკეთო, ან საერთოდ არ მოკიდო ხელი.