Thursday, December 31, 2009

2009 - ერთი შეხედვით

   მე მაინც ჯიუტად ვცდილობ რომ 2009 წლის ბოლო პოსტი დავწერო, თუნდაც გონების დაძაბვის ფასად დამიჯდეს.. შეიძლება არ მიყვარს ბანალური რაღაცეები, და არ მინდა რომ მიმოხილვითი პოსტი დავწერო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს სხვა რას წერს - მე მინდა, მომავალში რომ წავიკითხავ, ვიცოდე რას ვაკეთებდი 2009 წელს. 

 და ახლა, როცა სამზარეულოს ორომტრიალს გამოვექეცი, სიმყუდროვის ერთადერთი ელემენტი - ცხელი ყავა გვერდით მოვიდგი, ვცდილობ ყველაფერი გავიხსენო..

 მაინც რა მოხდა მნიშვნელოვანი ზემოთხსენებულ წელს ჩემს ცხოვრებაში?

  • გავხდი ბლოგერი
  • შემიყვარდა ჩოგბურთი

  სულ ეს იყო. თუ არ ჩავთვლით პიროვნულ ცვლილებებს და რაღაცეების შეცვლას საკუთარ თავში, რაც ყოველწლიურად ხდება და 2009 წლის მოვლენად არ შიძლება ჩაითვალოს.

  და აი, ფოტოებს რომ ვეძებდი პოსტისთვის, პირველივე ბარსელონა და რაფა შემომხვდა; უფრო სწორედ, რაფა ბარსელონაში.


  და მხოლოდ ბარსელონა[ც]

  ახალ წელს გილოცავთ. რაფას Grand Slam-ების მოგებას ვუსურვებ, ჩემს თავს ესპანეთს და რეზიდენტურას, თქვენ კი იმას, რაც გულით გსურთ..

 New Year is coming!


  see you in 2010 :)

Wednesday, December 30, 2009

She is Natalie

   მაშინ, როცა მთელი დღეა თავს ვიმტვრევ, თუ რა დავწერო, როგორ შევაჯამო ეს წელი, თავში სულ სხვა პოსტის იდეა მომდის.. 

 თავიდან წერა ასე დავიწყე - ერთ-ერთი იშვიათი ადამიანია, რომელსაც ცალკეული ნაკვთები ძალიან ლამაზი აქვს და ისინი მთლიანობაშიც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს..

  მაგრამ მერე მივხვდი, რომ არ მეხერხება ეს დახასიათებები და განხილვები, და ისევ ჩემებურად დავწერ - თუ როგორ მომწონს ნატალის ცალკეული დეტალები, როგორ საინტერესო პერსონაჟებს ქმნის ფოტოგადაღებისას და უბრალოდ, როგორ ლამაზია იგი..  რა თქმა უნდა, ამის დასამტკიცებლად ამ პოსტში იქნება ბევრი ფოტო..  [სურათებიან პოსტებზე ყოველთვის ზურიუსი მახსენდება : )].

 დატკბით მათი ხილვით : ) 




  შემდეგი 3 სურათი ისრაელშია გადაღებული [და ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფოტოებია..]










  და ბოლოს სიმღერა, რომელიც ყველაზე მეტად ’უხდება’ ნატალის, Closer -ის საუნდტრეკი..

  p.s პოსტი განსაკუთრებულად ეძღვნება ბაბისას : )

Monday, December 28, 2009

Bad Romance

   ბოლო დღეები არ ვფიქრობ დიდად, არც წერის სურვილი მაქვს.. უფრო სწორედ, წერის სურვილი მაქვს, მაგრამ რა დავწერო არ ვიცი. 

  გუშინ ბლოგერები მიწვეული იყვნენ ’რუსთაველში’ ფილმის სანახავად. მეც მომივიდა მოწვევა, მაგრამ ვერ წავედი. მაინც ბედნიერი ვარ; აი,  იმიტომ კი არა, რომ ბლოგერები დააფასეს და ა.შ  უბრალოდ ბედნიერი ვარ. 

  ახალი წელი მოდის, მე ყოველდღე ვგეგმავ ნაძვის ხის მორთვას, მეორე დღისათვის. ერთადერთი რაზეც  დიდ სიხარულს გამოვხატავ, რუსთავი 2-ზე სანტა კლაუსი რომ გაირბენს ხოლმე ქვევით ხანდახან, ის არის. ძალიან საყვარელია და დედა რომ ხედავს, ასე მიხარია, როცა დაინახავს ყოველთვის მეძახის. 

  დღეს უცებ ფეისბუქზე გაჩნდა სტატუსები, რომ ნატალი პორტმანი მოკვდა. არ ვიცი, თქვენ იცით თუ არა, რომ ნატალი ჩემი საყვარელი მსახიობია - ერთადერთი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს. მიზეზსაც გეტყვით - კარგი მსახიობი რომ არის, ლამაზი და ა.შ ამათ გარდა, რატომღაც ძალიან მაგონებს ჩემს დეიდას, გარეგნობითაც და ისედაც. შეიძლება თქვენც გქონიათ ასეთი შემთხვევა, უცნობ ადამიანში [მსახიობი, მომღერალი, etc.] ნაცნობ ადამიანს რომ ხედავთ. და უცებ, ვხედავ ასეთ ნიუსებს, რომ ის მოკვდა. თავი ცუდად ვიგრძენი. გადატანითი მნიშვნელობით კი არა - ფიზიკურად გავხდი ცუდად, მერე ნაცნობი ბურთი ყელში და..  გაოგნებული და სახეზე ხელებ აფარებული ცრემლებს რომ ვყლაპავდი, ახალი სტატუსები გაჩნდა - ტყუილი ყოფილა.  

 ახლა კი ვზივარ სტრესისგან დასუსტებული და ხელებაკანკალებული, მაისფეისზე ვუსმენ მუსიკას - მსუბუქს, ძალიან მსუბუქს.. ისეთი, როგორიცაა David Guetta, Lady Gaga, Black eyed peas და ვუყურებ ნატალის ლამაზ, ყავისფერ თვალებს.. She is  a l i v e.

 ვინაიდან ძირითადად ამ სიმღერის ფონზე დავწერე პოსტი, გაგიზიარებთ..

Friday, December 25, 2009

Nobody wants to be alone on Christmas

  ამ დღეებში ბლოგებზე ბევრი დაიწერა ფილმებზე, რომლებიც შობას ეხება.

 მაგრამ არავის გახსენებია ალბათ, ყველაზე სევდიანი საშობაო ფილმი - Noel  

  სიმართლე რომ გითხრათ, მეც აღარ მახსოვდა მის შესახებ და  გუშინ შემთხვევით წავაწყდი იმედზე.

  შობა, ადამიანები, სასწაულები და ურთიერთობები..

  მე მიყვარს კათოლიკური შობა. 7 იანვარი სუფთად რელიგიურია ჩემთვის და თავის დატვირთვა აქვს. 25 დეკემბერს კი ჯადოსნური და სასწაულის მომლოდინე განწყობით ვარ, თითქოს ჰაერში მბრწყინავი ნაწილაკები დაფრინავს და შორიდან ზანზალაკების ხმა ისმის..

  ასეთ დროს უფრო მძაფრად ვფიქრობ ადამიანებზე და ვხვდები, რომ არ მინდა მარტო ვიჯდე, თუნდაც ცხელი ყავის ჭიქით ხელში.. : )

Sunday, December 20, 2009

Natalia's wonderland

  გუშინ ტრანსპორტში  ბლოგზე ვფიქრობდი, მის დანიშნულებაზე ჩემთვის. მერე ფიქრი რომ მობეზრდა, ჩანთიდან წიგნი ამოვიღე და კითხვა დავიწყე.. და უცებ მივხვდი, რომ ქვეცნობიერად ყოველთვის მინდოდა მწერალი ვყოფილიყავი. 

   ბავშვობაში, ფიქრებში ვიგონებდი მთავარ პერსონაჟს [რომელიც აუცილებლად გოგო იყო], ვარქმევდი სახელს, და წარმოვიდგენდი თუ როგორი გარეგნობის უნდა ყოფილიყო, ყველა დეტალს - თმა, ტუჩები, თვალები.. და მერე მის ცხოვრებას ვქმნიდი, თუ როგორ განვითარდებოდა. მოქმედება თითქმის ყოველთვის წინა საუკუნეებში ხდებოდა, და აუცილებლად რომელიმე სხვა ქვეყანაში. მე ძალიან მიყვარს ძველი პერიოდის კაბები - გრძელი და განიერი, ათასი ზიზილ-პიპილებით..  ჩემი გამოგონილი ამბები თითქმის არასდროს მთავრდებოდა ბოლომდე, ვინაიდან რამდენიმე დღეში მბეზრდებოდა და უკვე ახალ პერსონაჟს ვქმნიდი. 

  ამ ბოლო დროს, ცოტა რომ გავიზარდე, პერსონაჟებს აღარ ვიგონებ. მხოლოდ ჩემს თავზე ვფიქრობ ხოლმე, უფრო სწორედ, ვოცნებობ. ძირითადად, ათასგვარ მომავალს წარმოვიდგენ, თუ როგორი მინდა მქონდეს. ან, აწმყოს, როგორი შეიძლებოდა/მინდოდა რომ მქონოდა. საერთოდ, ფანტაზია არ მღალატობს და შესაბამისად საოცნებო არ მელევა.. 

   ასე გამოდის, რომ ის ქვეცნობიერი ოცნება ბლოგზე ავისრულე. აქ ყველაფრის დაწერა შემიძლია, რაც მომესურვება.. ის, რაც მიგროვდება და რეალურ ცხოვრებაში ვერ ვამბობ, ვწერ პოსტებში.. 

  მე ასეთი მიყვარს ჩემი ბლოგი -  მწვანე და ემოციური, მზის თბილი სხივებით განათებული..

 

Wednesday, December 16, 2009

Inspired

  აი, როდესაც ფიქრობ რომ საერთოდ არ გინდა პოსტების წერა, და გგონია, რომ ალბათ კიდევ დიდხანს არაფერს დაწერ, უბრალოდ ჩართე მუსიკა და.. მაუსი თავისით წავა New Post-სკენ, და თითები თავისით დაიწყებს კლავიატურაზე სრიალს.

 მუსიკა ღვთიური ქმნილებაა, რომელიც gets you inspired [მინიშნება იმას, ვინც მიხვდება :)], სხვა თვალით დაგანახებს გარემოს. დაათვალიერეთ ფოტოები საყვარელი მუსიკის თანხლებით, და ნახავთ როგორი ეფექტი ექნება. იარეთ ნაცრისფერ ქუჩებში, მუსიკით ყურებში და იყავით ცოტა უფრო ბედნიერი, ვიდრე შავტანსაცმლიანი ხალხი გარშემო..

 მნიშვნელობა არ აქვს, რას უსმენ. მთავარია, შენმა მუსიკამ სამყარო ცოტა უფრო ფერადი გახადოს..  თავში სასიამოვნო ფიქრები აგიშალოს - ესპანეთზე, პენელოპე კრუსზე, ქვაფენილიან ქუჩებზე, შოკოლადზე და რაფა ნადალზე : )  პოსტები გაწერინოს - არეული და ქაოსური, ისევე როგორც შენი ფიქრები..

  კვირა დღე უნდა ვახსენო - არ შეიძლება რომ უყურადღებოდ დავტოვო. დილა ისე ცუდად დაიწყო - საზიზღარ განწყობაზე რომ ხარ და გარემოც პროვოცირებას უკეთებს შენს გაღიზიანებას. ინტერნეტიც გულს გირევს, მაგრამ მაინც არ ეშვები.. ბლოგზე შემოვედი და ეგრევე წინა პოსტზე კომენტარები ვნახე. ანნას კომენტარი იყო, რაფას ფოტოებს დავდებო, წერდა, შემდეგ უკვე - დავდეო. მთავარ გვერდზე გადავედი და აფეითებს შევხედე.. 

 

 თქვენ ალბათ ვერასდროს მიხვდებით, მე რა დამემართა ამის დანახვაზე.. საქმე რაფაში კი არ არის, არა. პოსტის სათაურშია, რომელმაც ამელის ეფექტი მოახდინა, ძალაუნებურად გამაღიმა და გარემო ნელ-ნელა გააფერადა. ასეთი დამთხვევები შემთხვევით არ ხდება :)

 უსმინეთ ტრევისს, დალიეთ ყავა და get isnpired! : )

 

Saturday, December 12, 2009

Stars are shining.. and smiling!

  ფოტოგრაფია მიყვარს, განსაკუთრებით - შავ-თეთრი ფოტოები. ზუსტად არ ვიცი რატომ, შეიძლება ამ დროს აქცენტი სურათზე გამოსახულ ადამიანზე გადაგაქვს, ან, თუ ადამიანი არ არის, ზოგადად აღიქვამ სურათს და ფერები არ გიშლის ხელს.. მოკლედ, მიყვარს, მიზეზების გარეშეც : )

  დღეს ერთ საიტზე, ცნობილი ადამიანების შავ-თეთრი პორტრეტები ვნახე და ძალიან მომეწონა.. რაღაცნაირები არიან, მგონია რომ არ თამაშობენ. ბუნებრივები ჩანან ამ ფოტოებზე, თან ყველა იღიმება [მეტ-ნაკლებად]..

 











 

 და ბოლოს, მე ვისი ღიმილი მიყვარს, თუ მიხვდებით?.. : )

Friday, December 11, 2009

Lifelines

  როცა ყველა ახალი წლისთვის ემზადება, ბლოგებზე თოვლი წამოვიდა და საახალწლო ჰედერები გამოჩნდა, ჩემთან ისევ ხასხასა მწვანე ფერი დომინირებს..  

 მე ისევ იმ პლეილისტს ვუსმენ, რასაც ამ ზაფხულს ვუსმენდი და მერე მივივიწყე. 

 ერთ-ერთი სიმღერა პოსტის ბოლოში იქნება. ჯერ არ ვიცი რომელი; რომ დავამთავრებ წერას, მერე გადავწყვეტ. 

 ჩემი ქრონიკული პროცესი გამწვავდა, იმავე პლეილისტის გამო..

  მთავარი დრო კი არ არის, მთავარია მიზანი - რომელიც ყოველთვის მიღწევადია. ოღონდ, ყველაფერი უნდა გააკეთო მისთვის. 

 ასეთ არაიდეურ პოსტს პირველად ვწერ მგონი, ან მეორედ.. შეიძლება, მესამედაც.

  just follow your lifelines : )

Wednesday, December 9, 2009

Passion Ambition Butter

  ახლახან დავამთავრე ფილმი Julie & Julia. ვისაც არ გინახავთ, ფილმში მოქმედება ორ პარალელურ დროს ვითარდება - 1949 და 2002 წლებში. ჯული ცხოვრობს ნიუ იორკში, რომელიც 29 წლის აღმოაჩენს თავის მოწოდებას - კულინარია. ის ხელმძღვანელობს ჯულიას წიგნით, რომელიც სწორედ 1949 წლის პარიზში ცხოვრობს. პარალელურად ჯული ბლოგზე წერს თავის ყოველდღიური კულინარიული შემოქმედების შესახებ, მას აქვს მიზანი - ერთ წელში გააკეთოს გარკვეული რაოდენობის კერძი, რომელთა რეცეპტები ჯულიას წიგნშია მოცემული.

 ჯული 29 წლის მიხვდა რა სურდა, ჯულია 40+ წლისა. ზოგი საერთოდ ვერ პოულობს თავის ადგილს ცხოვრებაში.. ან არ იცის რა უნდა, ან იცის, მაგრამ იქ არ არის, სადაც უნდა იყოს. მიხარია, რომ მე ვიცი და იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. ბედმა გამიღიმა ამ შემთხვევაში - 15 წლისა უკვე სამედიცინოზე ვსწავლობდი, თუმცა იმ დროს გააზრებული არ მქონდა, რომ მე უკვე პროფესია ავირჩიე. წლების გასვლასთან ერთად, უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ეს ის იყო - ჩემი პროფესია. მე-4 კურსზე, ყოველთვის იმის გახსენება, რომ მე სამედიცინოზე ვსწავლობ, ბედნიერებით მავსებდა და ღმერთს მადლობას ვწირავდი ამისთვის. წარსულში იმიტომ ვლაპარაკობ რომ, როგორც ყველაფერს, ამასაც მივეჩვიე და ყოველ მოგონებაზე თავს ბედნიერად აღარ ვგრძნობ. არა იმიტომ, რომ მომბეზრდა. უბრალოდ, ადამიანები ხომ ყველაფერს ვეჩვევით - ბედნიერებასაც და მწუხარებასაც.

 თქვენ ყველას გაქვთ თქვენი პროფესია? მე ვფიქრობ რომ არა, მითუმეტეს საქართველოში. ნაკლებად მჯერა, რომ ყველას მოლარეობა, ეკონომისტობა და კიდევ უამარავი ბანკთან დაკავშირებული სამსახური უნდოდეს. 

 გუშინ მულპის დაბადების დღეზე ვიყავი. უსაყვარლესი ადამიანია, მგონია რომ ასტრიდ ლინდგრენის წიგნიდან არის გადმოსული. 21 წლის გახდა. ადრე ვლაპარაკობდით, ცხოვრებაში რაღაცის მიღწევაზე და მოსწრებაზე, და უცებ ამბობს - მე რაღა უნდა ვთქვა, 20 წლის ვარ და ჯერ ხიდიდან არ გადმომხტარვარ-ო. ბევრი ვიცინეთ ამ სიტყვებზე, ტიპიურად მოაზროვნე ადამიანი არ არის, შეუძლია შოკოლადის ფილით და ცხელი ყავით თავი ისე ბედნიერად იგრძნოს..   ხო მართლა, მარიამი ჰანნას და არის :) 

Sunday, December 6, 2009

Admired

   ალბათ ყველას აქვს  პატარა თუ დიდი გატაცებები..  რომელიც, უფრო ხშირად თინეიჯერობის ასაკში იჩენს თავს მთელი ძალით, როცა სხვადასხვა ადამიანები უყვარდებათ და აღმერთებენ ხოლმე. არ ვიცი, ახლა როგორ არის, მაგრამ ჩემს დროს [:D] ასე იყო. მერე კი, როცა ’დიდები’ ვხდებით, სხვა რაღაცეები ხდება პრივილეგირებული და ვივიწყებთ ძველ სიყვარულებს. 

  თვითონ ’გატაცება’ არაჩვეულებრივი სიტყვაა - როცა რაღაც ისე მოგწონს, რომ ფიქრებით გიტაცებს და სხვაზე ვეღარაფერზე ფიქრობ.  CinnamonGirl-მა მითხრა ერთ-ერთ კომენტარში, გატაცებადი ხარო. რომ დავფიქრდი, მაშინ მივხვდი რომ მართლა ასეა. ყოველთვის მინდა ვიყო რაღაცით შეპყრობილი, ძალიან მსიამოვნებს ეს პროცესი. გვერდიდან შეიძლება სასაცილოდაც ჩანდეს, მუდმივად ერთსა და იმავეზე რომ ფიქრობ და ლაპარაკობ. თუმცა, დავივიწყოთ ის გვერდიდან დანახული - მთავარია, მე ვგრძნობ თავს ძალიან კარგად ჩემი პატარა გატაცებებით. გუშინ დავფიქრდი, მაინც რით ვარ გატაცებული-თქო და საკმაო ფიქრის შემდეგ, სამი რაღაც გამახსენდა.

 ბლოგერობა -  ხანდახან მაქვს მომენტი, როცა ვფიქრობ, რა მინდა საერთოდ, რატომ ვწერ.. თუმცა, საერთო ჯამში, უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილს შეადგენს ბლოგი და დიდ სიამოვნებას ვიღებ პოსტების წერით & კითხვით. ჩემი ოჯახის წევრებმა არ იციან ბლოგის შესახებ. ჯერჯერობით არც მინდა თქმა, თუმცა ოდესმე ვეტყვი ალბათ. 

 ეს ფოტო  გუგლში ძებნისას, ერთ-ერთ უცხოურ ბლოგზე ვნახე და ძალიან მომეწონა 

 

  ესპანეთი -  ჩემი ესპანეთისადმი სიყვარული პროცესია, რომელიც ხან ქრონიკულია და თავს არ მახსენებს, ხანდახან კი მწვავდება, და ამ პერიოდში ან ბლოგზე ვწერ პოსტებს, ან ამ შესანიშნავ საიტზე ფოტოებს ვათვალიერებ. პროცესის გამწვავება კი შეიძლება რომელიმე სიმღერამ, ამინდმა ან პოსტმა გამოიწვიოს. დღეს წავიკითხე ზუსტად ანას არაჩვეულებრივი პოსტი. კომენტარშიც მივწერე, ყველაზე ესპანური პოსტია მსოფლიოში-მეთქი :)

 რაფა ნადალი - აი ნადალით მართლა შეიძლება ითქვას რომ გატაცებული ვარ : ) სხვა თუ არაფერი, ყოველთვის რაღაც ტურნირია და ძალაუნებურად მახსენებს თავს. თუმცა, ტურნირების გარეშეც სულ მახსოვს; თუ მაინც არ გამახსენდა, პეკინზე, ნაიკის მაღაზიის ვიტრინაში უზარმაზარი ასეთი ფოტო არ მაძლევს დავიწყების საშუალებას [პირველად ვერ შევნიშნე სხვათაშორის და ჰანნამ დამანახა :))]. დედამ იცის ჩემი ნადალისადმი დამოკიდებულების შესახებ და ღიმილიანი სიყვარულით ეკიდება ამ ამბავს :) ყოველთვის ერთი შემთხვევა მახსენდება - მადრიდის რეალის თამაში იყო და დედა იძულებით უყურებდა ტვ-ს, ვინაიდან ერთი და იგივე ოთახში იყვნენ ორივე - ტვ და დედა. უცებ კადრში რაფა გამოჩნდა, თამაშს ესწრებოდა. მე ხმამაღლა შევძახე - ’რააფა!’ 

  მაშინვე მესმის დედას ხმა:  ’ნადალი! დაინახე?’ 

  -  კი, დავინახე..  

 -  აბა შენ რაფა რატომ თქვი?

 - დედა, რაფა და ნადალი ერთი და იგივეა, ასე ქვია :D 

  ცოტა ხნის შემდეგ მეკითხება - ’დე, ნადალი ასე რატომ გიყვარს?’ და მაშინვე ამატებს ’არა, კი კარგია, რომ გიყვარს, მაგრამ რატომ?..'  :D

 პ.ს აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ წინა პოსტი ერთ-ერთ ყველაზე უგერგილო პოსტად მიმაჩნია, მითუმეტეს საიუბილეო არ უნდა ყოფილიყო..


Thursday, December 3, 2009

პოსტი № 100 - New Year

 პირველ რიგში - ჩართეთ მუსიკა პოსტის ბოლოს  :)

    თითქმის ჩაბნელებული, თბილი ოთახი. ბუხარი ანთია და ცეცხლის ტკაცატკუცი ისმის. ჰაერს დამწვარი შეშის სუნი დაკრავს.. შენ ხალიჩაზე, ბუხრის წინ ზიხარ; სახეზე ცეცხლის სინათლე დაგთამაშებს, თვალები  დახუჭული გაქვს და სულ ოდნავ იღიმები. ოთახის ერთ კუთხეში ნაძვის ხე დგას, და მქრქალ სინათლეზე ჯადოსნურად ბრწყინავს. ფანჯრიდან, გამჭვირვალე ფარდის მიღმა, გარე განათების ფონზე ჩანს როგორ ცვივა თოვლის ფანტელები და ალბათ, ძალიან, ძალიან ცივა. გვერდით საყვარელი სასმელი/სასუსნავი გიდევს, ფეხებზე თბილი წინდები გაცვია, სახე ფუმფულა სვიტერში გაქვს ჩამალული და ფიქრობ ახალ წელზე, ზღაპრებსა და სასწაულზე.. ახალ წელს ხომ ყველას გჯერათ სასწაულების? სულ რამდენიმე წუთით მაინც. 

  მე მიყვარს ახალი წელი. თუმცა არა 1 იანვარი და შემდეგი დღეები, ქუჩაში შუშხუნები რომ ყრია და ჰაერში ბოლის სუნი ტრიალებს, ადამიანები კი ზედმეტად ნაჭამი/ნასვამი სახეებით დადიან.  

  წინასაახალწლო პერიოდი მიყვარს, დეკემბრის დასაწყისიდან. მიყვარს პირველი მაღაზია, სადაც საახალწლო მორთულობას შევნიშნავ; ქუჩები, უამრავი ნათურით რომ არის მორთული. საღამოს განათებულ ფანჯრებში ყურება - ნაძვის ხეებს ვეძებ, თუ დავინახავ; ერთგვარი თამაშია.  დეკემბრის ბოლო დღეებში ყველას ეტყობა სამზადისი, ადამიანები ჩქარი ნაბიჯით და დიდი პარკებით დადიან. 31 დეკემბრის საღამოს გარეთ თუ ყოფილხართ - მაღაზიებში დიდი მოძრაობა რომ არის, მანქანიდან უყურებ განათებულ ვიტრინებს და გიხარია რომ ყველა სახლისკენ მიდის და შენც მალე იქნები შენს სახლში.

ეს საიუბილეო, მე-100 პოსტია და ჩემს ახალ წელს ეძღვნება :)

Tuesday, December 1, 2009

Maybe someday..

  ხომ არსებობს პოსტები, რომლებიც არ გინდა ყველამ ნახოს. აი, არ გინდა რა, ვიღაცამ ერთი თვალი შეავლოს ბლოგროლ.გე-ზე და  ცივად დააჭიროს ’არ მომწონს’ ან თუნდაც ’მომწონს’. .

 ეს პოსტი სწორედ ასეთია.

 ერთხელ, ჯეოსელის Blackberry-ს რეკლამას რომ ვუყურებდი, კერძოდ იმ მომენტს, შავ კაბაში ჩაცმული გოგო რომ გადმოდის მანქანიდან [მინდოდა ვიდეოც დამედო, მაგრამ ვერსად ვერ ვნახე], დედას ვუთხარი, მეც ასეთი ვიქნები-მეთქი.. არ ვიცი რატომ მომაფიქრდა, რომ მაინცდამაინც მისთვის შემედარებინა თავი, იმ დროს კი ზუსტად ასე ვფიქრობდი, რომ მომავალში ასეთი უნდა ვყოფილიყავი. 14-15 წლისას რომ მომსვლოდა ეს აზრი, კიდევ ჰო, მაგრამ 22 წლის რომ ვგეგმავ, რაღაცით ხომ მაინც უნდა ვემზადებოდე, ფონს ვქმნიდე იმ მომავლისთვის?..

  მე კი ისევ ხაკისფერი სპორტული შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი [სხვა რა ვუწოდო არ ვიცი - არც კედებია და არც ბოტასები, სადღაც შუაში] და ძველებური სვიტერი მაცვია; და დილით სახლიდან ისე გავდივარ, ენ ჰეთევეის გმირი რომ გადის  ფილმში The Devil Wears Prada - თმებს ორივე ხელით დავაწყობ თუ გავასწორებ, ჰიგიენურ პომადას წავისვამ ტუჩებზე,  სარკეს რამდენიმე წამით შევავლებ მზერას - სახეზე ხომ არაფერი მაცხია-თქო და გავრბივარ. . თუ სადმე მივდივარ, მაშინ კი ვცდილობ თავს მივხედო, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება. სულ ვამბობ - მერე, მერე.. მერე ვიქნები ისეთი, როგორიც მინდა, რომ ვიყო. აი, შავ კაბაში გამოწყობილი გლამურული გოგოც მერე ვიქნები :)

 p.s გუშინ დავამთავრე ჰემატოლოგია; ზურას ნახვა ისე მინდოდა, ისე.. მაგრამ, ვერ გავბედე. მის პალატასთან ვიჯექით, ექიმები შევიდნენ ზუსტად იმ დროს შემოვლაზე, მაგრამ თვალიც ვერ მოვკარი, იმდენი ხალხი იყო შიგნით. მაშინაც ასე ვთქვი - მერე, სხვა პაციენტს გავუღიმებ თბილად და ვაგრძნობინებ, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია-მეთქი..

 აი, რა მოხდებოდა, რომ შევსულიყავი, გამეღიმა და მეთქვა - ’მე სტუდენტი ვარ, წინა კვირას გნახე და უბრალოდ მინდოდა გამეგო, როგორ ხარ..’ არაფერი ჰო? მაგრამ არ გავაკეთე.. 


Friday, November 27, 2009

შეხედე მზეს - შენ ცოცხალი ხარ

  ადრე ვწერდი, ექიმებს ყველაზე მეტად აქვთ ადამიანებთან ურთიერთობა-მეთქი. შეიძლება მე ვერ გადმოვეცი სწორად, ის პოსტი კი უმეტესობამ არასწორად გაიგო. ყველა პროფესიის ადამიანს უწევს ხალხთან ურთიერთობაო, ზურიუსმა მომწერა. მე კი სულ სხვა ურთიერთობებს ვგულისხმობდი.

  ჰემატოლოგიის კურაციას გავდივართ. დღეს ერთ-ერთმა ექიმმა შემოვლაზე წაგვიყვანა, რამდენიმე პაციენტი ვნახეთ. ერთ-ერთ პალატაში, მწვავე ლეიკემიის დიაგნოზით, ბიჭი იწვა - ზურიკო. სავარაუდოდ 18-20 წლის. სავარაუდოდ იმიტომ, რომ მისი სახიდან გამომდინარე, ასაკის დადგენა ძალიან ძნელი იყო.  ფეხები გვაჩვენეს, განლეული ქონდა. კუნთების კონტრაქტურა განუვითარდა და ვერ შლიდა.

  იცით, პირველად მოხდა, რომ ყველაზე მოახდინა შთაბეჭდილება -  2 ჯგუფი ვიყავით. თვალს გვარიდებდა, ხმასაც არ იღებდა, მხოლოდ ერთხელ თქვა რაღაც.  იწვა იმ პაწაწინა ოთახში, თავისთვის. გარეთ კი მზე ანათებდა, ხალხი დადიოდა, ხმაურობდა..

  ლექციების შემდეგ, ავტობუსში დიდ ჭყლეტვაში მოვყევი, ამიტომ ერთ-ერთ გაჩერებაზე ჩამოვედი და მეორეს ველოდებოდი. სხვა დროს ალბათ გამაღიზიანებდა ეს ფაქტი, დღეს კი  ვიდექი გაჩერებაზე და ვუყურებდი ხალხს, ავტობუსებს რომ ელოდებოდნენ.. ალბათ ვერ ხვდებოდნენ, რა ბედნიერები იყვნენ, იქ რომ იდგნენ და მზეს უყურებდნენ. ათასი გეგმა ქონდათ, იცოდნენ სად მიდიოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ. მე კი მათ მაგივრად მიხაროდა, და თან ზურაზე ვფიქრობდი; მანამდე ფეხბურთელი ყოფილა.  ალბათ, როგორც ყველას, მასაც დიდი მომავლის იმედი ქონდა. ვინ იცის, ოცნებობდა მანჩესტერში, მილანში ან ბარსელონაში ეთამაშა. ახლა კი, მისი უახლოესი მიზანი იმ მოხრილი ფეხების როგორმე გაშლაა, მასაჟისტის დახმარებით. .

  სისულელეა კიდევ ერთხელ იმის გამეორება, რომ ადამიანები არასდროს არ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს - მალე ისევ ყველას დაგვავიწყდება. ალბათ მეც მალე დამავიწყდება დღევანდელი დღე [ეს პოსტი თუ გამახსენებს ხანდახან], და ისევ ვიწუწუნებ ყოველდღიურობაზე, დილით ადრე ადგომაზე ან წვიმიან ამინდზე...

  

Thursday, November 26, 2009

A letter from Santa to Natalia

  იცით, მე ყოველთვის მჯეროდა სანტა კლაუსის.. სხვაგან თუ არა, ჩემს გონებაში მაინც ხომ არსებობს; ამიტომ, როცა ტომუშკას ბლოგზე ვნახე რომ სანტასთვის წერილის მიწერა შემეძლო, შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვი და მივწერე :)  პასუხიც მაშინვე დამიბრუნა dear Santa-მ და აქვე გთავაზობთ:

  შენიშვნა: სანტას 3 საჩუქარი ვთხოვე -აიპოდი, ლეპტოპი და ბილეთი ბარსელონაში :)) აქედან პირველი ორი ახსენა წერილში, ხოლო მესამე, და ჩემთვის ყველაზე მნიშველოვანი, შეუმჩნეველი დატოვა :(


                                                                            

                                                                     #1, Rudolph Way
                                                                     North Pole, Canada
                                                                     HO HO HO

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                             Thursday, November 26, 2009     


  Dear Natalia,

 Thank you for sending me your email all the way from Tbilisi! HO!! Ho!! ho!! We get wonderful Christmas emails from boys and girls around the world but everyone at the North Pole sure gets excited when we get one from you Natalia! 

Jumping Jingle Bells, Natalia! Are you fibbing to ol' Santa Claus?!? You can't possibly be 22 years old already! Why it seems like only yesterday that I was leaving presents for a certain little girl and here you are now, practically one of Santa's elves! (*grin*)

Sorry the presents the last little while probably haven't been quite as exciting as they were when you were a little girl but, well, you know how these things go (*wink*). Anyway, Santa's glad to see some of the 'older kids' (not to mention anyone in particular!) still take the time to write. I also hear you've been a REALLY REALLY good girl. (Of course, you won't mind if I do a little checking, will you? HO!! Ho!! ho!!).   

  Let's see what you put in your letter for Christmas wishes: 1. ipod; 2. laptop and; 3. ticket to Barcelona.  HO!! Ho!! ho!! I see someone wants to send lots of emails to Santa with a laptop of their very own! Of course, we use a lot of computers at the North Pole nowadays (it's quite a high tech operation you know!) and the elves can make only so many laptops each year so lets hope there are enough for everyone! Did you know that those silly elves are always playing Christmas tunes on their iPods? It's quite a sight to see all those little elf hats just a boppin' away while they work. If the elves have enough time to make an iPod for you this Christmas, I hope you'll play lots of Christmas music on it too (the elves would like that)!

 Yum! Smells like Mrs. Claus just pulled another batch of cookies out of the oven. HO!! Ho!! ho!! I'll bet she needs help eating them! Take care Natalia and don't forget to come back and visit me here at EmailSanta.com on Christmas Eve!! And remember... only 29 more sleeps until Christmas!!

Forever and Always Your Friend,




 P.S. YUM! Those sure were some tasty goodies you sent me in your letter Natalia! I hope its okay that I shared them with everyone here. You should see how fast they disappeared! Oh, wait! You CAN! HO!! Ho!! ho!



Monday, November 23, 2009

აჯაფსანდალი, Number.. who cares about number?

  თუ რომელიმე ჩემი პოსტი შემიყვარდა, მერე ახალს ვეღარ ვწერ ხოლმე.  მინდა რომ შემოვალ, დიდხანს დამხვდეს პირველ პოსტად. ასე დამემართა წინაზეც, რომ ვკითხულობ, ჩემს ემოციას ვგრძნობ და მიყვარს..

  გუშინ, უკვე მერამდენედ, ვნახე ფილმი In her shoes და ჩემს თავს გამოვუტყდი, რომ საკმაოდ მომწონს. ასევე მივხვდი, რომ ოჯახის წევრებს შორის კარგი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან გვეხმარება ცხოვრებაში წინსვლაში, კარიერაში და ა.შ

  ასევე გუშინ საღამოს, Grey's Anatomy-ს ახალ სერიას ვუყურე, საშობაო პერიოდზე იყო. არ ვიცი ამის გამო, თუ იმიტომ, რომ დედა ’ბედის ირონიას’ უყურებდა [ამ ფილმს კი მთელი წელი უყურებს ხოლმე], წინა საახალწლო განწყობა შემექმნა. ყოველ წელს, უცებ ერთ დღეს  ვიგრძნობ - ’ოჰ, მალე ახალი წელი მოვა!’ და შემდეგ ამ ემოციით დავდივარ, სანამ მართლა არ მოვა ახალი წელი :) 

   ეს დღეები კი ბლოგზე ვცვლიდი რაღაცეებს, ძირითადად - ფოტოებს. V is for victory ნაიკის ერთ-ერთი სარეკლამო დევიზია. პირველად რომ ვნახე, V for vendetta გამახსენდა რატომღაც. უბრალოდ მომწონს გამოთქმა, და აქაც განვათავსე :)  ბარსელონას რაც შეეხება, ჩემი და ჰანნას მომავალი მოგზაურობაა, რომელიც სავარაუდოდ 2012 წელს უნდა შეგდეს :)

   დიდი ხანია ახალი არაფრისთვის მომისმენია და აი, სიმღერა რომელმაც ბოლო ხანებში მომხიბლა - Jay-Z & Alicia Keys "Empire State of Mind"  - სიმღერა, რომელიც დიად ნიუ იორკს ეძღვნება..



Friday, November 20, 2009

We are tennis


   ჩოგბურთი - ყველაზე ინტელექტუალური და დახვეწილი სპორტია.. ვინც ასე არ თვლის, შემეკამათოს : )) 

  ნარკოტიკივითაა - უყურებ და ჟრუანტელის მომგვრელ სიამოვნებას იღებ. ერთი სული გაქვს, შემდეგი მატჩი როდის იქნება. თან, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, შენი ფავორიტები თამაშობენ თუ არა. პირიქით, ჯობია არ თამაშობდნენ - მე ისე ვნერვიულობ ამ დროს, მირჩევნია ნეიტრალურ თამაშებს ვუყურო მხოლოდ :))

  მოყოლილი არ მაქვს ხომ, როგორ დავიწყე ჩოგბურთის ყურება? ღმერთმანი, აქამდე როგორ არ მითქვამს.. 

  Australian Open 2009-ს ფინალი იყო; ხალხი ელოდა, ხალხი ღელავდა. მე კი რიგითი დღე მქონდა, და ვფიქრობდი რა გამეკეთებინა.. როგორც ხდება ხოლმე - ჭამა, ინტერნეტი, ჭამა, ისევ ინტერნეტი და.. ტვ. კერძოდ კი ’ევროსპორტი’ და ჩოგბურთის რაღაც თამაში. აჰ, ფედერერი თამაშობს.. მახსოვს ფედერერი - ადრე უიმბლდონის ფინალში ვგულშემატკივრობდი, რანდომულად ამოვირჩიე მაშინ და მოიგო, მგონი პირველი უიმბლდონის თასი იყო მისთვის. მეორე ვინ არის? ნადალია. აა, ნადალი? ესპანელი.. ამბობენ, მაგარიაო. მოდი, ცოტას ვუყურებ... ვის ვუგულშემატკივრო? რა თქმა უნდა, ნადალს ნატალია, ესპანელია. აუ, აჩვენონ რა ნადალი, მაინტერესებს როგორია.. აჩვენეს, ბევრჯერ. ვაკვირდები, დეტალურად.


  თამაში თითქმის 5 საათი გაგრძელდა, მე კი ვერც შევნიშნე დროის გასვლა. შიგადაშიგ ხალხის ოვაციებით ვხვდები, რომ რაღაც ხდება. ჩოგბურთელები ხან ისვენებენ და სკამებზე სხდებიან, ფერად სითხეებს სვამენ და ხანდახან ერთ ლუკმა ბანანასაც ჭამენ. ვუყურებ, ვერაფერს ვხვდები - ვინ იგებს, როდის დამთავრდება.. მაგრამ, მონუსხულივით ვუყურებ. 

  უცებ, ნადალი ძირს ვარდება და იცინის. მგონი მოიგო.. ეე, მოიგო??! და უცებ ვხვდები როგორ მოვეშვი - საოცრად დაძაბული ვყოფილვარ მანამდე.

 

 დაჯილდოვებაზე ფედერერთან ერთად ჩუმად მეც ვიწმენდ ცრემლებს - როცა ვხედავ რომ მამაკაცი ტირის, სულ მეტირება. 

  გულაჩუყებული ვუყურებ ჯერ ფედერერის და მერე ნადალის სიტყვით გამოსვლას, რაფა როჯერს ამშვიდებს და მე ვსლუკუნებ.

 

 იმ დღესვე ვიკიპედიაში ვეძებ ჩოგბურთის წესებს, ტერმინოლოგიას. მე უკვე დაავადებული ვარ.

 სანამ ეს ორი ადამიანი ითამაშებს, ჩოგბურთს ყოველთვის ექნება აზრი..