Friday, November 11, 2016

Move forward

 პარასკევი საღამოები გახდა must go out საღამოები, რაღაცნაირად ეგეთი იარლიყი მიენიჭა. მე კიდევ მაინცდამაინც პარასკევობით მინდა ყველაზე მეტად სახლში მიყუჟვა, ღამის სანათის ჩართვა და რამე ძველი, ტკბილი სერიალის ნახვა. თავიდან სინდისი მქენჯნიდა, ჩემს თავს შევძახებდი - "ნატალია! პარასკევია, სადმე წადი, გაერთე." მერე უცებ დავფიქრი, რომ რატომ უნდა წავსულიყავი სადმე, თუ არ მინდოდა. მხოლოდ იმიტომ, რომ პარასკევია? სისულელე.

ახლა სრულიად სუფთა სინდისით, ვზივარ სახლში და ვუსმენ ახალ სიმღერას, რომელიც იუთუბმა შემომთავაზა.



 შემსრულებლის სახელი - Goapele წარმოითქმის როგორც "გვაპალეი". ხომ ლამაზი ჟღერადობა აქვს?  "წინ იარე"-ს ნიშნავს ერთ-ერთ სამხრეთ აფრიკულ ენაზე. ასეთ სიმბოლოებს სულ ცოტათი მაინც ვანიჭებ მნიშვნელობას. თან ეს სიმღერა ძალიან უხდება მიყუჟულ და ღამის სანათიან პარასკევ საღამოებს.

 ყველას თავის პარასკევი საღამო აქვს :)

Tuesday, November 8, 2016

Querencia

  შარშან ამ დროს ჩემს Querencia-ს ვეძებდი. კიდევ ერთხელ განვმარტავ ამ ტერმინს: კერენსია არის ადგილი, სადაც თავს მშვიდად, უსაფრთხოდ გრძნობ. ეს არაა რამე კონკრეტული, ფიზიკური ადგილი. უფრო შეგრძნებაა. მოკლედ, ის მდგომარეობაა, რომელიც დღეს მგონი არავის გვაქვს.

  შეიძლება ითქვას, რომ შარშანდელზე უკეთეს მდგომარეობაში ვარ. ამით ვხარობ, იმიტომ, რომ თუ გადავხედავთ, ადამიანი რაც უფრო იზრდება, მით უფრო უჭირს კარგად ყოფნა. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვარ. შეიძლება არ უნდა განვაზოგადო. მაგრამ ლაღი და უზრუნველი ადამიანების პოვნა ისეთი რთულია, რომ ემპირიული დაკვირვებითაც ადვილია დასკვნების გამოტანა.

 ხანდახან განსაკუთრებით მეშინია ხოლმე, რომ უფრო და უფრო ცივი და შეუბრალებელი ვხდები, ემპათიის უნარი მიქვეითდება და რაღაც მომენტებში საკუთარი თავის გამოჭერა, რომ უბრალოდ არ მადარდებს სხვები, ძალიან მაშინებს.

  მგონია, რომ ეს გარემოს ბრალია. როგორც იცვლება საზოგადოება, ისევე ადაპტირდება ამ საზოგადოების წევრი ყველა ადამიანი. მათ შორის, მეც. სოც.ქსელებში ხალხს ვაკვირდები და, რაც უფრო cool ხარ, რაც უფრო ნაკლებად მოგეწონება რამე და მეტად გააკრიკიტებ, უფრო კაი ტიპი იქნები. თუ რამე ახალი ფილმი გამოვიდა, რომელიც ყველას მოწონს, შენ აუცილებლად უნდა თქვა რომ "ცუდი არ იყო, თუმცა არც გადაირიე" "ნორმალური იყო" "არაუშავდა" და არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოგცდეს, რომ მოგეწონა. არა, კი არ მოწონთ და მალავენ, არც კი იწონებენ, იმიტომ რომ იციან, რომ მოწონება უკვე მასაში გარევას ნიშნავს, ეს კი არც ისე cool არის. ისე არ იფიქროთ, თითქოს ყველას ერთ ქვაბში ვხარშავდე. რა თქმა უნდა, გამონაკლისი ყველგანაა. აი ახლა ამას იმიტომ ვხსნი, რომ ვიღაც საკუთარ თავზე მიიღებს ზემოთქმულს და გაბრაზდება. ამიტომ არავინ რომ არ დავაზარალო, აქვე აღვნიშნავ, რომ შეიძლება შენ, ვინც ამას კითხულობ, იმ გამონაკლისებში შედიოდე და მართლა არ მოგეწონოს რომელიმე ფილმი ან წიგნი.

 ასევე, ადამიანებს აღარ შეუძლიათ ისიამოვნონ რაღაცით ისე, რომ ვინმეს ნიშნი არ მოუგონ. აი, მარტივი მაგალითი -  შემოდგომა რომ დადგა და აგრილდა, იმაზე კი არ წერდნენ, რომ რა კარგია, აგრილდა, აღარ ცხელა, არამედ იმ ხალხს მიმართეს, ვისაც სიცხე უყვარდა, აბა ახლა როგორ ხართო, ზაფხულში რომ ტვინი წაიღეთ ამ სიცხითო. მოკლედ, ხომ ხვდებით რასაც ვამბობ.

 მე არ მინდა, ეგეთი ვიყო. ალბათ ვარ ხოლმე, მაგრამ მინდა დროულად მივხვდე და გამოვასწორო. როგორც ადრე ვცდილობდი უკეთეს ადამიანად გახდომას, მუდმივად ვმუშაობდი ამაზე, ისევ ისე მინდა გავაგრძელო.

მინდა, რომ არ დავკარგი წვრილმანებით აღტაცების უნარი.

ბედნიერება ხომ დეტალებშია.

მინდა, პირველი თოვლის დანახვისას პირველი ემოცია სიხარული იყოს და არა - "ამ ამინდში სამსახურში რა წავა".

მინდა, რაფაელ ნადალის წაგებებზე გულში ისევ რაღაც ჩამწყდეს, მოგებისას კი ეიფორიას და გულის აჩქარებას ვგრძნობდე.

მინდა, წიგნის კითხვისას ისევ ისე ვეფლობოდე სიუჟეტში, როგორც ბავშვობისას. ლამის სხეულით ვიძირებოდე და არ მესმოდეს, გარშემო რა ხდება, ისევ სადღაც შორიდან ჩამესმას, როგორ მეძახის დედა მეათედ, რომ გამაგონოს.

მინდა ისევ საშინელ გულისწყვეტას ვგრძნობდე, მეგობარი თუ შეხვედრაზე უარს მეტყვის და პირიქით, თუ დამთანხმდებიან, ერთი სული მქონდეს, შეხვედრის დრო როდის მოვა.

მინდა ისევ მახარებდეს ქუჩაში სიმპათიური ყმაწვილის მზერას თუ დავიჭერ. ჰო, ასეთი სასაცილო წვრილმანებით გახარებაც მინდა.

ჩამავალი მზის სხივებით განათებული კორპუსების ესთეტიკით აღფრთოვანება მინდა. კიდევ ზამთრის საღამოებში, ცხელი შოკოლადით ხელში ქუჩაში სიარული და სიხარულის შეგრძნება. პიცის პირველი ლუკმის მოკბეჩისას, დამდნარი ყველი და ცხელი ტომატი რომ ენას დაგწვავს და გაიფიქრებ - "ღმერთო, ამ ჯერზეც ისევ ისეთი სასიამოვნოა". საყვარელი სერიალის ასჯერ ნანახი საყვარელი მომენტის ასმეერთედ ნახვისას ცრემლების გადმოყრა. მეგობართან ერთად გულისწასვლამდე სიცილი. წამიერი ბედნიერების განცდა უმიზეზოდ.

აი, ასეთი რამეების დაკარგვის მეშინია :)


Tuesday, November 1, 2016

გავრცელებული სტერეოტიპები:


1. შენ ბევრ საჭმლის ფოტოს დებ, ესე იგი ბევრს ჭამ.

 - არა, არ ვჭამ ბევრს. გემრიელად ჭამა რომ მიყვარს და ჩემთვის სულერთი არაა, რას ჩავიყრი მუცელში, ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ბევრს ვჭამ.

2. პირველი სტერეოტიპიდან გამომდინარე - რა გენაღვლება, ამდენს ჭამ და არ სუქდები.

- იმიტომ არ ვსუქდები, რომ სინამდვილეში ცოტას ვჭამ. კიდევ იმიტომ არ ვსუქდები, რომ ვვარჯიშობ.

3. შენი პრობლემები მოგვცა რა! რეებზე დარდობ.

- ნეტავ მართლა მოგცათ :) ყველაზე მძიმე და ცუდ საწუხარზე ხმამაღლა არასდროს ვლაპარაკობ. ამიტომ, ჩემგან მხოლოდ იმაზე წუწუნს მოისმენთ, რომ სახლში ყავა გამითავდა ან რამე გემრიელი ნამცხვარი მენატრება. რეალურ პრობლემებზე ასე საჯაროდ ვერ ვლაპარაკობ, ბოდიში.

4. ეს ხომ სულ საჭმელზე ფიქრობს/ეგ სიმღერა/ფილმი/ნაწარმოები როგორ არ იცი? :თვალებისგადატრიალება:

- ის, რომ საკუთარ თავზე ხუმრობა  შემიძლია, დაუფარავად ვამბობ, რაც არ ვიცი და არასდროს მომრიდებია ამის აღიარება, არ გაძლევთ უფლებას, რომ იგივე ინტენსივობით  მეხუმროთ/დამცინოთ.


 ვიცი, რომ ძალიან თინეიჯერული და ცოტა გაბრაზებული პოსტიცაა, მაგრამ ვფიქრობ, ეს საუკეთესო გზაა ბევრ ადამიანთან სათქმელის მისატანად :)