Saturday, October 25, 2014

სიცრუის სიბრძნე

შეგონება პირველი:


ადამიანებისგან, მათ შორის მეგობრებისგან, არასდროს, არაფერი მოითხოვო, თუ გინდა, რომ გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებული არ დარჩე.



შეგონება მეორე: ეცადე ხშირად შეასრულო პირველი შეგონება.



 * * *
   
მერამდენედ.



Saturday, October 18, 2014

სპილოები ოთახში

     გუშინ კიდევ ერთი ქალი მოკლეს. აი, ამ სიტყვებს ისე ვწერ, ვითომ არაფერია. თითქოს საშობაოდ ღორს გამოჭრეს ყელი – ასეთ მოვლენად იქცა უკვე.

   მეორე დღეა ვფიქრობ, რა შეიძლება გავაკეთო მე, ან საერთოდ, საზოგადოებამ. საიდან უნდა დაიწყოს პრობლემის მოგვარება, რომელიც ისეთი დიდია, იმდენი ფესვი აქვს უკვე გადგმული..

      ამ ფესვებს ბოლომდე რომ ჩავყვეთ, დედის საშვილოსნომდე მივალთ. ის კაცები ვინც ქალებს კლავენ, სცემენ, აგინებენ, ან უბრალოდ, "კუხნაში" სვამენ და გარეთ არ უშვებენ, თავის დროზე უნდა აღზრდილიყვნენ სხვანაირად. მათ დედებს და მამებს უნდა ეთქვათ, რომ ქალი და კაცი თანასწორია და მხოლოდ იმის გამო, რომ კაცი ქალზე ფიზიკურად ძლიერია, არ აძლევთ მათ უფლებას, ისინი დაჩაგრონ. პირველ რიგში თავიანთ ოჯახებში უნდა დაენახათ ეს თანასწორობა, მათი მშობლებისგან უნდა ესწავლათ.

  სინამდვილეში კი რა ხდება? მათ ბავშვობიდან ესმოდათ, რომ ბიჭი – გვარის გამგრძელებელია. ისინი ხედავდნენ, რომ ქალები (ის ნაწილი, ვინც სელექციურ აბორტს არ იკეთებდა, რა თქმა უნდა), 4–5 გოგოს აჩენდნენ, ბიჭის იმედით. აი, ქინდერის კვერცხებს რომ ვყიდულობდით, ოღონდ ბეჰემოთი ამოგვსვლოდა, ისე. გახსოვთ ბეჰემოთების კოლექცია? ყველაზე სასურველი სათამაშო იყო მგონი. მანამ ვყიდულობდით ქინდერს, სანამ ეს ბეჰემოთი არ ამოვიდოდა, დანარჩენ სათამაშოებს კი კუთხეში ვყრიდით და ბეჰემოთებს საკოლექციოდ ვაგროვდებით. ასე ჩნდებოდნენ გოგოები, არასასურველი სათამაშოებივით, მანამ, სანამ სასურველი ბიჭი არ გაჩნდებოდა, რომელიც მერე ხელისგულზე სატარებელი შვილი ხდებოდა. ეს ნანატრი ბიჭები უყურებდნენ როგორ ატარებდა დღეებს მათი დედა სამზარეულოში, საღამოს კი ქმარს ხვდებოდა, სუფრას უშლიდა და ემსახურებოდა. მათ ესმოდათ, რომ კაცი ოჯახის თავია და ქალი მას ემორჩილება.  ხედავდნენ, როგორ ისხდნენ სუფრასთან მათი მამები და სხვა კაცები, ქალს კი სამზარეულოდან მაშინ გამოიყვანდნენ, როცა მანდილოსნების სადღეგრძელო უნდა დაელიათ. მათ ესმოდათ, რომ ბავშვის მოვლა კაცის საქმე არ არის. საოჯახო საქმეებიც არ არის კაცის საქმე.  ბოზებში წასვლა ღალატი არაა და კაცი ასეა მოწყობილი, ის ვერ მოითმენს, ბოზებში უნდა იაროს. კიდევ ძალიან ბევრი გავრცელებული სტერეოტიპის ჩამოთვლა შემიძლია, რომელიც უმეტეს ქართულ ოჯახში გვხვდება და რომლებმაც მათ გონებაში ბავშვობიდან ჩამოყალიბდა აზრი, რომ ქალი საკუთრებაა, რომელსაც ვერავინ წაგართმევს და მათ სრულ უფლებას აძლევს, ეს საკუთრება, როგორც უნდა, ისე გამოიყენონ.
 
   ახლა, როცა ეს კაცები უკვე გაზრდილები და ძალიან საშიშები არიან, იმის დრო აღარ არის, რომ ფესვების სიღრმეებში ჩავიდეთ.

 ვინ იქნება შემდეგი?

   კიდევ რა უნდა მოხდეს, ვინ უნდა მოკვდეს, რომ სახელმწიფომ დაინახოს ეს პრობლემა? 

    პრობლემაა, როცა პატრული ახალგაზრდა ბიჭებს ჩხრეკს ღამის 2 საათზე, მაგრამ ქუჩაში მოჩხუბარ წყვილს ყურადღებას არ აქცევს, ვინაიდან თვლის, რომ ეს ოჯახური საქმეა და მათ არ ეხებათ.

 გეხებათ, ბატონებო. ეს ძალადობაა და პირველ რიგში სწორედ თქვენ გეხებათ.

  როცა მე ქმარი მცემს, ის იმ მომენტში ჩემთვის მხოლოდ მოძალადეა და მე თქვენი იმედი მაქვს, რომ დამიცავთ. არაა ეს შიდა საქმე, არ არსებობს შიდა და გარე ძალადობა, ძალადობა ერთია და მისი ჩახშობა თქვენ გევალებათ.

  არ აქვს მნიშვნელობა სტატისტიკას, თუ რამდენი ქალია მოკლული. იმას ვგულისხმობ, რომ ციფრების ზრდას არ უნდა ველოდოთ, რომ განგაში ავტეხოთ. მნიშვნელოვანი ისაა, რომ პოტენციური მკვლელები ცხოვრობენ ჩვენ გვერდით, ჩვენ მათთან ერთად ვმგზავრობთ ტრანსპორტში, მათ გვერდით ვდგავართ მაღაზიის სალაროსთან.  ისინი იქცნენ სპილოებად, რომლებიც თავისუფლად დააბიჯებენ უნივერსიტეტის დერეფნებში და კლავენ ქალებს, ისე, რომ მათ ვერავინ ამჩნევს. თუ თქვენ თვლით, რომ ეს პრობლემა არაა, თუ ერთი წამით მაინც ფიქრობთ მკვლელობის გამამართლებელ მიზეზებზე, მაშინ გვყავდეს ეს ვიტრინაში გამოფენილი ბეჰემოთები, საამაყო კაცები, გვარის გამგრძელებლები და დაველოდოთ შემდეგ მსხვერპლს. ვიცხოვროთ დოგვილში და ვზარდოთ ახალი საკოლექციო სათამაშოები.
 

Monday, October 6, 2014

ორშაბათი დღის ფოტო

- I just came back from ten months in Asia. I learned a lot about myself.
- What's one thing you learned?
- If you do what you love, the way will always open.
- What do you love?
- That's what I have to figure out next.



(c)  Humans of New York


My life right now :)

Saturday, October 4, 2014

Landscape Painted with Coffee

   სოფელში აივანზე ვიდექი და ფინჯანი ყავით ხელში გავყურებდი მთებს. ყავა იშვიათად კარგი გამომივიდა - უშაქრო, საჭირო რაოდენობის ყავით, არც მწარე და არც ზედმეტად განზავებული. მიაღწია საჭირო ტემპერატურას, როცა ცხელი აღარაა, მაგრამ ჯერ არც ნელთბილია და სასიამოვნოდ, ყლუპ-ყლუპად შეგიძლია სვა. ზაფხულის ნათელი, მზიანი დღე იდგა. ის მომენტი იყო, როცა თვალები უნდა დახუჭო, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქო და მსუბუქად გაიღიმო. ამ დროს, საიდანღაც ბუზი მოფრინდა, ჭიქაში ჩავარდა და ჩემი იდეალური ყავა გადასაქცევი გახდა. ახლის გაკეთებას რა თქმა უნდა აზრი აღარ ჰქონდა - ასეთი კარგი აღარ გამოვიდოდა. მომენტიც ჩავლილი იყო.  მაგრამ ის წამი უკვე დაჭერილი მქონდა, ამიტომ ბუზმა  კი არ გააფუჭა, უბრალოდ, დაასრულა. არ შეიძლებოდა, ასეთი იდეალური წუთები დიდხანს გაგრძელებულიყო და სწორედ ლოგიკურ დასასრულს მიაღწია.

  რატომ გამახსენდა რამდენიმე წლის შემდეგ ეს ეპიზოდი? ნიკ ქეივს ვუსმენდი და მივხვდი, რომ დღევანდელი დღის დასაჭერი წამები ამ სიმღერის მოსმენისას დადგა.

 Oh, Nick, you old bastard.



 p.s არ ვიცი, აქ და ახლა რა შუაშია, მაგრამ ტყუპი გოგო და ბიჭი თუ მეყოლება ოდესმე, ლუკს და ლეას დავარქმევ.

Wednesday, October 1, 2014

რაზე ოცნებობს ფერმერი ასტრონავტი

“Somewhere along the line we stopped believing we could do anything. And if we don’t have our dreams, we have nothing.”  
    
   -  The Astronaut Farmer


  მე რომ მუდმივი სამსახური მექნება, ბრიუგეში წავალ.

 მუდმივი სამსახური როცა მექნება, სტამბულში დავბრუნდები.
 
  ბოლო 1 წელია, ჩემი ყველა  გეგმა თუ სურვილი ამ ფრაზით იწყება - აი, მე რომ მუდმივი სამსახური მექნება...  

  უკვე იმდენი ხანია, ვგეგმავ, წარმოვიდგენ, ვფიქრობ, რომ  ხანდახან, ძალიან იშვიათად,  დავუშვებ ხოლმე, რომ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვერასდროს ვნახო ბრიუგე. შეიძლება არასდროს წავიდე კიდევ ერთხელ სტამბულში. შეიძლება სულ ტყუილად მიფიქრია და ათასჯერ წარმომიდგენია შვეიცარიის ალპებში ხის სახლი, ჭრიალა დარაბებით, რომელშიც აუცილებლად უნდა გავათენო ერთი ღამე მაინც. 
 ასეთ დროს ყველაზე ძალიან მეშინია. მეშინია, არ გამიხშირდეს ასეთი ფიქრები, უფრო ხშირად არ ვიმეორო სიტყვები: "ვერასდროს", "არასოდეს"..  მეშინია, რომ ზუსტად ეგ ფიქრები გახდება  ჩემი ოცნებების დამარხვის მიზეზი. 

  როცა ვხვდები, რომ იმედს ვკარგავ, მთელი ძალით ვცდილობ, არ გავჩერდე, კიდევ გავაგრძელო ოცნება; რამდენ ხანსაც მომიწევს, იმდენი ვიოცნებო, ვგეგმო, კიდევ უფრო ხშირად შევიდე ხოლმე booking.com-ზე და დუბროვნიკში გესტჰაუსების ფასები ვათვალიერო. ვიცი, რომ ეს პირველი ნაბიჯია სურვილების ასრულებისკენ.

  ყველაზე მეტად ამის მეშინია - ოცნება არ შევწყვიტო.

    ნუთუ სულელი გოგო ვჩანვარ, როცა ვცდილობ, უფრო ხშირად, უფრო გულიანად გავიცინო?  სიცილით ვილაპარაკო ჩემს გეგმებზე, ჯერ ძალიან აწეწილ-დაწეწილ, დაულაგებელ გეგმებზე და ასე გავიხანგრძლივო ოცნების სურვილი. იქნებ ამდენი სიცილი ზედმეტიცაა.
 ხანდახან ცოტათი, სულ ცოტათი ვიღლები. ძალიან მინდა, ჩემმა მეგობრებმა მითხრან, რომ ყველაფერი გამოვა (ვინაიდან როცა ამას აკეთებენ, მგონია, მთებს გადავდგამ). სამწუხაროდ, ასეთ იოლ რაღაცას, როგორიც რამდენიმე გამამხნევებელი წინადადების თქმაა, ძალიან იშვიათად ვაკეთებთ და საპირისპიროდ, დამცინავი ფრაზების თქმა არ გვენანება ხოლმე.

 ყველაფერი ჩემს თავშია.

    ჰოდა თუ მკითხავთ, საით მივყავართ ოცნებებს?  მე გიპასუხებთ, რომ ოცნებებს ჩვენს საყვარელ ქალაქებამდე მივყავართ, რომლებიც ყველას გვაქვს და ხანდახან, არ ვიცით ხოლმე.




   And me? I still believe in paradise. But now at least I know it's not some place you can look for. Because it's not where you go. It's how you feel for a moment in your life when you're a part of something. And if you find that moment... It lasts forever.