Wednesday, October 1, 2014

რაზე ოცნებობს ფერმერი ასტრონავტი

“Somewhere along the line we stopped believing we could do anything. And if we don’t have our dreams, we have nothing.”  
    
   -  The Astronaut Farmer


  მე რომ მუდმივი სამსახური მექნება, ბრიუგეში წავალ.

 მუდმივი სამსახური როცა მექნება, სტამბულში დავბრუნდები.
 
  ბოლო 1 წელია, ჩემი ყველა  გეგმა თუ სურვილი ამ ფრაზით იწყება - აი, მე რომ მუდმივი სამსახური მექნება...  

  უკვე იმდენი ხანია, ვგეგმავ, წარმოვიდგენ, ვფიქრობ, რომ  ხანდახან, ძალიან იშვიათად,  დავუშვებ ხოლმე, რომ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვერასდროს ვნახო ბრიუგე. შეიძლება არასდროს წავიდე კიდევ ერთხელ სტამბულში. შეიძლება სულ ტყუილად მიფიქრია და ათასჯერ წარმომიდგენია შვეიცარიის ალპებში ხის სახლი, ჭრიალა დარაბებით, რომელშიც აუცილებლად უნდა გავათენო ერთი ღამე მაინც. 
 ასეთ დროს ყველაზე ძალიან მეშინია. მეშინია, არ გამიხშირდეს ასეთი ფიქრები, უფრო ხშირად არ ვიმეორო სიტყვები: "ვერასდროს", "არასოდეს"..  მეშინია, რომ ზუსტად ეგ ფიქრები გახდება  ჩემი ოცნებების დამარხვის მიზეზი. 

  როცა ვხვდები, რომ იმედს ვკარგავ, მთელი ძალით ვცდილობ, არ გავჩერდე, კიდევ გავაგრძელო ოცნება; რამდენ ხანსაც მომიწევს, იმდენი ვიოცნებო, ვგეგმო, კიდევ უფრო ხშირად შევიდე ხოლმე booking.com-ზე და დუბროვნიკში გესტჰაუსების ფასები ვათვალიერო. ვიცი, რომ ეს პირველი ნაბიჯია სურვილების ასრულებისკენ.

  ყველაზე მეტად ამის მეშინია - ოცნება არ შევწყვიტო.

    ნუთუ სულელი გოგო ვჩანვარ, როცა ვცდილობ, უფრო ხშირად, უფრო გულიანად გავიცინო?  სიცილით ვილაპარაკო ჩემს გეგმებზე, ჯერ ძალიან აწეწილ-დაწეწილ, დაულაგებელ გეგმებზე და ასე გავიხანგრძლივო ოცნების სურვილი. იქნებ ამდენი სიცილი ზედმეტიცაა.
 ხანდახან ცოტათი, სულ ცოტათი ვიღლები. ძალიან მინდა, ჩემმა მეგობრებმა მითხრან, რომ ყველაფერი გამოვა (ვინაიდან როცა ამას აკეთებენ, მგონია, მთებს გადავდგამ). სამწუხაროდ, ასეთ იოლ რაღაცას, როგორიც რამდენიმე გამამხნევებელი წინადადების თქმაა, ძალიან იშვიათად ვაკეთებთ და საპირისპიროდ, დამცინავი ფრაზების თქმა არ გვენანება ხოლმე.

 ყველაფერი ჩემს თავშია.

    ჰოდა თუ მკითხავთ, საით მივყავართ ოცნებებს?  მე გიპასუხებთ, რომ ოცნებებს ჩვენს საყვარელ ქალაქებამდე მივყავართ, რომლებიც ყველას გვაქვს და ხანდახან, არ ვიცით ხოლმე.




   And me? I still believe in paradise. But now at least I know it's not some place you can look for. Because it's not where you go. It's how you feel for a moment in your life when you're a part of something. And if you find that moment... It lasts forever.

5 comments:

  1. სამაგიეროდ, მე ვუყვარვარ შენ ბლოგს და ვწერ და ვწერ კომენტარებს :D
    ჩემი აზრით, მაგ ადგილებში წასვლაზე მნიშვნელოვანი ისეთი მეგობრების ყოლაა, რომლებსაც ჯერათ შენი და არასდროს მოგცემენ მოდუნების, ოცნებებზე უარის თქმის საშუალებას.
    თორემ მანდ რომ წახვალ კი ვიცით ყველამ ისეც ^_^

    ReplyDelete
    Replies
    1. კი ნატ, გეთანხმები : )

      Delete
  2. თორნიკეOctober 1, 2014 at 6:18 PM

    1 წლის შემდეგ მინდა რომ ვისწავლო სამსუნში ჩემ მიერ არჩეულ ფაკულტეტზე.ჯერ ისევ ვფიქრობ.რა თქმა უნდა სამსუნის გარდა ვნახო თურქეთის სხვა ქალაქები და პირველ რიგში სტამბული.1 წელი სამსუნში თურქულის ენის კურსებზე ვსწავლობდი და ექსკურსიით ჩემი მასწავლებლის სამშობლოში ამასიაში წავედით.უნივერსიტეტს რომ დავამთავრებ ვიპოვო სტაბილური სამსახური და თურქეთშიც სიამოვნებით ვიცხოვრებ.თუ ფრანგულის მიმართულება ავირჩიე;მაშინ მაგისტრატურას საფრანგეთში ვფიქრობ.ან უბრალოდ 1 წელი რაიმე პროგრამით წასვლას.სკოლაში ვსწავლობდი ფრანგულს და საფრანგეთში სწავლა ბავშვობის ოცნებაა.მოკლედ ეს ყველაფერი შეიძლება გამოვიდეს;ან არ გამოვიდეს.ალბათ ძალიან თუ მოვინდომებ გამოვა.ზოგჯერ შეიძლება ძალიან მოინდომო და სხვა ფაქტორმა შეგიშალოს ხელი. პირველ რიგში კი ფინანსურმა.ამაზე რომ ვფიქრობ დეპრესიაში ვვარდები.(

    ReplyDelete
  3. ყველაზე მეტად ამის მეშინია - ოცნება არ შევწყვიტო << პერფექტო :3 ეგრეა მართლა, საშინელებაა როცა ოცნებას წყვეტ...

    ReplyDelete
  4. life is a moment.მართალია

    ReplyDelete