Friday, March 31, 2017

მთა

არ ვიცი, ახლა რატომ მომინდა ამაზე წერა, მაგრამ უნდა დავწერო :)

"მხოლოდ მთებშია თავისუფლება" - ეს ფრაზა ხომ ყველას გაგიგიათ?  ჩემს საძულველ ფრაზებში შედის. ზუსტად არ ვიცი, რატომ, ალბათ იმ ადამიანების პათეტიკურობის გამო, ვინც ამ ფრაზას ხმარობენ. მოკლედ, ახსნას აზრი არ აქვს.

მაგრამ... აღმოჩნდა, რომ აქამდე უბრალოდ არ მესმოდა ამ ფრაზის მნიშვნელობა, იმიტომ, რომ მთა ნანახი არ მქონდა. ჰო, აი ასე, 28 წლის ისე მოვიყარე, რომ მთა თვალით არ მენახა. თუ არ ჩავთვლით ერთხელ კახეთში, ენისელიდან დანახულ კავკასიონს.

გასულ შემოდგომას, ეს დღეც დადგა, ყაზბეგში მარათონზე წავედი. გზად, მარშუტკაში, ჩემ გვერდით უცხოელი ბიჭი იჯდა და მთებისკენ რომ გადავუხვიეთ, ისიც კი გავაოცე პირდაღებულობით. დიახ, პირდაპირი მნიშვნელობით პირღია შევყურებდი ცამდე აზიდულ მთებს, კისერი კი ლამის მომწყდა აქეთ-იქით ტრიალისგან. აღარ ვიცოდი, საით გამეხედა, ყველა მხარეს იმდენად დიდებული სანახაობა იყო.
(აქ შეგნებულად გამოვტოვებ იმ ნაწილს, როცა გუდაური ვერ ვიცანი და მოგვიანებით ვიკითხე, ის იმდენი სასტუმრო რომ გამოვიარეთ, რა ადგილი იყო-მეთქი.)

მაშინ მივხვდი, რომ მთის შესახებ რაც კი წამეკითხა, ან ინტერნეტში ფოტო-მასალა მენახა, რეალობის მხოლოდ გაცრეცილი, უმსგავსო ასახვა იყო. მთაში რაც ხდება, ის ჯადოსნობა, რომელსაც იქ ყოველ წამს გრძნობ, ვერასდროს გადმოიცემა ფოტოებით და აღიწერება სიტყვებით. შეუძლებელია, იქ რაღაც დაფარულის, რაღაც ჯადოსნურის არ გჯეროდეს.
 ჩვენი გესთჰაუსის უკან აღმართულ კლდოვან მთებს რომ ვუყურებდი, რომლებიც თან საშიში იყო და თან აღმაფრთოვანებდა, მივხვდი, როგორი პატარა და უსუსური ვარ. მაგრამ ეს შეგრძნება დამამცირებელი კი არ იყო, პირიქით, ყველაზე თავისუფლად და ამაყად ვიგრძენი თავი.
(ჰო, ის ფრაზა.)

მთას საშინელი მონატრებაც სცოდნია. თვეები გავიდა და თითქმის ყოველდღე მახსენდება და მენატრება.

გერგეთზე ვერ ავედით მაშინ, წელს ეგეც უნდა ავისრულო.

Tuesday, March 28, 2017

8 წელი

რატომღაც მახსოვდა, რომ დღეს იყო  ბლოგის დაბადების დღე. ახლა გადავამოწმე და, 2009 წლის 21 მარტს დამიწერია პირველი პოსტი. არაუშავს, ბევრი არაფერი დაშავებულა.

ესეც ასე, Wonderland 8 წლის გახდა. იცი მკითხველო, ეს 8 წელიწადი რა 8 წელიწადია!
ამ ხნის განმავლობაში ბევრმა წყალმა ჩაიარა. კარგია, რომ ბლოგი არსებობს და ამ ჩავლილი წყლების გახსენება შემიძლია.

სულ ესაა.

Friday, March 17, 2017

Human sadness

 ადრე, როდესაც ჰოლივუდურ (და არა-ჰოლივუდურ) ფილმებში ვუყურებდი, რომელიმე გმირს როგორ ეშინოდა ვინმეს შეყვარების, მეცინებოდა და ჰაერიდან მოტანილი სისულელე მეგონა - როგორ უნდა გეშინოდეს ვინმეს შეყვარების? ვფიქრობი მაშინ.

გამარჯობა, ნატალია, ეს მე ვარ - შენი თავი 29 წლის ასაკში და ძალიან მეცინება მაშინდელ შენს ფიქრებზე.

მეგობარი მწერდა დღეს, წელს ესა და ეს მინდაო, მათ შორის ერთ-ერთი სიყვარული იყო. დავფიქრდი, მე რატომ არ მაქვს არასდროს გეგმაში ეს სიყვარული, ნეტა არ მინდა-მეთქი? უცებ მივხვდი, რომ - არა. იმიტომ, რომ მეშინია (გამარჯობა, კიდევ ერთხელ, ნატალია). სიყვარული თავისი არსით და იდეით იმდენად რთულ, მრავალწახნაგოვან და დახლართულ რამედ იქცა ჩემს წარმოდგენაში, რომ ახლოს გაკარებაც არ მინდა.
თუმცა, არ იფიქროთ, რომ არასაჭიროდ მივიჩნევ, პირიქით, მჯერა, რომ სიყვარული სრულიად მშვენიერი რამაა. უბრალოდ, ადრე, სიყვარული, ჩემი მოსაზრებით იყო.. აი, სიყვარული, რომ გიყვარს, რა.
ახლა კი, იმდენი წახნაგი მოიბა - როგორ შეიძლება ერთი ადამიანი სულ გიყვარდეს? იმასაც ისევე ეყვარები? ერთმანეთი რაღაც მომენტში არ მოგბეზრდებათ? ერთ დღესაც რომ გაიღვიძო და აღმოაჩინო, რომ მას აღარ უყვარხარ? როგორ შეიძლება, სხვას მოსთხოვო მუდამ უყვარდე, როდესაც შენ თავადაც არ იცი, მომავალში გეყვარება თუ არა?

This is so hard!

აი, მოკლედ რომ აღვწერო, ჩემი სიყვარულისადმი დამოკიდებულება წყლის ფობიას ჰგავს. წყლის შიში მაქვს. მაგრამ ზღვა ისე ძალიან მიყვარს, ხშირად მესიზმრება, ხან ვლივლივებ, ხან საოცრად აღელვებული და ტალღებიანია, მაგრამ ყველა სიზმარი მშვენიერია. რეალობაში კი, ცურვა არ ვიცი, ამიტომ ზღვაში მხოლოდ წელამდე წყალში თუ შევდივარ, ხელებს ვურევ, ვუყურებ გამჭვირვალე წყალს, ჩემს თეთრ ხელებს და ვტკბები, ამ მცირედით ვკმაყოფილდები. თუმცა ვიცი, რომ ბევრად მეტი არსებობს.

 ეს სიმღერა მიყვარს, პოსტის წერისას რამდენჯერმე მოვუსმინე.




Thursday, March 9, 2017

ლენ

 პოსტის წერა დავიწყე, ფემინიზმზე, დიდი ხანია მინდოდა და გუშინდელმა დღემ უფრო მიბიძგა. თუმცა, თეჰლუმ უწყის, როდის დავასრულებ.
ამ პოსტსაც სამსახურში ყავის სმისას ვწერ, გუშინდელი დღე რომ ჩავაგდე, ძალიან გულზე მაწევს :D
დილით, სამსახურში რომ შემოვედი, ეზოში ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა და მზე დამნათოდა, ხოდა რაღაცნაირად გამიხარდა, რომ ასე მოწყვეტილ ადგილზეა ჩემი სამსახური, ქალაქის და მანქანების ხმაური აქამდე არ აღწევს და მუდმივი გამღიზიანებლის არქონა დიდი შვებაა.

გუშინ სირბილი განვაახლე და ძალიან ბედნიერი ვარ! უკარგესი ამინდი იყო, ცოტა გამიჭირდა შესვენების შემდეგ, მაგრამ ამის ფონზე საკმაოდ ნორმალური ტემპით ვირბინე.

ასევე გუშინ დავიწყე Hitchhiker's Guide To The Galaxy და აბსოლუტურად, შემაძრწუნებლად კარგია (Don't Panic!). არ ვიცი, აქამდე რატომ არ მქონდა წაკითხული. სულ ვაპირებდი და სხვა დროისთვის ვდებდი.

ჰო, სულ ესაა.

პ.ს ბლოგის ბექგრაუნდი რომ შევცვალე და გავაგემრიელე, სულ დამავიწყდა!

Monday, March 6, 2017

Turn-Ons

წინა პოსტის ინერციას მინდა მივყვე და ამჯერად დავწერო, ამმ, ფეტიშებზე? არა, არასწორი ფორმულირებაა. ფანტაზია? არც ეს. მოკლედ, დავგუგლავ და ზუსტ დასახელებას მოვძებნი.

Well, გუგლს მალევე შევეშვი, ტერმინოლოგია არაა მნიშვნელოვანი.
სნიქ ფიქ: ქვევით ვწერ ყველაზე ძლიერ ფაქტორებზე, რომლებიც მიზიდავს ბიჭებში, what turns me on.

  • შეფ-მზარეულის ფორმა - ასე გამოწყობილი ბიჭი ასმაგად მიმზიდველი ხდება ჩემს თვალში. Can't help it. აქვე დავამატებ, გარეგნულ ფორმასთან ერთად, როცა ბიჭი კარგად ამზადებს კერძებს, ეს მეორე ძლიერი ფაქტორია. Feed me and I'll be all yours. გადაჭარბებულად გეჩვენებათ წინა წინადადება? ცდებით, ჩემს შემთხვევაში ზუსტად ასეა. I'm a simple girl, when I see food, I go for it.

  • პერანგის აკეცილი სახელოები - (ღრმა ჩასუნთქვა) There is something about those აკეცილ სახელოებსა და  შიშველ ხელებში. ზუსტ ახსნას ვერ ვუძებნი. But it's sexy as hell. რატომღაც, ბიჭებს არ ჯერათ ამ ჯადოსნური ძალის. მე ცეცხლით და მახვილით ვცდილობ გავავრცელო მათში ამ ფაქტის უტყუარობა და ჭეშმარიტება, მაგრამ ჯერჯერობით ამაოდ.

  • ბაიკერის ფორმა - ეს ძალიან თინეიჯერული thing არის, რომელსაც ვერ ვიშორებ, და თავის დროზე ამის გამო დავიწყე Sons of Anarchy-ს ყურება (თუმცა მალევე მივხვდი, რომ ბაიკერების ფორმა ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი რამ იყო ამ სერიალში). ფაქტია, ქუჩაში შემხვედრ ბაიკერებზე მიშტერებას ვერ გადავეჩვიე. 

ისე კი, მიწას რომ მოვწყდე და უფრო მაღალ მატერიებზე ვისაუბრო, ჭეშმარიტი საპიოსექსუალი ვარ, ინტელექტი ყველაზე მეტად turns me on. თუმცა, რადგან ჩვეულებრივი მოკვდავიც ვარ, ზემოხსენებული რამეებიც ძლიერად მოქმედებს :))

What's your thing?

Sunday, March 5, 2017

ემოციური აჩმა

 Sex And The City-ს მორიგ სერიას ვუყურებდი, ჭიქაში ერთი ყლუპი ყავა ჩავტოვე, რომ გაციებულზე დამელია (გაციებული ყავა და პატარა ნატეხი შოკოლადი ერთად არის სამოთხე, სცადეთ!), როცა გამახსენდა, რომ ეს პოსტი მაქვს დასამთავრებელი.
პოსტი არის ურთიერთობებზე, თუ უფრო ემოციებზე. მოკლედ, ისეთ თემაზე, რაზეც ბლოგზე დიდად არასდროს ვწერდი.

იმ დღეს მორიგ სერიალს ვუყურებდი, რომლის მთავარი თემაც არის ოჯახი და ოჯახური ურთიერთობები. ერთ მეტად გულისამაჩუყებელ  სცენაზე, თვალზე ცრემლი რომ მომადგა, ოთახში დედა შემოვიდა და რაღაცის მოყოლა დამიწყო. მე ხელი ავუქნიე, არ მცალია-მეთქი. ისიც უსიტყვოდ გაბრუნდა. სერია რომ დავამთავრე თვალცრემლიანმა, უცებ მივხვდი, რომ პერსონაჟების ოჯახურ იდილიაზე ვტიროდი, მაშინ, როცა ჩემი საკუთარი ოჯახის წევრი ხელის აქნევით მოვიცილე თავიდან.

  ბოლო დროს საკმაოდ ხშირად ვფიქრობ, რომ რაც დრო გადის, ემოციები მთლიანად სხვების გავხადეთ. ხშირად ვტირით ფილმებსა თუ სერიალებზე, გმირების ბედზე, ვტირით სიმღერაზე. სამაგიეროდ, ცხოვრებაში, ჩვენს საკუთარ ურთიერთობებში, ათასგვარად ვჩქმალავთ ემოციებს.
 ვჩქმალავთ იმიტომ, რომ მაგალითად, ბიჭს, რომელსაც ხვდები, თუ უთხარი, რომ ხშირად აკვირდები როგორ ეწევა სიგარეტს, მოგწონს, თუ როგორ ატრიალებს სიგარეტის ღერს ხელში და როგორ აყოლებს თვალს გამოშვებულ ბოლს, შეიძლება ჩათვალოს რომ შენ მას ზედმეტად მიეჩვიე, attached გახდი და უბრალოდ, ურთიერთობა გაწყვიტოს. არადა, შენ უბრალოდ მოგწონს მისი მოწევის მანერა, ჯანდაბა!

 ზუსტად დღეს ვნახე Sex and the city-ს ის სერია, როდესაც კერი (სერიალის მთავარი პერსონაჟი ქალი, in case you didn't watch or even heard of this TV show, ანუ გამოქვაბულში ცხოვრობ), მისტერ ბიგს ეუბნება "მიყვარხარ" და შემდეგ ძალიან, ძალიან ბევრს ფიქრობს ამაზე და მეგობრებთან განიხილავს. ადრე ხომ არ იყო ამ სიტყვის თქმა? იქნებ ჯობდა ჯერ არ ეთქვა, იქნებ ამის გამო მისტერ ბიგი დაშორდეს? არადა, უკვე დიდი ხანია, ხვდებიან ერთმანეთს, დიდი ისტორია აქვთ.
Man, ნუთუ სერიალების და ფილმების გამო გვაქვს ცხოვრება ასე გართულებული? და გამოგონილი ამბების გავლენით ვიწესებთ ვადებს, თუ როდის უნდა უთხრა "მომწონხარ" და როდის - "მიყვარხარ". რეალურად, ხომ შეიძლება, უბრალოდ ხმამაღლა ვთქვათ, რასაც ვგრძნობთ? რამდენადაც მარტივია სათქმელად, იმდენად რთულია შესასრულებლად.

   ემოციები ზედმეტ ტვირთად, ნაკლად იქცა თითქოს. როცა ამბობ "მე ემოციური ადამიანი ვარ", მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ საღამოობით პლუშის დათუნიით ხელში ზიხარ ფანჯარასთან და ჩაის სვამ.
ემოციურობა ბევრად მეტს ნიშნავს და ძალიან რთულია მათი მართვა და მუდმივი მიჩქმალვა, მითუმეტეს დღევანდელ დღეს, როცა გარშემო ამდენი cool ადამიანია და მათ შენს ემოციურობას შეიძლება ეგრევე იარლიყი მიაკრან და "დრამა ქვინი" ან მსგავსი არც ისე სასიამოვნო ეპითეტი გიწოდონ.

 რამდენადაც ნორმალურია, რომ ფილმის პერსონაჟის ბედზე იტირო, იმდენად არაბუნებრივია, რომ შეიძლება იტირო, როცა გულცივად მოგექცევიან. ასეთ დროს შეიძლება "ისტერიულის" სტატუსიც აიკიდო, იმიტომ, რომ მგრძნობიარე ხარ. ხშირად ამ მგრძნობიარობის გადაბრალება პმს-ზე (რეენსტრუალური ინდრომი) ხდება, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ იმ სიტუაციისთვის არაადეკვატურად იქცევი, ვინაიდან პმს ქალებისთვის რაღაც ნაკლად იქცა, რომელსაც ხშირად შეგიძლია გადააბრალო შენი ესა თუ ის მოქმედება ან განწყობა. ხალხში ეს უკვე ჩვეულებრივ ნორმად იქცა და ხშირად შესაბრალისი სახით გეკითხებიან: "პმს გაქვს ხო? აბა რატომ ხარ ასე გაღიზიანებული?" იქნებ შენ ხარ მიზეზი, რატომაც ვარ ასე გაღიზიანებული? თუმცა არა, როგორ შეიძლება ვინმე ადამიანი (და მითუმეტეს შენ) იყო დამნაშავე, რა თქმა უნდა, ჩემში არსებული ჰორმონებია ყველაფრის თავი და თავი, რომლებმაც მაინცდამაინც დღეს გადაწყვიტეს სისხლში გადმოფრქვევა!
თითქოს პმს რაღაც მაჯლაჯუნაა, რომელსაც ყველა ქალში ძინავს და თვის რაღაც მონაკვეთში იღვიძებს და ქალებს მარიონეტებად აქცევს. კაცებს (და ქალების ნაწილსაც) კი მშვენიერი გამოსავალი აქვთ, რომ ქალების ყველა ქცევა, თუნდაც ეს ქცევა მოცემული სიტუაციისთვის აბსოლუტურად ადეკვატური იყოს, მაგრამ კაცისთვის არახელსაყრელი, პმს-ს დააბრალონ და არა იმას, რომ შესაძლოა ისინი (კაცები) იყვნენ გამომწვევი მიზეზი.

 მე ემოციური (ემოციურად ლაბილური, მტირალა - რაც გინდათ, დაარქვით) ადამიანი ვარ. და რომ იცოდეთ, როგორ კარგად ვნიღბავ ამ ემოციებს, ხელში ამიტაცებდით და ისე ამიყვანდით ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების სცენაზე და ოსკარს გადმომცემდით ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის. მერე მეორე ოსკარსაც მომცემდით მეორეხარისხოვანი როლისთვის (ეს რა შუაშია, არ ვიცი, მაგრამ ერთი ფილმიდან გამახსენდა ფრაზა, პერსონაჟ ქალს ერთი კაცი ეუბნება, შენს ცხოვრებაში მეორეხარისხოვან როლს ნუ თამაშობო).
იმას ვამბობდი, რომ იმდენად მეშინია, რომ ამ ემოციურობის გამო შეიძლება ურთიერთობა გამიფუჭდეს, იქნება ეს მეგობართან თუ ვინმე ბიჭთან, რომ ძალიან წარმატებით ვთამაშობ cool გოგოს, რომელიც, ჰეჰ, არა, რა ემოციები, I'm totally fine. ნუ, მოკლედ, როგორცაა.

ხოდა ეს სემიჩკასავით პოსტი უცებ მსუყე და ცხიმიან აჩმა-პოსტად იქცა, შუაზე რომ ხვდები, როგორ მოგყირჭდა ამდენი ცხიმი. მაგრამ მაინც რაღაცნაირად გემრიელია და გინდა, ბოლომდე დაამთავრო. ჰო? :)

პ.ს სხვათაშორის, რამდენადაც არასწორი ქმედებებით და სიბეცით გამოვირჩევი საკუთარ ურთიერთობებში, იმდენად ბრძენი და ჭკვიანი ვარ სხვის ურთიერთობებში, იმ ანდაზის არ იყოს. ასე რომ, თუ რამე გაგიჭირდეთ/დაგჭირდეთ, თამამად მომმართეთ, რამე სახეიროს აუცილებლად გეტყვით.

პ.პ.ს ზემოთმოყვანილი მაგალითები თუ ეპითეტები მაინცდამაინც მე არ გადამხდენია, ზოგადი გამოცდილებით ვსაუბრობ. ეს დაზუსტება იმისთვის, რათა არ გეგონოთ, რომ ვინმეზე განაწყენებული ვწერ ამ პოსტს :)

ასეთი გულახდილი საჯაროდ კაი ხანია, არ ვყოფილვარ. It's fun.

Saturday, March 4, 2017

სამდღიანი დასვენების მეორე დღე

რაღაც დიდ პოსტს შევეჭიდე გუშინ და ყოველდღიური პოსტვის რეჟიმიდან ამომაგდო. ჯერ კიდევ არ დამიმთავრებია, ამ დღეებში დავასრულებ წესით.

გუშინ კარგი დღე მქონდა, უკვე მიხარია, რომ ბათუმში არ/ვერ წავედი ^_^ ამ დღის წყალობით  ჩემი 2017 წლის გეგმებში წინ წავიწიე, სხვათაშორის.

დღეს ჯერ მცონარა დღის რეჟიმში ვარ და ვფიქრობ, ამ რიტმში გავაგრძელო დღის დარჩენილი ნაწილი, თუ თავი ვაიძულო და გარეთ გავიდე.
გარეთ კი ნამდვილი გაზაფხულია, ეზოდან ბავშვების ჟრიამული ამოდის, დიდი დიღმის ქარი ჩვეულად ქრის და რა თქმა უნდა, კორპუსების მშენებლობის ხმიანობა გასდევს ამ ყველაფერს.

გუშინ კარიბის ზღვის მეკობრეების ახალ ტრეილერს ვუყურე სამჯერ - მაისამდე სულ ცოტა დრო დარჩა! ოჰოჰოჰო! ბოლო ნაწილია, man, ამის მეტი აღარ გამოვა. ალბათ კინოში ტირილით გავსკდები.


პ.ს არ ვიცი შენიშნეთ თუ არა (ძაან გამიკვირდებოდა, რომ შეგემჩნიათ), წინა პოსტს ახალი ლეიბლი დავამატე - SNAFU, მილიტარისტული აბრევიატურაა და იშიფრება როგორც: Serious Nothing, All Fucked Up.  ამიერიდან ეგეთ ფრუსტრირებულ პოსტებს მივაკრავ ხოლმე ამ იარლიყს.

Thursday, March 2, 2017

სამდღიანი დასვენება

ხვალ 3 მარტია, პარასკევი. დასვენებაა. ანუ, სამდღიანი დასვენება მოდის.

ამ დროს, რას ვაკეთებ მე? არაფერს. აბსოლუტურად არაფერს!
იცით, რამდენმა მეგობარმა მითხრა უარი ქალაქიდან გასვლაზე? ყველამ!
რაღაც მომენტებში ფრუსტრაციას ვგრძნობ, ვდუღვარ და გადმოვდივარ, მერე ჩემს თავს ვეუბნები, დამშვიდდი, ბი ქულ, მარტო წადი სადაც გინდა წასვლა. ბუქინგ.ქომ გავხსენი და დავიწყე სასტუმროების ძებნა, მივხვდი, რომ მარტო არ მინდა წასვლა, ჩავხურე და ისევ ფრუსტრაციას მივეცი. მერე ისევ დავმშვიდდი, მეთქი, ვერაფერს ვუშველი მაინც. ცოტა ხანში ალბათ ისევ ვფრუსტრირდები და ასე :D


ესეც დამწვარი სემიჩკასავით პოსტი.

Wednesday, March 1, 2017

Old school rising

გუშინ დღის მიწურულს, სამსახურში მარტო ვიჯექი და მას შემდეგ რაც თმა ავიკეცე, სანტისიმოს მარწყვის იოგურტს ვსვამდი, "ლოვე"-ს კევს ვაღლაჭუნებდი, ბუშტებს ვბერავდი და უძველეს პოსტებს ვკითხულობდი, გადავწყვიტე, რომ ბლოგს მტვერი გადავწმინდო და აქტიურად ვწერო ასეთი, საყოფაცხოვრებო პოსტები (კევის ღლაჭუნი და stuff). უფრო რთული და ფილოსოფიური პოსტები, რომლებსაც ისედაც გადატვირთული გონების კიდევ უფრო დაძაბვა ჭირდება, არ მაინტერესებს. ასეთი პოსტები კი სემიჩკასავით მიდის (ან ყავასავით, როგორც გენებოთ).

დღეს გაზაფხული მოვიდა, yaay! მართლა ძალიან მიხარია. დილით თვალები რომ გავახილე, ჩიტების ჭიკჭიკი მომესმა. სამზარეულოში გავბარბაცდი, მზით განათებული დამხვდა და სინათლემ ცოტა დამაბრმავა (ჩემს ოთახში მუდმივი სიბნელეა). მოკლედ, კარგია გაზაფხული.
 (ალბათ მარტი თავს მოიგიჟიანებს და ამ მზიან დღეებს ცხვირში ამოგვადენს, მაგრამ მაინც)

ჰოდა, სულ ესაა. ბლოგერებმა (თუ ასეთები კიდევ არსებობთ) გთხოვთ, მომბაძეთ. ჩემი პოსტების კითხვაზე მეტად სხვისი პოსტების კითხვა მსიამოვნებს :)