Friday, March 31, 2017

მთა

არ ვიცი, ახლა რატომ მომინდა ამაზე წერა, მაგრამ უნდა დავწერო :)

"მხოლოდ მთებშია თავისუფლება" - ეს ფრაზა ხომ ყველას გაგიგიათ?  ჩემს საძულველ ფრაზებში შედის. ზუსტად არ ვიცი, რატომ, ალბათ იმ ადამიანების პათეტიკურობის გამო, ვინც ამ ფრაზას ხმარობენ. მოკლედ, ახსნას აზრი არ აქვს.

მაგრამ... აღმოჩნდა, რომ აქამდე უბრალოდ არ მესმოდა ამ ფრაზის მნიშვნელობა, იმიტომ, რომ მთა ნანახი არ მქონდა. ჰო, აი ასე, 28 წლის ისე მოვიყარე, რომ მთა თვალით არ მენახა. თუ არ ჩავთვლით ერთხელ კახეთში, ენისელიდან დანახულ კავკასიონს.

გასულ შემოდგომას, ეს დღეც დადგა, ყაზბეგში მარათონზე წავედი. გზად, მარშუტკაში, ჩემ გვერდით უცხოელი ბიჭი იჯდა და მთებისკენ რომ გადავუხვიეთ, ისიც კი გავაოცე პირდაღებულობით. დიახ, პირდაპირი მნიშვნელობით პირღია შევყურებდი ცამდე აზიდულ მთებს, კისერი კი ლამის მომწყდა აქეთ-იქით ტრიალისგან. აღარ ვიცოდი, საით გამეხედა, ყველა მხარეს იმდენად დიდებული სანახაობა იყო.
(აქ შეგნებულად გამოვტოვებ იმ ნაწილს, როცა გუდაური ვერ ვიცანი და მოგვიანებით ვიკითხე, ის იმდენი სასტუმრო რომ გამოვიარეთ, რა ადგილი იყო-მეთქი.)

მაშინ მივხვდი, რომ მთის შესახებ რაც კი წამეკითხა, ან ინტერნეტში ფოტო-მასალა მენახა, რეალობის მხოლოდ გაცრეცილი, უმსგავსო ასახვა იყო. მთაში რაც ხდება, ის ჯადოსნობა, რომელსაც იქ ყოველ წამს გრძნობ, ვერასდროს გადმოიცემა ფოტოებით და აღიწერება სიტყვებით. შეუძლებელია, იქ რაღაც დაფარულის, რაღაც ჯადოსნურის არ გჯეროდეს.
 ჩვენი გესთჰაუსის უკან აღმართულ კლდოვან მთებს რომ ვუყურებდი, რომლებიც თან საშიში იყო და თან აღმაფრთოვანებდა, მივხვდი, როგორი პატარა და უსუსური ვარ. მაგრამ ეს შეგრძნება დამამცირებელი კი არ იყო, პირიქით, ყველაზე თავისუფლად და ამაყად ვიგრძენი თავი.
(ჰო, ის ფრაზა.)

მთას საშინელი მონატრებაც სცოდნია. თვეები გავიდა და თითქმის ყოველდღე მახსენდება და მენატრება.

გერგეთზე ვერ ავედით მაშინ, წელს ეგეც უნდა ავისრულო.

2 comments:

  1. ყოველთვის მთებთან ვამჯობინებდი.
    მიხარია რომ შეგიყვარდა :)

    ReplyDelete
  2. ეგ ფრაზა არც მე მიყვარს და ზოგადად ეგეთი რადიკალური ფრაზები, მაგრამ მთებს მართლაც საოცარი ძალა აქვთ :)

    ReplyDelete