Sunday, March 5, 2017

ემოციური აჩმა

 Sex And The City-ს მორიგ სერიას ვუყურებდი, ჭიქაში ერთი ყლუპი ყავა ჩავტოვე, რომ გაციებულზე დამელია (გაციებული ყავა და პატარა ნატეხი შოკოლადი ერთად არის სამოთხე, სცადეთ!), როცა გამახსენდა, რომ ეს პოსტი მაქვს დასამთავრებელი.
პოსტი არის ურთიერთობებზე, თუ უფრო ემოციებზე. მოკლედ, ისეთ თემაზე, რაზეც ბლოგზე დიდად არასდროს ვწერდი.

იმ დღეს მორიგ სერიალს ვუყურებდი, რომლის მთავარი თემაც არის ოჯახი და ოჯახური ურთიერთობები. ერთ მეტად გულისამაჩუყებელ  სცენაზე, თვალზე ცრემლი რომ მომადგა, ოთახში დედა შემოვიდა და რაღაცის მოყოლა დამიწყო. მე ხელი ავუქნიე, არ მცალია-მეთქი. ისიც უსიტყვოდ გაბრუნდა. სერია რომ დავამთავრე თვალცრემლიანმა, უცებ მივხვდი, რომ პერსონაჟების ოჯახურ იდილიაზე ვტიროდი, მაშინ, როცა ჩემი საკუთარი ოჯახის წევრი ხელის აქნევით მოვიცილე თავიდან.

  ბოლო დროს საკმაოდ ხშირად ვფიქრობ, რომ რაც დრო გადის, ემოციები მთლიანად სხვების გავხადეთ. ხშირად ვტირით ფილმებსა თუ სერიალებზე, გმირების ბედზე, ვტირით სიმღერაზე. სამაგიეროდ, ცხოვრებაში, ჩვენს საკუთარ ურთიერთობებში, ათასგვარად ვჩქმალავთ ემოციებს.
 ვჩქმალავთ იმიტომ, რომ მაგალითად, ბიჭს, რომელსაც ხვდები, თუ უთხარი, რომ ხშირად აკვირდები როგორ ეწევა სიგარეტს, მოგწონს, თუ როგორ ატრიალებს სიგარეტის ღერს ხელში და როგორ აყოლებს თვალს გამოშვებულ ბოლს, შეიძლება ჩათვალოს რომ შენ მას ზედმეტად მიეჩვიე, attached გახდი და უბრალოდ, ურთიერთობა გაწყვიტოს. არადა, შენ უბრალოდ მოგწონს მისი მოწევის მანერა, ჯანდაბა!

 ზუსტად დღეს ვნახე Sex and the city-ს ის სერია, როდესაც კერი (სერიალის მთავარი პერსონაჟი ქალი, in case you didn't watch or even heard of this TV show, ანუ გამოქვაბულში ცხოვრობ), მისტერ ბიგს ეუბნება "მიყვარხარ" და შემდეგ ძალიან, ძალიან ბევრს ფიქრობს ამაზე და მეგობრებთან განიხილავს. ადრე ხომ არ იყო ამ სიტყვის თქმა? იქნებ ჯობდა ჯერ არ ეთქვა, იქნებ ამის გამო მისტერ ბიგი დაშორდეს? არადა, უკვე დიდი ხანია, ხვდებიან ერთმანეთს, დიდი ისტორია აქვთ.
Man, ნუთუ სერიალების და ფილმების გამო გვაქვს ცხოვრება ასე გართულებული? და გამოგონილი ამბების გავლენით ვიწესებთ ვადებს, თუ როდის უნდა უთხრა "მომწონხარ" და როდის - "მიყვარხარ". რეალურად, ხომ შეიძლება, უბრალოდ ხმამაღლა ვთქვათ, რასაც ვგრძნობთ? რამდენადაც მარტივია სათქმელად, იმდენად რთულია შესასრულებლად.

   ემოციები ზედმეტ ტვირთად, ნაკლად იქცა თითქოს. როცა ამბობ "მე ემოციური ადამიანი ვარ", მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ საღამოობით პლუშის დათუნიით ხელში ზიხარ ფანჯარასთან და ჩაის სვამ.
ემოციურობა ბევრად მეტს ნიშნავს და ძალიან რთულია მათი მართვა და მუდმივი მიჩქმალვა, მითუმეტეს დღევანდელ დღეს, როცა გარშემო ამდენი cool ადამიანია და მათ შენს ემოციურობას შეიძლება ეგრევე იარლიყი მიაკრან და "დრამა ქვინი" ან მსგავსი არც ისე სასიამოვნო ეპითეტი გიწოდონ.

 რამდენადაც ნორმალურია, რომ ფილმის პერსონაჟის ბედზე იტირო, იმდენად არაბუნებრივია, რომ შეიძლება იტირო, როცა გულცივად მოგექცევიან. ასეთ დროს შეიძლება "ისტერიულის" სტატუსიც აიკიდო, იმიტომ, რომ მგრძნობიარე ხარ. ხშირად ამ მგრძნობიარობის გადაბრალება პმს-ზე (რეენსტრუალური ინდრომი) ხდება, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ იმ სიტუაციისთვის არაადეკვატურად იქცევი, ვინაიდან პმს ქალებისთვის რაღაც ნაკლად იქცა, რომელსაც ხშირად შეგიძლია გადააბრალო შენი ესა თუ ის მოქმედება ან განწყობა. ხალხში ეს უკვე ჩვეულებრივ ნორმად იქცა და ხშირად შესაბრალისი სახით გეკითხებიან: "პმს გაქვს ხო? აბა რატომ ხარ ასე გაღიზიანებული?" იქნებ შენ ხარ მიზეზი, რატომაც ვარ ასე გაღიზიანებული? თუმცა არა, როგორ შეიძლება ვინმე ადამიანი (და მითუმეტეს შენ) იყო დამნაშავე, რა თქმა უნდა, ჩემში არსებული ჰორმონებია ყველაფრის თავი და თავი, რომლებმაც მაინცდამაინც დღეს გადაწყვიტეს სისხლში გადმოფრქვევა!
თითქოს პმს რაღაც მაჯლაჯუნაა, რომელსაც ყველა ქალში ძინავს და თვის რაღაც მონაკვეთში იღვიძებს და ქალებს მარიონეტებად აქცევს. კაცებს (და ქალების ნაწილსაც) კი მშვენიერი გამოსავალი აქვთ, რომ ქალების ყველა ქცევა, თუნდაც ეს ქცევა მოცემული სიტუაციისთვის აბსოლუტურად ადეკვატური იყოს, მაგრამ კაცისთვის არახელსაყრელი, პმს-ს დააბრალონ და არა იმას, რომ შესაძლოა ისინი (კაცები) იყვნენ გამომწვევი მიზეზი.

 მე ემოციური (ემოციურად ლაბილური, მტირალა - რაც გინდათ, დაარქვით) ადამიანი ვარ. და რომ იცოდეთ, როგორ კარგად ვნიღბავ ამ ემოციებს, ხელში ამიტაცებდით და ისე ამიყვანდით ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების სცენაზე და ოსკარს გადმომცემდით ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის. მერე მეორე ოსკარსაც მომცემდით მეორეხარისხოვანი როლისთვის (ეს რა შუაშია, არ ვიცი, მაგრამ ერთი ფილმიდან გამახსენდა ფრაზა, პერსონაჟ ქალს ერთი კაცი ეუბნება, შენს ცხოვრებაში მეორეხარისხოვან როლს ნუ თამაშობო).
იმას ვამბობდი, რომ იმდენად მეშინია, რომ ამ ემოციურობის გამო შეიძლება ურთიერთობა გამიფუჭდეს, იქნება ეს მეგობართან თუ ვინმე ბიჭთან, რომ ძალიან წარმატებით ვთამაშობ cool გოგოს, რომელიც, ჰეჰ, არა, რა ემოციები, I'm totally fine. ნუ, მოკლედ, როგორცაა.

ხოდა ეს სემიჩკასავით პოსტი უცებ მსუყე და ცხიმიან აჩმა-პოსტად იქცა, შუაზე რომ ხვდები, როგორ მოგყირჭდა ამდენი ცხიმი. მაგრამ მაინც რაღაცნაირად გემრიელია და გინდა, ბოლომდე დაამთავრო. ჰო? :)

პ.ს სხვათაშორის, რამდენადაც არასწორი ქმედებებით და სიბეცით გამოვირჩევი საკუთარ ურთიერთობებში, იმდენად ბრძენი და ჭკვიანი ვარ სხვის ურთიერთობებში, იმ ანდაზის არ იყოს. ასე რომ, თუ რამე გაგიჭირდეთ/დაგჭირდეთ, თამამად მომმართეთ, რამე სახეიროს აუცილებლად გეტყვით.

პ.პ.ს ზემოთმოყვანილი მაგალითები თუ ეპითეტები მაინცდამაინც მე არ გადამხდენია, ზოგადი გამოცდილებით ვსაუბრობ. ეს დაზუსტება იმისთვის, რათა არ გეგონოთ, რომ ვინმეზე განაწყენებული ვწერ ამ პოსტს :)

ასეთი გულახდილი საჯაროდ კაი ხანია, არ ვყოფილვარ. It's fun.

10 comments:

  1. 1) Sex and the City FOREVER !!! რამდენი თემა და საკითხია (და არა მხოლოდ ურთიერთობებზე), რაზეც ჩვენ ახლა გევიგეთ და იმათ კიდე 90-იან წლებში უკვე იცოდნენ და ასე კარგად შლიდნენ სერიალში.

    2) მეც შენსავით ვიტოვებ რამდენიმე ყლუპ ყავას და გაციებულს რომ ვსვამ, დიდი საქმე მგონია. თითქოს სხვა, ახალი სასმელი იყოს. სამსახურშიც ვიტოვებ და შესვენების დროისთვის უკვე როცა მშივდება, მოვსვამ და მშველის.

    3) Berger რომ ეუბნება გოგოებს, ხომ გახსოვს, ამდენს ნუ მარჩიელობთ, there are no mixed messages - ო და მირანდას რომ გულზე მოეშვება. ყველაფერი მაინც შიშებამდე დადის. ერთნაირად გვეშინია ქალებსაც და კაცებსაც. სამანტაც როგორ ნერვიულობდა, წამომცდაო. მერე ის მისი რიჩარდიც. ხომ აღიარა, მეშინოდაო.

    The good news is ..... ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ ყველაფერი გვიხდება :) :) ქულობაც, მშიშრობაც, ზედმეტი ემოციურობაც. ჩვენი ხელიდან ყველაფერი საყვარელი ჩანს.

    <3 გემრიელი საკითხავი იყო. :* :*

    ReplyDelete
    Replies
    1. თინიტა ^_^ ჰო, მიქსდ მესიჯები არ უნდა ვეძებოთ არსად, უბრალოდ მგონია რომ გულწრფელობა გვაკლია ერთმანეთთან, ანუ კაცებსაც და ქალებსაც, რაც ყველაფერს ართულებს :)) თორემ ხომ შეიძლება, პირდაპირ ვკითხოთ, რას გულისხმობდა ამა თუ იმ სიტყვებით თუ ქმედებით და ყველაფერს ნათელი მოეფინება და ცხოვრებაც გამარტივდება.

      Delete
    2. ერთი კვლევაა, რომლის თანახმადაც პირდაპირ ლაპარაკი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ხალხს სჩვევია, სამხრეთელებს - არა.
      მართალი ხარ, ეს ბევრ რამეს ართულებს. ჩვენთვის უცხოა.

      Delete
  2. ზოგადად, გადასარევი თემააა დასაწერად.
    აი, მე გაბრაზებულ პოსტს დავწერდი ახლა და ჩემს მაგალითებსაც მივაყოლებდი.
    ყველაზე ცუდი მაინც ისაა,რომ ხანდახან, ცოტა ხნით მაინც, ხისტდები. შენს თავს ეუბნები, აი, ემოციურობამ რა გიქნა, ყინულივით უნდა იყო და ბლა ბლა ... ეს იმხელა გულისხმევას ითხოვს, დიდხანს ვერ გაძლებ, თუ მართლა ემოციური ხარ, მაგრამ იმ მოკლე დროში თუ ვინმეს გადაეყრები, დიდი ყურადღება უნდა მიაქციო იმას, რომ სხვების ნაცვლად მათ არ ატკინო...
    ემოციურობაზე კაიფი კი, gaslighting-ის და ბულინგის ერთ-ერთი კარგად ნაცადი ვარიანტია,სამწუხაროდ....
    :(

    წავედი, ვინაღვლო :D

    ReplyDelete
    Replies
    1. დაწერე შენც, ქრისტი, ყველას გადმოსახედიდან საინტერესოა :)

      Delete
  3. ჩემი სათქმელი თქვი ზუსტად <3

    ReplyDelete
    Replies
    1. ეჰ :) ემოციური overthinker-ი გოგოების კლუბი ხომ არ შეგვექმნა? :დ

      Delete
    2. კარგი აზრია :დ

      Delete
  4. ეტყობა პოსტსაც რომ ძალიან გულახდილი ხარ :)

    პმს-ს რაც შეეხება კიდე, მართლა საშინელი რაღაცაა, ეტყობა შენ ჩემნაირად არ გაწვალებს, ისედაც ხო არ ვუჩივი შენსავით cool-ობად შეფუთულ ვითომ არაემოციურობას, მაგრამ პმს-ის დროს მართლა გაასმაგებულია-ხოლმე ყველაფერი. კარგია ეგრე თუ არ გაწუხებს, თორე მიხვდებოდი :(

    პ.ს რა საშინელებაა მართლა არა, სხვების გასაჭირების გულთან ახლოს მიტანა და საკუთარის დაიგნორება ზემოთხსენებულ მიზეზთა გამო..

    ReplyDelete
    Replies
    1. უი არა, პმს მე მაწუხებს, თუ მაწუხებს :)) საკმაოდ მძაფრად გამოხატული მაქვს ხოლმე. არა მარტო ემოციური, არამედ ფიზიკური ნიშნებითაც.

      Delete