Friday, August 6, 2010

Confessions of Jane Austen [or internet] addict

გუშინ ჯენიფერ ლოპესის კლიპს ვუყურებდი იუთუბზე და დავფიქრდი, რამდენი რაღაც შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში. მაშინ, 90-იანების ბოლოს და 2000 წლის დასაწყისში ყველაფერი ისე უბრალოდ იყო, მარტივი სიუჟეტით - კლიპში გოგო დილით იღვიძებს, ქუჩაში პოულობს ფულს, ყიდულობს ახალ ტანსაცმელს და საღამოს კლუბში მიდის. მაშინ ასეთ კლიპებს იღებდნენ, ახლა კი ადამიანებს ფეხზე ოც სანტიმეტრიანი საშინელებები აცვიათ და რობოტებს გვანან. მაშინ გოგოები უბრალოდ ცეკვავდენ, ტანის ლამაზი მოძრაობებით. ახლა კი მგონია რომ ყველაფერი ელექტრონული ხდება - მუსიკაც და ადამიანებიც.

ძნელია, შენც არ შეიცვალო. ამიტომ, ძალიან მიხარია რომ კვირას სოფელში მივდივარ. იქ ტელევიზორიც კი არ იჭერს ნორმალურად, მარტო ხმა ისმის ძირითადად და რადიოს ფუფუნებით ვტკბებით ხოლმე. ახლა მახსენდება, ბავშვობაში სოფლის ტახტზე წამოწოლილი რომ ვუსმენდი რადიოში ზღაპრებს, ან ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებზე დადგმულ აუდიო-სპექტაკლს.

სოფელში კი ისევ მე და წიგნები დავრჩებით მარტო. წავიღებ რამდენიმეს, შეიძლება უკვე წაკითხულსაც [ახლა ვფიქრობ, 'უკანასკნელი მოჰიკანი' ხომ არ წავიღო, გუშინ გადავიკითხე, მაგრამ იქ სხვა გემო ექნება :D]. ბავშვობის წიგნების პერიოდი მაქვს. დიუმას წაკითხვის სურვილი გამიჩნდა დღეს, აი მოჰიკანები გუშინ დავამთავრე, როგორც ვთქვი. ჯეინ ოსტინი მინდა მქონდეს, კარგად წაიკითხებოდა იქ. ბედის ირონიით, 'Pride and Prejudice'-ის ელექტრონული ვერსია მაქვს.

აი, ეს სასაცილო ფოტოები ვნახე ამ წუთას ინტერნეტში, ზუსტად თემის შესაფერისი -



პ.ს ჩემს პოსტებს ლამაზ ადამიანებზე, სოფლიდან ჩამოსვლის შემდეგ გავაგრძელებ :)

Sunday, August 1, 2010

მე და ლამაზი ადამიანები: წიგნი და კინო

მე მიყვარს ლამაზი ადამიანები. თუმცა, ალბათ ყველას უყვარს.. მაგრამ მაინც, მგონია, რომ მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს მათ მიმართ. ზოგადად დიდი ხანია ვაპირებ პოსტის დაწერას სილამაზეზე - თითქმის ბლოგის შექმნიდან, მაგრამ ვერასდროს დავიწყე. მგონია რომ რამეს გამოვტოვებ, ან სათქმელს ვერ გადმოვცემ კარგად.

ახლაც არ ვიცი, ზაფხულის ამ ცხელ საღამოს, რამ გამახსენა ეს თემა. თუმცა, მაინც არ ვაპირებ ახლა დაწერას. ან, შეიძლება ითქვას, რომ ის, რაზეც ვწერ, შეიძლება შესავალიც იყოს იმ პოსტის, რომელიც სილამაზეს შეეხება და რომელსაც ალბათ მალე დავწერ :)

ბავშვობიდან, როცა წიგნებში ვკითხულობდი სხვადასხვა ლამაზი ქალის აღწერას, ძალიან მიტაცებდა დეტალები - თუ როგორი ხელები, ან რა ფერის თვალები და თმა ჰქონდა. მერე როცა იგივე ქალებს განხორციელებულს ვხედავდი ფილმებში, თითქმის ყოველთვის იმედგაცრუებული ვრჩებოდი, როცა ჩემი წარმოსახვითი მზეთუნახავების ნაცვლად ვინმე ცნობილი, ხელოვნური მსახიობი შემრჩებოდა ხოლმე ხელთ. ახლა პირველი შორენა კოლონკელიძე მახსენდება. როგორი სათუთად ჰყავს წარმოჩენილი კონსტანტინეს, ისე აღწერს, რომ უბრალოდ, სხვა ქალისკენ გახედვა აღარ მოგინდება. ამ დროს, ვისაც ფილმში გყავთ ნანახი, დამეთანხმებით რომ ოდნავადაც არ ჰგავს კონსტანტინეს შორენას. და მე ორმაგად იმედგრაცურებული ვარ, რომ ეს მსახიობი სწორედ გამსახურდიამ შეარჩია.

რა თქმა უნდა, საქმე მხოლოდ გარეგნობაში არ არის. შეიძლება უბრალოდ ისე ითამაშოს მსახიობმა, რომ ის გმირი შეიგრძნო. ამის მაგალითად ანჟელიკა მახსენდება. მიშელ მერსიეს არ აქვს მწვანე თვალები, მაგრამ ჭეშმარიტი ანჟელიკაა, ჩემი აზრით.


რამდენიმე დღის წინ, ჯეინ ეარს ვუყურე. შედარებით ახალი ვერსიაა - 2006 წელს გადაღებული, 4 ეპიზოდად. ეს იყო ერთადერთი ფილმი, სადაც მეგონა, რომ წიგნს ვკითხულობდი. რამდენიმე მომენტში ისე ცხადად შევიგრძენი ზუსტად ის ემოცია, რაც წიგნის კითხვისას მქონდა, რომ სუნთქვა შემეკრა. მისტერ როჩესტერი კი ზუსტად ისეთი იყო, როგორც, მმ.. მისტერ როჩესტერი :) ასე ახლოს ფილმის და წიგნის გმირი არ ყოფილა ერთმანეთთან.

დედოფალი მარგო კი, სხვა არავინ უნდა ყოფილიყო, გარდა იზაბელ აჯანისა.

39 წლის ასაკში, მან შესანიშნავად შეასრულა 20 წლის დედოფლის როლი. მე ვიტყოდი, ეს მისი გარეგნობის დამსახურებაა - თუ მისი ასაკი არ იცი, ფილმში ვერც მიხვდები რომ 20 წლის არ არის :)


p.s
ახლა მოვიფიქრე, რომ რამდენიმე პოსტი დავწერო ლამაზ ადამიანებზე. ეს კი პირველი ნაწილი გამოდის..

ჰო, სავარაუდოდ, სულ ქალებზე იქნება. ალბათ იმიტომ, რომ მამაკაცში გარეგნობაზე მეტად სხვა რაღაცეებს ვაფასებ :)