Sunday, November 24, 2013

All The Small Things around

    “Christmas was coming. One morning in mid-December, Hogwarts woke to find itself covered in several feet of snow. The lake froze solid and the Weasley twins were punished for bewitching several snowballs so that they followed Quirrell around, bouncing off the back of his turban.”

                                                            - J.K. Rowling, Harry Potter and the Philosopher's Stone


ბარსელონა

   ძალიან მინდა, წელს შობას, ზუსტად 25 დეკემბერს, თოვლი მოვიდეს, თეთრი და ფაფუკი. ფეხები ვაღრაჭუნო ახალდადებულ თოვლში, მერე კურტკაში (ჩემსაში არა) ჩავრგო თავი და ფიფქებისგან თმა გამითეთრდეს.
  მინდა პატარა კაფეში დავჯდე, რომელსაც ფანჯრებზე მოციმციმე ნათურები ექნება, დიდი ჭიქით ყავა შევუკვეთო და იქიდან ვუყურებდე,  გარეთ როგორ ცვივა ფანტელები.

 * * *

   ამასობაში მე მუშაობა დავიწყე და ახალი ბლოგი გავაკეთე. სამსახურით კმაყოფილი ვარ, ბლოგს რაც შეეხება, ჰქვია All The Small Things და ინსპირაცია ჩემი ჰანნასგან მოდიოდა, რომელმაც მითხრა, რომ ამგვარი ქართულენოვანი ბლოგების დეფიციტია და მე უნდა მეკისრა ეს საქმიანობა.
  ბლოგი არის მსუბუქი, განსატვირთი, პირად ამბებს მოკლებული და სამსახურში, ლანჩზე ან თუნდაც მგზავრობისას გადასაკითხი. ცოტა მეშინოდა, რომ მთელი დრო და ყველა იდეა მას არ წაეღო, მაგრამ ასე არ მოხდა.
  გამიხარდება, თუ მათ, ვისაც უყვარს და მოსწონს Wonderland-ი, ასევე შეიყვარებს და დაუმეგობრდება პიტნის ლიმონათიან ბლოგს, ასევე მის Facebook page-ს.

Thursday, November 14, 2013

სკორპა ნანგიალაში გაფრინდა

   თავიდან მინდოდა, ასტრიდისთვის წერილის მსგავსი მილოცვა მიმეწერა; დავიწყე კიდეც: "ძვირფასო ასტრიდ..", მაგრამ მერე გადავიფიქრე, ჩემს ძვირფას ასტრიდს ისედაც  ხომ სულ ველაპარაკები და წერილის მიწერა რაღა საჭიროა-მეთქი.

   არ ვიცი, რა ჯადოსნობის წყალობითაა, ან რომელმა ღმერთებმა განსაზღვრეს ასე, რომ სკანდინავიის ცივ ქვეყნებში ყველაზე თბილი, კეთილი მწერლები იბადებიან. ასტრიდ ლინდგრენი კი, მათ შორის გამორჩეულად კარგი, ტკბილი და ფერადი მწერალია.   
    მწერალი, რომელიც არ მომკვდარა. მე გეუბნებით, რომ არ მომკვდარა, აი, აგერ საწოლთან მიზის და ერთად ვჭამთ ფერად, ფოჩიან კანფეტებს.

  ძალიან გაციებული ვარ და ფუნთუშები ვერ გამოვაცხვე, ვერც მაჭკატები გააკეთა დედამ და როცა ვუთხარი, დღეს ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა-მეთქი, ადგა, ჩაიცვა, წავიდა და ფერად-ფერადი შოკოლადის კანფეტები მომიტანა. ჰოდა, ახლა ვწევარ საწოლში, ასტრიდიც ჩემთან ზის და ძველ ამბებს ვიხსენებთ. აბა როგორ უნდა მიმეწერა წერილი იმ ადამიანისთვის, ვინც გვერდით მიზის?

   ვსხედვართ და ვიხსენებთ ძველ დროს, ჩემს ბავშვობას, როცა ყველა დღეს ერთად ვატარებდით, გაღვიძებიდან დაძინებამდე. როცა მის წიგნებს ათასჯერ, ათიათასჯერ ვკითხულობდი, უკვე ზეპირად დამახსოვრებულ ფრაზებს და წინადადებებს და არ მბეზრდებოდა, არასდროს მომბეზრებია მათი კითხვა.

  დიდი მეგობრობა გვქონდა გაჩაღებული, ასტრიდმა მთელი შვედეთი შემომატარა (და არა მარტო). გადავშლიდი რომელიმე წიგნს და, თავს ამოვყოფდი  ბიულერბიუში, სალტკროკაში ან სტოკჰოლმში.

  გეფიცებით, მეც ვიჯექი იქ, კარლსონთან და ბიჭუნასთან ერთად, სახურავზე, და მათთან ერთად ვსვამდი კაკაოს და ვაყოლებდი თბილ-თბილ ფუნთუშებს, მათთან ერთად მეც ვმღეროდი: "დაე იყოს დღეს მზისფერი ყველაფერი.."

  პეპის, ტომისა და ანიკასთან ერთად მეც გავიპარე დაუსახლებელ კუნძულზე. მთელ თავგადასავალში ვიყავი ჩართული, სიხარულისგან გული ისე გამალებით მიცემდა, რომ საღამოს კბილების გამოხეხვა დამავიწყდა.

  დღემდე მჯერა, რომ ლიზის ოთახი ყველაზე მყუდრო ოთახია მსოფლიოში და მე ამ ოთახში მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული.
  
  უნდა გამოგიტყდეთ, ასტრიდმა ერთ მავნე საქმიანობას მიმაჩვია. მისი დამსახურებაა, ჭამის დროს კითხვა რომ მიყვარს და შესაბამისად, მის ყველა წიგნს ერთი ლაქა მაინც აქვს სამახსოვროდ. სხვაგვარად როგორ შეიძლებოდა, როცა ჩემი წიგნის მეგობრები ისეთ გემრიელ რამეებს მიირთმევდნენ, როგორიცაა მურაბამოსხმული მაჭკატები, შემწვარი გუფთა და ცხელი ფუნთუშები.

     დღევანდელი დღისთვის კი, ყველაზე კეთილი, ყველაზე სევდიანი ამბავი უნდა გადავიკითხო, ჯონათანსა და მის პატარ ძმა სკორპაზე, რომელიც ნანგიალაში გაფრინდა. პირველად რომ წავიკითხე, უკვე ძალიან დიდი ვიყავი და რატომღაც, ძალიან მხიარულ ისტორიას ველოდი, როგორებსაც მიმაჩვია ჩემმა მეგობარმა ასტრიდმა. მაგრამ ეს ამბავი, ამბავი ძმებ ლომგულებზე, სულაც არ აღმოჩნდა მხიარული, პირიქით, ყელში ბურთი რომ გამეჩხირა, ბოლომდე ასე ვიყავი და თვალები ცრემლებით მქონდა სავსე.




  დასასრულს, მაინც ვერ მოვითმენ, აქედან რომ არ ვუთხრა ჩემს ძველ მეგობარს ორიოდე სიტყვა:

   მადლობა, ძვირფასო ასტრიდ.  შენი წყალობით, მე ცოტა უფრო უკეთესი ადამიანი ვარ, მჯერა სიკეთის და კეთილი ადამიანების. მჯერა, რომ სადღაც, სტოკჰოლმის სახლებს შორის, ზუზუნით დაფრინავს კარლსონი; შვედეთის ერთი პატარა ქალაქის ქუჩაზე არსებობს ვილა "ყიყლიყო" და იქ წითურ გოგონას სძინავს ბალიშზე ფეხებშემოწყობილს; რომ კარგი ადამიანები გარდაცვალების შემდეგ ნანგიალაში ხვდებიან. 

 მაგრამ ეს უკანასკნელი მარტო მე, სკორპამ და ჯოანათანმა ვიცით.

Tuesday, November 5, 2013

ძვირფას მეგობარს - I'm writing you now just to see if you're better.

                                                      New york is cold, but I like where I'm living
                                                      There's music on clinton street all through the evening.

  ძვირფასო მეგობარო, ბოლოს რომ მოგწერე, ბედნიერი ვიყავი. ჩემ გარშემო ყველაფერი კარგი ხდებოდა. ახლაც ხდება კარგი, მაგრამ ყველაფერი - არა.
 
  ისევ ვაპირებ თუ დუ ლისტის შედგენას და სადმე ისეთ ადგილას გამოკვრას (მაგალითად, ბლოგზე), სულ თვალში რომ მეჩხირებოდეს.

  ალბათ დღეები ძალიან  გაიწელება, საღამოები კი პირიქით, სწრაფად ჩაირბენს.

  ღამით, როცა აივნიდან განათებულ ფანჯრებს ვხედავ, ისე მინდება პატარა, მყუდრო ბინა, სადაც საღამოობით თბილ განათებას და ტომ ვეიტსს ჩავრთავდი.

 სამზარეულოში პატარა სპილოს ეძინებოდა უშფოთველად.

  ხანდახან მეგობრული საღამოები მოეწყობოდა, ცოტა წითელი ღვინით,  გაჩახჩახებული ფანჯრებით და მოგუდული სიცილებით.

   კვირის ერთ მშვენიერ დღეს მეგობრებთან ერთად გამოცხვებოდა ლაზანიები, ღამით დიდ ჭიქებში ჩამოისხმებოდა ყავა და მოეწყობოდა ხანგრძლივი კინოსეანსები, გრეის ანატომიის ძველი, მივიწყებული სერიებით.
    
   ახლა ღამღამობით სტივენ კინგს ვკითხულობ, სანამ თვალები თავისით არ დამეხუჭება, არ ვწყვეტ კითხვას და  მოუთმენლად ველოდები შემდეგ ღამეს. იმიტომ, რომ კინგი ღამით წასაკითხი მწერალია, დღე მისი მწერლური ჯადოსნობა სადღაც, სიტყვებს შორის იმალება და მხოლოდ მზის ჩასვლის მერე იჩენს თავს.

 დღეები კი ვიქტორიანული ინგლისივით მდორედ და უწყინრად მიედინება.