Thursday, November 14, 2013

სკორპა ნანგიალაში გაფრინდა

   თავიდან მინდოდა, ასტრიდისთვის წერილის მსგავსი მილოცვა მიმეწერა; დავიწყე კიდეც: "ძვირფასო ასტრიდ..", მაგრამ მერე გადავიფიქრე, ჩემს ძვირფას ასტრიდს ისედაც  ხომ სულ ველაპარაკები და წერილის მიწერა რაღა საჭიროა-მეთქი.

   არ ვიცი, რა ჯადოსნობის წყალობითაა, ან რომელმა ღმერთებმა განსაზღვრეს ასე, რომ სკანდინავიის ცივ ქვეყნებში ყველაზე თბილი, კეთილი მწერლები იბადებიან. ასტრიდ ლინდგრენი კი, მათ შორის გამორჩეულად კარგი, ტკბილი და ფერადი მწერალია.   
    მწერალი, რომელიც არ მომკვდარა. მე გეუბნებით, რომ არ მომკვდარა, აი, აგერ საწოლთან მიზის და ერთად ვჭამთ ფერად, ფოჩიან კანფეტებს.

  ძალიან გაციებული ვარ და ფუნთუშები ვერ გამოვაცხვე, ვერც მაჭკატები გააკეთა დედამ და როცა ვუთხარი, დღეს ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა-მეთქი, ადგა, ჩაიცვა, წავიდა და ფერად-ფერადი შოკოლადის კანფეტები მომიტანა. ჰოდა, ახლა ვწევარ საწოლში, ასტრიდიც ჩემთან ზის და ძველ ამბებს ვიხსენებთ. აბა როგორ უნდა მიმეწერა წერილი იმ ადამიანისთვის, ვინც გვერდით მიზის?

   ვსხედვართ და ვიხსენებთ ძველ დროს, ჩემს ბავშვობას, როცა ყველა დღეს ერთად ვატარებდით, გაღვიძებიდან დაძინებამდე. როცა მის წიგნებს ათასჯერ, ათიათასჯერ ვკითხულობდი, უკვე ზეპირად დამახსოვრებულ ფრაზებს და წინადადებებს და არ მბეზრდებოდა, არასდროს მომბეზრებია მათი კითხვა.

  დიდი მეგობრობა გვქონდა გაჩაღებული, ასტრიდმა მთელი შვედეთი შემომატარა (და არა მარტო). გადავშლიდი რომელიმე წიგნს და, თავს ამოვყოფდი  ბიულერბიუში, სალტკროკაში ან სტოკჰოლმში.

  გეფიცებით, მეც ვიჯექი იქ, კარლსონთან და ბიჭუნასთან ერთად, სახურავზე, და მათთან ერთად ვსვამდი კაკაოს და ვაყოლებდი თბილ-თბილ ფუნთუშებს, მათთან ერთად მეც ვმღეროდი: "დაე იყოს დღეს მზისფერი ყველაფერი.."

  პეპის, ტომისა და ანიკასთან ერთად მეც გავიპარე დაუსახლებელ კუნძულზე. მთელ თავგადასავალში ვიყავი ჩართული, სიხარულისგან გული ისე გამალებით მიცემდა, რომ საღამოს კბილების გამოხეხვა დამავიწყდა.

  დღემდე მჯერა, რომ ლიზის ოთახი ყველაზე მყუდრო ოთახია მსოფლიოში და მე ამ ოთახში მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული.
  
  უნდა გამოგიტყდეთ, ასტრიდმა ერთ მავნე საქმიანობას მიმაჩვია. მისი დამსახურებაა, ჭამის დროს კითხვა რომ მიყვარს და შესაბამისად, მის ყველა წიგნს ერთი ლაქა მაინც აქვს სამახსოვროდ. სხვაგვარად როგორ შეიძლებოდა, როცა ჩემი წიგნის მეგობრები ისეთ გემრიელ რამეებს მიირთმევდნენ, როგორიცაა მურაბამოსხმული მაჭკატები, შემწვარი გუფთა და ცხელი ფუნთუშები.

     დღევანდელი დღისთვის კი, ყველაზე კეთილი, ყველაზე სევდიანი ამბავი უნდა გადავიკითხო, ჯონათანსა და მის პატარ ძმა სკორპაზე, რომელიც ნანგიალაში გაფრინდა. პირველად რომ წავიკითხე, უკვე ძალიან დიდი ვიყავი და რატომღაც, ძალიან მხიარულ ისტორიას ველოდი, როგორებსაც მიმაჩვია ჩემმა მეგობარმა ასტრიდმა. მაგრამ ეს ამბავი, ამბავი ძმებ ლომგულებზე, სულაც არ აღმოჩნდა მხიარული, პირიქით, ყელში ბურთი რომ გამეჩხირა, ბოლომდე ასე ვიყავი და თვალები ცრემლებით მქონდა სავსე.




  დასასრულს, მაინც ვერ მოვითმენ, აქედან რომ არ ვუთხრა ჩემს ძველ მეგობარს ორიოდე სიტყვა:

   მადლობა, ძვირფასო ასტრიდ.  შენი წყალობით, მე ცოტა უფრო უკეთესი ადამიანი ვარ, მჯერა სიკეთის და კეთილი ადამიანების. მჯერა, რომ სადღაც, სტოკჰოლმის სახლებს შორის, ზუზუნით დაფრინავს კარლსონი; შვედეთის ერთი პატარა ქალაქის ქუჩაზე არსებობს ვილა "ყიყლიყო" და იქ წითურ გოგონას სძინავს ბალიშზე ფეხებშემოწყობილს; რომ კარგი ადამიანები გარდაცვალების შემდეგ ნანგიალაში ხვდებიან. 

 მაგრამ ეს უკანასკნელი მარტო მე, სკორპამ და ჯოანათანმა ვიცით.

2 comments:

  1. დავტკბი! <3 ნეტავ, შეეძლოს ამ პოსტის წაკითხვა, როგორ გაუხარდებოდა. დღეს ჩემთვისაც დღესასწაულია და მიხარია, რომ ასტრიდის დღეს დაემთხვა. სტოკჰოლმში დიდი ცენტრია ბავშვებისთვის, იუნიბაკენი, ოღონდ იქ რატომღაც კარლსონზე მეტად სხვა გმირებს იცნობენ. http://www.junibacken.se/astrid-lindgren თუმცა, შიგნით კარლსონიცაა, პეპის სახლიც, ცხენიც და სხვა ყველაფერიც. ეზოში საბავშვო ეტლების გადახურული სადგომია სპეციალური, კიდევ კაფე (მენიუ ხომ წარმოგიდგენია და ჟრიამული ქერა ბუმბულა ბავშვების), სუვენირების მაღაზია და ვერანდა, რომელიც პირდაპირ ზღვაზე გადის.

    ReplyDelete
    Replies
    1. ჰო, მე მოგილოცავ შენს პირად დღესასწაულს და ხანგრძლივ ბედნიერებას გისურვებთ ორივეს ერთად <3
      ამ გვერდს კი გადავხედავ ახლა : ))

      Delete