Thursday, December 30, 2010

Tie Break - წლის პოსტი

  
   მახსოვს, შარშან როგორ არ მინდოდა შემაჯამებელი პოსტის დაწერა და რაღაც ორსიტყვიანი note დავწერე. ჰანნა მეუბნებოდა, რა იყო ეგ, კაცი იფიქრებს რომ შენ ცხოვრებაში მეტი არაფერი ხდებაო. მაშინდელი განწყობა გადმოვეცი კარგად, რომ წერა არ მინდოდა და შესაბამისი პოსტიც გამოვიდა.
   წელს პირიქით არის, წერა მინდა და მოყოლა, რა ხდებოდა ჩემს თავს ამ წლის განმავლობაში. რამდენიმე დღის წინ მობილურში ჩავიწერე რამდენიმე მოვლენა, რომ არ დამვიწყებოდა, და ეხლა ვნახე, რომ ის მოვლენები აღმინიშნავს, რაც ცხოვრებაში პირველად გავაკეთე.

  მოკლედ, წელს პირველად:

  ვითამაშე ჩოგბურთი,  და ამ მოვლენას ცალკე პოსტიც მივუძღვენი. აქ აღარ დავწერ, თუ როგორი სიამოვნებაა, თვითონ გამოსცადეთ.

  პირველად ვიჩხუბე უცნობ ადამიანებთან, თან ბიჭებთან და თან, პატარა ბიჭებთან. ახლა რომ ვიხსენებ, ძალიან მრცხვენია, მაშინ კი ისე გავბრაზდი, რომ ყოველგვარი შეკავების რეფლექსები მომეხსნა [სხვათაშორის, ესეც ჩოგბურთს უკავშირდება].
 
  მოვიპარე სიმინდი - აი, მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, და ბავშვობაში ისეთი ვიყავი, სიმინდის მოპარვას როგორ გავბედავდი. ეხლა, როცა გავიზარდე და ცუდი რაღაცეები კეთების სურვილი გამიჩნდა, ავისრულე ეს ოცნება. ნუ, მთლად მე არ გადავსულვარ ყანაში და არ მომიტეხავს ტაროები, მაგრამ თანამონაწილე ვიყავი. ისე მიხაროდა, მინდოდა ყველას გაეგო :D

  ვიყავი გასაუბრებაზე, უფრო სწორედ, ტესტირებაზე, ალდაგი BCI-ში. პირველად გავგზავნე CV, ეგრევე დამირეკეს და მივედი. მართალია ამაოდ, მაგრამ მაინც - გამოცდილებაა.

  სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებიდან  აღსანიშნავია ის, რომ 8 წლიანი სწავლის და მე ვიტყოდი, ტანჯვის შემდეგ, დავამთავრე უნივერსიტეტი [პრინციპში, ესეც პირველად მოხდა ჩემ ცხოვრებაში]. ჩავაბარე სახელმწიფო გამოცდა, რომელიც მანამდე რაღაც შიშისმომგვრელად ჟღერდა ჩემთვის, მაგრამ მორიგი, ტიპიური გამოცდა აღმოჩნდა.
 
  მქონდა ძალიან სასიამოვნო ზაფხული - ვიყავი სოფელში და იქიდან ჩამოვიტანე პოსტების ნუსხა, რომელთაგან მხოლოდ ორი იქცა ნამდვილ პოსტად. ძალიან განსხვავებული დასვენება იყო. მგონი, პირველად ვიყავი Wonderland-ში. ალბათ იმ პოსტებიდანაც ჩანს, ახლა რომ ვკითხულობ, მე თვითონ ვერ ვცნობ საკუთარ თავს.


   ასევე, პირველად მივიღე მონაწილეობა ბლოგერების კონკურსში. მართალია, წარუმატებლად, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მხოლოდ მონაწილეობაც მაკმაყოფილებს.
  სულ ეხლახან კი, ძალიან საყვარელმა ადამიანმა - ვასასიმ, მე წლის ბლოგერად დამასახელა და ჯილდოც მომცა. აქ კიდევ ერთხელ უნდა გადავუხადო მადლობა მას. უკვე აღარ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი სიხარული. ხომ ვამბობდი ადრე, ბედნიერების გადმოცემა ძნელია-მეთქი :)

   ჩემმა საყვარელმა რაფამ, წელს პირველად შეასრულა Career Grand Slam, რაც ნიშნავს იმას, რომ ოთხივე დიდი სლემის ტურნირი მოიგო სულ მცირე ერთხელ მაინც. ეს წელი მისთვის ნამდვილად განსაკუთრებული იყო და აქ იმიტომ აღვნიშნავ, რომ დიდი სიამოვნება მივიღე მისი თამაშების ხილვით და გამარჯვებით გამოწვეული ჩემი წილი სიხარულიც მერგო.

    ეხლა დავფიქრდი, და მეტს აღარ დავწერ. იყოს მხოლოდ ის, რაც პირველად მოხდა ჩემთვის და მოხდა წელს. თუ რამე დამავიწყდა, მერე რომ გამახსენდება, ჩავამატებ. ამიტომ არის კარგი ბლოგი. თან, ახალ წლამდე მინდა კიდევ ერთი პოსტიც მოვასწრო. ხომ გეუბნებით, საშინლად მაგვიანდება-მეთქი :)

Wednesday, December 29, 2010

Still waitin' for the snow to fall

 
    ახალი წელი კარს მომადგა, მე კი ჯერ მზად არ ვარ და მგონია, რომ სადღაც საშინლად მაგვიანდება. როგორ არ მიყვარს ბოლო მომენტამდე მოტოვებული საქმეები და ვერ ვიხსენებ ერთ შემთხვევასაც კი, რომ რამე თავის დროზე მომეგვარებინოს. აქაურობა ნაჩქარევად მოვრთე დღეს. თავის საშობაო ტკბილეულობით და ნაძვის ხით. უინტერნეტობამ ცალკე შემაწუხა, უკვე მეგონა რომ წელს ახალი პოსტის დაწერას ვეღარ მოვასწრებდი.

   მზიანი დღეების გამოა თუ უბრალოდ მე ვარ ასე, საახალწლო სამზადისი სადღაც გამიქრა. არა და, სულ რაღაც ერთი კვირის წინ ვგეგმავდი, თუ რა უნდა გამეკეთებინა სახაალწლოდ და რომელი ნამცხვარი გამომეცხო. იმდენი ვგეგმე, რომ მთელი ენთუზიაზმი იქ მივახარჯე და ახლა ენერგია გამოცლილი ვზივარ და ყველაფერი მეზარება. ნაძვის ხის მორთვა მინდა და თან ისე, რომ მიხაროდეს. ველოდები ხალისს და იმედია, 31 დეკემბრამდე გამოჩნდება.

  ღამღამობით კი გარეთ ვიყურები და ველოდები, რომ განათების ფონზე ფიფქებს დავინახავ. სულ ქოლდფლეის საშობაო სიმღერა მიტრიალებს თავში და თოვლს ველოდები. რა კარგი სიმღერაა არა? პირველივე მოსმენისას შემიყვარდა.

   სულ ეს იყო, დიდი არაფერი. მინდოდა მეთქვა რომ აქ ვარ, ცოცხალი ვარ და 7ობაა, ანათებს მზე :)

Friday, December 17, 2010

შერჩევითი ტოლერანტობა

   ამ თემაზე ბოლო ხანია უფრო და უფრო ხშირად მეფიქრება. ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე ორიოდე სიტყვა ვთქვა. მითუმეტეს რომ, ყოველდღე ახალი რაღაც ხდება, რაც კიდევ უფრო მიბიძგებს საწერად. ქართველ ახალგაზრდებში ძალიან მოდურია პროგრესულობა. ყველა ცდილობს, რომ სხვას არ ჩამორჩეს და ვიღაცაზე მეტად პროგრესული მოაზროვნე გახდეს. ამით ხშირად ამაყობენ კიდეც, მაგალითი შესაძლოა ბლოგებიდანაც ავიღოთ. ლიბერალიზმი, ზოგადად, ურიგო არ არის. თუ გნებავთ, იამაყეთ კიდეც. მაგრამ ამ სიტყვას წინ არ უძღვის, მაგალითად, 'თავისუფალი სქესობრივი ცხოვრების' მიმართ ლიბერალიზმი, არა? თუ ამბობ, რომ თავისუფალ ნებას აღიარებ და მისაღებია შენთვის, უნდა ბოლომდე ასე იაზროვნო. ახალგაზრდები და მითუმეტეს, პროგრესული ახალგაზრდები, ცდილობენ ყველაფრის მიმართ შემწყნარებელნი იყვნენ. ვიღაც ქუჩაში შიშველი გაივლის? რა მოხდა, ეს მისი პირადი უფლებაა, უნდა ჩაიცვამს და უნდა - არა. ვიღაცას ყოველდღე ახალი სქესობრივი პარტნიორი ჰყავს? მერე რა მოხდა, ყავდეს. ეს მისი უფლებაა და მე არაფერს მიშავებს. აი ამ ეტაპამდე, ყველაფერი იდეალურად მიდის ტოლერანტობის გრძელ და ფართო გზაზე.. თუმცა, მხოლოდ აქამდე. [ოჰ, ზევით მე ვთქვი 'ყველაფრის მიმართ'-მეთქი?]

   ასეთი პიროვნებანი აღშფოთდებიან ხოლმე, როცა რელიგიურ ან სექსუალურ უმცირესობის უფლებების შელახვა ხდება [თუნდაც ეს სხვა ქვეყანაში მოხდეს] და მზად არიან, ნებისმიერი სახის პროტესტი გამოხატონ - წერილობითი იქნება ეს თუ ქუჩაში გამოსვლა. აი აქ სრულიად ბუნებრივი კითხვა მებადება - რატომ არ იწვევს თქვენში აღშფოთებას, როცა მართლმადიდებლების უფლებებს ემუქრება საფრთხე? რა განსხვავებაა, მართლმადიდებელსა და, მაგალითად, მუსლიმანს შორის, როცა ორივე რელიგიის წარმომადგენელი, საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეა? ორივეს თავის რწმენა აქვს, ორივე თავისი რელიგიის წესებს იცავს. ფანატიზმი ერთგანაც გვხვდება და მეორეგანაც. რატომ არის შერჩევითი მიდგომა? ერთი-ორი დღის წინ, სტატია წავიკითხე. სადაც აღწერილი იყო სამარშრუტო ტაქსში მომხდარი შემთხვევა, ბერს ვიღაც ახლაგაზრდა შეურაცხყოფას აყენებს და ის [ბერი] კი არაფერს ეუბნება. სტატიის ავტორი ისეთი ირონიული გაოცებით წერდა, ბერმა ხმა არ ამოიღოო, თითქოს ღვთის სასწაული ეხილოს თვალით. ადამიანებო, თქვენამდე თუ მოაღწია იმ ამბავმა, რომ ბერები და ზოგადად, სამღვდელო პირებიც, ჩვეულებრივი, ვიმეორებ -  ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი ადამიანები არიან? ღმერთო ჩემო, ის თუ იცით, რომ ისინი მაპატიეთ და, ტუალეტშიც კი დადიან, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. არ შეგეშინდეთ, და, ისინი ჭამენ კიდეც! Mon Dieu! - როგორც თეკერეის პერსონაჟები იტყოდნენ. ის ბერი როგორც მოიქცა, ჩვეულებრივი ქრისტიანის ქცევას ჰგავდა, რომელიც სახარების მიხედვით ცხოვრობს. თუმცა, თავი დავანებოთ სახარებას. ის ხომ თქვენზე ყოველთვის გამაღიზიანებლად მოქმედებს. იცით, რომ ისიც იმ ადამიანის უფლებაა, ვინც წირვაზე დადის. ვიღაცას თავისივე სქესთან სექსი მოსწონს, და ვიღაცას - ლოცვების კითხვა. დაუჯერებელია არა? და თუ თქვენ ახლა ჩაიცინებთ, და იტყვით, რომ მარტო ლოცვაში არ არის საქმე, ეკლესიას დიდი ზეგავლენა აქვს, და ხალხი ბრმად მიჰყვება, მე გეტყვით, რომ ხალხი ბრბოა, და ისინი ყოველთვის ვიღაცას ან რაღაცას მიყვებიან ბრმად. როცა არ იყო ეკლესია, იყო სტალინი. და ეს მუდამ ასე იქნება.

   ყოველგვარი უკიდურესობა, ტოლერანტობა იქნება ეს, თუ რელიგიური ფანატიზმი, არაჯანსაღია. არაჯანსაღია, უსმენდე მუსიკის გარკვეულ მიმდინარეობას, და გეგონოს, რომ ყველა თავისუფლად მოაზროვნე იგივეს უნდა უსმენდეს [იცით, დედამიწა არც ერთი ადამიანის გარშემო არ ტრიალებს]. არაჯანსაღია ამ პროგრესულობისკენ ასეთი ბრმა სწრაფა, ისევე როგორც, რელიგიისკენ ბრმა სვლა არის არაჯანსაღი. არაჯანსაღია, ამბობდე, რომ ადამიანების უფლებებს პატივს სცემ და ამავე დროს, ყოველ რელიგიურ დღესასწაულზე დაცინვით აღსავსე სიტყვებს არ იშურებდე.

   მე ერთხელ კიდევ ვიტყოდი იმას, რაც ადრე ამ პოსტში ვთქვი. ადამიანებო, როდი ისწავლით, იყოთ ბედნიერები?

Wednesday, December 15, 2010

დამწყები ბლოგერები, ძველი ნივთები და რუსული ფილმები

  დამწყები ბლოგერების პოსტები მიყვარს - ისეთი გულახდილია ყველა; მომწონს, თუ როგორ წერენ -  სად იყვნენ დღეს, რა გააკეთეს და ა.შ მეც ასე ვწერდი თავიდან, უფრო გულახდილად და მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა მოვლენებზე ვფიქრობდი - აი, ეს ბლოგზე დასაწერად გამოდგება..  წერის სტილი აშკარად უფრო დამეხვეწა, სამაგიეროდ, ყველაფერზე აღარ ვწერ. მაგალითად ახლა, იმდენი იდეა მომდის და ჯერ გადავახარისხებ ხოლმე, ბოლოს კი პოსტისთვის მხოლოდ ერთი რჩება, ან არც ერთი. მე კიდევ მიყვარს ეს დამწყები ბლოგერები და მათი პოსტები. თუმცა, ახლანდელი დამწყები ბლოგერები აღარ გვანან კლასიკურ დამწყებ ბლოგერებს, იმიტომ რომ საქართველოში უკვე ბევრს აქვს ბლოგი და წინასწარ იციან, რაზე უნდა წერონ. და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრს აქვს ბლოგი, ის ჯერ კიდევ არ იციან, როგორ უნდა წერონ. პრობლემა ყოველთვის ამაშია.

   როგორ დამღალა ამ ფეისბუქმა, ამდენმა ხალხმა და მათ აზრებმა. სულ 250-მდე მეგობარი [ბოდიში, ფრენდი] მყავს და უკვე ვეღარ ვუძლებ ამდენ უცხოს. ლამისაა ჩამოვუარო და უმეტესობა წავშალო, მაგრამ თავს ვიკავებ. იმიტომ რომ ასეთი თვისება მაქვს, სახლში არაფერს არ ვაგდებ - ძველ ტანსაცმელს, სკოლის რვეულებს, უნივერსიტეტის ქსეროქსებს, ვაგროვებ და ვაგროვებ, იქნებ რამეში დამჭირდეს-მეთქი. თუმცა, ჯერ არაფერში დამჭირვებია.

   ეს ორი დღეა ისტერიულად ვუყურებ რუსულ საახალწლო ფილმებს [არა, ბედის ირონიას არა], თანამედროვე ფილმებს. ჯერ რაც ვნახე, არც ერთი კაპიკად არ ვარგოდა. ერთი უნახავი მაქვს და შეიძლება კიდევ გადმოვწერო. მაინც მსიამოვნებს, როცა ვუყურებ, ხალხი როგორ დადის მაღაზიებში, პროდუქტს ყიდულობს და მერე თბილ სახლებში მიაქვთ. რუსული ბინები ცალკე ფენომენია - რაღაცნაირი, თბილი. დედას უყვარს ძალიან და ალბათ იმის გავლენაა, მეც რომ მომწონს. ასე, შორიდან, ფილმებში დანახული.

  რა უბედურებაა, ამდენ განსხვავებულ თემაზე დავწერ ერთ პოსტში და მერე აღარ ვიცი, როგორ დავასათაურო ხოლმე. ახლა უნდა ვიჯდე ცოტა ხანი და ვიფიქრო.
  ჰო, აქვე კითხვა დამებადა, პოსტის სათაურს როგორ იფიქრებთ ხოლმე, რის მიხედვით?

Monday, December 6, 2010

Am I hired? or.. Fired.

   მუშაობა მინდა. ერთი ჩვეულებრივი სამსახური - შაბათ-კვირას რომ ველოდებოდე მუდმივად, ორშაბათი დილა მძულდეს და შვებულებამდე დღეებს ვითვლიდე. ვიცი, ვიწუწუნებდი დროის უქონლობასა და დაღლილობებზე, მაგრამ გულის სიღმეში ყოველთვის მადლიერი ვიქნებოდი იმის, რაც მაქვს.

  გარდა მედიცინისა, რამდენიმე პროფესია თუ საქმიანობა არსებობს, რომლებსაც სიამოვნებით შევითავსებდი.

   მაგალითად, მინდა მქონდეს საკონდიტრო, სადაც გემრიელი ნამცხვრები და სხვა ტკბილეულობა გაიყიდებოდა. რა თქმა უნდა, ყავასთან, ცხელ შოკოლადთან და სხვა ცხელ სასმელებთან ერთად. მე თვითონ სიამოვნებით მოვემსახურებოდი ადამიანებს და ვეცდებოდი, მყუდრო გარემო შემექმნა, რომ იქ გატარებული თითოეული წუთი სასიამოვნო ყოფილიყო მათთვის.




 ოჰ, ოცნებებში გადავეშვი ძალიან.

  კიდევ.. ჰო, კიდევ წიგნების მაღაზია მინდა, ეს ადრეც დავწერე. პატარა, აი დაახლოებით ისეთი, კეტლინს რომ აქვს.

  ერთი პერიოდი, ჩოგბურთელობაც კი მინდოდა. იმდენად აზარტული ვარ, გამარჯვება ისეთ დიდ სიხარულს და სტიმულს მგვრის, რომ დარწმუნებული ვარ, ჩემგან კარგი სპორტსმენი დადგებოდა. სხვა თუ არაფერი, ფსიქოლოგიის ხარჯზე მოვიგებდი - ყველაფერს გავაკეთებდი გამარჯვებისთვის.

   ამ ბოლო დროს მწერლობასაც კი ვნატრობ. მითუმეტეს, ეს საქმიანობა ადვილად შეთავსებადია ნებისმიერ პროფესიასთან. მწერალი რომ ვიყო, მექნებოდა პერიოდები, როცა სადმე გადავბარგდებოდი, სიმშვიდესა და ლამაზ ბუნებაში და ვწერდი და ვწერდი..


 
  თუმცა ახლა ნებისმიერ [ნუ, თითქმის ნებისმიერ] სამსახურზე ვარ თანახმა, ოღონდ საკუთარი ფული მქონდეს. ეჰ, ადამიანებს ჭკუა რომ ჰქონდეთ, მარტო ჩემი მონდომების გამო უნდა ამიყვანონ ხელქვეითად :D

 პ.ს მედიცინა მომენატრა, ექიმობა, და თეთრი ხალათი მომენატრა კიდევ :/

Friday, December 3, 2010

Cute British Actor and Rafa's girlfriend

   ახალი გატაცების ობიექტი მყავს, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები - რაფას ერთ-ერთ თამაშზე აღმოვაჩინე. ძალიან ბევრი ძიება და წვალება დამჭირდა, რომ დამედგინა ვინ იყო. ერთი პირობა ნატას გატაცებას მივამსგავსე და ის მეგონა. მაგრამ კარგად რომ დავაკვირდი, მივხვდი რომ ორი სხვადასხვა ადამიანი იყო. რა სიტყვები აღარ ვწერე გუგლში, ხან პირდასპირ კითხვა დავუსვი - 'ვინ იყო ბიჭი, რომელიც ნადალი-ბერდიხის მატჩზე რაფას გუნდთან ერთად იჯდა' [მართლა, დაახლოებით ასეთი კითხვა დავსვი :)] მაგრამ, ამაოდ.  შესანიშნავი გამოთქმაა 'ვინც ეძებს პოულობს'. როცა უკვე იმედი გადამეწურა, სწორედ მაშინ  Zimbio.com-ზე ამ ფოტოს მოვკარი თვალი.

Bradley Jams chatting with Toni Nadal

  გულაჩქროლებულმა დავაკლიკე, გადიდდა და.. მისი სახელი და გვარიც ვიხილე! ეს მომხიბლავი უცნობი, რაფას ბიძა ტონის რომ უმშვენებს გვერდს, ბრიტანელი მსახიობი ბრედლი ჯეიმსი აღმოჩნდა. ხომ მართლა მომხიბლავია?


   ახლა ვფიქრობ, მერლინის ყურება ხომ არ დავიწყო? :)

 * * *
  რაფას girlfriend კი რაც დრო გადის, უფრო და უფრო მომწონს. ულამაზესი თმით, მუქი კანით და საოცრად თბილი თვალებით.

Maria Francisca 'Xisca'


   როცა ვხედავ, რაფას როგორ გულშემატკივრობს, სულ გული მიჩუყდება ხოლმე :))



პ.ს სათაური ყვითელი პრესასავით გამომივიდა :D არავითარი კავშირი არ აქვთ ამ ორს ერთმანეთთან [გარდა იმისა, რომ რაფას გულშემატკივრობენ :P]