Friday, December 17, 2010

შერჩევითი ტოლერანტობა

   ამ თემაზე ბოლო ხანია უფრო და უფრო ხშირად მეფიქრება. ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე ორიოდე სიტყვა ვთქვა. მითუმეტეს რომ, ყოველდღე ახალი რაღაც ხდება, რაც კიდევ უფრო მიბიძგებს საწერად. ქართველ ახალგაზრდებში ძალიან მოდურია პროგრესულობა. ყველა ცდილობს, რომ სხვას არ ჩამორჩეს და ვიღაცაზე მეტად პროგრესული მოაზროვნე გახდეს. ამით ხშირად ამაყობენ კიდეც, მაგალითი შესაძლოა ბლოგებიდანაც ავიღოთ. ლიბერალიზმი, ზოგადად, ურიგო არ არის. თუ გნებავთ, იამაყეთ კიდეც. მაგრამ ამ სიტყვას წინ არ უძღვის, მაგალითად, 'თავისუფალი სქესობრივი ცხოვრების' მიმართ ლიბერალიზმი, არა? თუ ამბობ, რომ თავისუფალ ნებას აღიარებ და მისაღებია შენთვის, უნდა ბოლომდე ასე იაზროვნო. ახალგაზრდები და მითუმეტეს, პროგრესული ახალგაზრდები, ცდილობენ ყველაფრის მიმართ შემწყნარებელნი იყვნენ. ვიღაც ქუჩაში შიშველი გაივლის? რა მოხდა, ეს მისი პირადი უფლებაა, უნდა ჩაიცვამს და უნდა - არა. ვიღაცას ყოველდღე ახალი სქესობრივი პარტნიორი ჰყავს? მერე რა მოხდა, ყავდეს. ეს მისი უფლებაა და მე არაფერს მიშავებს. აი ამ ეტაპამდე, ყველაფერი იდეალურად მიდის ტოლერანტობის გრძელ და ფართო გზაზე.. თუმცა, მხოლოდ აქამდე. [ოჰ, ზევით მე ვთქვი 'ყველაფრის მიმართ'-მეთქი?]

   ასეთი პიროვნებანი აღშფოთდებიან ხოლმე, როცა რელიგიურ ან სექსუალურ უმცირესობის უფლებების შელახვა ხდება [თუნდაც ეს სხვა ქვეყანაში მოხდეს] და მზად არიან, ნებისმიერი სახის პროტესტი გამოხატონ - წერილობითი იქნება ეს თუ ქუჩაში გამოსვლა. აი აქ სრულიად ბუნებრივი კითხვა მებადება - რატომ არ იწვევს თქვენში აღშფოთებას, როცა მართლმადიდებლების უფლებებს ემუქრება საფრთხე? რა განსხვავებაა, მართლმადიდებელსა და, მაგალითად, მუსლიმანს შორის, როცა ორივე რელიგიის წარმომადგენელი, საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეა? ორივეს თავის რწმენა აქვს, ორივე თავისი რელიგიის წესებს იცავს. ფანატიზმი ერთგანაც გვხვდება და მეორეგანაც. რატომ არის შერჩევითი მიდგომა? ერთი-ორი დღის წინ, სტატია წავიკითხე. სადაც აღწერილი იყო სამარშრუტო ტაქსში მომხდარი შემთხვევა, ბერს ვიღაც ახლაგაზრდა შეურაცხყოფას აყენებს და ის [ბერი] კი არაფერს ეუბნება. სტატიის ავტორი ისეთი ირონიული გაოცებით წერდა, ბერმა ხმა არ ამოიღოო, თითქოს ღვთის სასწაული ეხილოს თვალით. ადამიანებო, თქვენამდე თუ მოაღწია იმ ამბავმა, რომ ბერები და ზოგადად, სამღვდელო პირებიც, ჩვეულებრივი, ვიმეორებ -  ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი ადამიანები არიან? ღმერთო ჩემო, ის თუ იცით, რომ ისინი მაპატიეთ და, ტუალეტშიც კი დადიან, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. არ შეგეშინდეთ, და, ისინი ჭამენ კიდეც! Mon Dieu! - როგორც თეკერეის პერსონაჟები იტყოდნენ. ის ბერი როგორც მოიქცა, ჩვეულებრივი ქრისტიანის ქცევას ჰგავდა, რომელიც სახარების მიხედვით ცხოვრობს. თუმცა, თავი დავანებოთ სახარებას. ის ხომ თქვენზე ყოველთვის გამაღიზიანებლად მოქმედებს. იცით, რომ ისიც იმ ადამიანის უფლებაა, ვინც წირვაზე დადის. ვიღაცას თავისივე სქესთან სექსი მოსწონს, და ვიღაცას - ლოცვების კითხვა. დაუჯერებელია არა? და თუ თქვენ ახლა ჩაიცინებთ, და იტყვით, რომ მარტო ლოცვაში არ არის საქმე, ეკლესიას დიდი ზეგავლენა აქვს, და ხალხი ბრმად მიჰყვება, მე გეტყვით, რომ ხალხი ბრბოა, და ისინი ყოველთვის ვიღაცას ან რაღაცას მიყვებიან ბრმად. როცა არ იყო ეკლესია, იყო სტალინი. და ეს მუდამ ასე იქნება.

   ყოველგვარი უკიდურესობა, ტოლერანტობა იქნება ეს, თუ რელიგიური ფანატიზმი, არაჯანსაღია. არაჯანსაღია, უსმენდე მუსიკის გარკვეულ მიმდინარეობას, და გეგონოს, რომ ყველა თავისუფლად მოაზროვნე იგივეს უნდა უსმენდეს [იცით, დედამიწა არც ერთი ადამიანის გარშემო არ ტრიალებს]. არაჯანსაღია ამ პროგრესულობისკენ ასეთი ბრმა სწრაფა, ისევე როგორც, რელიგიისკენ ბრმა სვლა არის არაჯანსაღი. არაჯანსაღია, ამბობდე, რომ ადამიანების უფლებებს პატივს სცემ და ამავე დროს, ყოველ რელიგიურ დღესასწაულზე დაცინვით აღსავსე სიტყვებს არ იშურებდე.

   მე ერთხელ კიდევ ვიტყოდი იმას, რაც ადრე ამ პოსტში ვთქვი. ადამიანებო, როდი ისწავლით, იყოთ ბედნიერები?

10 comments:

  1. გაიხარე ნატალია!!! უკამათო სტატიაა, ვაშეარებ ყველგან! :)))

    ReplyDelete
  2. ნატალია, ამის გამოც მიყვარხარ..

    კარგი გოგო ხარ შენ..

    ReplyDelete
  3. ჰოო..
    ჩვენში ბოლო დროს ისე გაიტაცა ხალხი უმცირესობის უფლებების დაცვამ, რომ აშკარად ირღვევა უმრავლესობის უფლებები )))
    ვგიჟდებით უკიდურესობებზე :))

    კარგია, რომ ამაზე დაწერე :)

    ReplyDelete
  4. უმრავლესობას თუ იმის ტრაკიც არ აქვს, რომ მისი უფლებები არ დაირღვეს - ის ყველაფრის ღირსია.
    უმრავლესობა, რომელიც უმცირესობის უფლებებს არღვევს, ასევე ყველაფრის ღირსია.

    ReplyDelete
  5. რამდენ რამეზე დამაფიქრა ამ პოსტმა...

    აი თურმე როგორ გვეკარგება ღირებულებები და როგორ "ვჭამთ" ნიჰილიზმს :|

    ReplyDelete
  6. ბევრი + სტატიისათვის, მაგრამ...

    უმრავლესობა არ არსებობს. არსებობენ სხვადასხვა ხარისხით გაბატონებული ან დაქვემდებარებული უმცირესობები. იდეოლოგიები მხოლოდ პლაცდარმია საიმისოდ, რომ გარკვეული ტიპის უმცირესობამ შეინარჩუნოს ან გაიუმჯობესოს პოზიცია სოციალურ იერარქიაში.

    როცა საუბრობენ ლიბერალიზმზე, გულისხმობენ ბივშტექსებს საკუთარ მაგიდაზე.

    ReplyDelete
  7. ნატალია, გადასარევი იყო :*

    ამას რომ ვკითხულობდი, აღდგომის წინა დღეებში დაწერილი შენი პოსტი გამახსენდა : )

    ReplyDelete
  8. მიხარია, ამას რომ ვკითხულობ. უკვე აღარ მეგონა ვინმე თუ ფიქრობდა ასე.

    ReplyDelete
  9. ასეთი კარგი, რამ კარგა ხანია აღარ წამიკითხავს. გეთანხმები ყველაფერში. მე საერთოდ მიმაჩნია, რომ კარგი ქრისტიანობა კარგ მოქალაქესაც ნიშნავს და ხალხი, რომელიც ტაძარში დადის ბრბო სულაც არ არის, ბრბო შეიძლება ის უფრო აღმოჩნდეს, რომელსაც საკუთარი ღირებულებები ვერ გადაუფასებია კარგად და თავი მოწინავე ლიბერალი ჰგონია და თავისი "ლიბერალიზმით" სხვებს შეურაცხყოფას აყენებს.

    ReplyDelete
  10. მოდურობის გამო ტოლერანტობა და ვიღაცის უფლებებზე საუბარი მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა ასეა საჭირო და ხალხი პროგრესულად ჩაგთვლის - საზიზღრობაა და ყველაზე იაფფასიანი პროვინციალიზმი.

    კარგი ქრისტიანი ნებისმიერ შემთხვევაში კარგი მოქალაქეა. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ქრისტე შემწყნარებლობას ქადაგებდა. მაგრამ კარგი მოქალაქე სულაც არ არის აუცილებელი, ქრისტიანი იყოს. და თანამედროვე მორალისტები ამას ვერ ხვდებიან.

    ReplyDelete