Tuesday, October 30, 2012

In the cold light of morning

In the cold light of morning while everyone is yawning,
you’re high...
In the cold light of morning the party gets boring,
you're high..


 დასაწყისისთვის აუცილებლად ჩართეთ ეს სიმღერა, ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ.


   მუსიკა არის ძალიან შემოდგომური, ოდნავ ნაღვლიანი, ქუჩაში აფრიალებული ფოთლების შრიალივით.
  ახლა თბილისში ყველა დილა ასეთია, როგორც ამ სიმღერაში, ცივი და ოდნავ სუსხიანი, ცხვირი რომ წაგეყინება და თავს უფრო მხნედ გრძნობ.


 
  ახლა, თვალებს რომ ვხუჭავ, მგონია რომ იატაკზე ვწევარ გაუნძრევლად. ბრაიან მოლკო მივლის გარშემო, ხანდახან ჩემს თავთან იხრება და ყურში ჩამჩურჩულებს – You're high!..
  ოთახში ლურჯი სინათლეა, ჰაერში სიგარის სუნი დგას, მე კვლავ გაუნძრევლად ვწევარ და მოლკო ისევ ჩემს ყურთან ჩურჩულებს: You're high!

  მინდა ავდგე, მაგრამ თავს რომ წამოვწევ, ყველაფერი ტრიალებს და ისევ გაუნძრევლად ვწვები. ბრაიანი ისევ აქაა და მაფრთხილებს – Baby, did you forget to take your meds?

 ლურჯი სინათლე და კვამლი ერთმანეთში ირევა.. I'm high.


You’re drunk sick from whoring and lie,
Staring back from the mirror's
A face that you don’t  recognis..


  ახლა სიმღერას გამოვრთავ და მოლკოც ოთახიდან გაქრება. ლურჯი სინათლეც სადღაც ჭუჭრუტანაში გაიწოვება, სიგარის სუნსაც ვეღარ ვიგრძნობ. ავდგები და საძინებელში გავალ, საწოლში დავწვები, ძილის წინ წიგნს წავიკითხავ და ახალი, ცივი დილისთვის მოვემზადები.

  ხელი არ გამიშვა, ბრაიან.

Saturday, October 27, 2012

My sweet prince

  27 ოქტომბერი. შაბათი დილა.
 სამსახურში ვზივარ, აპარატიდან ჩამოსხმულ უგემურ კაპუჩინოს ვსვამ, შოკოლადით. ვუსმენ პლაცებოს. დღეს 4 საათს ვმუშაობ მხოლოდ, 2-ზე დავასრულებ. ჯერ არ დამიწყია და უკვე წუთებს ვითვლი, როდის დავამთავრებ, რომ გავიქცე.
   თუ დაკვირვებიხართ, რომ პლაცებო გარკვეულ მომენტებში განსაკუთრებულად, ჟარგონულად რომ ვთქვათ, ასწორებს? მაგალითად მაშინ, როცა გარეთ წვრილად ცრის, ნაცრისფერი დილაა, სამსახურში ზიხარ და წუთებს ითვლი სამუშაო დღის დასრულებამდე.
  კიდევ ერთ შემთხვევაში გაასწორა, მაგრამ იმ საღამოზე აქ არ დავწერ.

   ვინ არის ჩემი ტკბილი პრინცი? ჩემი ტკბილი პრინცი არის ისეთი, როგორიც სიტყვების ”ჩემი ტკბილი პრინცი” გაგონებისას გამიელვებს თავში.
  დეტალები, დეტალები გამიელვებს თავში. თქვენ რის ფეტიში გჭირთ? ან, უფრო ზუსტად რომ ავხსნა, რა გიზიდავთ განსაკუთრებით და რას აქცევთ ყურადღებას თქვენ ტკბილ პრინცებში?
 ჰო, ზოგადად ასე სტანდარტები არასდროს ამართლებს ცხოვრებაში და კაცმა არ იცის, რა მოგეწონება ადამიანს გადამწყვეტ მომენტში, მაგრამ რაღაცები არის, რაც ეგრევე თვალში გხვდება და უფრო მნიშვნელოვანია.
   შეგიძლიათ ადგეთ და მომწეროთ კომენტარებში თქვენს დეტალებზე. ძველი დრო მომენატრა, პოსტებზე ბევრი კომენტარი რომ იწერებოდა, ღამით რომ დავწერდი პოსტს და დილით ერთი სული მქონდა, მენახა, ვინ რა დამიწერა პასუხად.

 ამასობაში შევცვალოთ სიმღერა.


   დეტალებზე ვაპირებდი წერას, მაგრამ გადავიფიქრე. მოკლედ, ამ პოსტში იმ საღამოზე, როცა პლაცებო ძალიან გამისწორდა და ტკბილი პრინცის დეტალებზე არაფერს დავწერ.

    მარტო ტობიასს გაჩვენებთ, ჩემი და ჩემი თანამშრომლის ბოლოდროინდელი გატაცებაა, მის დანახვაზე სულ ”ააჰჰჰ, უჰჰჰ” გვემართება და დანანებით ვამბობთ, რომ იდეალურია. დანანებით იმიტომ, რომ ჩვენთვის მიუწვდომელია.


  თურმე ადრე ჯინსების გამყიდველად მუშაობდა, იქ შენიშნეს და მიიწვიეს მოდელად. ამის გაგონებისას ჩვენ ისევ დანანებით ვუთხარით ერთმანეთს, რომ საქართველოშიც გვინდა მსგავსი ბიჭები ჯინსების მაღაზიებში, სხვა თუ არაფერი, თვალს მაინც დავატკბობდით.



 მოკლედ, შაბათი დილის ამბები ასეთია. ამასაობაში, თითქმის 12 საათი შესრულდა.



 აჰჰ, ტობიას, რატომ ხარ ასეთი იდეალური?

Monday, October 22, 2012

The Funeral

 Funeral by Band of Horses on Grooveshark


   დღეს ორშაბათია, შესაბამისად ყველა ცუდ ხასიათზეა. თუ არ ხართ, უნდა იყოთ. დღეს ბედნიერი ადამიანები მძულს. 



დავიღალე.

დავიღალე შოკოლადთან მეგობრობით.


დავიღალე ოცნებით.

  არც სამხრეთ ამერიკაში წავალ არასდროს, ლაშქრობა და კარავში დაძინებაც არ მეღირსება.  არც პარაპლანით გავფრინდები და ტატუს გაკეთებასაც ვერ გადავწყვეტ ვერასდროს.

 
  ჯეიმს ფრანკოს გმირივით, ხელი მაქვს ორ ქვას შუა მოყოლილი და სულ ასე ვიქნები – ვიჯდები და ინტერნეტით ავიხდენ ოცნებებს. მერე შემოვალ ბლოგზე, რომელსაც არავინ კითხულობს, და დავწერ, რომ დავიღალე.

   ყვირილი მინდა.



  აი, ასე მინდა დავდგე ჩანჩქერთან, ცივი შხეფები მეწუწებოდეს, სიცივისგან ვკანკალებდე, დიაფრაგმა შევკუმშო და ალვეოლების დახეთქვამდე ხმამაღლა ვიყვირო – გღრრრრააააააა!!

  რაღაც უნდა შეცვალო, რ ა ღ ა ც.

   მაგრამ დღეს ორშაბათია, ყველა ცუდ ხასიათზეა, ამიტომ თამამად შევცვლი პლეილისტს, პლაცებოს ჩავრთავ და ხმამაღლა ვიტყვი – Natalia, fuck u anyway.

Fuck U by Placebo on Grooveshark

Thursday, October 18, 2012

Breathe Underwater

 ჩართეთ



დამიჭირე.. ჰაერში ვვარდები.

  მესიზმრა, რომ ლურჯ და ლივლივა ზღვაში ვცურავდი. წყალში სუნთქვა შემეძლო და ტალღებს მივყვებოდი.

 ჩემი სისუსტეები გვერდით გადავდე და ჰაერში მივფრინავ, მე წყალში სუნთქვა შემიძლია.

  მე ღამე მიყვარს, როცა სიბნელეში უფრო თამამი ვარ, უფრო ხმამაღლა შემიძლია სუნთქვა და სიზმრები ნელ–ნელა ცხადდება.


  მე წყალში სუნთქვა შემიძლია.


  მესიზმრა, რომ ზღვაში ვცურავდი, ღამით მზე ანათებდა და  ტალღებს მივყვებოდი.


 მე წყალში სუნთქვა შემიძლია.


 მესიზმრა, რომ ფრენა შემეძლო. მალე მივხვდი, რომ ეს ცხადშიც შეიძლება.

  ნელ–ნელა ყველაფერი ლურჯდება. ლურჯი ყველაზე კარგი ფერია. ყველა ღამე ლურჯია.


შეწყვიტე სუნთქვა...


 ღამით ყოვლისშემძლე ვარ. ღამით ბეტმენს და ჩე გევარას ვხვდები. ღამით საოცრად ვცეკვავ, ღამით ადამიანების მოკვლა შემიძლია.


  შეწყვიტე სუნთქვა!


ღამით მზე ანათებს და ზღვაში ვლივლივებ.


შეწყვიტე სუნთქვა!


 დილით ამოვყვინთავ, რომ განთიადი ვნახო. 




Tuesday, October 9, 2012

Set the Controls For the Heart of the Sun

 A man lies and dreams of green fields and rivers,
But awakes to a morning with no reason for waking


  შემოდგომის დეპრესია მაქვს. ან არ ვიცი, ჩვეულებრივი დეპრესია მაქვს.

   მოკლედ, მაგარი რთული რამეა ეს ქალობა, ათასი ჰორმონის ჭკუაზე დადიხარ თვის განმავლობაში და მათთან ბრძოლაში ვერაფერს აწყობ.



  ჩემი უღონობა არსებული სისტემის მიმართ ჭკუიდან მშლის – მაშინ, როცა საწოლიდან თითს გამოყოფაც კი მეზარება და მინდა რომ მხოლოდ ბალიში ავწიო, მოხერხებულად მოვეწყო და წიგნის კითხვა განვაგრძო, რომელიც წინა ღამით, ძილისწინ შევწყვიტე, მაღვიძარა იწყებს რეკვას და 15 წუთიანი სნუზის რეჟიმის შემდეგ, იძულებითი ადგომა და დილის პროცედურების ჩატარება მიწევს. მაშინ, როცა სამსახურში გამოუძინებელი ვზივარ და ვოცნებობ, რომ მთელი დღე ასე, ვიჯდე და არაფერი ვაკეთო, იწყება სამუშაო დღე და ლაპარაკი, ლაპარაკი, ლაპარაკი..

  ამასობაში, ტამბლერზე სკროლვისას [ფეისბუქი გრაფიკით გვაქვს], წავაწყდები რაიმე ფოტოს და ვიწყებ ოცნებას, როდის წავალ სამოგზაუროდ,

  კარგად რომ დავფიქრდები და წარმოვიდგენ –

 რამდენი წიგნია წასაკითხი,

 რამდენი სიმღერაა მოსასმენი,

რამდენი ფილმია სანახავი,

რამდენი ადგილია მოსანახულებელი..

   შეიძლება სასოწარკვეთილებამდე მივიდე, როცა ვხვდები, რომ რეალურად ყველაფრის წაკითხვას/მოსმენას/ნახვას ვერ მოასწრებ.

  ხოდა ავდგები და ისევ პინკ ფლოიდს დავუბრუნდები. მათი სიმღერების მოსმენისას, ფაქტიურად ყველა ზემოთჩამოთვლილს ვაკეთებ ერთად – საინტერესო წიგნს კითხულობ, კარგ ფილმს უყურებ და სხვა სივრცეში გადადიხარ..


Wednesday, October 3, 2012

ისტერია.. ისტერია everywhere

   სანამ სრულიად საქართველოში, თბილისის ქუჩებსა და ინტერნეტ სივრცეში მასობრივი საგიჟეთია, მე ჰორმონების აჯანყება მაქვს და ასე, ორ ისტერიას ვებრძვი – პოლიტიკურს და ჰორმონალურს.

   არადა, ჩემი ფეისბუქის ქავერ ფოტოზე მინდა ყოფნა, შეშის ღუმლიან სახლში; მაგიდაზე ლანგრით ახლადგამომცხვარი ფენქეიქების გროვა რომ მელოდებოდეს, მარწყვის ჯემით ან შოკოლადმოსხმული; გრძელი წინდები და გაწელილი ჯემპრი მეცვას; ამ წინდებიან ფეხებს მაგიდაზე შემოვაწყობდი, სიჩუმით და მთებით დავტკბებოდი. ან – ფეხებით და მთებით.

   მაგრამ სადაა მთები და ფენქეიქები, გარშემო მხოლოდ ციფრები და დროშებია. სიჩუმის ნაცვლად მანქანების სიგნალი და რუპორში გამოძახილი ხმები ისმის – გილოცავთ, გილოცავთ..  რას მილოცავენ ნეტავ? 

   რაც დავიბადე, ამ ქვეყანაში რუპორიდან გამოძახილი ხმები ისმის. რაც დავიბადე, ამ ქვეყანაში ხალხი მესიას ელოდება, რომელიც უკვე რამდენჯერმე მოვიდა/მოიყვანეს და მერე უცებ – უპს, ეს არ ყოფილა მესია.

  მუდმივად გოდოს მოლოდინში არიან, მოვა და ყველაფერს მათ მაგივრად გააკეთებს – მათ ნაცვლად იმუშავებს, ფულს იშოვის, შეჭამს, დალევს, მოისაქმებს..

  ადამიანებო, მესია არასდროს არ მოვა, იცით?! ყოველ შემთხვევაში, საქართველოში.


 


 დავიღალე რა.