Monday, January 31, 2011

Stealing Beauty

   მე ძველმოდური ადამიანი ვარ. როცა საქმე გარეგნობას ეხება და ვფიქრობ, თუ როგორი მინდა ვიყო, ყოველთვის ბუნებრივ ნაკვთებსა და შინაგან შარმზე მეფიქრება ხოლმე. აქამდე სახელს ვერ ვარქმევდი, მაინც როგორი გარეგნობის ქალებს ვეძახდი ლამაზს. მახსოვს, თინეიჯერები რომ ვიყავით, მე და ჩემი მეგობრები, რა თქმა უნდა ბევრს ვლაპარაკობდით გარეგნობაზე, ვაფასებდით სხვადასხვა ადამიანებს - მსახიობებს, მოდელებს, მომღერლებს. მათ რომ მოეწონებოდათ ვინმე, მე არ მომწონდა ხოლმე. მეუბნებოდნენ, როგორ შეიძლება არავინ მოგწონდესო. მეც მართლა მაღელვებდა ეს ფაქტი, იქნებ მშურს და ამის ბრალია-მეთქი. მაგრამ დავრწმუნდი, რომ მართლა არ შეიძლება მომეწონოს [და მინდოდეს, მეც ასე გამოვიყურებოდე] ქალი, რომელსაც იმდენი მაკიაჟი აქვს, საკუთარ თავს ოდნავადაც აღარ ჰგავს და  საბოლოოდ მაღაზიის ვიტრინაში გამოკიდებულ მანეკენს უფრო ემსგავსება.
 
    ბუნებრიობა მომწონს. აი, ეს არის ჭეშმარიტება. როცა თმის შეჭრას ვაპირებ, არასდროს მდომებია რამე არაორდინალურის ცდა. ყოველთვის მომწონდა ბუნებრივი ხვეულები, ლამაზი, გრძელი თმა, შეუღებავი და მბზინავი, რომელზეც ერთი შეხედვით ვერც იფიქრებ, რომ 'პარიკმახერის მაშა' შეხებია :)  იგივე შემიძლია ვთქვა მაკიაჟზე - მან სახის ლამაზი ნაწილი უნდა გამოკვეთოს და უფრო მეტად გამოაჩინოს, ხოლო ნაკლი - დამალოს. 

   ჩემთვის ბუნებრიობა არის პრიორიტეტული. მაგრამ, მსოფლიო აშაკარად არ აზროვნებს ჩემსავით, ვინაიდან მეგან ფოქსია ამ ბოლო დროს პოპულარული :)

Wednesday, January 26, 2011

ლიმნის სუნს გრძნობთ?

   
   მგონი დღეს პოსტის დაწერა არ მიწერია. დღეს კი არა, საერთოდ. ალბათ, ვიღაც საბლოგეთის ჯადოქარმა დამწყევლა და რამდენჯერაც წერას დავიწყებ, ან ინტერნეტი და ტელეფონი გამეთიშება, ან კიდევ უფრო უარესი რამ მოხდება [ამაზე ჯადოქარმა იფიქროს, მე ხომ არ მივაწვდი იდეებს?].

    ადრე ყველაფერზე ვწერდი, რაზეც მინდოდა. ახლა თემები და იდეები ჯერ სელექციას გადის და მერე გადაიქცევა პოსტებად. ბოლო დროს იმდენი თემა დაგროვდა, მე კიდევ უსინდისოდ ვალოდინებ მათ. სელექციის აპარატი გამოვრთე და არხეინად ვზივარ.
    წეღან, როცა [სხვა] პოსტის წერა დავასრულე, ტელეფონი ზუსტად მაშინ გაითიშა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი, როცა ყველაფერი მოგვარდა, გამოქვეყნება გადავიფიქრე. თუმცა, ეს დიდად არ უნდა გაინტერესებდეთ და მესმის კიდეც თქვენი.

  ჰო მართლა, ჩემი ახალი დიზაინი :) ეს ლიმნიანი ფონი რომ დავინახე, ვიფიქრე რომ სწორედ ჩემი ბლოგისთვის იყო. და თითქმის ამ ფონის გამო გადავწყვიტე დიზაინის შეცვლა. კმაყოფილი ვარ, წინა მომბეზრებია თურმე.

   გამოგიტყდებით და, ეს პოსტიც მხოლოდ ზედა აბზაცს ემსახურებოდა. თორემ მარტო წუწუნის გულისთვის არ დავიწყებდი წერას. ხოდა, ასე. შემდეგ პოსტს მალე დავწერ, ნორმალურს და ადამიანურს. 

   პ.ს  ლიმონი ადრე არ მიყვარდა, არც ჩაიში და არც სხვა ფორმით. ამ ბოლო დროს კი ძალიან შემიყვარდა. საოცარი სუნი აქვს, მზესთან და სიცოცხლესთან ასოცირდება. ახლა დავფიქრდი, რამდენი რამე/ვინმე შემიყვარდა ამ ბოლო დროს!

Wednesday, January 19, 2011

Boy from Perth

  ადრე ჰიტ ლეჯერი  საოცრად არ მომწონდა. იმდენად არ მომწონდა, რომ ფილმებს მისი მონაწილეობით  კატეგორიულად არ ვუყურებდი. ვფიქრობდი, რომ რაღაცნაირი, უცნაური გარეგნობა ჰქონდა. ისეთი, როგორიც ჩემს გემოვნებაში არ ჯდებოდა.


  ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ფილმს ძმები გრიმები ვუყურე. საერთოდ, მიყვარს ფილმი-ზღაპრები. ლამაზი გარემოა და სასიამოვნო საყურებელია. თუმცა, რა შუაშია აქ ზღაპრები, მე ხომ ჰიტ ლეჯერზე გიყვებით. ვუყურე ფილმს, და ისე შემიყვარდა ჩემი ავსტრალიელი ჰიტი, რომ იმის შემდეგ ფეისბუქის პროფილზე მისი სურათი მიყენია და ყოველდღე გულის დაწერის საზეიმო პროცედურას ვასრულებ - კომენტარში თითო გულს ვწერ.

  კიდევ კარგი, როცა ცოცხალი იყო, მაშინ უკვე არ მიყვარდა, თორემ რა ძნელი იქნებოდა მისი სიკვდილის გადატანა. ამას სრული სერიოზულობით ვამბობ.


   უამრავი სკრინშოტი მაქვს გაკეთებული ფილმიდან, სადაც ჰიტ ლეჯერთან ერთად მეტ დეიმონიც ძალიან კარგად ასრულებს თავის როლს. მეტ დეიმონს, ისევე როგორც ჰიტ ლეჯერს და კიდევ სხვებს, შემდეგ პოსტში კიდევ ერთხელ მოვიხსენებ, სადაც პერსონაჟებიდან მოწონებულ/შეყვარებულ მსახიობებზე დავწერ.


  სოფი ამბობს ხოლმე, რომ წერილებს წერს სხვადასხვა ადამიანებს - ჩე გევარას და სხვებს [სამწუხაროდ, ზუსტი ლინკი არ ვიცი, სადაც ეს ფაქტებია დაფიქსირებული]. ყოველთვის მომწონდა მისი ეს ტრადიცია თუ თვისება, მაგრამ მე თვითონ არასდროს მიცდია. რამდენიმე დღის წინ კი, თავს ძალიან ცუდად რომ ვგრძნობდი, სწორედ ჰიტ ლეჯერს მივწერე წერილი, ფეისბუქზე. ოღონდ, საკუთარ თავს გავუგზავნე. მაგრამ ის ხომ გაიგებდა იქ, სადაც არის. ისე გულით ვწერდი, რომ აუცილებლად მიაღწევდა მასთან. სულ რაღაც 1 თვის წინ რომ ეთქვათ, შენ პირველ [ამ ტიპის]  წერილს ჰიტ ლეჯერს მიწერო, ალბათ უნდობლად გავიცინებდი. ამ ბოლო დროს ბევრი ისეთი რამ მოხდა, რაზეც ადრე მეცინებოდა.

   მოკლედ, ძალიან ჩემს თავში გადავედი. ამ პოსტს კი იმ სკრინშოტებით ვაფორმებ. ჯერჯერობით, ეს მისი ერთადერთი როლია, სადაც ნანახი მყავს. ვგეგმავ სხვა ფილმების ნახვასაც [სანამ ამ პოსტს გამოვაქვეყნებდი, კიდევ ერთი ფილმის ნახვა მოვასწარი - კაზანოვა].

სადაც არ უნდა იყო, მიყვარხარ ჰიტ :)

Tuesday, January 18, 2011

ელფრუდი (ნაწილი II)

მოგესალმებით ყველას. მე Zurriuss ვარ. ყველაფერს ერთად გილოცავთ. ეს ჩემი პირველი გესთ-პოსტია ნატალიას ბლოგზე და წარმატებას ვუსურვებ მას, ისევე, როგორც ჩემს პოსტს. ცოტა კი არა, ძალიან დიდი კი გამომივიდა, მაგრამ რა ვქნა. ასე მოხდა :) მოკლედ, ამ ზღაპრის პირველი ნაწილი შეგიძლიათ, იხილოთ ამ ბმულზე. მეორე ნაწილს კი აქვე გაეცნობით. გაიხარეთ ;)


მთელი დღე თოვდა. ვეებერთელა ფიფქები ფანჯრებს ბავშვის ხელისგულებივით ეხატებოდნენ. ვიწრო ქუჩებში დიდები მოუსვენრად დარბოდნენ ერთი სახლიდან მეორეში, რათა საშობაო ნამცხვრებზე მიკლებული დარიჩინი ან გრგუნას კაკალი   ესესხათ. ოთხკუთხედ, სამკუთხედ, ოვალურ თუ გულის ფორმის კართან დაკიდებული ლოლოების წკრიალი ყველა ქუჩაში ისმოდა. საქარყინულეთის ამ სოფელში ყველა ყველასგან რაღაცას სესხულობდა. უკვე აღარავინ იცოდა, ვის ვისი რა ემართა

500 წლის წინ, როდესაც სოფლის თავმა ობემბომ ვალების აღრიცხვა დააკანონა, ვერც კი წარმოიდგენდა, რა ძნელი აღმოჩნდებოდა კარდაკარ სიარული და ყველაფრის ჩაწერა. როცა ერთი მეზობელი მეორის  კარზე დააკაკუნებდა და ყინულმარწყვის სიროფის სახდელს სთხოვდა, მეპატრონეს უკვე მართებდა მისი შოკოლადის ფიფქსაცხობი და ჭრელი ყინულის ლოლო.  ასე ხდებოდა თითოეულ ოჯახში და ამ ორომტრიალ სვერანაირი აღრიცხვა ვერ გაუმკლავდებოდა. კანონი ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდა არსებულთა შორის. რაც მთავარია, არც არავის არავისა სწყინდა. საჭირო ნივთს სხვისგან თხოულობდა და იცოდა, რომ, ოდესმე თავისიც დაუბრუნდებოდა.

მაშინ, როცა დიდები ერთმანეთის ნივთებს ოჯახიდან ოჯახში ხალისით დაატარებდნენ, პატარები ჭრელი თოვლის გამოფენისათვის ემზადებოდნენ. ამ საბავშვო ტრადიციას საფუძველი ათასწლეულების წინ ჩაეყარა, როცა სააქარყინულეთში პირველი ჭრელი თოვლი მოვიდა. ეს მოხდა შუა ზაფხულში. მანამდე აქ მხოლოდ სამი ფერის თოვლი არსებობდა: გაზაფხულის ნეფრიტისფერი, შემოდგომის ქარვისფერი და ზამთრის ფაფუკი თეთრი. გადმოცემის თანახმად, პატარებს ჭრელი თოვლი ისე გახარებიათ, მთელი დღეები მასში თამაშობდნენ და მალე სულ შემოადნათ. შემდეგშიც გული ასე რომ არ დაწყვეტოდათ, ჭრელი თოვლის მოგროვება და შენახვა გადაწყვიტეს. თოვლის ნაწილი სოფლის ბროლისფილებიანი მოედნის კუთხეში დაყარეს და ზამთრის დადგომამდე ხელი არ უხლიათ. შობის მოახლოებისას ჯერ თეთრი, შემდეგ კი ქარვისფერი თოვლი ამოთხარეს და დარჩენილი ჭრელი ფიფქებისაგან მითიური და ჯადოსნური არსებები გამოაქანდაკეს. ქანდაკებებს ყველა თავისი სახლის წინ დგამდა. სოფლის ქუჩები ჭრელი დრაკონებით, ჭრელი გრიფონებითა და ფენიქსებით ივსებოდა, რომლებიც გაზაფხულამდე არ დნებოდა.

ელფრუდმა წელს ცალრქიანი ცხენი გამოაქანდაკა და რის ვაივაგლახით მიიტანა სახლის კარამდე.  თუ არ ჩავთვლით არაპროპორციულ თავსა და მარჯვენა წინა ფეხს, ჭრელი ქანდაკება, პრინციპში, ჩამოგავდა მითიურ ორეულს. _ დედა, მამა, გამოდით, ჩემი ერნი გაჩვენოთ! _ შეძახა გახარებულმა ელფრუდმა, როცა ქანდაკების გამყარებას მორჩა. _ელფრუდ, შემოგევლოს დედა! რომერ, მოდი, ნახე, რა ლამაზი ჭრელი მარტორქა გააკეთა, _ გასძახა მეუღლეს. _მოვდივარ, ჰო. ისა, ქუჩაში ხომ არავინაა, შარვალგამოხეული რომ არ დამინახოს? ჰაეროვან კიბორჩხალას მარწუხზე გამოვედე, _ მამამ ტალღოვანჩარჩოიანი კარიდან თავი გამოყო. შემდეგ ბარძაყზე ხელაფარებული, მწვანე ხავერდის შარვლიანი და მუქწითელ ჯემპრიანი შუა ხნის მამაკაცი გამოვიდა გაზეთით ხელში.

_ ელფ, შვილო, მართლაც ლამაზი გრიფონია, არა ჯაჯეტა? _იკითხა უნდილად  გაღიმებულმა მამამ.
_ ნამდვილად, მაგრამ ეს მარტორქაა, ძვირფასო, _ შეეპასუხა დედა და ელფრუდს გადახედა.
_ ეს ცალრქიანი ცხენია, _ ბრაზმორეული ხმით თქვა ელფრუდმა და ქანდაკებას კისერზე ხელი მოხვია.
_ ცხენი? _ ყბა მოექცა რომერს _ აჰ, ცალრქიანი! მერე მეც მაგას არ ვამბობდი? გრიფონიც ხომ ცხენია, ოღონდ წინიდან.
_ თან რა ლამაზად დაგრეხილი რქა აქვს, _ დაუმატა ჯაჯეტამ, _ ალბათ, ზემოდან რომ გადმოვხედე, მარტორქად მაგიტომ მომეჩვენა. ყოჩაღ, შვილო!
_ ესეიგი ჩემი ცალრქიანი ცხენი არც მარტორქაა და არც გრიფონი, ხომ?
_ რა თქმა უნდა, შვილო, _დაუდასტურა მამამ, _ ჩვენ უკვე საკმაოდ მოხუცები ვართ, რომ უსათვალოდ რამე შევაფასოთ. დიდი თავი და უპროპორციო ფეხები, ალბათ, მოგვეჩვენა მე და დედას. ასე არ არის? _ ღიმილით გახედა ჯაჯეტას და მუჯლუგუნი ჰკრა.
_ აბა, რა! აბა რა! _ შემკრთალმა ქალმა უცებ წამოიძახა, _ ახლა კი შევიდეთ სახლში და შაქარბუქი გავჭრათ.

მშობლები შინ შევიდნენ, ელფრუდმა ცალრქიან ცხენს შუბლზე, რქის ზემოთ აკოცა და დედმამას შეყვა. გაღუღუნებული მისაღები ოთახი მთლიანად საშობაო მორთულობებს აევსო. კედლებზე ქინძისთავებით თოვლის ყვავილები იყო მიმაგრებული, ჭერზე ხელოვნური ფიფქები ეკიდა, კუთხეებში კი ქოთნებში ჩარგული მარადმწვანე ბუჩქები იდგა. საშობაო ცვლილებების გამო ფუმფულა ავეჯეულობა ისე შეემჭიდროვებინათ, რომ მათ შორის ცალი ფეხის გასატევი ადგილი დარჩენილიყო. ოვალური ბუხრის თავზე, რომელიც გასულ წელს ტალღოვანი, ხოლო მანამდე ვარსკვლავის ფორმისა იყო, ორი დიდი და ერთი პატარა ფაფუკი წინდა ეკიდა. საქარყინულელებს ბუხარი იმდენად უყვარდათ, ყოველ წელს ცდილობდნენ მის ლამაზად გაფორმებას. ამიტომაც თითოეულ მათგანს ცვალებადი თიხისაგან ძერწავდენ. ბუხარიც წლიდან წლამდე ფორმას იცვლიდა და ხან მღვიმის თაღივით დაგრეხილი, ხანაც გულის ფორმისა ხდებოდა.

იქვე ახლოს თეთრი შოკოლადის ფიფქებითა და სათამაშოებით მორთული ბუნებრივი ნაძვის ხე, უფრო სწორედ, მისი კენწერო იდგა. ხის დანარჩენი ნაწილი ქვედა სართულებზე იყო გაშლილი. ნაძვის ხის ეს ჯიში საქარყინულეთში მას შემდეგ გამოიყვანეს, რაც თოვლმა სამუდამოდ დაფარა სოფელი. ხეები პირველ სართულზე დარგეს და, მის ზრდასთან ერთად, სახლს ახალ სართულს ადგამდნენ თავზე. იატაკში კი დიდ ნახვრეტს აკეთებდნენ, რათა ნაძვი მათთან ერთად „ასულიყო“ საცხოვრებლად. ამასობაში ქვედა სართული თოვლით იფარებოდა და სოფელიც ასე ნელ-ნელა იზრდებოდა სიმაღლეში.

სასადილო ოთახშიც სივიწროვე იყო, რადგან ნაძვის ხის ქვეშ არდატეული საჩუქრებით იყო სავსე. საქარყინულეთში ყველა ყველას  რაღაცას ჩუქნიდა, თანაც, აუცილებლად, ლამაზ ყუთში ათავსებდა. აქ ყველაფერი შეგეძლო, საჩუქრად გექცია, მაგალითად, 100 „მადლობა“, 300 „ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახი“ ან, თუნდაც, თხევადფიფქოვანი ფირი, რომელზეც ცაში მოსრიალე სანტა კლაუსია დაფიქსირებული. მოკლედ, ყველაფერი, რისი შეფუთვაც შეიძლებოდა.

სწორედ ამ ოთახში, მრგვალ მაგიდაზე იდგა ვეებერთელა შაქარბუქის ტორტი. მისი რეცეფტი არავინ იცოდა, რადგან თითოეული ოჯახი თავისებურად ამზადებდა. მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ ნამცხვრის ცომი ზამთრის პირველ ქარბუქზე, ღია ცის ქვეშ იზილებოდა. სწორედ ამ დროს დაჰკრავდა სუსხიან ფიფქებს უცნაურად მოტკბო და მათრობელი გემო. შაქარბუქის ცხობისას ყველა სახლის სამზარეულოდან სხვადასხვანაირი არომატი გამოდიოდა.

სანამ ინტერიერისა და ტრადიციების აღწერით გიშლიდით ნერვებს, ამასობაში ელფრუდმა და მისმა ოჯახმა ჩაიც დაისხა, შაქარბუქის ტორტიც მიირთვა და საკუჭნაოს მოსართავი ოთხი  დეკორატიული აბლაბუდაც ისესხა. მოახლოვდა 11 საათი და ელფრუდმაც ცქმუტვა დაიწყო. ერთ ადგილს ვერ პოულობდა. არც თანატოლებთან გადასულა სათამაშოდ. მშობლებიც არა და არ წვებოდნენ დასაძინებლად, მთელი საღამო საშობაოვიზორს უყურებდნენ და გულიანად იცინოდნენ. რას არ ეცადა ელფრუდი, რომ მშობლებს ჩასძინებოდა. ბუხარში მათრობელა სოკოს ფხვნილი შეყარა, ძილისმომგვრელი ფიფქები დაფხვნა და ოთახში მიმოაბნია, კედლებს თავი ურტყა, მაგრამ მშობლები მაინც ჯიუტად ხითხითებდნენ და ისევ საშობაოვიზორს ჩაჰკირკიტებდნენ.

თქვენი კარგიცო, გაიფიქრა გაბრაზებულმა ელფრუდმა და თავის ოთახში შევიდა. კარი ისე მაგრად გაიჯახუნა, სარკესთან დაკიდებული ჯადოსნური ზარიც კი აჟღრიალდა. აჟღრიალდა და მშობლებმაც ხვრინვა ამოუშვეს. ელფრუდი გაოცებული მოტრიალდა, მიხვდა, რაც მოხდა და გახარებულმა ტანთ ჩაიცვა. წინ არც თუ პატარა მოგზაურობა და, რაც მთავარია, თავქარიანი ირემი ელოდა.

ელფრუდმა ისე მოცოცხა, თავისი ადგილიდან გამქრალი ჭრელი ცალრქიანი ცხენის ქანდაკება ვერ შეამჩნია. როცა საათის ისრები თორმეტთან მილასლასდნენ, აქოშინებულმა ზამთრეულის ტყესთან მიაღწია. ვეებერთელა ნაძვები თოვლს იქამდე დაეფარა, მხოლოდ სანახევროდ ჩანდნენ. რაც უფრო ღრმად შედიოდა, ხეები სულ უფრო მაღალი ეჩვენებოდა. ეს იმიტომ, რომ უღრან ტყეში თოვლი თითქმის არ აღწევდა და თოვლიც ნელ-ნელა კლებულობდა. როგორც იქნა, გამოჩნდა მიწაც, რომელიც ყინვას მრავალგზის გადაეთრთვილა. ელფმა კიდევ იარა და ტბასაც მიაღწია.

ღრუბლებსგამოქცეული მთვარე მტკნარ სხივებს დროგამოშვებით აჭყიტებდა და ტბის მოყინულ ზედაპირს ალაპლაპებდა. თუ თავქარიანმა ირემმა ფეუსმა არ მოატყუა და მართლა ტბაში ცხოვრობდა, მაშინ ყინულის სქელი ფენის ამოტეხვა მოუწევდა. საინტერესოა, როგორ, რა ძალით უნდა გაეტეხა ან ელფრუდს, ან ირემს ამსისქე ზედაპირი. მერე ისევ ჯადოსნური ზანზალაკი მოაგონდა, რომელმაც აგერ უკვე წარმატებით დააძინა მშობლები. ეგებ სწორედ ამ ზანზალაკის დახმარებით ახლა ყინულიც წარმატებით გამლღვალიყო?

ოქროსფერი თუ მოოქროვილი ენა ერთხელ ძლივს შეეხო ზანზალაკის კედელს, რომ ტბის ზედაპირზე დაფენტილი თოვლის თეთრი ფენა აცახცახდა. უკუნეთში ჩამუქებულ ყინულს ნელ-ნელა ნათელი შეემატა და აკაშკაშდა. ფსკერიდან ყრუ გუგუნის ხმა მოისმოდა, რომელიც ზემოთ მოიწევდა. გრგვინვა ნელ-ნელა ზედაპირს მიებჯინა, მიაწვა და ამოხეთქა. პირდაფჩენილი ელფრუდი თვალებს არ უჯერებდა, როცა მის წინ სქელი ყინულით დაფარული ტბა ვეებერთელა ორმოდ იქცა. თუმცა იგი ცარიელი არ ყოფილა. წყალი, რაღაც სასწაული ძალით, მის კედლებზე წრიულად ტრიალებდა და იგრიხებოდა. ფსკერიდან ამოსულმა კაშკაშა სინათლემ კი ტყის შუაგული გააჩახჩახა.

და, აი, ნაცნობი ხმაც. უფრო სწორედ, ბღავილი. „ეეეეეელფ!“ ეს ირემი იყო. ჩრდილოეთის თავქარიანი ირემი. „ეეეეეეელფ!“ - კიდევ ერთხელ გაისმა ძახილი და კაშკაშა ტბიდან, თუ ორმოდან, ირემიც ამოხტა. ჰაერში ერთი წრე შემოირბინა და ელფრუდისაკენ გამოეშვირა, მაგრამ თავი ვეღარ შეიმაგრა და თოვლის გროვაში მოადინა ზღართანი.

_ღმერთმანი... რაც მთავარია, მშვიდობიანად... სად ხარ, კაცო აქამდე? ყურის ანთება კინაღამ ავიკიდე იმ გაყინულ ტბაში თავის შეყოფა-გამოყოფით! _ შესჩივლა ირემმა.
_უი, გალოდინეთ? არ მეგონა, ასე თუ... მშობლებისაგან ძლივს დავიძვრინე თავი, _ უპასუხა დაბნეულმა ელფრუდმა.
_არდემადე, ახლა სხვა საქმე გვაქვს...
_ჰა? არდემა რა?
_“არდემადე“ ვთქვი, ხო? ოოჰ, ვერაფრით გადავეჩვიე. ჩლუნგების ენაა პირდაპირ! მათს ენაზე „არაუშავს“-ს ნიშნავს.
_არდემადე, რა ლამაზად ჟღერს.
_ლამაზად კი არა, გამიწყალეს გული. 17 ზედსართავი მარტო შობის აღმნიშვნელი აქვთ. 30 ბრუნვა, 15 პირის ნაცვალსახელი და ორი მაგდენი დამხმარე ზმნა აქვთ. ქვეწყობილმა წინადადებებმა სულ გადამრია! როგორ შეიძლება, რებრენტერუმ და ლიბრენტერ ოპერსონ ერთი და იგივეს ნიშნავდეს საღამოს შვიდიდან დილის შვიდამდე და სხვადასხვას - დანარჩენ დღეს?.... ა, უი, შენ კიდე მისმენ? რას მოგექცა ეგ სახე, ყბა გაასწორე, თვალები დააწვრილე, ენა პირში შეაგდე, თორე ნიკაპზე მიგეყინება!
_რრრა ენნაა ასეთი? ვინ, რა ლაპარაკობს და, საერთოდ, რა მინდა...?
_მართალი ხარ! ველოდი მაგ კითხვას. „რა გინდა აქ?“. შენ წარმოიდგინე და ზუსტად ამ შინაარსის კითხვაზე გუშინ ათასჯერ მაინც მომიხდა პასუხის გაცემა. ბოლოს ყველა დავარწმუნე, რომ შენ შესაფერისი კანდიდატი ხარ.
_ვინ ის? რა კანდიდატი?
_მოკლედ, კეთილი ხომ ხარ.
_კი.
_შობა ხომ გიყვარს.
_კი.
_სათამაშოები, ჭრელი თოვლი, შმოვლი და მისთანები?
_ყველაფერზე მეტად.
_ჰოდა, არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი, შემომახტი ზურგზე და გავსქურეთ.
_ლაპლანდიისკენ, სად კიდევ?
_მაგრამ ლაპლანდიას ამ ხვრელში რა უნდა, ეგ ხომ აქვეა და სანტა კლაუსი ცხოვრობს?
_ო, ღმერთო! შენს მშობლებს ჯერ კიდევ არ გაუმხელიათ, რამდენს უხდიან ვიღაც მსუქანას, მთელი დღეები მიწებებული წვერით რომ იჯდეს და „ოჰოჰო“ უძახოს ბავშვებს? ეგ, სანტა კლაუსი კი არა, ლაპლანდიის ფინანსთა სამინისტროს მუშაკია, რომელიც ჩემი ბოსის სახელით მოქმედებს.
_მოიცა, რა? სანტა კლაუსი არ არსებობს? _ ელფრუდს თვალები ბუდიდან კინაღამ გადმოუცვივდა. ელფმა ჩლიქები ქუთუთოებზე მიადო.
_თვალებს ეგრე თუ გადმოკარკლავ, ყოველთვის მე არ გეყოლები, რომ ისევ ადამიანს დაგამგვანო. ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ არსებობს. სანტა კლაუსი, რა თქმა უნდა, არსებობს. მაგრამ ეგ კაცი მსახიობია და ჩემი ბოსისგან აქვს უფლება, რომ ეგრე ისანტაკლაუსოს.
_აბა, ვინ არის სანტა კლაუსი?! _ დაბალი ხმით შეეკითხა ელფრუდი. გაოცება კიდევ სახეზე ეხატა.
_ჩემი ბოსი, _ ირემი ამაღად გაიბღინძა.
_სანტა კლაუსი... ბოსი... _ ელფრუდის ყბამ ისევ იწყო ჩამოწელვა _ აუჰ!
_რა აუჰ?
ელფრუდს გაოცებისგან, იმედგაცრუებისგან თუ მოულოდნელი სიხარულისგან აღარაფრის თქმა შეეძლო. იდგა და ირემს თვალს თვალში უყრიდა.
_მორჩა, ამდენის დრო აღარ არის. შემომახტი და წავედით.
_ვისთან?
_ჩემს ბოსთან.
_სს...სანტა კლაუსთან? ნამდვილ სანტა კლაუსთან?
_არა, ბიჭოს, გამომცხვართან. შემომახტი დროზე! _ დასჭექა ირემმა. ელფრუდი რქაზე მოეჭიდა, ცალი ფეხი ზურგამდე ძლივს ააწვდინა და შემოახტა. „იჰჰიი!“ დაიხვიხვინა ირემმა, უკანა ფეხები მიწას დაჰკრა და ორმოცდაათი მეტრის სიმაღლეზე მყისვე აიჭრა. ნაძვებს ზემოთ მოექცა. ამ სიმაღლიდან ყველაფერი მოჩანდა: ტყე, ნაძვების კენწეროები, სოფლისაკენ მიმავალი ბილიკი და გაღუღუნებული, თოვლის საბანში ჩაფუთნული ფერადი სახლები. ირემმა ერთი წრე შემოურბინა და შურდულივით ჩასრიალდა ჯადოსნური ტბის განათებულ გულში. მალე შუქი მიკრთა. კედელზე წრიულად მოტრიალე წყალი ერთიანად ჩაიქაფა და უმალვე გაიყინა. თითქოს არც არაფერი მომხდარიყო.

Saturday, January 15, 2011

უსათაურო პოსტის სათაური

  ზურიუსი უკვე 1 კვირაა გესთ-პოსტს წერს აქ. მეც ველოდები მოთმინებით. ხან - მოუთმენლად. წინასწარ არ ვამბობ ხოლმე, ვინ იქნება სტუმარი, მაგრამ ეხლა გამონაკლისია. 

  ბლოგზე ვფიქრობდი ეს დღეები. მინდა, რომ რაღაც შევცვალო. წერის სტილი, თემები თუ სხვა რამ, ზუსტად არ ვიცი. განვითარება ბლოგსაც ჭირდება, ისევე როგორც ადამიანს; მერე რა, რომ გასართობია. უფრო სწორედ, არ ვიცი რა არის. ბლოგია რა, თავის ამბებით და დეტალებით.

   ხანდახან ისე მინდა, დავჯდე და ვწერო ჩემ შესახებ. მერე  უცებ წარმოვიდგენ, რომ მარტო მე არ ვარ, ეკრანის მიღმა სხვა ადამიანები არიან და ვჩერდები. ან, რა აზრი აქვს. შედეგს რომ ველოდე, აღსარებას ჩავაბარებდი აქაურობას. მოკლედ, შემდეგი პოსტი ზურიუსის იქნება, როგორც გითხარით. მე მანამდე კი ვიფიქრებ, რა მოვუხერხო აქაურობას და პირველ რიგში - საკუთარ თავს.

 აჰ, 12-ს გადაცდა; წავიდე, გულის დაწერის საზეიმო პროცედურა შევასრულო.

Thursday, January 6, 2011

ბლოგი ტოსკანის მზის ქვეშ

   რა კარგი რამეა ინტერნეტი. აქ შეგიძლია იმოგზაურო სხვადასხვა ქვეყანაში, გქონდეს უამრავი სახლი [ძირითადად - ესპანეთში] და ტვიტერზე აედევნო დალაი ლამას.

  მე მოგზაურობა მიყვარს და ჯერჯერობით ამ სიყვარულს რეალიზება არ უწერია. აქამდე არასდროს მითქვამს, მოგზაურობა მიყვარს-მეთქი. იმიტომ რომ, არსად არ ვყოფილვარ. საქართველოშიც კი, ბევრი ადგილია, რომელიც არ მინახავს. ამიტომ ძნელია იმის თქმა, მართლა მიყვარს თუ არა მოგზაურობა.
  აქ, ბლოგზე ხშირად ვწერ არარეალურ რამეებს და ამით ერთგვარად, ოცნებებს ვისრულებ. ძველად, კომპიუტერი რომ არ იყო, ასე ადვილად ხომ ვერ მოხვდებოდი, მაგალითად, იტალიაში.

   ასეთი ბლოგი მაქვს. ვერანდით, სადაც შეგიძლია მზის გულზე ჩამოჯდე და ხედით დატკბე.



 პატარა და ფერადი სახლით, სადაც ზოგჯერ ხმაურიან საღამოებს მოაწყობდა ადამიანი.



 ბუდუარით, მყუდროდ რომ მიჯდები და წიგნს წაიკითხავ.



 და ლამაზი სკარლეტით.


  მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ Wonderland-ს ფეისბუქზე თავის კუთხე გამოვუყავი და ვისაც გსურთ, შემოუერთდით :) http://www.facebook.com/BlogWonderland

Saturday, January 1, 2011

That's It.

  მე არასდროს მიყვარდა ასეთი გრანდიოზული დღესასწაულების მილოცვები, მგონია რომ ყოველთვის პათეტიკურად და ბანალურად გამომდის. მაგრამ ახლა მინდა ვცადო, ისე ვთქვა, როგორც ვფიქრობ.

  ახალ წელს გილოცავთ, და ისეთ დღესასწაულს გისურვებთ, როგორიც ფილმებშია - როცა  ბოლო წუთზე ოცნებები სრულდება და ყველა ბედნიერია. სულა ცოტა ხნით ირწმუნეთ სასწაულების, ნუ მიაქცევთ ყურადღებას ათასგვარ ჩარჩოებს და კლიშეეებს, ან იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ახალი წელი არ უყვართ და რომ ის მოსაწყენია. თქვენებურად მოიქეცით, დაიჯერეთ რომ ყველაზე სასურველი ოცნება აგისრულდებათ. გაუღიმეთ თქვენს ადამიანებს. დაელოდეთ სასწაულს და როცა ის მოხდება, თქვენ რწმენა დაგიბრუნდებათ, საკუთარი თავის რწმენა - რომ რასაც მოისურვებ, ყველაფერი გამოგივა. ის შეხედულებაც დაივიწყეთ, რომ დღესასწაულები იმისთვის არის შექმნილი, რომ ადამიანებმა თავი მარტო არ იგრძნონ და ა.შ და ა.შ ყველაფერი განწყობებზეა, და რატომ უნდა გამოტოვოთ დღე, როცა შეგიძლიათ იყოთ ბედნიერი და სხვებსაც უწილადოთ ეს ბედნიერება. და ეს გაცემული სითბო, აუცილებლად დაგიბრუნდებათ უკან, იმიტომ რომ სამყაროში არაფერი იკარგება. ერთი ენერგია მეორედ გარდაიქმნება და ასე.

   ყველა ხომ რაღაც ბიძგს ველოდებით, რომ ახალი რამე წამოვიწყოთ - ცხოვრება, საქმე თუ სხვა რამ. ჰოდა, აი ის რაღაც - ახალი წელი. გამოიყენეთ სასარგებლოდ, სტიმულისათვის.

  ეს სიტყვები პირველ რიგში ჩემთვისაა. ყოველთვის მინდა მახსოვდეს, რომ არც ერთი მცდელობაა ფუჭი და მას ყოველთვის მოჰყვება შედეგი. დრო ყველაზე ძვირფასი რამ არის, და არ უნდა დაიხარჯოს ამაოდ და თუ ხარჯავ, ის ამაო არასდროს არის. ხვალ ახალი დღეა, და ახალი წელი.

   ყოველ წელს ახალ-ახალ სურვილებს ვიფიქრებდი ხოლმე. ხან რას და ხან რას. ზოგჯერ მატერიალურს, ზოგჯერ აბსტრაქტულს. წელს კი, როცა ვფიქრობდი, რა მინდოდა ყველაზე მეტად, ისევ უამრავი სურვილი გამახსენდა და ბოლოს ყველაფერი ერთ, მარტივ ჭეშმარიტებამდე დავიდა - ბედნიერება. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ და რა  იქნები, ვისთან ერთად და სად. მთავარია, ბედნიერი იყო. წინასწარ ვერასდროს მიხვდები, რა და როგორ გაგაბედნიერებს.. [უკვე] გასულ წელს დავრწმუნდი ამაში. ისეთი მარტივი რაღაცეები მაბედნიერებდა, რომ საერთოდ აღარ მახსოვდა ჩემი შფოთვები პროფესიასთან და სხვა ამბებთან დაკავშირებით.  ვიქნები მე ბედნიერი, თუ წარმატებული ექიმი გამოვალ? არავინ იცის. მე არ ვოცნებობ ექიმობაზე, ან რაიმე სხვა პროფესიაზე. უბრალოდ მინდა, ბედნიერი ვიყო.


 ყველას თქვენ წილ ბედნიერებას გისურვებთ.