Saturday, October 18, 2014

სპილოები ოთახში

     გუშინ კიდევ ერთი ქალი მოკლეს. აი, ამ სიტყვებს ისე ვწერ, ვითომ არაფერია. თითქოს საშობაოდ ღორს გამოჭრეს ყელი – ასეთ მოვლენად იქცა უკვე.

   მეორე დღეა ვფიქრობ, რა შეიძლება გავაკეთო მე, ან საერთოდ, საზოგადოებამ. საიდან უნდა დაიწყოს პრობლემის მოგვარება, რომელიც ისეთი დიდია, იმდენი ფესვი აქვს უკვე გადგმული..

      ამ ფესვებს ბოლომდე რომ ჩავყვეთ, დედის საშვილოსნომდე მივალთ. ის კაცები ვინც ქალებს კლავენ, სცემენ, აგინებენ, ან უბრალოდ, "კუხნაში" სვამენ და გარეთ არ უშვებენ, თავის დროზე უნდა აღზრდილიყვნენ სხვანაირად. მათ დედებს და მამებს უნდა ეთქვათ, რომ ქალი და კაცი თანასწორია და მხოლოდ იმის გამო, რომ კაცი ქალზე ფიზიკურად ძლიერია, არ აძლევთ მათ უფლებას, ისინი დაჩაგრონ. პირველ რიგში თავიანთ ოჯახებში უნდა დაენახათ ეს თანასწორობა, მათი მშობლებისგან უნდა ესწავლათ.

  სინამდვილეში კი რა ხდება? მათ ბავშვობიდან ესმოდათ, რომ ბიჭი – გვარის გამგრძელებელია. ისინი ხედავდნენ, რომ ქალები (ის ნაწილი, ვინც სელექციურ აბორტს არ იკეთებდა, რა თქმა უნდა), 4–5 გოგოს აჩენდნენ, ბიჭის იმედით. აი, ქინდერის კვერცხებს რომ ვყიდულობდით, ოღონდ ბეჰემოთი ამოგვსვლოდა, ისე. გახსოვთ ბეჰემოთების კოლექცია? ყველაზე სასურველი სათამაშო იყო მგონი. მანამ ვყიდულობდით ქინდერს, სანამ ეს ბეჰემოთი არ ამოვიდოდა, დანარჩენ სათამაშოებს კი კუთხეში ვყრიდით და ბეჰემოთებს საკოლექციოდ ვაგროვდებით. ასე ჩნდებოდნენ გოგოები, არასასურველი სათამაშოებივით, მანამ, სანამ სასურველი ბიჭი არ გაჩნდებოდა, რომელიც მერე ხელისგულზე სატარებელი შვილი ხდებოდა. ეს ნანატრი ბიჭები უყურებდნენ როგორ ატარებდა დღეებს მათი დედა სამზარეულოში, საღამოს კი ქმარს ხვდებოდა, სუფრას უშლიდა და ემსახურებოდა. მათ ესმოდათ, რომ კაცი ოჯახის თავია და ქალი მას ემორჩილება.  ხედავდნენ, როგორ ისხდნენ სუფრასთან მათი მამები და სხვა კაცები, ქალს კი სამზარეულოდან მაშინ გამოიყვანდნენ, როცა მანდილოსნების სადღეგრძელო უნდა დაელიათ. მათ ესმოდათ, რომ ბავშვის მოვლა კაცის საქმე არ არის. საოჯახო საქმეებიც არ არის კაცის საქმე.  ბოზებში წასვლა ღალატი არაა და კაცი ასეა მოწყობილი, ის ვერ მოითმენს, ბოზებში უნდა იაროს. კიდევ ძალიან ბევრი გავრცელებული სტერეოტიპის ჩამოთვლა შემიძლია, რომელიც უმეტეს ქართულ ოჯახში გვხვდება და რომლებმაც მათ გონებაში ბავშვობიდან ჩამოყალიბდა აზრი, რომ ქალი საკუთრებაა, რომელსაც ვერავინ წაგართმევს და მათ სრულ უფლებას აძლევს, ეს საკუთრება, როგორც უნდა, ისე გამოიყენონ.
 
   ახლა, როცა ეს კაცები უკვე გაზრდილები და ძალიან საშიშები არიან, იმის დრო აღარ არის, რომ ფესვების სიღრმეებში ჩავიდეთ.

 ვინ იქნება შემდეგი?

   კიდევ რა უნდა მოხდეს, ვინ უნდა მოკვდეს, რომ სახელმწიფომ დაინახოს ეს პრობლემა? 

    პრობლემაა, როცა პატრული ახალგაზრდა ბიჭებს ჩხრეკს ღამის 2 საათზე, მაგრამ ქუჩაში მოჩხუბარ წყვილს ყურადღებას არ აქცევს, ვინაიდან თვლის, რომ ეს ოჯახური საქმეა და მათ არ ეხებათ.

 გეხებათ, ბატონებო. ეს ძალადობაა და პირველ რიგში სწორედ თქვენ გეხებათ.

  როცა მე ქმარი მცემს, ის იმ მომენტში ჩემთვის მხოლოდ მოძალადეა და მე თქვენი იმედი მაქვს, რომ დამიცავთ. არაა ეს შიდა საქმე, არ არსებობს შიდა და გარე ძალადობა, ძალადობა ერთია და მისი ჩახშობა თქვენ გევალებათ.

  არ აქვს მნიშვნელობა სტატისტიკას, თუ რამდენი ქალია მოკლული. იმას ვგულისხმობ, რომ ციფრების ზრდას არ უნდა ველოდოთ, რომ განგაში ავტეხოთ. მნიშვნელოვანი ისაა, რომ პოტენციური მკვლელები ცხოვრობენ ჩვენ გვერდით, ჩვენ მათთან ერთად ვმგზავრობთ ტრანსპორტში, მათ გვერდით ვდგავართ მაღაზიის სალაროსთან.  ისინი იქცნენ სპილოებად, რომლებიც თავისუფლად დააბიჯებენ უნივერსიტეტის დერეფნებში და კლავენ ქალებს, ისე, რომ მათ ვერავინ ამჩნევს. თუ თქვენ თვლით, რომ ეს პრობლემა არაა, თუ ერთი წამით მაინც ფიქრობთ მკვლელობის გამამართლებელ მიზეზებზე, მაშინ გვყავდეს ეს ვიტრინაში გამოფენილი ბეჰემოთები, საამაყო კაცები, გვარის გამგრძელებლები და დაველოდოთ შემდეგ მსხვერპლს. ვიცხოვროთ დოგვილში და ვზარდოთ ახალი საკოლექციო სათამაშოები.
 

6 comments:

  1. საშინელება ხდება. დღეს კიდევ 2 შემთხვევა, რომელიც ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება...
    თან კარგია, რომ საკითხი ბოლოს და ბოლოს ხილული ხდება, მაგრამ საშინელებაა, როდესაც ეს ყველაფერი მსხვერპლს მოითხოვს...

    ReplyDelete
  2. საშინელება ხდება. უკვე გაუსაძლისი ხდება ამ ქვეყანაში ცხოვრება.

    ReplyDelete
  3. ამას დროის გარდა ვერაფერი განკურნავს. ახალი თაობა ასე არ იაზროვნებს და მორჩა. მეც ისე ვბრაზდები იმ ყველაფერზე, რაც დაწერე. :( ძალიან, ძალიან სამწუხაროა. ეს დამახინჯებული "ტრადიციები" და "უფროს-უმცროსობა" წარმართულია და მეტწილად მუსულმანების ხანგრძლივი ბატონობითაა გამოწვეული. ბიჭის დაბადება არის დღესასწაული. ლამის ფალიკური სიმღერები იმღერონ ძველი რომაელებივით. გოგოს სიკარგე არავის უკვირს, თავისთავად წინასწარ განსაზღვრულია, რომ ის ივარგებს, კარგად ისწავლის, დამოუკიდებელი იქნება, იცხოვრებს სწორად, სტაბილურად, იქნება წარმატებული, სხვებსაც დაეხმარება და საკუთარ თავსაც მიხედავს. ბიჭებს ისე ეფეთებიან, იმათ საერთოდ უქრებათ პასუხისმგებლობის გრძნობა. მათ ხომ ისედაც გააღმერთებენ. ჰოდა, რად უნდათ შრომა... ქალები ფაქტობრივად საქმეს არ უტოვებენ გასაკეთებელს, თვითონ წვალობენ, თვითონ უვლიან მოხუცებს ცხრა მთას იქეთ, უსაქმოდ დარჩენილი კაცებია სწორედ ამ საძაგლობებს რომ სჩადიან. ეს ჰეროიკული გენი მიშლის ნერვებს ქართველ ქალში. ის დაბადებიდან გმირია.

    ეჰ, ამ თემაზე ვერასდროს დავასრულებ საუბარს, იმდენად ღრმა და მტკივნეულია.

    ადრე, ბლოკნოტებში რომ იწერდნენ ხოლმე გამონათქვამებს, ხშირად წავწყდომივარ ქალების ბლოკნოტებში ასეთ ფრაზას (სადღეგრძელოსავით): ქალი საფერებლად გაჩენილა, კაცებო!
    :((

    ReplyDelete
  4. გაუთავებელი ჩაკეტილი წრეა. ქალი ზრდის მოძალადეს, რომელიც მერე სხვა ქალს კლავს, რადგან ის ისე არ ექცევა, როგორც ის ბავშვობიდანაა მიჩვეული. ნეტავნ ოდესმე დასრულდებოდეს "ოჯახში ბიჭის" გაღმერთება...

    ReplyDelete
  5. " მათ დედებს და მამებს უნდა ეთქვათ, რომ ქალი და კაცი თანასწორია და მხოლოდ იმის გამო, რომ კაცი ქალზე ფიზიკურად ძლიერია, არ აძლევთ მათ უფლებას, ისინი დაჩაგრონ." absofuckinglutely !!

    ReplyDelete
  6. მე ადრე გაუნათლებლობას ვაბრალებდი... მერე ერთხელ, ჩემმა ნაცნობმა ძალიან ინტელიგენტმა ქალმა, რომელსაც ასეთივე ინტელიგენტი ქმარი ჰყავს, თქვა, იმ დღეს ჩემს ქმარს ისე მოვუშალე ნერვები, აბა რას იზამდა, ერთი სილა გამაწნაო და მაშინ მივხვდი, რომ ვცდებოდი აქაც :-\

    როგორც ჩემმა მეგობარმა დაასკვნა, დაჩმორებული კაცების ამბოხიაო, ზუსტად ასეა. კაცების, რომლებსაც ქალებმა აჯობეს ყველანაირად, ყველა სფეროში და ისინი ახლა მხოლოდ ფიზიკურად თუ ახერხებენ ქალების დაძლევას.

    იმედია, ნელ-ნელა დალაგდება ყველაფერი. მჯერა.

    ReplyDelete