Sunday, September 7, 2014

Julia Dream



  პინკ ფლოიდის მუსიკა მაშინ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როცა რაღაც ახლის ძიებაში ვიყავი და ზუსტად არც ვიცოდი, ეს ახალი რა შეიძლებოდა ყოფილიყო, მატერიალური თუ აბსტრაქტული.

  საერთოდ, ყველაფერი დიდი და მნიშვნელოვანის აღმოჩენა ჩემთვის მოულოდნელად, ყველასგან და ყველაფრისგან დამოუკიდებლად მომხდარა.

   ასე იყო ამ შემთხვევაშიც. რა თქმა უნდა, უკვე ვიცოდი პინკ ფლოიდის არსებობის შესახებ. რა თქმა უნდა, ერთი-ორჯერ მქონდა მოსმენილი მათი რამდენიმე სიმღერა, ისეთი, რომლებსაც ყველა უსმენს (Wish you were here, Shine on you crazy diamond..)  და სულ ეს იყო.  თებერვლის იმ დღეს, ტელევიზორში არხების გადართვით რომ ვირთობდი თავს,  ერთ-ერთ არხზე გადიოდა Comfortably Numb,  დევიდ გილმორის და დევიდ ბოუის შესრულებით. ამ არხზე გავაჩერე და ტელევიზორის გვერდით, სარკეში ვიხედებოდი, როცა უცებ გაუცნობიერებლად სარკეს მოვცილდი და  ეკრანის წინ დავდექი. ბოლომდე თვალმოუშორებლად ვუყურე და მივხვდი, რომ რაღაც დიდი მოხდა.
  სინამდვილეში ნამდვილი პინკ ფლოიდისთვის არც მომისმენია. ვერც დევიდ ბოუის დავაბრალებ, არც ის მიყვარდა მანამდე. უბრალოდ, როგორც იქნა ის დღე დადგა, რომელსაც მანამდე გაუცნობიერებლად, მუდმივად ველოდი.  მერე ყველაფერი თითქოს ისე იყო, როგორც ახალი, საყვარელი ჯუფის აღმოჩენისას ხდება ხოლმე - ვიკიპედიის გადაქექვა, "ერთ სიმღერასაც მოვუსმენ და დავიძინებ".  თან ასე იყო და თან არ იყო. რაღაც საბურველში გახვეული დავდიოდი.

   სტენლი კუბრიკი, რა თქმა უნდა, მექანიკური ფორთოხლით გავიცანი. წიგნი ახალი წაკითხული მქონდა და ერთი სული მქონდა მენახა, ფილმი როგორი გამოვიდა. მახსოვს, შუაში გაწყვეტა მომიწია, სადღაც მეჩქარებოდა, მაგრამ გაწყვეტის მომენტიდან გაგრძელებამდე, მთელი ჯოჯოხეთ გამოვიარე. ლოდინის ჯოჯოხეთი. ვუყურებდი და არ ვიცოდი, რა მომწონდა კონკრეტულად.  ყველაფერი  აბსოლუტურ ჰარმონიაში იყო ერთმანეთთან - მსახიობები, ფერები, კადრები, მუსიკა..

  ფილმებში ყველაზე ნაკლებად ომის თემატიკა მიყვარს. კუბრიკთან კი ხსენებულს ხშირად შეხვდებით. ის ბევრი ხერხით ცდილობს დაგვანახოს, რომ ომი ცუდია, საშინელებაა.  მაგრამ ღმერთო, როგორ დიდებულად აკეთებს ამას! ხან ირონიით (Gentlemen, you can't fight in here! This is the War Room), ხან პირდაპირ მოგახლის სახეში და ცხარე ცრემლით გატირებს (გერმანელი გოგოს სიმღერა, რომელიც იძულებულია, მტრებს უმღეროს). .

    პინკ ფლოიდი მუსიკის სტენლი კუბრიკია. კუბრიკი კი - კინოს პინკ ფლოიდი. ვიღაც დამეთანხმება, ვიღაც - არა.  ალბათ ყველაზე გასაგები იმათთვის იქნება, ვისაც ზემოთხსენებულები ჩემსავით უყვარს. 

    მათ შეძლეს და შექმნეს ისეთი მუსიკა/ფილმები, რომლებიც ცოტა ხნით გამუნჯებს. თითქოს რაღაც ახლის, ბოლომდე შეუცნობელის მოწმე ხდები, რაღაც  გეჯახება, ქარბორბალასავით გატრიალებს, ჯერ ცაში აგიტაცებს და მერე მიწაზე განარცხებს.

    თქვენ იტყვით, ასეთი ზემოქმედება კიდევ ბევრ მუსიკოსს და რეჟისორს შეუძლიაო.  მე დაგეთანხმებით და დავამატებ - მხოლოდ პირველ ჯერზე. აი, ფლოიდებს და კუბრიკს კი შეუძლიათ ყოველ ჯერზე, ყოველ მოსმენაზე და ნახვაზე იგივენაირი ემოციების ნაკადი გამოიწვიონ, პირველი შთაბეჭდილების ეფექტი შექმნან და ამასთან, რაღაც შეუცნობელის, გაუგებარის შეგრძნება დაგიტოვონ.

   პ.ს დღეს (უკვე გუშინ), როჯერ ვოტერსის დაბადების დღე იყო და პოსტიც სწორედ ამ თარიღს ეძღვნება.

9 comments:

  1. რაც ასე კარგად აღწერე, მეც დამემართა, ზუსტად ასე, ოღონდ ჯაზზე. თუმცა, ახლა პინკ ფლოიდს და ბოუის ლაშას წყალობით ხშირად ვუსმენ :)

    ბერლინზე რომ გააკეთა ახალი სიმღერა ბოიუმ, სუფთა გამოცდილებიდან მოსული მორიგი შედევრია, ძალდაუტანებლად და მთელი წლების ნაშრომით რომ მოდის თავისით, ისეთი სიმღერაა.

    ReplyDelete
  2. ინტელექტუალური მუსიკაა მელოდიიან-ტექსტიანად. ზუსტად თქვი, ცაში აგიტაცებს და მერე მიწაზე განარცხებს. დღემდე there is no pain you are receding-ზე მბურძგლავს, არადა ალბათ მილიონჯერ მექნება მოსმენილი უამრავი ვარიანტი :) ზე-ლეგენდალური ჯგუფია და განსაკუთრებით გილმორი ჩემთვის (რატომღაც). ასე მგონია მთელი ცხოვრებაა ვიცნობ და რომ ვნახო, როგორც მამას ისე ჩავეხუტები :))

    ReplyDelete
  3. ხო, და კიდევ ის მინდოდა მეთქვა, რომ ეტყობა, რომ განათლებული ხალხის დაწერილია. ძალიან განათლებულების და ჭკვიანების :)

    ReplyDelete
  4. მეც გილმორი მიყვარს განსაკუთრებით. რაღაცნაირი, კეთილია. ვოტერსი უფრო ხულიგანი ტიპია, თითქოს ცოტა შურიანიც. ნუ, მე ორივე ძალიან მიყვარს მაინც, მაგრამ გილმორის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს : ))

    ReplyDelete
    Replies
    1. ხო, შურიანი და უფრო ამბიციურიც :)) ეჰ, გილმორ, გილმორ, თუ გიხილავ ოდესმე ნეტავ ლაივში :))

      Delete
    2. მეც მაგაზე ვოცნებობ, იქნებ დაფიქრდეს ტურნეს ჩატარებაზე : ))

      Delete
    3. ხო :)) სადმე სხვა ქვეყანაში მირჩევია ვნახო, მაგრამ იქნებ საქართველოში ჩამოსვლაზეც დაფიქრდეს, მაგ ასაკშია უკვე (აქ ხომ ახალგაზრდა ვარსკვლავები არ ჩამოდიან) :))

      Delete
    4. არა, გილმორი ბებერიც არ გვეღირსება მგონი :დ

      Delete
    5. განა როგორ უნდა დაბერდეს :))) ნეტა იცოდეს როგორ გვიყვარს, აუცილებლად ჩამოვიდოდა :)

      Delete