Thursday, March 20, 2014

პროვინციული ქალაქების აუტანელი სიმსუბუქე

   წინა კვირას სამსახურიდან დასავლეთ საქართველოს ქალაქებში ვიყავი, ერთ-ერთ ბანკში ტრენინგები ჩავატარეთ.  ქუთაისი, ფოთი, ბათუმი - ასეთი იყო მარშრუტი.  შესვენების პერიოდში, მე და ჩემი თანამშრომელი სამზარეულოში ყავის დასალევად რომ გავდიოდით, ბანკის თანამშრომლები ჩამოგვისხდებოდნენ და გვეჭორავებოდნენ. ვსაუბრობდით მათ ქალაქებზე. ისინი ამბობდნენ, რომ მათ ქალაქში არაფერი ხდება, მე ვეუბნებოდი, რომ მომწონს მათი ქალაქი.
  ფოთში მართლა არაფერი ხდებოდა. ქუთაისში პირველად ვიყავი და მოვიხიბლე. ბათუმი.. ბათუმზე ჩემი აზრი იცით უკვე.

   ეს ალბათ არახალი პრობლემაა, თბილისი რომ ერთადერთი ქალაქია, სადაც რაღაც ხდება, სადაც შეგიძლია ჩამოხვიდე და დარჩე. ყველა გზა თბილისში მიდის. აქაური ცხოვრება უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია დანარჩენი ქალაქების ცხოვრებასთან.

   ქალაქების -  პატარა ქუჩებით, იქაური ტემპით - ძალიან ნელი და მშვიდი, დილით გადარბენაზე რომ არ სვამ ყავას, სამსახურს 5-ზე ამთავრებ და სახლამდე შეგიძლია ფეხით წახვიდე. კი, ჩვენ მხოლოდ რამდენიმე დღით ვიყავით ჩასული, სასტუმროში ვცხოვრობდით და საუზმესაც სხვა გვიმზადებდა, მაგრამ ცხოვრების ნელ ტემპზე ჩვენ კი არა, ისინი საუბრობდნენ, ისინი წუხდნენ, რომ თბილისური, სწრაფი დინება უნდათ მათაც და არა ის, რა ცხოვრებასაც ახლა ეწევიან. მე კიდევ ძალიან დავიღალე მათ მიერ ნანატრი გადარბენებით, დილით გაჭედილი ტრანსპორტით, საღამოს გაჭედილი ტრანსპორტით, მუდმივი უძილობით, ამდენი მანქანით.. ამდენი მანქანით! ძალიან მიკვირს, როგორ ეტევა ამდენი ავტომობილი თბილისში?  ამ გამონაბოლქვის პირიობებში, რა ჰაერს ვსუნთქავთ, ან საერთოდ ვსუნთქავთ ჰაერს?

   შეიძლება მე ვცდები, შეიძლება ზუსტად ეს ცხოვრება მომწონს და ბათუმში რომ გადავსახლდე, სულაც შემძულდეს ის ქალაქი, აღარც ზღვა მინდოდეს, აღარც მისი ქვაფენილები და ველოსიპედის გზები.  მაგრამ ახლა, გიჟური საცობებიდან სახლში დაბრუნებული, იმ დღეებს ტკბილად ვიხსენებ,  ბათუმურ დილებს, როცა არავინ არსად გარბოდა, ბანკშიც კი ყველა მშვიდად მიმოდიოდა, საღამოს ქუჩებში მანქანების სიგნალი არ ისმოდა და მე შემეძლო მშვიდად დამელია ჩაი და არ მეფიქრა არაფერზე, ჩაის გარდა.

7 comments:

  1. ოჰ, რა კარგი ჩანაწერია!
    ჩემი ფიქრები ამოვიკითხე.
    ქუთაისიდან 1999 წელს წამოვედი აქეთ სამუშაოდ და მის მერე დავრჩი, შენი თქმისა არ იყოს... ახლა, რაც დრო გადის, იქაურობა უფრო ზღაპრული ხდება ჩემთვის, ჩემი დატოვებული წარსული, ქუჩის ყველა კუთხესთან დატოვებული სკოლის პერიოდის მოგონებები, მაშინდელი ადამიანები. გაბრიაძემ მთლად გამაგიჟა, მეც ისე ვხედავ ქუთაისის სულს და ისე მიყვარს, როგორც მან დაგვანახა - ინდუსტრიული ქალაქის რომანტიკა და ურთიერთობების სიტკბო. ახლა გაზაფხული როა, ფიქრებით სულ იქეთ ვარ. (აღდგომა იქ ჩასვლასთან ასოცირდება) წეღან რაღაცას ვაკეთებდი და თითქოს გონებაში კამერაა დამონტაჟებული, ისე "წამიყვანა" ქუთაისის ერთ ქუჩაზე... მეც ზუსტად ეს სინელე მიზიდავს აქედან წასულს. მშვიდად საუზმობა და მერე ფეხით ან ველოთი სამსახურში წასვლა. ევროპაა, რა! :)

    მადლობა ამ ჩანაწერისთვის!

    (რეგიონების გამოცოცხლება უნდოდა ერთს და არ აცალეს, ჩვენ უკეთ ვიცითო!)

    ReplyDelete
  2. მეც სულ გამონაბოლქვზე და მანქანების ხროვებზე ვწუწუნებ, მაგრამ რამდენიმე დღით როგორც კი გავდივარ ქალაქიდან, მერე მოვდივარ და მოწყრებულივით დავდივარ რუსთაველზე და მანქანების ხმაურს ვხრიპავ მთელი ძალით. საშინლად მაკლია ხოლმე.

    ReplyDelete
  3. პროვინცია არის დედაქალაქს ან მსხვილ კულტურულ ცენტრს დაშორებული ადგილ.ქუთაისელებს, ბათუმლებს და ფოთელებს გაუკვირდებათ ეს შეფასება. )) მეც გამიკვირდა.

    ReplyDelete
    Replies
    1. არა უშავს, ეს პოსტი როგორმე აიტანს მაგ შეცდომას :)

      Delete
    2. იიჰ, კარქი. კიდე კაი "შენ მაგაზე არ იდარდო" ან რამე ეგეთი არ დაწერე. უარესებიც აუტანიათ.. პოსტებს :) ისე გითხარი.

      Delete
  4. ჰაერი, ჰაერი ყველაზე დიდი საშინელება და მანქანა, რომელზეც რამე რეგულაცია თუ არ დაწესდა, უარესი იქნება...

    ReplyDelete
  5. რამდენი ადამიანის სათქმელი თქვი :( ეეეჰ

    ReplyDelete