Sunday, June 8, 2014

ჩემი ნაღვლიანი სიზმრების გახსენების ჟამს

   [ არ ვიცი, იმ ფენომენს რა ჰქვია, შენს ერთ-ერთ საყვარელ შემსრულებელს მოუთმენლად რომ ელოდები და როცა ეს დღე დადგება - ის აქ არის და შეგიძლია ცოცხლად მოუსმინო, წასვლა გეზარება. ]



    წუხელ მესიზმრა, რომ ჩემს სოფელში ვიყავი. ზაფხულის არდადეგები მქონდა, სახლის სხვენში დავძვრებოდი და იქაურ მტვერს ვისუნთქავდი.

19 წლის ვიყავი.

  ალბათ იმის ბრალია, ძილის წინ "ზარხუფს" რომ ვკითხულობდი. მთელი დღეა, 19 წლის მგონია თავი და მგონია, რომ ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეს მოვასწრებ. მერე მახსენდება, რომ უკვე 26 წლის ვარ, ჯერ მუდმივი სამსახურიც კი არ მაქვს და გუნება მიფუჭდება. ნეტავ 19 წლისას წამეკითხა პლათი, ალბათ მერე ჩემს ცხოვრებას სხვანაირად წარვმართავდი. იმედია თვითმკვლელობაზე არ ვიფიქრებდი და მხოლოდ რაღაც ახლის გაკეთებაზე დავიწყებდი ზრუნვას.

    სიზმარში ჩემს სოფელში ვიყავი-მეთქი, ვამბობდი. აქ ისე გულახდილად ვეღარ ვწერ, არც სიზმრის შინაარსზე მოვყვები და ჩემს ქვეცნობიერში დავიწყებ ქექვას.  ყველაზე კარგ მომენტში გამეღვიძა (არაფერი ისეთი არ ყოფილა, რაც გაიფიქრეთ) და ვეღარაფრით შევიბრუნე ძილი. მერე ვიწექი საათზე მეტი და სიზმრის ამბავს ვაგრძელებდი გონებაში, საბოლოოდ მაინც ვერ მოვიფიქრე დასასრული და თავი დავანებე.

   ზაფხული კი ზანტად მიიზლაზნება; ისეთი კვირადღეა, მხოლოდ ნაყინზე რომ უნდა ჩაირბინო მაღაზიაში, მერე ყავა ყავაზე სვა და ნაყინი მიაყოლო, ხან წიგნი იკითხო და ხან - გრეის ანატომიის სეზონის ბოლო სერიას უყურო. ამ დროს კი ჩაინავუმენი და ოუფენ ეარი მეჩხირება გონებაში, სრულ იდილიას არღვევენ და ამ ზანტი კვირა დღის კონტექსტიდან საერთოდ ამოვარდნილია ერთიც და მეორეც.  ოუფენ ეარს 2 წელია უკვე რაც ველოდები და ჭირის დღესავით მეზარება წასვლა. აი, ამ ფენომენის სახელს გეკითხებოდით ზევით. რა ჰქვია?

   ყოველი ზაფხულის დასაწყისში, ძველი ზაფხულები მახსენდება, სკოლის დამთავრების შემდეგი ანუ არდადეგების პირველი დღე, დილით თვალს რომ გავახელდი და ტკბილად გავიზმორებოდი, როცა ყველანაირი ვალდებულება მხრებიდან მოხსნილი იყო და რამდენ ხანსაც მინდოდა, იმდენს დავიძინებდი, წინ უამრავი წასაკითხი წიგნი და თბილისური ცხელი საღამოები იყო, სოფელში წასაღები წიგნების სია კი - შესადგენი. აი ეს მოგონებები დევენდრა ბანჰარტის სიმღერებს ატარებს მხოლოდ, ამ დროს კი სადღაც აქვე ჩაინავუმენია და დღეს უნდა იმღეროს. არაფრით არ ჯდება დღევანდელი დღის კონტექსტში, მითუმეტეს მაშინ, როცა მე საშინლად მინდა, ჩემს სოფელში ვიყო და წუხელ რაც სიზმარში ხდებოდა, ეგ ამბები ხდებოდეს.


2 comments:

  1. მე ვიცი, რაც ჰქვია ამ ფენომენს, მაგრამ დეფინიციას ზუსტად ვერ ვიხსენებ... უბრალოდ, ზუსტად ვიცი, რადგან 25-26 წლის ასაკში მეც ასე ვიყავი. აი ზუსტად. არც კი ვიცი, უფრო კარგად ვის შეეძლო ჩემი იმ პერიოდის სულიერი მდგომარეობის აღწერა და აი შენ შეგეძლო.

    პლათი მეც ზუსტად 26 წლისამ წავიკითხე, სულ ცოტა ხნით ადრე ქორწილამდე, სულელური არჩევანი იყო (რა თქმა უნდა, წიგნი და არა - ქმარი :ლოლ: )

    მსოფლიოში ვერავინ გაიგებს ამ ფენომენს თბილისის ზაფხულის ცხელი საღამოებისა და სოფელში წასაღები წიგნების სიის შედგენისა შესახებ და მე ძალიან მიხარია, რომ მესმის და გამომიცდია ეს ფენომენი.

    ფენომენების ტავტოლოგიით სავსე კომენტარი გამომივიდა, იმიტომ რომ ფენომენური/ფენომენალური (?) პოსტია.

    მადლობა, რომ არსებობ ჩემო ნატალია და ასეთი კარგი გოგო ხარ!!!

    ReplyDelete
    Replies
    1. სოფი, არაფრით არ მეგონა, თუ ჩემ მსგავსად იქნებოდა ვინმე, ფენომენს ვგულისხმობ : ))

      ქორწილამდე პლათის წაკითხვა, მართლაც სულელურია, გუშინ რომ დავამთავრე, მთელი საღამო თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი (თავის მოკვლაზე არა, ზოგადად სუიციდზე).

      ეს პოსტიც ტავტოლოგიებითაა სავსე, ვერაფრით დავალაგე და ეგრევე გამოვაქვეყნე :)

      მადლობა, რომ ასე ხშირად მწერ სოფი, ყველაზე მეტად შენი კომენტარები მახარებს :)

      Delete