"და მეცხრესა ჟამსა ხმა-ყო იესო ხმითა დიდითა და თქუა: ელოი, ელოი, ლამა
საბაქთანი? რომელ არს თარგმანებით: ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევებ მე?"
- მარკოზი, 15:34
ახალ აღთქმაში ეს ჩემი საყვარელი თავია. ერთ დროს, როცა ეკლესიაში დავდიოდი, ამ ეპიზოდს როცა კითხულობდნენ, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაც გულში მიყოფდა ხელს და მთელი ძალით მიჭერდა. ჯვარზე, ყველასგან მიტოვებული ქრისტე. თვითონ მასაც ჰქონდა მომენტი, როცა თავის თავში ეჭვი შეეპარა, ეგონა, რომ ღმერთმა მიატოვა და მხოლოდ ადამიანი დარჩა მასში.
აღდგომა ჩემი საყვარელი დღესასწაულია. ადრე უფრო იყო, ალბათ. ახლა უკვე აღარ ვიცი, ამ სიყვარულში რელიგიური მხარე უფრო ჭარბობს თუ პრაგმატული.
შემიძლია მოგიყვეთ, როგორ გავატარე ეს აღდგომა.
ვიჯექი სახლში, ყოველ 2-3 საათში ერთხელ ვიდუღებდი თურქულ ყავას, დავასხამდი ჭიქაში და ქაფქაფა სითხეს ვსვამდი.
ვუყურებდი ჩემს ახალ კაბებს, ჭრელ, ყვავილებიან, კოპლებიან, ფერად კაბებს და ვფიქრობდი, რა აზრი აქვს ამ ყველაფერს-მეთქი. ყველაზე ცუდი მომენტია ეგ, ყველაფრის ამაოების განცდა. როცა ინტერესს კარგავ და მამოძრავებელი ძალა აღარ არსებობს, რისთვისაც იცხოვრებ. როცა არც ერთი მიზანი აღარ ჩანს საინტერესო და ყველაფერზე მიჩნდება კითხვა -
მერე? უნდა იმუშავო იმიტომ, რომ გქონდეს ფული. მე ვსვამ კითხვას
- მერე? მერე იმ ფულით იყიდი ტანსაცმელს, შეჭამ გემრიელ საჭმელებს,
წახვალ სადმე, სამოგზაუროდ. - მერე? სანამ ეგ კითხვა
არსებობს ცნობიერებაში, მანამ არც ერთი მიზანი და ადამიანი აღარ არის საინტერესო. მადლობა ღმერთს, იშვიათად მაქვს ეგ კითხვა აკვიატებული. აი ზოგიერთ ადამიანზე მიფიქრია ხშირად, როცა მის ცხოვრებას ვუყურებ, ნეტავ რა ინტერესის გამო აგრძელებს ცხოვრებას-მეთქი?
4 დღე ვიყავი სახლში, 4 დღე! ასეთ დროს მთელი გულით მძულს დღესასწაულები, თუ რაღაც შემთხვევების წყალობით ვერსად წახვედი, უნდა დაჯდე და უყურო სხვა ხალხის ბედნიერებას. ჩექინებს, ინსტაგრამის ფოტოებს, სტატუსებს და უფრო მეტად იგრძნო, რომ აბსოლუტურად მარტო ხარ, შენს საკუთარ ჰორმონებთან ერთად და სულ მცირე სურვილსაც ვერ პოულობ თავში, რომ ეზოში მაინც ჩახვიდე და ცოტაოდენი მანძილი მარტომ გაიარო. აღარც მზიანი დღეები მოგწონს, არც დაცარიელებული თბილისი და ეგეთ დროს გირტყამს თავში ჩაქუჩივით - მერე? მერე? მერე რა, რომ მზიანი დღეებია, მე ახალი კაბები მაქვს, თბილისი ცარიელია და საუკეთესო დღეებია ფეხით სასეირნოდ. მერე რა? მე მაინც ამ ოხერ ჰორმონებთან ერთად ვზივარ სახლში და წიგნებსაც კი არ ვკითხულობ. გუშინ მთელი დღე Downton Abbey-ს ვუყურებდი, 5 სერიას მაინც ვუყურე. ეგეც შენი აღდგომა და გეგმები. სოფელში მაინც გავყოლოდი მშობლებს.
პ.ს როგორც ყოველთვის, თავის საშინელი ტკივილი მტანჯავს.
რამდენი რამე დაგიწერე და წამიშალა :(
ReplyDeleteერთს გავიმეორებ: "ქრისტე აღდგა!" ბევრჯერ გვეთქვას ერთმანეთისთვის.
სახლში ცოტა დიდხანს გაჩერებამ იცის ეგ ფიქრები :) თავად უპასუხე... ისე, ღმერთს ყველაფერი სწორად აქვს ჩვენთვის მოცემული: გაზაფხულის ჭრელი კაბები, მენიუს შეცვლა, სითბო და მწვანე ფოთლები, ასევე გული და გონება, უფრო გული, რომლითაც დღესასწაულის სიდიადეს შევიგრძნობთ. :)
იგივე მდგომარეობაში ვიყავი.როცა კედელებს აწყდები...დადიხარ ოთახებში და მარტოობას ეჯახები.ქრისტეს ეგ ფრაზა მეც გამახსენდა.რამხელა სევდა და ტკივილია.და როგორი მარტოა.
ReplyDeleteაბა, ამ ადამიანს მოუსმინეთ, როცა დრო გექნებათ. აქ ბევრი ჩანაწერია:
ReplyDeletehttp://predanie.ru/film/videolekcii-i-propovedi/mitropolit-antonii-syrogskii/
ოჰ, ნატალია, არა რა!!! ეგ ძალიან სასოწარკვეთილი ფრაზაა, გულს მიყინავს მეც. მაგის საპასუხო ისაა, რომ ღმერთი არასოდეს ტოვებს ვინმეს, პირიქით, ხელში აყვანილს ატარებს სიძნელეების დროს.
ReplyDeleteვიცი, შენ რას გულისხმობ, მაგრამ მაინც.
ლამაზი პოსტია შენი კაბებივით და მერწმუნე, გავა რამდენიმე ხანი და ამ პერიოდსაც ტკბილად გაიხსენებ. საერთოდ ტკბილია ეს მომენტები, მარტოობის, თითქოს არაფერი რომ აღარ გახარებს და ფიქრობ, რისთვის მინდა ეს ჭრელი კაბები და გემრიელობებიო... მაგრამ მერე უცებ მზე გამოვა და იგრძნობ, როგორი სავსე ხარ ღმერთიტ და ადამიანებითაც.
კარგია Downton Abbey? ჩემი ბევრი მეგობარი გადარეულია და მე კიდევ რაღაც არ მიზიდავს.