Saturday, April 9, 2011

Red hot chili Clay

  კვირას ჩანთებს ჩავალაგებ და წავალ.


   უკვე გადაწყვეტილი მაქვს, რას წავიღებ. ტანსაცმელს ვგულისხმობ, ცხადია. ყველაფერი იქნება ფრიალა და ფერადი, მსუბუქი და კომფორტული. მოკლედ ისეთი, მაქსიმალურად რომ შემიწყოს ხელი ამ ერთი კვირის სასიამოვნოდ გატარებაში.

 რამდენ ხანს ველოდი ამ კვირას! ზუსტად იმ წუთიდან, როცა ის მიწაზე დაემხო და თავი თიხაში ჩარგო.

  თიხის სეზონი იწყება; წითელი, მხურვალე თიხის სეზონი, რომელსაც ხმელთაშუა ზღვიდან მონაბერი ქარი თუ გააგრილებს მხოლოდ.

   უკვე ვგრძნობ სუნთქვისშემკვრელ, მტვრიან ჰაერს. მესმის, როგორ სრიალებენ ამ მტვერში ადამიანები. 

 
     აი, გლადიატორების ბრძოლა აქ არის, თუ არის.. არა, ისინი აქ გლადიატორები კი არა, მატადორები არიან. ნამდვილი კორიდაა, ოღონდ ხარების გარეშე.
  თუმცა, ”მატადორები” შეცდომით ვთქვი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მატადორი მხოლოდ ერთია. ის არის ამ წითელი მიწის ერთპიროვნული მფლობელი, მოსვლის დღიდან. 

   მე მონტე კარლოში მივდივარ. ყველაზე, ყველაზე მყუდრო და ლამაზ ტურნირზე. აქ არც გრანდიოზული კორტებია, როგორც ამერიკაში და არც ათასობით მაყურებელი. არც მუსიკის გამაყრუებელი ხმა ისმის შესვენებისას.

 აქ სიმშვიდეა.

  აქ კორტს ხედი პირდაპირ ხმელთაშუა ზღვაზე აქვს.

  აქ გამარჯვებულს ჯილდოს თვით მონაკოს პრინცი გადასცემს და მერე მასთან ერთად ღიმილით დგება ფოტოგრაფების წინ.

  აქ შეგიძლია თამამად თქვა - Tennis runs in our blood.  იმიტომ, რომ მართლა ერევა სისხლი და ჩოგბურთი ერთმანეთს. თიხა, როგორც სისხლი - წითელი და ცხელი.

  თიხა და ჩოგბურთი.

  მე მონტე კარლოში მივდივარ. თუ აქ სადმე, თბილისის ქუჩებში დამინახეთ, არ გაგიკვირდეთ. მე მაინც მონტე კარლოში ვიქნები.

  მისი მფლობელიც იქ იქნება, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში რომ დომინირებს იმ პატარა კორტზე.
 
 იქ იქნება ჩოგბურთის მატადორი, ჩოგბურთის გლადიატორი.


   იმიტომ, რომ თიხა არის მისი ჩოგბურთი. თიხაზე თამაშობს ყველაზე ძალდაუტანებლად და ლაღად. ისე თავისუფლად, თითქოს ცისფერ ტალღებში ლივლივებდეს.

 იმიტომ, რომ აქ არის ის სამი რამ, რაც მას ყველაზე დიდ ენერგიას აძლევს - თიხა, მზე და ზღვა.

თქვენც შემოგვიერთდით, მონტე კარლოში გელოდებით.

11 comments:

  1. უაუ უაუ უაააუ!
    ძააალიან მაგარი პოსტია. ბოლო დროს რაღაც ძალიან აკრეფილი გაქვს და კარგად გამოგდის ძალიან :)
    მგონი, უფრო მეტად მიყვარხარ ;)

    ReplyDelete
  2. მადლობა ზურიუს, მე შენი გულწრფელი კომენტარები მომწონს :)

    ReplyDelete
  3. მორჩა, გაქრა :))

    პირველი ფოტო რა მაგარია :) და საერთოდ, ჩოგბურთს არ ვუყურებ და ახლა მომინდა, ძალიან კარგი, სწორი განწყობა შექმენი ამ პოსტით :)

    ReplyDelete
  4. ნინა, მადლობა, განწყობაზე ზუსტად მაგის მიღწევა მინდოდა :)

    პ.ს კიდევ კარგი გაქრა, დღეს ავნერვიულდი :/

    ReplyDelete
  5. <3 აა რა მაგარიაა!

    ReplyDelete
  6. რა კარგი პოსტია :)) ძალიან მომეწონა
    და საერთოდ, გუშინ ძალიან მინდოდა მეთქვა და ვაპირებდი კიდეც, რომ მიყვარს შენი ბლოგი და სულ სულ ვკითხულობ, მაგრამ რატომღაც ვერ მოვახერხე :)

    ReplyDelete
  7. mariefille, მადლობა მარი :) ახლა ხომ მითხარი და ძალიან მიხარია :)

    მე კიდევ ვერ დაგემშვიდობე :/

    ReplyDelete
  8. აუ, ზურიუსმა რაც დაწერა, ზუსტად ეს მინდოდა მეც მეთქვა, ნატალია. რა მაგარი პოსტები გაქვს, ბოლო ორი განსაკუთრებით. აუ, ეს პოსტები ესპანურად უნდა ითარგმნოს და გამოქვეყნდეს, არ იცის რაფამ, რას კარგავს :)

    ReplyDelete
  9. "აუ, ზურიუსმა რაც დაწერა, ზუსტად ეს მინდოდა მეც მეთქვა, ნატალია. რა მაგარი პოსტები გაქვს, ბოლო ორი განსაკუთრებით. აუ, ეს პოსტები ესპანურად უნდა ითარგმნოს და გამოქვეყნდეს, არ იცის რაფამ, რას კარგავს :)"

    +მე <3

    ReplyDelete
  10. სოფი, კლოუნ, დიდი მადლობა! <3 მეც სიამოვნებით მივაწვდენდი ამ პოსტებს რაფას, მაგრამ ეჰ.. :))

    ReplyDelete
  11. შენეული პოსტია
    მიყვარს როცა ასე წერ
    მთელი გულით და განცდებით
    ისეთჳ წრფელია ხოლმე :* გადმომედო ემოციები :)))

    ReplyDelete