არასდროს მესმოდა იმ ადამიანების, დილას ყავის დალევამდე ხმა არ გამცეთო, რომ ამბობდნენ. მაგრამ დღეს ყავის პირველი ყლუპის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემზეც ჰქონია ეგ ზემოქმედება კოფეინს, უბრალოდ აქამდე ვერ ვამჩნევდი - დილას რაღაცაზე გავბრაზდი და ყავის მერე ცოტა გამიკვირდა, ასე რა მანერვიულებდა.
***
ფეისბუქი უკვე თვეზე მეტია, გაუქმებული მაქვს. ძირითადი მიზეზი, რის გამოც გავაუქმე, სქროლვაზე დამოკიდებულება იყო. უკვე ვეღარ ვაკონტროლებდი, როგორ ვიღებდი ტელეფონს, ვხსნიდი აპლიკაციას და გაუაზრებლად ვიწყებდი სქროლვას. ამიტომ ერთ დღესაც (კერძოდ, 29 ივნისს) ავდექი და გავაუქმე. ეს ფეისბუქის გაუქმების მეორე შემთხვევაა ჩემთვის, პირველი შარშან ზაფხულს, ზუსტად ამ პერიოდში იყო, თუმცა უფრო ხანმოკლე პერიოდით - 2 კვირაში ისევ დავუბრუნდი. წელს ჯერჯერობით დაბრუნების სურვილი არ მქონია. თუმცა თავს არც ვიზღუდავ, თუ მომინდება, აღვადგენ; არ მინდა, აკრძალული ხილი გახდეს. სექტემბერში ჩემი დაბადების დღისთვის ვგეგმავ დაბრუნებას, მილოცვები მიყვარს ☺ ფეისბუქის გაუქმების შემდეგ ინსტაგრამი გახდა ჩემი მთავარი სოციალური ქსელი და ზოგადად, ინტერნეტ-სივრცე. ბოლო დროს როცა შევამჩნიე, რომ ამ სივრცეშიც უკვე დიდი დროის გატარება დავიწყე, ტელეფონში აპლიკაციაზე თაიმერი დავაყენე, რის მიხედვითაც დღეში მაქსიმუმ საათნახევრის გატარება შემიძლია. თუ ამ დროს გადაცდა, ტელეფონი აპლიკაციას დამიბლოკავს და ღამის 12-მდე შესვლას ვერ შევძლებ. ჯერჯერობით შედეგი ასეთია: სამუშაო დღეებში დროისთვის არ გადამიჭარბებია, მაგრამ ვიქენდებზე კატასტროფა ხდება - მაგალითად გუშინ, აპლიკაციაში 3 საათი და 14 წუთი გავატარე! თუ საათნახევრიანი შეზღუდვა გქონდა, ამდენი დრო როგორ დაგიგროვდაო, იკითხავთ. ამაზე გიპასუხებთ რომ საათნახევრის შემდეგ ტაიმერი გამოვრთე და ისე გავაგრძელე სქროლვა. თუმცა საკუთარ თავს დავპირდი, რომ მსგავსი აღარ განმეორდება.
***
"სქროლვის" ქართული შესატყვისი არ გვაქვს, ხომ? იმ ადამიანებს არ მივეკუთვნები ვისაც მიაჩნია რომ ყველა სიტყვა და ტერმინი ქართულადაც უნდა გვქონდეს, მაგრამ ქართული ენა ძალიან მომწონს და ვთვლი, რომ მის დიდ ნაწილს ყოველდღიურ საუბარში ისე აქტიურად არ ვიყენებთ, როგორც შეიძლებოდა, რომ გამოგვეყენებინა. მე რაღაც სიტყვების ამოჩემება ვიცი ხოლმე, ძირითადად ძველებურ სიტყვებს ვაბრუნებ ჩემს ლექსიკონში და რაღაც პერიოდი ძალიან ხშირად ვიყენებ. იმდენი კარგი ჟღერადობის სიტყვებია, რომ მგონია უფრო ზუსტად აღწერს მოცემულ მნიშვნელობას, სხვა უფრო გავრცელებულ სიტყვებთან შედარებით. მაგალითად, ბოლო დროს ხშირად ვხმარობ სიტყვას "მყისიერი", რომელსაც ასე ყოველდღიურ საუბარში ხალხი დიდად არ იყენებს. არადა ძალიან კარგია, მეილებშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგალითად: "გმადლობთ მყისიერი პასუხისთვის" - ზუსტად აღწერს რომ ადრესატმა ძალიან სწრაფად და დროულად გიპასუხათ. "სწრაფი" ან "დროული" ისე კარგად ვერ გამოხატავდა აზრს, როგორც "მყისიერი".
***
"შითს კრიკს" ვუყურებ და ბოლო სეზონზე ვარ უკვე. კარგ სერიალს რომ მივაგნებ, ეგ მჭირს, მთლიანად უნდა გადავეშვა და ისე სწრაფად ვუყურო, რომ უცებ დავამთავრო და მერე გული დამწყდეს, ასე მალე რომ მოვრჩი, თან ახლის ძებნა რომ მომიწევს.
***
ჩემი კიდევ ერთი random thought არის თუ რატომ ვარქმევ პოსტების უმეტესობას ინგლისურ სახელებს. ეს ფენომენი ჯერჯერობით ვერ ამოვხსენი, არადა დასაბამიდან ეგრე ვარ. მითუმეტეს, რომ ამ პოსტში, რომელსაც ასევე ინგლისური სახელი ჰქვია, ვლაპარაკობ თუ როგორი კარგია ქართული ენა.
მეც რაც თავში მომდის სათაურად, ინგლისურადაა და იმიტომ ვარქმევ, არ ვცვლი. სტილისტიკაა ეგეც და არ გვიშლის ხელს, ჩვენს ენაზე ვწეროთ და ლექსიკონი გავიმდიდროთ ძველი სიტყვებით. <3 მხატვრულ ნაწარმოებებში ხომ გახსოვს პერსონაჟებს ასე ალაპარაკებდნენ მწერლები: წინადადებაში 1 სიტყვა მაინც ფრანგული იყო, მინდორზე თარგმანი იყო მოცემული და საერთოდ არ იყო გამაღიზიანებელი, პირიქით.
ReplyDeleteდილით გაღვიძებისთანავე ბევრი წყალი და მერე ყავა, ოღონდ საწოლში დაბრუნებით. ესაა ჩემი კომენტარი. :)))
ძალიან მინდა, საწოლში ყავის დალევა გავიხადო რიტუალად, მაგრამ უზმოზე ვერაფრით ვსვამ :))
Delete