ბათუმი მენატრება ძალიან. რაღაცნაირად, სულისშემხუთავად ძლიერ.
რატომღაც მგონია რომ უკვე კარგად ვიცნობ. მისი ყველა უარყოფითი და დადებითი მხარე ვიცი და მიყვარს იმ უარყოფითების მიუხედავად და დადებითების გამო.
იცით რა მენატრება? ის შეგრძნება, ქალაქი პირველად რომ გამოჩნდება. თვითონ ქალაქის დანახვაც, მაგრამ უფრო ის, სქაილაინს რომ დაინახავ და უცებ რაღაც დაგივლის სხეულში, გაგახსენდება ყველაფერი ამ ქალაქთან დაკავშირებული და უკვე მთელი სიცხადით აღიქვამ, რომ ჩამოხვედი.
დაბინავების შემდეგ პირველი გამოსვლა ქუჩებში და ტენიან ჰაერში გახვევა. ტენიანში, მაგრამ ძალიან სუფთა ჰაერში, თბილისის შემდეგ განსაკუთრებით.
პირველი ჭამისთვის წასვლა, უხშირესად - "მიუნხენში". ვიწრო, ქვაფენილიან ქუჩებში სიარული და ბოლოსდაბოლოს მიუნხენის დროშების დანახვა. მაგიდასთან დაჯდომა და სიხარულის კიდევ ერთხელ, ცხადი გააზრება, რომ დიახ, ბათუმში ხარ, და მალე გემრიელად შეჭამ.
დილით თვალის გახელა და სიუცხოვის არგანცდა. თუ მივლინებით ვარ, შეხვედრაზე წასვლისთვის გამზადება და თუ დასასვენებლად - ზღვაზე გასვლა, თუნდაც ზღვაში არ ჩავდიოდე, მაინც დიდი ბედნიერება ზღვის დანახვისას და მარილიანი ჰაერის სუნთქვა ბევრჯერ, ბევრჯერ.
დილის სირბილის დაგეგმვა - ეს საკმაოდ იშვიათად, მაგრამ ყოველი სირბილის შემდეგ იმაზე ორჯერ უფრო ბედნიერი ვარ, ვიდრე თბილისში სირბილისას. და მერწმუნეთ, სირბილის შემდეგ თბილისშიც ბედნიერი ვარ ხოლმე.
ბათუმის ქუჩებში სიარული არასდროს მომბეზრდება. თუნდაც წვიმაში. თუნდაც სიცხეში, როდესაც ძალიან დაგაჭერს მზე, უცებ სიადანღაც მაცოცხლებელი ზღვის გრილი ბრიზი მოვა და შვებას გაგრძნობინებს.
ზოგჯერ ხომ არის, რომ სანამ მოგონებები არ გახდება, უშუალოდ მიმდინარეობისას ისე ვერ გრძნობ სიხარულს და ბედნიერებას, ვიდრე შემდეგ, როცა იხსენებ. ბათუმის შემთხვევაში ასე არაა, ის ბედნიერება ყოველთვის იმ წუთისაა ხოლმე, ცხადი და ხელშესახები.
და ახლა, როცა ვიხსენებ, ისევ ისეთი ძლიერია, მაგრამ არა - ხელშესახები.
უამრავი ფოტოდან ეს ავარჩიე, ფოტო გადაღებულია გზიდან, როცა კარანტინის შემდეგ პირველად ჩავედი ბათუმში
რა ლამაზად აღწერ!
ReplyDeleteმატარებლის ფანჯრიდან რომ გამოჩნდებოდა პირველად ზღვა, ისე მიყვარდა!
როგორ ველოდებოდი, გული მიჩქარდებოდა. ჯერ სოფლის გზა იყო და უბრალოდ ჰორიზონტი ჩანდა ვრცელი, ზღვას ვერ ვხედავდი, მაგრამ ვიცოდი, რომ იქ იყო.
საოცარი გრძნობაა.
ოღონდ მატარებლით ან მანქანით ბავშვობაში აჭარისკენ არა, აფზახეთში დავდიოდით. :(
ქუთაისიდან სოხუმამდე არც ისე ხანგრძლივი გზა იყო დღევანდელი გადასახედიდან.
კარანტინის მერე პირველი ჩასვლა ძალიან ამაღელვებელი იქნებოდა ...