დღეს ზოი კრავიცის დაბადების დღეა. მაგრამ ამაზე წერას არ ვაპირებ. თუმცა ზუსტად ისიც არ ვიცი, რაზე ვწერ. წეღან ფეისბუქზე კომენტარს ვწერდი და ისე გამიჭირდა სულ რამდენიმე სიტყვიანი წინადადების შედგენა, რომ ცოტა შევშფოთდი, ნუთუ წერას გადავეჩვიე-მეთქი. რის გამოა, არ ვიცი, მაგრამ ძალიან მიჭირს, დაჯდომა და დაწერა კი არა, წინადადებების შედგენა. უფრო იმას ვაბრალებ, რომ ბოლო დროს ინგლისურ ენაზე ვკითხულობ ლიტერატურას და წინადადების წყობა ერთმანეთში მერევა, ვეღარც ინგლისურად ვაწყობ სწორად და ახლა უკვე - ვეღარც ქართულად :)
სხვა რა გითხრათ, ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს - გაღვიძება, გახსენება სად და რა დროში ვცხოვრობთ, დაზაფვრა, დღის განმავლობაში ახალი ცუდი ამბის გაგება და მთელი დღე დაზაფრული ყოფნა. ძილის წინ ჩაძინების გაძნელება, მერე ისევ დილა და ყველაფერი თავიდან. ხანდახან უკვე იმას ვფიქრობ, ნეტა მხოლოდ პანდემია გვქონდეს სადარდებელი-მეთქი. მაგრამ არა, კიდევ ბევრი სხვა და ზოგჯერ უარესი ამბები ხდება ჩვენს ქვეყანაში.
ბუნებრივია, არც საახალწლო განწყობა მაქვს. უფრო მაქვს საახალწლო შიში - შეზღუდვები რომ მოიხსნება, რამდენი ხალხი მივა დახურულ სივრცეში და რამდენით მოიმატებს შემთხვევები. ცოტა მიკვირს, ამ დროს რაღაცების აღნიშვნის სურვილი რომ აქვს ვინმეს. მე მგონი არაფერი დაშავდება, თუ ერთ დაბადების დღეს ხალხმრავლობით არ აღვნიშნავთ, ერთ ახალ წელს სახლში თუ დავრჩებით. ეს ხომ მარადიული არ არის, რა მოხდა, ცოტახანი რომ გავიჭირვოთ? ზოგი ცოტახნითაც რომ არ იჭირვებს, მათ, ვინც ვიჭირვებთ, კიდევ უფრო გვიხანგრძლივებს ამ ჯოჯოხეთს, რომელსაც ბოლო ჯერჯერობით არ უჩანს.
ძალიან გული მწყდება ამ ზაფხულმა ჩემ გარეშე რომ ჩაიარა. არ ვიცი, რისი იმედით გადავდე დასვენება, ალბათ არ მეგონა მეორე ტალღა ასე ნაადრევად თუ მოგვადგებოდა კარს. მაგრამ ფაქტია, ზუსტად იმ დროს გართულდა მდგომარეობა, როდესაც ჩემი შვებულება დაიწყო, რომელიც, საბოლოოდ, სახლში გავატარე :) ამიტომ ბათუმი მენატრება ძალიან ისევ და ისევ და ისევ. სექტემბერში უნდა მენახა წესით, ლამაზი და დამშვიდებული. მაგრამ მხოლოდ იმედგაცრუება და თელავი შემრჩა ხელში :) თელავი რა შუაშია და, იქ წავედი სამი დღით შვებულებისას. თელავი თავად ძალიან კარგი იყო, უბრალოდ არასწორ დროს აღმოჩნდა კარგი :)
ერთადერთ, რაც მშველის, გარეთ, ბუნებაში გასვლაა. მგონია, რომ იმ დღეს კარგად ვიცხოვრე. კიდევ კარგი, ლისის ტბა აქვეა.
ReplyDeleteშავბნელია მართლა. გუშინ ზუსტად ასე აღვწერე ჩემი შიში მეგობართან საუბრისას. დიდი და შავი. ზოგადად, მომავლისადმი.
ისტორიის წიგნებში რომ ახსენებდნენ შავრაზმელებს, ნეტა, ვინ იყვნენ? დღემდე არ ვიცი. სიტყვის კი მეშინოდა.
კი, ბუნებას მართლა საოცარი ძალა აქვს. დიდი ხანია უკვე აღარ გავსულვართ და ძალიან მაკლია ეგ ენერგია :/
DeleteBig Little Lies-ში რა კარგად ითამაშა ზოიმ, არა?
Deleteკი, პირველ სეზონში განსაკუთრებით. მეორე სეზონი ზოგადად არ მომწონდა, ძალიან ხელოვნურ და ძალად გაკეთებულს ჰგავდა :)
Delete