როგორც იქნა დასაძინებლად დავწექით, მაგრამ თავი მისკდებოდა ისე მტკიოდა. გაუნძრევლად ვიწექი, პატარა მოძრაობაზე ტკივილი ძლიერდებოდა. დილით 7–ზე როგორც იქნა ჩამეძინა. 8–ზე ახალმა ამბავმა გაგვაღიძა – თბილისიც დაბომბესო.
შიშის გრძნობა საერთოდ გამიქრა. თითქოს საავადმყოფოში აბსოლუტურად დაცული ვიყავი. დილით ახალი ნაკადი მოიყვანეს. ჯარისკაცები ყველაფერთან ერთად, ძალიან დაღლილები იყვნენ. ჩექმებს და ტანსაცმელს ჩვენ ვხდიდით. ერიდებოდათ, მაგრამ თვითონ არაფრის თავი ქონდათ. მე კი მეგონა ამ წვრილმანი საქმეებით – ჩექმების გახდა, საჭმელების ამოტანა, მობილურის დამტენების თხოვნა ერთ პალატაში და მეორეში გატანა – მცირედით მაინც ვეხმარებოდი მათ. ამიტომ ამ ყველაფერს დიდი ენთუზიაზმით ვაკეთებდი.
ექიმები აჩრდილებივით დაბორიალობდნენ დერეფნებში. 3 დღის უძილოები იყვნენ, გაფითრებული სახე და ამოღამებული თვალები ქონდათ. ერთ–ერთი ამბობდა, ნეტავ გარეთ რა ხდება, ჰაერზე, ხის ქვეშ გავლა მომენატრაო..
[ჩემი ექიმიც გორში იყო, ოღონდ არა როგორც ექიმი, არამედ - ჯარისკაცი. დღემდე ვერ ვხვდები რატომ. თუმცა წინა დღეს პატარა ნამსხვრევი მოხვდა მუხლში და მიმღებში შემხვდა, სამხედრო ფორმა ეცვა, მეორე დღეს კი მორიგეობა უწევდა..]
ერთ-ერთი ჯარისკაცი განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში იყო. ვერ ერკვეოდა დროსა და საივრცეში და ტიროდა. ლაპარაკიც უჭირდა. სახელი ვკითხე და ხელით მიმითითა შემოსაცმელისკენ [არვიცი რა ქვია], საფულედან რაღაც მოწმობა ამოვიღე, სადაც ეწერა რომ ყუმბართმტყორცნი იყო. თემური ერქვა. დიაზეპამი გავუკეთეთ და როგორც იქნა, ჩაეძინა.
მეორე ყვებოდა 3 დღე არაფერი მიჭამია და წყალს გუბიდან ვსვამდითო.
ნაწილი კვლავ სხვა კლინიკაში გადასაყვანად მოამზადეს. ერთ-ერთი, რომელიც ასაკითაც უფროსი იყო [შედარებით თორემ ისე 40-42 წლის იქნებოდა] და მგონი მეთაურიც იყო რაღაცის, თავს ცუდად გრძნობდა და საწოლით ჩავიყვანეთ. ქვემოთ, მიმღებთან ავტობუსი იდგა. მაგრამ საწოლიდან ვერაფრით ვაყენებდით - უფრო ცუდად გახდა. შემოეხვია ხალხი, ყველა ვითომ ამშვიდებდა, მოხუცი ბებო მოვიდა და რაღაცას ელაპარაკებოდა, ძლივს გავიყვანეთ გვერდით. უცებ რაღაც სირენასავით ჩაირთო, დღესაც არ ვიცი რა იყო, მგონი კარებზე იყო დამონტაჟებული, საშინლად წიოდა. აქ მოხდა მოულოდნელი რამ - ერთმა ჯარისკაცმა ყურებზე ხელები აიფარა და ჩაიკეცა. მეორე მანქანას მიეყრდნო და ფერი წაუვიდა. არ ვიცი, რას ახსენებდა მათ ეს ხმა, მაგრამ ყველა მათგანზე ცუდად მოქმედებდა. ექიმები უყვიროდნენ დაცვას გამორთეთო, დაცვა დაბნეული იდგა და ვერაფერს უხერხებდა. ბოლოს როგორც იქნა, გამორთეს, ჯარისკაცებიც დავამშვიდეთ და ავტობუსში ავიდნენ. საწოლზე მყოფი მიმღებში შევიყვანეთ, მთელი ადმინისტრაცია ჩაერთო და ცალკე მანქანით გადაიყვანეს ბოლოს. [აი ეს მართლა არ მესმის, რატომ გადაყავდათ სხვაგან ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, როცა ადგილები იყო.]
თემური [აი ის, დიაზეპამი რომ გავუკეთეთ] რენტგენზე უნდა ჩაგვეყვანა. შევედი და ვუთხარი რომ დაბლა ჩავდიოდით. საკაცეც შევაგორეთ. მაგრამ უაზრო მზერით სადღაც იყურებოდა, მერე თითით მანიშნა ფანჯრისკენ, იქ ვიღაც არისო. პირდაპირ ჩოგბურთის კორტებია, სადაც შენობაც დგას. იქ იყურებოდა. თავიდან მეც დავიჯერე და გავიხედე, მერე სახეზე რომ შევხედე და მისი გამომეტყველება დავინახე, მივხვდი რაშიც იყო საქმე. დავამშვიდე, იქ არავინ არის და საკაცეზე გადმოდი-თქო. როგროც იქნა, დამიჯერა და გადმოვიდა. პალატიდან რომ გავედით, უცებ თავი წამოწია და თვალებში ისევ შიში ჩაუდგა - იარაღიანი დაცვა დაინახა. ვუთხარი ნუ გეშინია, ქართველები არიან-თქო. დაცვამაც ხელი აუწია და მოიკითხეს, ამან ცოტა დაამშვიდა. ქვემოთაც რომ მივდიოდით ფანჯრებს უყურებდა სულ. რენტგენზე რომ შევედით, ექიმი შემოვიდა - ცოტა ხნით გადით შვილებო, მიცვალებული მყავსო და საკაცე შემოიტანეს - მთელს სხეულზე გადაფარებული ქონდა. სასწრაფოდ გავარიდე იქაურობას თემური, კიდევ კარგი, ვერ გაიგო ექიმის სიტყვები. პალატაში რომ ამოვედით, ისევ აღელდა და გაურკვეველ წინადადებებს ამბობდა - ალყაში ვიყავი, იქ სხვებიც იყვნენო. ჩვენ გვეკითხებოდა - ბიჭები გამოვიდნენ? ალყაში რომ იყვნენ ბიჭები, ხომ გამოვიდნენ? ვეუბნებოდი რომ ყველა გამოვიდა და კარგად არიან.
იმავე პალატაში პატარა ბიჭი იყო, ისიც ტიროდა. დამამშვიდებელზე დაიძინა. რომ გამოფხიზლდა, გამოვკითხეთ ვინაობა. 18 წლის იყო, ბექა ერქვა. არავის ტელეფონის ნომერი არ ახსოვდა. ვკითხე სადაური ხარ-თქო, ზუგდიდთან ახლოს სოფლის სახელი მითხრა.
საღამოს 8-სკენ დეიდასთან გავედი ღამის გასათევად, ახლოს ცხოვრობს. მეზობელიც იყო შემოსული, გამომკითხეს რა ხდებაო და რატომღაც პირველად ბექაზე მოვუყევი. მეზობელმა ზუგდიდში ნაცნობები მყავსო, გადაურეკა იმათ და აღმოჩნდა რომ იმ დროს მათთან ერთად ბექას ნათესავი იყო. ჩემი ნომერი ჩაიწერეს და ცოტა ხანში მშობლებმა დამირეკეს. არ იცოდნენ როგორ იყო და სად იყო. მოკლედ მოვუყევი, ვუთხარი რომ ბექა კარგად არის. მეორე დღეს რომ მივედი, იქ აღარ დამხვდა, უკვე წასულიყო, თავისიანებს მიეკითხათ.
საშინელებაა ომი. ერთერთ ბლოგზეც დავწერე - უბრალო ადამიანები იხოცებიან, პოლიტიკოსები უაზრობებს ყბედობენ, ზოგიერთი კიდევ მილიონებს შოულობს ამავე ომის საშუალებით. ამიტომ, მე ჯარისკაცები და ადამიანები მეცოდებიან, რომლებიც ისეთ ომში კვდებიან, სადაც ბრძოლა თავიდანვე სიკვდილის ტოლფასია. დარწმუნებული ვარ, ოდესმე ყველაფერი გადაფასდება და აშკარა გახდება, როგორ გაწირა სახელმწიფომ თავისი ჯარი და სამაჩაბლოს სოფლების მაცხოვრებლები. ზუსტად შარშან გავდიოდი უნი-ში საგანს "კონფლიქტების გაშუქება", ნინო ჟიჟილაშვილის დამსახურებით, ბევრი რამე ვისწავლე და დავინახე ისეთი რაღაცები, რასაც, სამწუხაროდ, უმეტესობა ვერ ამჩნევს.
ReplyDeleteღმერთმა მშვიდობა მოგვცეს და ნურავის განაცდევინებს ომს, მით უმეტეს საქართველოში!